სარეზოლუციო ფონდის შექმნის, ადმინისტრირებისა და ინვესტირების, სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმებისა და წინასწარი შენატანის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

სარეზოლუციო ფონდის შექმნის, ადმინისტრირებისა და ინვესტირების, სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმებისა და წინასწარი შენატანის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 228/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016873
228/04
02/09/2024
ვებგვერდი, 05/09/2024
220010000.18.011.016873
სარეზოლუციო ფონდის შექმნის, ადმინისტრირებისა და ინვესტირების, სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმებისა და წინასწარი შენატანის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №228/04

2024 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სარეზოლუციო ფონდის შექმნის, ადმინისტრირებისა და ინვესტირების, სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმებისა და წინასწარი შენატანის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის, 32-ე მუხლის და 555 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს სარეზოლუციო ფონდის შექმნის, ადმინისტრირებისა და ინვესტირების, სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმებისა და წინასწარი შენატანის განხორციელების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა



სარეზოლუციო ფონდის შექმნის, ადმინისტრირებისა და ინვესტირების, სარეზოლუციო ფონდში  წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმებისა და წინასწარი შენატანის განხორციელების  წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სარეზოლუციო ფონდის შექმნის, ადმინისტრირებისა და ინვესტირების, სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმებისა და წინასწარი შენატანის განხორციელების წესის (შემდგომში – წესი) მიზანია სარეზოლუციო ფონდის შექმნასთან, ადმინისტრირებასა და ინვესტირებასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე, საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკების და უცხოური ბანკების ფილიალების (შემდგომში – ბანკი) მიერ სარეზოლუციო ფონდში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით (შემდგომში – ორგანული კანონი) განსაზღვრული წინასწარი შენატანის დაკისრების საფუძვლების, კრიტერიუმების, წინასწარი შენატანის განხორციელებისა და გადავადების წესებისა და პროცედურების განსაზღვრა.

2. წინასწარ შენატანს ბანკი რიცხავს ორგანული კანონით განსაზღვრულ სარეზოლუციო ფონდში ამ წესის მე-11 მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 2. სარეზოლუციო ფონდის შექმნა და დაფინანსების წყაროები

1. რეზოლუციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) ხსნის ორგანული კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრულ ანგარიშს − სარეზოლუციო ფონდს. 

2. სარეზოლუციო ფონდის შექმნის მიზანია რეზოლუციის პროცესში დაფინანსების გამოყენებისთვის საჭირო შესაბამისი ფინანსური სახსრების წინასწარი და შემდგომი აკუმულირება და საჭიროების მიხედვით გადანაწილება.

3. სარეზოლუციო ფონდში ირიცხება ბანკების წინასწარი შენატანები, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების შემთხვევაში, ამ დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი შესაბამისი სახსრები, მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გასაცემი სესხები, გარანტიების საფუძველზე მიღებული ჩარიცხვები და გრანტები, ამ სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით განხორციელებული შენატანები, სარეზოლუციო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებით მიღებული შემოსავლები, აგრეთვე, სხვა წყაროებიდან მიღებული ფინანსური სახსრები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში. სარეზოლუციო ფონდის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული გარანტია.

მუხლი 3. სარეზოლუციო ფონდში ჩარიცხული ფინანსური სახსრების გამოყენება

სარეზოლუციო ფონდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რეზოლუციის პროცესის ჯეროვანი წარმართვისთვის აუცილებელი პროცესების უზრუნველსაყოფად. სარეზოლუციო ფონდში ჩარიცხული, მათ შორის, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გაცემული ფინანსური სახსრები შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

ა) რეზოლუციის რეჟიმში მყოფ ბანკზე ან დროებით ბანკზე სესხის ან გარანტიის გაცემისთვის;

ბ)  ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისებისთვის ან დროებითი ბანკის ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევაში, აქტივებისა და ვალდებულებების შეფასებისთვის საჭირო ხარჯებისა და გადაცემულ ვალდებულებებსა და აქტივებს შორის სხვაობის (გადაცემულ ვალდებულებებს გამოკლებული გადაცემული აქტივები) ანაზღაურების მიზნით;

გ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3710 მუხლის მე-12 პუნქტის ან/და იმავე კანონის 3711 მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის;

დ) საჭიროების შემთხვევაში, ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების შემძენ სუბიექტზე სესხის ან/და გარანტიის გაცემისთვის, ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან შერწყმის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების ფარგლებში;

ე) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის ლიკვიდობის გაუმჯობესებისთვის;

ვ) რეზოლუციის პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარჯების, მათ შორის, სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებასა და აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად.

მუხლი 4.  სარეზოლუციო ფონდის მართვა და ინვესტირება

1. სარეზოლუციო ფონდს მართავს და ადმინისტრირებას უწევს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი ვალდებულია სარეზოლუციო ფონდის მართვის პროცესში მაქსიმალურად უზრუნველყოს სარეზოლუციო ფონდში არსებული ფინანსური რესურსების უსაფრთხოება, მაღალი ლიკვიდობა და შეინარჩუნოს რისკის დაბალი პროფილი.

2. ორგანული კანონის 555 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სარეზოლუციო ფონდი ადმინისტრირებისთვის გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), მასთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, სარეზოლუციო ფონდის სააგენტოსთვის ადმინისტრირების მიზნით გადაცემა გულისხმობს სააგენტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე ან/და ეროვნულ ბანკში არსებულ ანგარიშზე (შემდგომში – სააგენტოს ანგარიში) სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული სახსრების გადატანას, მხოლოდ ამ სახსრების ინვესტირებისა და ინვესტირების პროცესის სააგენტოს მიერ მართვის მიზნით. სარეზოლუციო ფონდის სხვა მხრივ მართვას, მათ შორის, ბანკის მიერ შენატანის სათანადოდ განხორციელების მონიტორინგს ეროვნული ბანკი ახორციელებს.

4. ეროვნული ბანკი და სააგენტო პასუხს არ აგებს სარეზოლუციო ფონდის გამოყენებიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე. დაუშვებელია სარეზოლუციო ფონდის აქტივების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვების, მათ შორის, გირავნობის, ყადაღის ან/და აღსრულების გამოყენება.  სარეზოლუციო ფონდის გამოყენებიდან წარმოშობილი ვალდებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა დაიფაროს მხოლოდ სარეზოლუციო ფონდიდან.

5. სარეზოლუციო ფონდში არსებული სახსრების ინვესტირების პროცესის ეროვნული ბანკის მიერ მართვის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სარეზოლუციო ფონდში არსებული თანხების ინვესტირება განახორციელოს ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში მხოლოდ სახელმწიფოს ან მაღალი სანდოობის საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციების მიერ გამოცემულ ფასიან ქაღალდებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება რეზოლუციით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებს. უცხოურ ვალუტაში თანხის ინვესტირებისას კონვერტაციის კურსად განისაზღვრება ოპერაციის განხორციელების თარიღში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი.

6. სარეზოლუციო ფონდში დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების არსებობის შემთხვევაში მათი ინვესტირება განხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში.

7. სარეზოლუციო ფონდში არსებული სახსრების ინვესტირების პროცესის ეროვნული ბანკის მიერ მართვის შემთხვევაში ინვესტირების შედეგად მიღებული ამონაგები უნდა ჩაირიცხოს სარეზოლუციო ფონდში.

8. სარეზოლუციო ფონდში არსებული სახსრების ინვესტირების პროცესის ეროვნული ბანკის მიერ მართვის შემთხვევაში სარეზოლუციო ფონდის დაცულობისა და ლიკვიდურობის შენარჩუნების მიზნით სარეზოლუციო ფონდის რესურსების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შემდეგ დაბალრისკიან აქტივებში:

ა) საქართველოს მთავრობის,  ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მიერ გამოშვებული, ლარით დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდები;

ბ) ეროვნული ბანკის დეპოზიტები;

გ) ევროპის ცენტრალური ბანკის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ევროკავშირის სუპრანაციონალური სააგენტოების მიერ გამოშვებული, ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანი ქაღალდები და სავალო ინსტრუმენტები.

9. ეროვნული ბანკი სარეზოლუციო ფონდის რესურსების ინვესტირებას ახორციელებს დივერსიფიკაციის, უსაფრთხოებისა და ლიკვიდურობის პრინციპების შესაბამისად, რისკის ადეკვატური მართვისა და შიდა კონტროლის უზრუნველყოფით.

10. სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებასა და ინვესტირებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება სარეზოლუციო ფონდიდან.

11. სარეზოლუციო ფონდის სააგენტოს მიერ ადმინისტრირების შემთხვევაში სააგენტო სარეზოლუციო ფონდის სახსრების ინვესტირებას ახორციელებს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, სააგენტოს სამართლებრივი აქტებისა და სააგენტოსა და ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად. ინვესტირების შედეგად მიღებული ამონაგები რჩება სააგენტოს ანგარიშზე და  ექვემდებარება კვლავ ინვესტირებას. სააგენტოსა და ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობისა და ინვესტირების, ასევე სააგენტოს მიერ ეროვნული ბანკისთვის ანგარიშგების მომზადების საკითხები, მათ შორის გაფორმებული შეთანხმებით განისაზღვრება.

12. სარეზოლუციო ფონდის სააგენტოს მიერ ადმინისტრირების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მოსთხოვოს და მისგან მიიღოს სარეზოლუციო ფონდთან დაკავშირებული ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაცია.

მუხლი 5. სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება

1. ეროვნული ბანკი ვალდებულია სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება მოამზადოს ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშგებებისგან დამოუკიდებლად. სარეზოლუციო ფონდის აქტივების ღირებულება უნდა აღირიცხოს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

2. ეროვნული ბანკი ვალდებულია სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება  წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არაუგვიანეს მომდევნო საანგარიშგებო წლის (საანგარიშგებო წელი იწყება იანვრის პირველ დღეს და მთავრდება დეკემბრის ბოლო დღეს) 1 ივნისისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება შესაბამის საანგარიშგებო პერიოდში სარეზოლუციო ფონდში დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური სახსრების ბრუნვა ან საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ირიცხება ასეთი სახსრები.

3. ამ წესის მიზნებისთვის, სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება უნდა მომზადდეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, რომელიც სულ მცირე, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სარეზოლუციო ფონდის აქტივების, ვალდებულებების, ფულადი საშუალებების მოძრაობის, შემოსავლებისა და ხარჯების, მნიშვნელოვანი ტრანზაქციებისა და საინვესტიციო საქმიანობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ხარჯების შესახებ უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სარეზოლუციო ფონდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ, მათ შორის, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგების შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ.

5. ამ მუხლით განსაზღვრული სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება  დამოუკიდებელმა აუდიტორმა უნდა შეამოწმოს. დამოუკიდებელი აუდიტორისგან მიღებული მომსახურება ანაზღაურდება სარეზოლუციო ფონდის სახსრებიდან.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დამოუკიდებელი აუდიტორი უნდა იყოს ოთხი ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმიდან ერთ-ერთი, რომელსაც შეარჩევს ეროვნული ბანკი.

7. ამ მუხლით განსაზღვრული სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე მომდევნო საანგარიშგებო წლის 1 ივლისამდე.

მუხლი 6.  წინასწარი შენატანის დაკისრების საფუძველი

სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანის დაკისრების საფუძველია რეზოლუციის პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით სარეზოლუციო ფონდში ფულადი სახსრების წინასწარი აკუმულირება. ამ მიზნით, ორგანული კანონის 555 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ეროვნული ბანკი განუსაზღვრავს ბანკს სარეზოლუციო ფონდში შესაბამისი წინასწარი შენატანის განხორციელების ვალდებულებას.

მუხლი 7. წინასწარი შენატანის განსაზღვრის კრიტერიუმები

1. წინასწარი შენატანი ეროვნული ბანკის მიერ განისაზღვრება თითოეული ბანკისთვის.

2. სარეზოლუციო ფონდში ყოველი წლის ჯამური წინასწარი შენატანის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სამიზნე დონის მიღწევამდე, მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში, დააკორექტიროს  (გაზარდოს ან შეამციროს) თითოეული წლის ჯამური წინასწარი შენატანის ოდენობა და განსხვავებულად გადაანაწილოს, სამიზნე დონის მიღწევამდე დარჩენილი წლების შესაბამისად.

3. ბანკის წინასწარ შენატანს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს პროპორციულობის და ობიექტურობის კრიტერიუმებზე დაყრდნობით. პროპორციულობისა და ობიექტურობის კრიტერიუმების საფუძველზე, ბანკის რისკის პროფილისა და ვალდებულებების მოცულობის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ბანკების კატეგორიზაციას ახორციელებს შემდეგ ორ ჯგუფად:

ა) პირველი ჯგუფი – მოიცავს იმ ბანკებს, რომელთა მთლიანი აქტივების ჯამური ოდენობა არ აღემატება 5 (ხუთი) მილიარდ ლარს; ამ ჯგუფში შემავალი ბანკებისთვის წლიური წინასწარი შენატანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, ეროვნულ ბანკი გამოყოფს დამატებით ქვეკატეგორიებს ბანკების მთლიანი ვალდებულებების ოდენობის მიხედვით, საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტებისა და დაზღვეული დეპოზიტების გამოკლებით;

ბ) მეორე ჯგუფი – მოიცავს იმ ბანკებს, რომელთა მთლიანი აქტივების ჯამური ოდენობა უდრის ან აღემატება 5 (ხუთი) მილიარდ ლარს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბანკების წინასწარ შენატანებს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ფიქსირებული ოდენობების სახით, ქვე-კატეგორიების შესაბამისად,  ამ წესის დანართი №2-ით დადგენილი წესით.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბანკების წინასწარ შენატანებს, ეროვნული ბანკი ყოველწლიურად განსაზღვრავს ამ წესის მე-8-მე-10 მუხლების, ასევე ამ წესის დანართი №3-ისა და დანართი №4-ის შესაბამისად.

6. პროპორციულობის კრიტერიუმი გულისხმობს წინასწარი შენატანის იმ ვალდებულებების პროპორციულად განხორციელებას, რომლებიც არ მოიცავს ისეთ ვალდებულებას, რომელიც იმავდროულად არის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი ან დაზღვეული დეპოზიტი. ობიექტურობის კრიტერიუმი მოიცავს ბანკის რისკის პროფილს.

7. ამ წესის მე-8 მუხლის მიხედვით, პროპორციულობის კრიტერიუმის საფუძველზე ეროვნული ბანკი გამოითვლის წინასწარი შენატანების პირველად ოდენობებს მეორე ჯგუფის ბანკებისთვის, ხოლო ამ წესის მე-9 და მე-10 მუხლებისა და ამ წესის დანართი №3-ის და დანართი №4-ის საფუძველზე – წინასწარი შენატანების საბოლოო ოდენობებს (გადასახდელი ოდენობა), ამავე ჯგუფის ბანკებისთვის.

8. ამ წესით დადგენილი მეთოდოლოგიისა და კრიტერიუმების შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ გამოითვლება წინასწარი შენატანის წლიური ინდივიდუალური ოდენობა თითოეული ბანკისთვის.

9. ამ წესით დადგენილი მეთოდოლოგია საერთოა (კატეგორიების შესაბამისად) და საჯაროა ყველა ბანკისთვის, ხოლო თითოეული ბანკისთვის გამოანგარიშებული წინასწარი შენატანის წლიური ინდივიდუალური ოდენობა კონფიდენციალურია და ხელმისაწვდომია მხოლოდ შესაბამისი  ბანკისთვის.

მუხლი 8. წინასწარი შენატანების პირველადი ოდენობების გამოთვლა მეორე ჯგუფის ბანკებისთვის

1. მეორე ჯგუფის ბანკებისთვის, პროპორციულობის კრიტერიუმით განსაზღვრული ბანკის პირველადი წინასწარი შენატანის გამოთვლის მიზნებისთვის, ეროვნული ბანკი თითოეული მეორე ჯგუფის ბანკის მთლიან ვალდებულებებს აკლებს მეორე ჯგუფის ბანკის ისეთ ვალდებულებებს, რომლებიც იმავდროულად არის საზედამხედველო კაპიტალის ელემენტები და დაზღვეული დეპოზიტები და მიღებული მაჩვენებლის მიხედვით, ითვლის თითოეული მეორე ჯგუფის ბანკის პირველად ინდივიდუალურ წილს მეორე ჯგუფის ბანკების ამავე მაჩვენებლის ჯამურ მოცულობაში.

2. წინასწარი შენატანის ზედა ზღვარი დგინდება იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ წინასწარი შენატანის განხორციელება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ბანკის ლიკვიდურობას ან გადახდისუნარიანობას.

მუხლი 9. წინასწარი შენატანების რისკის პროფილის მიხედვით დაკორექტირება და წინასწარი შენატანების საბოლოო ოდენობების განსაზღვრა მეორე ჯგუფის ბანკებისთვის

1. მეორე ჯგუფის ბანკებისთვის, ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრული პროპორციულობის კრიტერიუმის საფუძველზე გამოთვლილი პირველადი წინასწარი შენატანები ექვემდებარება რისკის მიხედვით კორექტირებას (ობიექტურობის კრიტერიუმი) ამ მუხლის, ამ წესის მე-10 მუხლისა და ამ წესის დანართი №3-ითა და დანართი №4-ით განსაზღვრული წესით, რის შედეგადაც განისაზღვრება მეორე ჯგუფის ბანკების წინასწარი შენატანების საბოლოო ოდენობები.

2. რისკის პროფილის მიხედვით დაკორექტირება და საბოლოო წინასწარი შენატანების ოდენობების განსაზღვრა გულისხმობს პროპორციულობის პრინციპის საფუძველზე გამოთვლილი პირველადი წინასწარი შენატანების გამრავლებას ბანკის აგრეგირებული რისკის წონაზე. აგრეგირებული რისკის წონის განსაზღვრის მიზნით, მცურავი მასშტაბის მეთოდის საფუძველზე თითოეული ბანკისთვის გამოითვლება აგრეგირებული რისკის ქულა, რომელიც ამ წესის დანართი №4-ით განსაზღვრული ექსპონენციალური ფორმულის მეშვეობით გადაითარგმნება აგრეგირებულ რისკის წონაში.

მუხლი 10. წინასწარი შენატანების რისკის პროფილის მიხედვით დაკორექტირებისას შესაფასებელი რისკის კატეგორიები, რისკის ინდიკატორები და მათი შესაბამისი ინდივიდუალური წონები

1. მეორე ჯგუფის ბანკებისთვის წინასწარი შენატანების გამოთვლის მიზნით, ეროვნული ბანკი ბანკის რისკის პროფილს შემდეგი რისკის კატეგორიის შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს:

ა) კაპიტალი – ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რისკის ინდიკატორების შესაბამისად;

ბ) ლიკვიდობა – ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რისკის ინდიკატორების შესაბამისად;

გ) აქტივების ხარისხი – ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული რისკის ინდიკატორების შესაბამისად;

დ) ბიზნესმოდელი და მომგებიანობა – ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რისკის ინდიკატორების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კაპიტალის რისკის კატეგორიის რისკის ინდიკატორებია:

ა) ბანკის ლევერიჯის კოეფიციენტი;

ბ) ბანკის ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტის შეფარდება ძირითადი პირველადი კაპიტალის მოთხოვნასთან.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიკვიდობის რისკის კატეგორიის რისკის ინდიკატორებია:

ა) ბანკის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი;

ბ) ბანკის წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აქტივების ხარისხის რისკის კატეგორიის რისკის ინდიკატორია ვადაგადაცილებული სესხების შეფარდება მთლიან სასესხო პორტფელთან.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბიზნესმოდელისა და მომგებიანობის რისკის კატეგორიის რისკის ინდიკატორებია:

ა) რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების შეფარდება მთლიან აქტივებთან;

ბ) მსხვილი რისკის პოზიციების კოეფიციენტი;

გ) უკუგება საშუალო კაპიტალზე – წლიურად გაანგარიშებული წმინდა მოგება, შეფარდებული საშუალო წლიურ სააქციო კაპიტალთან (ე.წ. ROE).

6. ამ მუხლით განსაზღვრული რისკის კატეგორიების და რისკის ინდიკატორების შეფასებისას, ეროვნული ბანკი თითოეულ რისკის კატეგორიასა და რისკის ინდიკატორს ანიჭებს შესაბამის წონას ამ წესის დანართ №3-ში მოცემული ცხრილის შესაბამისად.

მუხლი 11. ბანკის მიერ წინასწარი შენატანის განხორციელება

1. ბანკი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს წინასწარი შენატანი ორგანული კანონისა და ამ წესის შესაბამისად დადგენილი ოდენობითა და პერიოდულობით წინასწარი შენატანის სარეზოლუციო ფონდში გადარიცხვის გზით.

2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გამოიცემა სამართლებრივი აქტი, რომლითაც, მათ შორის, განისაზღვრება:

ა) სარეზოლუციო ფონდის სამიზნე დონე;

ბ) სარეზოლუციო ფონდის წლიური სამიზნე დონე;

გ) ანგარიშის ნომერი (დანიშნულება, მიმღები და, ასევე, მიზნობრიობა), სადაც წინასწარი შენატანები უნდა განხორციელდეს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამართლებრივ აქტს ეროვნული ბანკი განაახლებს ყოველწლიურად, რეზოლუციის კომიტეტის მიერ შესაბამის საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სარეზოლუციო ფონდის სამიზნე დონის რაოდენობრივი ცვლილების გათვალისწინებით, დააკორექტიროს (გაზარდოს ან შეამციროს) სარეზოლუციო ფონდის წლიური სამიზნე დონე და, შესაბამისად, ბანკების მიერ გადასახდელი წინასწარი შენატანების ოდენობაც, მათ შორის, მიმდინარე მაკროეკონომიკური ფაქტორებისა და სხვა ფინანსური გარემოებების გათვალისწინებით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტი ბანკებს ეგზავნებათ, ხოლო თითოეული ბანკისთვის განსაზღვრული ინდივიდუალური წინასწარი შენატანის ოდენობის შესახებ ბანკს დამატებით, ინდივიდუალურად ეცნობება, კონფიდენციალურობის წესების დაცვით, არაუგვიანეს ყოველი წლის 10 თებერვლისა.

5. ბანკმა წინასწარი შენატანის გადახდა უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს ყოველი თვის 15 რიცხვისა.

მუხლი 12. გადავადების/განწილვადების მოთხოვნა

1. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ბანკის მიერ წინასწარი შენატანის განხორციელებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბანკის ფინანსურ მდგომარეობას, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს ბანკის ლიკვიდობის ან გადახდისუნარიანობის/კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებლის გაუარესებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საზედამხედველო მოთხოვნების დარღვევა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ბანკის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება წინასწარი შენატანის განხორციელების გადავადების ან განწილვადების შესახებ. ბანკის მხრიდან აღნიშნული მოთხოვნა უნდა იყოს ელექტრონული ან მატერიალური სახით წარმოდგენილი.

2. წინასწარი შენატანის განხორციელების გადავადების ან განწილვადების შესახებ გადაწყვეტილებას  იღებს ეროვნული ბანკი, ბანკის დასაბუთებული მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის სახით. გადაწყვეტილების მიღებისას, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და არგუმენტაცია წინასწარი შენატანის გადავადების/განწილვადების თაობაზე. ამასთან, თუ ბანკი საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმოა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეფასებისას მხედველობაში მიიღოს წინასწარი შენატანის განხორციელების არსებითი ნეგატიური გავლენის საფრთხე საბანკო ჯგუფის გადახდისუნარიანობაზე/კაპიტალის ადეკვატურობასა და ლიკვიდობაზე.

3. წინასწარი შენატანი შესაძლოა გადავადდეს არაუმეტეს 1 წლის ვადით. ბანკს შეუძლია შესაბამისი დასაბუთებით მოითხოვოს ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გახანგრძლივება, თუ წინასწარი შენატანის გადახდამ შესაძლოა კვლავ შეუქმნას საფრთხე ბანკის ფინანსურ მდგომარეობას.

4. ბანკის მიერ წინასწარი შენატანის განხორციელების ვადა შესაძლოა გადავადდეს, თუ წინასწარი შენატანის განხორციელება, დიდი ალბათობით, მისი გადახდიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში გამოიწვევს ერთ-ერთ შემდეგ შედეგს:

ა) კანონმდებლობით დადგენილი საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების დარღვევას;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დარღვევას;

გ) ბანკისთვის დადგენილი ლიკვიდობის მოთხოვნის დარღვევას.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, შეხედულებისამებრ, ერთხელ ან რამდენჯერმე გადაუვადოს ბანკს წინასწარი შენატანის განხორციელების ვადა ბანკის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. ამ მიზნით ეროვნული ბანკი რეგულარულად შეაფასებს ბანკის ფინანსურ მდგომარეობასა და ბანკის შესაძლებლობას წინასწარი შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით.

6. ეროვნული ბანკი აგრეთვე უფლებამოსილია, ბანკს დროებით შეუჩეროს სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანების განხორციელების ვალდებულება, თუ ბანკის მიერ ხდება დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით სარეზოლუციო ფონდში შენატანების განხორციელება ამ დაფინანსების სრულ დაფარვამდე.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი შენატანების განხორციელების ვალდებულების შეჩერებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება შეჩერების საფუძველი/საფუძვლები, შეჩერების პერიოდი და მასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული სამართლებრივი აქტი წარედგინება ბანკს.

მუხლი 13. გადახდისუნარიანობის/კაპიტალის ადეკვატურობისა და ლიკვიდობის შეფასება წინასწარი შენატანის განხორციელების გადავადების/განწილვადების საჭიროების შეფასებისას

1. ეროვნული ბანკი, ბანკისთვის წინასწარი შენატანის განხორციელების გადავადების/განწილვადების საჭიროების შეფასებისას, აფასებს წინასწარი შენატანის გადახდის გავლენას ბანკის გადახდისუნარიანობის/საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტის და ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დაცვის შესაძლებლობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტის შეფასების მიზნით, ეროვნული ბანკი მათ შორის აფასებს წინასწარი შენატანის განხორციელების გავლენას ბანკის მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების დაცვის შესაძლებლობაზე. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი შეფასებისას ითვალისწინებს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობას, რომელიც შემცირებულია ბანკის მიერ გადასახდელი წინასწარი შენატანის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის შეფასებისთვის, ეროვნული ბანკი გადასახდელი წინასწარი შენატანის სრულ ოდენობას ითვალისწინებს ბანკის მთლიანი წმინდა ფულადი გადინების გამოთვლისას და აფასებს წინასწარი შენატანის განხორციელების გავლენას ბანკისთვის ინდივიდუალურად დადგენილ ლიკვიდობის მოთხოვნების დაცვის შესაძლებლობაზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასება უნდა დაეფუძნოს კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებისა და ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის მოთხოვნებს სულ მცირე მომდევნო საანგარიშგებო პერიოდის მდგომარეობით.

მუხლი 14. ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

1. ბანკი ვალდებულია ითანამშრომლოს ეროვნულ ბანკთან და ხელი შეუწყოს მას წინასწარი შენატანების განსაზღვრისა და დაკისრების პროცესში, რაც, მათ შორის, მოიცავს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაციის მიწოდებას.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია წინასწარი შენატანების განსაზღვრისა და დაკისრების პროცესში, კანონმდებლობის შესაბამისად, გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან, მათ შორის, სააგენტოსგან მოითხოვოს დაზღვეული დეპოზიტების თაობაზე განახლებული ინფორმაცია როგორც ინდივიდუალური ბანკის მიხედვით, ისე საბანკო სექტორის ჭრილში.

მუხლი 15. საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა)

ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).

მუხლი 16. დასკვნითი დებულებები

1. სარეზოლუციო ფონდში ბანკების მიერ წინასწარი შენატანებით აკუმულირებულმა თანხებმა უნდა მიაღწიოს სარეზოლუციო ფონდის მიზნობრივ ოდენობას, რომელიც „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 3%-ს შეადგენს.

2. სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანებით აკუმულირებული თანხები 2033 წლამდე შეიძლება იყოს სარეზოლუციო ფონდის მიზნობრივ ოდენობაზე ნაკლები.  ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაახანგრძლივოს ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადა, თუ ვადის დადგომამდე გაიზარდა დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალური ოდენობა (ზღვარი) ან/და სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული თანხები გამოყენებულ იქნა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტების არანაკლებ 0.5%-ის ოდენობით.

3. ბანკებმა წინასწარი შენატანის პირველი გადახდა უნდა უზრუნველყონ არაუგვიანეს 2025 წლის 15 თებერვლისა, ხოლო მომდევნო და შემდეგი გადახდები – არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

4. სარეზოლუციო ფონდის მიზნობრივი დონის მიღწევის შემდგომ, თუ ყოველ მომდევნო წელს, სამიზნე ოდენობასა და სარეზოლუციო ფონდში არსებულ სახსრებს შორის  სხვაობა წარმოიშობა, ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრულ ორივე ჯგუფის ბანკებს, სხვაობის დასაფარად ინდივიდუალური წინასწარი შენატანების ოდენობა ყოველწლიურად განესაზღვრებათ ამ წესის დანართი №3-ითა და დანართი №4-ით განსაზღვრული მეთოდოლოგიის მიხედვით. ამასთან, პირველი ჯგუფის ბანკებისთვის აღნიშნული მეთოდოლოგიით განსაზღვრული წინასწარი შენატანის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრულ და შესაბამისად მოქმედ ფიქსირებულ ოდენობებს.