„ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 13 დეკემბრის №134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 13 დეკემბრის №134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 135/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 16/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018553
135/ნ
16/08/2024
ვებგვერდი, 19/08/2024
430030000.22.022.018553
„ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 13 დეკემბრის №134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №135/ნ

2024 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 13 დეკემბრის №134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 13 დეკემბრის №134/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 14/12/2022; სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.018241) პირველი მუხლით დამტკიცებული „ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესის“:

1. პირველი  მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

„ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად ვეტერინარის სერტიფიკატის (შემდგომ – სერტიფიკატი) გაცემის წესსა და  სერტიფიკატის მონაცემებს.

მუხლი 2. სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი

 სერტიფიკატი გაიცემა სერტიფიკატის დანართთან ერთად. 

მუხლი 3. სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილი დაწესებულება

სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ – დაწესებულება), რომელშიც დაასრულა პირმა ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, ან ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამონაცვლე. სერტიფიკატის გაცემაზე (სერტიფიკატის დანართის გარეშე) უფლებამოსილია აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულია უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე ან მას შეწყვეტილი აქვს საგანმანათლებლო საქმიანობა.

მუხლი 4.  სერტიფიკატის მიღებაზე უფლებამოსილი პირი

სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება და დაასრულებს ვეტერინარის  მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.

მუხლი 5. სერტიფიკატის მონაცემები

1. სერტიფიკატი არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დამცავ ნიშნებს:

ა) მთელი ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით, ბადეების სამი სახის ერთდროული გამოყენებით;

ბ) ულტრაიისფერი სხივების ქვეშ  სერტიფიკატის სახიან მხარეზე დასმული ნიშანი (ემბლემა/გერბი),  სერტიფიკატის სერიისა და ინდივიდუალური ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.

2. სერტიფიკატის ფორმაზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს:

ა) დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდებები;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერტიფიკატის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით);

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები – „სემგს“.

3. სერტიფიკატი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და, დაწესებულების გადაწყვეტილებით, რომელიმე უცხოურ ენაზე/ენებზე.

4. სერტიფიკატის სხვადასხვა ენაზე შედგენის მიუხედავად, გამოიყენება ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის ავთენტური ხელმოწერა.

5. სერტიფიკატზე უნდა მიეთითოს:

ა) წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს  სერტიფიკატის ზედა ცენტრალურ ადგილზე;

ბ) დაწესებულების სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით);

გ) დაწესებულების ემბლემა/გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) ,,ვეტერინარის სერტიფიკატი“;

ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  სერტიფიკატის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით);

ვ) პირის მიერ ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების   თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), აგრეთვე, ინფორმაცია გადაწყვეტილების მიმღების თაობაზე, დაწესებულების სახელწოდების მითითებით, თუ აღნიშნული განსხვავდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდებისაგან;

ზ) იმ პირის სახელი და გვარი, რომელმაც დაასრულა ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;

თ) მითითება ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ და კრედიტების რაოდენობა;

ი) დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა, ასევე, ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიმღების სახელი, გვარი და ხელმოწერა, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელს;

კ) ადგილი, სადაც გაიცა  სერტიფიკატი;

ლ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

მ) დაწესებულების ბეჭედი (კერძო სამართლის იურიდიული პირის – დაწესებულების შემთხვევაში – ნებაყოფლობით);

ნ) სერტიფიკატის სარეგისტრაციო ნომერი ვეტერინარის სერტიფიკატებისა და დუბლიკატების ერთიან რეესტრში;

6. ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“, „თ“, „კ“, „ლ“, „ნ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით მიეთითება:

ა) ცენტრის სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით);

ბ) ცენტრის ემბლემა;

გ) ცენტრის ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა;

დ) ცენტრის ბეჭედი.

7. სერტიფიკატი, ამ მუხლით დადგენილი მონაცემების გარდა, შესაძლებელია შეიცავდეს დაწესებულების/ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას/რეკვიზიტს/მონაცემს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი წარმოადგენს დაწესებულების სახელწოდებას სერტიფიკატის გაცემის მომენტში.

მუხლი 6. სერტიფიკატის დუბლიკატი

1. სერტიფიკატის დუბლიკატი (შემდგომ – დუბლიკატი) გაიცემა იმ პირზე, რომლის  სერტიფიკატი აღარ არსებობს ან გახდა გამოსაყენებლად უვარგისი.

2. დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება/ცენტრი.

3. დუბლიკატის შედგენისას ივსება დაწესებულების/ცენტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სერტიფიკატის ფორმა, რომელსაც დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. შტამპი „დუბლიკატი“ დაისმის როგორც ქართულ, ასევე იმ უცხოურ ენაზე, რომელ ენაზეც ივსება დაწესებულების/ცენტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სერტიფიკატის ფორმა.

4. თუ კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით არ დგინდება  სერტიფიკატის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შესაბამისი სრული ინფორმაცია, დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დუბლიკატში ასახოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომლის დადასტურებაც შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. დუბლიკატის რეგისტრაცია ხდება ვეტერინარის სერტიფიკატებისა და დუბლიკატების ერთიან რეესტრში.

მუხლი  7. სერტიფიკატის ფორმის, გაცემული  სერტიფიკატისა და დუბლიკატის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია სერთიფიკატის დამტკიცებული ფორმა ატვირთოს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში  (შემდგომ – სისტემა). დაწესებულება ვალდებულია სერტიფიკატის დამტკიცებული ფორმის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს ცენტრში.

2. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია  სერტიფიკატის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში სისტემაში ატვირთოს  სერტიფიკატის /დუბლიკატის ელექტრონული ასლი, აგრეთვე ასახოს შემდეგი მონაცემები: სერტიფიკატის/დუბლიკატისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია აგრეთვე აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას სისტემაში ასახოს შესაბამისი ცვლილება.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსსა და მიღწეულ შედეგებზე“;

ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) INFORMATION ON THE CONTENTS OF THE EDUCATIONAL PROGRAM AND RESULTS GAINED“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაწესებულებას უფლება აქვს გასცეს სერტიფიკატის დანართი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო რეკვიზიტების გარდა, შესაძლებელია შეიცავდეს დაწესებულების ემბლემას და იმ სერტიფიკატის ნომერს, რომლის დანართსაც ის წარმოადგენს, მაგრამ მან უნდა შეინარჩუნოს სერტიფიკატის დანართის ყველა პუნქტი და დაიცვას თანმიმდევრობა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი