საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 484
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 26/07/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 7, 26/07/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
484
26/07/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 7, 26/07/1996
000000000.00(0).000.000000
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №484

1996 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანდართული დებულება და სტრუქტურა.

ე. შევარდნაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს

დებულება

1. ზოგადი დებულებანი

1.1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – „სამინისტრო“) არის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანო, რომელიც ახორციელებს უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფოებრივ მართვას.

1.2.სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებითა და ამ დებულებით.

1.3. სამინისტროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, ანგარიშები საქართველოს საბანკო დაწესებულებებში, მათ შორის უცხოური ვალუტით.

1.4. სამინისტროს სისტემაში შედიან:

ცენტრალური აპარატი, სამინისტროს წარმომადგენლები ავტონომიურ რესპუბლიკებში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან არსებული საქართველოს წარმომადგენლობები, სამინისტროს წარმომადგენლობები საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე სამინისტროს დაქვემდებარებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც შექმნილია სამინისტროს საქმიანობის უზრუნველსაყოფად (შემდგომში – „დაქვემდებარებული ორგანიზაციები“).

2. სამინისტროს ძირითადი ფუნქციები

სამინისტროს ფუნქციებია:

2.1. საქართველოს საგარეო პოლიტიკის განხორციელება;

2.2. საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესახებ წინადადებათა შემუშავება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;

2.3. დიპლომატიური საშუალებებით საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტის, უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის, სხვა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა;

2.4. საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა;

2.5. უცხოეთის სახელმწიფოებთან საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა უზრუნველყოფა;

2.6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებების, სხვა სახელმწიფოთა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დეპოზიტარის ფუნქციის შესრულება;

2.7. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და უწყებების საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირურთიერთობის კოორდინაცია ერთიანი კურსის გატარების უზრუნველყოფის მიზნით.

3. სამინისტროს ამოცანები

სამინისტროს ამოცანებია:

3.1. ორმხრივ, მრავალმხრივ ურთიერთობათა და საერთაშორისო პრობლემების მთლიანი კომპლექსის შესახებ არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს დადგენილი წესით წარუდგინოს მასალები, წინადადებები და რეკომენდაციები საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობათა საკითხებზე;

3.2. საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად შეიმუშაოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტები, წინადადებები ხელშეკრულებათა დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ; მოლაპარაკება აწარმოოს უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

3.3. განახორციელოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების საერთო ზედამხედველობა, მონაწილეობა მიიღოს  საქართველოს საერთაშორისო - სამართლებრივ ვალდებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის შესახებ წინადადებათა მომზადებაში; შეიმუშაოს საკანონმდებლო აქტების პროექტები საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით;

3.4. მოამზადოს და დადგენილი წესით წარუდგინოს მთავრობის საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შესატანი კანონპროექტები, წინადადებები საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

3.5. საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველსაყოფად მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი პოლიტიკისა და კონკრეტულ ღონისძიებათა შემუშავებაში; მონაწილეობა მიიღოს უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური და ფინანსური, აგრეთვე სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურული და სხვა კავშირურთიერთობის გაფართოების მიზნით კონკრეტულ ღონისძიებათა შემუშავებაში;

3.6. განახორციელოს ღონისძიებები, რათა საქართველომ, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა, საერთოევროპული პროცესისა და სხვა რეგიონალური მექანიზმების მონაწილე ქვეყანამ, ჯეროვანი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მშვიდობის, გლობალური და რეგიონალური უშიშროების განმტკიცების საქმეში;

3.7. უზრუნველყოს საქართველოს მონაწილეობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, სხვა საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების, კონფერენციების, ფორუმების საქმიანობაში, ხელი შეუწყოს საქართველოს როლის ამაღლებას გლობალური და რეგიონალური საერთაშორისო პრობლემების გადაჭრაში;

3.8. ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და სულიერი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;

3.9. უმაღლესი და მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი ღონისძიებების მოწყობისას მონაწილეობა მიიღოს დიპლომატიური პროტოკოლის წესების დაცვის უზრუნველყოფაში, გააკონტროლოს დიპლომატიური და საკონსულო პრივილეგიების და იმუნიტეტის დაცვის მდგომარეობა;

3.10. უზრუნველყოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რეგისტრაცია და აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირება;

3.11.განახორციელოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საგარეო პოლიტიკის საარქივო მასალების დედნების (მათი დამოწმებული პირების, თარგმანების ოფიციალური პირების) მუდმივი შენახვა, სამინისტროს არქივში არსებული მუდმივად შესანახი დოკუმენტების აღრიცხვა და გამოყენება;

3.12.განახორციელოს სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, საქართველოში სამინისტროს წარმომადგენლობების, დაქვემდებარებული ორგანიზაციების ერთიანი საკადრო პოლიტიკა, განსაზღვროს მათი დაკომპლექტების, კადრების გადაადგილების წესები, ორგანიზაცია გაუწიოს დიპლომატიური სამსახურის კადრების მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას;

3.13. უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ საკონსულო მუშაობის ორგანიზაცია, დადგენილი წესით გააფორმოს საპასპორტო-სავიზო დოკუმენტაცია;

3.14. ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობისა და კონტრაქტების განვითარებას;

3.15. უზრუნველყოს დიპლომატიურ-საკურიერო კავშირი;

3.16. ხელი შეუწყოს საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას;

3.17. ითანამშრომლოს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებთან, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან.

3.18. უზრუნველყოს ცენტრალური აპარატის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, საქართველოში სამინისტროს წარმომადგენლობების, დაქვემდებარებული ორგანიზაციების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობები. საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებები ორგანიზაციულ, საფინანსო და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;

3.19. საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ აწარმოოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ობიექტების კაპიტალური მშენებლობა და რეკონსტრუქცია;

3.20.ცენტრალიზებულად დააფინანსოს და მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები; ააშენოს საცხოვრებელი ბინები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის;

3.21. შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები.

4. სამინისტროს უფლებები

სამინისტროს უფლებებია:

4.1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოს სახელით გამართოს მოლაპარაკება უცხო ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებთან, საგარეო-პოლიტიკურ უწყებებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან, აწარმოოს მათთან მიმოწერა;

4.2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან, განურჩევლად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა, თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად მიიღოს საჭირო დოკუმენტები, გამოსცეს საცნობარო და სხვა მასალები; ინფორმაცია მიაწოდოს აღნიშნულ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს;

4.3. გააკონტროლოს, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტები;

4.4. საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიური სამსახურის საკითხებზე საკანონმდებლო აქტების პროექტთა შემუშავების შესახებ;

4.5.საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები საქართველოს ტერიტორიაზე სამინისტროს წარმომადგენლობების შექმნის შესახებ;

4.6. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ქვეკანონური ნორმატიული აქტები, რომელთა შესრულება სავალდებულოა საერთაშორისო კონტაქტების განხორციელებისას აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისათვის, აგრეთვე, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის, განურჩევლად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.

4.7. საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მეცნიერულად დასაბუთებული წინადადებების შემუშავების მიზნით, სამინისტროში იქმნება სამეცნიერო, საკონსულტაციო, მეთოდური და საექსპერტო საბჭოები, საბჭოების შემადგენლობასა და მათ დებულებებს ამტკიცებს მინისტრი, საბჭოების საქმიანობას ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალური აპარატი;

4.8. სამინისტრო დადგენილი წესით გამოსცემს თავისი საქმიანობის ამსახველ ჟურნალებს, ბიულეტინებსა და სხვა ნაბეჭდ მასალას;

4.9. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვიტოს მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათი ხელმძღვანელების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხები, შეამოწმოს სამეურნეო საქმიანობა;

4.10. დადგენილი წესით გამოიყენოს საკონსულო და სხვა სახის მომსახურებისაგან მიღებული არასაბიუჯეტო სახსრებით სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის, სოციალური საჭიროებებისა და სამინისტროს სისტემის მუშაკთა მატერიალური წახალისებისათვის;

5. მინისტრი, სამინისტროს საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა

5.1. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, მინისტრს საქართველოს პარლამენტთან შეთანხმებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

5.2. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციებს. მინისტრის პირველ მოადგილეს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრის მოადგილეებს ნიშნავს მინისტრი საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით.

5.3. სამინისტროში იქმნება მინისტრის სათათბირო ორგანო – კოლეგია მინისტრის (კოლეგიის თავმჯდომარე), მისი მოადგილეების, აგრეთვე სამინისტროს სისტემის სხვა ხელმძღვანელ მუშაკთა შემადგენლობით. კოლეგიის წევრთა რიცხვსა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს მინისტრი.

5.4. კოლეგია განიხილავს სამინისტროს საქმიანობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;

5.5. კოლეგიის გადაწყვეტილებები ფორმდება მინისტრის ბრძანებით.

5.6. მინისტრი:

– ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას, ამტკიცებს მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებული ორგანიზაციების დებულებებს (წესდებებს); განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა იმ უფლებამოსილებას, რომ გადაწყვიტონ ორგანიზაციული, საკადრო, ფინანსური, საწარმოო-სამეურნეო და სხვა საკითხები;

– გამოსცემს ბრძანებებსა და ინსტრუქციებს მათი საქმიანობის შესახებ, მითითებებს აძლევს სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს, საქართველოში სამინისტროს წარმომადგენლობებს;

– დადგენილი წესით წინადადებები შეაქვს საზღვარგარეთის სახელმწიფოებში საქართველოს ელჩებისა და საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო, რეგიონალურ) ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენელთა დანიშვნის ან გამოწვევის შესახებ, საქართველოს სახელმწიფო და სამთავრობო დელეგაციების ხელმძღვანელებისა და მათი წევრების დანიშვნის ან გათავისუფლების შესახებ;

– უფლებამოსილია წარმოადგენდეს საქართველოს მხარეს ორმხრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე, საქართველოს სახელით ხელი მოაწეროს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

– წარმოადგენს სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;

– განსაზღვრავს მინისტრის მოადგილეებისა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობას სამინისტროს საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა მართვისათვის;

– ამტკიცებს საქართველოს ტერიტორიაზე სამინისტროს წარმომადგენლობების სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას მათი მუშაკების შრომის ანაზღაურების დადგენილი ფონდისა და საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში, აგრეთვე მათი ფუნქციონირების ხარჯების ნუსხას შესაბამისი პერიოდისათვის დამტკიცებულ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში;

– ამტკიცებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების საშტატო ნუსხას მუშაკების შრომის ანაზღაურების დადგენილი ფონდისა და საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში, აგრეთვე მათი ფუნქციონირების ხარჯების ნუსხას გამოყოფილ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში;

– თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, სამინისტროს სისტემის სხვა მუშაკებს;

– დადგენილი წესით წარადგენს მუშაკებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და საქართველოს საპატიო წოდებათა მისანიჭებლად;

– დადგენილი წესით ანიჭებს დიპლომატიურ რანგებს ატაშედან უფროსი მრჩევლის ჩათვლით, აგრეთვე შუამდგომლობს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ;

– ახორციელებს სხვა უფლებებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. დასკვნითი დებულებები

6.1. სამინისტროს დებულებასა და ცენტრალური აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

6.2. სამინისტროს საქმიანობა ფინანსდება სახელწმიფო ბიუჯეტის იმ სახსრების ხარჯზე, რომლებიც გათვალისწინებულია აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების შენახვისათვის. სამინისტროს დაფინანსების წყაროებია: სახელმწიფო ბიუჯეტი, საკონსულო და კანონით ნებადართული სხვა სახის მომსახურებისაგან მიღებული არასაბიუჯეტო სახსრები.

6.3. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სამინისტროს სტრუქტურა

– სამინისტროს ხელმძღვანელობა

– აღმასრულებელი სამდივნო

– ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტი

– დამოუკიდებლად სახელმწიფოთა თანამეგობრობის დეპარტამენტი

– აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი

– საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი

– საერთაშორისო-ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი

– საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტი

– საფინანსო-სავალუტო და საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს ქონების მართვის დეპარტამენტი

– საკონსულო დეპარტამენტი

– კადრების სამმართველო

– დიპლომატიური პროტოკოლის სამმართველო

– კულტურის, ჰუმანიტარულ და პარტნიორულ ურთიერთობათა სამმართველო

– ინფორმაციისა და პრესის სამმართველო

– დიპლომატიურ კადრებთან მუშაობისა და საერთაშორისო ინფორმაციის სამმართველო

– სამეურნეო სამმართველო.