აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით ექსპერტის დანიშვნის თაობაზე

აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით ექსპერტის დანიშვნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/97-24
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 31/07/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2024
სარეგისტრაციო კოდი
2/97-24
31/07/2024
ვებგვერდი, 07/08/2024
აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით ექსპერტის დანიშვნის თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე 2/97-24

საქართველოს სახელით

აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით

ექსპერტის დანიშვნის თაობაზე

2024 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  ზვიად ესებუა

განმცხადებელი   შპს „აპკო“

წარმომადგენელი  თამუნა თაქთაქიშვილი

მოთხოვნა  სს „თბილისის №1 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს“  აქციათა სავალდებულო მიყიდვა

დაინტერესებული პირები (აქციონერები)  შპს „ლადი აუდის“ პარტნიორი ბიჭუნა ლომია, შპს „ლადი აუდის“პარტნიორი ნარგიზა მაქაცარია, რიბერტ არევჯანიანი, ჯემალი გულვერდაშვილი, თამაზ დავითაშვილი, ზურაბი ზარიძე, კარაპეტ კარაპეტიანი, ვალიკო კუსრაშვილი, ირაკლი მაისურაძე, შამილი მიქოიანი, სერგო ნერსესოვი, შალვა ნერსესოვი, ტარიელ საბაძე, ტრისტანი საგანელიძე, აკაკი საზანიშვილი, ზაური საღირაშვილი, დიმიტრი სირაძე, ივანე ტრეგუბოვი, ემზარი ფერაძე, ვაკო ფოლადაშვილი, როსტომი ქუბრიაშვილი, ნოდარი ძულიაშვილი, შოთა წიკლაური, კარლო ჭყოიძის სავარაუდო უფლებამონაცვლე, სტალი ხალათიანი, დავით ხმალაძე, გიორგი ხუციშვილი, როინი ხუციშვილი.

ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ   გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2024 წლის 8 იანვარს შპს „აპკო“-ს წარმომადგენელმა განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სს „თბილისის №1 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ. განმცხადებლის მითითებით, შპს „აპკო“ წარმოადგენს  სს „თბილისის №1 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ხმის უფლების მქონე აქციათა 97.57671%-ის მესაკუთრეს. ვინაიდან, განმცხადებელს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სურვილი აქვს სრულად გამოისყიდოს სს „თბილისის №1 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ სხვა აქციონერთა კუთვნილი აქციები, განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენს მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სს „თბილისის №1 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს“  დარჩენილი აქციონერების აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე.

სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის განჩინებით სს „თბილისის №1 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ აქციონერის შპს „აპკო“-ს განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში. სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის დანიშვნის საკითხის გადასაწყვეტად სასამართლო სხდომა დაინიშნა  2024 წლის 30 ივლისს, 13:00 საათზე.

სასამართლომ აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით განიხილა დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის დანიშვნის საკითხი და მიიჩნია, რომ აქციათა ფასის დადგენა უნდა დაევალოს სსიპ  – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30912-ე მუხლის თანახმად, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით სასამართლო განცხადების მიღებიდან 7 დღის ვადაში ნიშნავს დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას. დამოუკიდებელმა ექსპერტმა ან საბროკერო კომპანიამ უნდა შეადგინოს გამოსყიდვის ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება გამოსყიდვის დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრული აქციათა ფასი. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის შერჩევის დროს სასამართლო უფლებამოსილია გაითვალისწინოს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ, შესთავაზონ სასამართლოს დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს გამოსყიდვის ანგარიშის შედგენა, წყვეტს სასამართლო. მხარეებს უფლება აქვთ, აცილება მისცენ დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას ამ კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილი საფუძვლით.

2024 წლის 30 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, შპს „აპკო“-ს წარმომადგენელმა, თამუნა თაქთაქიშვილმა აქციათა შეფასების მიზნით იშუამდგომლა ექსპერტად სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დანიშვნის თაობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ აქციათა სამართლიანი ფასის დადგენის უზრუნველყოფის მიზნით, აქციათა სამართლიანი ფასის დადგენა უნდა დაევალოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 30912 მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „თბილისის №1 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ (ს/ნ: 209439080) აქციათა სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით დამოუკიდებელ ექსპერტად დაინიშნოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;

2. განემარტოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ აქციათა შემფასებელმა ექსპერტმა უნდა შეადგინოს გამოსყიდვის ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება გამოსყიდვის დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრული აქციათა ფასი;

3. ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტს განემარტოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე;

4. ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტს განემარტოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ექსპერტის უფლებები და მოვალეობები  ექსპერტად დანიშნული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში გამოძახებისთანავე და მისცეს ობიექტური დასკვნა მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტს უფლება აქვს უარი თქვას დასკვნის მიცემაზე, თუ მისთვის გადაცემული მასალები საკმარისი არ არის, ან თუ მას არა აქვს სათანადო ცოდნა დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. ექსპერტი მოვალეა აღნიშნული საფუძვლებით დასკვნის მიცემაზე უარი დაწვრილებით დაასაბუთოს. თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტი გამოარკვევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთ გარემოებებს, რომელთა შესახებაც მას კითხვები არ ჰქონდა დასმული, ექსპერტს უფლება აქვს დასკვნაში მიუთითოს ამ გარემოებებზე. ექსპერტიზასთან დაკავშირებული გარემოებების გამოსარკვევად ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, დაუსვას მხარეებსა და მოწმეებს შეკითხვები, მიიღოს მონაწილეობა მტკიცებულებათა დათვალიერებასა და შემოწმებაში, აგრეთვე სთხოვოს სასამართლოს მისთვის დამატებითი მასალების წარდგენა;

5. მხარეებს ევალებათ ექსპერტის ყველა იმ მითითების შესრულება, რაც აუცილებელია ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისათვის. ამასთან, მხარეებს განემარტოთ, რომ თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ შეასრულებს ექსპერტის მითითებას ან სხვაგვარად შეუშლის ხელს ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად;

6. სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხარჯების ანაზღაურება დაევალოს განმცხადებელს  შპს „აპკო“-ს (ს/ნ: 405471412);

7.  განჩინება გამოქვეყნდეს  სსიპ – საკანონმდებლო მაცნეში;

8. განჩინება ცალკე არ საჩივრდება.

მოსამართლე                                                                                      ზვიად ესებუა