ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016535
38
22/08/2024
ვებგვერდი, 23/08/2024
010250020.35.125.016535
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2024 წლის 22 აგვისტო

ქ. ტყიბული

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 851 მუხლის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და პირობები“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი“ დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და გამგეობაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 ნოემბრის №38 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 18/11/2015 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.125.016184).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე



დანართი №1
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) არსებული საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს, პირობებს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.

2. წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.

მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი

1. საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე: www.tkibuli.gov.ge (შემდგომში – ვებგვერდი).

2. ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებისგან.

3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.

4. ამ დადგენილებით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციასთან ერთად საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.

5. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებისთვის საფასურის ან/და სხვა ნებისმიერი სახის შეზღუდვის დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი

1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოფოს პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.

2. საჯარო ინფორმაცია ვებგვერდზე იმგვარად უნდა განთავსდეს, რომ შესაძლებელი იყოს ინფორმაციის დათვალიერება, ჩამოტვირთვა, კოპირება და ბეჭდვა მისი შეცვლის, დაზიანებისა და დაკარგვის გარეშე.

მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

1. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს.

2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის მიწოდების ფორმაზე, დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელნი არიან საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.

3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებას საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო პერიოდულობის დაცვით.

მუხლი 5. პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა

ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციას განეკუთვნება:

ა) მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურა და ფუნქციათა აღწერა (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

ბ) მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების და მათი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება, წესდება, შინაგანაწესი), (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

გ) მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელების, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია სახელი, გვარი, ფოტოსურათი და ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

დ) მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დ მისი სტრუქტურული ერთეულების, ადმინისტრაციული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტა, ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

ე) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირთა ოდენობის შესახებ კატეგორიების მიხედვით, გენდერულ ჭრილში (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

ვ) მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის/პირების სახელი, გვარი, თანამდებობა, ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

თ) საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების და მათზე გაცემული პასუხების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა;

ი) საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 49-ე მუხლის შესაბამისადб მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენილი სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში (ქვეყნდება ყოველწლიურად);

კ) ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებში მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ (ქვეყნდება კონკურსის გამოცხადებიდან 3 დღეში);

ლ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები (შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში);

მ) ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ;

ნ) დასახლების საერთო კრების ოქმები (მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში);

ო) საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში (მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში);

პ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი (მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში));

ჟ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა (მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში);

რ) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა (მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში);

ს) მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშები (შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში);

ტ) პეტიცია (მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში);

უ) მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში);

ფ) საჯარო დაწესებულებები ვალდებული არიან, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გამოაქვეყნონ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მათი პროექტები და სხვა საჯარო ინფორმაცია (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

ქ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 137-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საჯარო ინფორმაცია.

შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან ერთი თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.


დანართი №2

 

საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი

1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს.

2. ყველას აქვს უფლება, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოითხოვოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით, მერიის ელექტრონულ მისამართზე: contact.tkibuli@tkibuli.gov.ge.

3. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;

ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში  განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში  საწარმოს/ორგანიზაციის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დასახელება;

დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა, მათი არსებობის შემთხვევაში.

4. ამ სტანდარტის მე-3 პუნქტის დარღვევით განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, განმცხადებელს მიეცემა გონივრული ვადა დაზუსტებისათვის. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის ინფორმაციას, განცხადება დარჩება განუხილველი.

5. სამუშაო დღეს შემოსული განცხადება რეგისტრირდება და რეგისტრაციაში გატარების დადასტურების შეტყობინება (რეგისტრაციის თარიღი და ნომერი) ეგზავნება განმცხადებელს მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე. არასამუშაო დღეს/საათებში შემოსული განცხადება რეგისტრირდება მომდევნო სამუშაო დღეს.

6. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან და გაიცემა საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ მე-40 მუხლით განსაზღვრულ ვადებში.

7. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, პირის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.

8. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ოქტომბრის N29 დადგენილების შესაბამისად.

9. განმცხადებლისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ხდება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 41-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

10. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილი წესის შესაბამისად.