ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ

ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 263
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024658
263
14/08/2024
ვებგვერდი, 15/08/2024
240110000.10.003.024658
ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №263

2024 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის 33 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული კომპეტენციები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული კომპეტენციები

1. „ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული კომპეტენციები“ ადგენს ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის სპეციალობის შინაარსს, ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის ზოგადი ცოდნის (სავალდებულო დისციპლინები) ფარგლებს, დაავადებებისა და მდგომარეობების ჩამონათვალს, ასევე იმ  პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელთა გამოყენება ნებადართულია პროფესიული კომპეტენციებით განსაზღვრული დაავადებების/მდგომარეობების მართვისას.

2. „ვეტერინარის პროფესიული კომპეტენცია“ (დანართი №1)  განსაზღვრავს ვეტერინარული მედიცინის, როგორც სპეციალობის შინაარსს, ვეტერინარის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო კომპეტენციებს – ზოგად ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ვეტერინარული კონტროლის, სამკურნალო-პროფილაქტიკური საქმიანობისა და სავეტერინარო ფარმაციის მიმართულებით.

3. „ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული კომპეტენცია“ (დანართი №2) განსაზღვრავს, როგორც ვეტერინარი ტექნიკოსის საჭირო კომპეტენციებს, ვეტერინარულ პრაქტიკაში მონაწილეობისთვის, ასევე იმ ქმედებებს, რომელთა განხორციელების უფლებამოსილებაც ვეტერინარ ტექნიკოსს არ გააჩნია.

 

დანართი №1

ვეტერინარის პროფესიული კომპეტენცია

1. სპეციალობის დასახელება – ვეტერინარი.

2. სპეციალობის შინაარსი –  დარგი, რომელიც მოიცავს:

ა) ცხოველის ორგანიზმში მიმდინარე ნორმალურ და პათოლოგიურ პროცესებს, ცხოველთა დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებს;

ბ) ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) მდგომარეობის, მათ შორის, ცხოველთა ინფექციური, გადამდები და არაგადამდები დაავადებების მართვისა და ცხოველთა კეთილდღეობის დაცვისკენ;

გ) ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ცხოველური წარმოშობის სურსათის კონტროლისა და ვეტერინარული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისკენ;

დ) სავეტერინარო ფარმაციას.

3. ზოგადი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები

ა) ვეტერინარული კონტროლი:

ა.ა) საკლავი ცხოველების ზოგადი დახასიათება. საკლავი ცხოველების ტრანსპორტირება, ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებული მოთხოვნები (მათ შორის, ცხოველთა გაბრუებისა და დაკვლის მეთოდები); საკლავი ცხოველების მიღება და სასურსათო ჯაჭვის შესახებ ინფორმაციის შემოწმება, დაკვლისწინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარული შემოწმება, ტანხორცისა და სუბპროდუქტების ვარგისიანობის განსაზღვრა და ტანხორცის ნიშანდება, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების კატეგორიზაცია და განკარგვა, ნიმუშების აღება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების პროცედურებზე დაფუძნებული  პროგრამებისა და კარგი ჰიგიენის პრაქტიკის აუდიტი, სამუშაო დოკუმენტაციის წარმოება;

ა.ბ) დაავადებები და სხვა მდგომარეობა, რომლის დროსაც ცხოველი არ დაიშვება დასაკლავად; დაავადებული ცხოველების დაკვლის წესები; ცხოველების დაკვლისა და გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიური სქემები;

ა.გ) მოთხოვნები სასაკლაოების, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების მიმართ;

ა.დ) ცხოველური წარმოშობის სურსათისა და ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების ჯანმრთელობის წესებთან დაკავშირებით;

ა.ე) ხორცი, მისი კვებითი და ბიოლოგიური მნიშვნელობა. სხვადასხვა სახის ცხოველის ხორცის მორფოლოგია, ქიმიური შემადგენლობა და ფიზიკურ-ქიმიური თვისებები. ხორცის სახეობის განსაზღვრის მეთოდები. ცვლილებები ხორცში დაკვლის შემდგომ. ხორცის მომწიფება და მისი არსი;

ა.ვ) თევზის ხორცის მორფოლოგია და ქიმია, თავისებურებანი. თევზის, რძის, რძის წველის, კვერცხის, თაფლის ჰიგიენა;

ა.ზ) პირველადი წარმოებისა (სასურსათო დანიშნულების ცხოველების ფერმები და საბეწვე ცხოველების ფერმები) და ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების (ვეტერინარულ-სამკურნალო (კლინიკა), ვეტერინარული პრეპარატების საწარმო, აფთიაქი, ზოომაღაზია, ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტი,  ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტი, თავშესაფარი და სხვა) საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები და კონტროლი;

ა.თ) პროფილაქტიკური საკარანტინო სადგომისა და საკონტროლო პუნქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და კონტროლი;

ა.ი) ზოოჰიგიენა-ეკოლოგია – გარემოს ფაქტორების გავლენა ორგანიზმზე (ჰაერი, გარემო, ნიადაგი, წყალი, საკვები, სადგომი);

ა.კ) დაკვლის შემდგომი შემოწმების პროცესში ვეტერინარი ტექნიკოსის მუშაობის რეგულარული კონტროლი;

ბ) სამკურნალო-პროფილაქტიკური საქმიანობა:

ბ.ა) ეპიზოოტოლოგია-ეპიდემიოლოგია:

ბ.ა.ა) ყველა ან რამდენიმე სახის ცხოველისთვის საერთო დაავადებები, მათ შორის, დერმატომიკოზები, სტაქიბოტრიოტოქსიკოზი, მცოხნავ ცხოველთა, თევზის, ფუტკრის, ღორის, ცხენის, ფრინველის, ბოცვრის,  მოზარდისა და ახალშობილთა დაავადებები, შინაური ბინადარი ცხოველებისა და საბეწვე ცხოველების დაავადებები;

ბ.ა.ბ) ინფექციური და ეპიზოოტიურ-ეპიდემიოლოგიური პროცესები, მათ მიერ მიყენებული ეკონომიკური ზარალი;

ბ.ა.გ) ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტიკის მეთოდები, პროფილაქტიკა, მკურნალობა, აღმოფხვრისა და კონტროლის ღონისძიებები;

ბ.ა.დ) ვაქცინებისა და შრატების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების, მათ შორის, პირადი უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის, წესები;

ბ.ბ) პარაზიტოლოგია:

ბ.ბ.ა) ცხოველთა პარაზიტოცენოზი მეცხოველეობის ფერმებში. მეცხოველეობისადმი ინვაზიურ დაავადებათა მიერ მიყენებული ეკონომიკური ზარალი, ინვაზიური დაავადებების პროფილაქტიკა და დიაგნოსტიკა;

ბ.ბ.ბ) სასურსათო დანიშნულების ცხოველთა ფასციოლოზი, ცისტიცერკოზი, დიკროცელიოზები, პარამფისტომოზი, დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები;

ბ.ბ.გ) ცხოველთა ექინოკოკოზი, ცენუროზი, მცოხნავთა მონიეზიოზი, ცხოველთა ასკარიდატოზები, მცოხნავთა დიქტიოკაულოზი, ქათმის სინგამოზი, ღორების მაკრაკანთარინქოზი.  დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები;

ბ.ბ.დ) პროტოზოულ დაავადებათა დიაგნოსტიკა, ცხოველთა პიროპლაზმიდოზები, ცხოველთა კოქციდიოზები, მსხვილფეხა ტრიქომონოზი. დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები;

ბ.ბ.ე) ixodidae-ის ოჯახის ტკიპები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები, argasidae-ის ოჯახის ტკიპები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები. ქავანებით გამოწვეული დაავადებები;

ბ.ბ.ვ) მსხვილფეხა საქონლის ჰიპოდერმატოზი, ცხვრის ესტროზი, მწერები – დაავადების აღმძვრელები და გადამტანები. ცხოველთა ენტომოზებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები;

ბ.გ) თერაპია და კლინიკური დიაგნოსტიკა:

ბ.გ.ა) ცხოველთა შინაგანი არაგადამდები დაავადებების ზოგადი პროფილაქტიკა და თერაპია; ფიზიოთერაპიისა და ფიზიოპროფილაქტიკის მეთოდები და საშუალებები შინაგანი პათოლოგიის დროს. თერაპიული ტექნიკა;

ბ.გ.ბ) გულსისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი და საშარდე სისტემების დავადებების, სისხლისა და ნერვული სისტემების დაავადებების, საკვებისმიერი ინტოქსიკაციების, ნივთიერებათა ცვლისა და ენდოკრინული დაავადებების პათოლოგია, დიაგნოსტიკა, თერაპია და პროფილაქტიკა;

ბ.გ.გ) მოზარდის არაგადამდები დაავადებების თავისებურებანი. ფრინველის არაგადამდები დაავადებები. საბეწვე ცხოველის არაგადამდები დაავადებები;

ბ.გ.დ) ვეტერინარული რეცეპტის გამოწერა;

ბ.დ) პათოლოგიური ანატომია:

ბ.დ.ა) განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების პათოლოგიურ-ანატომიური დიაგნოსტიკა;

ბ.დ.ბ) სიკვდილი და სიკვდილის შემდგომი ცვლილებების დიაგნოსტიკური და სასამართლო-ვეტერინარული ექსპერტიზა;

ბ.დ.გ) ლეშის გაკვეთისა და განკარგვის მეთოდები;

ბ.დ.დ) ბაქტერიული, ვირუსული, მიკოზური დაავადებებისა და მოწამვლების დროს პათოლოგიური მასალის აღებისა და ლაბორატორიაში გადაგზავნის წესები. პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთის დოკუმენტაცია (გაკვეთის ოქმისა და აქტების შედგენის წესები), გაკვეთის ორგანიზაცია, პირადი უსაფრთხოება და გარემოს  დაცვა;

ბ.დ.ე) სასამართლო-ვეტერინარული ექსპერტიზა და მისი ჩატარების თავისებურებანი;

ბ.ე) მეანობა-გინეკოლოგია და გამრავლების ბიოტექნოლოგია:

ბ.ე.ა) სქესობრივი ციკლი, მისი მნიშვნელობა ცხოველთა აღწარმოების საქმეში. ხელოვნური დათესვლის ორგანიზაცია. განაყოფიერება. მსხვილფეხა საქონელში ზიგოტის ტრანსპლანტაციის თანამედროვე მეთოდები;

ბ.ე.ბ) მშობიარობის შემდგომი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის  მეთოდები;

ბ.ე.გ) მშობიარობის შემდგომი პარეზი, მომყოლის შეჩერება, საკვერცხეების დაავადებები, ენდომეტრიტები;

ბ.ე.დ) უნაყოფობა და ბერწიანობა, მათ საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება. აბორტები და მათი თავიდან აცილების ღონისძიებები. სარძევე ჯირკვლისა და სასქესო ორგანოების დაავადებები. აგალაქტია, სეროზული და კატარული მასტიტი, მათი დიაგნოსტიკა და მკურნლობის თანამედროვე მეთოდები;

ბ.ვ) ქირურგია:

ბ.ვ.ა) ქირურგიული ინფექციის პროფილაქტიკა;

ბ.ვ.ბ) სისხლდენის შეჩერების მეთოდები;

ბ.ვ.გ) ორხიდექტომია და ოვარიექტომია;

ბ.ვ.დ) რუმენოცენზი და რუმენოტომია;

ბ.ვ.ე) თიაქრების ოპერაციული მკურნალობა;

ბ.ვ.ვ) მოტეხილობების ოპერაციული მკურნალობა;

ბ.ზ) ვეტერინარული საქმის ორგანიზაცია და ეკონომიკა:

ბ.ზ.ა) სავეტერინარო და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა;

ბ.ზ.ბ) ვეტერინარული აღრიცხვა და ანგარიშგება;

ბ.ზ.გ) დაგეგმვა ვეტერინარიაში;

ბ.ზ.დ) ფასწარმოქმნა ვეტერინარულ ბიზნესსფეროში;

ბ.ზ.ე) ვეტერინარული ბიზნესის ბაზრის შესწავლა;

ბ.ზ.ვ) ვეტერინარული ბიზნესის რეკლამა;

ბ.ზ.ზ) ვეტერინარული საქმიანობის სერტიფიცირება;

ბ.ზ.თ) ეკონომიკური ზარალის დადგენის მეთოდი;

ბ.თ)  ვეტერინარული საქმიანობის სტატისტიკური აღრიცხვა;

გ) სავეტერინარო ფარმაცია:

გ.ა) ფარმაკოლოგია:

გ.ა.ა) ვეტერინარული პრეპარატების ძირითადი ჯგუფების მიმოხილვა;

გ.ა.ბ) ახალი ვეტერინარული პრეპარატები;

გ.ა.გ) წამლების შეუთავსებლობა;

გ.ა.დ) ბიოლოგიური პრეპარატების წარმოება. მათი შენახვის, რეალიზაციისა და გამოყენების წესები;

გ.ა.ე) სადეზინფექციო და სადეზინვაზიო საშუალებების გამოყენება, მათი ეკოლოგიური მნიშვნელობა;

გ.ა.ვ) ვიტამინები, პრემიქსები, სხვა საკვები დანამატები, მათი გამოყენება;

გ.ბ) ფარმაკოთერაპია:

გ.ბ.ა) ძირითადი არაგადამდები დაავადებები, მათი მკურნალობა და პროფილაქტიკა;

გ.ბ.ბ) ინფექციური დაავადებები, კლასიფიკაცია (მიკრობული, ვირუსული), მათი სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალებები და გამოყენების თავისებურებანი;

გ.ბ.გ) ინვაზიური დაავადებები, მათი კლასიფიკაცია, სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალებები და ღონისძიებები;

გ.გ) წამალთფორმათა ტექნოლოგია:

გ.გ.ა) წამალთფორმებში გამოყენებული დამხმარე ნივთიერებანი, მათი ბუნება, მნიშვნელობა, ბიოფარმაციის საკითხები;

გ.გ.ბ) მყარი ვეტერინარული პრეპარატების ფორმები, ფხვნილები, მომზადების წესები. მომზადების განსაკუთრებული შემთხვევები;

გ.გ.გ) სითხოვანი წამლის ფორმები, კლასიფიკაცია, მომზადების წესები (ჭეშმარიტი ხსნარები, სუსპენზიები, ემულსიები, გამონაწველი, მონახარშები). სტანდარტული ხსნარები;

გ.გ.დ) წამლის რბილი ფორმები (მალამოები, აბები, სუბპოზიტორები), მათი მომზადების ტექნოლოგიური სტადიები. გამოყენებული ფუძეები;

გ.გ.ე) ქარხნული წესით მოსამზადებელი წამლის ფორმები (ტაბლეტები, დრაჟეები, კაფსულები, ამპულები და სხვა) და მომზადებული წამლის ხარისხის კონტროლი;

გ.გ.ვ) შეუთავსებელი საკითხები წამალთფორმებში;

გ.დ) ფარმაციის ორგანიზაცია და ეკონომიკა:

გ.დ.ა) აფთიაქი, მისი ფუნქციები და ამოცანები, გახსნის წესი და მუშაობის პრინციპები;

გ.დ.ბ) წამლის მომზადებისა და მომზადებული წამლის ხარისხის კონტროლი აფთიაქებში;

გ.დ.გ) ვეტერინარული პრეპარატებისა და ვეტერინარული დანიშნულებების საგნებისა და აქსესუარების შენახვისა და აფთიაქიდან მათი გაცემის წესები;

გ.დ.დ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია;

გ.ე) ტოქსიკოლოგია:

გ.ე.ა) ცნება შხამების შესახებ, შხამების კლასიფიკაცია;

გ.ე.ბ) მოწამვლები, მათი კლასიფიკაცია;

გ.ე.გ) მოწამვლის დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის ზოგადი პრინციპები;

გ.ე.დ) შხამქიმიკატების მიღების, ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების ზოგადი დებულებები;

გ.ე.ე) პესტიციდების კლასიფიკაცია;

გ.ე.ვ) შხამქიმიკატების შემოტანის, რეგისტრაციის, საბითუმო და საცალო რეალიზაციის პრინციპები;

გ.ვ) ვეტერინარულ პრეპარატებთან დაკავშირებული კანონმდებლობა:

გ.ვ.ა) ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია;

გ.ვ.ბ) ფარმაკოზედამხედველობა.

 

დანართი №2

ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული კომპეტენცია

1. ვეტერინარი ტექნიკოსი მონაწილეობს ვეტერინარულ პრაქტიკაში, ვეტერინარის ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით.

2. ვეტერინარი ტექნიკოსი უფლებამოსილია, განახორციელოს სახელმწიფო ვეტერინარის ექიმის უფლებამოსილებები სასაკლაოზე სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ, გარდა ამ დანართის  მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. შემოწმებისას ვეტერინარი ტექნიკოსი აგროვებს მხოლოდ ინფორმაციას „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობისა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპებზე  შემუშავებული პროცედურების შესახებ.  

4.  სახელმწიფო ვეტერინარს ვეტერინარი ტექნიკოსი პრაქტიკული ამოცანების შესრულებაში დახმარებას უწევს:

ა) დაკვლისწინა შემოწმებისას;

ბ) ცხოველის კეთილდღეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას.

5. ვეტერინარ ტექნიკოსს არ აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს დაკვლის შემდგომი შემოწმება:

ა) თუ მოხდა ცხოველის გადაუდებელი დაკვლა სასაკლაოს გარეთ;

ბ) თუ არსებობს ეჭვი, რომ დასაკლავად განკუთვნილი ცხოველი იყო დაავადებული ან ცხოველი იყო ისეთ მდგომარეობაში, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე;

გ) თუ დადგენილია, რომ დასაკლავად განკუთვნილი მსხვილფეხა საქონელი არის იმ ნახირიდან, რომელშიც დაფიქსირდა ტუბერკულოზი;

დ) თუ დადგენილია, რომ დასაკლავად განკუთვნილი მსხვილფეხა საქონელი, ცხვარი ან თხა არის იმ ნახირიდან, ფარიდან, რომელშიც დაფიქსირდა ბრუცელოზი;

ე) თუ დასაკლავად განკუთვნილი ცხოველი დაავადებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ დაავადებების ნუსხაში შეტანილი დაავადებებით.

6. ვეტერინარული მომსახურების გაწევისას ვეტერინარ ტექნიკოსს ასევე ეკრძალება:

ა) ცხოველების დამოუკიდებლად დიაგნოსტიკა და მკურნალობისა და დიაგნოსტიკური პროცედურების დანიშვნა;

ბ) სამკურნალო ან დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარება საკუთარი ინიციატივით;

გ) რეცეპტის გამოწერა და ცხოველის მფლობელზე პირდაპირ სამკურნალო საშუალებების გაცემა (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა);

დ) ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ცხოველური პროდუქტების უვნებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა.

7.  ვეტერინარი ტექნიკოსი აღწერს ცხოველთა გენეტიკურ, ბიოქიმიურ, მორფო-ფიზიოლოგიურ, ქცევით და სხვა სახის ბიოლოგიურ თავისებურებებს და სასიცოცხლო პროცესების რეგულაციის მექანიზმებს.

8. ვეტერინარი ტექნიკოსი აღწერს ცხოველის ტიპურ პათოლოგიურ პროცესებს, მათ ეტიოლოგიას, პათოგენეზს, გამოვლინების ფორმებსა და სპეციფიკას, კომპენსატორულ მექანიზმებს.

9. ვეტერინარი ტექნიკოსი განსაზღვრავს ცხოველის ფიქსაციის,  კლინიკური გამოკვლევის ფიზიკალურ, ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ მეთოდებს, სხვადასხვა სისტემის დაავადებების სიმპტომატიკას, დიაგნოსტირებასა და პრაქტიკული მანიპულაციების ჩატარების წესებს.