თელავის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე

თელავის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3/4/1543
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 12/07/2024
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016933
3/4/1543
12/07/2024
ვებგვერდი, 16/07/2024
000000000.00.000.016933
თელავის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პლენუმის

გადაწვეტილება №3/4/1543

2024 წლის 12 ივლისი

ქ. ბათუმი


პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

 

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: თელავის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან, მე-4 და მე-11 პუნქტებთან მიმართებით.

 

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბერს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1543) მომართა თელავის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე – მამუკა წიკლაური). კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 26 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის №3/3/1543 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური წარდგინება ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.

2. №1543 კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „თუ დანაშაული შერაცხადმა პირმა ჩაიდინა, მაგრამ იგი ფსიქიკურად დაავადდა განაჩენის გამოტანამდე, რის გამოც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას, პირი სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს გამოჯანმრთელებამდე მოიხდის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის სამართლიანად და დროულად განხილვის კონსტიტუციური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს. კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით კი, „არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით“.

5. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ 2020 წლის 8 ოქტომბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ შეაჩერა სასამართლო განხილვა არჩილ ჯანგულაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე და კონსტიტუციური წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

6. №1543 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, არჩილ ჯანგულაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რიგი დანაშაულების ჩადენაში. კერძოდ, 2020 წლის 21 იანვრის და 2020 წლის 1 ივლისის ბრალდების დადგენილებების თანახმად, არჩილ ჯანგულაშვილს ბრალი ედება 2019 წლის 8 აგვისტოდან 2019 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემის ან ძალადობის, სიცოცხლის მოსპობის მუქარის, ასევე – ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახი მკვლელობის განხორციელებაში. ბრალდების მხარემ ორივე სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნა ბრალდებულის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

7. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2020 წლის 14 და 20 აგვისტოს დასკვნებით დადგენილია, რომ არჩილ ჯანგულაშვილი ბრალდების დადგენილებებში მითითებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენამდე და ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო, შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და, ამდენად, იყო შერაცხადი. აღნიშნულის მიუხედავად, ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის, ბრალდებულს აღენიშნება ფსიქიკის დროებითი აშლილობა, არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირებისთვის ზიანის მიყენების, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის საფრთხე.

8. თელავის რაიონული სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულს, მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლია მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში, მათ შორის, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების შერჩევის პროცესში. ბრალდებულს ასევე არ აქვს უნარი, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, დასვას შეკითხვები, მისცეს ჩვენება და საბოლოო სიტყვით მიმართოს სასამართლოს.

9. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის მიერ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი საპროცესო უფლებების რეალიზაციას, ვინაიდან უშვებს ფსიქიკურად დაავადებული პირის გასამართლების და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. საქმის განმხილველი სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს სამართალწარმოებაში ეფექტიან მონაწილეობას. ამდენად, თუ ბრალდებული სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე ფსიქიკურად დაავადდა, უნდა არსებობდეს საქმისწარმოების შეჩერების მექანიზმი, რათა უზრუნველყოფილი იყოს რიგი საპროცესო გარანტიებით და შეძლოს, მათ შორის, ადვოკატთან ეფექტიანი კომუნიკაციის, სხდომებზე დასწრების, მოწმეთა დაკითხვის და ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებებით სარგებლობა.

10. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, ბრალდებულს აღენიშნება ფსიქიკის დროებითი აშლილობა, შესაბამისად, არსებობს, სამომავლოდ, მისი გამოჯანმრთელების შესაძლებლობა. წარდგინების ავტორი აღნიშნავს, რომ ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვის და გამამტყუნებელი განაჩენის მიღების შემდეგ, მისი გამოჯანმრთელების შემთხვევაში, აღარ იარსებებს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. ამავდროულად, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ ბრალდებულის დაუსწრებლად წარმართული სისხლის სამართლის პროცესი შესაძლოა, იმთავითვე, არ ეწინააღმდეგებოდეს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, თუმცა ფსიქიკური ავადმყოფობის გამო საქმის დაუსწრებლად განხილვა არის საგამონაკლისო შემთხვევა, ვინაიდან ასეთ დროს ბრალდებული თავს არ არიდებს სასამართლო პროცესს, არამედ არაბრალეულად, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვერ ახერხებს მონაწილეობას პროცესში.

11. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

12. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 214 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, №1543 კონსტიტუციურ წარდგინებაზე სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“. სასამართლოს მეგობარი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის და სხვადასხვა იურისდიქციის შედარებითსამართლებრივი ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ ბრალდებულის სისხლის სამართლის პროცესში ეფექტიანი მონაწილეობა კონსტიტუციურსამართლებრივი სიკეთე და, ამავდროულად, მართლმსაჯულების განხორციელებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ბრალდებულის შეურაცხადობა კი არის მის მიერ სისხლის სამართლის პროცესში ეფექტიანი მონაწილეობის მიღების შეუძლებლობის ობიექტური საფუძველი. წერილობით მოსაზრებაში ერთმანეთისგან გამიჯნულია დროებითი, განუსაზღვრელი დროით და მუდმივი შეურაცხადობა. სასამართლოს მეგობარს მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც ბრალდებულს არ აქვს უნარი, ეფექტიანი მონაწილეობა მიიღოს პროცესის მიმდინარეობისას, სასამართლოში საქმის განხილვა უნდა იყოს შეჩერებული ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე, ხოლო თუ ბრალდებულის ეფექტიანი მონაწილეობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, საქმის განხილვა სასამართლოში უნდა შეწყდეს.

 

II
სამოტივაციო ნაწილი

ა) ბრალდებულის საპროცესო უფლებები

1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს ბრალდებულის საპროცესო უფლებების სხვადასხვა კომპონენტს. კონსტიტუცია იცავს შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპს სისხლის სამართლის პროცესში, აღჭურავს ბრალდებულს დაცვის უფლებით, საკუთარი მოწმეების ბრალდების მხარის მოწმის თანასწორ პირობებში გამოძახების და დაკითხვის უფლებით, განამტკიცებს უდანაშაულობის პრეზუმფციას, თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიას, კრძალავს უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენებას და სხვა. ხსენებული უფლებებიდან ზოგიერთი უშუალოდ მიემართება სახელმწიფოს ქმედებებს. მაგალითად, სწორედ სახელმწიფოს ეკრძალება პირის იძულება, მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ ან/და გამოიყენოს უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებები. გარკვეული უფლებები კი უკავშირდება დაცვის მხარის საქმიანობას. მაგალითად, ბრალდებულს აქვს უფლება, გამოიძახოს საკუთარი მოწმეები ან/და წარადგინოს სხვა გამამართლებელი მტკიცებულებები.

2. ბრალდებულის კონსტიტუციური უფლებების უმთავრესი მიზანია, გამორიცხოს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სწორედ ამიტომ, იგი აღჭურვილია ისეთი უფლებების კატალოგით, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი სხვა სამართალწარმოებებში და კონსტიტუცია მოითხოვს, რომ პირის დამნაშავეობა დამტკიცდეს ყველაზე მაღალი სტანდარტით, გონივრულ ეჭვს მიღმა.

3. ბრალდებულის კონსტიტუციურ უფლებათა მიზანს ასევე წარმოადგენს პირის სამართლიანი პროცესის ფარგლებში გასამართლების უზრუნველყოფა. პირის მსჯავრდება იწვევს მის უფლებებში ინტენსიურ ჩარევას. შესაბამისად, ამ პროცესის წარმართვისათვის, სახელმწიფოს ესაჭიროება ნდობის განსაკუთრებით მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობა განამტკიცებს მისდამი საზოგადოების ნდობას და ამით, ხელს უწყობს მართლმსაჯულების მიზნების მიღწევას. ბუნებრივია, საზოგადოების კანონმორჩილება მაღალია მაშინ, როდესაც კანონის არსებობა და აღსრულების პროცესი სამართლიანად აღიქმება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავეს არა უბრალოდ დაედოს მსჯავრი, არამედ ეს განხორციელდეს სამართლიანი პროცესის საფუძველზე.

4. №1543 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიუთითებს სადავო ნორმების საფუძველზე, ბრალდებულისთვის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი (შეჯიბრებითობის პრინციპი), მე-3 (დაცვის უფლება) და მე-4 (დაცვის მხარის მიერ მოწმეების გამოძახებისა და დაკითხვის უფლება) პუნქტებით გარანტირებული უფლებების დარღვევაზე.

5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული შეჯიბრებითობის პრინციპის უმთავრესი მოთხოვნაა, საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასა და მტკიცებულებაზე, მხარისათვის აზრის გამოთქმის, მათი გაქარწყლების შესაძლებლობის მინიჭება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-19). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით კი, დაცულია ბრალდებულის უფლება, მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და დაკითხვა ისეთივე პირობებში, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს. „იმისათვის, რომ ბრალდებულს შეეძლოს საკუთარი პოზიციის ეფექტურად დაცვა, მოწინააღმდეგე მხარისათვის კონკურენციის გაწევა და პროცესის შედეგზე გავლენის მოხდენა, აუცილებელია, იგი უზრუნველყოფილი იყოს მტკიცებულებათა მოპოვებისა და წარდგენის ადეკვატური პროცესუალური შესაძლებლობებით და დაცული იყოს მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-72).

6. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საპროცესო უფლებები, სხვა კომპონენტებთან ერთად, ასევე მოიცავს დაცვის უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დაცვის უფლების გარანტირებით კონსტიტუცია მიზნად ისახავს, პირის მსჯავრდების პრევენციას უსამართლო სამართალწარმოების შედეგად ... სწორედ ამიტომ ბრალდებულს აქვს პირადად ან დამცველის მეშვეობით თავის დაცვის უფლება – შესაძლებლობა, გამოიყენოს როგორც ფაქტობრივი ცოდნა, ასევე სამართლებრივი დახმარება, გააჩნია ბრალდების თანასწორი უფლებები, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს დაცვის მხარის მიერ ბრალდებისაგან თავის დაცვის შესაძლებლობა სხვადასხვა პროცედურული ინსტრუმენტით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის №1/1/650,699 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30).

7. აშკარაა, რომ ხსენებული უფლებების ეფექტური რეალიზება დაკავშირებულია დაცვის მხარის აქტიურ მოქმედებასთან. სწორედ დაცვის მხარემ უნდა უზრუნველყოს, შეჯიბრებითობის პრინციპის ფარგლებში, ბრალდების პოზიციის გასაბათილებლად საკუთარი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარდგენა, მოწმეების გამოძახება და ა.შ. ბუნებრივია, სახელმწიფო არ არის უფლებამოსილი, თავად განახორციელოს ის ქმედებები, რომელთა წარმართვის უფლებასაც, თავის დაცვის მიზნით, კონსტიტუცია ბრალდებულს ანიჭებს. შესაბამისად, კეთილსინდისიერი მიდგომისა და მაქსიმალური მონდომების პირობებშიც კი, სახელმწიფო ვერ შეძლებს ზემოხსენებული უფლებების რეალიზებას ბრალდებულის ნებისგან მოწყვეტით, მისგან დამოუკიდებლად. ამდენად, სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, საკმარისი არ არის, რომ ბრალდებულს ფორმალურად ჰქონდეს ზემოაღნიშნული საპროცესო უფლებები. ამავე დროს, აუცილებელია, რომ მას გააჩნდეს ამ უფლებების ადეკვატური რეალიზების პრაქტიკული შესაძლებლობა.

8. სხვადასხვა პირს, ინტელექტუალური თუ ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე, უფლებების რეალიზების განსხვავებული შესაძლებლობები გააჩნია. ზოგი მათგანი უკეთ შეძლებს საკუთარი თავის დაცვას ან/და უკეთეს ადვოკატს დაიქირავებს. ადამიანებს განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ და, ბუნებრივია, ვერც კონსტიტუციის მოთხოვნა იქნება, რომ პრაქტიკაში ყველა ბრალდებულმა თანაბარი ხარისხით წარმართოს თავის დაცვა ან/და ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი საუკეთესო დამცველთა/ადვოკატთა გუნდი. თუმცა კონსტიტუცია, უდავოდ, მოითხოვს, რომ ყველა ბრალდებულს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ადეკვატურ დაცვაზე და საპროცესო უფლებების მინიმალური, კონსტიტუციით გარანტირებული სტანდარტით, განხორციელების შესაძლებლობა. სწორედ ადეკვატურობაა ის კრიტერიუმი, რომელიც შესაბამისმა სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაცვის მხარის მიერ საპროცესო უფლებების რეალიზების კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისას.

 

ბ) ბრალდებულის პროცესუნარიანობა

9. ბრალდებულის ზემოხსენებული უფლებების დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს მისთვის სხვადასხვა სახის შესაძლებლობის მინიჭებით, რომლებმაც, მთლიანობაში, პრაქტიკულად უნდა უზრუნველყოს პირისათვის ადეკვატური დაცვის შესაძლებლობა. მაგალითად, ბრალდებულის უნარის ნაკლებობას, დაიცვას საკუთარი თავი, შეიძლება, აბალანსებდეს ადვოკატის დახმარება. სწორედ ამიტომ, კონსტიტუცია ბრალდებულს აღჭურავს საკუთარი თავის როგორც დამოუკიდებლად, ისე ადვოკატის დახმარებით დაცვის შესაძლებლობით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ადგენს ადვოკატის (მათ შორის, ფინანსური შესაძლებლობის არქონის შემთხვევაში, სახელმწიფოს ხარჯზე) ყოლის უფლებას, გარკვეულ შემთხვევაში კი – სავალდებულო დაცვას. მაგალითად, სავალდებულო დაცვა, მათ შორის, უზრუნველყოფილია იმ შემთხვევებში, თუ ბრალდებულს აქვს შესაძლებლობების იმგვარი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის, მის მიერ, საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას ან/და გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (იხ., საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები).

10. ადვოკატი, მისი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბრალდებულის უფლებების დაცვაში დახმარებისა და მათი რეალიზების ხელშეწყობის კუთხით. თუმცა ადვოკატის ყოლა სრულად ვერ ანაცვლებს ბრალდებულის მიერ საკუთარი უფლებების დამოუკიდებლად განხორციელების საჭიროებას. სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში, ადვოკატის ფუნქცია, როგორც წესი, სამართლებრივი რჩევებით უზრუნველყოფაა, ხოლო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თავად ბრალდებული იღებს. მაგალითად, ასეთ გადაწყვეტილებას შეიძლება, წარმოადგენდეს დანაშაულის აღიარება, ჩვენების მიცემა/არმიცემა, საპროცესო შეთანხმების გაფორმება და სხვა. სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებული ადეკვატურად აღიქვამდეს მის მიმართ არსებული ბრალდების არსს და პროცესის მიმდინარეობას. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული ვერ გააცნობიერებს, თუ რას ედავებიან და რა სამართლებრივი შედეგები ემუქრება, ბუნებრივია, ვერც ზემოხსენებულ საკითხებზე მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას.

11. ამავე დროს, ბრალდებული, ხშირ შემთხვევაში, ყველაზე უკეთ იცნობს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც შესაძლოა, მის გამართლებას დაედოს საფუძვლად. მას შეიძლება, გააჩნდეს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია როგორც ბრალდების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, ასევე გამამართლებელი მტკიცებულებების მოსაპოვებლად. მაგალითად, მან ყველაზე უკეთ იცის, არსებობს თუ არა მოწმე, რომელსაც მისი ალიბის დადასტურება შეუძლია ან/და გარემოებები, რომლებმაც მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა ან/და ბრალეულობა შეიძლება გამორიცხოს. შესაბამისად, საპროცესო უფლებებით სარგებლობისათვის ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულს ჰქონდეს მის ადვოკატთან კომუნიკაციის განხორციელების უნარი და იმ ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა, რომელიც გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს გამამართლებელი მტკიცებულების მოსაპოვებლად და ბრალდების მტკიცებულებების გასაქარწყლებლად.

12. ამგვარად, ბრალდებულის მიერ (თუნდაც დამცველის დახმარებით) საპროცესო უფლებებით სათანადოდ სარგებლობისათვის აუცილებელია, რომ იგი, სულ მცირე, ადეკვატურად აღიქვამდეს ბრალდების არსს, მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შინაარსს და ჰქონდეს ადვოკატთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.

13. განსხვავებული ინტელექტუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ბრალდებული განსხვავებული ხარისხით ახერხებს თავის დაცვას, როგორც ადვოკატთან კომუნიკაციის, ისე მის საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით. ის გარემოება, რომ ბრალდებულისათვის გასაგებია მის წინააღმდეგ არსებული ბრალდების შინაარსი, არ გულისხმობს იმას, რომ მას კვალიფიციური იურისტის დონეზე აქვს გაცნობიერებული მის წინააღმდეგ წამოწყებული სამართალწარმოების პროცესის ყველა ეტაპი თუ ელემენტი და შესაბამის პროცედურებში მისი ჩართულობის მნიშვნელობა და შედეგები. ბუნებრივია, სავარაუდოდ, ბრალდებულთა დიდი უმრავლესობა დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მოწმის ჯვარედინი დაკითხვის სათანადოდ ჩატარებას, მტკიცებულებათა დაუშვებლობაზე დასაბუთებულ მითითებას და ა.შ. თუმცა პროცესუნარიანად მისაჩნევად, მას უნდა ჰქონდეს უნარი, ადვოკატს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია, რათა ამ უკანასკნელმა, ბრალდებულის სახელით, შეძლოს შესაბამისი საპროცესო მოქმედებების ადეკვატურად განხორციელება. ასევე, ბუნებრივია, რომ ბრალდებულთა დიდი ნაწილი ვერ შეძლებს დამოუკიდებლად შეაფასოს, დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, რომელი გადაწყვეტილების მიღებაა მისთვის სასარგებლო, დანაშაულის აღიარება, საპროცესო შეთანხმების გაფორმება თუ სხვა. თუმცა, თუკი მას გააჩნია უნარი, ადვოკატთან კონსულტაციის შედეგად, გაიგოს შესაბამისი გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები, იგი პროცესუნარიანად უნდა იქნეს მიჩნეული.

14. როგორც უკვე აღინიშნა, იმ პირის დამნაშავედ ცნობა, რომელსაც არ შესწევს უნარი, განახორციელოს ისეთი საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ექსკლუზიურად მისი გასაკეთებელია და რომელთა სრულყოფილად ჩანაცვლება ვერ მოხდება, თუნდაც საუკეთესო ადვოკატის მიერ, არ პასუხობს კონსტიტუციის მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს, რამდენად უშვებს სადავო ნორმები, კონსტიტუციის მიზნებისათვის, პროცესუუნარო პირის მსჯავრდებას.

 

გ) სადავო ნორმების შინაარსი/შესაფასებელი მოცემულობა

15. საქმეზე მოთხოვნილია კანონმდებლობის ორი ნორმის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის შემოწმება.

16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლი აწესრიგებს პირის დასჯადობის შესაძლებლობასა და სასჯელის აღსრულების წესს. მისი პირველი ნაწილი შეეხება ბრალეულობის საკითხს, კერძოდ, პირი ბრალეულად არ ითვლება და, შესაბამისად, ჩადენილი ქმედება დანაშაულად არ შეერაცხება, თუ მას ქმედების ჩადენისას არ შეეძლო გაეცნობიერებინა ჩადენილი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან/და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. ხოლო განსახილველი ნორმის მე-3 ნაწილი მიუთითებს, როგორ უნდა მოხდეს დანიშნული სასჯელის აღსრულება ფსიქიკურად დაავადებული პირის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის ხსენებული დებულება და, ზოგადად, სისხლის სამართლის კოდექსი არ ადგენს საპროცესო წესრიგს, არ განსაზღვრავს, თუ რა ფორმით, რომელი წესების დაცვით უნდა მოხდეს პირის მსჯავრდება.

17. ასევე მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს, რომ კონსტიტუციური გაგებით, შერაცხადობა პირის ბრალუნარიანობის მიზნებისათვის, მისი პროცესუნარიანობა და მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის ერთ-ერთი ფორმის, გამოყენების შესაძლებლობა წარმოადგენს ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებულ მოცემულობებს (ინსტიტუტებს). შესაძლებელია პირი,  ჩაითვალოს ბრალუნარიანად, თუმცა არ იყოს პროცესუნარიანი ან/და იყოს ბრალეულიც და პროცესუნარიანიც, მაგრამ, ფსიქიკური კონდიციებიდან გამომდინარე, მისი საპატიმროში მოთავსება არ იყოს ადამიანის უფლებების მოთხოვნებთან თავსებადი.

18. პირი ბრალუნარიანია, თუ იგი აცნობიერებს მისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს. ხსენებული, ბუნებრივია, არ გულისხმობს, რომ მას უნდა ესმოდეს სისხლის სამართლის კოდექსის რომელი ნორმით და რა ფარგლებში ისჯება ესა თუ ის ქმედება. ბრალუნარიანად მისაჩნევად საკმარისია, მას ჰქონდეს უნარი, გააცნობიეროს, რომ ჩადენილი ქმედება, ზოგადად, დასაძრახია. იგი უნდა ასხვავებდეს სწორ და არასწორ ქცევას და აცნობიერებდეს, რომ არასწორად მოიქცა. ხოლო, როგორც აღინიშნა, პროცესუნარიანად მისაჩნევად ბრალდებულს უნდა შეეძლოს, ადეკვატურად აღიქვას ბრალდების არსი და გააჩნდეს ადვოკატთან კომუნიკაციის უნარი, რაც ბრალუნარიანობის კრიტერიუმისგან განსხვავდება. თავის მხრივ კი, ის, თუ რა შემთხვევებში უნდა მოხდეს ფსიქიკური პრობლემების მქონე მსჯავრდებულის სამკურნალოდ გადაყვანა საპატიმროდან საავადმყოფოში, წარმოადგენს სამედიცინო საკითხს, რომელიც შეიძლება, არც უკავშირდებოდეს შერაცხადობას. ზოგადად, კონსტიტუცია იცავს ავადმყოფი პატიმრის მკურნალობის უფლებას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მის სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსების შესაძლებლობას, თუმცა როგორ და რა ფარგლებში უნდა განხორციელდეს ეს, მოცემულ საქმეზე გადასაწყვეტ საკითხს არ წარმოადგენს.

19. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლი შემოიფარგლება პირის ბრალუნარიანობისა და სასჯელის აღსრულების ფორმის განსაზღვრით და არ არეგულირებს პირის საპროცესო უფლებებს. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი არ ზღუდავს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი, მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით, მე-4 და მე-11 პუნქტებით დაცულ უფლებებს.

20. აღნიშნულისაგან განსხვავებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილი არაორაზროვნად მიუთითებს, რომ შეურაცხადი ბრალდებულის მიმართ მოსამართლეს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იძლევა შერაცხადობის ლეგალურ დეფინიციას, თუმცა სადავო ნორმის შინაარსიდან აშკარად იკვეთება, რომ კანონი იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საშუალებას ნებისმიერი პირის მიმართ მისი გონებრივი შესაძლებლობების მიუხედავად, მათ შორის, იმ ბრალდებულის მიმართ, რომელსაც არ შეუძლია, ადეკვატურად აღიქვას ბრალდების არსი ან/და დაამყაროს კომუნიკაცია ადვოკატთან. ამდენად, სადავო ნორმის საფუძველზე, დასაშვებია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისთვის, არ არის პროცესუნარიანი, რაც, ფაქტობრივად, უთანაბრდება პირის მსჯავრდებას, მისთვის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობის მინიჭების გარეშე.

 

დ|) გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე

21. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მიზანია, გამორიცხოს უდანაშაულო პირის მსჯავრდება და, ამავე დროს, უზრუნველყოს სისხლის სამართლის საქმეზე სამართლიანი პროცესის ჩატარება (იხ., წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1-8 პუნქტები). შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს, ხსენებული ორი მიზნიდან რომელი მათგანი ხდება მიუღწევადი პროცესუუნარო ბრალდებულის მიმართ გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანით.

22. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესში მტკიცების ვალდებულება სრულად ეკისრება ბრალდების მხარეს. სახელმწიფოს ფუნქციაა, საქმე გამოიძიოს ყოველმხრივ, წარადგინოს მტკიცებულებები და გააქარწყლოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ. ხოლო  სხვადასხვა ფორმით ბრალდებულის პროცესში მონაწილეობა საკუთრივ ბრალდებულის  უფლებაა, რომლით სარგებლობაც  მის არჩევანზეა დამოკიდებული. სახელმწიფოს ბრალდებულის დამნაშავეობის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების   ვალდებულება ეკისრება იმის მიუხედავად, ცდილობს თუ არა ბრალდებული თავის დაცვას და მოქმედებს თუ არა ამ მიზნით. ბუნებრივია, ბრალდებულის მიერ საკუთარი უფლებების განხორციელებაზე უარის თქმა მართლმსაჯულების აღსრულებას ვერ შეაფერხებს. შესაბამისად, ასეთი სისტემის შექმნით, კონსტიტუცია თავადვე უშვებს, რომ ბრალდებულის რაიმე ფორმით პროცესში მონაწილეობა არ არის მისი ბრალეულობის სათანადო სტანდარტით მტკიცების აუცილებელი, იმპერატიული წინაპირობა (თუმცა უდავოდ ეხმარება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და არასწორი მსჯავრდების პრევენციას).

23. ხსენებულიდან გამომდინარე, გარკვეულ შემთხვევებში, პირი შესაძლოა, გასამართლდეს მისი მონაწილეობის გარეშეც. მაგალითად, თუ ბრალდებული თავს არიდებს მართლმსაჯულებას და არ ცხადდება სასამართლოში, მისი არყოფნის გამო, თავისთავად, ეჭვქვეშ არ დგება პროცესის სამართლიანობა ან/და დანაშაულის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ბრალდებულის მიერ თავის დაცვის შესაძლებლობის არქონა და ამ შესაძლებლობით სარგებლობაზე უარის თქმა. სხვა უფლებებთან ერთად, დაცვის უფლების მინიჭებით, კონსტიტუცია ადგენს სახელმწიფოს, როგორც ბრალდების მხარის რესურსების დამაბალანსებელ მექანიზმებს, რომელთა არსებობაც, მნიშვნელოვნად განაპირობებს პირის მსჯავრდებას სამართლიანი პროცესის შედეგად. ბრალდებულისათვის თავის დაცვის შესაძლებლობის წართმევა სისხლის სამართალწარმოებას უსამართლო პროცესად აქცევს. ამდენად, უმთავრესად სწორედ სამართლიანი პროცესის მოთხოვნიდან მომდინარეობს საჭიროება, რომ    სამართალწარმოების პროცესში ბრალდებულის მონაწილეობისთვის  სათანადო შესაძლებლობები იქნეს  უზრუნველყოფილი.

24. დანაშაულის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მტკიცების ვალდებულება სახელმწიფოს მიმართ არსებულ იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს. საქმის განმხილველი სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას, ვალდებულია, ყველა შემთხვევაში გაამართლოს პირი, თუ მისი უდანაშაულობის გონივრული ეჭვი არსებობს, იმისდა მიუხედავად, თუ რა განაპირობებს მსგავსი ეჭვის არსებობას. აღნიშნულისგან განსხვავებით, სამართლიანი პროცესის მოთხოვნებიდან მომდინარე ზოგიერთი პირობის შექმნა შეიძლება, არ იყოს აუცილებელი, როდესაც ბრალდებული ბოროტად იყენებს საპროცესო უფლებებს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც იგი განზრახ იგდებს თავს პროცესუუნარო მდგომარეობაში, ახორციელებს გარკვეულ ქმედებებს, რათა გახდეს შეურაცხადი და თავი აარიდოს მართლმსაჯულებას. მსგავს შემთხვევაში, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის აკრძალვა სამართლიანი პროცესის მოთხოვნას წარმოადგენს. კონსტიტუცია არ იცავს პირის შესაძლებლობას, ხელოვნურად შექმნას ფაქტობრივი გარემოებები მართლმსაჯულებისაგან თავის ასარიდებლად.

25. ამდენად, კანონმდებელი უფლებამოსილია, დაადგინოს გამონაკლისი შემთხვევები, რომელთა ფარგლებშიც დასაშვები იქნება პროცესუუნარო პირის გასამართლება. თუმცა, თითოეულ შემთხვევაში, ხსენებული მოპყრობის წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დაცვის მხარის არაკეთილსინდისიერი ქცევა, რომელიც თავისი არსით, ბრალდებულის მიერ თავისი უფლების რეალიზებაზე უარის თქმას გაუტოლდება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სადავო ნორმა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას უშვებს იმ შემთხვევებშიც, როდესაც იგი პროცესუუნაროა და, ამავე დროს, ამ ფაქტის მიმართ ბრალი არ მიუძღვის. ასეთ დროს, პირის დამნაშავედ ცნობა ხდება იმ პირობებში, როდესაც მას წართმეული აქვს ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობა, რაც არღვევს   სისხლის სამართლის საქმეზე სამართლიანი პროცესის ჩატარების მოთხოვნას.

26. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, იგი შეიძლება, დაექვემდებაროს პროპორციულ შეზღუდვებს დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). საპროცესო უფლებების სხვადასხვა კომპონენტი ერთობლიობაში უზრუნველყოფს საქმის სამართლიან განხილვას. ამა თუ იმ უფლებრივი ასპექტის შეზღუდვა, შეიძლება, ბალანსდებოდეს სხვა საპროცესო შესაძლებლობების მინიჭებით ან/და გამართლებული იყოს მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესებით. თუმცა ცალკეული შეზღუდვის გამართლებისას, სამართლიანი პროცესის ჩატარების უზრუნველყოფა წარმოადგენს შეზღუდვის დასაშვებობის შემოწმების ზღვარს. კონსტიტუციის მიზნებისათვის მხოლოდ სამართლიანი პროცესის საფუძველზე შეიძლება, ჰქონდეს სახელმწიფოს დამნაშავის დასჯის ლეგიტიმაცია. ცალკეული ელემენტების შეზღუდვისგან განსხვავებით, პროცესის ზოგადი სამართლიანობის შეფერხება წარმოადგენს იმ ფორმის ჩარევას, რომელიც უფლების არსს ეწინააღმდეგება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, დაუშვებელია ამა თუ იმ უფლების იმ ფორმით შეზღუდვა, რომ შედეგად, უფლების არსი დაირღვეს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის №1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1; mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27). ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ  საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელიც სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანი წარმართვის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს,  არღვევს საპროცესო უფლებებს და არ ექვემდებარება პროპორციულობის ტესტით შემდგომ შემოწმებას/გამართლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების და მე-4 პუნქტის მოთხოვნებს.

 

ე) თვითინკრიმინაციის აკრძალვა

27. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი აგრეთვე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა შეიძლება, ზღუდავდეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტით დაცულ უფლებრივ სფეროს. მითითებული დანაწესი მოიცავს ორ ასპექტს, თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიას და ახლობელთა წრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის ვალდებულების არარსებობას. განსახილველი კონსტიტუციური წარდგინების ფარგლებში, რელევანტურია სწორედ ბრალდებულის თვითინკრიმინაციის ელემენტი, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმისწარმოების დროს არავინ არის ვალდებული, გამოვიდეს მოწმედ საკუთარი თავის საზიანოდ.

28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, რომ 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის „კონტექსტში ჩვენების მიცემა გულისხმობს ვერბალურ, წერილობით ან სხვა ნებისმიერი ფორმის ქმედებაში საკუთარი ნებელობითი ელემენტის რეალიზებას, გამოხატვას. ხოლო თვითინკრიმინაციის დაცვის პრივილეგია კრძალავს სწორედ პირის ნებაზე ზემოქმედებას, მისცეს ჩვენება რაიმე ფორმით, საკუთარი თავის წინააღმდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული უფლების შეზღუდვას ვერ გამოიწვევს რეგულირება, რომლის ფარგლებშიც არ ხდება პირის ნებაზე ზემოქმედება მისგან მტკიცებულების მოპოვების მიზნით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/4/809 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42).

29. სადავო ნორმით დადგენილია მოწესრიგება, რომლის მიხედვით, შეურაცხადი ბრალდებულის მიმართ დასაშვებია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. თუმცა, სადავო ნორმა არ შეიცავს რაიმე ისეთ დებულებას, რომელიც შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ფსიქიურად დაავადებული პირის ნებაზე ზემოქმედების დასაშვებობა. იმ ბრალდებულის საქმის განხილვა, რომელსაც ფსიქიკური დაავადების გამო, შეზღუდული აქვს პროცესში ეფექტიანად მონაწილეობის უნარები, თავისთავად, არ გულისხმობს, რომ შეიძლება, შეიზღუდოს მისი თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგია. მხოლოდ პროცესის მიმდინარეობა a priori არ არის დაკავშირებული პრივილეგიით დაცული სფეროს შეზღუდვასთან. აღნიშნული პრივილეგიით სარგებლობისთვის ბრალდებულს არ სჭირდება პროცესში აქტიური მონაწილეობის ისეთივე უნარები, როგორიც, მაგალითად, მოწმეთა მოწვევისა და დაკითხვისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ ზღუდავს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტით დაცულ სფეროს.

 

ვ) ნორმის ძალადაკარგულად ცნობის გადავადება

30. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებს და მე-4 პუნქტს, ვინაიდან უშვებს პროცესუუნარო ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებული ძალით იგდებს თავს პროცესუუნარო მდგომარეობაში, მისი მსჯავრდება არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს. სადავო ნორმის სრულად, გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე ძალადაკარგულად ცნობა კი, შეუძლებელს გახდის, მათ შორის, ისეთი ბრალდებულების მსჯავრდებას, რომლებმაც მართლმსაჯულებისათვის თავის არიდების მიზნით, განზრახ ჩაიგდეს თავი პროცესუუნარო მდგომარეობაში.

31. ამავე დროს, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა ბუნებრივად აჩენს შეურაცხადი ბრალდებულების მიმართ გასატარებელი ღონისძიებების ახლებურად მოწესრიგების საჭიროებას. საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს ნეგატიურ კანონმდებელს, მას შეუძლია, მხოლოდ ძალადაკარგულად ცნოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო დებულება, თუმცა თავად საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მოაწესრიგებს, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ ტიპის ბრალდებულის მიმართ.

32. ფსიქიკური ავადმყოფობა შეიძლება, გამოხატული იყოს სხვადასხვა ფორმითა და ხარისხით. მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც №1543 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიუთითებს, შეურაცხადობა იყო დროებითი და, წარდგინების ავტორის მითითებით, გარკვეული პერიოდით მკურნალობის შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა პროცესის ჩატარება. ხსენებულ ფაქტორზე დაყრდნობით, წარდგინების ავტორი აღნიშნავდა, რომ უნდა არსებობდეს, პირის გამოჯანმრთელებამდე, სისხლის სამართლის საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობა. ამავე დროს, შესაძლებელია, ფსიქიკური ავადმყოფობა გამოხატული იყოს ისეთი ფორმით, რომელიც არ იძლევა გამოჯანმრთელების ვადის პროგნოზირების შესაძლებლობას. სწორედ კანონმდებელია უფლებამოსილი, კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად, მოაწესრიგოს ფსიქიკურად დაავადებული ბრალდებულის მიმართ გასატარებელი ღონისძიებები და თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით, შექმნას რეაგირების სათანადო მექანიზმები. ბუნებრივია, პროცესუუნარო პირის მიმართ გასატარებელი თითოეული ღონისძიების მომწესრიგებელი ნორმა შესაძლოა, ცალკე დაექვემდებაროს კონსტიტუციურობის შემოწმებას.

33. ამავე დროს, ხსენებული საქმის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა პროცესუუნარო პირის დამნაშავედ ცნობის კონსტიტუციასთან შეუსაბამობა. თუმცა სასამართლოში საქმის განხილვას შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს როგორც ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა, ისევე მისი გამართლება. ამდენად, სწორედ საქართველოს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, გარკვეულ შემთხვევებში, დაუშვებს თუ არა პროცესუუნარო ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმისწარმოების გაგრძელებას, მისი გამართლების მიზნით.

34. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული პროცედურული საკითხების მოწესრიგების საჭიროება. მაგალითად, როგორ უნდა მოხდეს პირის პროცესუნარიანობის გამოკვლევა. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, საეჭვო იყოს ბრალდებულის მიერ ნების გამოვლენის შესაძლებლობა, ხომ არ უნდა ჰქონდეს სასამართლოს, ეჭვის შემთხვევაში, პროცესუნარიანობის საკუთარი ინიციატივით შემოწმების ვალდებულება, მტკიცების რა სტანდარტით, რა ხარისხით უნდა დადასტურდეს, რომ პირი სათანადოდ აღიქვამს ბრალდების არსს, პროცესის მიმდინარეობას, შეუძლია თუ არა ადვოკატთან ადეკვატური კომუნიკაციის დამყარება და სხვა.

35. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საკითხის სათანადოდ მოწესრიგება საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მიერ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს, ხოლო ნორმის დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად ცნობა მოუწესრიგებელს დატოვებს პროცესუუნარო ბრალდებულის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოებას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა უნდა გადავადდეს 2025  წლის 1 დეკემბრამდე.

 

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 273 მუხლის მე-2 პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და მე-4 პუნქტთან მიმართებით.

2. არ დადასტურდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან, მე-4 და მე-11 პუნქტებთან და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტთან შეუსაბამობა.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2025 წლის 1 დეკემბრიდან.

4. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში