ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 24225/19
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 30/11/2023
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2024
სარეგისტრაციო კოდი
24225/19
30/11/2023
ვებგვერდი, 16/07/2024
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეხუთე სექციის 

გადაწყვეტილება

 

საქმეზე „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივარი N24225/19)

 

2023 წლის 30 ნოემბერი

სტრასბურგი


 

მუხლი 14 (მუხლი 8 და მუხლი 9) • დისკრიმინაცია რელიგიის ნიშნით • პირადი ცხოვრება • რელიგიის თავისუფლება • ბრბოს არამართლზომიერი მოქმედებებისგან, სიძულვილის ენისა და კერძო პირების მხრიდან სხვა დისკრიმინაციული ქმედებებისგან ინდივიდუალური მომჩივნების ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფისთვის პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობა, მუსლიმური სკოლა-პანსიონის გახსნაში ხელის შეშლის კონტექსტში • საფრთხის ქვეშ არსებული კონკურენტული ინტერესების დაბალანსების წარუმატებელი მცდელობა • დისკრიმინაციული ხასიათის ქმედებამ, პოლიციის უმოქმედობასთან ერთად, შექმნა შიშისა და დაუცველობის განცდა და ხელი შეუშალა მომჩივნებს სკოლის გახსნაში • აშკარა საფუძველი იმაში დასარწმუნებლად, რომ მომჩივნებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ მათი რელიგიური მრწამსის გამო • პასუხისმგებელი პირების ეფექტური მოძიების, დადგენისა და სანქცირების განუხორციელებლობა • სისხლის სამართლის არასრულყოფილმა და გაჭიანურებულმა გამოძიებამ ხელი შეუწყო შემგუებლობის ატმოსფეროს შექმნას და განავითარა დაუსჯელობის ზოგადი განცდა • დაუდგენლობა იმისა, ითამაშა თუ არა როლი რელიგიურმა ცრურწმენამ სადავო მოვლენებში და შესაბამისი რეაგირების განუხორციელებლობა • დისკრიმინაციული ქმედებების აღსაკვეთად უმოქმედობისა და გამოძიებასთან დაკავშირებული ხარვეზების კუმულაციური ეფექტი

ოქმი 1-ის 1-ელი მუხლი • საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება • მომჩივანმა სკოლის გასახსნელად დაქირავებული შენობის გამოყენების შესაძლებლობა დიდი ხნით დაკარგა • ეროვნულმა ორგანოებმა არ მიიღეს ოპერატიული ზომები სკოლის ბლოკირების შესაჩერებლად და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკანალიზაციო სისტემასთან შენობის მიერთების უზრუნველსაყოფად

 

ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციული ხასიათის შესწორებას.

 

საქმეში „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“,

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ჟორჟ რავარანი, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია,

კარლო რანზონი

მარია ელოსეგი,

მათიას გაიომარი, კატერინა შიმაჩკოვა,
მიკოლა გნატოვსკი, მოსამართლეები,
და ვიქტორ სოლოვეიჩიკი, სექციის განმწესრიგებელი,

გაითვალისწინა რა:

საჩივარი (N24225/19) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2019 წლის 25 აპრილს შეტანილი იქნა სასამართლოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე, იურიდიული პირის, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ და დანართში ჩამოთვლილი საქართველოს შვიდი მოქალაქის (შემდგომში „მომჩივნები“) მიერ;

გადაწყვეტილება, ეცნობოს საჩივრის შესახებ საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“);

მხარეთა წარდგინებები;

2023 წლის 3 ოქტომბრისა და 7 ნოემბრის დახურული თათბირის შემდეგ,

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მოგვიანებით იქნა მიღებული:

შესავალი

1. საჩივარი ეხება იმ ფაქტს, რომ სახელმწიფომ სავარაუდოდ ვერ მიიღო შესაბამისი ზომები ბრბოს არამართლზომიერი ქმედებებისგან, სიძულვილის ენისა და კერძო პირების მხრიდან სხვა დისკრიმინაციული მოქმედებებისგან მომჩივნების დასაცავად, რაც გამოიხატებოდა მუსლიმური სკოლა-პანსიონის გახსნაში მათთვის ხელის შეშლაში. მომჩივნები (გარდა პირველი მომჩივნისა, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“) ეყრდნობოდნენ კონვენციის მე-3, მე-8 და მე-9 მუხლებს მე-14 მუხლთან ერთობლიობაში. პირველი მომჩივანი ჩიოდა N1 ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე, რადგან მასთან მიმართებით დაირღვა საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

ფაქტობრივი გარემოებები

2. პირველი მომჩივანი არის არაკომერციული ასოციაცია, რომელიც 2013 წლის 31 იანვარს დარეგისტრირებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და რომლის მთავარი მიზანია რელიგიური განათლების ხელშეწყობა და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის უფასო განათლების უზრუნველყოფა. დანარჩენი მომჩივნები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მიეკუთვნებიან მუსლიმურ უმცირესობას. მათი პირადი მონაცემები მოცემულია დანართში. მომჩივნებს წარმოადგენდნენ ქ-ნი თ. მიქელაძე, ქ-ნი ქ. ჩუთლაშვილი და ქ-ნი თ. სამხარაძე, ადვოკატები, რომლებიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებენ ქ. თბილისში და ქ-ნი ჯ. სოიერი, ქ-ნი რ. რამეზაიტი, ქ-ნი ჯ. გავრონი, ბ-ნი პ. ლიჩი და ქალბატონი კ. ლევინი, ადვოკატები, რომლებიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებენ ლონდონში.

3. საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ბ. ძამაშვილი.

4. საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით.

I. ქობულეთში მუსლიმთა სკოლა-პანსიონის გახსნის მცდელობა

5. 2014 წლის 1 აგვისტოს პირველმა მომჩივანმა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მოიპოვა ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩა N13-ში მდებარე მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება. გადაწყდა, რომ იქ გაეხსნათ მუსლიმური სკოლა-პანსიონი.

6. როგორც მომჩივნებმა განაცხადეს, უკვე 2014 წლის ივნისში, როდესაც ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მოსახლეობამ შეიტყო მათი მომავალი გეგმის შესახებ, მათ დაიწყეს საპროტესტო აქციების გამართვა მომიჯნავე ტერიტორიაზე მუსლიმური სკოლის გახსნის წინააღმდეგ. 2014 წლის ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შენობის შესასვლელთან ააშენეს ბარიკადები, რომლებიც ხელს უშლიდნენ მომჩივნებს, შესულიყვნენ და დაემთავრებინათ აუცილებელი სარემონტო სამუშაოები. როგორც ქვემოთ არის მოცემული, მომჩივნების თქმით, მათი მხრიდან სკოლის გახსნის მცდელობას არაერთხელ შეეშალა ხელი პოლიციისა და სხვა ადგილობრივი ორგანოების თანხმობით, რის შედეგადაც სკოლა ვერასოდეს გაიხსნა.

A. 2014 წლის 23 ივლისის ინციდენტი

7. 2014 წლის 23 ივლისს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრმა „112“-მა მიიღო ზარი მეოთხე მომჩივნისგან („ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ ხელმძღვანელი, პირველი მომჩივანი), რომელიც ითხოვდა პოლიციის ჩარევას სკოლის მისამართზე განვითარებულ მოვლენებში. მოთხოვნა ქობულეთის პოლიციის სამმართველოს გადაეცა. იმავე დღეს პოლიციამ გამოჰკითხა მეოთხე მომჩივანი ინციდენტთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, მეშვიდე მომჩივანი, მისი მეგობარი, იყო შპს „M&b“-ის წარმომადგენელი, რომელიც ფლობდა კერძო, სამსართულიან სახლს ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე. მან გადაწყვიტა შპს „M&b“-ის სახელით მიექირავებინა ეს შენობა პირველი მომჩივნისთვის მუსლიმური სკოლა-პანსიონის გახსნის მიზნით და 2014 წლის 23 ივლისს შენობაში სასკოლო ინვენტარი მიიტანა. ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრებმა მეზობლებმა, მათ შორის, ერთმა პირმა, რომელიც, როგორც დადგინდა, იყო ვინმე ჟ.კ., უთხრეს, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ მეზობლად მუსლიმური სკოლის გახსნას და ხელი შეუშალეს მომჩივნებს ნივთები შენობის შიგნით შეეტანათ. მეოთხე მომჩივანმა აღნიშნა, რომ არავითარ სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია და რომ პოლიციისგან ის უბრალოდ ითხოვდა სასკოლო ნივთების შენობაში შეტანაში დახმარებას.

8. 2014 წლის 6 აგვისტოს პოლიციამ გამოჰკითხა მეშვიდე მომჩივანი, რომელმაც დაადასტურა 2014 წლის 23 ივლისის მოვლენები, როგორც ეს აღწერა მეოთხე მომჩივანმა. მან აღნიშნა, რომ მეზობლების მხრიდან ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა და რომ საბოლოოდ მან მოახერხა სასკოლო ნივთების შენობაში შეტანა.

9. 2014 წლის 4 სექტემბერს პასუხისმგებელმა პოლიციელმა შეადგინა ჩანაწერი, რომელშიც აღწერილი იყო 2014 წლის 23 ივლისის ინციდენტი და ორი მომჩივნის ჩვენებებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ საკითხი მოგვარებული იყო და შესაბამისად, არ არსებობდა საფუძველი სისხლის სამართლის გამოძიების დასაწყებად.

  1. 2014 წლის 6 აგვისტოს ინციდენტი

10. 2014 წლის 6 აგვისტოს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს ეცნობა ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე „მოქალაქეებს შორის კონფლიქტის“ შესახებ. ინფორმაცია ქობულეთის პოლიციის განყოფილებას გადაეცა.

11. იმავე დღეს ინციდენტთან დაკავშირებით გამოიკითხა მეშვიდე მომჩივანი. ის ამტკიცებდა, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხალხი სამეზობლოდან ხელს უშლიდა მას სკოლაში საჭირო სამუშაოების ჩატარებაში. ასევე გამოიკითხა ვინმე ავ.ხ., ინციდენტში მონაწილე ადგილობრივი მაცხოვრებელი. მან აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სამეზობლოში მუსლიმური სკოლის გახსნის წინააღმდეგი იყო. იმის დადასტურების მიუხედავად, რომ ისინი ხელს უშლიდნენ შენობის სარემონტო სამუშაოებს და გამოხატეს პროტესტი ქუჩის გადაკეტვით, მან უარყო ფიზიკური და/ან სიტყვიერი ძალადობის შესახებ მტკიცება.

12. 2014 წლის 12 აგვისტოს პასუხისმგებელმა პოლიციელმა შეადგინა ჩანაწერი, რომელშიც მან აღწერა 2014 წლის 6 აგვისტოს ინციდენტი და აღნიშნა, რომ მეშვიდე მომჩივანს ჰქონდა კონფლიქტი მეზობლებთან. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები მეზობლად მუსლიმური სკოლის გახსნის წინააღმდეგნი იყვნენ.

  1. 2014 წლის 26 აგვისტოს ინციდენტი

13. 2014 წლის 26 აგვისტოს პოლიციას ეცნობა „სამეზობლოში კონფლიქტის“ კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ. იმავე დღეს გამოკითხულმა ავ.ხ.-მ განაცხადა, რომ ფიზიკურ და/ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე მუსლიმური სკოლის გახსნის წინააღმდეგი იყო და რომ მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება მანამ, სანამ მომჩივნები არ შეწყვეტდნენ სამუშაოებს. მეოთხე მომჩივანი, რომელიც ასევე გამოიკითხა ინციდენტთან დაკავშირებით, ჩიოდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ხელს უშლიდა მათ სკოლაში სარემონტო სამუშაოების ჩატარებაში და რომ მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მან აღნიშნა, რომ უფრო ადრე, იმავე დღეს მათ პოლიციას სთხოვეს ჩარევა სიტუაციის დეესკალაციის მიზნით. იმის აღნიშვნის მიუხედავად, რომ ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ადგილი არ ჰქონია, მეოთხე მომჩივანმა პოლიციას სთხოვა, რომ დახმარებოდა მათ შენობაში დაგეგმილი სამუშაოების გაგრძელებაში.

  1. 2014 წლის 10 სექტემბრის ინციდენტი

14. 2014 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 13 საათზე, სკოლის წინ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ღორი დაკლეს და მისი თავი, რომლიდან სისხლი წვეთავდა, სკოლის შემოსასვლელის კარზე, ლურსმნით მიამაგრეს. შენობის წინ დიდი ლითონის ჯვარიც დაამაგრეს. სამეზობლოდან საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვინმე ჟ.რ.-მ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მუსლიმური სკოლის წინ ღორი დაკლეს, რადგან მუსლიმებს სძულდათ ღორები. იმავე დღეს, მეშვიდე მომჩივანმა შეიტანა საჩივარი ადგილობრივ პოლიციაში ზემოაღნიშნულ ინციდენტზე მითითებით და ასევე აღნიშნა, რომ მან მიიღო მუქარა სკოლის შენობის გადაწვასთან და განადგურებასთან დაკავშირებით (იხ., ქვემოთ, 16-37 პუნქტები).

  1. 2014 წლის 15 სექტემბრის ინციდენტი

15. საქმის მასალების მიხედვით, 2014 წლის 15 სექტემბრისთვის დაგეგმილი სკოლის გახსნა ჩაიშალა. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სკოლის შენობის შესასვლელთან ბარიკადები მოაწყვეს, ძველი საბურავების და ხის ფიცრების გამოყენებით და არ აძლევდნენ მოსწავლეებს შესვლის უფლებას, ხოლო ისინი, ვინც უკვე შიგნით იყვნენ, მეხუთე მომჩივნის ჩათვლით, ჩაკეტილნი იყვნენ იქ და ვერ გამოდიოდნენ. საპროტესტო აქციაში მონაწილეების უმეტესობა დაახლოებით ორი საათის შემდეგ დაიშალა, თუმცა დაახლოებით ათი ადამიანი მაინც დარჩა შენობის შესასვლელის გასაკონტროლებლად.

  1. მომჩივნების მიერ წამოწყებული საქმისწარმოება
    1. სისხლის სამართლის პროცესი

16. 2014 წლის 10 სექტემბერს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის შესაბამისად (მუქარა) მეშვიდე მომჩივნის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ მან მიიღო მუქარის შემცველი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლის შენობას გადაწვავდნენ და გაანადგურებდნენ. მეშვიდე მომჩივანმა, რომელიც იმავე დღეს გამოიკითხა, დეტალურად ახსნა ის მოვლენები, რომლებიც მოჰყვა ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე მუსლიმური სკოლა-პანსიონის გახსნის გადაწყვეტილებას, მათ შორის, მოიხსენია ის სავარაუდო მუქარა და შეურაცხყოფა, რომელიც მის მიმართ გამოიჩინა ადგილობრივმა მოსახლეობამ. მისი განცხადების თანახმად, ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო საპროტესტო აქცია მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ არსებობდა მუსლიმური სკოლის გახსნის გეგმა. მან აღნიშნა, რომ მათი აგრესიული ქცევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, მას არაერთხელ მოუწია ადგილობრივი პოლიციისთვის დახმარების თხოვნით მიმართვა. დაუზუსტებელი თარიღისთვის, დაახლოებით აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში, სკოლის შენობის წინ საპროტესტო აქციები მოეწყო და ხალხმა დაიწყო მის მიმართ მუქარების გამოთქმა, რომ გადაწვავდნენ სკოლის შენობას. 2014 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ის და ნ.ბ. წავიდნენ სკოლაში და დაინახეს, რომ ღორის თავი, საიდანაც სისხლი წვეთავდა, სკოლის შესასვლელ კარზე იყო ლურსმნით მიმაგრებული და სისხლი მიწაზე იღვრებოდა. მეშვიდე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მას ეშინოდა და არ გრძნობდა თავს უსაფრთხოდ, რადგან მას უკვე ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ესმოდა უწყვეტი მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ის ასევე ჩიოდა, რომ მას ხელი შეუშალეს იმაში, რომ სკოლა მიეერთებინა ქობულეთის საკანალიზაციო სისტემასთან. მისთვის დასმულ შეკითხვაზე პასუხად მან აღნიშნა, რომ სკოლა, როგორც მოსამზადებელი საგანმანათლებლო დაწესებულება, კანონის მიხედვით არ საჭიროებს რაიმე ლიცენზიას და მისი გახსნა 2014 წლის 15 სექტემბერს იყო დაგეგმილი.

17. 2014 წლის 10 სექტემბერს, გასაუბრებისას ნ.ბ.-მ დაადასტურა, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს იგი მივიდა სკოლის შენობაში მეშვიდე მომჩივანთან ერთად და დაინახა ღორის თავი, რომელიც ლურსმნით იყო მიმაგრებული შენობის შესასვლელ კარზე.

18. 2014 წლის 11 სექტემბერს გამომძიებელმა შეისწავლა შემთხვევის ადგილი ექსპერტისა და მესამე მომჩივნის მონაწილეობით. პოლიციის მიერ შედგენილი შემდგომი დასკვნის მიხედვით, შენობის შესასვლელთან მოჩანდა საბურავები და ხის ფიცრები. გარდა ამისა, სკოლა-პანსიონის შესასვლელთან აღმოჩენილი იყო მოწითალო ლაქები, ასევე ჩაქუჩით მიჭედებული ლურსმნები შესასვლელ კარზე. დასკვნის თანახმად, თავად შენობაში შეჭრა არ მომხდარა და შესაბამისად შენობის შიგნით დაზიანება არ გამოვლენილა.

19. 2014 წლის 12 სექტემბერს გამოიკითხა მესამე მომჩივანი. მისივე თქმით, ის იყო ხოჯა, ისლამის მიმდევარი, რომელიც მასწავლებელი უნდა ყოფილიყო ქობულეთის ახალ მუსლიმურ სკოლაში. ღორის თავთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ მან შეიტყო ტელევიზიიდან. იმავე დღეს იგი წავიდა სკოლაში, მაგრამ არ შეუშვეს შენობაში და ამიტომ ის წავიდა. მისი ჩვენების თანახმად, კიდევ ერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი 2014 წლის 12 სექტემბერს, როდესაც იგი შეესწრო სკოლის გახსნასთან დაკავშირებულ სიტყვიერ დაპირისპირებას თ.ი.-ს, ადგილობრივი მუსლიმი თემის კიდევ ერთ წევრსა და სკოლის წინ მდგომ რამდენიმე ადგილობრივ მაცხოვრებელს შორის. მესამე მომჩივანი თ.ი.-ს გაჰყვა პოლიციის განყოფილებაში მომხდარის შესატყობინებლად.

20. იმავე დღეს თ.ი. გამოკითხეს. მან დაადასტურა 2014 წლის 10 სექტემბრის მოვლენები. რაც შეეხება 2014 წლის 12 სექტემბრის ინციდენტს, მან განაცხადა, რომ მისთვის არ მიუყენებიათ რაიმე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

21. 2014 წლის 12 სექტემბერს მეოთხე მომჩივანი გამოკითხეს. მან კვლავ გაიმეორა ადრინდელი ბრალდება და აღნიშნა, რომ ღორის თავთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შესახებ მან შეიტყო მესამე მომჩივნისგან. ის ამტკიცებდა, რომ მას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და, ასევე, ემუქრებოდნენ.

22. 2014 წლის 11-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში ლერმონტოვის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის ოთხმოცდაექვსი მაცხოვრებელი გამოიკითხა. იმის აღნიშვნის მიუხედავად, რომ მათ არაფერი ჰქონდათ მუსლიმური რელიგიის საწინააღმდეგო, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს ტერიტორია ძირითადად მართლმადიდებელი ქრისტიანებით იყო დასახლებული და ამიტომ, არ იყო საჭირო იქ მუსლიმური სკოლის გახსნა. გარდა ამისა, მათ არ სურდათ სკოლიდან გამოსული ხმაური და ლოცვა მათთვის ხელისშემშლელი ყოფილიყო ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყველა მცხოვრებმა უარყო სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებები და სანაცვლოდ ჩიოდა, რომ ზოგიერთი მომჩივანი, თითქოს შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ემუქრებოდა პოლიციით. რაც შეეხება ღორის თავთან დაკავშირებულ ინციდენტს, ზოგიერთმა გამოკითხულმა განაცხადა, რომ მათ შენიშნეს ღორის თავი საპროტესტო აქციის ბოლოს, როდესაც სახლში ბრუნდებოდნენ, ზოგი კი ამტკიცებდა, რომ მომხდარის შესახებ შეიტყვეს სატელევიზიო რეპორტაჟებიდან.

23. 2014 წლის 10 ოქტომბერს მომჩივნების კანონიერმა წარმომადგენელმა წერილობით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს მთავარ პროკურორს და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ქობულეთში მუსლიმური სკოლის გახსნასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესახებ, სადაც ის ჩიოდა, რომ პოლიციის რეაგირება უშედეგო იყო. იგი ამტკიცებდა, რომ პოლიციამ ვერ შეძლო მომჩივნების მიმართ დისკრიმინაციული ძალადობის აღკვეთა და უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში მათი სხვადასხვა უფლებები ირღვეოდა. მან მოითხოვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მიეღო ზომები სკოლის გახსნისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად; სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ჩაეტარებინა მოკვლევა, ძალადობის შემთხვევების მიმართ ცალკეული პოლიციელების საპასუხო მოქმედება იყო თუ არა ადეკვატური და 2014 წლის 10 სექტემბრის ძალადობის შემთხვევები და შემდგომი მოვლენები გამოძიებული ყოფილიყო ეფექტიანად. მისი მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მომჩივნების კანონიერმა წარმომადგენელმა, სხვა საკითხებთან ერთად, წარადგინა მესამე და მეხუთე მომჩივნის დეტალური ჩვენებები. 2014 წლის 22 დეკემბერს მომჩივანთა კანონიერმა წარმომადგენელმა გაგზავნა დამატებითი საჩივარი, რომლითაც, კერძოდ, მას უნდა გამოერკვია, დაიწყო თუ არა სისხლის სამართლის გამოძიება პოლიციის არასათანადო მოქმედებასთან დაკავშირებით. მან ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული პოლიციელების მხრიდან უმოქმედობა, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციად რელიგიური ნიშნით. ვინაიდან, ამაზე პასუხი არ მიუღია, პოლიციის უმოქმედობასთან დაკავშირებით მან კიდევ ორი საჩივარი შეიტანა 2015 წლის 18 თებერვალსა და 23 აპრილს. ეს საჩივრები შეიცავდა მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მერვე მომჩივნების დეტალურ ჩვენებებს სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების შესახებ, რომელიც მათ მიმართ სავარაუდოდ გამოიჩინეს შესაბამისი დროის განმავლობაში.

24. 2015 წლის მაისში ცალკეული მომჩივნები გამოიკითხნენ იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც განვითარდა სკოლის გარშემო 2014 წლის სექტემბერში. 2015 წლის 21 მაისის ჩვენებაში მეხუთე მომჩივანმა აღნიშნა, რომ ღორის თავთან დაკავშირებული 10 სექტემბრის ინციდენტის შესახებ მან სატელევიზიო რეპორტაჟებიდან შეიტყო. რაც შეეხება 2014 წლის 15 სექტემბერს სკოლის გახსნას, მან განაცხადა, რომ სკოლის გახსნა ჩაიშალა იმის გამო, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები შენობის გარეთ გამოთქვამდნენ პროტესტს. მათ ძველი საბურავებითა და სხვადასხვა ხის კონსტრუქციებით გადაკეტეს სკოლის შესასვლელი და არავის აძლევდნენ იქ შესვლის უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეების უმეტესობა, მისი ჩვენების თანახმად, დაახლოებით ორ საათში დაიშალა, ათამდე ადამიანი მაინც დარჩა იქ სკოლის შესასვლელის გაკონტროლების მიზნით. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მეხუთე მომჩივანს მიეცა უფლება ადგილობრივი მაცხოვრებლების თანხმობით შესულიყო სკოლის შენობაში და იქ დაეძინა. მან გაიხსენა, რომ ერთხელ მას ბრალი დასდეს თურქულ ექსპანსიაში მონაწილეობაში (იმის გამო, რომ სკოლა, სავარაუდოდ, თურქი ბიზნესმენის საკუთრება იყო) და უთხრეს, რომ ქრისტიანულ მხარეში მუსლიმური სკოლა-პანსიონის ადგილი არ იყო. მან ასევე გაიხსენა, რომ სკოლის შენობის წინ გაჩერებულ მანქანაში მყოფმა სამმა კერძო პირმა ტერიტორიის დატოვება უბრძანა. მეხუთე მომჩივანმა დაადასტურა თავის ჩვენებაში, რომ 2014 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით, პოლიცია პერიოდულად პატრულირებდა ტერიტორიაზე, მაგრამ ისინი არასოდეს ჩარეულან ადგილობრივი მოსახლეობის მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესაჩერებლად.

25. მერვე მომჩივნის თქმით, რომელიც გამოიკითხა 2015 წლის 28 მაისს, ის იყო ხოჯა, ისლამის მიმდევარი, რომელიც მონაწილეობდა სკოლის გახსნისთვის შენობის მომზადებაში 2014 წლის 15 სექტემბერს. იგი ქობულეთში 2014 წლის 10 სექტემბერს ჩავიდა. 2014 წლის 11 სექტემბერს მერვე მომჩივანი წავიდა სკოლაში, მაგრამ შენობაში შესვლაში ხელი ჟ.კ.-მ შეუშალა, რომელმაც უთხრა მას, რომ ის იყო „თურქი“ და რომ იქ მათი ადგილი არ იყო. მომდევნო თორმეტი დღის განმავლობაში იგი დარჩა და ეძინა სკოლაში. შესაბამისი პერიოდის განმავლობაში ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებმაც მოაწყვეს ბარიკადები სკოლის შესასვლელთან, აკონტროლებდნენ ტერიტორიაზე მისასვლელ გზას და წყვეტდნენ, ვინ შესულიყო სკოლაში ან ვინ გასულიყო სკოლიდან. ასევე, პოლიციაც პატრულირებდა; თუმცა, მას არ მიუღია ზომები ბარიკადების მოსახსნელად. მერვე მომჩივანმა აღნიშნა, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა პოლიციელებს უწოდეს „თათრები“ (თათარი  ტერმინი, რომელიც მომჩივნის მტკიცებით იყო წარმოთქმული, როგორც შეურაცხმყოფელი გამოთქმა, რომელიც გამოხატავდა, რომ მაჰმადიანური რწმენა შეუთავსებელი იყო მათ ქართველობასთან) და „თურქული ექსპანსიის“ მონაწილეები და უთხრეს, რომ წასულიყვნენ. მან ასევე გაიხსენა, რომ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, მას და მეორე მომჩივანს აკრძალული ჰქონდათ საკვების ყიდვა მეზობელ სასურსათო მაღაზიაში იმ მიზეზით, რომ მაღაზია ადგილობრივებს ეკუთვნოდათ და ისინი კი მუსლიმები იყვნენ და უნდა დაეტოვებინათ ტერიტორია; შენობის გარეთ მყოფებს კი აკრძალული ჰქონდათ მათთვის საკვების მიტანა. ასევე, მოხდა ინციდენტი მეორე მომჩივანთან, რომელსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სკოლის გარეთ.

26. მეორე მომჩივნის მიერ მიცემული ჩვენების შესაბამისად, რომელიც ასევე გამოიკითხა 2015 წლის 28 მაისს, ის იყო მუსლიმი და 2011-12 წლებში მუშაობდა საქართველოს ერთ-ერთ მუსლიმურ სკოლა-პანსიონში. ის ქობულეთში 2014 წლის 11 სექტემბერს წავიდა მას შემდეგ, რაც სატელევიზიო რეპორტაჟს უყურა ღორის თავთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ. მან გადაწყვიტა, რომ დარჩენილიყო სკოლაში მეხუთე და მერვე მომჩივანთან ერთად და დახმარებოდა სკოლის გახსნისთვის მზადებაში. საერთო ჯამში, მეორე მომჩივანი იქ დაახლოებით ათი დღე დარჩა, ამ პერიოდის განმავლობაში კი სკოლის შენობის შესასვლელს ადგილობრივი მოსახლეობა აკონტროლებდა. ეს უკანასკნელები გამოთქვამდნენ სხვადასხვა დისკრიმინაციულ მოსაზრებებს, მათ შორის: „ჩვენ არ გვჭირდება რელიგია უცხოური ფულით“ და რომ მომჩივნები იყვნენ „თათრები“ და უნდა დაეტოვებინათ ტერიტორია. მან დაადასტურა მერვე მომჩივნის ჩვენება სკოლაში საკვების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, მათ შორის, სასურსათო მაღაზიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. მან, ასევე, გაიხსენა კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც რელიგიის გამო მას შეურაცხყოფა მიაყენა ტერიტორიაზე მყოფმა სხვადასხვა პირმა. მან დაადასტურა, რომ პოლიცია იმყოფებოდა იმ რაიონში, მაგრამ არ ერეოდა მოვლენებში.

27. 2015 წლის 30 მაისს პოლიციამ ხელახლა გამოჰკითხა მეოთხე მომჩივანი, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ ხელმძღვანელი. მისი თქმით, 2014 წლის 10 სექტემბრამდე სკოლის შესასვლელთან ბარიკადები არ ყოფილა, თუმცა ყოველ ჯერზე, როცა ხალხი სკოლის შენობაში შედიოდა, ადგილობრივი მოსახლეობა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მან აღნიშნა, რომ არაერთხელ მიმართა პოლიციას დახმარების თხოვნით, თუმცა ეს უშედეგოდ დასრულდა; პოლიციას არ მოუხსნია ბარიკადები და არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ მომჩივნები შენობაში შეუფერხებლად შესულიყვნენ. პოლიციამ მას განუცხადა, რომ თუ ფიზიკური დაპირისპირება არ ხდებოდა, ისინი ვერ ჩაერეოდნენ. საბოლოოდ, მისი ჩვენების თანახმად, მომჩივნები აიძულეს დაეხურათ სკოლის შენობა 2015 წლის იანვარში. მისთვის დასმული კითხვის პასუხად, მეოთხე მომჩივანმა დაადასტურა, რომ მასზე არასდროს მომხდარა ფიზიკური თავდასხმა, მაგრამ უწევდა მუდმივი სიტყვიერი შეურაცხყოფის ატანა მისი რელიგიის გამო. მან ასევე დაადასტურა, რომ სკოლა კვლავ დახურული იყო, სკოლის შესასვლელი კარი ჩაკეტილი იყო და რომ თავს უმწეოდ გრძნობდა, რადგან პოლიციას არაფერი გაუკეთებია ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან აგრესიასა და ძალადობასთან დასაპირისპირებლად.

28. მესამე მომჩივანმა მისცა მსგავსი ჩვენება, რომელშიც აღწერილი იყო 2014 წლის 10 სექტემბერს და შემდგომ მომხდარი მოვლენები. მან დაადასტურა, რომ სკოლაში შესასვლელი ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაკეტა და პოლიციას არაფერი გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. რამდენიმე შემთხვევაში, გამპროტესტებელ პირებთან დაპირისპირების ნაცვლად, მან უბრალოდ წასვლა არჩია. მან ასევე გაიხსენა რელიგიურ ნიადაგზე მათ მიმართ სხვადასხვა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომლის გაძლებაც მათ უწევდათ; პირადად მას თურქს უწოდებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თუ ქართველი იყო, მას ეკლესიაში უნდა ევლო. მესამე მომჩივანმა განაცხადა, რომ იგი თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა ასეთი ტიპის შენიშვნების გამო.

29. 2015 წლის ივნისის დასაწყისში სკოლასთან დაკავშირებით ახალი ინციდენტი მოხდა. მეხუთე მომჩივნის და ვინმე გ.დ.-ის ინფორმაციის თანახმად, სკოლის შენობის მესამე სართულის ფანჯარა იქნა დაზიანებული. პირველად, მათ ეგონათ, რომ ფანჯარა უბრალოდ გატეხილი იყო, თუმცა, 2015 წლის 2 ივნისს მეშვიდე მომჩივანმა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და მიწაზე აღმოაჩინა ტყვიის მსგავსი, ლითონის ორი ფრაგმენტი.

30. 2015 წლის 11 და 15 ივნისს გამომძიებელმა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ამოიღო ტყვიის მსგავსი ლითონის ორი ფრაგმენტი. მან ასევე შენიშნა მესამე სართულზე დაზიანებული ხის კარი. დაინიშნა სასამართლო ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ სკოლის შენობის ფანჯრისა და კარისთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 11.28 ლარი (დაახლოებით 4 ევრო), ხოლო შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ლითონის ფრაგმენტები პნევმატიკური შაშხანის ჰილზები იყო და არ წარმოადგენდა საბრძოლო მასალის ფრაგმენტებს.

31. საქმე გადაეცა ახალ გამომძიებელს, რომლის თარიღი დაუზუსტებელია. 2017 წლის 7 აპრილს გამოიკითხა ძველი გამომძიებელი. მის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, 2014 წლის 10 ოქტომბერს, როდესაც იგი წავიდა სკოლის შენობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის შესამოწმებლად, შესასვლელი დაბლოკილი არ იყო და არც ქუჩაში იყო ბარიკადები.

32. 2017 წლის 6-დან 15 აპრილამდე პერიოდში ხუთი პოლიციელი გამოიკითხა 2014 წლის 10 სექტემბრის ინციდენტთან და შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით. ოთხმა მათგანმა განაცხადა, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს წავიდნენ ლერმონტოვის ქუჩაზე, თუმცა ქუჩა არ იყო გადაკეტილი და ვერ შეამჩნიეს ვერანაირი ბარიკადები. არც ერთ მათგანს არ უნახავს სკოლის შენობაზე მიჭედებული ღორის თავი და არც ერთი მათგანი არ შესწრებია რაიმე დაძაბულობას. ორმა მათგანმა აღნიშნა, რომ მათ შეიტყვეს ინციდენტის შესახებ იმავე საღამოს გასული სატელევიზიო რეპორტაჟიდან. ოთხიდან ორმა გამოკითხულმა პოლიციელმა განაცხადა დამატებით, რომ ისინი პატრულირებდნენ ტერიტორიაზე 2014 წლის 17 და 19 სექტემბერს და მათ არ შეუმჩნევიათ რაიმე განსაკუთრებული და არც არავინ მისულა მათთან დახმარების თხოვნით.

33. უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მონიტორინგს უწევდა მოვლენებს და 2014 წლის სექტემბერში სამჯერ მივიდა ტერიტორიაზე, გამოიკითხა 2017 წლის აპრილში; ასევე, გამოკითხულ იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

34. 2019 წლის 5 თებერვალს პროკურორმა გამოიტანა გადაწყვეტილება სავარაუდო დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ, რაც ნიშნავდა, რომ 151-ე მუხლი (მუქარა) უნდა შეცვლილიყო156-ე მუხლით (რელიგიური ნიშნით დევნა).

35. 2019 წლის 8 თებერვალს, მათი განმეორებითი მოთხოვნის საპასუხოდ, ბრალდების მხარემ აცნობა მომჩივნებს, რომ არ არსებობდა რომელიმე მათგანისთვის დაზარალებულის პროცედურული სტატუსის მინიჭების კანონიერი საფუძველი. მათ ასევე უთხრეს, რომ პოლიციელების მიმართ ბრალდებები სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით არ დადასტურდა. მომჩივნების შემდგომი საჩივრები ზემდგომი პროკურორისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინაშე, შესაბამისად, 2019 წლის 28 მარტსა და 22 აპრილს, არ იქნა მიღებული.

36. ამავდროულად, 2019 წლის 13 თებერვალს მეშვიდე მომჩივანი ხელახლა გამოიკითხა. მისი წინა ჩვენების დადასტურებისას მან აღნიშნა, რომ თავად არ შესწრებია ღორის თავთან დაკავშირებულ ინციდენტს და არ იცოდა ვინ მონაწილეობდა მასში. მან ასევე არ იცოდა, ვინ იყო პასუხისმგებელი სკოლის შესასვლელის გადაკეტვასა და ბარიკადების აღმართვაზე. მან ადგილობრივ მოსახლეობასთან სიტყვიერი შელაპარაკების ერთი კონკრეტული შემთხვევა გაიხსენა, თუმცა მათი ვინაობა ვერ დაასახელა. მეშვიდე მომჩივანმა მისთვის დასმული კითხვის პასუხად დაადასტურა, რომ სკოლა არასოდეს გახსნილა.

37. 2020 წელს ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო ღონისძიებები, კერძოდ, ლერმონტოვის ქუჩიდან რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის დაკითხვა და ღორის თავთან დაკავშირებული ინციდენტის ვიდეოთი გადაღებული მასალის შემოწმება. საქმის მასალებში არსებული ინფორმაციის თანახმად, ცალკეული მომჩივნები, თავიანთი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, რეგულარულად აჟღერებდნენ მათ საჩივრებს პროკურატურაში, რომ მათ მიმართ დისკრიმინაციული ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტები და ამ ფაქტებთან დაკავშირებით პოლიციის არასათანადო ქმედებებზე მათი საჩივრის გამოძიება იყო არაადეკვატური. ბევრი მათი საჩივარი და მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა. გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს.

  1. მოკვლევა ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ

38. 2014 წლის 6 ოქტომბერს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას სთხოვა ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე 2014 წლის 10, 15 და 16 სექტემბერს მომხდარი ინციდენტების გარემოებების შესწავლა და პოლიციელების მოქმედებების გამოძიება, რომლებიც, როგორც ჩანს, იმყოფებოდნენ ტერიტორიაზე, მაგრამ არასათანადოდ მოქმედებდნენ. 2014 წლის 10 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატს აცნობეს, რომ შიდა მოკვლევით არ გამოვლენილა დისციპლინური გადაცდომა რომელიმე პოლიციელის მხრიდან.

  1. სამოქალაქო ანტიდისკრიმინაციული სამართალწარმოება

39. 2014 წლის 9 ნოემბერს პირველმა, მესამე, მეხუთე და მეექვსე მომჩივნებმა აღძრეს სამოქალაქო სამართალწარმოება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამი ფიზიკური პირის, ჟ.რ.-ს, ა.კ.-ს და ზ.რ.-ს მიმართ. მათ მოითხოვეს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაევალებინა მოპასუხე მხარეებისთვის შეეწყვიტათ მომჩივნების მიმართ დისკრიმინაციული ქმედებები და დაეშვათ ქობულეთში მუსლიმური სკოლა-პანსიონის გახსნა. კონკრეტულად, მათ მოითხოვეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოეხსნა ბარიკადები, მოეხდინა შენობაში უსაფრთხო და თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფა და ადგილობრივი მუსლიმი თემის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის, იძულების და მუქარის ყველა ინციდენტის აღკვეთა. მომჩივნებმა მოითხოვეს სიმბოლური თანხა 1 ლარი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

40. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 7 ივლისს პირველი ინსტანციის მოსამართლემ სამართალწარმოების მხარეების მონაწილეობით ჩაატარა ადგილობრივი დათვალიერება.‑ დათვალიერების ოქმის მიხედვით, შენობის შესასვლელი საბურავებით იყო გადაკეტილი და შენობის წინ დიდი ჯვარი იყო დამაგრებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სამინისტროს პასუხისმგებლობაში არ შედიოდა კერძო საკუთრებაში აღმართული ბარიკადების მოხსნა.

41. 2016 წლის 19 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მომჩივნების სარჩელი სამი ფიზიკური პირის მიმართ. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სკოლის გახსნას, რომელიც დაგეგმილი იყო 2014 წლის 15 სექტემბერს, ხელი შეუშალა ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მოსახლეობამ.‑ მან დადგენილად მიიჩნია, რომ ღორი ადგილზე დაკლეს და მისი სისხლიანი თავი სკოლის შესასვლელ კარზე მიამაგრეს 2014 წლის 10 სექტემბერს. ამ დღიდან მოყოლებული, ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის, სამი ფიზიკური მიერ, შეიქმნა მუდმივი საკონტროლო პუნქტები, რათა გაეკონტროლებინათ მუსლიმების გადაადგილება მეზობელ ტერიტორიაზე და შეეზღუდათ მათი შესვლა სკოლაში. 2014 წლის 15 სექტემბერს შენობასთან მისასვლელი გადაკეტილი იყო ხის ბარიკადებით და საბურავებით. შენობაში მყოფები შიგნით იყვნენ გამოკეტილნი, სკოლის გახსნაზე მისული მოსწავლეები კი შენობაში არ შეუშვეს. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, პროტესტის მონაწილეები აკონტროლებდნენ შენობაში შესასვლელს, აძლევდნენ ან არ აძლევდნენ ხალხს იქ შესვლის უფლებას. 2014 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, მხოლოდ მეხუთე მომჩივანს მისცეს შესვლის უფლება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბარიკადები კვლავ ადგილზე იყო მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგაც და რომ მომჩივნები საბოლოოდ იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ შენობა. სამი ფიზიკური პირის ქცევისა და ინდივიდუალური ჩვენებების შესწავლის შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ მათი დამოკიდებულება იყო ისლამოფობიური.

42. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს ღორის თავთან დაკავშირებული ინციდენტის დროს პოლიცია ადგილზე არ იმყოფებოდა და მან ტერიტორიაზე რეგულარული პატრულირება დაიწყო 2014 წლის 15 სექტემბერს. შემდგომ პერიოდში პოლიციისთვის არასოდეს მიუმართავთ დახმარების თხოვნით. უფრო მეტიც, ისინი არ შესწრებიან არც ერთ არეულობას ან ძალადობის შემთხვევას. ასეთ ვითარებაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა პოლიციის მიერ მისი მოვალეობის შეუსრულებლობას. უფრო მეტიც, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომ მათ ვერ იმოქმედეს შესაძლო დისკრიმინაციული მოტივის გამო. ამასთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით, შენობის დაწვის ან/და განადგურების მუქარის ბრალდებებთან დაკავშირებით; რომ უკვე ჩატარდა საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის ასზე მეტი მოწმის დაკითხვა; და რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ გამოძიება გაჭიანურდა ან სხვაგვარად შეფერხდა მომჩივნების რელიგიის გამო.

43. ბოლოს, სასამართლომ დაადგინა, რომ სამი ფიზიკური პირი, როგორც დომინანტური რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები, თვითნებურად ჩაერივნენ მომჩივნების რელიგიურ უფლებებში და ხელი შეუშალეს მათ მუსლიმური სკოლა-პანსიონის გახსნაში. მათ ასევე დაარღვიეს პირველი მომჩივნის უფლება მისი საკუთრებით თავისუფალ სარგებლობასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რადგან ქობულეთის საკანალიზაციო სისტემასთან არ მოხდა სკოლის შენობის მიერთება, დაირღვა პირველი მომჩივნის საკუთრებით სარგებლობის უფლება. სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ქმედებების მოტივი იყო მომჩივნების რელიგია და დაავალა სამ შესაბამის პირს შეეწყვიტათ დისკრიმინაციული ქმედებები და აენაზღაურებინათ მოთხოვნილი მორალური ზიანი.

44. მომჩივნებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. 2016 წლის 29 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა განეცალკევებინა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული საქმისწარმოება და აღნიშნული საქმე მის ადმინისტრაციულ პალატას გადასცა. რაც შეეხება სამ ფიზიკურ პირთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას, იმავე დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად უცვლელი დატოვა. მან დაადასტურა, რომ მათი ქმედებების გამო, რომლებიც დისკრიმინაციული იყო რელიგიურ ნიადაგზე, მომჩივნებს არ შეეძლოთ მფლობელობაში ჰქონოდათ და თავისუფლად ესარგებლათ მათი საკუთრებით; მათ ასევე ხელი შეუშალეს, რომ სკოლა მიეერთებინათ ქობულეთის სახელმწიფო საკანალიზაციო სისტემასთან; მათი გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდა; ისინი გახდნენ ისლამოფობიური განცხადებების სამიზნე; დაბოლოს, მათი რელიგიის თავისუფლების უფლება დაირღვა იმის გამო, რომ მომჩივნებს არ შეეძლოთ მუსლიმური სკოლის გახსნა. 2017 წლის 16 ივნისს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მატერიალური სამართლის ნორმებზე დაყრდნობით სამი ფიზიკური პირის მიერ შეტანილი საჩივარი.

45. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ აღძრულ განცალკევებულ საქმეს, 2017 წლის 18 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, დაადასტურა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, მომჩივნების სარჩელი არცერთ ნაწილში არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს, როდესაც ღორის სისხლიანი თავი სკოლის შენობაზე მიამაგრეს, პოლიცია იქ არ იმყოფებოდა; რომ, რაც შეეხება 2014 წლის 15 სექტემბერს, პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა შესაძლო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად; და რომ ამ თარიღიდან და შემდგომ პოლიციისთვის არ მიუმართავთ ჩარევის მოთხოვნით. ზემოაღნიშნულისა და სხვა მასთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით, მან დაასკვნა, რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობები და რომ პოლიციის უმოქმედობა განპირობებული იყო დისკრიმინაციული საფუძვლით. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს სასწრაფო გამოძიება დაიწყო სავარაუდო ინციდენტის გარემოებების, მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე შესაძლო დისკრიმინაციის ბრალდებებთან დაკავშირებით. პროცესის მიმდინარეობის დროს ასზე მეტი მოწმე უკვე გამოკითხული იყო და ის ფაქტი, რომ გამოძიება ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, არ იყო საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ პასუხისმგებელი პირები იყვნენ მიკერძოებულები და რელიგიური ცრურწმენით მოტივირებულნი.

46. მომჩივნებმა გაასაჩივრეს და განაცხადეს, რომ მათი საჩივრის ძირითადი მიზანი ის იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ შეასრულა თავისი პოზიტიური ვალდებულებები მომჩივნების მიმართ რელიგიური მიკერძოების შედეგად. ისინი მიუთითებდნენ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც დადგინდა, რომ მომჩივნებმა განიცადეს რელიგიური დისკრიმინაცია კერძო პირების მხრიდან. ამ დასკვნის გათვალისწინებით, იცოდნენ რა, რომ პოლიცია შესაბამის დროს მოვლენების განვითარების ადგილზე იმყოფებოდა, მომჩივნებმა მიიჩნიეს, რომ პოლიციის პასუხისმგებლობის სრული უარყოფა განსახილველ მოვლენებთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, აუხსნელი იყო. მომჩივნები ასევე დავობდნენ, რომ საპროტესტო აქციები არ იყო მშვიდობიანი, რაც არ ექცეოდა ეროვნული და საერთაშორისო სამართლის დაცვის ფარგლებში; რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი დისკრიმინაციის შესახებ მათ ბრალდებებთან დაკავშირებით; და რომ მოვლენებიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ მათ კიდევ ვერ შეძლეს სკოლის გახსნა.

47. 2018 წლის 15 მარტს უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მომჩივნების საჩივარი. კერძოდ, სასამართლომ არ მიიჩნია სარწმუნოდ მომჩივანთა არგუმენტი პოლიციის რელიგიური მიკერძოებით მოტივირებული უმოქმედობის შესახებ. მან დაასკვნა, რომ პოლიციის მხრიდან არასაკმარისი რეაგირების ბრალდებების მიუხედავად, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ პრეტენზია უსაფუძვლო იყო. ამავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნები აგრძელებდნენ პოლიციისგან სკოლა-პანსიონის შეუფერხებელი გახსნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფის მოთხოვნას. ამასთან დაკავშირებით მან გადაწყვიტა საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსთვის, რათა ამ უკანასკნელს შეესწავლა სკოლასთან დაკავშირებული ახალი ფაქტობრივი გარემოებები და მიეღო ახალი გადაწყვეტილება.

48. 2019 წლის 12 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნების საჩივარი, პოლიციის მიერ სკოლა-პანსიონის შეუფერხებელი გახსნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ქობულეთის პოლიციას არ მიუღია რაიმე ინფორმაცია ან/და საჩივარი ქობულეთის სკოლა-პანსიონის ფუნქციონირების შესაძლო დაბრკოლების შესახებ. ასეთ გარემოებებში, სასამართლოში საქმის განხილვის მომენტში ვერ დადგინდა მომჩივნებისთვის სკოლა-პანსიონით სარგებლობის აღკვეთის ფაქტი.

49. მომჩივნების საჩივარი, სამართლის მატერიალურ ნორმებზე დაყრდნობით, უარყო უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 16 ივნისს. სასამართლომ თავიდანვე განსაზღვრა მის წინაშე არსებული საკითხის ფარგლები და აღნიშნა, რომ დისკრიმინაციული ნიშნით პოლიციის უმოქმედობასთან დაკავშირებული ბრალდება უკვე განხილული იყო 2014 წელს და არ დაკმაყოფილდა 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით. ამასთან დაკავშირებით მან გაიმეორა, რომ ტერიტორიის გეგმური პატრულირება მოცემულ გარემოებებში აღმოჩნდა საკმარისი და ადეკვატური და რომ არ ყოფილა ინფორმაცია არცერთი ინციდენტის შესახებ, რომელიც საჭიროებდა პოლიციის ჩარევას და/ან რომელსაც შეესწრო პოლიცია შესაბამისი დროის მონაკვეთში. უზენაესმა სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმის სასამართლოში განხილვისას მომჩივნებს არ შეუტანიათ არც ერთი საჩივარი და/ან მოთხოვნა პოლიციაში, მათი ჩარევის თხოვნით. შესაბამისად, საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პოლიცია ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, შეეჩერებინა სკოლა-ინტერნატის ფუნქციონირების მიმართ დაბრკოლების შექმნა.

  1. სახალხო დამცველის მიერ დაწყებული ადმინისტრაციული საქმისწარმოება

50. 2016 წლის 27 ივლისს პირველმა მომჩივანმა იჩივლა საქართველოს სახალხო დამცველთან ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და შპს „ქობულეთის წყლის“ მიერ ჩადენილი სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების შესახებ. საჩივრის თანახმად, 2014 წლის 26 ივნისს პირველმა მომჩივანმა გააფორმა ხელშეკრულება შპს „ქობულეთის წყალთან“, რომელიც არის მთლიანად ქობულეთის მუნიციპალიტეტის კუთვნილ საკანალიზაციო სისტემაზე პასუხისმგებელი კომპანია, ქობულეთში, ლერმონტოვის №13-ში მდებარე შენობის ქალაქის საკანალიზაციო სისტემასთან მიერთებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ პირველმა მომჩივანმა წინასწარ გადაიხადა სამუშაოებისთვის, შენობა არასოდეს მიუერთებიათ საკანალიზაციო სისტემასთან. პირველი მომჩივანი ამტკიცებდა, რომ კომპანიის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობა მუსლიმებისთვის ზიანის მიყენების შედეგი იყო. მან სთხოვა სახალხო დამცველს დისკრიმინაციის შესახებ კანონის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მისი უფლებამოსილების გამოყენება ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და შპს „ქობულეთის წყლისთვის“ რეკომენდაციების მისაცემად.

51. 2016 წლის 19 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გასცა რეკომენდაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ პირველი მომჩივანი დისკრიმინირებული იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და შპს „ქობულეთის წყლის“ მიერ მისი რელიგიური კუთვნილების ნიშნით. მან მოითხოვა შენობის დაუყოვნებლივ მიერთება საზოგადოებრივ საკანალიზაციო სისტემასთან, რათა სკოლას შესძლებოდა ფუნქციონირების დაწყება. რეკომენდაცია არ შესრულდა და 2017 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და შპს „ქობულეთის წყლის“ წინააღმდეგ მოთხოვნით, რომ მათთვის დაევალებინათ ქობულეთში, ლერმონტოვის №13-ში მდებარე შენობის მიერთების სამუშაოების ჩატარება ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩის №13 -ში მდებარე შენობის მისაერთებლად ქალაქის საკანალიზაციო სისტემასთან. 2018 წლის 8 მაისს პირველი მომჩივანი ჩაერთო საქმის წარმოებაში მესამე მხარის სახით. 2018 წლის 12 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის მოთხოვნა. სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 3 ივლისს კომპანიას ადგილობრივმა მართლმადიდებელმა მოსახლეობამ ხელი შეუშალა საჭირო სამუშაოების შესრულებაში. შემდგომ, მათ უარი განაცხადეს სამუშაოების ჩატარებაზე უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო. შპს „ქობულეთის წყლის“ შემდგომი საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ვადაგასულად მიიჩნია.‑ რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტს, მისი შემდგომი საჩივარი არ დააკმაყოფილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 10 ივლისს და შესაბამისად, 2021 წლის 18 მარტს. უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „ადგილობრივი რელიგიური კონფლიქტი“ არ შეიძლება იყოს საფუძვლიანი მიზეზი, რომ მუნიციპალიტეტმა უარი თქვას მისი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე.

52. საქმის მასალების მიხედვით, 2021 წლის 16 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც ქობულეთის მუნიციპალიტეტს მოეთხოვა სკოლის შენობის ქალაქის საკანალიზაციო სისტემასთან მიერთების უზრუნველყოფა. თუმცა, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღემდე არ აღსრულებულა.

შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკა

I. მოცემულ პერიოდში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი

53. სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ რელიგიაზე დაფუძნებული დისკრიმინაცია, სხვა საფუძვლებთან ერთად, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დამამძიმებელ გარემოებას.

54. სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ სიცოცხლის მოსპობის, ან ჯანმრთელობის დაზიანების, ან/და ქონების განადგურების მუქარა ისჯება სისხლის სამართლის წესით. დანაშაულისთვის კვალიფიკაციის მინიჭების პირობაა ის, რომ მსხვერპლს, მუქარის მიმღებ პირს, მისი სუბიექტური თვალსაზრისიდან გამომდინარე, მუქარა აღქმული უნდა ჰქონდეს რეალური მუქარის სახით.

55. სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის შესაბამისად, დევნა, მათ შორის, რელიგიის ნიშნით, არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაული.

  1. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი, რომელიც ამოქმედდა 2014 წლის 2 მაისს („დისკრიმინაციის კანონი“)

56. დისკრიმინაციის კანონის მე-6 ნაწილი საქართველოს სახალხო დამცველს აკისრებს ამავე კანონის დებულებების შესრულების ზედამხედველობის ფუნქციას. ამ მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, მათ შორის, რომ შეისწავლოს დისკრიმინაციის ბრალდებები, როგორც საკუთარი შუამდგომლობით, ასევე საჩივრის საფუძველზე, გასცეს შესაბამისი რეკომენდაცია ან/და ხელი შეუწყოს მოლაპარაკებების წარმოებას დავის მეგობრული გადაწყვეტისთვის. სახალხო დამცველს ასევე შეუძლია საჩივრები შეიტანოს სასამართლოებში, თუ მისი რეკომენდაციების დაცვა არ ხდება, მოითხოვოს ადმინისტრაციული აქტების გამოცემა ან/და გარკვეული აქტების აღსრულება.

57. დისკრიმინაციის შესახებ კანონის მე-10 პუნქტი უფლებას ანიჭებს პირს, რომელიც ექვემდებარება დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას, შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი (a) დისკრიმინაციული ქმედებების შეწყვეტის და/ან დისკრიმინაციისა და მისი შედეგების აღმოსაფხვრელად ზომების მიღების მოთხოვნით; და (b) მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

58. მთავრობამ წარმოადგინა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პრაქტიკის ოთხი მაგალითი. ოთხი შესაბამისი საქმიდან სამ მათგანში ეროვნულმა სასამართლოებმა დაავალეს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებს კომპენსაცია გადაეხადათ მომჩივნებისთვის იმ მატერიალური და მორალური ზიანის გამო, რომელიც მათ განიცადეს მათ მიმართ განხორციელებული სხვადასხვა დისკრიმინაციული ქმედებების გამო. მეოთხე საქმეში, ადგილობრივმა ორგანოებმა დაავალეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომელიც იეღოვას მოწმეებს საშუალებას აძლევდა გაეგრძელებინათ მათი სახლის მშენებლობა.

  1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

59. სამოქალაქო კოდექსის 1005(1)-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო მოხელის განზრახ ან გაუფრთხილებლობით გადაცდომის შედეგად ინდივიდისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ.

  1. სხვა შესაბამისი მასალა

60. 2015 წლის 8 დეკემბერს ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) მიიღო თავისი მეოთხე მოხსენება საქართველოს შესახებ (მონიტორინგის მეხუთე ციკლი), რომელიც მოიცავდა საქართველოში რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული სიტუაციის შეფასებას. ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) თავის მოხსენებაში მიუთითა 2014 წლის სექტემბერში ქობულეთში მომხდარი სხვადასხვა ინციდენტის გარემოებებზე და რეკომენდაცია გაუწია ხელისუფლებას, რომ დაეცვა რელიგიური და სხვა უმცირესობების უფლებები მოძალადე გამპროტესტებელი პირებისგან.

61. საქართველოს შესახებ 2019 წლის 7 მარტს მიღებულ მესამე მოსაზრებაში, „ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტმა“ (FCNM) აღნიშნა, რომ რელიგიურ უმცირესობებს მიკუთვნებული პირები კვლავ დგანან სპეციფიკური და სისტემური პრობლემების წინაშე.

სამართალი

I. კონვენციის მე-3, მე-8 და მე-9 მუხლების სავარაუდო დარღვევა, ცალკე აღებული და მე-14 მუხლთან ერთობლიობაში

62. კონვენციის მე-3, მე-8 და მე-9 მუხლებზე დაყრდნობით როგორც ცალკე, ისე მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, მომჩივნები (პირველი მომჩივნის გარდა) ჩიოდნენ სახელმწიფოს მიერ ადეკვატური ღონისძიებების გამოუყენებლობასთან დაკავშირებით, ბრბოს ქმედებებისგან, სიძულვილის ენისა და კერძო პირების მხრიდან სხვა დისკრიმინაციული ქმედებებისგან მათი დაცვის მიზნით, მუსლიმური პანსიონის გახსნის აკრძალვის კონტექსტში. ციტირებულ დებულებებში ნათქვამია შემდეგი:

მუხლი 3

„ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია.“

მუხლი 8

„1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება. . .

2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“

მუხლი 9

„1. ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას, აგრეთვე, თავისუფლებას იმისა, რომ ცალკე ან სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გაამჟღავნოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, ქადაგებით, წესებისა და რიტუალების აღსრულებით.

2. რელიგიის ან რწმენის გამჟღავნების თავისუფლება მხოლოდ იმ პირობით შეიზღუდება, თუ ასეთი შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“

მუხლი 14

[ამ] კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.“

  1. მისაღებობა
    1. მხარეთა მოსაზრებები

63. მთავრობამ განაცხადა, რომ რაც შეეხება 2014 წლის 10 სექტემბრის ინციდენტის წინა მოვლენებს, მომჩივნების საჩივრები მიუღებელი იყო დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების სრულად გამოუყენებლობის გამო, რადგან მათ ვერ გააჟღერეს თავიანთი შესაბამისი პრეტენზიები ვერც სისხლის სამართლის საჩივრების სახით და ვერც მათ მიერ ინიცირებული სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმისწარმოების კონტექსტში. მან ასევე მიიჩნია, რომ საჩივრები წარდგენილი იყო ექვსთვიანი ვადის დარღვევით, რომელსაც ითვალისწინებდა კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტი. ის ასევე ამტკიცებდა, რომ მეორე, მეოთხე, მეშვიდე და მერვე მომჩივნებმა არ წამოიწყეს საქმისწარმოება სპეციალური ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის, კერძოდ, დისკრიმინაციის შესახებ კანონის მე-10 ნაწილის მიხედვით, როგორც ეს დანარჩენმა მომჩივნები განახორციელეს. მათ ასევე შეეძლოთ ეჩივლათ საქართველოს სახალხო დამცველთან დისკრიმინაციის შესახებ კანონის მე-6 ნაწილის საფუძველზე. რაც შეეხება მესამე, მეხუთე და მეექვსე მომჩივნებს, მათ განაცხადეს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ისინი ექვემდებარებოდნენ დისკრიმინაციულ მოპყრობას კერძო პირების მხრიდან და უბრძანეს სამ პასუხისმგებელ კერძო პირს მათთვის კომპენსაციის გადახდა მორალური ზიანის მიყენებისთვის. ასეთ გარემოებებში, რამდენადაც საქმე შეეხებოდა კერძო პირების მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობას, სიტუაცია გამოსწორდა. რაც შეეხება მათ საჩივრებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით, საჩივრები ნაადრევი იყო, რადგან სასამართლოში საჩივრის შეტანის მომენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ შესაბამისი ანტიდისკრიმინაციული საქმისწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.

64. მთავრობა ასევე ამტკიცებდა, რომ მომჩივნებმა არ შეიტანეს ადმინისტრაციული საჩივარი ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და შპს „ქობულეთის წყლის“ წინააღმდეგ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის მე-3 პუნქტისა და დისკრიმინაციის შესახებ კანონის მე-10 ნაწილის საფუძველზე; და რომ მათ ვერ აღძრეს სამოქალაქო საქმისწარმოება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის უმოქმედობის გამო მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. რაც შეეხება მომჩივნების საჩივარს სისხლის სამართლის გამოძიების სავარაუდო არაეფექტურობასთან დაკავშირებით, მთავრობის თანახმად, მათ ვერ შეიტანეს საჩივარი სათანადო დაჩქარებული წესით, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი ნაწილი.

65. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ მათ გამოიყენეს მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება დისკრიმინაციული ძალადობის შესახებ ბრალდებების გასაჟღერებლად და, შესაბამისად, ელოდნენ, რომ პოლიცია, რომელსაც მიეწოდა ინფორმაცია, ჩაატარებდა ყველა ინციდენტის გამოძიებას. მათ ასევე აღნიშნეს, რამდენადაც ეს ეხებოდა მათ საჩივრებს კერძო პირების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებასა და დისკრიმინაციულ ქმედებებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციამ ვერ შეძლო მათი დაცვა, რომ შესაბამისი მოვლენების სისხლის სამართლის გამოძიება იყო ყველაზე ადეკვატური და საკმარისი საკომპენსაციო საშუალება. ვინაიდან უფლებამოსილმა ორგანოებმა დაარწმუნეს ისინი, რომ მათ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა, არ შეიძლებოდა მათი გაკიცხვა იმის გამო, რომ ელოდნენ მის შედეგს სასამართლოში საჩივრის შეტანამდე. ამავე თვალსაზრისით, მათ უარყვეს მთავრობის არგუმენტი იმის შესახებ, რომ მესამე, მეხუთე და მეექვსე მომჩივნები აღარ იყვნენ სავარაუდო ძალადობის მსხვერპლნი იმის მტკიცებით, რომ ეფექტური სისხლის სამართლის პროცესის არარსებობის პირობებში, მათი საჩივრები არ შეიძლება ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად ეროვნულ დონეზე.

66. გარდა ამისა, მომჩივნების მოსაზრებით, ერთადერთი საშუალება, რომელიც მათ უნდა გამოეყენებინათ სასამართლოსთვის მიმართვამდე, იყო საკმარისად სწრაფი პრევენციული საშუალება, რომელიც აიძულებდა შესაბამის ორგანოებს მიეღოთ სასწრაფო ზომები მუსლიმური სკოლა-პანსიონის გახსნისა და მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. მორალური და/ან მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ წარმოადგენდა დაცვის ეფექტიან შიდასამართლებრივ საშუალებას, რადგან ვერ დაეხმარებოდა მათ სკოლის გახსნისა და ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფაში. ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და შპს „ქობულეთის წყლის“ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოებაც ვერ უზრუნველყოფდა საკმარის კომპენსაციას, რადგან მთავარი საკითხი იყო ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ შეაჩერა ადგილობრივი მოსახლეობის შემაფერხებელი და დისკრიმინაციული ქმედებები.

  1. სასამართლოს შეფასება

67. სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნებმა აღძრეს ‑სისხლის სამართლის, სამოქალაქო ანტიდისკრიმინაციული და ადმინისტრაციული საქმისწარმოება და რომ დაუშვებელია მათი გაკრიტიკება სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით იმის გამო, რომ არ ეცადნენ გამოეყენებინათ სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალება (იხ., სხვა წყაროებს შორის, „მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, N54217/16, § 52, 2021 წლის16 ნოემბერი; იხ., ასევეR.B. v. Hungary, No 64602/12, §§ 61-62, 2016 წლის 12 აპრილი; და Budinova and Chaprazov v.Bulgaria, No 12567/13, § 76, 2021 წლის 16 თებერვალი). სამოქალაქო ანტიდისკრიმინაციული და ადმინისტრაციული საქმისწარმოება დასრულდა მას შემდეგ, რაც მომჩივნებმა შეიტანეს საჩივარი სასამართლოში; რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმისწარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ მიმდინარეობს, როგორც ჩანს, მომჩივნები მოქმედებდნენ სათანადო წინდახედულებით, რათა დახმარებოდნენ გამოძიებას და ასევე, რათა გონივრულ ვადაში წარედგინათ საჩივრები სასამართლოში. ასეთ გარემოებებში მომჩივნების მიერ ადგილობრივ დონეზე დაწყებული სხვადასხვა საქმისწარმოების ხასიათისა და სტატუსის გათვალისწინებით, სასამართლო განუხილველად ტოვებს მთავრობის შუამდგომლობას მიუღებლობის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებები სრულად არ ყოფილა გამოყენებული და მომჩივანთა საჩივრები ნაადრევ და/ან დაგვიანებულ ხასიათს ატარებდა.

68. რაც შეეხება დანარჩენ შუამდგომლობას მიუღებლობის მოთხოვნით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მისი ამოცანა განსახილველ საქმეში არის იმის შემოწმება, შესაბამისი ორგანოების მოქმედება იმ სიტუაციის პასუხად, რომლისთვისაც მომჩივნები სამართლებრივ დახმარებას ითხოვდნენ, შეესაბამებოდა თუ არა კონვენციით გარანტირებულ პოზიტიურ ვალდებულებებს. ამ პერსპექტივიდან, მესამე, მეხუთე და მეექვსე მომჩივნების მიერ მათი მსხვერპლის სტატუსის შესაძლო დაკარგვის საკითხი ანტიდისკრიმინაციული საქმისწარმოების შედეგების საფუძველზე მჭიდროდ არის დაკავშირებული მათი საჩივრების არსთან. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საკითხი გათვალისწინებული იყოს საქმის არსებითად განხილვასთან ერთად. იგი ასევე მიიჩნევს, რომ საჩივარი არც აშკარად დაუსაბუთებელია კონვენციის 35‑-ე მუხლის მე-3 (a) პუნქტის მნიშვნელობით და არც მიუღებელია რაიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ის მისაღებად უნდა გამოცხადდეს იმ გადაწყვეტილებისთვის ზიანის მიუყენებლად, რომელიც საბოლოოდ უნდა იქნეს მიღებული გარემოებების მიხედვით განსჯადობაზე მთავრობის წინასწარ პრეტენზიებთან დაკავშირებით.

  1. არსებითი მხარე
    1. მხარეთა მოსაზრებები

69. ცალკეული მომჩივნების ძირითადი საჩივარი იყო ის, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო, კონვენციის მე-3, მე-8 და მე-9 მუხლებით, ცალკე აღებული ან მე-14 მუხლთან ერთობლიობაში გათვალისწინებული მისი პოზიტიური ვალდებულებების დარღვევით, ადგილობრივი გამპროტესტებლების მიერ მათ მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული ძალადობის აღკვეთა და შეჩერება. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ ისინი განიცდიდნენ მუდმივ შევიწროებას, რომელიც მოიცავდა სიტყვიერ აგრესიას და მუქარას ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანული თემის მხრიდან და მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, რომელიც მიმართული იყო მათი, როგორც მუსლიმური რელიგიის წარმომადგენლების წინააღმდეგ და კიდევ უფრო იყო გამწვავებული პოლიციის უმოქმედობის გამო, რაც მათში იწვევდა უმწეობის შეგრძნებას. ასეთმა მუდმივმა ძალადობამ შეაფერხა მათი ყოველდღიური ცხოვრება და გამოიწვია სტრესი და ტანჯვა ისეთ მნიშვნელოვან დონეზე, რომელიც აკმაყოფილებდა კონვენციის მე-3 და/ან მე-8 მუხლის მიხედვით გათვალისწინებულ ინტენსივობის დონეს. მათ განაცხადეს, რომ მთავრობა აკნინებდა მათი ბრალდებების წონას.

70. მომჩივნები ასევე ამტკიცებდნენ, რომ რელიგიური ნიშნით ძალადობისგან მათი დაუცველობით პოლიციამ ვერ უზრუნველყო მუსლიმური სკოლა-პანსიონის გახსნა და ფუნქციონირება. ისინი ამტკიცებდნენ, რომ პოლიციამ იცოდა, მაგრამ დაუშვა შეურაცხყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ადგილზე იმყოფებოდნენ 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ, ისინი მოქმედებდნენ, როგორც პასიური მოწმეები და არ ჩარეულან მოქმედებებში, რათა მოეხსნათ ბარიკადები ან დაერთოთ სკოლაში თავისუფალი შესვლის ნება და მიეცათ მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების უფლება. პოლიციის რეაქცია, რომელიც, მომჩივნების მტკიცებით, გამოწვეული იყო მათი რელიგიური შეხედულებით, არ აკმაყოფილებდა კონვენციით მოთხოვნილ სტანდარტს, რადგან ის არ აძლევდა მომჩივნებს სკოლის გახსნის უფლებას.

71. რაც შეეხება არსებული მდგომარეობის მოსაგვარებლად მათ მიერ განხორციელებულ სხვადასხვა მცდელობებს, მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ სისხლის სამართლის გამოძიება იყო ხარვეზიანი და არაეფექტური. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამპროტესტებლის ვინაობა ცნობილი იყო პოლიციისთვის და ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გაუთვალისწინებლობით, როგორიცაა ინციდენტების ვიდეოჩანაწერები, დღემდე ბრალი არ წაუყენებიათ მათთვის. წლების განმავლობაში მიმდინარე გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია, რაც ართმევს მას ყოველგვარ შემაკავებელ ეფექტს მომავალში მსგავსი ხასიათის დანაშაულების ჩადენის მიმართ. სამოქალაქო ანტიდისკრიმინაციული საქმისწარმოება, მომჩივნების თქმით, ასევე დაირღვა, რადგან ადგილობრივმა სასამართლოებმა არ მოახდინეს პოლიციის უმოქმედობის უკან მდგარი დისკრიმინაციული ნიშნით მიკერძოებულობის გამოვლენა. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას, რომელიც მათ სასარგებლოდ დასრულდა, სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება არასოდეს აღსრულებულა. ჯამში, არცერთი გამოყენებული სამართლებრივი დაცვის საშუალება არ გამოდგა ეფექტური პრაქტიკაში, რადგან სკოლა არასდროს გახსნილა.

72. მთავრობის მოსაზრებით, მოპყრობამ, რომლის შესახებაც ჩიოდა შვიდი მომჩივანი, არ მიაღწია სიმძიმის იმ მინიმალურ დონეს, რომელიც აუცილებელია კონვენციის მე-3 მუხლის გამოყენებისთვის. კერძოდ, ზოგადი ბრალდებები სიტყვიერი აგრესიის, დამცირების, მუქარისა და ფსიქოლოგიური სტრესის შესახებ, რომლებიც, როგორც მომჩივნებმა განაცხადეს, მათ განიცადეს განსახილველი პერიოდის განმავლობაში, მოჰყვა ორ კონკრეტულ ინციდენტს, რომლის დროსაც მოხდა ფიზიკური ძალადობის მუქარა, სკოლაში შესასვლელის ბლოკირება და ღორის სისხლიანი თავის ლურსმნით დამაგრება სკოლის შესასვლელ კარზე. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე და შეურაცხმყოფელი იყო, ბოლო ინციდენტი, მთავრობის აზრით, იზოლირებულ ხასიათს ატარებდა, რომელიც მოხდა მაშინ, როცა მუსლიმი თემის არცერთი წევრი არ იყო ადგილზე. რაც შეეხება სროლის ინციდენტს, მთავრობის აზრით, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რელიგიური ნიშნით ის მიმართული იყო კონკრეტულად მუსლიმი თემის მიმართ. მთავრობამ განსახილველი საქმე გამოყო რელიგიური ან რასობრივი ნიშნით სიძულვილთან დაკავშირებული მრავალი საქმისგან, რომლებშიც ფაქტობრივი ფიზიკური დაპირისპირების სიძულვილის ენასთან კომბინაციამ სასამართლო მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (იხ., საქმე Abdu v. Bulgaria, No 26827/08, § 39, 11 მარტი, 2014 წელი) და დაასკვნა, რომ ასეთი დაპირისპირების არარსებობის პირობებში, სიმძიმის მინიმალური დონე არ იყო მიღწეული.

73. ასევე, მან განაცხადა, რომ სავარაუდო ძალადობის ინციდენტები ჩადენილი იყო კერძო პირების მიერ და რომ არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ რომელიმე მომჩივანს ეჩივლოს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის თანამშრომლებმა იგი შეურაცხყვეს ან სხვაგვარი ზიანი მიაყენეს. გარდა ამისა, აღნიშნულ მდგომარეობაში გამოყენებული იქნა სამართლებრივი დაცვის საშუალებები, რამდენადაც მომჩივნების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა განხორციელდა კერძო პირების მხრიდან. რაც შეეხება პოლიციის პოზიტიურ ვალდებულებებს, შიდა სასამართლოების შესაბამის დასკვნებზე დაყრდნობით მთავრობის განცხადებით, მოვლენების განვითარების ადგილზე პოლიციამ გააკეთა ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ ფიზიკური დაპირისპირება. მთავრობამ აღნიშნა, რომ 2014 წლის 10 სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდე პერიოდში, პოლიცია რეგულარულად იმყოფებოდა ადგილზე და რომ შესაბამისი დროის განმავლობაში მომჩივნებს პოლიციისთვის არც ერთხელ მიუმართავთ დახმარების თხოვნით. გარდა ამისა, ეროვნულმა ორგანოებმა ადეკვატური რეაგირება მოახდინეს, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმისწარმოების დაწყების გზით. მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა საქმისწარმოების პირველი წლის განმავლობაში და ის ფაქტი, რომ იგი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, თავისთავად არ მეტყველებდა მის არაეფექტურობაზე.

74. ასევე, მთავრობა აღიარებდა კონვენციის მე-9 მუხლის მიხედვით პოზიტიური ვალდებულებების არსებობას, თუმცა მან უარყო ამ ვალდებულებების დარღვევა. მან აღნიშნა, რომ საქმე ეხებოდა, ერთი მხრივ, მომჩივნების უფლებას, თავისუფლად გამოეყენებინათ თავიანთი რელიგია სწავლების კონტექსტში, რაც გარანტირებულია კონვენციის მე-9 მუხლით და, მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებას, გამოხატვის თავისუფლებასა და მშვიდობიან შეკრებასთან დაკავშირებით, რომლებიც კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებით არის გათვალისწინებული. პროტესტების მიზეზი, მთავრობის განცხადებით, იყო არა მუსლიმური რელიგიის მიმართ შეუწყნარებლობა, არამედ ის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ სურდა ამ ტერიტორიაზე სკოლა-ინტერნატის არსებობა ისეთი პრაქტიკული მიზეზების გამო, როგორიცაა ხმაური. საქმის დელიკატურობიდან გამომდინარე, ეროვნული ორგანოები მოქმედებდნენ ფრთხილად და ამყარებდნენ სათანადო ბალანსს კონკურენტულ ინტერესებს შორის. მთავრობამ გაიმეორა მისი მოსაზრება, რომ მისი პასუხი კერძო პირების მიერ რელიგიურად მოტივირებულ ძალადობაზე იყო ადეკვატური და რომ პოლიციამ მიიღო ყველა საჭირო ზომა ძალადობრივი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად; შედეგად, შესაბამისი დროის განმავლობაში ფიზიკური დაპირისპირების ან შეხლა-შემოხლის შესახებ არ ყოფილა რაიმე ინფორმაცია.

75. რაც შეეხება გამოძიებას, მთავრობამ განაცხადა, რომ იგი დაუყონებლივ დაიწყო და საგამოძიებო მოქმედებების მნიშვნელოვანი ნაწილი საქმისწარმოების პირველი წლის განმავლობაში განხორციელდა. ის ფაქტი, რომ სამართალწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, თავისთავად არ მიუთითებდა მის არაეფექტურობაზე.

  1. საჩივრების სამართლებრივი კლასიფიკაცია

76. სასამართლომ მსჯელობა დაიწყო იმის აღნიშვნით, რომ მაშინ, როცა თავდაპირველად არსებობდა ბრალდებები ფიზიკური დაპირისპირების შესახებ, არცერთმა მომჩივანმა დაადასტურა ეს ბრალდებები მოვლენების განვითარების შესახებ მათ მიერ წარმოდგენილ ცალკეულ ანგარიშებში (იხ., ზემოთ, მე-16-19, 21-ე, 26-ე-28-ე და 36-ე პუნქტები). მომჩივნების მიმართ სავარაუდო ძალადობრივი მოქმედება შედგებოდა შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული სიტყვიერი გამონათქვამებისა და ქმედებებისგან, როგორიცაა მომჩივნების გადაადგილების შეზღუდვა ტერიტორიაზე, მათი სკოლის შენობაში შესვლის ან/და გასვლის კონტროლი, ღორის დაკვლა და მისი თავის მიჭედება სკოლის შესასვლელ კარზე და შაშხანიდან სავარაუდო გასროლა სკოლის შენობის მიმართულებით.

77. მის წინაშე არსებული მტკიცებულებების ფონზე, სასამართლო ეთანხმება მომჩივნების ბრალდებას, რომ პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ მათ საწინააღმდეგო ქმედებებში, არ შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ მუსლიმური სკოლის გახსნის წინააღმდეგ პროტესტით და რომ ისინი მოქმედებდნენ ისე, როგორც ობიექტურად ჰქონდათ დაგეგმილი, სახალხო დაცინვის, დამცირებისა და შიშის დანერგვის მიზნით იმ ადამიანებში, რომლებიც ცდილობდნენ სკოლის გახსნას, მათ შორის იყო შვიდი ინდივიდუალური მომჩივანიც. სასამართლო ასევე აღნიშნავს მომჩივნების ბრალდებას, რომ მათ წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები მოტივირებული იყო მათი მუსლიმური რელიგიური იდენტობისადმი მტრული დამოკიდებულებით, რაც, დადგენის შემთხვევაში, უნდა განიხილებოდეს, როგორც დაზიანების გამომწვევი დამამძიმებელი ფაქტორი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ დაგეგმილ და უდავოდ აღმაშფოთებელ ქმედებებს ჰქონდა ადგილი, სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ სადავო ქმედებები იყო ისეთი მძიმე, რომ მომჩივნებში, რომელთაგან ყველა მათგანი იყო ზრდასრული, გამოეწვია ისეთი სახის შიში, წუხილი ან არასრულფასოვნების გრძნობა, რაც აუცილებელია კონვენციის მე-3 მუხლის ამოქმედებისთვის საჭირო ზღვრის მისაღწევად (იხ., საქმე Karaahmed v. Bulgaria, No 30587/13, § 75, 24 თებერვალი, 2015, შემდგომი მითითებებით; შეადარეთ საქმე Alković v. Montenegro, No 66895/10, § 69, 2017 წლის 5 დეკემბერი). ამასთან დაკავშირებით იგი აღნიშნავს, რომ არცერთი მომჩივანი იქ არ იმყოფებოდა, როდესაც ღორის თავი კარზე მიამაგრეს ან სკოლის ფანჯრის მიმართულებით შაშხანიდან გაისროლეს. ასევე, სასამართლო აღნიშნავს, რომ არცერთ ბავშვს, რომელიც, სავარაუდოდ, ესწრებოდა ზოგიერთი სადავო მოვლენის განვითარებას და რომლებსაც ხელი შეუშალეს, დასწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს სკოლაში, არ უჩივლია არც ეროვნულ სასამართლოებში და არც ამ სასამართლოში. ამიტომ, სასამართლო თვლის, რომ კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ზღვარი არ იყო დაკმაყოფილებული განსახილველ საქმეში.

78. რაც შეეხება კონვენციის მე-8 მუხლს, სასამართლომ აღნიშნა, რომ „პირადი ცხოვრების“ ცნება მე-8 მუხლის მნიშვნელობით არის ფართო მნიშვნელობის ტერმინი, რომელიც არ ექვემდებარება ამომწურავ განმარტებას. იგი მოიცავს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მთლიანობას. სასამართლომ წარსულში აღიარა, რომ ინდივიდის ეთნიკური და რელიგიური იდენტობა შეიძლება მოხვდეს კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პიროვნული სფეროს ფარგლებში. კერძოდ, ჯგუფის მიმართ ნებისმიერი ნეგატიური სტერეოტიპის ჩამოყალიბებამ, როდესაც ის მიაღწევს გარკვეულ დონეს, შეუძლია გავლენა მოახდინოს ჯგუფის იდენტობის გრძნობაზე და ჯგუფის წევრების თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე. სწორედ ამ გაგებით შეიძლება ჩაითვალოს, რომ იგი გავლენას ახდენს ჯგუფის წევრების პირად ცხოვრებაზე (იხ., საქმე S. and Marper v. the United Kingdom [GC], No No 30562/04 და 30566/04, § 66, ECHR 2008, და საქმეAksu v. Turkey [GC], No No 4149/04 და 41029/04, §§ 58 და 60, ECHR 2012). სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნების ბრალდებები, რომლებიც შეჯამებულია ზემოთ, 76-ე პუნქტში, რამდენადაც ისინი ეხება მათ პირად ცხოვრებაში სავარაუდო ჩარევას მათ ფიზიკურ და მორალურ მთლიანობაზე თავდასხმის გზით, რომელიც მოტივირებულია სიძულვილით, იგი ექცევა კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად განხილვის ფარგლებში (იხილეთ საქმე Sandra Janković v. Croatia, No 38478/05, § 31, 2009 წლის 5 მარტი; საქმე R.B. v. Hungary, ციტირებული ზემოთ, §§ 79-80; და საქმე Király and Dömötör v. Hungary, No 10851/13, § 43, 2017 წლის 17 იანვარი).

79. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ყველა ინდივიდუალური მომჩივანი იყო მუსლიმი, რომლებიც იყვნენ შესაბამისი რეგიონის მუსლიმური თემის აქტიური წევრები. მეოთხე მომჩივანი იყო „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ ხელმძღვანელი (პირველი მომჩივანი), ხოლო მესამე და მერვე მომჩივნები იყვნენ ხოჯები. შვიდივე მათგანი სხვადასხვა სახით იყო ჩართული ქობულეთის სკოლა-პანსიონის მოწყობაში, საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებული იყო სწავლების სფეროსთან, კონვენციის მე-9 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, რამაც გამოიწვია მოვლენები, რომელთა მიმართაც პრეტენზია ჰქონდათ მომჩივნებს. აქედან გამომდინარე, განხილვის პროცესში არსებული საჩივრები, ასევე, ეხებოდა რელიგიის თავისუფლების უფლებას, როგორც ეს გათვალისწინებულია კონვენციის მე-9 მუხლით. გარდა ამისა, წინამდებარე საქმის გარემოებებში, მომჩივნის მტკიცების გათვალისწინებით, რომ ბრბოს არამართლზომიერი მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის გახსნაში ხელის შეშლას, გამოწვეული იყო რელიგიური სიძულვილით ან ცრურწმენით, სასამართლო ადგენს, რომ ყველაზე მისაღები გზა იქნებოდა მომჩივნების საჩივრების ერთდროული განხილვა კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად, მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.

  1. სასამართლოს შეფასება

         (a) ზოგადი პრინციპები

         (i)ზოგადი პრინციპები, რომლებიც ეხება კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ პოზიტიურ ვალდებულებებს

80. სასამართლო ამტკიცებს, რომ პირველადვე ნეგატიურ ვალდებულებასთან ერთად, შეიძლება არსებობდეს დადებითი ვალდებულებები, რომლებიც თან ახლავს პირადი ან ოჯახური თანაცხოვრების უფლების ეფექტიან დაცვას. ეს პოზიტიური ვალდებულებები შეიძლება მოიცავდეს ზომების მიღებას ინდივიდებს შორის ურთიერთობების სფეროში (იხ., საქმე Aksu, ციტირებული ზემოთ, §§ 58-59; იხ., ასევე, საქმე A.v.Croatia, No 55164/08, § 60, 2010 წლის 14 ოქტომბერი; და საქმე Sandra Janković, §§ 44-45, and R.B. v.Hungary, § 78 და §§ 81-84, ორივე ციტირებული ზემოთ). ასევე, სასამართლომ აღიარა, რომ სისხლისსამართლებრივი სანქციები, მათ შორის იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სიძულვილის ყველაზე მძიმე ფორმით გამოხატვაზე, რომელიც სხვებსაც მოუწოდებს ძალადობისკენ, შეიძლება გამოყენებულ იქნეს, მხოლოდ, როგორც ultima ratio (გადამწყვეტი არგუმენტის მქონე) ღონისძიება. ამასთან, მან ასევე დაადგინა, რომ როდესაც ქმედებები, რომლებიც წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, მიმართულია პირის ფიზიკური ან გონებრივი მთლიანობის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის ნებისმიერმა ეფექტიანმა მექანიზმმა შეიძლება უზრუნველყოს ადეკვატური დაცვა და იქონიოს გავლენა შემაკავებელი ფაქტორის სახით. ასევე, სასამართლომ აღიარა, რომ სისხლის სამართლის ზომების მიღება იყო საჭირო პირდაპირი სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ასევე ფიზიკური მუქარის მიმართ, რომელიც მოტივირებული იყო დისკრიმინაციული დამოკიდებულებით (იხ., საქმე Beizaras and Levickas v. Lithuania, No 41288/15, §§ 110-11, 2020 წლის 14 იანვარი, შემდგომი მითითებებით).

81. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ შეუძლებელი ან არაპროპორციული ტვირთი არ უნდა დაეკისროს ორგანოებს, განსაკუთრებით იმ ოპერაციული არჩევანის გათვალისწინების გარეშე, რომელიც მათ უნდა განახორციელონ პრიორიტეტებისა და რესურსების თვალსაზრისით (იხ., საქმე R.B. v. Hungary, ციტირებული ზემოთ, § 99 და საქმე Kotov and Others v. Russia, No 6142/18 და 12 სხვა, §134, 2022 წლის 11 ოქტომბერი).

   (ii) ზოგადი პრინციპები კონვენციის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პოზიტიურ ვალდებულებებთან დაკავშირებით

82. როდესაც გასაჩივრებული ქმედებები განხორციელებულია კერძო პირების მიერ და, შესაბამისად, პირდაპირ არ მიეკუთვნებოდა მოპასუხე სახელმწიფოს, სასამართლომ უნდა განიხილოს საკითხები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების პოზიტიური ვალდებულების კუთხით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მე-9 მუხლით გათვალისწინებული უფლებები მისი იურისდიქციის ფარგლებში (იხ., სათანადო ცვლილებებით, საქმე Eweida and Others v. the United Kingdom, No No 48420/10 და 3 სხვა, § 84, ECHR 2013 (ამონარიდები)). ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს, როდესაც რელიგიურ მრწამსს უპირისპირდებიან ან უარყოფენ ისე, რომ ხელი შეუშალოს მათ, ვინც არიან ასეთი რწმენის მიმდევრები, თავისუფლად მისდიონ ამ რწმენას ან თავისუფლად გამოხატონ იგი. ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოს შეიძლება მოუწოდონ, რათა უზრუნველყოს მე-9 მუხლით გარანტირებული უფლებებით მშვიდობიანი სარგებლობა ამ რწმენის აღმსარებლების მიერ (იხ., საქმე „ბეღელური საქართველოს წინააღმდეგ“, N28490/02, § 160, 2014 წლის 7 ოქტომბერი).

83. იმ შემთხვევაში, როდესაც რელიგიური ცერემონიალი დაირღვა მტრული დემონსტრაციით, განიხილება ორი სახის კონკურენტული ფუნდამენტური უფლების გამოყენება: დემონსტრაციაში მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების უფლება და მორწმუნეთა უფლება უსაფუძვლო ჩარევის გარეშე თემში მშვიდობიან ლოცვასთან დაკავშირებით. ყველა ზემოაღნიშნული უფლება დაცულია კონვენციით: გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება დაცულია მე-10 და მე-11 მუხლებით, რელიგიის თავისუფლების უფლება კი დაცულია მე-9 მუხლით. არცერთი არის აბსოლუტური უფლება: სამივე მუხლი ითვალისწინებს, რომ ამ უფლებების განხორციელება შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს, მათ შორის, სხვათა უფლებების დასაცავად. კონვენცია არ ადგენს რაიმე აპრიორ იერარქიას ამ უფლებებს შორის: პრინციპში, ისინი იმსახურებენ თანაბარ დაცვას. აქედან გამომდინარე, ისინი უნდა იყოს დაბალანსებული ერთმანეთის საპირისპიროდ ისე, რომ აღიარებული იყოს ამ უფლებების მნიშვნელობა საზოგადოებაში, რომელიც დაფუძნებულია პლურალიზმზე, ტოლერანტობასა და ფართო აზროვნებაზე.‑ აქედან გამომდინარეობს კიდევ სამი პრინციპი:

1. სახელმწიფოს მოვალეობაა უზრუნველყოს, რომ – რამდენადაც გონივრულად შესაძლებელია  ორივე სახის უფლება იყოს დაცული. ეს მოვალეობა თანაბრად ვრცელდება, როდესაც ქმედებები, რომლებმაც შეიძლება შელახოს ამ ორი უფლებიდან ერთ-ერთი, ხორციელდება კერძო პირების მიერ.

2. ამისთვის, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ შეიქმნას სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც დაიცავს ამ უფლებებს მესამე მხარისგან და მიიღოს ეფექტური ზომები მათი პრაქტიკაში დაცვის უზრუნველსაყოფად.

3. როგორც ყოველთვის ხდება, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ცდილობს დაიცვას კონვენციით გარანტირებული ორი ფასეულობა, რომლებიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს ერთმანეთთან, სასამართლოს ამოცანაა შეამოწმოს, სახელმწიფომ დაამყარა თუ არა სამართლიანი ბალანსი ამ ორ ფასეულობას შორის. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო არ უნდა მოქმედებდეს წინა გამოცდილებაზე დაყრდნობით. მან არც თავისი შეხედულება უნდა ჩაანაცვლოს ეროვნული ხელისუფლების ორგანოების შეხედულებებით, რომლებსაც, ნებისმიერ მოცემულ შემთხვევაში, ბევრად უკეთესი პოზიცია გააჩნიათ იმის შესაფასებლად, თუ სად არის შესაბამისი ბალანსი და როგორ უნდა იყოს ეს ბალანსი უკეთესად დაცული. ეს განსაკუთრებით მართებულია მაშინ, როდესაც პოლიციამ უნდა დაამყაროს ეს ბალანსი, რადგან, როგორც სასამართლოს ხშირად უთქვამს, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს თანამედროვე საზოგადოებებში საზოგადოებრივი წესრიგის მართვის სირთულეებს. ამგვარად, სადავო მოვლენებზე პოლიციის რეაგირების შეფასებისას, მათზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების ინტერპრეტირება, რომ უზრუნველყონ როგორც მანიფესტაციის მონაწილეთა, ისევე მორწმუნეების უფლებების დაცვა, უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ დააკისროს მათ შეუძლებელი ან არაპროპორციულ ტვირთი (იხ., საქმე Karaahmed v.Bulgaria, No 30587/13, §§91‑96, 2015 წლის 24 თებერვალი, შემდგომი მითითებებით).

  (iii) ზოგადი პრინციპები კონვენციის მე-14 მუხლით გარანტირებულ პოზიტიურ ვალდებულებებთან დაკავშირებით

84. შესაბამისი ზოგადი პრინციპები სასამართლომ შეაჯამა საქმეში „ბეღელური და სხვები“ (ციტირებულია ზემოთ, §§ 171-173) და უფრო ახალ საქმეში Alković (ციტირებული ზემოთ, §§ 66-67). გარდა ამისა, სასამართლომ აღიარა, რომ ხელისუფლების ორგანოების მოვალეობა გამოიძიონ შესაძლო დისკრიმინაციული დამოკიდებულებები, შესაძლოა გულისხმობდეს პასუხისმგებლობას გარკვეულ გარემოებებში, კონვენციის მე-14 მუხლის შესაბამისად, მათ შორის, როდესაც ასეთი დამოკიდებულებები, რომლებიც იწვევს შესაბამისი პირის სტიგმატიზაციას, განიხილება მე-8 მუხლის კონტექსტში (იხ., საქმე Basu v. Germany, No 215/19, § 33, 2022 წლის 18 ოქტომბერი).

  1. ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში

   (i) სასამართლოს მიდგომა განსახილველ საქმეში

85. სასამართლომ აღნიშნა, რომ შვიდი ინდივიდუალური მომჩივანი არ დავობდა, რომ პოლიცია ან სხვა სახელმწიფო ორგანო უშუალოდ იყო ჩართული ძალადობრივი შევიწროებისა და მუქარის სავარაუდო კამპანიაში. მართალია, რომ მან ასევე აღნიშნა ადგილობრივი ორგანოების უარი სკოლის შენობის ქობულეთის საკანალიზაციო სისტემასთან მიერთებასთან დაკავშირებით, რომელიც მოგვიანებით სასამართლოებმა გააუქმეს, თუმცა, სავარაუდოდ დაგვიანებით, მაგრამ სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს წინაშე წარდგენილ მომჩივნების საჩივრებში ყურადღება გამახვილებული იყო ორგანოების სავარაუდო არაადეკვატურ რეაგირებაზე ბრბოს უკანონო მოქმედებების მიმართ. მომჩივნების საჩივრები, შესაბამისად, განიხილება სახელმწიფო ორგანოების პოზიტიური ვალდებულების კუთხით, რაც გამოიხატება მათ იურისდიქციაში მყოფი პირების მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დაცვაში რაც უნდა განხორციელდეს დისკრიმინაციის გარეშე, როგორც ამას მოითხოვს მე-14 მუხლი (იხ., შესაბამისი ზოგადი პრინციპები მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დაცვა, ციტირებული 80-84-ე პუნქტებში, ზემოთ).

86. რაც შეეხება პოზიტიური ვალდებულებების რეგულირების სფეროსა და შინაარსს წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, ზემოთ ჩამოთვლილი ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით (იხ., იმავე წყაროში), რომ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისგან არსებობდა მოლოდინი, რომ მიიღებდა სწრაფ და ადეკვატურ ღონისძიებას ბრბოს უკანონო მოქმედების შესაჩერებლად და ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებისა და სხვა დისკრიმინაციული მოქმედებების განხორციელების შესაჩერებლად (იხ., საქმე Karaahmed, ციტირებული ზემოთ, §§ 100-07 და საქმე Association ACCEPT and Others v. Romania, No 19237/16, §§ 105-13, 2021 წლის 1 ივნისი). ხელისუფლების მიმართ ასევე არსებობდა უფრო პროაქტიული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი, რაც რეალურად მისცემდა მომჩივნებს თავიანთი რელიგიური უფლებების განხორციელების საშუალებას, მათ შორის მუსლიმური სკოლა-პანსიონის გახსნის უფლებას. სასამართლოს ანალიზი დაეყრდნობა იმას, შეასრულა თუ არა სახელმწიფომ ზემოხსენებული პოზიტიური ვალდებულებები.

   (ii) ბრბოს უკანონო ქმედება და მყისიერი რეაგირება პოლიციის მხრიდან

87. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები არ დავობდნენ იმ ფაქტზე, რომ ქობულეთში, 2014 წლის სექტემბერში მუსლიმური სკოლა-პანსიონის გახსნა ჩაიშალა ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანი მოსახლეობის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების გამო. მთავრობა არ ამტკიცებდა, რომ სკოლას ესაჭიროებოდა ლიცენზია ან რაიმე სახის ავტორიზაცია, ან რომ მისი ფუნქციონირება სხვაგვარად არ შეესაბამებოდა შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას; ეს არგუმენტი არც შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოების მოქმედების სფეროს ფარგლებში არ ყოფილა წამოჭრილი. შესაბამისად, სასამართლო გააგრძელებს საქმის განხილვას იმ პირობის გათვალისწინებით, რომ ამ სკოლის გახსნისთვის არ არსებობდა სამართლებრივი დაბრკოლება.

88. სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრიმინაციის წინააღმდეგ სამოქალაქო საქმისწარმოების კონტექსტში ეროვნულმა სასამართლოებმა, მესამე, მეხუთე და მეექვსე მომჩივანთან დაკავშირებით დაადგინეს, რომ შესაბამის პერიოდში ისინი განიცდიდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ შორის, ისინი ექცეოდნენ სიძულვილის ენისა და მუქარის ზემოქმედების ქვეშ მათი მუსლიმური სარწმუნოების გამო და განიცდიდნენ დამცირებას, მათ შორის, მათი უფლებების განხორციელების შეზღუდვას, როგორიცაა მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა გამპროტესტებელი პირების მიერ, რომლებიც აკონტროლებდნენ სამეზობლო ტერიტორიას (იხ., ზემოთ 41-ე და 43-ე-44-ე პუნქტები). ამ დასკვნების მხედველობაში მიღებით, ასევე, სისხლის სამართლის პროცესის დროს ყველა ცალკეული მომჩივნის მიერ ინდივიდუალურად გამოთქმული (იხ. მე-16-მე-19, 21-ე, 26-ე-28-ე და 36-ე პუნქტები, ზემოთ) და სხვადასხვა ვიდეო და ფოტო მტკიცებულებით გამყარებული ბრალდებების ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მზადაა დაუშვას, რომ შვიდი ინდივიდუალური მომჩივანი გრძნობდა თავს შეურაცხყოფილად, შეშინებულად და ტრავმირებულად 2014 წლის სექტემბერში, ქობულეთში მუსლიმთა სკოლა-პანსიონის გახსნასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო. იგი თვლის, რომ გამპროტესტებლების მიერ ღორის სისხლიანი თავის დამაგრება იმ შენობის შესასვლელ კარზე, რომელიც ცოტა ხანში მუსლიმური სკოლა-პანსიონი უნდა გამხდარიყო, იყო სიძულვილის ენის განსაკუთრებულად მტრული გამოხატულება, რამაც მომჩივნების ძლიერი დამცირება გამოიწვია. განსახილველი მოვლენების კონტექსტიდან გამომდინარე, კერძოდ, ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანი მოსახლეობის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები მუსლიმური სკოლა-პანსიონის გახსნის წინააღმდეგ, რომელიც გაგრძელდა რამდენიმე კვირის განმავლობაში, და შეურაცხყოფის ხასიათი, მათ შორის, სკოლის წინ ღორის დაკვლა და სკოლის კარებზე მისი სისხლიანი თავის ლურსმნებით მიმაგრება, სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს შეურაცხყოფა მიმართული იყო მომჩივნების წინააღმდეგ რელიგიური უმცირესობისადმი მათი კუთვნილების გამო. იმ პირთა სადავო ქცევა, რომლებიც ცდილობდნენ სკოლის გახსნისთვის ხელის შეშლას, აუცილებლად შეეხო მომჩივნების უფლებას, პატივი სცენ მათი პირადი ცხოვრების და აღმსარებლობის თავისუფლების უფლებას, კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლების მნიშვნელობის ფარგლებში.

89. მთავრობა თავის განცხადებებში ამტკიცებდა, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოების ქმედებები იყო ადეკვატური და შეესაბამებოდა მათ პოზიტიურ ვალდებულებებს კონვენციის მე-9 მუხლის კონტექსტში, რადგან მათ უნდა დაემყარებინათ სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, მომჩივანთა რელიგიურ უფლებებსა და, მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას შორის. სასამართლომ აღნიშნა, ზემოთ ხაზგასმული ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით (იხ., ზემოთ, 82-ე და 83-ე პუნქტები), რომ სახელმწიფოს მიმართ ნამდვილად არსებობს მოლოდინი ასეთ გარემოებებში, რომელიც გულისხმობს, რამდენადაც ეს გონივრულად შესაძლებელია, ორივე სახის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას. თუმცა, როგორც ჩანს, წინამდებარე საქმის გარემოებებიდან ნათელია, რომ არ იყო სათანადოდ განხილული, თუ როგორ უნდა დამყარებულიყო შესაბამისი ბალანსი ინდივიდუალური მომჩივნებისა და გამპროტესტებლების უფლებების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად (იხ., საქმე Karaahmed, ციტირებული ზემოთ, § 107; აგრეთვე, სათანადო ცვლილებებით, საქმე Ouranio Toxo and Others v. Greece, No 74989/01, §§ 42-43, ECHR 2005-X (ამონარიდები)). მთავრობამ, ფაქტობრივად, ვერ აჩვენა, როგორ იცავდა სახელმწიფო მომჩივნების უფლებებს. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანებზე თავდასხმები, რომლებიც ჩადენილია მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფების შეურაცხყოფის, დაცინვის ან ცილისწამების გზით, შეიძლება იყოს საკმარისი იმისათვის, რომ ხელისუფლების ორგანოებმა მხარი დაუჭირონ გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლას, რომელსაც იყენებენ უპასუხისმგებლო გზით, ქსენოფობიური ან სხვაგვარად დისკრიმინაციული სიტყვების წინააღმდეგ (იხ., საქმე Vejdeland and Others v. Sweden, No. 1813/07, § 55, 2012 წლის 9 თებერვალი; აგრეთვე, საქმე Association ACCEPT and Others, ციტირებული ზემოთ, § 119).

90. რაც შეეხება პოლიციის როლს განვითარებულ მოვლენებში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2014 წლის ივლისში პოლიციას ეცნობა ადგილობრივ დონეზე გამართული საპროტესტო აქციების შესახებ, რომლებიც იმართებოდა მუსლიმური სკოლის გახსნის წინააღმდეგ (იხ.7 ზემოთ). აგვისტოში დაფიქსირდა სიტყვიერი შეურაცხყოფის პირველი შემთხვევები (იხ., ზემოთ, პუნქტები 11და 13). მთავრობამ განაცხადა, რომ პოლიციამ დაიწყო ტერიტორიაზე რეგულარული პატრულირება 2014 წლის 10 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც სკოლის შენობის წინ დაიკლა ღორი (იხ., ზემოთ, 14 პუნქტი). თუმცა, 15 სექტემბერს სკოლის გახსნა ჩაიშალა და როგორც ჩანს პოლიცია არ ჩაერია (იხ., ზემოთ, 15 პუნქტი). სასამართლო თვლის, რომ საკმაოდ მტრული რელიგიური კლიმატის გათვალისწინებით, რომელიც უპირატესი იყო იმ დროს, კერძოდ, ინციდენტის სიმძიმის გათვალისწინებით, რომელიც მოხდა 2014 წლის 10 სექტემბერს (იხ., ზემოთ, მე-14 პუნქტი), პასუხისმგებელ ორგანოებს უნდა ჰქონოდათ მოლოდინი, რომ სკოლის გახსნა შეიძლება ჩაშლილიყო. შემდგომში, სულ მცირე, ორი კვირის განმავლობაში მომჩივნების მიმართ ადგილი ჰქონდა სიძულვილის ენის გამოყენებას და დამამცირებელ მოპყრობას, სხვა გარემოებებთან ერთად, იმის გამო, რომ მათ არ აძლევდნენ სკოლის შენობაში თავისუფლად შესვლის ან სკოლის შენობიდან გამოსვლის ან საკვების ყიდვის უფლებას. სასამართლო მზადაა მიიღოს მთავრობის არგუმენტი, რომელსაც ასევე ეყრდნობიან ეროვნული სასამართლოები, რომ პოლიციის ყოფნამ, 2014 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით, უზრუნველყო არ მომხდარიყო ფიზიკური ძალადობა გამპროტესტებლებსა და მომჩივნებს შორის და განსახილველი მოვლენების დროს არავის მიეღო ფიზიკური ზიანი. ასევე, შესაბამის პერიოდში არ დანგრეულა და არ დაზიანებულა სკოლის შენობა. თუმცა, თუ არ ჩავთვლით, რომ პოლიციის მიერ მიღებული ზომების შედეგი იყო ის ფაქტი, რომ დაძაბულობას შედეგად არ მოჰყოლია ფიზიკური თავდასხმა ან სკოლის შენობის მნიშვნელოვანი დაზიანება, ისმის კითხვა, მოითხოვდა თუ არა ხელისუფლების ორგანოების ვალდებულება, რაც გამოიხატებოდა მომჩივნების დაცვაში შეუწყნარებელი ქმედებებისა და სიძულვილის ენის გამოყენების განმეორებითი ფაქტებისგან, უფრო გადამწყვეტი და მუდმივი ქმედებების განხორციელებას, ვიდრე ეს იყო პოლიციის მიერ მიღებული ზომების შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნების მიმართ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობა, მოვლენების კულმინაციით, გაგრძელდა დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში. მთავრობა ამტკიცებდა, რომ პოლიციის იქ ყოფნის პერიოდში სიტყვიერი ძალადობის არცერთი სავარაუდო შემთხვევა არ მომხდარა. მაშინაც კი, თუ იგი მიიღებს ამ არგუმენტს დამამცირებელი განცხადებებისა და სიძულვილის ენის კონტექსტში, სასამართლო არ არის მზად, მიიღოს ეს არგუმენტი იმ დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებით, რომლის ატანაც მომჩივნებს მოუწიათ, მათ შორის, სკოლის შენობის ჩაკეტვის და გამპროტესტებლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვის სახით. ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ სკოლის შენობა ბლოკირებული იყო სულ მცირე 2015 წლის ივლისამდე (იხ., ზემოთ, მე-40 პუნქტი), ხოლო საქმის მასალა შეიცავს შესაბამის მტკიცებულებას, ფოტოების ჩათვლით. ეროვნულმა სასამართლოებმა ასევე დაადგინეს, რომ გამპროტესტებლები წყვეტდნენ, თუ ვინ შეეშვათ შიგნით და ვისთვის მიეცათ გარეთ გამოსვლის უფლება (იხ., ზემოთ, 41-ე პუნქტი). ერთადერთი არგუმენტი, რაც პოლიციამ წარმოადგინა ამასთან დაკავშირებით და რომელსაც მთავრობა ემხრობოდა თავის წარდგინებებში, რომ პოლიციას არ ჰქონდა უფლება კერძო საკუთრებიდან გაეტანა საბურავები და ხის კონსტრუქციები (იხ., მე-40 პუნქტი ზემოთ), აზრს მოკლებულია, რადგან საკითხი იმაში არ მდგომარეობდა, თუ ვინ მოხსნიდა იმ დაბრკოლებებს, რომლითაც ჩახერგილი იყო შენობის შესასვლელი, არამედ უნდა მომხდარიყო იმ პირების იდენტიფიცირება და სანქცირება, რომლებიც პასუხს აგებდნენ განმეორებითი ხასიათის უკანონო ქმედებებზე, რაც გამოიხატებოდა ღია დისკრიმინაციულ და მუქარის შემცველ მოქმედებებში. არასათანადოდ არ აფასებს რა პოლიციის მიერ გაწეულ სამუშაოს, როდესაც რეალურად მოხდა რესურსების თანადროული განთავსება რისკებისა და იმ არეულობის შეფასების საფუძველზე, რომელთან გამკლავებაც შეიძლება საჭირო გამხდარიყო, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრბოს ლიდერების გამოვლენისა და მათი სანქცირებისთვის ძალისხმევის გამოუყენებლობა იყო იმ საფრთხის უგულებელყოფა, რომელიც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ბრბოს მოქმედებებით ინდივიდების მიმართ, რელიგიისადმი მათი მტრული დამოკიდებულების გამო.

91. განსახილველ საქმეში, არც ერთ შიდასახელმწიფოებრივ საქმისწარმოებაში და არც სასამართლოს წინაშე არ გამხდარა სადავო, რომ დაძაბულობა წარმოიქმნა მოულოდნელად ან გადააჭარბა პოლიციის რესურსებს, რაც დაასაბუთებდა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პოლიციის რეაგირება შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ მან მოახდინა ზიანის მინიმალიზება ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილების გზით (შედარებისთვის იხილეთ საქმე Karaahmed, ციტირებული ზემოთ, § 107; იხილეთ, ასევე, საქმე P.F. and E.F. v.the United Kingdom (dec.), No 28326/09, §§ 43-45, 2010 წლის 23 ნოემბერი).

92. შეჯამებისთვის, ბრბოს ქმედებებისგან, სიძულვილის ენისა და სხვა დისკრიმინაციული ქმედებებისგან მომჩივნების დაცვის კონტექსტში ნათელია, რომ ხელისუფლებამ არ მოახდინა ადეკვატური რეაგირება ისეთ ფაქტებზე, როგორიცაა მომჩივნების პირად ცხოვრებაში, ღირსებასა და რელიგიურ მრწამსში მუდმივი ჩარევა. გარდა ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ორგანოების სადავო პასიურმა დამოკიდებულებამ ხელი შეუწყო მომჩივნების მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედებების გაძლიერებას (იხ., საქმე ასოციაცია Association ACCEPT and Others, ციტირებული ზემოთ, § 112). პოლიციამ არ მოახდინა დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა და კანონიერი წესრიგის აღდგენა, ამით პოლიციამ გამპროტესტებლებს საშუალება მისცა უწყვეტად და შეუპოვრად განეხორციელებინათ ის, რაც მოგვიანებით ეროვნულმა სასამართლოებმა დისკრიმინაციული მოპყრობად შეაფასა და რომლის ატანა უწევდა მომჩივნებს პოლიციის გულგრილობის პირობებში.

    (iii) მომჩივნების შემდგომი ქმედებები დაცვისა და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მიზნით

93. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ეროვნული ორგანოების წინაშე იყო სიძულვილის ენის, მუქარისა და დამამცირებელი მოპყრობის prima facie (პირდაპირი) ნიშნები, რომელიც მოტივირებული იყო ინდივიდუალური მომჩივნების რელიგიური რწმენით (შედარებისთვის იხილეთ საქმე „ბეღელური“, ციტირებული ზემოთ, § 176; იხილეთ, ასევე, საქმე R.B. v. Hungary, §§ 83-84, Association ACCEPT and Others, § 114, Alković, § 66, საქმე Királyand Dömötör, §§ 72 and 80, ყველა ციტირებული ზემოთ; იხილეთ, ასევე, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით საქმე Muhammad v. Spain, No 34085/17, §§ 63-68, 2022 წლის 18 ოქტომბერი). სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, აუცილებელი იყო სისხლის სამართლის შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება, რომელსაც შეეძლო ძალადობრივი ინციდენტების უკან მდგომი შესაძლო სიძულვილის მოტივის გამოვლენა და პასუხისმგებელი პირების დადგენა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მათი ადეკვატურად დასჯა (იხ., იქვე). სასამართლო მიიჩნევს, რომ სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება იყო გონივრული და აუცილებელი ზომა ამ გარემოებებში ბრბოს უკანონო და დისკრიმინაციული ქმედებებისთვის ხელის შეშლისა და მათი აღკვეთის მიზნით. თუმცა, მსგავსი გამოძიება ჯერ არ ჩატარებულა. საქმისწარმოების დაწყებიდან რვა წელზე მეტი გავიდა და რელიგიური ძალადობრივი ქმედებების ბრალდებებზე გამოძიებას შედეგი ჯერ კიდევ არ გამოუღია (იხ., საქმე „ბეღელური და სხვები“, ციტირებული ზემოთ, §§ 136 და 140; საქმე „იდენტობა და სხვები“, ციტირებული ზემოთ. § 75 და საქმე „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, NN 73204/13 და 74959/13, § 65, 2021 წლის 16 დეკემბერი). თუმცა განსახილველი მოვლენებიდან ოთხწელიწადნახევრის შემდეგ, გამოძიების მოქმედების სფერო გაფართოვდა და მოიცვა რელიგიურ ნიადაგზე დევნის სხვა ბრალდებებიც. (იხ., 34-ე პუნქტი ზემოთ). დღემდე არც ბრალი დაუდიათ ვინმესთვის და არც სისხლის სამართლის დევნა არ დაწყებულა ვინმეს წინააღმდეგ. ასეთი გაჭიანურებისთვის, რაზეც ახსნა-განმარტება არ ყოფილა წარმოდგენილი, გამოძიებამ დაკარგა არა მხოლოდ აზრი, არამედ რეალურად რისკის ქვეშ დადგა მისი დასრულების შანსებიც (იხ. საქმე „მიქელაძე და სხვები“, ციტირებული ზემოთ, §68, შემდგომი მითითებით). უფრო მეტიც, რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ბრალდებების ხარვეზიანმა და გაჭიანურებულმა სისხლის სამართლის გამოძიებამ ხელი შეუწყო ოფიციალური შემგუებლობის ატმოსფეროს შექმნას და განავითარა დაუსჯელობის ზოგადი განცდა (იხ., სათანადო ცვლილებებით, საქმე „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები“, ციტირებული ზემოთ, § 66).

94. სასამართლო არ ტოვებს უყურადღებოდ იმ ფაქტს, რომ მომჩივნებმა, რომლებიც ითხოვდნენ სახელმწიფოს ჩარევას პრობლემის გადასაწყვეტად, წარმატებით ისარგებლეს სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალებებითაც. ამგვარად, მომჩივნებმა წამოიწყეს სამოქალაქო საქმისწარმოება დისკრიმინაციის წინააღმდეგ სამი კერძო პირისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, დისკრიმინაციის შესახებ კანონის მე-10 ნაწილის მიხედვით (პირველი, მესამე, მეხუთე და მეექვსე მომჩივნები) და შპს „ქობულეთის წყალი“-ს მიმართ დისკრიმინაციის შესახებ კანონის მე-6 ნაწილის მიხედვით. რაც შეეხება კერძო პირების მიმართ დისკრიმინაციის საწინააღმდეგო სამართალწარმოებას, მომჩივნების სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად და შესაბამის სამ პირს დაევალა, შეეწყვიტათ დისკრიმინაციული ქმედებების განხორციელება. სასამართლომ აღნიშნა, რომ სიმბოლური კომპენსაციის, 1 ლარის მოთხოვნით, მომჩივნებმა თავად შეუქმნეს საფრთხე შესაძლებლობას, რომ კანონის დამრღვევების მიმართ გამოეყენებინათ ზეწოლა ფულადი სახსრების მეშვეობით.

95. თუმცა, დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საქმისწარმოება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გაგრძელდა თითქმის რვა წლის განმავლობაში, რითაც შესუსტდა, მისი ხანგრძლივობის გათვალისწინებით, სამართლებრივი დაცვის საშუალების, როგორც ასეთის, გამოყენების ეფექტიანობა (იმავე წყაროში; იხილეთ, ასევე, საქმე Doran v. Ireland, No 50389/99, § 57, ECHR 2003‑X (ამონარიდები), და საქმე Golha v. the Czech Republic, No 7051/06, § 49, 2011 წლის 26 მაისი). ასევე, იმ დასკვნის გაკეთებისას, რომ მომჩივნები დაექვემდებარნენ დისკრიმინაციულ მოპყრობას, მათ შორის, სკოლის შენობის შესასვლელის ბლოკირების გამო, სასამართლოებმა არ მიიჩნიეს საჭიროდ დაევალებინათ პოლიციისათვის პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სანქცირება, ან სხვა ზომების მიღება, რომელიც მიზნად ისახავდა მუდმივი საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენას და უზრუნველყოფდა მომჩივანთა რელიგიური უფლებების ადეკვატურ დაცვას. ამის ნაცვლად, ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს მხოლოდ ის, რომ პოლიცია არ შესწრებია უწესრიგობისა და ძალადობის არც ერთ ინციდენტს. ითვალისწინებს რა განსახილველი მოვლენების მასშტაბსა და ხასიათს, მათი შედეგებიდან გამომდინარე ( 90-ე-92-ე პუნქტი, ზემოთ) სასამართლოსთვის რთულია ასეთი დასკვნის მიღება. იგი თვლის, რომ შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა უგულებელყვეს ის როლი, რომელიც პოლიციას უნდა ეთამაშა რელიგიურად დაძაბულ ატმოსფეროში.

96. ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის და შპს „ქობულეთის წყალი“-ს მიმართ სამართალწარმოების კონტექსტში სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი დასრულდა 2021 წლის 18 მარტს, განსახილველი მოვლენების განვითარებიდან თითქმის ექვსი წლის გასვლის შემდეგ. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ დაავალა ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და შპს „ქობულეთის წყალს“ შეესრულებინათ სახელშეკრულებო ვალდებულებები და მიეერთებინათ სკოლის შენობა ქობულეთის საკანალიზაციო სისტემაზე, მიუხედავად მომჩივნების არაერთგზის მცდელობისა, შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოების გადაწყვეტილება დღემდე არ აღსრულებულა (იხ., 52-ე პუნქტი ზემოთ).

97. მთლიანობაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეასრულეს თავისი პოზიტიური ვალდებულებები, რაც გამოიხატებოდა ეფექტიანი გამოძიების ჩატარებასა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენასა და სანქცირებაში. იმ ხარვეზების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დადგნენ მომჩივნები სხვა შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოების კონტექსტში, ზემოაღნიშნულს მივყავართ დასკვნამდე, რომ მესამე, მეხუთე და მეექვსე მომჩივნებმა შეინარჩუნეს მსხვერპლის სტატუსი კონვენციის 34-ე მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში.

    (iv) დასკვნა

98. ყველა მტკიცებულების გათვალისწინებით სასამართლო კვლავ ასკვნის, რომ წინამდებარე საქმეში შვიდი ინდივიდუალური მომჩივანი დაექვემდებარა ბრბოს მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა სიძულვილის ენის და სხვა დისკრიმინაციული ქმედებების გამოყენებას მათი რელიგიის გამო, რადგან ქობულეთში მათ არ მისცეს მუსლიმური სკოლა-ინტერნატის გახსნის უფლება. ამ დისკრიმინაციულმა საქციელმა, რომელიც ძირითადად მოიცავდა სიძულვილის ენის და მუქარის გამოყენებას და დამამცირებელ მოპყრობას, პოლიციის უმოქმედობასთან ერთად, მათში შიშისა და დაუცველობის განცდა გამოიწვია, რის შედეგადაც მათ ვერ შეძლეს მუსლიმური სკოლა-პანსიონის გახსნა.

99. ზემოაღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობდა აშკარა საფუძველი იმაში დასარწმუნებლად, რომ გამპროტესტებლები მომჩივნებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ იმის გამო, რომ მომჩივნები იყვნენ მუსლიმები. ამდენად, არსებითად მნიშვნელოვანი იყო, რომ შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს გადაედგა ყველა გონივრული ნაბიჯი, მათ შორის, ჩაეტარებინა გამოძიება ამ კონკრეტულ კონტექსტში, რომლის მიზანი იქნებოდა განსახილველ მოვლენებთან დაკავშირებით შესაძლო რელიგიური მიკერძოების გამოვლენა და მომჩივნების დაცვა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისგან. თუმცა, წინამდებარე საქმეში გამოყენებული შეზღუდული და გაჭიანურებული ძალისხმევის ფონზე სასამართლო ადგენს, რომ ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება, რომ დაედგინათ, შესაძლებელი იყო თუ არა რელიგიურ ცრურწმენას ეთამაშა როლი გასაჩივრებულ მოვლენებში და შესაძლებელი იყო თუ არა შესაბამისი რეაგირება, როგორც ეს კონვენციით არის მოთხოვნილი (იხ., აგრეთვე ზემოთ მე-60-61-ე პუნქტებში მითითებული ანგარიშები).

100. საერთო ჯამში, დისკრიმინაციული საქციელის შესაჩერებლად პოლიციის ჩაურევლობის და გამოძიების ხარვეზების საერთო შედეგი ის იყო, რომ ღია რელიგიური მიკერძოებით ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები დარჩა სამართლებრივი შედეგების გარეშე და მომჩივნები დარჩნენ დაუცველნი მათ პირად ცხოვრებაში ჩარევის, ღირსებისა და რელიგიური რწმენისადმი შეურაცხყოფის პირისპირ. ამ დასკვნების ფონზე, სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა მოპასუხე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლების კონტექსტში, მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.

   II. ოქმი N1-ის პირველი მუხლის სავარაუდო დარღვევა 1

101. პირველი მომჩივანი ჩიოდა საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, იგი ეყრდნობოდა ოქმი N1-ის 1-ელ მუხლს, რომლის შესაბამის ნაწილი ვკითხულობთ:

„ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.“

  1. მისაღებობა
    1. მხარეთა არგუმენტები

102. მთავრობის არგუმენტით, პირველი მომჩივნის ზემოაღნიშნული საჩივარი ვადაზე ადრე იყო შეტანილი, ერთი მხრივ, როგორც შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ და, მეორე მხრივ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ საქმისწარმოება ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და შპს „ქობულეთის წყალი“-ს მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ მიმდინარეობის პროცესში იყო მოცემული დროისთვის. მისი მტკიცებით, სამართლებრივი დაცვის ორივე საშუალებით მომჩივანს უნდა ჰქონოდა წარმატების მიღების გონივრული მოლოდინი. ალტერნატიულად, პირველმა მომჩივანმა არ მოითხოვა კომპენსაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და შპს „ქობულეთის წყალი“-სგან იმ მატერიალური და მორალური ზიანის გამო, რომელიც მან განიცადა, რადგან ვერ შეძლო თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობა.

103. პირველმა მომჩივანმა გააპროტესტა ზემოაღნიშნული არგუმენტები. მისი არგუმენტით, დელიქტური სარჩელი, რომლის შედეგადაც შესაძლებელი იყო მხოლოდ ზიანის ანაზღაურება, არ შეიძლება ყოფილიყო სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება, რადგან ის არ აიძულებდა ხელისუფლების ორგანოებს, ბოლო მოეღოთ რეალური ძალადობისთვის. რაც შეეხება ადმინისტრაციულ და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო სამართალწარმოებას, პირველმა მომჩივანმა ჩათვალა, რომ დროის გასვლის შემდეგ უაზრობა იყო მათი შედეგის ლოდინი.

  1. სასამართლოს შეფასება

104. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ დროისთვის დასრულებულია დისკრიმინაციის წინააღმდეგ სამოქალაქო საქმისწარმოება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, ასევე დისკრიმინაციის წინააღმდეგ სამოქალაქო საქმისწარმოება ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და შპს „ქობულეთის წყალი“-ს მიმართ. ასევე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული კომპენსაციის საშუალება ვერ უზრუნველყოფდა ზიანის ადეკვატურ ანაზღაურებას იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლების ორგანოებს ჯერ კიდევ უნდა მიეღო კონკრეტული ზომები სავარაუდო დარღვევების სწრაფად აღკვეთის მიზნით(იხ., საქმე Papachela and AMAZON S.A. v. Greece, No 12929/18, §47, 2020 წლის 3 დეკემბერი; იხ., ასევე, სათანადო ცვლილებებით, საქმე Hadzhigeorgievi v. Bulgaria, No 41064/05, § 50, 2013 წლის 16 ივლისი). ამიტომ, იგი არ აკმაყოფილებს მთავრობის შედავებას მისაღებობასთან დაკავშირებით. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში. იგი არ არის მიუღებელი რომელიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, იგი უნდა ჩაითვალოს მისაღებად.

  1. არსებითი მხარე
    1. მხარეთა არგუმენტები

105. პირველი მომჩივანი ჩიოდა, რომ დაირღვა მისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება ოქმი №1-ის 1-ელი მუხლის მიხედვით, რადგან ეროვნულმა ორგანოებმა ვერ შეასრულეს თავიანთი ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებები, რაც გულისხმობდა სკოლის შენობით შეუფერხებლად სარგებლობის უფლების უზრუნველყოფას. მათ აღნიშნეს, რომ ეროვნული სასამართლოების დასკვნა იმის შესახებ, რომ კერძო პირებმა ჩაიდინეს დისკრიმინაციული ქმედებები, ამ საქმეში არასაკმარისი იყო, რადგან შესაბამისი ორგანოები პასუხისმგებლები იყვნენ მოეხდინათ რეაგირება ამ დასკვნებზე და სწრაფად აღეკვეთათ აღნიშნული ქმედებები. პირველი მომჩივნის არგუმენტით, მათი ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქობულეთის მუნიციპალიტეტმა და შპს „ქობულეთის წყალ“-მა ვერ უზრუნველყვეს, რომ პირველ მომჩივანს გამოეყენებინა მისი საკუთრების შეუფერხებლად სარგებლობის და მისი მიზნობრივად გამოყენების უფლება.

106. მთავრობის არგუმენტით, მათ დააკმაყოფილეს თავიანთი პოზიტიური ვალდებულება პირველი მომჩივნის საკუთრების უფლების კონტექსტში. მან აღნიშნა, რომ ადგილობრივმა სასამართლოებმა დაადგინეს დისკრიმინაციის შესახებ კანონის დარღვევა, რაც გამოიხატებოდა კერძო პირების ქმედებებში და ეს უკანასკნელები დაავალდებულეს შეეწყვიტათ მუსლიმური სკოლა-პანსიონის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა. მან ასევე მიუთითა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგინდა, რომ სკოლის გახსნისთვის უწყვეტი ხელის შეშლის ფაქტი არ დამტკიცდა.

  1. სასამართლოს შეფასება

107. ზოგადი პრინციპები საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლების შესახებ შეჯამებულია საქმეში Beyeler v. Italy ([GC], No 33202/96, § 98, ECHR 2000-I), საქმეში Sargsyan v. Azerbaijan ([GC], No 40167/06, § 217, ECHR 2015) და საქმეში Kristiana Ltd. v. Lithuania (No 36184/13, § 99, 2018 წლის 6 თებერვალი). ასევე, სასამართლომ აღნიშნა, რომ იჯარა შეიძლება ჩაითვალოს საკუთრების უფლებად, რომელიც დაცული ოქმი N1-ის 1-ელი მუხლით (იხ., საქმე Stretch v.the United Kingdom, No 44277/98, §§ 32-35, 2003 წლის 24 ივნისი; საქმე Bruncrona v. Finland, No 41673/98, § 79, 2004 წლის 16 ნოემბერი; და საქმე Bosphorus Hava Yolları Turizm ve Ticaret Anonim Şirketi v. Ireland [GC], No 45036/98, §140, ECHR 2005‑VI).

108. განსახილველ საქმეში, მხარეებს შორის სადავო არ არის, რომ პირველი მომჩივანს, რომელმაც დაიქირავა განსახილველი შენობა, ჰქონდა მისი შეუფერხებლად ფლობის და მიზნობრივად გამოყენების უფლება, როგორც დადგენილია შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოების მიერ ორ საქმისწარმოებაში (იხილეთ, ზემოთ, 43-44-ე და 51-ე პუნქტები). აქედან გამომდინარე, მისი საჩივარი ეხება „მფლობელობას“ N1 ოქმის 1-ელი მუხლის მნიშვნელობით. გარდა ამისა, როგორც იმავე სასამართლოებმა დაადგინეს, იმის გამო, რომ 2014 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით მომჩივნებს ხელი შეუშალეს სკოლის შენობასთან მისვლაში და რომ კერძო პირებმა ჩაიდინეს უკანონო ქმედებები, ხოლო ხელისუფლების ორგანოებმა არ მიღეს საკმარისი ზომები და შპს „ქობულეთის წყალ“-მა და ქობულეთის მუნიციპალიტეტმა არ მიუერთა სკოლის შენობა ქალაქის საკანალიზაციო სისტემას, პირველმა მომჩივანმა ფაქტობრივად დაკარგა შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში გამოეყენებინა ეს შენობა მუსლიმური სკოლის გახსნისთვის, ანუ მიზნისთვის, რაც მას სურდა.

109. დისკრიმინაციის წინააღმდეგ სამოქალაქო სამართალწარმოებაზე მითითებით, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მან შეასრულა მისი პოზიტიური ვალდებულებები პირველი მომჩივნისთვის შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმის უზრუნველყოფით, რომელიც საშუალებას აძლევდა მას, რომ ეფექტიანად დაეცვა თავისი უფლებები.‑ ეროვნული სასამართლოების შესაბამისი დასკვნების გათვალისწინებით და კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლების საფუძველზე მიღებული საკუთარი დასკვნების გათვალისწინებით, სასამართლოსთვის რთულია მთავრობის ზემოაღნიშნული არგუმენტის მიღება. იგი აღნიშნავს, რომ პირველი მომჩივნის მიერ სკოლის შენობაზე კონტროლის დაკარგვა, ყველა იმ შედეგით, რაც მას მოჰყვა, არ შეიძლება დავიდეს კერძო პირების ქმედებებამდე. დისკრიმინაციული და მუქარის შემცველი ქმედებების ფონზე შესაბამისმა ორგანოებმა ვერ მიიღეს სწრაფი ზომები სკოლის ბლოკირების შესაჩერებლად. ნებისმიერ შემთხვევაში, წინამდებარე საქმე ეხება სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებებსაც, რაც გამოიხატა იმაში, რომ ეროვნულმა ორგანოებმა ვერ შეძლეს სკოლის შენობის ქობულეთის საკანალიზაციო სისტემასთან მიერთება. მთავრობამ ვერ დაასაბუთა სადავო უმოქმედობა. ეროვნულმა სასამართლოებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და შპს „ქობულეთის წყალ“-ის მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ საქმისწარმოების კონტექსტში ცალსახად განაცხადეს, რომ „ადგილობრივი რელიგიური კონფლიქტი“ ვერ იქნებოდა მათი უმოქმედობის გამართლება (იხ., ზემოთ, 51-ე პუნქტი). თუმცა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება დღემდე არ აღსრულებულა (იხ., ზემოთ 52-ე პუნქტი).

110. ზემოაღნიშნული გარემოებები საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ დაასკვნას, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის N1 დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის დარღვევას.

III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

111. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“

  1. ზიანი

112. თითოეულმა მომჩივანმა, პირველი მომჩივნის ჩათვლით, მოითხოვა 20,000 ევროს ოდენობის მთლიანი თანხა, მორალურ ზიანთან დაკავშირებით.

113. მთავრობის არგუმენტით, ძალადობის დადგენა წარმოადგენდა სამართლიან დაკმაყოფილებას ყველა განცდილ მორალურ ზიანთან მიმართებით.‑ მან დამატებით განაცხადა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მოთხოვნილი თანხა იყო გადაჭარბებული. მან მიუთითა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეში „იეღოვას მოწმეთა გლდანის კონგრეგაციის წევრები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (N71156/01, 2007 წლის 3 მაისი) და „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (N 28490/02, 2014 წლის 7 ოქტომბერი), რომლითაც სასამართლომ, იეღოვას მოწმეების მიმართ რელიგიური ძალადობის კომპენსაციის მიზნით, მომჩივნებს 120-დან 700 ევრომდე გადასცა.

114. სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ შვიდმა ინდივიდუალურმა მომჩივანმა, რომელთა საჩივრებთან დაკავშირებითაც მან დაადგინა, რომ დაირღვა მათი უფლებები კონვენციის მე-8, მე-9 და მე-14 მუხლების კონტექსტში, განიცადეს ფსიქოლოგიური სტრესი და იმედგაცრუება ამ დარღვევების გამო. შედეგად მიღებული მორალური ზიანი არ შეიძლება იყოს ადეკვატურად ანაზღაურებული მხოლოდ აღნიშნული დარღვევების დადგენის ხარჯზე. იგივე ეხება პირველ მომჩივანსაც, რომელმაც განიცადა მორალური ზიანი N1 ოქმის 1-ელი მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შეზღუდვის შედეგად. საქმის შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გადასცეს შვიდი ინდივიდუალური მომჩივნიდან თითოეულს 1600 ევროს კომპენსაცია, ხოლო პირველ მომჩივანს 1000 ევროს ოდენობის ფულადი კომპენსაცია.

  1. ხარჯები და დანახარჯები

115. მომჩივნებმა ჯამში მოითხოვეს 7,950 გირვანქა სტერლინგის (GBP – დაახლოებით 9,000 ევრო) ანაზღაურება, რომელიც მათ გადაუხადეს ორ ბრიტანელ ადვოკატს სასამართლოს წინაშე მათი წარდგენისათვის (იხ., ზემოთ, მე-2 პუნქტი). თანხა გაანგარიშებულია იმ საათების რაოდენობის მიხედვით, რომელიც ადვოკატებმა დახარჯეს საქმეზე და ადვოკატების საათობრივი განაკვეთის მიხედვით. შვიდმა ინდივიდუალურმა მომჩივანმა მათი მოთხოვნის დამატებით დოკუმენტად წარადგინა შესაბამისი იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებების ასლები. მომჩივნებმა დამატებით მოითხოვეს 1,695.60 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი (GBP ) 540.34 ევრო (EUR ) და 6,262.58 აშშ დოლარი (USD) საფოსტო ხარჯებისთვის, თარგმანის ხარჯებისთვის და სასამართლოში სამართალწარმოებასთან დაკავშირებით გაწეული სხვა სახის ადმინისტრაციული ხარჯებისთვის. ამასთან დაკავშირებით მათ წარადგინეს თარჯიმნების მიერ ხელმოწერილი ანგარიშ-ფაქტურების ასლები.

116. მთავრობამ უპასუხა, რომ მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული.

117. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მომჩივანი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ ოდენობით, რამდენადაც დადასტურდება, რომ ეს ხარჯები და დანახარჯები გაწეულია რეალურად და ეს აუცილებლობით იყო გამოწვეული და რომ ისინი გონივრულია რაოდენობრივი თვალსაზრისით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნებმა ვერ დაამტკიცეს ყველა მოთხოვნილი ხარჯის საჭიროება და გონივრულობა. მის ხელთ არსებული დოკუმენტებისა და ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლო შვიდ ინდივიდუალურ მომჩივანს აკუთვნებს 5000 ევროს (EUR ) ოდენობის თანხას სასამართლოს წინაშე საქმისწარმოების ხარჯებისა და დანახარჯების საკომპენსაციოდ, ნებისმიერი იმ გადასახადის ჩათვლით, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივნებს და რომელიც გადახდილ უნდა იქნეს გირვანქა სტერლინგში (GBP) გაერთიანებულ სამეფოში მათი წარმომადგენლების საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით.

ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად,

1. საქმის არსებით მხარეზე, იზიარებს მთავრობის წინასწარ შედავებას მესამე, მეხუთე და მეექვსე მომჩივნების მსხვერპლის სტატუსთან დაკავშირებით და არ აკმაყოფილებს სარჩელს ამ ნაწილში;

2. აცხადებს საჩივარს მისაღებად;

3. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლები მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, 2-8 მომჩივნების მიმართ;

4. ადგენს, რომ დაირღვა N1ოქმის 1-ელი მუხლი პირველი მომჩივნის მიმართ;

5. ადგენს,

(a) რომ კონვენციის 44-ე მუხლის მე- 2 პუნქტის შესაბამისად და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის ვადაში მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივნებს უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხები:

(i) 2-8 მომჩივნების მორალური ზიანისთვის, თითოეულს 1,600 (ათას ექვსასი) ევრო, ნებისმიერი გადასახადის ჩათვლით; .

(ii) 1,000 (ათასი) ევრო, ნებისმიერი გადასახადის ჩათვლით, პირველი მომჩივნის მორალური ზიანისთვის;

(iii) 5,000 (ხუთი ათასი) ევრო, ნებისმიერი გადასახადის ჩათვლით, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივნებს ხარჯებისა და დანახარჯების კუთხით, გირვანქა სტერლინგში (GBP) კონვერტაციის დროს, ანგარიშსწორების თარიღისთვის მოქმედი კურსით, რომელიც გადაირიცხება მომჩივნების წარმომადგენლების საბანკო ანგარიშზე გაერთიანებულ სამეფოში;

(b) ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან თანხების გადახდის სრულ განხორციელებამდე, ზემოხსენებულ გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;

4. არ აკმაყოფილებს მომჩივნების მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2023 წლის 30 ნოემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

                       

   ვიქტორ სოლოვეიჩიკი                                         ჟორჟ რავარანი
სექციის განმწესრიგებელი                                      თავმჯდომარე

 

დანართი

მომჩივნების სია:

ნომერი

მომჩივნის სახელი

დაბადების წელი/რეგისტრაცია

ეროვნება

საცხოვრებელი ადგილი

1.

„ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“

2013

საქართველო

ბათუმი

2.

როინ გუნდაძე

1991

საქართველო

სოფელი თხილვანა

3.

ბადრი ირემაძე

1988

საქართველო

ბათუმი

4.

რამიზ კაკალაძე

1984

საქართველო

შუახევი

5.

კახა კახაძე

1992

საქართველო

სოფელი ნარუჯა

6.

თეიმურაზ ხალვაში

1972

საქართველო

სოფელი ცეცხლაური

7.

მერაბ მიქელაძე

1985

საქართველო

ჩაქვი

8.

დათო ცეცხლაძე

1991

საქართველო

სოფელი თხილვანა