საქართველოს განათლების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 471
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 22/07/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 7, 26/07/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
471
22/07/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 7, 26/07/1996
000000000.00(0).000.000000
საქართველოს განათლების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №471

1996 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს საქართველოს განათლების სამინისტროს თანდართული დებულება და სტრუქტურა.                       

ე. შევარდნაძე

 

 

საქართველოს განათლების სამინისტროს

დებულება

I. ზოგადი დებულებანი

1.1. საქართველოს განათლების სამინისტრო (შემდგომში - „სამინისტრო“) აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოა, რომელიც ხელმძღვანელობს განათლების დარგს, ატარებს განათლების სფეროში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას, ახორციელებს დარგის ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს.

სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის და კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, პარლამენტის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ქვეკანონურ აქტებს (გადაწყვეტილებებს, ბრძანებებს, ნორმატიულ დებულებებს, ინსტრუქციული ხასიათის მითითებებს და სხვ.), ორგანიზაციას უწევს და ამოწმებს მათ რეალიზაციას.

1.2. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშები ბანკში, ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპელები.

1.3. სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენახვა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხას, მუშაკთა დადგენილი რაოდენობისა და შესანახი ასიგნებების ფარგლებში ამტკიცებს მინისტრი.

სამინისტროს სისტემა მოიცავს განათლების სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, აჭარის და აფხაზეთის განათლების სამინისტროებს, მხარეების, ქალაქებისა და რაიონების განათლების მართვის ადგილობრივ ორგანოებს, მათი და სამინისტროს უშუალო დაქვემდებარების სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებს, გაერთიანებებს, ორგანიზაციებსა და საწარმოებს.

 

2. სამინისტროს ამოცანები, ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებანი

2.სამინისტროს ძირითადი ამოცანაა განათლების რეფორმის სახელმწიფო პროგრამისა და მისი რეალიზაციის გეგმის შესაბამისად უზრუნველყოს:

2.1. ქვეყანაში განათლების დარგში ერთიანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შემუშავება და გატარება, განათლების სისტემის განვითარების პროგნოზირება და დაგეგმვა, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავება-შესრულება და კადრების რაციონალური გამოყენებისადმი კონტროლის დაწესება თავის კომპეტენციის ფარგლებში;

2.2. ყოველმხრივი დემოკრატიზაციის საფუძველზე ქვეყანაში უწყვეტი განათლების სისტემის განვითარება, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლება განათლების ყველა საფეხურზე;

2.3. განათლების დარგის სასწავლო-აღმზრდელობითი, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია-დაწესებულებების საქმიანობის მარეგულირებელი, მაკოორდინირებელი ქვეკანონური და ნორმატიული აქტების შემუშავება და დადგენილი წესით დამტკიცება;

2.4. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შინაარსის სრულყოფისათვის ქმედითი ღონისძიებების გატარება განათლების ყველა საფეხურზე;

სასწავლო-აღმზრდელობითი და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია-დაწესებულებების ავტონომიურობის გათვალისწინებით ტიპობრივი დებულებების ადა წესდებების, მათ საქმიანობის მარეგულირებელ-მაკოორდინირებელი ქვეკანონური და ნორმატიული აქტების შექმნა და არსებული წესით დამტკიცება;

2.5. სპეციალისტთა პროფესიული მომზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და ატესტაციის ორგანიზება;

2.6. პედაგოგიური კადრების ატესტაციის მოწყობა, მის შედეგად კატეგორიებისა და წოდებების მინიჭების კონტროლის განხორციელება;

2.7. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კოორდინაცია და კონტროლი დაქვემდებარებულ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში;

2.8. დადგენილი წესის შესაბამისად განათლებისა და მეცნიერების დარგში საერთაშორისო თანამშრომლობა;

2.9. სამინისტროს დაქვემდებარებული სასწავლო-აღმზრდელობითი და სამეცნიერო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება-განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება.

განათლების სამინისტრო მისთვის დაკისრებული ამოცანების შესაბამისად.

2.10. დადგენილი წესით განსაზღვრავს იმ პროფესიათა და სპეციალისტთა ნუსხას, რომელთა მიხედვით ხორციელდება სპეციალისტების მომზადება და გადამზადება საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ, საშუალო-სპეციალურ, უმაღლეს სასწავლებლებში და კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ქსელში;

2.11. იხილავს წინადადებებს და დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს უმაღლესი და საშუალო-სპეციალური სასწავლებლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტების, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების, უმაღლესი სასწავლებლების ტერიტორიული ქვედანაყოფების გახსნისა და გაუქმების შესახებ;

2.12. ხსნის და აუქმებს სკოლამდელ, ინტერნატულ, სკოლისგარეშე დაწესებულებებს, სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს და ახდენს მათ რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

2.13. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადგენს საშუალო სკოლის სხვადასხვა ტიპის, პროფესიულ--ტექნიკური, საშუალო სპეციალური და უმაღლესი სასწავლებლის სახელმწიფო დიპლომების სერტიფიცირების წესს და დისციპლინათა და საგანთა ნუსხას;

2.14. დადგენილი წესის შესაბამისად: აძლევს ლიცენზიებს არასახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებს, გამოიყენებს სალიცენზიო და სხვა სახის მომსახურებისაგან მიღებულ არასაბიუჯეტო სახსრებს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების დასაფინანსებლად, სოციალური საჭიროებისა და სამინისტროს სისტემის მუშაკთა მატერიალური წახალისებისათვის;

2.15. კოორდინაციას უწევს ქვეყნის სხვა სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობის განათლების საკითხებში;

2.16. დადგენილი წესით განსაზღვრავს საგანმანათლებლო სკოლის სხვადასხვა სახეობისა და საფეხურების საგანთა შესაბამის ნუსხასა და საათობრივ მოცულობას;

2.17. აწყობს სასწავლებლებისა და მის დაქვემდებარებაში არსებულ სამეცნიერო დაწესებულებათა სახელმწიფო ატესტაციასა და აკრედიტაციას;

2.18. თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენებას, ანტიმონოპოლიური პოლიტიკისა და პრივატიზების სამუშაოთა განხორციელებისათვის საჭირო პროექტების შემუშავებას;

2.19. ორგანიზაციას უწევს დარგობრივი ინფორმაციული ბანაკის, ინფორმაციული სისტემების შექმნასა და განვითარებას;

2.20. განსაზღვრავს განათლების სფეროში საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებებს და ამ სფეროში ასრულებს საკოორდინაციო-მეთოდოლოგიურ ფუნქციებს; სისტემის სასწავლებლებსა და სამეცნიერო დაწესებულებებს დახმარებას უწევს პარტნიორების შერჩევასა და საქმიანი ურთიერთობის დამყარებაში, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში;

2.21. ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების ტიპობრივ და უმაღლესი და საშუალო-სპეციალური სასწავლებლების დებულებებს;

2.22. არსებული წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს უშუალოდ დაქვემდებარებული დაწესებულებების ხელმძღვანელებს, განათლების მართვის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებს (ადგილობრივი მმართველობის ორგანოების წარდგინებით); ამტკიცებს დაქვემდებარებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების არჩეული რექტორებს, სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების ხელმძღვანელებს სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავს განათლების მართვის ადგილობრივი ორგანო.

2.23. შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლეს და საშუალო-სპეციალურ სასწავლებლებში მიღების წესებს;

2.24. ამტკიცებს ახალი სპეციალობის შემოღებას სასწავლებლებში, პროფესიული განათლების ყველა საფეხურისათვის დადგენილ სპეციალობათა ნუსხის საფუძველზე;

2.25. ამტკიცებს ძირითად სასწავლო დისციპლინათა მიხედვით სამინისტროს სასწავლო-მეთოდურ საბჭოებს;

2.26. ამოწმებს დაქვემდებარებული სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების, განათლების მართვის ორგანოების საქმიანობას, სწავლების ხარისხს, პროფესორ-მასწავლებელთა, პედაგოგთა და მეურნეობის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების დონეს, ახდენს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესისა და სპეციალისტთა მომზადების ხარისხი სახელმწიფო შეფასებას;

2.27. შეიმუშავებს და ამტკიცებს თავისი სისტემის სასწავლო, სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემის გეგმებს, სამინისტროს გრიფს აკუთვნებს სახელმძღვანელოებსა და დამხმარე სახელმძღვანელოებს;

2.28. გამოსცემს სამეცნიერო, სამეცნიერო-მეთოდურ ჟურნალებსა და განათლების პროფილის გაზეთებს რეგისტრაციის დადგენილი წესის შესაბამისად.

2.29. წარმართავს სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას უმაღლეს სასწავლებლებსა და დაქვემდებარებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა ასპირანტურასა და დოქტორანტურაში.

2.30. ამუშავებს დაქვემდებარებულ სასწავლებელთა შენობის ტიპობრივ და ინდივიდუალურ პროექტებს, ასრულებს გენერალური დამკვეთის ფუნქციას;

2.31. დადგენილი წესით აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტზე არსებულ თავისი დაქვემდებარების სასწავლო-აღმზრდელობით, სკოლისგარეშე და სხვა დაწესებულებებს;

2.32. არსებული წესების საფუძველზე აჯილდოებს მოწინავე მუშაკებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს, სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად წარადგენს მათ.

 

3. სამინისტროს მართვა

3.1. სამინისტრო ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თანხმობით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

3.2. მინისტრი პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისა და განვითარებისათვის.

მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები.

მინისტრის პირველ მოადგილეს მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრის მოადგილეებს ნიშნავს მინისტრი საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით. ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებს შორის ანაწილებს მინისტრი. მინისტრის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

მინისტრი ნიშნავს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, განსაზღვრავს მათ მოვალეობებს და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებს, ცირკულარულ წერილებსა და მეთოდურ მითითებებს, ამტკიცებს სამინისტრო ცენტრალური აპარატის მუშაკთა რაოდენობას, სტრუქტურისა და შენახვის ხარჯებს. ამტკიცებს საშტატო ნუსხას, ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ნომენკლატურაში შემავალ თანამდებობების პირებს და უფლებამოსილია წაახალისოს ისინი ან დაადოს მათ დისციპლინური სახდელი, ამტკიცებს სამმართველოებისა და განყოფილებების დებულებებს.

3.3. მინისტრის სათათბირო ორგანოა სამინისტროს კოლეგია, რომლის შემადგენლობაში არიან მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, აგრეთვე მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პორები და სპეციალისტები. კოლეგიის თავმჯდომარე არის მინისტრი.

3.4. სამინისტროს კოლეგიის წევრთა რიცხვსა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს მინისტრი.

3.5. კოლეგია განიხილავს სამინისტროს საქმიანობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

3.6. კოლეგიის გადაწყვეტილება ფორმდება მინისტრის ბრძანებით.

 

4. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამინისტრო რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს განათლების სამინისტროს აპარატის სტრუქტურა

ხელმძღვანელობა

აღმასრულებელი სამდივნო

სკოლამდელი აღზრდის, საშუალო განათლების და ბავშვთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი.

უმაღლესი, საშუალო სპეციალური განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი

დაწყებითი პროფესიული განათლების დეპარტამენტი

აღზრდის, სპორტისა და სამხედრო მომზადების სამმართველო

საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამმართველო

კადრების სამმართველო

ეკონომიკის, ინფორმაციისა და პროგნოზირების სამმართველო

საბუღალტრო აღრიცხვისა და ანალიზის სამმართველო

მენეჯმენტის, მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური ბაზის განვითარების სამმართველო

სახელმძღვანელოების სამმართველო

განათლების რეფორმის საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველო

ეროვნული პროგრამების კოორდინაციის სამმართველო

განათლების რეფორმის სამხარეო პროგრამების კოორდინაციის ბიურო.