დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 242 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/07/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 430020000.10.003.024636 |
|
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე
|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსება განხორციელდეს შემდეგი სახით:
|
მუხლი 1 |
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისათვის გამოიყოს 2 632 500 (ორი მილიონ ექვსას ოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარი იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან გამოიყოს 2 032 500 (ორი მილიონ ოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან გამოიყოს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2022 და 2023 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. 4. სოციალური პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის (შემდგომში – გრანტი) სრული ოდენობის ფარგლებში. 5. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, სოციალური პროგრამის ფარგლებში მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრანტის სრული ოდენობისა. |
მუხლი 2.
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების უფლების მქონე პირი
|
1. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს სტუდენტმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და ვერ მოიპოვა გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვა გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას ან არის ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „დ“, „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“, „ნ“, „პ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტუდენტი.
2. სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობის ფარგლებში მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (შემდგომში − დებულება) მე-6 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებითა და მე-8 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ საგნებში მიღებული აბსოლუტური ქულებით, რანჟირების სიის საფუძველზე. 3. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ჩარიცხული სტუდენტი სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გადალახული აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი იმ წლისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დებულებით გათვალისწინებულ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში. |
მუხლი 3.
სტუდენტთა კატეგორიები
|
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა − 2 032 500 (ორი მილიონ ოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარი, ამავე დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:
ა) 226 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხით“ გათვალისწინებულ დასახლებაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში; გურიის რეგიონში; იმერეთის რეგიონში; კახეთის რეგიონში; მცხეთა-მთიანეთის რეგიონში; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში; სამცხე-ჯავახეთის რეგიონში; ქვემო ქართლის რეგიონში; შიდა ქართლის რეგიონში). ამ პუნქტით გათვალისწინებული დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა პროპორციულად განაწილდება ამ კატეგორიის სტუდენტთა მიერ თითოეული რეგიონის მიხედვით შესული განცხადებების რაოდენობის შესაბამისად; ბ) 170 სტუდენტს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით; სტუდენტებს, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ; ასევე სტუდენტებს, რომლებიც, თავიანთ ოჯახებთან ერთად, 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის, ქურთის, თიღვის, ახალგორის ან აჟარის მუნიციპალიტეტებში. აქედან: ბ.ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნიციპალიტეტში – 90 სტუდენტს; ბ.ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთის, ერედვის, თიღვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში – 75 სტუდენტს; ბ.გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში – 5 სტუდენტს; გ) 5 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში; დ) 5 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში; ე) 26 სტუდენტს, რომლებიც არიან: ე.ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები; ე.ბ) 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები; ე.გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები; ვ) 3 სტუდენტს, რომლებიც არიან: ვ.ა) საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები; ვ.ბ) საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათი შვილები; ზ) 2 სტუდენტს, რომლებიც არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები; თ) 2 სტუდენტს, რომლებსაც „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი; ი) 46 სტუდენტს, რომლებიც არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა ან გარდაცვლილი ჰყავთ დედა და დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება); კ) 150 სტუდენტს, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები; ლ) 25 სტუდენტს, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; მ) 16 სტუდენტს, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და დაფინანსების წყაროსი) ან მინდობით აღზრდაში) ან გასულნი არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში; ნ) 170 სტუდენტს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე; ო) 50 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში; პ) 5 სტუდენტს, რომლებიც არიან აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9) მქონე პირები; ჟ) 2 სტუდენტს, რომლებიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის, „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის ბენეფიციარები, როგორც ბოშა მოზარდი. 2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი, ამავე დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, გადაეცემათ სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს 2022 და 2023 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აქედან: ა) 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის გამოიყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი; ბ) 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის გამოიყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი. |
მუხლი 4.
რამდენიმე კატეგორიაში შემავალი სტუდენტები
|
სტუდენტი, რომელიც განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ორ ან მეტ კატეგორიას, დაფინანსებას მოიპოვებს ერთ-ერთ კატეგორიაში, ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვით.
|
მუხლი 5.
დაფინანსების პრინციპი კონკურსისა და თანაბარი ქულების შემთხვევაში
|
1. თუ ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიაში/ ქვეკატეგორიაში შემავალი სტუდენტების რაოდენობა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „დ“, „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“, „ნ“, „პ“ და „რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობა (შემდგომში – დასაფინანსებელი სტუდენტები) აღემატება ამ კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის გამოყოფილი ადგილების (შემდგომში – ადგილი) რაოდენობას ან დარჩენილი თანხა არ არის საკმარისი ყველა მათგანის დასაფინანსებლად (შემდგომში – კონკურსი), თანხა გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების საფუძველზე, უმაღლესი ქულის მქონე სტუდენტებზე.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაფინანსებელი სტუდენტების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირებისას ბოლო ადგილზე 2 ან მეტ სტუდენტს მიღებული აქვს თანაბარი აბსოლუტური ქულა, დაფინანსება გაიცემა ქვემოთ მოცემულ გამოცდებში მაღალი ქულის მქონე სტუდენტზე, შემდეგი თანმიმდევრობით: ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად; ბ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხოური ენის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად. |
მუხლი 6.
დარჩენილი ადგილების გადანაწილება
|
1. თუ ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეკატეგორიების მიხედვით დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა ნაკლებია გამოყოფილი ადგილების რაოდენობაზე, დარჩენილი ადგილების რაოდენობა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების საფუძველზე, დაემატება ამავე ქვეპუნქტში შემავალ ქვეკატეგორიას.
2. თუ ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიაში დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა ნაკლებია გამოყოფილი ადგილების რაოდენობაზე, დარჩენილი ადგილების რაოდენობა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის საფუძველზე, დაემატება ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში შემავალ კატეგორიას. 3. თუ ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიაში დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა ნაკლებია გამოყოფილი ადგილების რაოდენობაზე, დარჩენილი ადგილების რაოდენობა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის საფუძველზე, დაემატება ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში შემავალ კატეგორიას. |
მუხლი 7.
დარჩენილი თანხის გადანაწილება
|
1. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტუდენტებზე და რომელიმე ქვეპუნქტში დარჩენილია დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა, დარჩენილი თანხა გაიცემა ამ სტუდენტების დასაფინანსებლად.
2. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, დარჩენილი თანხა, ამ დადგენილების მე-2 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, გადანაწილდება შემდეგი თანმიმდევრობით: ა) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები; ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები, 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები, რომლებიც 2019 − 2023 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში; გ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები; დ) სტუდენტები, რომლებიც არიან საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები ან საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ან მათი შვილები და რომლებიც 2019 − 2023 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში; ე) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები; ვ) სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები და 2019 − 2023 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში; ზ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები; თ) სტუდენტები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე; ასევე სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ და 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში; ი) სტუდენტები, რომლებიც 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და COVID-19 ვირუსით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე, 2020 წლის გაზაფხულიდან 2022 წლის გაზაფხულის ჩათვლით, ვერ შეძლეს, ზოგადი განათლების ბოლო ორი სასწავლო წელი სრულად ესწავლათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში; კ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები; ლ) მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ჩარიცხულნი არიან 2018 − 2023 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში; მ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები; ნ) სტუდენტები, რომლებიც არიან აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9) მქონე პირები და 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში; ო) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები; პ) ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა ან გარდაცვლილი ჰყავთ დედა და დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება) და რომლებიც 2019 − 2023 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში; ჟ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები; რ) სტუდენტები, რომლებიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის, „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის ბენეფიციარები, როგორც „ბოშა მოზარდები“ და რომლებიც 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში; ს) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები; ტ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიის პირები; უ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები; ფ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები. 3. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, დარჩენილი თანხა დაემატება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანხას. 4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილების შემდეგ თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა გაიცემა ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე, შესაბამისი თანმიმდევრობის დაცვით. 5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილების შემდეგ თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა დაემატება „2024-2025 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №67 დადგენილების პირველი მუხლის 29-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხას. |
მუხლი 8.
განაცხადების წარდგენა და გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ
|
1. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „დ“, „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“, „ნ“, „პ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტუდენტები განცხადებას არეგისტრირებენ ელექტრონულად, ვებგვერდზე: http://socreg.mes.gov.ge საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში.
2. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დასაფინანსებელ სტუდენტთა მიერ შეტანილ განცხადებათა განხილვისა და ბენეფიციართა გამოვლენის შემდგომ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობის პროპორციული გადანაწილება რეგიონების მიხედვით. 3. განცხადების ელექტრონული რეგისტრაციის წესი და ვადები, საჭირო დოკუმენტების ნუსხა და განცხადებების განხილვის წესი მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო) უფლებამოსილია, სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან − საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან (შემდგომში − საგანმანათლებლო რესურსცენტრები), სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულებიდან (დეპარტამენტიდან), შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან გამოითხოვოს და დაამუშაოს სტუდენტების შესახებ ინფორმაცია. 5. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
მუხლი 9.
პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა
|
სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მიწოდება და ინფორმაციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
|
მუხლი 10 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები