კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესის განსაზღვრის შესახებ

კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34/2024
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016748
34/2024
16/08/2024
ვებგვერდი, 19/08/2024
010190020.15.008.016748
კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №34/2024

2024 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
1. არჩევნებში მონაწილე პარტიამ პარტიული სია შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. პარტიულ სიას თან უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ. განაცხადში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) და განაცხადის შევსების თარიღთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი იმ პარტიის წევრია რომელი პარტიული სიითაცაა წარდგენილი ან არის უპარტიო ან თუ დატოვა პარტია პარტიული სიის/კანდიდატის რეგისტაციის შესახებ განცხადების წარმოდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში ვალდებულია მიუთითოს პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და ამ პარტიის სახელწოდება. თუ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია, განაცხადში მიეთითება პარტიის სახელწოდება. განაცხადის ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.

2. ამ დადგენილებით განსაზღვრული პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადის წარუდგენლობის ან განაცხადის პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებულ მონაცემებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და მას 3 დღე ეძლევა სიისა და საბუთების სრულყოფისათვის.

3. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს (თუ ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების შესახებ იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). თუ პარტიული სიის იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არც პარტიული სია და არც პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება და შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზემოაღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). 

მუხლი 2
1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატის/თვითმმართველი ქალაქის /თვითმმართველის თემის მერის წარდგენის მიზნით შესაბამისმა პარტიამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ. განაცხადში, ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ფორმით, მიეთითება ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.

2. ამ დადგენილებით განსაზღვრული პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადის წარუდგენლობის ან განაცხადის თანდართულ საბუთებში არსებულ მონაცემებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და მას 3 დღის ვადა ეძლევა საბუთების სრულყოფისათვის.

3. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს/თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში, იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

მუხლი 3
საქართველოს პარლამენტის წევრობის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის/თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, თუ აღმოჩნდა, რომ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია ან დარღვეულია ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები.
მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი