„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016398
21
30/07/2024
ვებგვერდი, 01/08/2024
010340000.32.061.016398
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №21

2024 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 06/08/2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016268) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულებაში შევიდეს ცვლილება და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულება

 მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში, სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.

3. სამინისტრო, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის (შემდგომში – მთავრობის თავმჯდომარე) მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.

5. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი, ტიტულოვანი ქაღალდი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

6.სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომლის ფორმასა და გამოყენების წესს განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №16 (მე-7 სართული), საფოსტო ინდექსი: 0160.

მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანები

1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება უფლებამოსილების ფარგლებში, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრთა (შემდგომში – აფხაზეთის მოსახლეობა) მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, მათი სოციალური და საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

2. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:

ა) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობის მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევისა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინაცია და კონტროლი;

ბ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;

გ) აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სათანადო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების და საქმიანობის კოორდინაცია/ზედამხედველობა;

დ) აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა, მათი შესწავლა-ანალიზის საფუძველზე შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა;

ე) ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო ან/და არასამთავრობო სექტორის მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების შესახებ აფხაზეთის მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის საკითხებში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი და აკადემიური გამოცდილების, პროგრამებისა და ინიციატივების, კვლევებისა და მოსაზრებების შეგროვება, გაანალიზება და შეჯერება;  

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებთან, ურთიერთობების წარმართვა აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტებისა და წინადადებების შემუშავების მიზნით;

თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული ტვირთის მიღება და განაწილება;

ი) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. სამინისტროს მმართველობის სფერო და ძირითადი ამოცანები, რომლებსაც იგი ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით:

ა) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების გაწევა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობა;

ბ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების ხელშეწყობა;

გ) აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული პროგრამების/პროექტების განხორციელება და მართვა;

დ) სამუშაოს მაძიებელი აფხაზეთის მოსახლეობის სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლების,  შემდგომში მათი დასაქმების  ხელშეწყობა. ამ მიზნით აფხაზეთის მოსახლეობაში სამუშაოს მაძიებლების  და ქვეყანაში არსებული ვაკანსიების (უპირველესად, კერძო და საჯარო სექტორებში) ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი  სისტემატური განახლება.  რეგისტრირებული   სამუშაოს მაძიებლების    დროულად ინფორმირება;

ე) აფხაზეთის მოსახლეობის ეკონომიკური ინტეგრაციის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა, მათი ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო პირობების შექმნა და ხელშეწყობა;

ვ) უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობა;

ზ) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობისთვის ცნობის გაცემა;  

თ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

4. დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო:

ა) ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს მის დაქვემდებარებაში მყოფ  დაწესებულებებზე;

ბ) შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, დახმარების გაცემაზე დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებისთვის რეკომენდაციის მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოს;

გ) გამოითხოვს მასალებს ან ადგილზე შეისწავლის მის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებში კანონმდებლობის ნორმებისა და წესების მოთხოვნების შესრულებას;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პროცედურების დაცვით  შეისწავლის და ისმენს მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების გასული წლის საქმიანობის ანგარიშებს;

ე) უზრუნველყოფს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების საქმიანობის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის მონიტორინგსა და კონტროლს;

ვ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც, ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობით, ახორციელებს სამინისტროს  მართვას, კოორდინაციასა და კონტროლს.

2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.

3. მინისტრი:

ა) წარმართავს სამინისტროს საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობის შესრულებაზე;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს მოადგილეებს, ასევე, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს. დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს;

დ) მთავრობის თავმჯდომარეს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების, ხოლო მთავრობას – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების კანდიდატურებს;

ე) მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს;

ვ) ამტკიცებს სამინისტროს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, სამინისტროს შინაგანაწესს და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს. ითანხმებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო ნუსხებსა და თანამდებობრივ სარგოებს;

ზ) დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარდგინებით ამტკიცებს მათი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს;

თ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში მოქმედი პროგრამების განხორციელების წესებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს;

ი) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, მათ შორის, მთავრობის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს და პასუხისმგებელია მათი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;

კ) კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოებს – კომისიებსა და საბჭოებს, განსაზღვრავს მათი საქმიანობის წესს;

ლ) ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა მოვალეობებს.

4. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და 2 მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები კოორდინაციას უწევენ სამინისტროს ცალკეული დარგობრივი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ქვედანაყოფების) საქმიანობას, ახორციელებენ და კონტროლს უწევენ მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და სხვა დავალებების შესრულებას.

6. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნისას ან მინისტრის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, აგრეთვე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ასრულებს მინისტრის მოვალეობას. მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას მინისტრის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.

7. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ ახალი მინისტრის დანიშვნისთანავე.

მუხლი 4. სამინისტროს თანამდებობის პირები

1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და მათი შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები;

ბ) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

გ) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს ან კურატორ მოადგილეს.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

დ) უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს სახელით, ხელს აწერს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას ან/და ახორციელებს მათ ვიზირებას;

ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას;

ვ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;

ი) ასრულებს ამ დებულებითა და სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე მინისტრის ან/და კურატორი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.

მუხლი 5. სამინისტროს მოსამსახურეები

1. სამინისტროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის (დეპარტამენტის) დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით.

2. სამინისტროს შემადგენლობაში არიან:

ა) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე;

ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები;

გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

3. სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამინისტროში მიიღება, როგორც წესი, უკონკურსოდ და მისი სამსახურის ვადა არ აღემატება მინისტრის/მინისტრის პირველი მოადგილის/მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადას.

5. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამინისტროში მიიღება გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით, სამინისტროს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილებით. ამასთანავე, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს.

მუხლი 6. სამინისტროს სისტემა

1. სამინისტრო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

ა.ა) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ა.ბ) საქმისწარმოების სამმართველო;

ა.გ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო.

ბ) პოლიტიკის დეპარტამენტი:

ბ.ა) პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველო;

ბ.ბ) მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველო.

გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.

2. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:

ა)  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო;

ბ)  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეკონომიკური პროგრამების სააგენტო;

გ)  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების,  კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი – „ბიზნეს-ინკუბატორი“.

3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, ასევე, სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებით, რომლებიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 7. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი, საფინანსო, ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების პროცესის, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს  ურთიერთობის კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;

გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;

დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს სისტემის საქმისწარმოების უზრუნველყოფა; მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება; საქმისწარმოების საკითხებზე მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;

ვ) სამინისტროს საუწყებო არქივის წარმოება;

ზ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;

თ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და მასში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემის სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით  სამინისტროს სისტემის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია;

ლ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;

მ) სამინისტროს სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ნ) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

ო) სამინისტროს საკომუნიკაციო არხების – ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა;

პ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ჟ) სამინისტროს ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

რ) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;

ს) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;

ტ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად;

უ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ფ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა;

ქ) მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება და მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ღ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 8. პოლიტიკის დეპარტამენტი

პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

 ა) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობის მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევისა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინაცია და კონტროლი;

ბ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;

გ) აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სათანადო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების და საქმიანობის კოორდინაცია/ზედამხედველობა;

დ) აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა, მათი შესწავლა-ანალიზის საფუძველზე შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა;

ე) ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო ან/და არასამთავრობო სექტორის მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების შესახებ აფხაზეთის მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის საკითხებში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი და აკადემიური გამოცდილების, პროგრამებისა და ინიციატივების, კვლევებისა და მოსაზრებების შეგროვება, გაანალიზება და შეჯერება;  

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებთან, ურთიერთობების წარმართვა აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტებისა და წინადადებების შემუშავების მიზნით;

თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარდგენილი წინადადებების ანალიზის საფუძველზე, სამინისტროს სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა/კოორდინაცია, ასევე, ამ სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების მონიტორინგის ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ი) სამინისტროს სისტემის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

კ) სამინისტროს სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

ლ) სამინისტროს საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება, მათ წინაშე მდგარი პრობლემების შესწავლა, კონკრეტული საკითხების ინიციირება და მათი შესრულების ხელშეწყობა;

ნ) სამინისტროსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის განაწილების დაგეგმვა და ადმინისტრირების პროცესის უზრუნველყოფა;

ო) დევნილთა შიდა მიგრაციის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი დაწესებულებისთვის მიწოდება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგის ჩატარება, ჩატარებული მონიტორინგის შესახებ ანგარიშის შედგენა  და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ჟ) მიზნობრივი ჯგუფისათვის შემუშავებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების მართვის ყველა ეტაპის რეგულარული მონიტორინგი;

რ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 9. შიდა აუდიტის დეპარტამენტი

შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება;

დ) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფის და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, წლიური გეგმის მიხედვით ფინანსური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, სისტემური ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარება;

ე) შიდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;

ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;

ზ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 10. დასკვნითი დებულებები

1. სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მთავრობის დადგენილებით.

2. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 აგვისტოდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე