დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სპეციალიზებული აუქციონის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-3/511 |
დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო |
მიღების თარიღი | 22/08/1996 |
დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 05/09/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000020.01(2).000.000124 |
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის
ბრძანება №1-3/511
1996 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
სპეციალიზებული აუქციონის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ
მასობრივი პრივატიზაციის გეგმაზომიერი განვითარების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების რეალიზაციის, ამ პროცესში მოსახლეობის ფართო ფენების მოზიდვის მიზნით ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება სპეციალიზებული აუქციონის ჩატარების შესახებ (დანართი №1).
2. იურიდიული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველომ (ბ-ნი გ. ნიშნიანიძე) ორი კვირის ვადაში უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში.
3. საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველომ (ბ-ნი მ. გაბუნია) იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ უზრუნველყოს ბრძანების და თანდართული დებულების გამოქვეყნება პრესაში.
4. ბრძანება ძალაში შედის პრესაში გამოქვეყნების შემდეგ.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ ე. ჯუღელს.
მინისტრი ა. სილაგაძე
დანართი №1
დებულება
სპეციალიზებული აუქციონის ჩატარების შესახებ
დებულება განსაზღვრავს ფულის სპეციალიზებული აუქციონების შემდგომში („აუქციონი”) ჩატარების წესს, მასში მყიდველების მონაწილეობის პირობებს, ანგარიშსწორებისა და გაყიდულ აქციებზე საკუთრების უფლებათა გაფორმების წესს.
1. სახელმწიფო საწარმოების გარდაქმნის გზით შექმნილ სააქციო საზოგადოებათა,
სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი, აქციების პრივატიზებას ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო - ან მისი ტერიტორიული ორგანო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გადაწყვეტილებით (შემდგომში გამყიდველი).
2. გამყიდველი:
- ორგანიზაციას უწევს აუქციონის ჩატარებას;
- გადასცემს მყიდველს შეძენილი აქციების შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს დადგენილი წესით;
- უზრუნველყოფს საზოგადოებრიობის ინფორმირებას აუქციონის შედეგების შესახებ;
- ამ დებულების შესაბამისად აქვეყნებს საინფორმაციო ცნობას აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი აქციების შესახებ, დადგენილი წესით, გაზეთ “პრივატიზების მაცნეში”.
3. საინფორმაციო ცნობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
- სააქციო საზოგადოების სრული დასახელება და იურიდიული მისამართი;
- გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობა;
- ერთი აქციის ნომინალური ღირებულება;
- აუქციონზე გასაყიდად გატანილი აქციების რაოდენობა და საწყისი გასაყიდი ფასი;
- აღნიშვნა იმისა, რომ აუქციონზე გადახდის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს ეროვნული ვალუტა-ლარი;
- განაცხადის შეტანის ვადები;
- გამყიდველის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
- მისამართი, სადაც იწარმოებს განაცხადების მიღება აუქციონის მონაწილეებისაგან.
აღნიშნული საინფორმაციო ცნობის წარდგენის ფორმას და დამატებითი მონაცემების ნუსხას საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს გამყიდველი.
3.1. დაწვრილებით ინფორმაციას სააქციო საზოგადოების ფინანსური მდგომარეობისა და სხვა ვალდებულებების შესახებ მყიდველი გაეცნობა უშუალოდ სააქციო საზოგადოებაში საინფორმაციო ცნობაში მითითებულ მისამართზე;
3.2. სააქციო საზოგადოების გენერალური დირექტორი ვალდებულია, შეუფერხებლად უზრუნველყოს მყიდველებისათვის აუცილებელი ინფორმაციისა და საწარმოს ვალდებულებების გაცნობა. მას პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ინფორმაციის სისწორეზე;
4. ყოველ 21 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხაზე გასაცემი აქციების მაქსიმალური რაოდენობა 1.46 აშშ დოლარის ნომინალური-ღირებულების აქციებისათვის განისაზღვრება 10 აქციით, ხოლო 1 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების აქციებისათვის განისაზღვრება 14 აქციით.
5. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეთა გაერთიანებები, საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, აგრეთვე ის არასახელმწიფო იურიდიული პირები, რომელთა საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საქველმოქმედო და სხვა საზოგადოებრივი ფონდების, რელიგიური ორგანიზაციების წილი შეადგენს 25%-ზე ნაკლებს.
5.1 იურიდიული პირები აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ვალდებულნი არიან განაცხადის შეტანისას გამყიდველს წარუდგინონ თავიანთი წესდების ერთი ასლი.
5.2. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ მან არ წარადგინა განაცხადი საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ან იგი არ შეიძლება ცნობილი იქნას მყიდველად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5.3. აუქციონში მონაწილეების შესახებ ინფორმაცია არ გაიცემა.
6. აუქციონი ტარდება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, შემდეგი წესით:
აუქციონს ატარებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან უფლებამოსილი ტერიტორიული ორგანო.
7. აუქციონის შედეგების შეჯამების პროცესს შეიძლება დაესწრონ მყიდველები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.
8. გამყიდველი განსაზღვრავს ყოველ 21 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხაზე გასაცემი აქციების რაოდენობას /შემდგომში “აუქციონის კურსი/, შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
ა) დაკმაყოფილებული განაცხადის ყოველ 21 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხაზე უნდა გაიცეს აქციების ერთი და იგივე რაოდენობა;
ბ) დაკმაყოფილდეს ყველა განაცხადი, რომელთაც აუქციონის კურსით ერგოთ ერთი ან მეტი აქცია;
გ) აუქციონი ითვლება არშემდგარად, თუ ყოველ 21 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხაზე, აუქციონის კურსის გაანგარიშებისას, მოუწია ერთ აქციაზე ნაკლები. ამ შემთხვევაში მონაწილეებს უბრუნდებათ შეტანილი თანხები შედეგების დამტკიცებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, მათი მოთხოვნით.
9. აუქციონში მონაწილეებზე გასაცემი აქციების რაოდენობა დგინდება შემდეგი ფორმულით:
A1= K1 * KA/21,სადაც:
A1 - მონაწილეზე გასაცემი აქციების რაოდენობაა.
KA - აუქციონის კურსი (აქციების ის რაოდენობა, რომელიც უნდა გაიცეს ყოველ 21 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხაზე), იანგარიშება გასაყიდად გამოტანილი აქციების რაოდენობის 21-ზე გამრავლებით და შემოსული თანხების საერთო ჯამზე გაყოფით იგი ტოლია მიღებული რიცხვის მთელი ნაწილის.
K1 - კოეფიციენტი (განაცხადში მითითებული გადახდილი თანხა, დაფიქსირებული აშშ დოლარებში).
10. გამყიდველი ადგენს ოქმს აუქციონის შედეგების შესახებ (3 პირად), რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
- ოქმის ნომერი და შედგენის თარიღი.
- გამყიდველის დასახელება.
- სააქციო საზოგადოების სრული დასახელება და იურიდიული მისამართი.
- გაყიდული აქციის ფასი.
- გამარჯვებულთა სია თითოეულისათვის. მიყიდული აქციების რაოდენობის მითითებით.
- აუქციონზე გაყიდული აქციების საერთო რაოდენობა.
11. აუქციონის ჩატარების წესის დარღვევისას, შედეგების ბათილად ცნობა რეგულირდება დადგენილი წესით.
12. ცნობა აუქციონის შედეგების შესახებ ქვეყნდება იმავე ბეჭვდით ორგანოში, სადაც გამოქვეყნდა საინფორმაციო ცნობა - აუქციონის ჩატარების შესახებ.
13. აუქციონის შედეგებს ამტკიცებს გამყიდველი ერთი კვირის ვადაში.
14. აუქციონის შედეგების დამტკიცების შემდეგ გამყიდველი წერილობით ატყობინებს სააქციო საზოგადოების აღმასრულებელ ორგანოს, აქციონერთა რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე.
15. აქციებზე საკუთრების უფლება გამყიდველიდან მყიდველზე გადადის აუქციონის შედეგების დამტკიცების დღიდან.
16. აუქციონის შედეგები მტკიცდება განაცხადების მიღების დამთავრებიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში.
17. იმ შემთხვევაში, როდესაც აუქციონს ატარებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, ინფორმაცია - სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში უნდა ჩაბარდეს შედეგების დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში.
დოკუმენტის კომენტარები