კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესის განსაზღვრის შესახებ

კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 21/08/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016069
3
21/08/2024
ვებგვერდი, 22/08/2024
010220020.34.059.016069
კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესის განსაზღვრის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №3

2024 წლის 21 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესის განსაზღვრის შესახებ

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
1. არჩევნებში მონაწილე პარტიამ პარტიული სია უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. პარტიულ სიას თან უნდა ერთოდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ. განაცხადში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) და განაცხადის შევსების თარიღთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი იმ პარტიის წევრია, რომელი პარტიული სიითაცაა წარდგენილი ან არის უპარტიო ან თუ დატოვა პარტია პარტიული სიის/კანდიდატის რეგისტაციის შესახებ განცხადების წარმოდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში ვალდებულია მიუთითოს პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და ამ პარტიის სახელწოდება. თუ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია, განაცხადში მიეთითება პარტიის სახელწოდება. განაცხადის ფორმა მტკიცდება უსკოს განკარგულებით.
2. ამ დადგენილებით განსაზღვრული პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადის წარუდგენლობის ან განაცხადის პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებულ მონაცემებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და მას 3 დღე ეძლევა სიისა და საბუთების სრულყოფისათვის. 
3. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს (თუ ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების შესახებ იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). თუ პარტიული სიის იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არც პარტიული სია და არც პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება და უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზემოაღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). 
მუხლი 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, თუ აღმოჩნდა, რომ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია ან დარღვეულია ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30)  მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონია
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანიტარიელ გოგიტიძე