სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები „დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1994 წლის 31 იანვრის №2 ინსტრუქციის ცვლილებები და დამატებები

სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები „დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1994 წლის 31 იანვრის №2 ინსტრუქციის ცვლილებები და დამატებები
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები სხვა ადმინისტრაციული ორგანო
მიღების თარიღი 12/04/1996
დოკუმენტის ტიპი სხვა ადმინისტრაციული ორგანო
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 20/09/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).000.000132
5
12/04/1996
გამოუქვეყნებელი, -, 20/09/1996
000000090.01(2).000.000132
სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები „დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1994 წლის 31 იანვრის №2 ინსტრუქციის ცვლილებები და დამატებები
სხვა ადმინისტრაციული ორგანო

საქართველოს საგადასახადო სამსახურის

ბრძანება №5

1996 წლის 12 აპრილი

სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები

 „დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა

და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო

საგადასახადო სამსახურის 1994 წლის 31 იანვრის

№2 ინსტრუქციის

ცვლილებები და დამატებები

საქართველოს 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს 1996 წლის 9 თებერვლის კანონის შესაბამისად „დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 31.01.94 წლის №2 ინსტრუქციაში შეიტანება შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი თავის მე-3 პუნქტის აბზაცი შემდეგი შინაარსის:

„დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში რეალიზებული საქონელი (სამუშაო, მომსახურება) იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით, ხოლო ამ ქვეყნებში წარმოებული და საქართველოში შემოტანილი საქონელი დამატებული ღირებულების გადასახადით საბაჟო ორგანოების მიერ არ დაიბეგრება.

2. მე-3 თავის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „მე-17 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში“ შეიცვალოს სიტყვებით „მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში“

3. მე-4 თავის მე-12 პუნქტის მე-10 აბზაცი გადმოიცა ახალი რედაქციით:

„რძისა და რძის პროდუქტებზე დასაბეგრი თანხის განსაზღვრისას, ამ თანხიდან გამოირიცხება მათ დასამზადებლად გამოყენებული რძის ფხვნილის ღირებულება.“

4. მე-5 თავის მე-17 პუნქტი გადმოიცემა შემდეგი რედაქციით:

„17 დამატებული ღირებულების გადასახადისაგან თავისუფლდება:

ა) საქონელი და მომსახურება, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის. აღნიშნული შეღავათი გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ იგი გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომლის მონაწილეც საქართველოა;

ბ) ბინის ქირა;

გ) სახელწმიფო საწარმოთა ბაზაზე შექმნილი საიჯარო საწარმოთა საიჯარო გადასახადი;

დ) კონფისკებულ, უპატრონო ფასეულობათა, სახელწმიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობის უფლებით გადასულ ფასეულობათა, განძეულობისა და შესყიდული ფასეულობების რეალიზაცია, რომლის ღირებულება ჩაირიცხება ბიუჯეტში;

ე) სახელწმიფო რეგულირებადი ფასებითა და ტარიფებით საქალაქო და შიდარაიონული მარშუტები სახელწმიფო სამგზავრო ტრანსპორტით (გარდა ტაქსის) მგზავრთა გადაყვანა;

ვ) რძის ფხვნილი, (კანონის მიღებიდან - 20 თებერვლიდან 6 თვის განმავლობაში), ბავშვთა კვების პროდუქტები, ხორბალი, განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასკოლო სახელმძღვანელოები და რვეულები;

ზ) დაზღვევისა და გადაზღვევის ოპერაციები;

თ) შემდეგი სახის ფინანსური მომსახურება;

სესხის გაცემა-გადაცემა;

ოპერაციები, რომლებიც ეხება ფულად ანაბრებს, ანგარიშსწორების, მიმდინარე და სხვა ანგარიშებს;

გადახდის კანონიერი საშუალებების - ვალუტის, ფულის, ბანკნოტის (გარდა ნუმიზმატური მიზნით გამოყენებულისა), აგრეთვე ფასიანი ქაღალდების (აქცია, ობლიგაცია, სერთიფიკატი, თამასუქი და სხვა) მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები, გარდა საბროკერო და სხვა საშუამავლო მომსახურებისა, ასევე აღნიშნული გადახდის საშუალებებისა და ქაღალდების დამზადებისა და შენახვის ოპერაციებისა, რომლებზეც გადაიხდება გადასახადი;

ი) საფოსტო მარკები (გარდა საკოლექციო);

კ) წრეებში, სექციებში, სტუდიებში ბავშვებისა და მოზარდების სწავლების გადასახდელი, აგრეთვე სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა შენახვისა და ავადმყოფების, ინვალიდთა და ღრმად მოხუცებულთა მოვლასთან დაკავშირებული მომსახურება;

ლ) დაკრძალვისა და საფლავის მოწყობასთან დაკავშირებული მომსახურება ძეგლებისა და საფლავის ქვების დამზადების ჩათვლით;

მ) სამკურნალწამლო საშუალებების ექვსი დასახელება - ცეტოფაქსიმი ინექციისათვის, ინსულინი ინექციისათვის, ციკლოფოსფამიდი ინექციისათვის, გლიბენკლამიდის, კარბამაზეპისა და ნიპედიპინის აბები; ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების საფასური;

ნ) საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმი, სამედიცინო ტექნიკა, ტექნიკური საშუალებები (ავტომოტოტრანსპორტის ჩათვლით), რომლებიც გამოიყენება ინვალიდების პროფილაქტიკისათვის და ინვალიდების რეაბილიტაციისათვის;

ო) საქონლის რეექსპორტი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას რეექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე გადაიხდევინება დამატებული ღირებულების გადასახადი, ხოლო საქართველოს ტერიტორიიდან აღნიშნული საქონლის დსთ ფარგლებს გარეთ, გატანისას გადამხდელს უბრუნდება საქონლის შემოტანისას გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხა ფაქტიურად გატანილი საქონლის რაოდენობის მიხედვით;

პ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გამავალი საქონელი;

ჟ) საქართველოს იურიდიული და ფიზიკური პირების კუთვნილი ქონების რეიმპორტი, რომლებიც განკუთვნილი იყო უცხოეთში საქმიანობის უზრუნველსაყოფად;

რ0 იმპორტული საქონელი საბაჟოს საწყობებში მოთავსებისას, მათი დაბეგვრა ხდება დადგენილი წესით ამ საქონლის საწყობებიდან მიმოქცევაში გაშვებისას, ხოლო სხვა საბაჟო რეჟიმის პირობებში ამ რეჟიმის შესაბამისად;

ს) ეროვნული და უცხოური ვალუტის, ბანკნოტების, რომლებიც გადახდის კანონიერი საშუალებებია, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების (აქცია, ობლიგაცია, სერტიფიკატი, ვექსილი და სხვა) იმპორტი;

ტ) საქართველოს ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი საქონელი;*

უ) სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციისთვის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარებით საქართველოში შემოტანილი საქონელი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული წესით;

ფ) საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების საფასური;

ქ) ძირითადი საშუალებებს, მათი სათადარიგო და მაკომპლექტებელი ნაწილების იმპორტი, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სასაქონლო სისტემის 84-ე და 85-ე თავების შესაბამისად;

ღ) საქართველოს საპატრიარქოს საკუთარი სახსრებით შექმნილ საწარმოებში წარმოებული და რეალიზებული საეკლესიო დანიშნულების შემდეგი სახის საქონელი: სანათლავი ჯვარი, სანთელი, ხატი, წიგნი და კალენდარი;

______________________________________________________________________________

* - საქართველოს ტერიტორიაზე დროებით შემოტანილ საქონლად ითვლება:

სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება საქონლის საერთაშორისო გადაზიდვებისათვის და მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის, უცხოელი იურიდიული და ფიზიკური პირების კუთვნილი პროფესიული მოწყობილობა, რაც აუცილებელია მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევისათვის ან სამუშაოების შესრულებისათვის; გამოფენებზე, ბაზრობებზე სადემონსტრაციო საქონელი, მოწყობილობა და მასალები სამეცნიერო კვლევით და სასწავლო მიზნებისათვის, თუ ისინი რჩება უცხოელი იურიდიული და ფიზიკური პირის საკუთრებაში და შემდგომში ისინი არ გამოიყენება კომერციული მიზნებისათვის. დროებით შემოტანის ვადა როგორც წესი, ორ წელს არ უნდა აღემატებოდეს.

ყ) იმპორტირებული ნავთობპროდუქტები;

აღნიშნული შეღავათი გამოიყენება ნავთობპროდუქტების შემდგომი რეალიზაციისას იგი დაიბეგრება დღგ-ით დადგენილი წესის შესაბამისად.

შ) საქართველოს საპატრიარქოს ნებართვით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა;

 ჩ) საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული და გამოცემული ჟურნალ-გაზეთები.

ამ პუნქტში აღნიშნული შეღავათები ვრცელდება მხოლოდ საქართველოში წარმოებულ და რეალიზებულ საქონელზე (სამუშაოებზე, მომსახურებაზე) და ამ საქონლის იმპორტისას.

18. დამატებული ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ნუსხა ერთიანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.“

5. მე-6 თავის მე-19 პუნქტი გადმოიცემა შემდეგი რედაქციით:

„19. საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) რეალიზაციისას გამოიყენება განაკვეთი 20 პროცენტის ოდენობით;

ხორბლისა და  ჭვავის პურის, ხორბლისა და ჭვავის ფქვილის რეალიზაციისას გამოიყენება განაკვეთი 10 პროცენტის ოდენობით;

საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) დსთ ფარგლებს გარეთ ექსპორტისას, ამ საქონლის  გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებისას, აგრეთვე დსთ ტერიტორიის გავლით უცხოეთის ტვირთის ტრანზიტის მომსახურებისას გამოიყენება ნულოვანი განაკვეთი.

სახელწმიფო რეგულირებადი ფასებით საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) რეალიზაციისას, აგრეთვე ფასებს შორის სხვაობის თანხიდან გადასახადის გადახდისას და მომსახურების რეალიზაციისას რომელთა ღირებულებაში ჩართულია გადასახადი 20 (10) პროცენტის ოდენობით, საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულებიდან გადასახადის თანხის განსაზღვრისათვის გამოიყენება გაანგარიშებითი განაკვეთი 16,67 (9,09) პროცენტი.

დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის მიზნით ექსპორტირებულად ითვლება შემდეგი სახის სამუშაოები და მომსახურება;

ა) საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელების მიერ დამოუკიდებელ სახელწმიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურება (სამუშაო):

- საკონსულტაციო საინფორმაციო და აუდიტორული მომსახურება;

- სამედიცინო მომსახურება;

- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურება და სამუშაო, სამშენებლო-სამონტაჟო და საექსპლუატაციო სამუშაოების ჩათვლით;

- ტვირთის ტრანსპორტირებისას და მგზავრთა გადაყვანის მომსახურება იმ პირობით თუ გაგზავნის პუნქტი და დანიშნულების პუნქტი მდებარეობს დსთ ქვეყნების ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;

- სხვა სახის ანალოგიური მომსახურება (სამუშაო);

ბ) დსთ-ის ქვეყნების ფარგლებს გარეთ საექსპორტო ტვირთების ტრანსპორტირება და მომსახურება, ექსპედირების, ჩატვირთვა-გადატვირთვის მომსახურების ჩათვლით (გარდა მილსადენი ტრანსპორტისა), მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული, იმ პირობით თუ ისინი გაფორმებულია ერთიანი საერთაშორისო გადაზიდვების დოკუმენტებით და სხვა საბუთებით, რომლებიც დადგენილი წესით ადასტურებენ ამ ტვირთების ფაქტობრივად გატანას დსთ ფარგლებს გარეთ.

გ) დსთ-ს ტერიტორიის გავლით უცხოეთის სატრანზიტო ტვირთების ტრანსპორტირება და მომსახურება, ექსპედირება, ჩატვირთვა-გადატვირთვის მომსახურების ჩათვლით, რომლებსაც გასწევენ საქართველოს დღგ-ს გადამხდელები ამ მომსახურების გაწევაზე უცხოელ პარტნიორებთან დადებული პირდაპირი ხელშეკრულებებით.

დ) მომსახურება მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადატანაზე დსთ ფარგლებს გარეთ, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე, იმ პირობით თუ მათზე გაფორმებულია ერთიანი საერთაშორისო გადაყვანის და გადაზიდვის საბუთები.

ე) საერთაშორისო კავშირგაბმულობის მომსახურება (საფოსტო, სატელეფონო, სატელეგრაფო, კოსმოსური და სხვა) რომლის გაწევა ხდება დსთ ქვეყნების ფარგლებს გარეთ. აქედან გამომდინარე დღგ-ით არ დაიბეგრება ამონაგების ის ნაწილი რომელიც მიიღება დსთ-ს ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურების რეალიზაციით. ამასთან დაკავშირებით დღგ-ით დაიბეგრება ამონაგები, რომელიც მიიღება საერთაშორისო კავშირგაბმულობის მომსახურების გაწევიდან იმ თანხების გამოკლებით რაც გაცემულია:

- კავშირგაბმულობის უცხოურ ადმინისტრაციებზე, კავშირგაბმულობის საერთაშორისო ორგანიზაციებზე, კომპანიებზე, მათ შორის კერძო საექსპლუატაციო ორგანიზაციებად აღიარებულზე, კავშირგაბმულობის საერთაშორისო არხების იჯარის და საერთაშორისო საფოსტო მომსახურების განაღდებასთან დაკავშირებით.

- შენატანების სახით კავშირგაბმულობის საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლის წევრიც საქართველოა;

 - კავშირგაბმულობის სხვა საწარმოებზე, იმ შემთხვევებში, როცა კავშირგაბმულობის საერთაშორისო მომსახურების გაწევა ხდება მათთან ერთობლივად.

ვ) გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ექსპორტად ითვლება შემდეგი სახის მომსახურებანი (სამუშაოები) დამოუკიდებლად იმისა, თუ სად ხდება მათი გაწევა დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელების მიერ უცხოელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან დადებული ხელშეკრულებების (ან მათთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტების) შესაბამისად, თუ ეს მომსახურებანი (სამუშაოები) მოიხმარება დსთ წევრი სახელწმიფოების ფარგლებს გარეთ;

- მომსახურება რაც დაკავშირებულია სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე (გამოგონებები, სამრეწველო ნიმუშები, სასარგებლო მოდელები), სასაქონლო ნიმუშებზე, მომსახურების ნიმუშებზე, მოწმობების მიღებასა და შენარჩუნებასთან, აგრეთვე მათი სარგებლობის უფლების გადაცემასთან ან დათმობასთან;

- მოძრავი ქონების მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების იჯარით გადაცემა იმ პირობით, თუ მათი გატანა ხდება დსთ ფარგლებს გარეთ შესაბამისი საბაჟო საბუთების გაფორმებით;

- სამეცნიერო კვლევითი და საცდელ საკონსტრუქტორო სამუშაოები;

ზ) საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრირებულ დღგ-ს გადამხდელების მიერ უცხოელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან (დსთ ქვეყნებს გარდა) დადებული ხელშეკრულებებით (ან მათთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტებით) გაწეული მომსახურება (სამუშაო):

- უცხოეთის ხომალდებისათვის გაწეული მომსახურება (სამუშაო);

- საქართველოს აეროპორტებში, საჰაერო სივრცეში უცხოეთის ხომალდებისათვის გაწეული მომსახურება, მათ შორის სანავიგაციო მომსახურება.

6. მე-8 თავში:

პუნქტი 29 გადმოიცემა შემდეგი რედაქციით:

„29. საწარმოო რესურსებზე მათ შორის ძირითად საშუალებებზე და არამატერიალურ აქტივებზე (სამუშაოებზე, მომსახურებაზე) რომელთა ღირებულება მიეკუთვნება წარმოების (მიმოქცევის) ხარჯებს, გადასახადის ჩათვლა წარმოებს იმ საანგარიშო პერიოდში როცა მოხდება მათი განაღდება ან გადატვირთვიდან (მიღებიდან) 90 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, იმის მიხედვით  თუ რომელი პირობა უფრო ადრე დგება“.

7. 33-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის პირველი აბზაციდან ამოღებული იქნეს სიტყვები „ამ ინსტრუქციის მე-17 პუნქტის „ე-ც“ ქვეპუნქტების შესაბამისად“, ხოლო 33-ე პუნქტის მეორე აბზაცი მთლიანად იქნეს ამოღებული.

8. 34-ე პუნქტის ბოლო აბზაცი გადმოიცემა შემდეგი რედაქციით:

ჩათვლის ან ანაზღაურების ანალოგიური წესი გამოიყენება საქონელზე სამუშაოზე, მომსახურებაზე), რომელზეც დადგენილია ნულოვანი განაკვეთი“.

„ჩათვლის ან ანაზღაურების ანალოგიური წესი გამოიყენება საქონელზე (სამუშაოზე, მომსახურებაზე), რომელზეც დადგენილია ნულოვანი განაკვეთი“.

9. 38-ე პუნქტი გადმოიცემა შემდეგი რედაქციით:

„38. უცხოური ვალუტით საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) რეალიზაციის დროს გადასახადის თანხის განსაზღვრისას უცხოური ვალუტა გადაიანგარიშება საქართველოში ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით.“

10. 39-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. 41-ე პუნქტი გადმოიცემა შემდეგი რედაქციით:

„41. დამატებული ღირებულების გადასახადი ჩაირიცხება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში მისი იმ ნაწილის გამოკლებით, რომელიც დამტკიცებული ნორმატივების მიხედვით გადაირიცხება საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში, გარდა კავშირგაბმულობის, რკინიგზის, საქენერგოსა და საჰაერო ტრანსპორტის საწარმოებისა, საიდანაც დღგ თანხები სრულად ჩაირიცხება ცენტრალურ ბიუჯეტში.“

12. მე-9 თავის 42 პუნქტი გადმოიცემა შემდეგი რედაქციით:

„42. დამატებული ღირებულების გადასახადი გადაიხდება:

ა) ყოველთვიურად საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გასული თვის რეალიზაციის მიხედვით, არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისა - საწარმოების მიერ, რომელთა საშუალო თვიური გადასახდელი აღემატება 500 ლარს.

ბ) ყოველკვარტალურად საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გასული კვარტლის რეალიზაციის მიხედვით არაუგვიანეს საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე - საწარმოების მიერ 500 ლარამდე საშუალო თვიური გადასახდელებით.

საშუალო თვიური გადასახდელები განისაზღვრება გადამხდელების მიერ დამოუკიდებელად ბოლო კვარტლის მონაცემებიდან გამომდინარე.

ინდივიდუალურ მეწარმეების მიერ გადასახადი გადაიხდება (საავანსო გადასახდელების სახით) დეკლარაციაში ნაჩვენები წლის განმავლობაში მოსალოდნელი შემოსავლებიდან გამომდინარე ყოველკვარტალურად წლიური გადასახადის თანხის ერთი მეოთხედის ოდენობით „15 მარტს 15 მაისს 15 აგვისტოს და 15 ნოემბერს“.

13. მე-10 თავის 49-ე პუნქტი გადმოიცემა შემდეგი რედაქციით:

„49. გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება ტვირთის გადაზიდვის, მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვით მიღებული ამონაგები ან მათი შესრულებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაუნაღდებელი თანხები იმის მიხედვით თუ რომელი  პირობა უფრო ადრე დგება“.

14. მე-14 თავი გადმოიცემა ახალი რედაქციით:

„XIV. საგირავნო საქონელზე და ლატარიის ბილეთებზე დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშების თავისებურებანი.

65. საგირავნო ხელშეკრულების დარღვევის შედეგად საქონლის გირაოს მიმღებზე გადაცემისას, საწარმოებში გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება საქონლის ღირებულება. საგირავნო ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გირაოს მიმღების საკუთრებაში გადაცემული საქონელი შემდგომი რეალიზაციისას ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას დადგენილი წესით.

ლატარიის ბილეთების რეალიზაციისას გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება მათი რეალიზაციიდან მიღებულ ამონაგების თანხასა და საპრიზო ფონდში მიმართულ მოგებახვედრილ ბილეთებზე გაცემულ თანხებს შორის სხვაობა 16,67 პროცენტის ოდენობით.

15. მე-15 თავის 66-ე პუნქტის პირველი და მეორე აბზაცი გადმოიცემა შემდეგი რედაქციით:

„66. დამატებული ღირებულების გადასახადის აღრიცხვისათვის გამოიყენება 19 ანგარიში „დამატებული ღირებულების გადასახადი შეძენილ მატერიალურ ფასეულობებზე“ და 68 ანგარიში „ბიუჯეტთან ანგარიშსწორებანი“ ცალკე სუბანგარიშზე „ანგარიშსწორებანი დამატებული ღირებულების გადასახადით“.

19 ანგარიშის „დამატებული ღირებულების გადასახადი შეძენილ მატერიალურ ფასეულობებზე“ დებეტში საწარმოო აღრიცხვას გადასახადის თანხებს შეძენილ მატერიალურ რესურსებზე, 60 – „ანგარისშწორებანი მიმწოდებლებთან და მოიჯარეებთან“, 76 – „ანგარიშსწორებანი სხვადასხვა დებიტორებთან და კრედიტორებთან“ და სხვა ანგარიშების კრედიტთან კორესპოდენციაში.

გადასახადის თანხები, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურების (გამოქვითვას) მატერიალური რესურსების განაღდების ან მათი მიღებიდან 90 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, ჩამოიწერება 19 ანგარიშის კრედიტიდან 68 ანგარიშის დებეტში.

სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოები გადასახადის თანხას მიმწოდებლებისაგან შეძენილ საქონელზე აღრიცხავენ 41 ანგარიშის „საქონელი“ დებეტში და 60,76 და სხვა ანგარიშებთან კორესპოდენციაში.

შეძენილ ძირითად საშუალებებზე და არამატერიალურ აქტივებზე დამატებული ღირებულების გადასახადი აღირიცხება 19 ანგარიშის დებეტში შესაბამის სუბანგარიშებზე „დამატებული ღირებულების გადასახადი კაპიტალური დაბანდების განხორციელებისას“ და „დამატებული ღირებულების გადასახადი შეძენილ არამატერიალურ აქტივებზე“, 60 და 76 ანგარიშების კრედიტთან კორესპოდენციით. შეძენილი ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების ღირებულების განაღდების შემდეგ ან მათი არამატერიალური აქტივების ღირებულების განაღდების შემდეგ ან მათი მიღებიდან 90 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ საწარმოები დამატებული ღირებულების გადასახადის თანხას მიაკუთვნებენ 68 ანგარიშის დებეტს 19 ანგარიშის კრედიტთან კორესპოდენციით.

16. მე-15 თავის 68-ე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ამ ინსტრუქციის მე-17 პუნქტის „ე-ც“ პუნქტების შესაბამისად.“

17. მე-17 თავის 82-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის სიტყვები „თუ მომდევნო საანგარიშო პერიოდის  გაანგარიშებაში არ არის აღნიშნული წინა საანგარიშო პერიოდის გადასახადის თანხის დაზუსტების შესახებ“.

 

საგადასახადო სამსახურის             ფინანსთა მინისტრის მოადგილე

უფროსის მოადგილე                                    გ. ერქომაიშვილი

თ. დვალი