დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 245 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/07/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.024639 |
|
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/05/2023, 010240030.10.003.024010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„მუხლი 21 1. 2024 წელს საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების კონკურსი გამოცხადდეს და ჩატარდეს შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 2 აგვისტოდან საჯარო დაწესებულებებში გამოცხადდეს ანაზღაურებადი 4-თვიანი სტაჟირების კონკურსი; ბ) www.gov.ge-ის ვებგვერდზე ინტეგრირდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცხადებული სტაჟირების პროგრამის ველი, საიდანაც სტაჟირების მსურველი ავტომატურად გადავა www.hr.gov.ge-ის ვებგვერდზე, სადაც სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მიერ გამოცხადებულ კონკურსზე 2024 წლის 2 აგვისტოდან – 8 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში სტაჟირების მსურველებს მიეცეთ განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა; გ) სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: გ.ა) იცის სახელმწიფო ენა; გ.ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში; დ) შერჩევის მნიშვნელოვან კრიტერიუმად განისაზღვროს სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (GPA 2.8-4.0 ან/და ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი) – გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოთ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს; ე) საჯარო დაწესებულებებმა, სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად და სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრონ სტაჟიორთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ე.ა) პროფესია (განათლების რელევანტურობა), ცნობა ან/და დიპლომი – უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში – ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიულად; ე.ბ) უცხო ენის ცოდნა (საჭიროების შემთხვევაში); ვ) სტაჟირების მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს: ვ.ა) პირადობის მოწმობის ასლი; ვ.ბ) ინფორმაცია ამ პუნქტის „გ.ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებთან დაკავავშირებით; ვ.გ) სამოტივაციო წერილი; ზ) საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვოს სტაჟირების მსურველი პირის შესახებ ამ პუნქტის „გ.ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია; თ) კონკურსი ჩატარდეს ორ ეტაპად. სტაჟირების მსურველი პირის შეფასებას განახორციელებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია: თ.ა) პირველი ეტაპი – საბუთების გადარჩევა; თ.ბ) მეორე ეტაპი – გასაუბრება; ი) პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ: ი.ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის; ი.ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა; ი.გ) მან სტაჟიორად მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; ი.დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ი.ე) თუ სტაჟირების მსურველი პირის მიერ იმავე საჯარო დაწესებულებაში 2022 წლის 1 ნოემბრიდან გავლილი სტაჟირების საერთო ვადა შეადგენს 12 თვეს. 2. განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს სტაჟიორის შერჩევის მიზნებით და ასევე გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოიძიების/გადამოწმების თაობაზე. 3. სტაჟიორის კონკურსის ჩატარებასთან და სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული სხვა საკითხები მოწესრიგდეს ამ დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის“ შესაბამისად. 4. ამ დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საჯარო დაწესებულებებს ეთხოვოთ, 2024 წელს სტაჟირების კონკურსი ჩაატარონ მათი შესაბამისი დებულებებით ამ მუხლით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით და აგრეთვე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა იხელმძღვანელოს ამ დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის“ VIII თავით –„სტაჟირების სპეციალური წესით“ ამ მუხლით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები