დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/08/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016752 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აგვისტოს №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2022, 010250050.35.137.016581), კერძოდ:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ბ) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“ გ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დამტკიცდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესი“, დანართი 1-ის შესაბამისად.“; დ) დადგენილების მე-2 მუხლი ამოღებული იქნეს; ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის პროცედურებს, შეფასების კრიტერიუმებსა და თავშესაფრით დაკმაყოფილების პირობებს. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება: ა) პირებზე, რომელთა რეგისტრაცია ან/და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა შესაბამისი კანონმდებლობით სხვაგვარად არის დარეგულირებული; ბ) პირებზე, რომელთა ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის ხანგრძლივობა, უსახლკარო პირის სტატუსის მოსაპოვებლად, განცხადების შემოტანამდე უწყვეტად არ აღემატება 2 წელს; გ) პირებზე, რომელთა საცხოვრებელი ფართის დაკარგვის ფაქტი ფიქსირდება ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ; დ) პირზე, თუ მას ან/და მისი ოჯახის პირველი რიგის ოჯახის წევრს აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის უფლება საცხოვრებელზე; ე) ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით 150 000 და მეტია. 3. მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც განცხადების რეგისტრაციამდე უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში რეგისტრაცია შეეცვალათ პენიტენციურ სისტემაში სასჯელის მოხდის გამო, იმ პირობით, რომ პენიტენციურ სისტემაში განთავსებამდე პირი უწყვეტად რეგისტრირებული იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ 2 წელი. მუხლი 2. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკარო პირების რეგისტრაციის კომისია 1. ამ წესის განხორციელების მიზნით, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკარო პირების რეგისტრაციის კომისიას (შემდგომში – კომისია). 2. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები და სხვა საჯარო მოხელეები. 3. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, მდივნისა და სხვა წევრებისაგან. 4. კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები. 5. კომისიის საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. 6. კომისიის წევრთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი. 7. კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში. 8. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის ორგანიზებაზე. კომისიის თავმჯდომარე ხელს აწერს კომისიის საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას. 9. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 10. კომისიის წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით; ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) უზრუნველყოს კომისიის მუშაობის პროცესში მიღებული პერსონალური მონაცემების მართლზომიერი გამოყენება. 11. კომისიის სხდომა საჯაროა. 12. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა არანაკლებ 2/3. 13. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმათა უმრავლესობით. 14. ხმათა თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმას ენიჭება უპირატესობა. 15. კომისიის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები. 16. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა (მათ შორის, წესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი) და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. 17. განმცხადებლის მხრიდან საცხოვრებლის მიღების მიზნით მოწოდებული არასწორი ინფორმაცია ან/და ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც ხელოვნურად წარმოშობს უსახლკარო პირად რეგისტრაციის ან საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველს, არის კომისიის მიერ განმცხადებლისთვის უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. 18. კომისია სხდომაზე გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. 19. კომისიის სხდომა ფორმდება წერილობითი ოქმით. 20. სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები. 21. კომისიის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 3. უსახლკარო პირების რეგისტრაციის პროცედურები 1. სტატუსის მიღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია საკუთარი მოთხოვნა დააფიქსიროს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე განაცხადის შევსებით და კომისიაში წარდგენით. 2. რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია აწარმოოს საინფორმაციო კამპანია და შესაბამისი ფაქტის დადგენისთვის საჭირო სხვა ღონისძიებები. 3. რეგისტრაციის პროცესი დასრულებულად ითვლება კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე, მერის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში. 4. უსახლკარო პირების რეგისტრაცია ადიგენის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოხდება ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და თავშესაფრის ფართის არსებული რესურსის შესაბამისად. 5. ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრებში მერის წარმომადგენლებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული მოკვლევების შედეგად გამოვლენილი ჭერის არმქონე პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ არც მუდმივი და არც დროებითი საცხოვრებელი ფართი, ღამეებს მათ სარგებლობაში არსებულ ნივთებთან ერთად, ქუჩაში, სადარბაზოებში, ღია ცის ქვეშ, სკვერებსა და სხვა წინასწარ განუსაზღვრელ ადგილზე ატარებენ, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, ექვემდებარებიან უპირობო რეგისტრაციას. მუხლი 4. შეფასების კრიტერიუმები 1. თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა განისაზღვრება კომისიის მიერ მინიჭებული შეფასების საფუძველზე. 2. უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა შეფასება ხდება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი დოკუმენტის საფუძველზე, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ოჯახის სოციალური სარეიტინგო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით: ა.ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65001-ზე ნაკლები – 30 ქულა; ა.ბ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 75001-ზე ნაკლები – 20 ქულა; ა.გ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 001-ზე ნაკლები – 10 ქულა; ა.დ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 001-დან -150 000 – მდე 5 ქულა. ბ) შშმ პირი: ბ.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 30 ქულა; ბ.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული ან/და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 20 ქულა; ბ.გ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 10 ქულა. გ) არასრულწლოვან პირთა (18 წლამდე) რაოდენობა ოჯახში: გ.ა) 1-დან 3-ის ჩათვლით – 10 ქულა; გ.ბ) ყოველ შემდეგ პირზე – დამატებით 5 ქულა. დ) მარჩენალდაკარგული პირები – 20 ქულა. ე) სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები – 10 ქულა. ვ) მარტოხელა მშობელი – 20 ქულა. 3. შეფასების საბოლოო ქულა დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული ქულების შეჯამებით. 4. მინიჭებული ქულა ძალაშია შეფასების განხორციელებიდან ორი წლის განმავლობაში, ყოველი შემდგომი შეფასება მოხდება წინა შეფასებიდან ორი წლის შემდეგ. 5. თავშესაფრით დასაკმაყოფილებელი პირების რიგითობა დგინდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული საბოლოო ქულების სიდიდის მიხედვით. 6. შეფასებისას თანაბარი საბოლოო ქულების მიღების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ყველაზე დაბალი საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულის მქონე პირს/ოჯახს. 7. თავშესაფარში განთავსება ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, რომლის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმი და უსახლკარო პირის სტატუსის მინიჭების შესახებ ბრძანება. მუხლი 5. თავშესაფრით სარგებლობის ვადა და პირობები 1. თავშესაფრით სარგებლობის ვადა განისაზღვრება ორი წლით. ვადის გაგრძელება დამოკიდებულია მონიტორინგის შედეგებზე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და პირობების შესრულებასა და წინამდებარე წესის მე-4 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების განახლებულ მონაცემებზე. 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, იმ შემთხევაში, თუ კომისიის მიერ ამ წესის მე-4 მუხლით განხორციელებული შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ბენეფიციარის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია იმავე ვადით, გაუგრძელებს ბენეფიციარს თავშესაფრით სარგებლობის უფლებას. 4. თავშესაფრით მოსარგებლე პირთან ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ორმხრივი უფლებები და ვალდებულებები. 5. თავშესაფრის ფართის არსებული რესურსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერიას უფლება აქვს ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით მოახდინოს საცხოვრებელი ფართების მონაცვლეობა. 6. გადაუდებელ ვითარებაში, ჭერის არმქონე, მიუსაფარი მოქალაქეებისათვის, კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ, კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია თავშესაფრის გამოყოფა დროებით, საცხოვრისში არსებულ თავისუფალ ფართში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის მოძიებამდე. მუხლი 6. მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია ა) განმცხადებლის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები; დ) ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრის სახელზე ქონების რეგისტრაციის შესახებ; ე) განმცხადებლისა და მისი სრულწლოვანი ოჯახის წევრის ცნობა შემოსავლების შესახებ; ვ) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს ამონაწერი/ცნობა უფლებამოსილი ორგანოდან. მუხლი 7. დასკვნითი დებულებანი წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები