გადახდისუუნარობის საქმის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

გადახდისუუნარობის საქმის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/18143-24
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 05/08/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2024
სარეგისტრაციო კოდი
2/18143-24
05/08/2024
ვებგვერდი, 07/08/2024
გადახდისუუნარობის საქმის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქმე №2/18143-24 / 330210324009688488

 

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

2024 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – არჩილ კოჭლამაზაშვილი


განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – შპს „სქაი ლიზინგი“

წარმომადგენელი – გიორგი ჟამუტაშვილი

მოთხოვნა – გაკოტრების რეჟიმის გახსნა

სასამართლომ გამოარკვია:

2024 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „სქაი ლიზინგის“ წარმომადგენელმა გიორგი ჟამუტაშვილმა შპს „სქაი ლიზინგის“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ შპს „სქაი ლიზინგი“, როგორც მოვალე გადახდისუუნაროა კრედიტორების წინაშე და სწორედ ამ გარემოების გამო მომართა სასამართლოს რათა შპს „სქაი ლიზინგი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად. შპს „სქაი ლიზინგის“ წარმომადგენელი, მის გადახდისუუნარობასთან დაკავშირებით უთითებს შემდეგ გარემოებებზე: კომპანიამ 2013 წელს შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა და rs.ge-ზე მინიჭებული აქვს სტატუსი „უმოქმედო“; 2024 წლის 10 ივნისის მდგომარეობით სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიმართ გააჩნია 135 993.07 ლარის დავალიანება, საიდანაც ძირი თანხა არის 40 871.18 ლარი, ჯარიმა – 8 9801.01 ლარი, ხოლო საურავი – 5320.88 ლარი. მიუხედავად ვალდებულების შესრულების დროის დადგომისა, შპს „სქაი ლიზინგს“ არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა დაფაროს დავალიანება. შპს „სქაი ლიზინგს“ არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება, არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები, მის ანგარიშებს ადევს საგადასახადო ინკასო და რეგისტრირებულია ყადაღა; საწარმოს არ ჰყავს დასაქმებული პირი; საწარმოს მიმართ არ მიმდინარეობს სხვა გადახდისუუნარობის საქმე; სასამართლოში მის მიმართ ან მის მიერ არ მიმდინარეობს დავა.

2024 წლის 24 ივლისის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და განჩინებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა;

განმცხადებელმა კანონით დადგენილ ვადაში წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „სქაი ლიზინგის“ წარმოამდგენელს უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ, განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „სქაი ლიზინგს“ აქვს საბიუჯეტო დავალიანება და ჰყავს ერთი კრედიტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური, განცხადებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ შპს „სქაი ლიზინგის“ წარმომადგენელმა შეატყობინა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომ ფინანსური სიძნელეების გამო შპს „სქაი ლიზინგი“ გადახდისუუნარობის წინაშე აღმოჩნდა, რის გამოც აპირებდა სასამართლოში შპს „სქაი ლიზინგის“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით განცხადების წარდგენას.

 „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

 1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით ორგანიზაციის ანგარიშებს ადევს ინკასო და რეგისტრირებულია ყადაღა. ამასთან, განცხადების შეტანის დროისთვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში კომპანია თავისი ქონებით და სახსრებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. კომპანიას არ გააჩნია აქტივები.

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. უარი ეთქვას შპს ,,სქაი ლიზინგ-ის“(ს/ნ 406035534) წარმომადგენელს გიორგი ჟამუტაშვილს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;

2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ელექტრონულ სიტემაში.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია;

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი