საქართველოში ხანძრებისა და მათი შედეგების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის დოკუმენტაციის დამტკიცების შესახებ

საქართველოში ხანძრებისა და მათი შედეგების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის დოკუმენტაციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 773
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/09/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 15/10/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000370.01(2).000.000143
773
19/09/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 15/10/1996
000000370.01(2).000.000143
საქართველოში ხანძრებისა და მათი შედეგების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის დოკუმენტაციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება 773

1996 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში ხანძრებისა და მათი შედეგების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის დოკუმენტაციის დამტკიცების შესახებ

საქართველოში ხანძრებისა და მათი შედეგების სტატისტიკური აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სისტემის მოწესრიგების და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 7 დეკემბრის „საქართველოს რესპუბლიკის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორგანიზაციის სრულყოფის შესახებ“ დადგენილების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს და 1997 წლის 1 იანვრიდან შევიდეს ძალაში.

1.1. საქართველოში ხანძრების და მათი შედეგების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის ინსტრუქცია (დანართი 1);

1.2. ხანძრის აღრიცხვის ბარათი (დანართი 2);

1.3. ხანძრის აღრიცხვის ბარათის შევსების ინსტრუქცია (დანართი 3).

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარმა სამმართველომ, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების შს მინისტრებმა, ქ. თბილისის შსმს უფროსმა, სამხარეო შს მთავარი სამმართველოების (სამმართველოების) უფროსებმა, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის რაზმების უფროსებმა:

2.1. ორგანიზაცია გაუწიონ შინაგან საქმეთა ორგანოების ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის მიერ თანდართული ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის შესწავლას;

2.2 უზრუნველყონ ხანძრის აღრიცხვის ბარათის შევსების ინსტრუქციის, ხანძრის აღრიცხვის ბარათის და ხანძრების და მათი შედეგების ანგარიშის ბლანკების საჭირო რაოდენობით დამზადება.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის შსს 1992 წლის 16 ნოემბრის №655 ბრძანება.

მინისტრი

პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი                                         კ. თარგამაძე

 

 

 

საქართველოში ხანძრებისა და მათი შედეგების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

 

I. ზოგადი დებულებანი

1.1. წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 7 დეკემბრის № 845 დადგენილების „საქართველოს რესპუბლიკის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორგანიზაციის სრულყოფის შესახებ” თანახმად და ადგენს საქართველოში ხანძრებისა და მათი შედეგების სტატისტიკური აღრიცხვის ერთიან წესს.

1.2. ინსტრუქცია სავალდებულოა გამოსაყენებლად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ორგანოს, ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, აგრეთვე გაერთიანებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-უფლებრივი და საკუთრების ფორმებისა, ფიზიკურ პირთათვის, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას იურიდიული პირის შექმნის გარეშე.

 

II. ძირითადი ცნებები

2.1. ხანძარი (გამოიყენება ხანძრისა და მისი შედეგების აღრიცხვისას) - არის სპეციალურად დანიშნული ადგილის გარეშე არაკონტროლირებადი წვა, რომელიც მოსდევს სოციალური და (ან) მატერიალური ზარალი.

2.1.1. აღრიცხვას ექვემდებარება ყველა ხანძარი, მათი წარმოშობა, ადგილისა და შედეგების მიუხედავად.

2.1.2. აღრიცხვას არ ექვემდებარება:

- წვის შემთხვევები, განპირობებული ტექნოლოგიური პროცესების სპეციფიკით (რომელიც ჩადებულია ტექნოლოგიურ რეგლამენტში ან სხვა ტექნიკურ დოკუმენტაციაში) ან სამრეწველო დანადგარებისა და აგრეგატების მუშაობის პირობებით;

- წვის შემთხვევები, როგორც საგნების დამუშავების, ხარისხობრივი თვისებების შეცვლის მიზნით მათზე ცეცხლის, სითბური ან სხვა თერმული ზემოქმედების შედეგი

(შრობა, ხარშვა, დაუთოება, წვა, დნობა და სხვა);

- აფეთქებები, აალებები, ელექტროსტატიკური განმუხტვები;

- ელექტროქსელში, ელექტრომოწყობილობებში, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ელექტროხელსაწყოებში მოკლე ჩართვის შემთხვევები;

- ნარჩენების და ნაგვის წვა ღია ტერიტორიებზე (ნაგავსაყრელებზე), კონტეინერების მოედნებზე, სახლის მფლობელთა ღია ტერიტორიებზე, გზის ნაპირებზე, უკაცრიელ ადგილებზე და ა.შ.), აგრეთვე გაზონებზე გამხმარი ბალახის და ნაწევრალის ნარჩენების და ნამკალის წვა;

- თვითდაწვის გზით თვითმკვლელობების მცდელობები და თვითმკვლელობები, რომლებსაც არ მოჰყოლია სხვა ადამიანთა დაღუპვა ან ტრავმირება;

- ხანძრები, მომხდარი საერთაშორისო ორგანიზაციების, უცხო ქვეყნებს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საკუთრებაში მყოფ ობიექტებზე, მიუხედავად შედეგების, გარდა შემთხვევებისა, როდესაც მათ მიერ მიყენებული იქნა მატერიალური ზარალი ან სხვა შედეგები საქართველოს იურიდიულ და (ან) ფიზიკურ პირთათვის.

2.1.3. წინამდებარე ინსტრუქციის 2.12 პუნქტში ჩამოთვლილი შემთხვევები ექვემდებარება აღრიცხვას, თუ მათ გამოიწვიეს ადამიანთა ტრავმირება, დაღუპვა (გარდა თვითდაწვის გზით თვითმკვლელობების მცდელობებისა და თვითმკვლელობებისა), ან მატერიალურ ფასეულობათა განადგურება, დაზიანება. *

------------------------------------

* განადგურებული მატერიალური ფასეულობანი - მატერიალური ფასეულობანი, რომლებმაც დაკარგეს თავისი ღირებულება და ხარისხი, აღარ შეიძლება მათი დანიშნულებით გამოყენება და შეკეთების შემთხვევაშიც კი ვერ იქნება მოყვანილი იმ მდგომარეობაში, რომ ვარგისი იყოს შემდგომში გამოსაყენებლად.

დაზიანებული მატერიალური ფასეულობანი - მატერიალური ფასეულობანი, რომლებიც აღდგენის (რემონტის) გზით შეიძლება იქნენ მოყვანილი ამ მდგომარეობაში, რომ შეიძლებოდეს მათი გამოყენება დანიშნულებისამებრ.

2.2. ხანძრზე დაზარალებულად ითვლება პირი, რომელიც დაიღუპა ან ტრავმირებული იქნა ხანძარზე.

ხანძარზე დაღუპულად ითვლება პირი, რომელიც გარდაიცვლება უშუალოდ ხანძრის ადგილზე, ან სამი თვის (90 დღის) განმავლობაში შემთხვევის დღიდან, ხანძარზე მიღებული სხეულის დაზიანების (ტრავმის)*, ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების** ან ხანძრის საშიში ფაქტორების მეორადი გამოვლინების ** შედეგად.

ხანძარზე ტრავმირებულად ითვლება პირი, რომელმაც მიიღო სხეულის დაზიანება ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედებით, აგრეთვე ხანძრის საშიში ფაქტორების მეორადი გამოვლინების შედეგად.

2.3. ხანძრით გამოწვეული მატერიალური ზარალი - განადგურებულ დაზიანებულ მატერიალურ ფასეულობათა, ხანძრის ქრობის და ლიკვიდაციის შედეგების, მათ შორის ობიექტის აღდგენაზე გაწეული ხარჯების თანხობრივი შეფასება.

 

III. ხანძრების და მათი შედეგების აღრიცხვა

3.1. ხანძრების და მათი შედეგების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვა განსაზღვრულია საქართველოში ხანძრებთან დაკავშირებული მდგომარეობის დამახასიათებელი ძირითადი მაჩვენებლების ფორმირებისათვის და შეიცავს:

- ოფიციალურ სტატისტიკურ აღრიცხვას, რომელსაც აწარმოებს საქართველოს შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური;

- საუწყებო სტატისტიკურ აღრიცხვას, რომელსაც აწარმოებენ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, სხვა იურიდიული პირები საქვეუწყებო ობიექტებზე, რომლის ანგარიშგებას ისინი წარუდგენენ საქართველოს შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მიერ ხანძრების და მისი შედეგების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვა წარედგინება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტს.

---------------------------------

* სხეულის დაზიანება (ტრავმა) - არის ადამიანის ანატომიური მთლიანობის და ორგანოების ფიზიოლოგიური ფუნქციების და ქსოვილების მოშლა.

** ხანძრის საშიშ ფაქტორებს მიეკუთვნება: ალი და ნაპერწკალი, გარემოში ტემპერატურის მომატება, კვამლი, წვის შედეგად გამოყოფილი ტოქსიკური და თერმული დაშლის პროდუქტები, ჟანგბადის კონცენტრაციის დაკლება.

***მეორადი გამოვლინების ხანძრის საშიშ ფაქტორებს მიეკუთვნება: ნამსხვრევები, დამსხვრეული აპარატების, აგრეგატების, დანადგარების და კონსტრუქციების ნაწილები, დამსხვრეული აპარატებიდან და დანადგარებიდან გამოჟონილი რადიაქტიური და ტოქსიკური ნივთიერებები და მასალები, დენგამტარი კონსტრუქციების ნაწილებზე, აპარატებსა და აგრეგატებზე, ძაბვის გადაცემის შედეგად წარმოქმნილი ელექტროდენი; ხანძრის შედეგად წარმოშობილი აფეთქების საშიში ფაქტორები, ცეცხლმაქრობი ნივთიერებები.

3.2. საქართველოში ხანძრების და მათი შედეგების აღრიცხვას აწარმოებენ:

3.2.1. საქართველოს შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური - დასახლებულ პუნქტებსა და ობიექტებზე, რომლებზეც ისინი ახორციელებენ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებებზე *, თუ ხანძარი ამ უკანასკნელზე გაჩნდა მათი მსვლელობის დროს ან დროებით სადგომებზე (მათი აღმოჩენის ადგილას), გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებზეც ხანძრების აღრიცხვას აწარმოებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრანსპორტის მთავარი სამმართველო, აგრეთვე წინამდებარე ინსტრუქციის 3.2.3. პუნქტში აღნიშნული სამინისტროები, უწყებები, ორგანიზაციები.

3.2.2. საქართველოს შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოები, შს სამინისტროს ტრანსპორტის მთავარი სამმართველოს სამსახური - რკინიგზის მოძრავ შემადგენლობებსა და ობიექტებზე, რომლებზეც ის სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ახორციელებს საზედამხედველო ფუნქციებს.

3.2.3. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოს შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან შეთანხმებით ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ახორციელებენ საზედამხედველო ფუნქციებს.

3.3. გაერთიანებები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, აგრეთვე ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას იურიდიულ პირთა წარმოქმნის გარეშე, ვალდებულნი არიან ხანძრის ყველა შემთხვევის შესახებ შეატყობინონ საქართველოს შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მმართველობის ორგანოებსა და ქვედანაყოფებს (თუ სხვა რამ არ არის დადგენილი საქართველოს შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან შეთანხმებით) და მათი მოკვლევის მსვლელობისას წარმოადგინონ აუცილებელი მასალები.

3.4. ხანძრისაგან დაზარალებულთა აღრიცხვა.

3.4.1. ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა აღრიცხვას აწარმოებენ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, წინამდებარე ინსტრუქციის 3.2 პუნქტში აღნიშნული სხვა იურიდიული პირები სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე.

3.4.2. სამედიცინო დაწესებულებები მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარების და საკუთრების ფორმებისა, ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ შეატყობინონ წინამდებარე ინსტრუქციის 3.2 პუნქტში აღნიშნულ ორგანოებს, ქვედანაყოფებს, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოთა პასუხისმგებელ პირებს ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა შესახებ, რომლებმაც მიაკითხეს ან მიყვანილი იქნენ სამედიცინო დახმარებისათვის, აგრეთვე ხანძრის შედეგად მიღებული ტრავმებისაგან დაღუპულთა შესახებ.

3.4.3. სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულნი არიან თანამდებობის პირებს, რომლებიც აწარმოებენ შემოწმებებს (გამოძიებას), მოთხოვნისთანავე მიაწოდონ ხანძარზე სიკვდილის ან ტრავმის ფაქტის დამადასტურებელი საბუთები.

-------------------------------

* სატრანსპორტო საშუალებები - ავტომობილები, მოტოციკლები, მოტოროლერები, მოტოეტლები, საკიდძრავიანი მოპედები, ტრამვაი-ტროლეიბუსები, ტრაქტორები და სხვა თვითმსვლელი მექანიზმები, საზღვაო და სამდინარო გემები, საჰაერო ხომალდები, სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობა, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტი.

3.5. ხანძრის შედეგად გამოწვეული მატერიალური ზარალის აღრიცხვა.

3.5.1. აღრიცხვას ექვემდებარება ხანძრის შედეგად გამოწვეული მატერიალური ზარალი, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა მისი ანაზღაურება.

3.5.2. ხანძრის შედეგად გამოწვეული მატერიალური ზარალის აღრიცხვა წინამდებარე ინსტრუქციის 3.2 პუნქტში აღნიშნულ ორგანიზაციათა და სხვა იურიდიულ პირთა მიერ ხორციელდება გაერთიანებების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების (სადაც მოხდა ხანძარი), საბუღალტრო ანგარიშგების დოკუმენტების, აგრეთვე სადაზღვევო ორგანიზაციების მონაცემების, სასამართლო ორგანოთა გადაწყვეტილებებიდან ამონაწერის და მესაკუთრის პირადი ქონების საბუთების საფუძველზე.

3.5.3. გაერთიანებები, საწარმოები, ორგანიზაციები, დაწესებულებები (რომლის ობიექტებზეც მოხდა ხანძარი), სადაზღვევო ორგანიზაციები, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, ვალდებულნი არიან წინამდებარე ინსტრუქციის 3.2 პუნქტში აღნიშნულ ორგანოებს, ქვედანაყოფებს, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოთა პასუხისმგებელ პირებს წარუდგინონ ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალურ ზარალის განმსაზღვრელი დამადასტურებელი საბუთები.

3.5.4. ხანძრის შედეგად განადგურებული (დაზიანებული) მოქალაქეთა პირადი ქონების მატერიალური ზარალი განისაზღვრება მესაკუთრის მიერ წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე, დაზღვეულ ქონებაზე - დამზღვევი ორგანიზაციების მონაცემების საფუძველზე ზარალის საანგარიშო თანხის მიხედვით, დაზღვევის (ხელახალი დაზღვევის) მომენტში მოქმედი საცალო ფასებიდან გამომდინარე, დარჩენილი შემდგომში გამოყენებისათვის ვარგისი ქონების ღირებულების გამოკლებით, ხოლო აღნიშნული საბუთების უქონლობის შემთხვევაში - საქართველოში შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მიერ დადგენილი წესით.

3.5.5. ხანძრის შედეგად განადგურებული ფასიანი ქაღალდების ან ფულადი ნიშნების მატერიალური ზარალი განისაზღვრება მათი ნომინალური ღირებულების მიხედვით, გარდა ფასიანი ქაღალდებისა, რომლებიც იმყოფება დამზადების სტადიაში (ამ შემთხვევაში მატერიალური ზარალი განისაზღვრება მათი დამზადების თვითღირებულებით).

3.5.5. უცხოური ვალუტისათვის მატერიალური ზარალის მიყენების შემთხვევაში, იგი აღირიცხება საქართველოს ფულად ერთეულებში, საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად - ხანძრის მოხდენის მომენტისათვის.

3.5.6. უცხოეთის საკუთრებისათვის ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი არ აიყვანება აღრიცხვაზე გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ანაზღაურება ხდება საქართველოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ.

 

IV. პასუხისმგებლობა ხანძრების აღრიცხვაზე

4.1. ხანძრების შესახებ მონაცემების დროულად წარმოდგენაზე და მათ უტყუარობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ წინამდებარე ინსტრუქციის 3.2.პუნქტში აღნიშნული სუბიექტების თანამდებობის პირებს, ნახანძრალი ობიექტების მესაკუთრეებს სადაზღვევო ორგანიზაციებს, სამედიცინო დაწესებულებებს.

4.2. წინამდებარე ინსტრუქციის 3.2. პუნქტში აღნიშნული თანამდებობის პირები მიერ საბუთების წარდგენის და (ან) მათში მონაცემების დამახინჯების გამოვლენის შემთხვევაში მათ მიერ მიიღება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად.

4.3. შემოწმების შედეგად გამოვლენილი აღურიცხავი ხანძრების, ხანძრების შესახებ დამახინჯებული მონაცემების ფაქტების დადგენის შემთხვევაში, შეტანილი იქნება დამატებები და შესწორებები, რომლებიც აღირიცხება წინამდებარე ინსტრუქციის თანახმად. ერთდროულად შეიტანება შესწორებები სახელმწიფო ანგარიშგებაში ინ პერიოდისათვის, როდესაც ადგილი ჰქონდა ხანძრის შემთხვევას.