ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების აღრიცხვაზე შენახვაზე, გამოწერასა და გამოყენებაზე კონტროლის გამკაცრების დროებითი ღონისძიებების შესახებ

ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების აღრიცხვაზე შენახვაზე, გამოწერასა და გამოყენებაზე კონტროლის გამკაცრების დროებითი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 430/3/801
დოკუმენტის მიმღები ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
მიღების თარიღი 28/12/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 31/01/1995
სარეგისტრაციო კოდი 000000220.01(2).000.000045
430/3/801
28/12/1994
გამოუქვეყნებელი, 0, 31/01/1995
000000220.01(2).000.000045
ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების აღრიცხვაზე შენახვაზე, გამოწერასა და გამოყენებაზე კონტროლის გამკაცრების დროებითი ღონისძიებების შესახებ
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო

საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრისა და

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №430/ო/801

1994 წლის 28 დეკემბერი

1994 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების აღრიცხვაზე შენახვაზე, გამოწერასა და გამოყენებაზე კონტროლის გამკაცრების დროებითი ღონისძიებების შესახებ

ნარკოტიკულ სამკურნალო საშუალებათა შენახვის, აღრიცხვის, გამოწერისა და გამოყენების, ექიმთა მიერ ნარკოტიკულ სამკურნალო საშუალებათა დასაბუთებულ დანიშვნაზე კონტროლის გამკაცრების, სამედიცინო დაწესებულებებში ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებათა გატაცების შემთხვევათა აღკვეთის მიზნით, ვბრძანებთ:

1. რაიონების (ქალაქების) აფთიაქის მიერ ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების შენახვა და გაცემა სამკურნალო დაწესებულებებზე და კერძო პირებზე მოხდეს რაიონის (ქალაქის) პოლიციის ქვედანაყოფის შენობიდან, რისთვისაც რაიონის (ქალაქის) პოლიციის უფროსმა აფთიაქს, სააფთიაქო პუნქტისათვის პოლიციის (ქვედანაყოფის) შენობაში გამოუყოს ადგილი და უზრუნველყოს მისი დაცვა.

2. პოლიციის ( ქვედანაყოფის ) შენობიდან სააფთიაქო პუნქტის მიერ ნარკოტიკულ სამკურნალო საშუალებათა შენახვა და გაცემა მოხდეს პოლიციის ქვედანაყოფის) შენობაში მოთავსებული სააფთიაქო პუნქტებში ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებათა შენახვის, აღრიცხვის და გაცემის დროებითი წესების (იხილე დანართი N1 მკაცრი დაცვით.

3. რაიონების და ქალაქების აფთიაქების მიერ ნარკოტიკულ სამკურნალო საშუალებათა მიღება რეგიონალური სააფთიაქო საწყობიდან და მისი გადატანა დანიშნულების ადგილამდე სააფთიაქო პუნქტამდე განხორციელდეს რაიონის (ქალაქის) პოლიციის ბადრაგის (გამცილებელი გამყოლის) მეშვეობით.

4. ქ. თბილისში განლაგებულმა სამედიცინო დაწესებულებებმა (სტაციონარული) ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებები მიიღონ რაიონის პოლიციის ქვედანაყოფების შენობებში მოთავსებულ სააფთიაქო პუნქტებიდან ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და თბილისის პოლიციის სამმართველოს მიერ დამტკიცებული განრიგით, სადაც ნაჩვენები იქნება რაიონის პოლიციის (ქვედანაყოფის) შენობაში მოთავსებული სააფთიაქო პუნქტების და სამკურნალო დაწესებულებების (სტაციონარული ) დასახელება, ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების გაცემის დღეებისა და საათების ჩვენებით.

5. რაიონებში (ქალაქებში) განლაგებულმა სამედიცინო დაწესებულებებმა (სტაციონარებმა) რაიონის (ქალაქის) სააფთიაქო პუნქტებიდან ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებები მიიღოს იმ რაოდენობით რასაც ადგილობრივი პირობების, მხედველობაში მიღებით, განსაზღვრავს სამედიცინო დაწესებულებების (სტაციონარის) ხელმძღვანელობა პოლიციის უფროსთან ერთად, მაგრამ არა უმეტეს ოთხი დღის მარაგისა. საჭიროების შემთხვევაში, სააფთიაქო პუნქტიდან საავადმყოფოში (სტაციონარში)ნარკოტიკულ სამკურნალო საშუალებათა გადატანა მოხდეს პოლიციის გამყოლი-გამცილებლის მეშვეობით.

6. ამბულატორიულ ავადმყოფებზე ნარკოტიკულ სამკურნალო საშუალებათა დანიშვნა, მათი სარეცეპტო ბლანკებზე გამოწერა და აფთიაქიდან გაცემა მოხდეს ”პოლიკლინიკებში (რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკურ განყოფილებაში) ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების დანიშვნისა და გაცემის დროებითი წესების მიხედვით (დანართი N2).

ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებათა გაცემა, დანიშვნა დახმარება სტაციონარულ ავადმყოფებზე (საავადმყოფოები, პოლიკლინიკები, დისპანსერები) მოხდეს დღემდე არსებული წესით.

8. დაევალოს რაიონის, ქალაქის პოლიციის უფროსებს პოლიციის სადღეღამისო პატრულირების აუცილებელი ობიექტების სიაში შეიტანოს ის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ხმარობს ნარკოტიკულ სამკურნალო საშუალებებს.

9. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის რესპუბლიკური ინსპექციის უფროსს ბატონ თ. კვირკელიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსს, პოლკოვნიკ ჯ. ჯანაშიას.

ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი                                             ა. ჯორბენაძე

შინაგან საქმეთა მინისტრი                                                        შ. კვირაია

დანართი №1

პოლიციის (ქვედანაყოფის) შენობაში მოთავსებული სააფთიაქო პუნქტებში ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებათა შენახვის, აღრიცხვის და გაცემის დროებითი წესები.

1. პოლიციის (ქვედანაყოფის) შენობაში მოთავსებული სააფთიაქო პუნქტში (შემდგომში პუნქტში) ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებები ინახება სეიფში, გამონაკლის შემთხვევაში პოლიციის უფროსის ნებადართვით რკინის კარადაში.

2. აღნიშნულ პუნქტში ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებათა მიღების, შენახვის, აღრიცხვის, გაცემის ორგანიზაცია და მატერიალური პასუხისგება ეკისრება შესაბამისი აფთიაქის გამგის ბრძანებით გამოყოფილ პროვიზორს.

3. პუნქტის დაცვის ორგანიზაცია პოლიციის (ქვედანაყოფის) უფროსის მიერ ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით დადგენილი წესით, მისივე ბრძანებით ეკისრება პოლიციის ერთერთ თანამშრომელს.

4. სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ პუნქტის პროვიზორი კეტავს და ლუქავს სეიფს (რკინის კარადას). დალუქული სეიფი (რკინის კარადა) დადგენილი წესით ბარდება პოლიციის (ქვედანაყოფის) მორიგეს, ხოლო სეიფის (რკინის კარადის) გასაღები და ლუქის ბეჭედი ინახება პუნქტის პროვიზორთან. სეიფის (რკინის კარადის) გახსნა ლუქის სიმთელის შემოწმების შემდეგ ხდება პოლიციის (ქვედანაყოფის) მორიგესთან ერთად. ლუქის დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში სეიფის (რკინის კარადის) გახსნა მოხდება პოლიციის (ქვედანაყოფის უფროსის ბრძანებით.

5. ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების გაცემა პუნქტის პროვიზორის მიერ წარმოებს ამ ბრძანების N 2 დანართის 6, 7, 8, 9 პუნქტების შესაბამისად.

6. ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების მიმღების პირადობის დამადასტურებელი საბუთის შემოწმების შემდეგ, პუნქტის პროვიზორი რეცეპტის მეორე გვერდზე აღნიშნავს გაცემული ნარკოტიკული სამკურნალო საშუალების რაოდენობას სიტყვებით, რომლის მიღებაზე, იქვე ხელს აწერს გარკვევით მიმღები.

7. სამედიცინო დაწესებულებები (სტაციონარები), რომლებიც ნარკოტიკულ სამკურნალო საშუალებებს ღებულობენ აღნიშნულ პუნქტიდან ამ საშუალებებს მიიღებენ განაცხადით, რომელსაც ხელს აწერს მთავარი ექიმი და აფთიაქის გამგე გერბიანი ბეჭდის დასმით და სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობით.

8. პუნქტი ვალდებულია ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების მიმღებს (კერძო პირი, სამედიცინო დაწესებულება) წინასწარ დაუდგინოს მიღების დღე და საათი.

9. ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებათა გამცემ პუნქტში ამ საშუალებათა მარაგი, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით დგინდება სამედიცინო დაწესებულების და პოლიციის (ქვედანაყოფის) უფროსის მიერ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვის მარაგისა.

10. ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებები ექვემდებარება საგნობრივ რაოდენობრივ აღრიცხვას დანომრილ, ზონარგაყრილ და აფთიაქის გამგის და პოლიციის ქვედანაყოფის უფროსის ხელმოწერილ და ბეჭედდასმულ სპეციალურ წიგნში.

11. ყოველი თვის პირველ რიცხვისათვის აფთიაქის გამგე ადარებს ნარკოტიკულ სამკურნალო საშუალებათა ფაქტიურად არსებულ რაოდენობას წიგნის ნაშთთან და დგინდება ნარკოტიკულ სამკურნალო საშუალებათა ფაქტიური ნაშთი, რაზედაც დგება საინვენტარიზაციო აღწერა. ფაქტიური ნაშთის და წიგნის მონაცემების გადახრის გამოვლინების შემთხვევაში აფთიაქის გამგე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს წერილობით ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის რესპუბლიკურ ინსპექციას.

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული

ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვაზე

კონტროლის რესპუბლიკური ინსპექციის უფროსი                     თ. კვირკველია

ნარკომანიისა და ნარკობიზნესის

წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსი                             ჯ. ჯანაშია

დანართი №2

პოლიკლინიკებში (რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკურ განყოფილებებში) ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებათა დანიშვნისა და გაცემის დროებითი წესები.

1. ავადმყოფის ტკივილის საწინააღმდეგოდ, უპირველეს ყოვლისა, გამოყენებული უნდა იქნეს ანალგეტიკური (ტკივილგამაყუჩებელი) საშუალებები. მათი არაეფექტურობის შემთხვევაში, პოლიკლინიკის (რაიონის) მთავარი ექიმის განკარგულებით, ნარკოტიკულ სამკურნალო საშუალება ავადმყოფს დაენიშნება კომისიის მიერ.

2. ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების დანიშვნა, მისი სახეობის ერთჯერადი და სადღეღამისო დოზების დადგენის განსაზღვრის მიზნით პოლიკლინიკის მთავარი ექიმის, ხოლო იქ, სადაც პოლიკლინიკამ განყოფილების სახით შედის საავადმყოფოს შემადგენლობაში, საავადმყოფოს მთავარი ექიმის ბრძანებით იქმნება ნარკოტიკულ სამკურნალო საშუალებათა გამოყენების მაკონტროლებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: პოლიკლინიკის მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში ან რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური განყოფილების გამგე, უბნის ექიმი და ონკოლოგი (არაონკოლოგიური დაავადებისას, ონკოლოგის მაგიერ კომისიაში შედის მკურნალი ექიმი ავადმყოფის პროფილის მიხედვით). აღნიშნულ კომისიას უპირველესყოვლისა, ევალება, განსაზღვროს ონკოლოგიური დაავადების კლინიკური IV ჯგუფი, ონკოლოგიური ცენტრის ან საავადმყოფოს დასკვნის (დასკვნას ხელს აწერს მკურნალი ექიმი, განყოფილების გამგე და მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში) საფუძველზე. ამავე წესით ხდება არაონკოლოგიური ავადმყოფისათვის ნარკოლოგიური საშუალების დანიშვნა.

3. კომისიის გადაწყვეტილება შეიტანება სპეციალურ დანომრილ, ზონარგაყრილი და სათანადოდ დამოწმებულ ჟურნალში სადაც ჩაიწერება ავადმყოფის გვარი, სახელი, მამის სახელი, მისამართი, დიაგნოზი: სამედიცინო საბუთის დასახელება, რომლის საფუძველზე დაუდგინდა დიაგნოზი. ნარკოტიკული სამკურნალო საშუალების დასახელება, ერთჯერადი და სადღეღამისო დოზა. კომისიის მიერ ამბულატორიულ ავადმყოფის ინდივიდუალურ ბარათში ფორმა N 25უ). სათანადო ჩანაწერები კეთდება ყოველი შემოწმების შემდეგ ყველა შემთხვევაში, კომისიის მთელი შემადგენლობის ხელისმოწერით.

4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, უბნის ექიმი ონკოლოგიურ ავადმყოფებს, ხოლო სხვა ავადმყოფებს ექიმი პროფილის მიხედვით სპეციალური რეცეპტის ბლანკზე (ფორმა N148 1უ-88 უწერს ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებას იმ ოდენობით ერთჯერადი, სადღეღამისო), რაც დადგენილია კომისიის მიერ. სარეცეპტო ბლანკში შეიტანება ამბულატორიული ავადმყოფის ინდივიდუალური ბარათის ნომერი (შიფრი) რეცეპტი - „უფასო“ შემოიხაზება სარეცეპტო ბლანკში სადღეღამისო რაოდენობა ჩაიწერება სიტყვებით, გარკვევით.

სარეცეპტო ბლანკში ყოველგვარი შესწორება დაუშვებელია. სარეცეპტო ბლანკის გაცემის ყველა შემთხვევა შეტანილ უნდა იქნეს ამბულატორიული ავადმყოფის ინდივიდუალურ ბარათში. ნარკოტიკული სამკურნალო საშუალების ერთჯერადი სადღეღამისო დოზის და თვის დღეების ჩვენებით ამავე ბარათში სარეცეპტო ბლანკის მიმღები აწერს ხელს. ექიმი ვალდებულია ავადმყოფის ოჯახის წევრებს გააცნოს ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების რაობა, მოხმარების წესები, სირთულე და პასუხისმგებლობა.

5. სპეციალური სარეცეპტო ბლანკების ერთი დღის მარაგს უბნის ექიმის ან ექიმი ავადმყოფის პროფილის მიხედვით ღებულობს იმ პირიდან, რომელიც დაწესებულებისადმი ბრძანებით პასუხისმგებელია ამ ბლანკების შენახვაზე და გაცემაზე (ბლანკები, როგორც წესი, ინახება სეიფში). ექიმის მიერ მიღებული სარეცეპტო ბლანკი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რომელიც დანომრილია სათანადოდ (ავადმყოფის გვარი, სახელი, მამის სახელი, სარეცეპტო ბლანკის ნომერი და სერია და ექიმის ხელმოწერა).

6. თვითოეულ სარეცეპტო ბლანკზე ერთჯერადად შეიძლება გამოიწეროს:

კოდეინი - 0,2 გრ;

კოდტერპინი - 20 აბი;

კოკაინის ჰიდროქლორიდი - 0,1 გრ.

მორფიუმის ჰიდროქლორიდი - 0,1 გრ.

ანუ 1 - 10 ამპულა,

ანუ 2 - 5 ამპულა;

ომნოპონი - 0,1 გრ.

ანუ 1% - 10 ამპულა,

ანუ 2% - 5 ამპულა;

ნორფინი - 1 მლ - 10 ამპულა,

ანუ 2 მლ - 5 ამპულა;

პენტაზოცინი - 10 ამპულა;

პრომედოლი - 0,25 გრ.

ანუ 1% - 25 ამპულა,

ანუ 2% - 13 ამპულა.

მაგრამ ავადმყოფისათვის საჭირო არაუმეტეს 5 დღის მარაგისა და დღეში მხოლოდ ერთი სარეცეპტო ბლანკისა.

7. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკულ სამკურნალო საშუალების ერთდღიური დოზა აღემატება ზემოთ მიყვანილ ნორმებს, მთავარი ექიმის განკარგულებით შეიძლება გაიცეს ერთ ავადმყოფზე დღეში ორი სარეცეპტო ბლანკი.

სამკურნალო დაწესებულებას ნება დაერთოს, ხოლო აფთიაქმა ონკოლოგიურ ავადმყოფზე წინასწარ, გამოსასვლელ და უქმე დღეებზე გასცეს ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებები რამდენიმე რეცეპტზე, ზემოაღნიშნული ნორმატივების დაცვით.

8. ექიმის მიერ გამოწერილ სარეცეპტო ბლანკს ამოწმებს, ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და ადასტურებს დაწესებულების მრგვალი ბეჭდით. ამავე სარეცეპტო ბლანკზე, აგრეთვე დაისმება გამომწერი ექიმის პირადი ბეჭედი, პოლიკლინიკის შტამპი და რეცეპტებისათვის განკუთვნილი ბეჭედი.

9. ავადმყოფზე სამკურნალო ნარკოტიკული საშუალების პირველად დანიშვნისას კომისია აფთიაქს აცნობებს (რეცეპტის ბლანკის წამღები პირის მეშვეობით); ავადმყოფის გვარს, სახელს, მამის სახელს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ნარკოტიკული სამკურნალო საშუალების დასახელებას და ერთჯერად და სადღეღამისო დოზას. ამავე მიმართვაში - აფთიაქიდან ნარკოტიკული სამკურნალო საშუალების მიმღების გვარს, სახელს, მამის სახელს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, პირადობის დამადასტურებელი საბუთის სახეს და ნომერს. ასევე, აფთიაქს დაუყონებლივ ეცნობება ნარკოტიკული სამკურნალო საშუალების დოზის ან სახის შეცვლა. ასევე ეცნობება ავადმყოფის გარდაცვალების ან სხვა მიზეზი, ნარკოტიკული სამკურნალო საშუალების შეწყვეტის თარიღი. აღნიშნულ შეტყობინებებს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და უბნის ექიმი (ექიმი ავადმყოფობის პროფილის მიხედვით).

10. სააფთიაქო პუნქტი ვალდებულია წამლის მიმღებს წინასწარ განუსაზღვროს ნარკოტიკული სამკურნალო საშუალების მიღების დღე და საათი.

11. სამკურნალო საშუალების მიმღები ვალდებულია სააფთიაქო პუნქტში გამოცხადდეს განსაზღვრულ დროს და თან აუცილებლად იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

12. სარეცეპტო ბლანკი ვარგისია გაცემიდან 5 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც სააფთიაქო პუნქტს უფლება არა აქვს გასცეს მასზე ნარკოტიკული სამკურნალო საშუალება.

13. ავადმყოფის ოჯახს უფლება აქვს ნარკოტიკული საშუალებების მიღება (ინექციის გაკეთება) უზრუნველყოს თავისი საშუალებებით.

14. ავადმყოფები, რომლებიც სამ თვეზე მეტი იმყოფებიან ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებებით სიმპტომატური მკურნალობაზე ან ეჭვს იწვევს მათი დაავადების დიაგნოზის სისწორე, რაიონის მთავარი ექიმის ბრძანებით უნდა გადამოწმდნენ მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტების მიერ კომისიურად (ამბულატორიულად, ბინაზე) დიაგნოზის და ნარკოტიკულ სამკურნალო საშუალებათა დანიშვნის სისწორის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ კომისია დაადგენს, რომ ავადმყოფი დაავადების გამო არ საჭიროებს ნარკოტიკული სამკურნალო საშუალების მიღებას, ამის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ნარკოლოგიურ დაწესებულებას (კაბინეტს).

15. გამოუყენებელი სარეცეპტო ბლანკი ან გაუხარჯავი ნარკოტიკული სამკურნალო საშუალება გარდაცვლილის ოჯახმა უნდა დაუბრუნოს პოლიკლინიკას (პოლიკლინიკური განყოფილებას). მას მიიღებს კომისიის თავმჯდომარე და გაატარებს სპეციალურ ჟურნალში, რომელიც დანომრილია, ზონარგაყრილია და სათანადოდაა დამოწმებული, მიმღების და ჩამბარებლის ხელის მოწერის აღნიშვნით. გამოუყენებელი სარეცეპტო ბლანკები და გამოუყენებელი ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებები აბებში, ფხვნილებში და ამპულებში, რომელზედაც პრეპარატის დასახელება წაშლილია ან ვერ იკითხება, ნადგურდება კომისიის მიერ, ხოლო გამოუყენებელი ნარკოტიკული საშუალება ამპულებში, რომელზედაც გარკვევითაა `წარწერა, სამი დღის ვადაში ბარდება აფთიაქს სათანადო აქტის შედგენით.

16. ყველა სამედიცინო საბუთში ჩანაწერები და ხელის მოწერა (და არა ფაქსიმილე) კეთდება გარკვევით, ნარკოტიკული სამკურნალო საშუალების დასახელება ლათინურად, მთლიანად და გარკვევით.

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული

ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვაზე

კონტროლის რესპუბლიკური

ინსპექციის უფროსი                                                                  თ. კვირკველია

ნარკომანიისა და ნარკობიზნესის

წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული

ბიუროს უფროსი

პოლკოვნიკი                                                                              გ. ჯანაშია