დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 მაისის №68/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 213/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 21/08/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/08/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016872 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 მაისის №68/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/06/2021; ს/კ: 220090000.18.011.016563) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ კონცენტრაცია ერთი ან რამდენიმე საწარმოს ნაწილის ან ნაწილების შეძენას ეხება, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი დამოუკიდებელი ერთეულები, კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი წლიური შემოსავლის გამოთვლისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ საწარმოთა კონცენტრაციას დაქვემდებარებული ნაწილის/ნაწილების პროპორციული შემოსავალი, ამ წესის შესაბამისად.“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებულ ეკონომიკურ აგენტებს შორის (გარდა საინვესტიციო ფონდებისა) კონცენტრაცია ხდება საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული აქციების ან სხვა ფასიანი ქაღალდების შეძენის ფორმით, რომლის შედეგადაც ერთი ეკონომიკური აგენტი მეორე ეკონომიკურ აგენტზე მოიპოვებს კონტროლს და ამასთან კმაყოფილდება ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზღვრები და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, კონცენტრაციაში მონაწილე მხარეები უფლებამოსილნი არიან, შეძენიდან არაუმეტეს 14 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინონ ეროვნულ ბანკს კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება.“. 2. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 3. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მომხმარებელთა სარგებელი, რაც გამოწვეულია კონცენტრაციის მონაწილეების რესურსების კომბინაციის შედეგად.“. 4. V თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:
„თავი V1 ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების ვალდებულებასა და შეფასებას დაქვემდებარებული სხვა ოპერაციები „მუხლი 301. ეკონომიკური აგენტის აქტივების შეძენა 1. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ეროვნული ბანკი, ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაციის გარდა, ამ თავით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციასაც, რომლის მეშვეობითაც ხდება ერთი ეკონომიკური აგენტის მიერ მეორე ეკონომიკური აგენტის აქტივების შეძენა, როდესაც აქტივების შემძენი ეკონომიკური აგენტი კომერციული ბანკი ან მიკრობანკია. 2. ამ თავის მიზნებისთვის ეკონომიკური აგენტის აქტივი გულისხმობს ისეთ ფინანსურ აქტივს (საკრედიტო პორტფელი (გარდა ჩამოწერილი საკრედიტო პორტფელისა) და სესხის მსგავსი მახასიათებლების მქონე სხვა მოთხოვნები), რომელიც ეკონომიკური აგენტის აქტიური ბიზნეს-საქმიანობის განმსაზღვრელი და შემოსავლის მომტანია. 3. ერთი ეკონომიკური აგენტის მიერ მეორე ეკონომიკური აგენტის აქტივების შეძენისას, ოპერაცია ეროვნული ბანკისთვის წინასწარ წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება, თუ სახეზეა ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) ოპერაციის განხორციელების მომენტისთვის ოპერაციას დაქვემდებარებული აქტივებისა და შემძენის აქტივების საბალანსო ღირებულება ჯამურად, საქართველოს ტერიტორიაზე, 500 მილიონ ლარს აღემატება და, ამასთან, ოპერაციას დაქვემდებარებული აქტივების საბალანსო ღირებულება საქართველოს ტერიტორიაზე 100 მილიონ ლარს აღემატება; ბ) უკანასკნელი ფინანსური წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ეკონომიკურ აგენტებს შორის ამ მუხლით გათვალისწინებული ოპერაციების განხორციელებით, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზღვრული მაჩვენებლები საქართველოს ტერიტორიაზე ჯამურად კმაყოფილდება. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ოპერაცია დასაშვებია მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი ოპერაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. მუხლი 302. ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების წარდგენის წესი 1. ამ წესის 301 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი შეთანხმების ძალაში შესვლამდე ან/და ოპერაციის ფაქტობრივ განხორციელებამდე, ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების წარდგენის ვალდებულება ეკისრება ოპერაციის მონაწილე ყველა ეკონომიკურ აგენტს, ერთობლივი შეტყობინების წარდგენის გზით. 2. თუ ოპერაციას დაქვემდებარებული აქტივების შეძენა ხდება საჯარო შეთავაზების გზით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მხარეები უფლებამოსილნი არიან, აქტივების შეძენიდან არაუმეტეს 14 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინონ ეროვნულ ბანკს შესაბამისი შეტყობინება. 3. ოპერაციის მხარეებს გააჩნიათ ამ წესის მე-13 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები. 4. ამ წესის 301 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი ოპერაციის მხარეებს უფლება აქვთ, ამ წესის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, გამართონ წინასწარი კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას: ა) ოპერაციის მხარეების მონაცემები: ა.ა) ეკონომიკური აგენტის სახელწოდება და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ვინაობა; ა.ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი; ა.გ) იურიდიული მისამართი; ა.დ) საქმიანობის სფერო; ა.ე) საკონტაქტო პირი და მისი საკონტაქტო ინფორმაცია. ბ) ოპერაციას დაქვემდებარებული აქტივების აღწერა, შესაბამისი სეგმენტებისა და პროდუქტების მითითებით; გ) ოპერაციას დაქვემდებარებული აქტივების საბალანსო ღირებულება, ხოლო თუ განხორციელდა აქტივების საბაზრო ღირებულების შეფასება, შესაბამისი შეფასების დასკვნაც; დ) დაგეგმილი ოპერაციის კონკურენტულ გარემოსთან შესაბამისობის თაობაზე არგუმენტაცია. ასევე, სხვა ნებისმიერი რელევანტური ანალიზი ან/და ანგარიში, მათ შორის, იურიდიული ან/და ეკონომიკური (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) ამ წესის 301 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უკანასკნელი ფინანსური წლის განმავლობაში იმავე ეკონომიკურ აგენტებს შორის საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ყველა ოპერაციის შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, ამ პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მათ შორის, თითოეულ ოპერაციასთან მიმართებით ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. 6. ეროვნული ბანკი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს მის ფორმალურ შესაბამისობას ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან. 7. თუ წარდგენილი შეტყობინება არ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი შეტყობინების წარმდგენს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. 8. ხარვეზის წერილში აღინიშნება ის კონკრეტული საკითხები და გარემოებები, რომლის მითითებას ან/და დაზუსტებასაც ითხოვს ეროვნული ბანკი. 9. თუ შეტყობინების წარმდგენი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შეტყობინების განუხილველად დატოვების შესახებ. მუხლი 303. შეტყობინების განხილვის პროცედურა 1. თუ შეტყობინება შეესაბამება ამ კანონის 302 მუხლის მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი ვალდებულია, არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს შეტყობინება და შეამოწმოს დაგეგმილი ოპერაციის შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან. 2. შეტყობინების განხილვისას ეროვნული ბანკი იყენებს ამ წესის მე-15 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით დადგენილ ნორმებს. 3. მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შემდგომ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესით“ განსაზღვრული ეროვნული ბანკის კონკურენციის კომიტეტი, ამ წესის მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) დაგეგმილი ოპერაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ; ბ) შეტყობინების განხილვის ვადის არაუმეტეს 30 კალენდარული დღით გაგრძელების შესახებ, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დაგეგმილი ოპერაცია, შესაძლოა, არ იყოს თავსებადი კონკურენტულ გარემოსთან ან, საქმის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა საკითხის დამატებითი შესწავლა; გ) დაგეგმილი ოპერაციის დაუშვებლობის შესახებ. 4. დაგეგმილი ოპერაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხის შეფასებისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს ამ წესის მე-15 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით დადგენილ პრინციპებს. აგრეთვე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ წესის მე-5 თავით გათვალისწინებული რელევანტური პარამეტრები და კრიტერიუმები. 5. შეტყობინების განხილვისას შესაძლებელია ოპერაციის მხარეების ან ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელდეს კონკრეტული ოპერაციისთვის რელევანტური სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების გატარების შეთავაზება, რაც ამ თავის მიზნებისთვის შესაძლებელია ასევე გულისხმობდეს, მათ შორის, დაგეგმილ ოპერაციას დაქვემდებარებული აქტივების შემცირებას. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ წესის 29-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-6, მე-9-მე-11 პუნქტებით განსაზღვრული ნორმები. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების გატარების შეთავაზების შემთხვევაში, ამ ღონისძიებების გატარებისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 5 (ხუთ) სამუშაო დღეზე ნაკლები. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მხარის დასაბუთებული მოთხოვნით ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით, რა დროსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადა ჩერდება. 7. თუ ოპერაცია განხორციელდა და ოპერაციის მხარეებმა შესაბამის ვადაში არ განახორციელეს სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიები, მათ დაეკისრებათ ფულადი ჯარიმა, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ოპერაციის თითოეული მხარის საშუალო დღიური ბრუნვის 1%-ს. 8. ამ მუხლით განსაზღვრულ ვადაში პასუხის გაუცემლობა დადებით პასუხად ჩაითვლება. 9. ეკონომიკური აგენტის აქტივების შეძენის თაობაზე ამ თავით გათვალისწინებული შეტყობინების განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება ამ წესის მე-17 მუხლის შესაბამისად. მუხლი 304. მოთხოვნათა გვერდის ავლით ოპერაციის განხორციელების დაუშვებლობა და მისი შედეგები 1. ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით განხორციელებული ოპერაციის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ოპერაციის მხარეებს დააკისროს ფულადი ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 3%-ს. 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ მუხლით განსაზღვრულ ფულად ჯარიმასთან ერთად ეკონომიკურ აგენტს დაუწესოს სხვა სანქცია ან საზედამხედველო ზომა. 3. ამ მუხლის შესაბამისად ფულადი ჯარიმის დაკისრება ან ფულადი ჯარიმისა და საზედამხედველო ზომის/სანქციის გამოყენება პირს არ ათავისუფლებს ეროვნული ბანკისათვის ოპერაციის შესახებ შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან. ფულადი ჯარიმის ან ფულადი ჯარიმისა და საზედამხედველო ზომის/სანქციის დაკისრების პარალელურად, შეტყობინების წარდგენის ვადას, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს ეროვნული ბანკი და იგი არ შეიძლება იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ან ფულადი ჯარიმისა და საზედამხედველო ზომის/სანქციის დაკისრების პარალელურად, ეროვნული ბანკი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და ითხოვოს გარიგების გაუქმებას, თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით, თუ: ა) არსებობს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება დაგეგმილი ოპერაციის დაუშვებლობის თაობაზე; ბ) ეროვნულმა ბანკმა განიხილა კანონმდებლობის გვერდის ავლით განხორციელებული ოპერაცია და იგი დაუშვებლად მიიჩნია. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები