საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 125/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 19/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018543
125/ნ
19/07/2024
ვებგვერდი, 22/07/2024
040030000.22.022.018543
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №125/ნ

2024 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 იანვრის №11 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი



დანართი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დებულება

თავი I

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ახალგაზრდობის სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით.

2. სააგენტოს სრული სახელწოდებაა − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ახალგაზრდობის სააგენტო. სააგენტო უფლებამოსილია, გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება − ახალგაზრდობის სააგენტო.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით.

4. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და წესით.

5. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.

6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, ემბლემა და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. ამასთანავე, სააგენტოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.

7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №76 ბ.

 

თავი II

სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და უფლებამოსილებები

მუხლი 2. სააგენტოს მიზნები

სააგენტოს ძირითადი მიზნები როგორც ეროვნულ, ისე მუნიციპალურ დონეზე, არის:

ა) ახალგაზრდების განვითარება და მათ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და  გაუმჯობესება;

ბ) ახალგაზრდული სფეროს, მათ შორის, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება და მხარდაჭერა;

გ) ახალგაზრდებში ეროვნული, პატრიოტული და დემოკრატიული ღირებულებების განვითარება და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების ხელშეწყობა;

დ) ეროვნულ და მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობა;

ე) ახალგაზრდობის, როგორც სფეროს, ადვოკატირება ეროვნულ, მუნიციპალურ და საერთაშორისო დონეზე.

მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები

სააგენტოს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფოს ახალგაზრდულ პოლიტიკაზე დაყრდნობით, შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავება, მათი აღსრულება და შესრულების კოორდინირება სხვადასხვა შემსრულებელ და ჩართულ სუბიექტებს შორის;

ბ) ახალგაზრდული სერვისების შემუშავება და განხორციელება;

გ) ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სტანდარტების, ხარისხის კონტროლის მექანიზმების, სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და ტრენინგ-მოდულების შემუშავება;

დ) ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებული საკვანძო კომპეტენციების გასავითარებლად, შესაბამისი არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და ამ პროგრამებით მიღებული გამოცდილებისა და შედეგების აღიარების მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;

ე) მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ვ) სხვადასხვა მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

ზ) ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე კვლევების განხორციელება და კვლევების შედეგად გამოვლენილ საკითხებზე შესაბამისი პროგრამების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

თ) ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებისა და ეკონომიკური გაძლიერების, მათი დასაქმებისა და სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის  ხელშემწყობი სხვადასხვა კომპეტენციის განვითარების, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მიმართულებით დოკუმენტების, რეკომენდაციებისა და პროგრამების მომზადება, მათ განხორციელებაში მონაწილეობა და აღნიშნულ პროგრამებში ნაკლები შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების (შშმ პირები, „NEET“ ჯგუფები, ანუ ის ახალგაზრდები, რომლებიც არც დასაქმებულნი არიან, არც განათლების სისტემაში არიან და არც ტრენინგს გადიან, დევნილები და სხვა) ჩართულობის ხელშეწყობა;

ი) ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების საზოგადოებისთვის სასიკეთო ან/და ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ფინანსური და ტექნიკური  მხარდაჭერა;

კ) სტუდენტური თვითმმართველობების, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აგრეთვე ამ ტიპის ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარების, ორგანიზაციული გაძლიერებისა და ახალგაზრდობის განვითარების სფეროში მათი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდული კავშირების განვითარებას;

ლ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ინსტიტუციური მონაწილეობის შესაძლებლობების, ინსტრუმენტებისა და მექანიზმების განვითარებისა და ახალგაზრდებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

მ) ახალგაზრდული მოხალისეობის სფეროს განვითარების ხელშემწყობი პროგრამ(ებ)ის შექმნა, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების პროცესში მონაწილეობა, საერთაშორისო მოხალისეობის ხელშეწყობა და მოხალისეთა საქმიანობის პოპულარიზაცია;

ნ) ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზების, რეკრეაციული ახალგაზრდული საქმიანობისა და კულტურულ, სპორტულ, შემეცნებით და შემოქმედებით ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართვის ხელშემწყობი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტებისა და სხვა მხარდამჭერი და წამახალისებელი პროგრამების შემუშავება და განხორციელება (მათ შორის, ახალგაზრდული ბანაკების და ფესტივალების მოწყობა);

ო) ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისა და ახალგაზრდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციებისა და პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

პ) ახალგაზრდების ინტერესების შესაბამისად, ახალგაზრდული (არაფორმალური განათლების) ცენტრების, ახალგაზრდული სივრცეებისა და პროფილური კლუბების  შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა;

ჟ) ახალგაზრდების განვითარებისა და სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა;

ს) ახალგაზრდობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციისა და შესაძლებლობების ერთიან ონლაინსივრცეში განთავსება; ახალგაზრდობის შემეცნებითი განვითარების მიზნით, სხვადასხვა სახის პუბლიკაციის გამოცემა;

ტ) ახალგაზრდული თემატიკის, სტრატეგიის, პროექტების, საქმიანობის ცნობადობის უზრუნველყოფა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

უ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკიდან გამომდინარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

ფ) სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.

მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელი

1. სააგენტოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).

2. სააგენტოს ხელმძღვანელი:

ა) წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს სააგენტოს სახელით;

ბ) ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში;

დ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კონტროლსა და მეთოდურ ხელმძღვანელობას;

ე) სააგენტოს სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს;

თ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებსა და საქმიანობის წესს;

ი) სამინისტროსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობასა და სახელფასო ფონდს;

კ) სააგენტოში სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;

ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას;

ნ) სამინისტროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;

ო) უფლებამოსილია, შექმნას სათათბირო ორგანოები და განსაზღვროს მათი უფლებამოსილება;

პ) ახორციელებს სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

ჟ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სააგენტოს ხელმძღვანელის შვებულების, მივლინების, დროებითი შრომისუუნარობის ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააგენტოს ხელმძღვანელის ერთ-ერთი მოადგილე.

4. სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეების შვებულების, მივლინების, დროებითი შრომისუუნარობის ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – სააგენტოს ხელმძღვანელი თავისი მოვალეობის შესრულებას აკისრებს სააგენტოს ერთ-ერთ თანამშრომელს.

5. სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს.

 

თავი III

სააგენტოს მართვა და სტრუქტურა

მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო თავის ფუნქციებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. სააგენტოს ხელმძღვანელს ჰყავს 3 მოადგილე (მათ შორის, ერთი პირველი), რომლებსაც მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს ხელმძღვანელი.

3. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) პროგრამების მართვის დეპარტამენტი;

გ) ახალგაზრდულ საკითხთა კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტი.

4. სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ.

მუხლი 6. სააგენტოს ქონება და ფინანსები

1. სააგენტოს აქვს ქონება, რომელზეც გააჩნია საკუთრების, სარგებლობის ან/და სხვა სახის უფლება, კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა, ფინანსური რესურსები და არამატერიალური აქტივები.

3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევით მიღებული საკუთარი შემოსავალი;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

 

თავი IV

სახელმწიფო კონტროლი და ანგარიშვალდებულება

მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

2. სააგენტომ მხოლოდ სამინისტროს თანხმობით შეიძლება, განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

მუხლი 8. სააგენტოს წლიური ანგარიში

სააგენტო        ყოველწლიურად       ამზადებს       თავისი            საქმიანობის   შემაჯამებელ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს სამინისტროს. ანგარიში ასევე ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუხლი 9. სააგენტოს რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია

სააგენტოს რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

მუხლი 10. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ბრძანებით.