ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ბექანასი საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ბექანასი საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 28407/19
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 11/07/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2024
სარეგისტრაციო კოდი
28407/19
11/07/2024
ვებგვერდი, 02/08/2024
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ბექანასი საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

 

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეხუთე სექციის გადაწყვეტილება საქმეზე

 „შპს ბექანასი საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივარი N 28407/19)

 

სტრასბურგი

11.07.2024

ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.

 

საქმეზე „შპს ბექანასი საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეხუთე სექცია), შემდეგი შემადგენლობით:

სტეფანი მოუროუ-ვიკსტრომი, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია,
 მიკოლა გნატოვსკი, მოსამართლეები,
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

გაითვალისწინა რა:

საჩივარი (N 28407/19) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2019 წლის 23 აპრილს შეიტანა სასამართლოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად „შპს ბექანასიმ“, კომპანია, რომელიც რეგისტრირებულია ლისში, საქართველო (შემდგომში „მომჩივნები კომპანია“), რომელსაც წარმოადგენდნენ ქ-ნი თ. ონიანი, ბ-ნი დ. ჯავახიშვილი და ქ-ნი მ. ჭიკაძე, ადვოკატები, რომლებიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებენ თბილისში;

გადაწყვეტილება, ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი, საჩივრის შესახებ, კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის შესაბამისად და გამოცხადდეს საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად;

მხარეთა მოსაზრებები;

2024 წლის 20 ივნისის დახურული თათბირის შემდეგ,

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

საქმის არსი

1. საქმე ეხება, 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მომჩივანი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორის კონფისკაციას, რომელიც კლასიფიცირებული იქნა როგორც „დანაშაულის იარაღი“.

I. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

2. 2018 წლის 27 ივლისს მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატმა მოსამართლემ, რომელიც მოქმედებდა გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში „გარემოს დაცვის სამინისტრო“) მოთხოვნით, მომჩივანი კომპანია დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებაში, ბუნებრივი რესურსების მოქმედი ნებართვის გარეშე ექსპლუატაციის გამო (კერძოდ, ტრაქტორების გამოყენება ნებართვით გათვალისწინებული ტერიტორიის გარეთ) და დააკისრა ჯარიმა 1000 ლარის (დაახლოებით 350 ევრო) ოდენობით და დამატებით 201 ლარი (დაახლოებით 70 ევრო) – კომპენსაციის სახით, მომჩივანი კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის.

3. 2018 წლის 13 სექტემბერს, სახელმწიფოს მიერ გასაჩივრების შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმე მცხეთის რაიონულ სასამართლოს გადასცა. 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მაგისტრატმა მოსამართლემ, ჯარიმის და კომპენსაციის გადახდის გარდა, ბრძანა მომჩივანი კომპანიის ტრაქტორის ჩამორთმევა (რომელიც შეძენილი იქნა 2011 წელს 54,560 აშშ დოლარად (დაახლოებით 49,087 ევრო)). მაგისტრატმა მოსამართლემ დაადგინა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში „ასკ“) 571 მუხლის თანახმად, დანაშაულის იარაღად კლასიფიცირებული ნებისმიერი ობიექტი ექვემდებარება იძულებით კონფისკაციას (იხ. პარაგრაფი 8ქვემოთ).

4. 2018 წლის 29 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლი ითვალისწინებდა დანაშაულის ჩადენის ყველა ინსტრუმენტის სრულ კონფისკაციას. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5. მომჩივანი კომპანია პრეტენზიას აცხადებდა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის შესაბამისად, რომ მისი ტრაქტორის კონფისკაცია არაპროპორციული ზომა იყო.

II. საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოება

6. 2019 წლის 30 დეკემბერს მომჩივანმა კომპანიამ კონსტიტუციური საჩივარი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, ამტკიცებდა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლი არ შეესაბამება კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტებს (საკუთრების უფლება). ის ამტკიცებდა, მათ შორის, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლით გათვალისწინებული კონფისკაციის იძულებითი ხასიათი არაკონსტიტუციურია, რადგან ის არ აძლევს სასამართლოებს უფლებას, დაამყარონ ბალანსი საჯარო და კერძო ინტერესებს შორის, თითოეული შემთხვევის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. ამასთან, ადმინისტრაციული სახდელის ინდივიდუალიზაციის შეუძლებლობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და კონვენციით გათვალისწინებული საკუთრების უფლებაში განსახიერებულ პროპორციულობის პრინციპს.

7. 2020 წლის 12 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ზემოაღნიშნული კონსტიტუციური საჩივარი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო. სხვა საკითხებთან ერთად, მან დაასკვნა, რომ კონფისკაციის იძულებითი ხასიათი პრობლემურია, რადგან ის არ იძლეოდა საქმის ცალკეული გარემოებების განხილვის ან ინდივიდუალური და პროპორციული სანქციების გამოყენების შესაძლებლობას.

შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო

8. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში „ასკ“) შესაბამისი დებულებები, იმ დროს მოქმედი რედაქციით, ადგენს შემდეგს:

„მუხლი 29. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო

1. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი, ... იყო, გულისხმობს მის სახელმწიფოს საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემას, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ სამართალდამრღვევის საკუთრებაში არსებული საგანი,

...“

„მუხლი 571. წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე

1. წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000-დან 1 500 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის (მყარი სასარგებლო წიაღისეულის) კონფისკაციით.

სასამართლოს შეფასება

I. კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის სავარაუდო დარღვევა

9. სასამართლო უარყოფს მთავრობის არგუმენტს, რომ მომჩივან კომპანიას ზიანის ანაზღაურება უნდა მოეთხოვა ინციდენტზე პასუხისმგებელი ტრაქტორის მძღოლისგან. ამასთან დაკავშირებით ის აღნიშნავს, რომ მომჩივანი კომპანიის საჩივრის არსი ეხებოდა სახელმწიფო ორგანოების მიერ მისი ქონების ჩამორთმევის იძულებით ხასიათს და არა ჯარიმის დაკისრებას ან/და მძღოლის ქმედებების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციას (იხ. საქმე Andonoski v. the former Yugoslav Republic of Macedonia, no. 16225/08, §§ 23-24, 2015 წლის 17 სექტემბერი; და საქმე B.K.M. Lojistik Tasimacilik Ticaret Limited Sirketi v. Slovenia, no. 42079/12, § 50, 2017 წლის 17 იანვარი, შემდგომი მითითებებით).

10. რაც შეეხება მთავრობის საჩივრის მეორე ნაწილს, დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მომჩივანი კომპანიის შესაძლებლობას, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პარალელურად და არა ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ, სასამართლო აღნიშნავს, რომ მან უკვე განიხილა წინა საქმეებში საქართველოს წინააღმდეგ ინდივიდუალური კონსტიტუციური საჩივრების ეფექტურობა კონვენციის 35-ე მუხლის მიზნებისთვის და დაასკვნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ შეიძლება ჩაითვალოს სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებად, რომლისთვისაც მომჩივნებს უნდა მიემართათ (იხ. საქმე A.D. and Others v. Georgia, nos. 57864/17 და 2 სხვა, § 50, 2022 წლის 1-ელი დეკემბერი, შემდგომი მითითებებით). არ არსებობს მიზეზი, რომ წინამდებარე საქმეზე განსხვავებული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.

11. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 მუხლის მე‑3 (a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში და არც მიუღებელია რაიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

12. შესაბამისი ზოგადი პრინციპები შეჯამებული იქნა საქმეში B.K.M. Lojistik Tasimacilik Ticaret Limited Sirketi v. Slovenia (no. 42079/12, §§ 35‑38, 2017 წლის 17 იანვარი; ასევე იხ. საქმე Markus v. Latvia, no. 17483/10, §§ 64‑67, 2020 წლის 11 ივნისი).

13. სადავო არ არის, რომ მომჩივანი კომპანიის ქონების კონფისკაცია წარმოადგენდა მის უფლებებში ჩარევას 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის შესაბამისად. გარდა ამისა, ის ეფუძნებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლს, ანუ გათვალისწინებული იყო კანონით. მომჩივანმა კომპანიამ სადავო გახადა მთავრობის არგუმენტი, რომ ტრაქტორის ჩამორთმევა წინამდებარე საქმის გარემოებებში ემსახურებოდა გარემოს დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ ზემოაღნიშნული საკითხის განხილვას, ვინაიდან სადავო კონფისკაცია იყო 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის დარღვევით, სხვა მიზეზების გამო.

14. სასამართლო მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც დაადგინა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ეხება ჩამორთმევის იძულებით ხასიათს, არის არაკონსტიტუციური, რადგან ის არ იძლევა სასწორზე არსებული სხვადასხვა ინტერესის დაბალანსებას ან ჩარევის პროპორციულობის შეფასების შესაძლებლობას (იხ. პარაგრაფი 7 ზემოთ). სასამართლომ – თუმცა განსხვავებულ, მაგრამ შედარებად კონტექსტში – ანალოგიურად დაადგინა, რომ კონფისკაციის ზომის სავალდებულო ხასიათი, თავის თავად, ვერ უზრუნველყოფს აუცილებელ სამართლიან ბალანსს საერთო ინტერესების მოთხოვნებსა და პირის საკუთრების უფლების დაცვას შორის და ართმევს შესაბამის მომჩივნებს თავიანთი საქმეების გასაჩივრების ან წარმატების რაიმე შესაძლებლობას (იხ. საქმე Andonoski, ციტირებული ზემოთ, §§ 37-38, და საქმე B.K.M. Lojistik Tasimacilik Ticaret Limited Sirketi, ციტირებული ზემოთ, §§ 44-49; ასევე იხ. საქმე G.I.E.M. S.r.l. and Others v. Italy [GC], nos. 1828/06 და 2 სხვა, § 303, 2018 წლის 28 ივნისი; საქმე Gyrlyan v. Russia, no. 35943/15, §§ 31-33, 2018 წლის 9 ოქტომბერი; და საქმე Krayeva v. Ukraine, no. 72858/13, §§ 30-33, 2022 წლის 13 იანვარი). სასამართლო ვერ ხედავს მოცემულ საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღების მიზეზს.

15. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ დროს მოქმედი რედაქციის 571 მუხლის შესაბამისად, დანაშაულის იარაღის ჩამორთმევა იძულებითი ხასიათის იყო. ამ კუთხით რაიმე დისკრეციის არარსებობა არ უტოვებს ეროვნულ სასამართლოებს ინდივიდუალური სიტუაციების შეფასების შესაძლებლობას, რაც ამგვარ შეფასებას უსარგებლოს ხდის. სასამართლო იმეორებს, რომ პროპორციული რომ იყოს, ჩარევა უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სიმძიმეს, ხოლო სანქცია – დანაშაულის სიმძიმეს, რომლის სასჯელადაც გამოიყენება – ამ საქმეში, ნებართვის პირობების შეუსრულებლობა. მომჩივანი კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი უმნიშვნელო იყო (70 ევრო, იხ. პარაგრაფი 1ზემოთ), ხოლო ტრაქტორის – რომლის ღირებულება იყო 49,087 ევრო – ჩამორთმევის შედეგად მიყენებული ზიანი უდავოდ მნიშვნელოვანი იყო მომჩივანი კომპანიისთვის. უფრო მეტიც, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების გარდა, კონფისკაციის ზომა იქნა გამოყენებული (იხ. იქვე). ამ გარემოებების გათვალისწინებით და აღნიშნავს რა, რომ პროპორციულობის შეფასება გამოირიცხა შიდასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებიდან, სასამართლო ადგენს, რომ 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის მეორე აბზაცის თანდაყოლილი „სამართლიანი ბალანსის“ მიღწევის მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული.

16. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის დარღვევას.

II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

17. მომჩივანმა კომპანიამ მოითხოვა 49,087 ევრო მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს ტრაქტორის ღირებულებას, და 64,232 ევრო დაკარგული შემოსავლისთვის.

18. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივან კომპანიას არ წარუდგენია სამოქალაქო სარჩელი ტრაქტორის მძღოლის წინააღმდეგ. რაც შეეხება დაკარგულ შემოსავალს, აღნიშნული თანხა, მათი აზრით, არაგონივრული იყო.

19. სასამართლო იმეორებს, რომ მატერიალურ ზარალთან დაკავშირებით პრინციპი არის ის, რომ მომჩივანი მაქსიმალურად უნდა მოხვდეს გარემოებაში, რომელშიც ადგილი არ ექნებოდა დარღვევის დადგენას – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, restitutio in integrum. ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც ფაქტობრივი ზარალის ანაზღაურებას (damnum emergens), ასევე მომავალში მოსალოდნელი მოგების დაკარგვისა ან შემცირებისა (lucrum cessans). მომჩივანმა უნდა აჩვენოს, რომ სავარაუდო დარღვევამ ან დარღვევებმა გამოიწვია მატერიალური ზიანი (იხ. საქმე G.I.E.M. S.r.l. and Others v. Italy (სამართლიანი დაკმაყოფილება) [GC], nos. 1828/06 და 2 სხვა, §§ 37-39, 2023 წლის 12 ივლისი).

20. რაც შეეხება მატერიალური ზიანის შეფასებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანი კომპანიის მითითება 2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ ფასზე (იხ. პარაგრაფი 3ზემოთ) არ უნდა იქნეს გათვალისწინებული, ვინაიდან ზიანი უნდა განისაზღვროს დროის პერიოდის გათვალისწინებით, როდესაც ადგილი ჰქონდა კონფისკაციას, ანუ 2018 წელს.

21. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ტრაქტორის იმავე მდგომარეობაში აღდგენა, რომელშიც ის იყო ჩამორთმევის დროს, მომჩივან კომპანიას დააყენებდა იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის იქნებოდა, თუ დარღვევას არ ექნებოდა ადგილი. ალტერნატიულად, თუ ასეთი აღდგენა შეუძლებელი იყო, მომჩივან კომპანიას უნდა მიეღო შესაბამისი კომპენსაცია. რაც შეეხება მომჩივანი კომპანიის მოთხოვნას შემოსავლის დაკარგვის შესახებ, სასამართლო, მის ხელთ არსებული დოკუმენტების გათვალისწინებით, უარყოფს მას, როგორც დაუსაბუთებელს.

ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად

1. აცხადებს საჩივარს მისაღებად;

2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის დარღვევას;

3. ადგენს,

(a) რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის ვადაში დაუბრუნოს მომჩივან კომპანიას ჩამორთმეული ტრაქტორი იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ის იყო ჩამორთმევამდე;

(b) რომ ასეთი რესტიტუციის არარსებობის შემთხვევაში, მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივან კომპანიას, იმავე სამი თვის განმავლობაში, შესაბამისი კომპენსაცია;

(c) რომ ზემოთ აღნიშნული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან გადახდის განხორციელებამდე ზემოხსენებულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;

4. უარყოფს მომჩივანი კომპანიის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2024 წლის 11 ივლისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

                       

         მარტინა კელერი                                                               სტეფანი მოუროუ-ვიკსტრომი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე                                                 თავმჯდომარე