გიორგი კუპრეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

გიორგი კუპრეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/6/1541
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 11/07/2024
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016931
1/6/1541
11/07/2024
ვებგვერდი, 16/07/2024
000000000.00.000.016931
გიორგი კუპრეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №1/6/1541

2024 წლის 11 ივლისი

ქ. ბათუმი


კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: გიორგი კუპრეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

 

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1541) მომართა გიორგი კუპრეიშვილმა. №1541 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 16 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 11 ივლისს.

2. №1541 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა. 

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით კი, გარანტირებულია სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

5. №1541 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2004 წლის 9 მაისს ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რიგი დანაშაულების ჩადენაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილი დაუსაბუთებელ ქონებად იქნა მიჩნეული და საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს. ამასთანავე, მოსარჩელეს დაევალა დაუსაბუთებელი ქონების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხის სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდა.

6. 2018 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, გიორგი კუპრეიშვილის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების გადასინჯვასთან დაკავშირებით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენით, გიორგი კუპრეიშვილი სრულად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. მოსარჩელის განცხადებით, მან 2019 წლის 16 ივლისს მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეს ჩამოერთვა ქონება, და საქმის წარმოების განახლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

7. მოსარჩელე განმარტავს, რომ, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი დაუშვებლად მიიჩნევს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას მისი ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, აღიდგინოს საკუთარი ქონებრივი უფლებები. შესაბამისად, მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.

8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, იმ პირობებში, როდესაც თავად სადავო ნორმა ადგენს საგამონაკლისო წესს საქმის წარმოების განახლების 5-წლიან ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებთან მიმართებით, გაუგებარია, რატომ მოქმედებს ბლანკეტური აკრძალვა პირთა იმ კატეგორიასთან მიმართებით, რომელსაც მოსარჩელე წარმოადგენს. მოსარჩელის პოზიციით, მსგავსი რეგულირება არღვევს არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, არამედ ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას მოსარჩელის მიმართ, რადგან გასაჩივრებული კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირი სრულად მოკლებულია საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის შესაძლებლობას, განსხვავებით იმ პირთაგან, რომლებიც ექცევიან ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების მოქმედების სფეროში. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას განაპირობებს ის გარემოებაც, რომ სადავო ნორმა სრულად ართმევს საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას იმ პირებს, რომლებიც სასამართლოს მიმართავენ 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი დღის დაგვიანებით.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტსა და 31-ე მუხლის პირველ პუნქტს და იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

10. №1541 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და რელევანტურ საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებზე.

 

II
სამოტივაციო ნაწილი

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. №1541 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, შეფასებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებაში საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუკი გაუქმდა სასამართლოს ის განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელსაც პრეიუდიციული ძალა ჰქონდა და არსებითად გადაწყვიტა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში განსახილველი საკითხი.

4. №1541 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე სადავო რეგულირების სასამართლოსადმი მიმართვის უფლებასთან შეუსაბამობის დასაბუთებისას მიუთითებს, რომ, როდესაც უქმდება სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოითხოვოს საქმის წარმოების განახლება, რადგან მისგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო არ ჰქონდა შესაძლებლობა, სადავო ნორმით განსაზღვრული 5-წლიანი ვადის გასვლამდე, მიემართა სასამართლოსთვის საკუთარი ინტერესების დასაცავად. როგორც აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებაში იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და განმარტა, რომ გასაჩივრებული კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი შეიძლება გახდეს საქმის წარმოების განახლების საფუძველი ორ, ერთმანეთისგან არსობრივად განსხვავებულ შემთხვევაში – (ა) თუ გაუქმდა ის სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელსაც პრეიუდიციის ძალა ჰქონდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას და საქმის განმხილველი სასამართლო დამატებითი გამოკვლევის გარეშე იყენებს ხსენებული აქტით დადგენილ გარემოებებს; (ბ) გაუქმდა სასამართლოს ის განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას, გამოყენებულ იქნა საქმის წარმოების დაწყების საფუძვლად ან ორდინალური მტკიცებულების სახით, თუმცა სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმის განმხილველმა სასამართლომ თავად დაადგინა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებები (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებაში საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „როდესაც სასამართლო განაჩენს, გადაწყვეტილებას, განჩინებას ან სხვა ორგანოს დადგენილებას ენიჭება პრეიუდიციის ძალა, მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, სადავოდ გახადოს ამ სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო გარემოებები. ასეთ დროს, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს აქტში ასახულ ფაქტობრივ/სამართლებრივ გარემოებებს და დამატებით არ იკვლევს მათ ნამდვილობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებაში საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-61). ამგვარ შემთხვევებთან მიმართებით, საქმის წარმოების განახლების 5-წლიანი ვადის არსებობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან შეუსაბამოდ მიიჩნია, რადგან მხარეს არცერთ სასამართლო პროცესზე არ მისცემია საკუთარი ინტერესების სათანადოდ დაცვის შესაძლებლობა. ამასთანავე, ისეთ შემთხვევებთან მიმართებით, როდესაც სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება დამოუკიდებლად და თვითკმარად არ ხდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველი, არამედ წარმოადგენს სასარჩელო წარმოების დაწყების საფუძველს ან/და გადაწყვეტილების მიღებისას აქვს ორდინალური მტკიცებულების ძალა და ორივე სასამართლო პროცესის დროს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ხდება მტკიცებულებათა წარდგენა, გამოკვლევა და გადაწყვეტილების მიღება, 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელება გამართლებულად იქნა მიჩნეული.

6. ამრიგად, კონსტიტუციური სარჩელით, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სადავოდ გამხდარი საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებით. მოსარჩელის მიერ არ არის იდენტიფიცირებული რაიმე დამატებითი პრობლემური საკითხი და მოთხოვნა, რომლის კონსტიტუციურობის თაობაზეც სასამართლოს არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მიხედვით, საქმის პლენუმისათვის გადაცემის საფუძველი.

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1541 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

8. იმავდროულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

9. მოსარჩელე სადავო რეგულირების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა გამორიცხავს საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით ხუთწლიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელებას გარკვეული კატეგორიის საქმეებთან მიმართებით, რაც იწვევს დისკრიმინაციას. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებთან მიმართებით, არ მოქმედებს ზემოაღნიშნული ხანდაზმულობის ვადა. გარდა ამისა, მოსარჩელის პოზიციით, სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას არღვევს ის გარემოებაც, რომ სადავო ნორმა სრულად ართმევს საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას იმ პირებს, რომლებიც სასამართლოს მიმართავენ 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი დღის დაგვიანებით.

10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციით განმტკიცებული სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება კრძალავს არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას და – პირიქით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლება „არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან სადავო ნორმის მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით ადგილი აქვს არსებითად თანასწორ პირთა შორის განსხვავებულ მოპყრობას.

11. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების ხანდაზმულობის ვადას. ამასთანავე, სადავო რეგულაცია ადგენს ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით საგამონაკლისო წესს გარკვეული კატეგორიის საქმეებთან მიმართებით. მოსარჩელე თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს იქიდან გამომდინარე, რომ, ერთი მხრივ, საქმე, რომელშიც იგი მხარეს წარმოადგენდა, არ მოექცა იმ საქმეთა კატეგორიაში, რომლებზეც არ ვრცელდება მითითებული ხანდაზმულობის ვადა, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელემ ვერ შეძლო ხანდაზმულობის ვადის პერიოდში საქმის წარმოების განახლებაზე განცხადების შეტანა.

12. ამრიგად, აშკარაა, რომ დიფერენცირებასთან დაკავშირებით, მოსარჩელის არგუმენტაცია მიემართება საქმეთა კატეგორიებს და არა პირთა შორის განსხვავებულ მოპყრობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო მოიცავს პირთა შორის განხორციელებული დიფერენცირებისა და, შესაბამისად, დისკრიმინაციის შემთხვევებს და არა საქმეთა კატეგორიებს შორის იდენტური სამართლებრივი წესების დადგენას (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/3/1295 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საბა ქუთელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24). მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმას გააჩნია ნეიტრალური შინაარსი, ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა მოქმედებს კონკრეტულ კატეგორიას მიკუთვნებულ ნებისმიერ საქმესთან მიმართებით და შემხებლობა არ აქვს პირთა შორის განსხვავებული მოპყრობის დადგენასთან. ამდენად, სადავო ნორმები მხოლოდ სასამართლოს მიერ განსახილველი საქმეების ტიპების მიხედვით ადგენს განსხვავებულ, დიფერენცირებულ რეჟიმს და პირთა მიმართ ნეიტრალური ხასიათი გააჩნია.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1541 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1541 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი კუპრეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის წევრები:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე