ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 3/3/1251
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 12/07/2024
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016929
3/3/1251
12/07/2024
ვებგვერდი, 16/07/2024
000000000.00.000.016929
ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის

გადაწყვეტილება №3/3/1251

2024 წლის 12 ივლისი

ქ. ბათუმი

 

 

 


პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

ირინე იმერლიშვილი წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი წევრი;

მანანა კობახიძე წევრი;

თეიმურაზ ტუღუში წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი : დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება : ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი : ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონის 36-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.

  საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ნანა წულაძის წარმომადგენელი თამარ სამხარაძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ქრისტინე კუპრავა; მოწმე – სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამების მართვის სექტორის უფროსი სოფიო წიკლაური.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1251) ომართა ნანა წულაძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის №3/3/1251 საოქმო ჩანაწერით, №1251 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული. №1251 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 11 ივნისს.

2. №1251 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.

3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტითა (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან გათავისუფლების საფუძვლები. კერძოდ, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი, ასევე, ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, განწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. ასევე, პირი, რომელმაც გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად თავისუფლდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დაცული იყო კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კი განსაზღვრავდა, რომ „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას, ხოლო საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით.

5. №1251 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ნანა წულაძე არის ყოფილი მოსამართლე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე განწესდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 1995 წლის 14 ნოემბერს და 4 წლის განმავლობაში ეკავა მოსამართლის თანამდებობა. 1999 წლის 10 ივნისს მოსარჩელე, სასამართლოს რეფორმის ფარგლებში, გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე. 2015 წლის 28 ნოემბერს მოსარჩელემ ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, თუმცა იმის გამო, რომ მოსამართლედ არ დანიშნულა კონკურსის წესით, სადავო ნორმების საფუძველზე, იგი მოსამართლის თანამდებობის კვლავ დასაკავებლად ვალდებულია გაიაროს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სრული სასწავლო კურსი.

6. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, იუსტიციის სკოლის მიზანია, უზრუნველყოს იუსტიციის მსმენელის თეორიული ცოდნის გაღრმავება და, სამომავლოდ, მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება. შესაბამისად, პირის მოსამართლედ დანიშვნის წინაპირობად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სრული კურსის გავლის ვალდებულების დაწესებით კანონმდებელს სურს, რომ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ იმ პირებმა, რომლებსაც აქვთ ამ თანამდებობისათვის აუცილებელი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები. თუმცა მოსარჩელის პოზიციით, ამ წინაპირობის წაყენება ისეთი კანდიდატებისათვის, რომლებსაც აქვთ მოსამართლედ მუშაობის წარსული გამოცდილება და შესაძლებელია მათი კვალიფიკაციისა და დასანიშნ თანამდებობასთან შესაბამისობის ინდივიდუალურად განსაზღვრა, ვერ გამოდგება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებად.

7. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი შედგება რამდენიმე ეტაპისაგან და მოიცავს, მათ შორის, შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვას, მათ შესახებ ინფორმაციის მოძიებას და გასაუბრებას. ეს ყოველივე კი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალურად შეფასდეს ყოფილ მოსამართლეთა სამოსამართლო გამოცდილების შედეგად შეძენილი ცოდნა, უნარ-ჩვევები, კეთილსინდისიერება და კომპეტენცია. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ როდესაც კანდიდატს უკვე აქვს სამოსამართლო გამოცდილება და შესაძლებელია ამ კანდიდატის პროფესიული უნარ-ჩვევების ინდივიდუალურად შეფასება კონკურსის სხვადასხვა ეტაპზე, მას აღარ უნდა მოეთხოვებოდეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სრული სასწავლო კურსის გავლა. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს საჯარო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურ უფლებას.

8. მოსარჩელე მხარე ასევე განმარტავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონის 36-ე მუხლი დისკრიმინაციული ხასიათისაა, რამდენადაც იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სრული სასწავლო კურსის გავლის ვალდებულებისგან ათავისუფლებს მხოლოდ იმ ყოფილ მოსამართლეებს, რომლებიც თანამდებობაზე განწესებულნი იყვნენ კონკურსის წესით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ყოფილი მოსამართლეები, მათი თანამდებობაზე განწესების წესის მიუხედავად, წარმოადგენენ თანასწორ სუბიექტებს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის თვალსაზრისით.

9. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირება რაციონალურ კავშირში არ არის კანონმდებლის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან. კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლების მიზანს წარმოადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება, იუსტიციის მსმენელის თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება. არსებული რეგულირება ეფუძნება რწმენას, რომ შესაბამისი სამოსამართლო გამოცდილების მქონე პირი არ ფლობს ზემოაღნიშნულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მხოლოდ იმის გამო, რომ ის თანამდებობაზე არ განწესებულა კონკურსის წესით. მოსარჩელის პოზიციით, მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის წესი არანაირად არ მეტყველებს მის კომპეტენციაზე და, შესაბამისად, მსგავსი რეგულირება გაუმართლებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

10. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

11. №1251 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეობის კანდიდატების მომზადება ხდება ისეთ საკითხებში, როგორებიც არის თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწა. ამგვარი საჭიროება კი შეიძლება ჰქონდეთ როგორც ყოფილ მოსამართლეებს, ისე სამოსამართლო გამოცდილების არმქონე პირებს. შესაბამისად, მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანია მოსამართლის თანამდებობაზე კვალიფიციური პირის განწესების უზრუნველყოფა.

12. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის არგუმენტაციით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის გავლის დავალდებულება უკავშირდება პირის იმ მნიშვნელოვანი ნიშან-თვისებების, პროფესიული უნარების გამყარებას, რომელთა შეძენაც რთული იქნება იუსტიციის უმაღლესი სკოლის გავლის გარეშე. ამგვარი საჭიროება კი განსაკუთრებით დგას იმ ყოფილ მოსამართლეებთან მიმართებით, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა შეუწყდათ ოცი ან უფრო მეტი წლის წინ. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას.

13. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე განწესების საფუძვლები, პირობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მაშინ როდესაც მოსამართლის დანიშვნა ხდებოდა არა კონკურსის, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. კონკურსის წესით მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნისას ხდება მასთან გასაუბრება, შესაბამისი ინფორმაციის მოძიება, მათი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის შეფასება. კონკურსის გარეშე დანიშნულ პირთა უნარ-ჩვევები და კომპეტენცია კი არ შეფასებულა მსგავსი წესით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მიიჩნევს, რომ შესადარებელი პირები არ წარმოადგენენ თანასწორ სუბიექტებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის.

14. მოპასუხე მხარე დამატებით განმარტავს, რომ, თუკი შესადარებელი პირები ჩაითვლებიან თანასწორ სუბიექტებად, სადავო რეგულაცია მაინც კონსტიტუციის შესაბამისია, რადგანაც პირთა დიფერენცირებას აქვს რაციონალური დასაბუთება. კერძოდ, მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშნულ პირთა მიერ სამოსამართლო საქმიანობის განხორციელების მომენტიდან შესაძლოა, გასული იყოს ხანგრძლივი დროითი პერიოდი, ასევე მათ მიერ გავლილი გადამზადების კურსები ვერ გაუთანაბრდება დღეს მოქმედი იუსტიციის უმაღლესი სკოლის პროგრამას. ამდენად, მოპასუხე მხარის პოზიციით, რაციონალურია, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსის გავლა მოეთხოვებათ იმ ყოფილ მოსამართლეებს, რომლებსაც შეიძლება ამის უფრო მეტი საჭიროება ჰქონდეთ.

15. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ ნორმათა კონსტიტუციურობის შეფასებისას უმნიშვნელოვანესია მხედველობაში იქნეს მიღებული არა მხოლოდ დანიშვნის წესი, არამედ ის პერიოდი, რომლის ფარგლებშიც მოსამართლეებს მოუწიათ უფლებამოსილების განხორციელება. აღნიშნული პერიოდის შემდეგ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სასამართლო სისტემასა და საკანონმდებლო სივრცეში. კანონმდებლის მიერ განსაკუთრებული მოთხოვნების დაწესებას მოპასუხე მხარე ამართლებს მოსამართლის აღმატებული ხარისხით და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კომპონენტით. მოპასუხის მითითებით, მართალია, სახელმწიფო არ უცხადებს უნდობლობას მანამდე არსებულ სამოსამართლო გამოცდილებას, თუმცა გაუმართლებლად მიიჩნევს, გარდამავალი პერიოდიდან და საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, მათ გათანაბრებას მოქმედი საკანონმდებლო რეგულირებების პირობებში მიღებულ სამოსამართლო გამოცდილებასთან.

16. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ემსახურება მოსამართლის თანამდებობაზე კომპეტენტური პირების განწესების, დამოუკიდებელი და კვალიფიციური სასამართლო სისტემის შექმნის მიზანს და აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

17. არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამების მართვის სექტორის უფროსმა, სოფიო წიკლაურმა აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხული მსმენელები გადიან 10-თვიან სწავლების კურსს. იმ შემთხვევაში, თუ მსმენელების გამოცდილება დამაკმაყოფილებელია, ისინი 6-თვიან სწავლების კურსს გადიან. მოწმემ განმარტა სტანდარტული ვადით განსაზღვრული გადამზადების პერიოდთან დაკავშირებული დეტალები და აღნიშნა, რომ 10-თვიანი სწავლება შედება 3 ძირითადი კომპონენტისგან. პირველი ეტაპი არის თეორიული კურსი, რომელიც გრძელდება 5 თვის განმავლობაში, შემდგომ კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ თეორიულ კურსს, გადიან სასამართლოში სტაჟირებას. სტაჟირების გავლის შემდგომ, მსმენელები აგრძელებენ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასემინარო მუშაობას, რაც აძლიერებს მათ უნარ-ჩვევებს. სწავლების ბოლო ეტაპზე მსმენელები აბარებენ გამოცდას და წერენ გადაწყვეტილებას, რომელსაც შემდგომ შესაბამისი კომისია ამოწმებს.

18. მოწმე განმარტავს, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლა, საკუთარი არსით, განსაკუთრებულია და სწორედ აქ მიღებული განათლება უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. მოწმე მიუთითებს, რომ ამ სისტემის ალტერნატიული მექანიზმი, რომელიც, მსგავსად იუსტიციის უმაღლესი სკოლისა, გადაამზადებს და შესძენს მოსამართლეთა კანდიდატებს საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას, არ არსებობს.

  II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური დებულებების ცვლილება

 1. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და, შესაბამისად, აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის იმ დებულებასთან მიმართებით, რომელსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.

2. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დაცული იყო კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კი განსაზღვრავდა, რომ „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას, ხოლო საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებთან მიმართებით.

2. სადავო ნორმების ძალადაკარგულობა

3. №1251 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე სადავოდ ხდის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), ამავე მუხლის მე-3 პუნქტისა (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონის 36-ე მუხლის კონსტიტუციურობას.

4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) ადგენდა მოსამართლის თანამდებობაზე პირის დანიშვნის წინაპირობებს, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტითა (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონის 36-ე მუხლით განისაზღვრებოდა მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან გათავისუფლების საფუძვლები.

5. „„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის 3129-XIმს-Xმპ ორგანული კანონის საფუძველზე, სადავო ნორმები შეიცვალა. ხოლო „„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის 5569-Iს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდა „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის გასაჩივრებული ნორმები ძალადაკარგულია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სადავო ნორმებმა ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდგომ.

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმების გაუქმება/ძალადაკარგულად გამოცხადება, საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში წარმოშობს განსხვავებულ შედეგებს საქმის მიმდინარეობის შესაბამისი ეტაპის გათვალისწინებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-3). ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, „როდესაც სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა/გაუქმება ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ (როდესაც სასამართლო იმყოფება სათათბირო ოთახში), არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი საქმის შეწყვეტისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

7. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება ვერ გახდება საქმის შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს სამართალწარმოებას და შეაფასებს ძალადაკარგული ნორმების კონსტიტუციურობას.

  3. სადავო ნორმების შინაარსისა და სასარჩელო მოთხოვნის იდენტიფიცირება

8. №1251 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. ხსენებული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი პირი, მაგალითად, მოსამართლეობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის, სულ ცოტა, 5 წლის გამოცდილება, ფლობდეს სახელმწიფო ენას, გავლილი ჰქონდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და სხვა. მოსამართლეობის კანდიდატისათვის წაყენებული ზემოხსენებული მოთხოვნებიდან, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლის ვალდებულება. მოსარჩელე განმარტავს, რომ საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებასთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად მიაჩნია, არა, ზოგადად, იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლის მოთხოვნის წაყენება მოსამართლეობის კანდიდატებისათვის, არამედ მხოლოდ იმ კანდიდატებისათვის, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, აქვთ მოსამართლედ მუშაობის, სულ მცირე, 18-თვიანი გამოცდილება და შესაძლებელია მათი კვალიფიკაციისა და დასანიშნ თანამდებობასთან შესაბამისობის ინდივიდუალურად განსაზღვრა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას, ზოგადად, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სრული სასწავლო კურსის დასრულების, როგორც მოსამართლის თანამდებობის დაკავების მოთხოვნის კონსტიტუციურობის შეფასების წინაშე.

9. მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტსა (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონის 36-ე მუხლს, თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმებით განსაზღვრულია მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან გათავისუფლების საფუძვლები. კერძოდ, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი, ასევე ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, განწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. ასევე, პირი, რომელმაც გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად, თავისუფლდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე.

10. მოსარჩელე მხარემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დააკონკრეტა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ სადავო ნორმებთან მიმართებით, მისთვის პრობლემურია ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის მოთხოვნისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის ყოფილი მოსამართლეები, რომლებიც უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე განწესდნენ კონკურსის წესით. მისი პოზიციით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლა არ უნდა მოეთხოვებოდეთ იმ კანდიდატებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, აქვს წარსულში მოსამართლედ მუშაობის სულ მცირე 18-თვიანი გამოცდილება და, ამ მხრივ, მნიშვნელობა არ აქვს მათი თანამდებობაზე დანიშვნის წესს - მოსამართლის თანამდებობის დაკავება მოხდა კონკურსით თუ კონკურსის გარეშე. ამასთანავე, მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი დავობს მხოლოდ რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატისათვის დადგენილ ვალდებულებაზე, რამდენადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან ისედაც თავისუფლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი ყველა პირი.

11. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

  4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით

4.1. საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებით დაცული სფერო

12. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია საქართველოს მოქალაქის მიერ საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება. აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესის მნიშვნელობა ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ კონკრეტული ინდივიდის შრომითი უფლების დადგენა. ის ქმნის მნიშვნელოვან საფუძველსა და გარანტიას დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს რეალურად ჩამოყალიბების პროცესში. „დემოკრატია, უშუალო გაგებით, გულისხმობს რა ხალხის მმართველობას, შესაბამისად, ის, თავისთავად, გულისხმობს მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ მონაწილეობა ხელისუფლების როგორც ფორმირებაში, ისე განხორციელებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/3/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).

13. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი „... სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში, განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). დასახელებული კონსტიტუციური დებულება ასევე იცავს „მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).

14. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიზნებისთვის საჯარო სამსახური არის, მათ შორის, პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით უკვე დადგენილია, რომ მოსამართლის თანამდებობა, კონსტიტუციის მიზნებისთვის, განხილული უნდა იქნეს საჯარო თანამდებობად, რამდენადაც მოსამართლე, სახელმწიფო ორგანოში, სასამართლოში ასრულებს უაღრესად მნიშვნელოვან პროფესიულ საქმიანობას მონაწილეობს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ამრიგად, აშკარაა, რომ მოსამართლის თანამდებობა წარმოადგენს იმ თანამდებობას, რომლის დაკავებისა და საქმიანობის განხორციელების კანონით განსაზღვრული პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). შესაბამისად, მოსამართლის თანამდებობის დაკავების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ უფლებასთან დაკავშირებით დადგენილი სტანდარტები მოსამართლის სახელმწიფო თანამდებობის კონსტიტუციური სტატუსისა და სპეციფიკის გათვალისწინებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).

15. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო თანამდებობის სტატუსს განაპირობებს შესაბამისი საქმიანობის ბუნება, მისი არსი ... ბუნებრივია, განსხვავებულია სხვადასხვა სტატუსის მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირთა მიმართ წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მათ საქმიანობაში ჩაურევლობის კონსტიტუციური გარანტიები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო ამა თუ იმ საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებასთან მიმართებით, კონსტიტუციური სტანდარტების დადგენისას აფასებს როგორც მის (თანამდებობის) ბუნებას, ასევე ყველა სათანადო მახასიათებელს, რომელიც ამ თანამდებობის კონსტიტუციურ სტატუსს განსაზღვრავს.

4.2. საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა

16. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) ჩამოთვლის იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი პირი. ერთ-ერთ ამგვარ მოთხოვნად მოიაზრება იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად კი, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდებიან ყოფილი მოსამართლეები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, განწესებული იყვნენ მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. ამდენად, დასახელებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ იმ ყოფილ მოსამართლეებს, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნაც მოხდა არა კონკურსის წესით, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების აქტის, მაგალითად, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ევალებათ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სრული სასწავლო კურსის გავლა, სხვა შემთხვევაში, ისინი ვერ შეძლებენ მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას.

17. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოსამართლეთა შერჩევისა და თანამდებობაზე დანიშვნის წესს, სხვადასხვა პერიოდში, არეგულირებდა სხვადასხვა კანონი – მათ შორის, „საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო წყობილების შესახებ“ დასაქართველოს რესპუბლიკაში მოსამართლის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 28 დეკემბრის კანონები. საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო წყობილების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 28 დეკემბრის კანონის 71-ე და 72-ე მუხლები განსაზღვრავდა, რომ რაიონის (ქალაქის) სასამართლოების, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შეარჩევდა და წარადგენდა საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო, ავტონომიურ რესპუბლიკებში – ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროები საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო მოსამართლეთა დანიშვნა ხდებოდა უშუალოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის, ავტონომიურ რესპუბლიკაში კი, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით, ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ. მოსამართლეთა დანიშვნის ანალოგიურ წესს ადგენდა საქართველოს რესპუბლიკაში მოსამართლის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-10 მუხლიც. მოგვიანებით, საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო წყობილების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 28 დეკემბრის კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად განისაზღვრა, რომ რაიონის (ქალაქის) სასამართლოების, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ნიშნავდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაური საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების რაიონის (ქალაქის) სასამართლოების მოსამართლეებს ნიშნავდა ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით. ამავე კანონის 86-ე მუხლი კი ადგენდა ადმინისტრაციული მოსამართლის დანიშვნის წესს, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციულ მოსამართლეს ნიშნავდა საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, ავტონომიურ რესპუბლიკებში იუსტიციის მინისტრები – საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. ამდენად, დასახელებულ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მოსამართლეთა კონკურსის წესით თანამდებობაზე დანიშვნას.

18. შემდგომში, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის საფუძველზე, განსხვავებულად მოწესრიგდა მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების საკითხი და გაჩნდა ჩანაწერი, მოსამართლეთა კონკურსის წესით დანიშვნის შესახებ. ხსენებული კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რაიონული (საქალაქო), საოლქო, სააპელაციო და უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეების თანამდებობაზე წარდგენა ხდებოდა კონკურსის წესით, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის კონკურსი მოიცავდა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების, კანდიდატის საქმიანი და მორალური რეპუტაციის, პროფესიული მუშაობის გამოცდილებისა და ფიზიკური მდგომარეობის შეფასებას.

19. ამდენად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი ადგენდა მოსამართლეთა თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩევის მოთხოვნას. ამასთანავე, მითითებული ორგანული კანონის 861 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე კონკურსის გარეშე დანიშნული მოსამართლეები ექვემდებარებოდნენ სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაციას, რომლის გავლაც მათ შეეძლოთ 1999 წლის 30 აპრილამდე. ხოლო ამ თარიღამდე საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობა, ხსენებული ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს. სწორედ აღნიშნული საფუძვლით მოხდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 ივნისის №703 განკარგულებით.

20. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტისა (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) ანალიზი, მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების საკითხის მომწესრიგებელ სხვა, ზემოთ განხილულ კანონმდებლობასთან ერთობლიობით მიუთითებს, რომ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის იუსტიციის უმაღლესი სკოლაში სწავლა მოეთხოვებათ, მათ შორის, იმ ყოფილ მოსამართლეებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება, თუმცა მათი თანამდებობაზე დანიშვნა მოხდა კონკურსის გარეშე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის ამოქმედებამდე.

21. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საერთო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ამდენად, დასახელებული კონსტიტუციური დებულება ექსპლიციტურად ჩამოთვლის იმ მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს საერთო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო, კონსტიტუციის ამავე მუხლის შესაბამისად, საერთო სასამართლოს მოსამართლის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება განისაზღვროს ორგანული კანონით. მოსამართლეობის კანდიდატის მიერ იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლა არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ დადგენილ მოთხოვნას – იგი არის ორგანული კანონით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო კრიტერიუმი, რომლის დაკმაყოფილების გარეშეც, პირთა გარკვეული კატეგორია ვერ შეძლებს მოსამართლის თანამდებობის დაკავებას. ამდენად, სადავო ნორმის საფუძველზე, მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის, მოსარჩელესა და მის მდგომარეობაში მყოფ პირებს ევალებათ იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლა. სხვა შემთხვევაში, ისინი ვერ შეძლებენ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას და, შესაბამისად, მოსამართლის თანამდებობის დაკავებას. ამდენად, აშკარაა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცული უფლების შეზღუდვა.

4.3. უფლების შეზღუდვის გამართლება

4.3.1. შეფასების ტესტი

22. მიუხედავად საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების უდიდესი მნიშვნელობისა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეს უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია, დაექვემდებაროს შეზღუდვას. დასახელებული უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივ საფუძველს ითვალისწინებს თავად საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება, დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, რამდენადაც განსახილველ საქმეში მოსარჩელე დავობს მოსამართლის თანამდებობის დაკავებისათვის დადგენილ კონკრეტულ წინაპირობაზე, აუცილებელია, მხედველობაში იქნეს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის შინაარსიც. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია, რომ საერთო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, ხოლო საერთო სასამართლოს მოსამართლის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება ორგანული კანონით. ამდენად, კონსტიტუცია თავადვე უშვებს ზემოაღნიშნული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას.

23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურსამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, სადავო ნორმა, რომელიც განსაზღვრავს მოსამართლის თანამდებობის დაკავების წინაპირობებს, უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას ფორმალური და მატერიალური შინაარსით (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).

24. განსახილველ შემთხვევაში, მოსამართლის თანამდებობის დაკავების წინაპირობა განსაზღვრულია საკანონმდებლო აქტით – „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. შესაბამისად, დაკმაყოფილებულია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა საჯარო თანამდებობის დაკავების ძირითადი უფლების შეზღუდვის ფორმასთან მიმართებით.

25. გარდა ამისა, მოსამართლის თანამდებობის დაკავებისათვის უფლების შეზღუდვა, შინაარსობრივად, უნდა შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას ემსახურება სადავო რეგულაცია, ხოლო შემდგომ შეამოწმოს, რამდენად შეესაბამება იგი თანაზომიერების პრინციპის სხვა მოთხოვნებს.

4.3.2. ლეგიტიმური მიზანი

26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, იმისათვის, რომ გასაჩივრებული საკანონმდებლო ღონისძიება შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, პირველ რიგში, აუცილებელია, იგი ემსახურებოდეს ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-15). ამდენად, უპირველესად, უნდა დადგინდეს სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი.

27. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სადავო ნორმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული კურსის გავლის ვალდებულებას ადგენს იმ ყოფილი მოსამართლეებისათვის, რომლებსაც აქვთ მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება, თუმცა ამ თანამდებობაზე მათი დანიშვნა არ მომხდარა კონკურსის წესით. მოპასუხის განმარტებით, ის მოსამართლეები, რომლებზეც ვრცელდება სადავო ნორმით გათვალისწინებული ვალდებულება, თანამდებობაზე განწესდნენ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის ამოქმედებამდე და შემდგომში მათი გადანიშვნა არ მომხდარა კონკურსის წესით. შესაბამისად, მათ შესაძლოა, მომეტებულად ესაჭიროებოდეთ თეორიული ცოდნის მიღება/გაღრმავება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწა, რამდენადაც მათ მიერ სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებიდან დიდი დროითი პერიოდია გასული. მოპასუხის პოზიციით, ამ ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობას კი იძლევა იუსტიციის უმაღლესი სკოლა. ამდენად, მოპასუხე მხარემ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა ღირსეული, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლის თანამდებობაზე განწესება, რაც, საბოლოოდ, უზრუნველყოფს დამოუკიდებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას.

28. დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში განუზომლად დიდია დამოუკიდებელი და კვალიფიციური მოსამართლის როლი, რამდენადაც „მოსამართლე წარმოადგენს მართლმსაჯულების განმახორციელებელ სახელმწიფო თანამდებობის პირს, რომლის მიერ საკუთარი ფუნქციების მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად და მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელებაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნებისმიერ სახელმწიფოში კანონის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს და, ზოგადად დემოკრატიის არსებობა და მათი სრულყოფილი რეალიზაცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის №2/5/658 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). სწორედ სასამართლო სისტემის მნიშვნელობიდან და მისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 თავი ეთმობა სასამართლო ხელისუფლებას. საქართველოს კონსტიტუცია ცალკე არეგულირებს, ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებასთან, მის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასთან და მოსამართლეთა პერსონალურ ხელშეუხებლობასთან დაკავშირებულ გარანტიებს.

29. სასამართლო ხელისუფლების მიერ საკუთარი ფუნქციის სათანადოდ შესრულება მჭიდროდაა დაკავშირებული ინდივიდუალურ მოსამართლეთა კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმთან. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „მოსამართლის თანამდებობაზე კვალიფიციური პირების განწესების მოთხოვნა უკავშირდება არა მხოლოდ პირის უფლებას, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა, არამედ – საზოგადოებრივ ინტერესს – მართლმსაჯულება განახორციელონ მხოლოდ მოსამართლის თანამდებობასთან შესაფერისმა პირებმა, რომლებიც საკუთარი პროფესიული და პიროვნული მახასიათებლებით აკმაყოფილებენ ამ საპატიო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ სტანდარტებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30). ამასთანავე, სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობას მნიშვნელოვნად განაპირობებს მოსამართლის თანამდებობაზე განწესების მარეგულირებელი კანონმდებლობა, მათ შორის, ის საკითხი, თუ რა საკვალიფიკაციო მოთხოვნები წაეყენებათ მოსამართლეობის კანდიდატებს და რამდენად არის შესაძლებელი სათანადო ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების მქონე პირების შერჩევა.

30. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსამართლის თანამდებობაზე ისეთი პირების შერჩევა/განწესება, რომლებსაც საკუთარი ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციის გათვალისწინებით შეუძლიათ მოსამართლის ფუნქციის სათანადოდ შესრულება, ისევე, როგორც დამოუკიდებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელება, ნამდვილად წარმოადგენს ისეთი მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობის ლეგიტიმურ მიზანს, რომლის მისაღწევადაც, დასაშვებია საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა.

4.3.3. გამოსადეგობა

31. მნიშვნელოვან საჯარო ლეგიტიმურ მიზანზე მითითება, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისთვის, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების კონსტიტუციურ პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის კრიტერიუმს. სადავო ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).

32. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის ერთ-ერთ მოთხოვნად განსაზღვრულია იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დანიშნულებაა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება. სკოლის მიზანია, უზრუნველყოს იუსტიციის მსმენელის თეორიული ცოდნის გაღრმავება და მისთვის პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, აგრეთვე, იუსტიციის მსმენელის მიერ მომავალი პასუხისმგებლობისა და კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედების თავისუფლების შეცნობა, ხელი შეუწყოს იუსტიციის მსმენელის თანდათანობით ინტეგრაციას იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც მას, როგორც მოსამართლეს, მომავალში მოუწევს საქმიანობა. ამავე კანონის 6623 მუხლით განსაზღვრულია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლების ფორმები, კერძოდ, სემინარი, სასამართლო პროცესის სიმულაცია, დისკუსია, სტაჟირება, გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადების სწავლება, იუსტიციის მსმენელის მოკლევადიანი მივლინებები სასამართლოსა და პროკურატურაში, ასევე, უცხო ქვეყნის ავტორიტეტულ სასწავლო ორგანიზაციაში სწავლება ან/და სტაჟირება.

33. ამასთანავე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წესდებითა“ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამით, დეტალურადაა განსაზღვრული თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომპონენტები, ფორმები და მეთოდები. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეობის კანდიდატთა მომზადება ემსახურება სამართლის სხვადასხვა დარგში თეორიული ცოდნისა და ანალიტიკური უნარების გაღრმავებას, მოსამართლისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენასა და სამოსამართლო გარემოში ინტეგრაციის ხელშეწყობას. გარდა უშუალოდ თეორიული სწავლებისა, სასწავლო კურსი ასევე მოიცავს სავალდებულო სტაჟირებას საერთო სასამართლოებში, რათა იუსტიციის მსმენელებმა დეტალურად შეისწავლონ სასამართლოს საქმიანობის ეტაპები, მოამზადონ სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტები და გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 6630 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იუსტიციის სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ, მსმენელი აბარებს დამამთავრებელ გამოცდას, რომლის დანიშნულებაა იუსტიციის მსმენელის მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შეფასება. აღნიშნული დამამთავრებელი გამოცდის საფუძველზე დგება იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სია. ამავე კანონის 6633 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევისას გაითვალისწინება იუსტიციის მსმენელის რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში და აგრეთვე დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება. ამდენად, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლება, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მოსამართლეობის კანდიდატთა მომზადებას, მოსამართლისათვის აუცილებელი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შეძენა/გაღრმავებას, ხოლო, მეორე მხრივ, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი გამოცდის შედეგები და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება გამოიყენება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, მოსამართლის თანამდებობაზე საუკეთესო კანდიდატის შერჩევის პროცესში.

34. ბუნებრივია, არსებობს ლოგიკური მოლოდინი, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, მოსამართლეობის კანდიდატის ცოდნის დონე და უნარ-ჩვევები გაუმჯობესდება. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში კანდიდატის მომზადება ხდება იმ მიზნით, რომ მას შემდგომში გაუმარტივდეს სამოსამართლო ფუნქციების შესრულება. ამდენად, მოსამართლეობის კანდიდატისათვის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სრული სასწავლო კურსის დასრულების მოთხოვნა მიმართულია მოსამართლის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში უფრო მაღალკვალიფიციური და სათანადოდ მომზადებული პირების მონაწილეობისა და, შესაბამისად, მოსამართლის თანამდებობაზე საუკეთესო კანდიდატის განწესების უზრუნველყოფისაკენ.

35. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შექმნილია კონსტიტუციური ორგანო – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელმაც უნდა შეარჩიოს და თანამდებობაზე განაწესოს მოსამართლეობის ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მოსამართლის თანამდებობრივ სტატუსს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18). იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი გამოცდის შედეგები და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება ასევე გამოიყენება, მოსამართლედ განწესების პროცესში, კანდიდატის შესაფასებლად და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეხმარება საუკეთესო კანდიდატის შერჩევაში.

36. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატისათვის იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული კურსის გავლის მოთხოვნის დაწესება წარმოადგენს გამოსადეგ საშუალებას, რათა მიღწეულ იქნეს მოსამართლის თანამდებობაზე კვალიფიციური პირების შერჩევის/განწესებისა და დამოუკიდებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელების ლეგიტიმური მიზნები.

4.3.4. აუცილებლობა

37. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „გამოსადეგობასთან ერთად, შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). საჭიროა არ არსებობდეს სხვა, ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით, დასახელებული ლეგიტიმური მიზნის იმავე ეფექტიანობით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა.

38. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად მოსამართლეობის კანდიდატისათვის იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლის ვალდებულების დაწესებას ისეთი კანდიდატებისათვის, რომლებსაც აქვთ მოსამართლედ მუშაობის , სულ მცირე , 18-თვიანი წარსული გამოცდილება და შესაძლებელია მათი კვალიფიკაციისა და დასანიშნ თანამდებობასთან შესაბამისობის ინდივიდუალურად განსაზღვრა. მოსარჩელის პოზიციით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი იძლევა სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატების განსხვავებულად შეფასების შესაძლებლობას, მათ გამოცდილებასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით. ამდენად, მოსარჩელისათვის ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ნაკლებად მზღუდველ საშუალებად მოიაზრება , მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში , ყოფილ მოსამართლეთა სამოსამართლო გამოცდილების, უნარებისა და თანამდებობასთან შესაბამისობის ინდივიდუალური შეფასება.

39. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლით განსაზღვრულია რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დაკავების წესი, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონკურსის გამოცხადება, შერჩევის პროცედურაში მონაწილეობისათვის წარსადგენი განცხადების ფორმისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენა, პირის კანდიდატად რეგისტრაცია, კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოძიება, კანდიდატთან გასაუბრება და მათი შეფასება. ამასთანავე, ხსენებული კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 351 მუხლი ითვალისწინებს სამოსამართლო გამოცდილების მქონე პირის დამატებითი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეფასების შესაძლებლობას. მაგალითად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კონკურსში მონაწილე სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასებისას, სავალდებულოა მის მიერ განხილული 5 საქმის შეფასება, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია შესული. საქმის/გადაწყვეტილების შეფასებისას გაითვალისწინება, მათ შორის, მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის) ცოდნის დონე, მოსამართლეობის კანდიდატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში შესაბამისი სამართლის ნორმების გამოყენების სისწორე, გადაწყვეტილების დასაბუთებულობა/დამაჯერებლობა. დასახელებული ორგანული კანონის 351 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატის შეფასებისას, კომპეტენტურობის ასპექტში აგრეთვე გაითვალისწინება პროფესიული თვისებები (მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში). ამასთანავე, ორგანული კანონის 351 მუხლი სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატის შეფასებისას ითვალისწინებს სხვა დამატებით კრიტერიუმებს, მაგალითად, პუნქტუალურობა, საქმის ჯეროვნად და პასუხისმგებლობით მომზადება, ქცევა სასამართლო დარბაზში და სასამართლო სხდომის სათანადოდ წარმართვის უნარი, ქცევა მხარეებთან ურთიერთობისას, გულმოდგინება და შრომისმოყვარეობა, გადაწყვეტილების დაუხმარებლად მიღებისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, მიზანდასახულობა, პროდუქტიულობა და სისწრაფე, საპროცესო ვადების დაცვა, მენეჯერული უნარ-ჩვევები და სხვა პროფესიული აქტივობები.

40. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე არის ყოფილი მოსამართლე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე განწესდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 1995 წლის 14 ნოემბერს, ხოლო 1999 წლის 10 ივნისს, სასამართლოს რეფორმის ფარგლებში, გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე. №1251 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის შესაბამისად, სადავო ნორმა მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია სწორედ მის და მის ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ყოფილ მოსამართლეებთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს, თანამდებობიდან გათავისუფლების, კერძოდ კი, 1999 წლის 10 ივნისის შემდგომ , სამოსამართლო საქმიანობა აღარ განუხორციელებია. ის გარემოება, რომ მოსამართლეთა მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებიდან ხანგრძლივი დრო შეიძლება იყოს გასული, წარმოშობს მნიშვნელოვან სირთულეებს მათი საქმიანობის შეფასების კუთხით. რთულად წარმოსადგენია, რა ფორმით უნდა მოხდეს ისეთი კომპონენტების შეფასება, როგორებიცაა საქმის ჯეროვნად და პასუხისმგებლობით მომზადება, ქცევა სასამართლო დარბაზში და სასამართლო სხდომის სათანადოდ წარმართვის უნარი, ქცევა მხარეებთან ურთიერთობისას. ამასთანავე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღების დროს მათში ასახული იქნება მოქმედი სამართლისათვის რელევანტური პრაქტიკა და სტანდარტები.

41. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პერიოდის შემდეგ მატერიალური და საპროცესო სამართლებრივი სივრცე, სამართლის პრინციპები და კანონმდებლობა პრინციპულად შეიცვალა. მაგალითად, დღეს მოქმედი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მიღებულ იქნა 1999 წლის 25 ივნისს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 1999 წლის 23 ივლისს, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში 1998 წლის 20 თებერვალს მიღებული კოდექსის საფუძველზე. გარდა აღნიშნულისა, 1996 წელს შეიქმნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და მომდევნო წლებში ჩამოყალიბდა მისი პრაქტიკა, 1999 წლის 20 მაისს მოხდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის რატიფიცირება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას არსებითი გავლენა ჰქონდა ქვეყანაში ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის სტანდარტებზე, ამა თუ იმ უფლების აღიარებასა და სრულყოფილ რეალიზაციაზე.

42. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე და მის ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი სხვა ყოფილი მოსამართლეები, სამოსამართლო საქმიანობას სრულად ან მის ძირითად ნაწილს ახორციელებდნენ სამართლებრივ სივრცეში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებამდე არსებული კანონმდებლობით. შესაბამისად, ხსენებულ წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებში იმის შეფასება, თუ რამდენად სწორად ხდება მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების და სამართლის ნორმების გამოყენება, ვერ იქნება რელევანტური დღევანდელობაში პირის მოსამართლედ განწესების საკითხის გადასაწყვეტად. ამ გადაწყვეტილებათა შეფასება ვერ გახდება იმის ინდიკატორი, თუ რამდენად სწორად მიიღებს დღეს პირი გადაწყვეტილებებს ან რამდენად კარგად იცის მოქმედი მატერიალური თუ საპროცესო ნორმები და შეუძლია მათი პრაქტიკაში გამოყენება. დამატებით, აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა ამ გადაწყვეტილებების შეფასების რელევანტურობისა, კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს ის საკითხიც, შესაძლებელი იქნება თუ არა ამ წლებში განხორციელებული სამოსამართლო საქმიანობის კომპეტენტურად შესწავლა/შეფასება. იმის გამო, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, არსებითად შეცვლილია ის საკანონმდებლო ნორმები და პრინციპები, რომელზე დაყრდნობითაც ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება მოსარჩელის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში, შესაძლოა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს არ ჰქონდეთ და არც მოეთხოვებოდეთ იმდროინდელი კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა. ეს საკითხი კიდევ ერთ დამატებით სირთულეს ქმნის იმისათვის, რომ სათანადოდ შეფასდეს მოსამართლეობის კანდიდატის შესაბამისობა ამ თანამდებობაზე განწესების კუთხით.

43. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, მოსამართლის წარსული საქმიანობის შეფასება შეუძლებელი ან რთულად განსახორციელებელი იყოს, მაგალითად, თუ მოსამართლის საქმიანობის განხორციელებიდან ხანგრძლივი ვადაა გასული ან არსებობს მისი წარსული სამოსამართლო საქმიანობის სათანადოდ შესწავლის სხვა დამაბრკოლებელი გარემოება. შესაძლოა, ასეთი პირების საქმიანობის შეფასება ობიექტურად ვერ განხორციელდეს იმ მოცულობით, რაც უზრუნველყოფდა პირის შესაბამისობის დადგენას მოსამართლის თანამდებობისთვის აუცილებელ სტანდარტებთან. ასეთ შემთხვევებში იზრდება იმის ალბათობა, რომ მოსამართლედ გამწესდეს ამ თანამდებობისთვის შეუფერებელი კანდიდატი, რითაც, ცხადია, საფრთხე შეექმნება თავად კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელების საჯარო ინტერესსაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემთხვევათა უმრავლესობაში, მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფ ყოფილ მოსამართლეთა გადაწყვეტილებების შეფასება შესაძლოა, არ იყოს რელევანტური მოსამართლის თანამდებობისთვის აუცილებელ სტანდარტებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს საკანონმდებლო სივრცისა და სამართლებრივი სისტემის კარდინალურად შეცვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელზე დაყრდნობითაც, შესაძლოა, კანონმდებელმა ივარაუდოს, რომ მოსარჩელეს და ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ყოფილ მოსამართლეებს, შესაძლოა, ჰქონდეთ იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლის საჭიროება.

44. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მის ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ყოფილ მოსამართლეებთან მიმართებით, მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, მათი წარსული სამოსამართლო გამოცდილებისა და მიღებული გადაწყვეტილებების ინდივიდუალური შეფასება ვერ ჩაითვლება იმ ნაკლებად შემზღუდველ ღონისძიებად, რომლითაც ანალოგიური/მსგავსი ეფექტიანობით მიიღწევა მოსამართლის თანამდებობაზე კვალიფიციური პირების შერჩევა/განწესების, დამოუკიდებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელების ლეგიტიმური მიზნები. ამასთანავე, საქმის განხილვის პროცესში არ გამოკვეთილა სხვა, ალტერნატიული, უფრო ნაკლებად შემზღუდველი წესის იმპლემენტაციის შესაძლებლობა.

4.3.5. პროპორციულობა ვიწრო გაგებით

45. უფლებაშემზღუდველი ნორმატიული წესის კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისად მიჩნევისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ აგრეთვე უნდა გამოარკვიოს, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ფარგლებში დაცული ინტერესი, საკუთარი მნიშვნელობით, აღემატება თუ არა შეზღუდულ ინტერესს. ამ ეტაპზე უნდა გაანალიზდეს, რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu), რომლის მოთხოვნაა „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43). განსახილველ შემთხვევაში, ისეთ ლეგიტიმურ მიზნებს, როგორებიცაა: მოსამართლის თანამდებობაზე კვალიფიციური პირების შერჩევა/განწესება, დამოუკიდებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელება, უპირისპირდება სამოსამართლო გამოცდილების მქონე პირის ინტერესი, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის გარეშე მიიღოს მონაწილეობა მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში და დაიკავოს ეს თანამდებობა.

46. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საჯარო თანამდებობათა დივერსიფიცირებული ბუნებიდან, მათი კონსტიტუციური სტატუსიდან თუ შესასრულებელი ფუნქციიდან გამომდინარე, შესაძლებელია, განსხვავებული იყოს მათ მიმართ წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). მოსამართლეთა ძირითადი კონსტიტუციური ფუნქცია სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღება და კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად მართლმსაჯულების განხორციელებაა. სასამართლოს ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულებისა და სამართლის უზენაესობის ქმედითობა არსებითადაა დამოკიდებული თითოეული მოსამართლის კეთილსინდისიერებასა და კომპეტენტურობაზე, დამოუკიდებლობაზე, მართლმსაჯულების ძირეული პრინციპებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი მათ ერთგულებაზე. საერთო სასამართლოს მოსამართლეებს უდიდესი როლი ენიჭებათ სამართლებრივი მიდგომების, პრინციპებისა და სტანდარტების ჩამოყალიბებაში. იმისათვის კი, რათა შესაძლებელი იყოს მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელება, აუცილებელია კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა და თანამდებობაზე დანიშვნა.

47. მოსამართლის თანამდებობაზე კვალიფიციური და პროფესიული ნიშნით შესაბამისი კანდიდატის დანიშვნა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კანდიდატისადმი წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და მისი შერჩევა/დანიშვნის პროცედურაზე. გარდა იმისა, რომ მოსამართლეთა სათანადო წესით დანიშვნა გავლენას ახდენს კონკრეტული პირების უფლებათა რეალიზაციაზე, ამ პროცესს მჭიდროდ უკავშირდება სასამართლო სისტემის აღქმა საზოგადოების მხრიდან და მისდამი ნდობა. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების პროცესში კვალიფიციური მოსამართლეების განწესების მყარი გარანტიების არსებობა ემსახურება საზოგადოებაში მართლმსაჯულებისადმი ნდობის განმტკიცებას. ცხადია, ნდობა მართლმსაჯულების სისტემისადმი გაიზრდება, თუ საზოგადოებას გააჩნია რწმენა, რომ მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების პროცესი იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფს კვალიფიციური, პიროვნული და პროფესიული ნიშნით შესაბამისი კანდიდატების მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30).

48. ზოგადად, რაც უფრო მაღალი იქნება მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მით უფრო მეტია შანსი, რომ მოსამართლის თანამდებობაზე განწესდნენ კომპეტენტური პირები. სწორედ იმიტომ, რომ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს გააჩნდეს კომპეტენტურობისა და პროფესიონალიზმის გარკვეული დონე, კანონმდებლობით მათ მოეთხოვებათ მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სრული სასწავლო კურსის გავლა. რა თქმა უნდა, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლა და, ზოგადად, ახალი ცოდნის მიღება, ბუნებრივად უწყობს ხელს კანდიდატთა კომპეტენციის ზრდას და პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ სამართლებრივი სივრცე, მიდგომები და სტანდარტები მუდმივად ვითარდება, განგრძობადად არსებობს ახალი დარგების რეგულირების სპეციფიკის შესწავლის და განახლებული ცოდნის მიღების საჭიროება. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში პროფესიული გადამზადების კურსების გავლა, შეიძლება, აუცილებელი იყოს არა მხოლოდ მოსამართლეობის კანდიდატებისათვის, არამედ მოქმედი მოსამართლეებისთვისაც.

49. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, არსებობდნენ მოსამართლეობის მსურველი ისეთი კანდიდატები, რომლებთან მიმართებითაც იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის მოთხოვნა ქმნის ზედმეტ, გაუმართლებელ ბარიერს, რამდენადაც მათ უკვე აქვთ საკმარისი ცოდნა და უნარები ამ თანამდებობის დასაკავებლად. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის კონტექსტში, მოსარჩელე და მის ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი პირები, რომლებიც ექცევიან სადავო რეგულაციის მოქმედების სფეროში, თანამდებობაზე დაინიშნენ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის ამოქმედებამდე, მათი თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა სასამართლო რეფორმის ფარგლებში (მაგალითად, მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა 1999 წლის 10 ივნისს) და შემდგომში მათ აღარ განუხორციელებიათ სამოსამართლო საქმიანობა.

50. სადავო რეგულაციას დაქვემდებარებული ყოფილი მოსამართლეები სამოსამართლო საქმიანობას ახორციელებდნენ სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ სისტემაში, იმ საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით, რომელთა უმეტესი ნაწილიც დღეს უკვე ძალადაკარგულია. დღეს მოქმედი მატერიალური თუ პროცესუალური კანონმდებლობა, ერთი მხრივ, განსხვავებულადაა ჩამოყალიბებული შინაარსობრივი თვალსაზრისით, ხოლო, მეორე მხრივ, მოქმედი სამართალი არსებითად სხვა პრინციპებსა და ღირებულებებს ეფუძნება. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელე სამოსამართლო საქმიანობას ახორციელებდა 1995 წლიდან 1999 წლამდე per se არ ნიშნავს, რომ მას აქვს დღეს მოქმედი კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა და არ საჭიროებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლას.

51. გარდა კანონმდებლობაში განხორციელებული ფუნდამენტური ცვლილებებისა, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელის მიერ სამოსამართლო საქმიანობის შესრულებიდან გასულია ხანგრძლივი პერიოდი. დასახელებული გარემოებები ართულებს ან შეუძლებელს ხდის მათი წარსული სამოსამართლო საქმიანობის (გადაწყვეტილებების, მხარესთან კომუნიკაციის, სასამართლო სხდომის წარმართვის და სხვა) შეფასებას. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებისას „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში მითითებული კრიტერიუმები (მაგალითად, ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ცოდნა) დაკმაყოფილდეს და კანდიდატმა ამ შეფასების საფუძველზე, შეძლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავება.

52. იმ მოცემულობაში, როდესაც კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არაა გამხდარი, ზოგადად, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის ვალდებულების, როგორც მოსამართლის თანამდებობის დაკავების წინაპირობის კონსტიტუციურობა, მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ მოსარჩელე დროის გარკვეულ პერიოდში, კერძოდ კი 1995-1999 წლებში ახორციელებდა სამოსამართლო საქმიანობას, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მას აქვს იმგვარი ცოდნა ან უნარები, რომ დამატებით აღარ საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას და სასწავლო კურსის გავლას.

53. მოსარჩელესა და მის ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ყოფილ მოსამართლეებს, ბუნებრივია, გააჩნიათ ინტერესი, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი არსებობდეს იმისათვის, რომ მათ შეძლონ მოსამართლის თანამდებობის ხელახლა დაკავება. თუმცა მათი ეს ინტერესი ვერ გადაწონის მოსამართლის თანამდებობაზე კვალიფიციური პირების განწესების, დამოუკიდებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელების საჭიროებას. ხსენებულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნებს და სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, არ არსებობს მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი.

  5. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონის 36-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

5.1. სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების დაცული სფერო

 54. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია თანასწორობის უფლება. მისი ძირითადი არსი და მიზანი არის „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

55. ამასთან, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). თანასწორობის უფლების ძირითადი არსი და მიზანია, ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად და არ დაუშვას არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

56. ამრიგად, სახელმწიფო ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებითად თანასწორ პირებს ანიჭებს განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებით.

5.2. თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება

 57. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტითა (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან გათავისუფლების საფუძვლები. კერძოდ, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი, ასევე ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, განწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება.

58. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დიფერენცირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ერთი მხრივ, ის ყოფილი მოსამართლეები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება და მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნენ კონკურსის წესით, ხოლო, მეორე მხრივ, ის ყოფილი მოსამართლეები, რომლებსაც ასევე ჩაბარებული აქვთ საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლედ მუშაობდნენ არანაკლებ 18 თვის განმავლობაში, თუმცა მათი მოსამართლედ განწესება არ მომხდარა კონკურსის წესით. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმები მხოლოდ კონკურსის წესით დანიშნულ მოსამართლეს ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის ვალდებულებისაგან, ანალოგიური გამოცდილების მქონე, კონკურსის გარეშე დანიშნულ ყოფილ მოსამართლეს კი მოეთხოვება სრულო სასწავლო კურსის გავლა.

59. განსახილველ შემთხვევაში, აშკარაა, რომ სადავო ნორმებით ხდება დიფერენცირებული მოპყრობა იმ ყოფილ მოსამართლეთა მიმართ, რომლებსაც სურთ ხელახლა დაიკავონ მოსამართლის თანამდებობა და მონაწილეობა მიიღონ კონკურსში. კერძოდ, მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კონკურსის წესით დანიშნულ ყოფილ მოსამართლეებს არ ევალებათ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლა, მაშინ, როდესაც ორგანული კანონი ამ მოთხოვნას უყენებს კონკურსის გარეშე დანიშნულ ყოფილ მოსამართლეებს.

60. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, დიფერენცირების ფაქტის დადგენის შემდგომ, სადავო ნორმის თანასწორობის უფლებასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, უნდა მოხდეს შესადარებელი ჯგუფების იდენტიფიცირება და იმის შეფასება, თუ რამდენად თანასწორნი არიან ეს ჯგუფები კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობისთვის. ამასთან, პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი „უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები, კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-19).

61. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმების საფუძველზე, დიფერენცირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ერთი მხრივ, ის ყოფილი მოსამართლეები, რომლებიც თანამდებობაზე დაინიშნენ კონკურსის წესით, ხოლო, მეორე მხრივ, კონკურსის გარეშე თანამდებობაზე განწესებული ყოფილი მოსამართლეები, დიფერენცირება კი ხდება მოსამართლის თანამდებობის ხელახლა დაკავების შესაძლებლობასთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული შესადარებელი პირები – ყოფილი მოსამართლეები – თანაბრად აკმაყოფილებენ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლებისაგან გათავისუფლების სხვა წინაპირობებს: აქვთ არანაკლებ 18 თვის სამოსამართლო გამოცდილება და ჩააბარეს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, ხოლო განსხვავება მათ შორის არის თავდაპირველად თანამდებობაზე დანიშვნის გზა – მათი განწესება მოხდა კონკურსით თუ მის გარეშე.

62. ბუნებრივია, რომ ყოფილ მოსამართლეებს, მიუხედავად იმისა, თუ რა გზით მოხდა მათი თავდაპირველი დანიშვნა მოსამართლედ (კონკურსით თუ მის გარეშე), გააჩნიათ თანაბარი ინტერესი, სურვილის შემთხვევაში, შეძლონ მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა და კანონმდებლობით არ დაუწესდეთ დამატებითი მოთხოვნები ამ უფლების რეალიზაციისათვის. ამ თვალსაზრისით, ყოფილ მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის წესი ვერ ჩაითვლება იმ გარემოებად, რომელიც გამოიწვევდა შესადარებელ პირთა არსებითად უთანასწორო სუბიექტებად განხილვას ამ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით.

63. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ითვალისწინებს არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას და სახეზეა სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებით დაცული სფეროს შეზღუდვა.

5.3. შეფასების სტანდარტი

64. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში მისი შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

65. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დიფერენცირების არსებობის ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში მისი დისკრიმინაციულობის მასშტაბი იდენტური არ არის და დამოკიდებულია უთანასწორო მოპყრობის თავისებურებებზე. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-11 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8).

66. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმებით პირთა დიფერენცირება ხდება იმის მიხედვით, თუ რა გზით მოხდა მათი მოსამართლის თანამდებობაზე განწესება – იყო ეს კონკურსის წესით თუ მის გარეშე. შესაბამისად, დიფერენცირება ხორციელდება პირის თანამდებობაზე განწესების ნიშნით, აღნიშნული კი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში სახელდებით მოხსენიებული არ არის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის დიფერენცირების შესაფასებლად მკაცრი ტესტის გამოყენების პირველი საფუძველი.

67. ვინაიდან სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე კლასიკურ ნიშანს, სასამართლოს მიერ მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენება დამოკიდებულია დიფერენცირების ინტენსივობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დიფერენცირების ინტენსივობის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ „არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში იმყოფებიან, დიფერენცირება რამდენად მკვეთრად დააცილებს ამ უკანასკნელთ კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებიდან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-25).

68. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, სადავო ნორმები მოსარჩელეს არ ართმევს მოსამართლის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას, გასაჩივრებული დებულებები ადგენს მხოლოდ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან გათავისუფლების საფუძველს იმ პირთათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ორგანული კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. აღნიშნულის მიღმა, მოსარჩელე მხარეს უფლება აქვს, გაიაროს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსი და მონაწილეობა მიიღოს მოსამართლის შესარჩევ კონკურსში. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 6612 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღები კონკურსი ტარდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ამასთანავე, ამავე ორგანული კანონის 6621 მუხლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა, ზოგადი წესის შესაბამისად, არის 16 თვე, ხოლო ამავე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში კი 12 თვე.

69. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მის მდგომარეობაში მყოფ პირებს, სადავო ნორმებით გათვალისწინებული დიფერენცირების მიუხედავად, კვლავ რჩებათ მოსამართლის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუკი ისინი გაივლიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსს. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, რომ თავად იუსტიციის უმაღლესი სკოლის გავლა დაკავშირებულია რაიმე განსაკუთრებულ სირთულესთან, რის გამოც იგი ვერ მოახერხებს მოსამართლის თანამდებობის დაკავებას. უფრო მეტიც, №1251 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ თავადვე მიუთითა, რომ შესადარებელ პირთა შორის დიფერენცირება არ არის ინტენსიური, რამდენადაც მას კვლავ რჩება მოსამართლის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არსებითად თანასწორ პირებს მნიშვნელოვნად არ ასხვავებს მოსამართლის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობის თვალსაზრისით, დიფერენცირების ინტენსივობა არ აღწევს იმ ხარისხს, რომ უთანასწორობა შეფასდეს „მკაცრი ტესტის“ გამოყენებით. ამდენად, სასამართლო დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურობას შეფასდება „რაციონალური დიფერენცირების ტესტით“.

5.4. ლეგიტიმური მიზანი და რაციონალური კავშირი

70. „დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლებისათვის საჭიროა, სადავო ნორმამ დააკმაყოფილოს რაციონალური დიფერენცირების ტესტის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც: ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთება, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).

71. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმებით დადგენილი განსხვავებული მოპყრობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ კონკურსის გარეშე დანიშნული ყოფილი მოსამართლეების მიერ სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებიდან გასულია საკმაოდ დიდი დრო. შესაბამისად, მათ შესაძლოა, მომეტებულად ესაჭიროებოდეთ თეორიული ცოდნის მიღება/გაღრმავება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწა. ამასთანავე, ამ ყოფილ მოსამართლეთა მიერ გავლილი სასწავლო და გადამზადების კურსები ვერ შეამცირებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის გავლის საჭიროებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარემ დიფერენცირების ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირთა მონაწილეობის და ღირსეული, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლის თანამდებობაზე განწესების უზრუნველყოფა. ხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირება დასახელებული მიზნების მიღწევას.

72. როგორც უკვე აღინიშნა, მოსამართლეთა კონკურსის წესით შერჩევის მოთხოვნა კანონმდებლობაში გაჩნდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის ამოქმედების შემდეგ. მანამდე კი, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის მომწესრიგებელი კანონმდებლობა, კერძოდ, „საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო წყობილების შესახებ“ და „საქართველოს რესპუბლიკაში მოსამართლის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 28 დეკემბრის კანონები, მსგავს მოთხოვნას არ ითვალისწინებდა. ამასთანავე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 861 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე კონკურსის გარეშე დანიშნული მოსამართლეები ექვემდებარებოდნენ სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაციას, რომლის გავლაც მათ შეეძლოთ 1999 წლის 30 აპრილამდე. ხოლო, ამ თარიღამდე საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობა, ხსენებული ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს. შესაბამისად, ის მოსამართლეები, რომლებიც თანამდებობაზე დაინიშნენ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის ამოქმედებამდე და შემდგომ 1999 წლის 30 აპრილამდე არ გაუვლიათ სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია, გათავისუფლებულ იქნენ თანამდებობიდან. სწორედ აღნიშნული საფუძვლით მოხდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 ივნისის №703 განკარგულებით.

73. მოსარჩელე არის ყოფილი მოსამართლე, რომელიც თანამდებობაზე დაინიშნა კონკურსის გარეშე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 1995 წლის 14 ნოემბერს, 4 წლის განმავლობაში ეკავა მოსამართლის თანამდებობა და 1999 წლის 10 ივნისს, იგი, სასამართლოს რეფორმის ფარგლებში, გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე. რაც შეეხებათ კონკურსის წესით დანიშნულ მოსამართლეებს, მოსამართლეთა კონკურსის წესით შერჩევის მოთხოვნა კანონმდებლობაში გაჩნდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის ამოქმედების შემდეგ და ამავე ორგანული კანონის სისტემური წაკითხვით დგინდება, რომ ამ წესით დანიშნულ მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობა სამოსამართლო საქმიანობას შეუდგა 1999 წლის 15 მაისიდან. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად აღწევს დასახელებულ მიზნებს სადავო ნორმებით გათვალისწინებული დიფერენცირება იმ ყოფილ მოსამართლეებს შორის, რომლებიც, ერთი მხრივ, თანამდებობაზე კონკურსის გარეშე დაინიშნენ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის ამოქმედებამდე და მოსარჩელის მსგავსად სამოსამართლო საქმიანობას ახორციელებდნენ 1999 წლის 10 ივნისამდე პერიოდში, ხოლო, მეორე მხრივ, იმ ყოფილ მოსამართლეებს შორის, რომლებიც თანამდებობაზე განწესდნენ კონკურსის წესით და სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებას შეუდგნენ 1999 წლის 15 მაისიდან.

74. წინამდებარე საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კონკურსის ფარგლებში, შესაძლოა, რთული ან შეუძლებელი იყოს იმ ყოფილ მოსამართლეთა კვალიფიკაციისა და დასანიშნ თანამდებობასთან შესაბამისობის ინდივიდუალურად განსაზღვრა, რომლებიც სამოსამართლო საქმიანობას ახორციელებდნენ სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ სისტემაში და, ამასთანავე, მათ მიერ სამოსამართლო საქმიანობის შესრულებიდან გასულია ხანგრძლივი პერიოდი. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, დასახელებული ორივე გარემოება ართულებს ან შეუძლებელს ხდის მათი წარსული სამოსამართლო საქმიანობის (გადაწყვეტილებების, მხარესთან კომუნიკაციის, სასამართლო სხდომის წარმართვის და სხვა) შეფასებას. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღებიდან გასული დროითი პერიოდისა და იმის გათვალისწინებით, რომ განსხვავებულ სამართლებრივ სივრცეში ხდებოდა მათი მიღება, იმის შეფასება, თუ რამდენად სწორად მოხდა მათში მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების და სამართლის ნორმების გამოყენება, შესაძლოა, არ იყოს რელევანტური, დღევანდელობაში პირის მოსამართლედ განწესების საკითხის გადასაწყვეტად (იხ., სამოტივაციო ნაწილი, 37-44 პარაგრაფები).

75. განსახილველ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ მოსარჩელისა და მის ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ყოფილი მოსამართლეების მიერ სამოსამართლო საქმიანობის განხორციელების შემდგომ, არსებითად შეიცვალა სამართლებრივი სივრცე. მაგალითად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მიღებულ იქნა 1999 წლის 25 ივნისს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 1999 წლის 23 ივლისს, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში 1998 წლის 20 თებერვალს მიღებული კოდექსის საფუძველზე. ამასთანავე, 1996 წელს შეიქმნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 1999 წლის 20 მაისს მოხდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის რატიფიცირება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკამ კი მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის სტანდარტებზე და არსებულ მექანიზმებზე (იხ., სამოტივაციო ნაწილი, 41-ე პარაგრაფი). რა თქმა უნდა, მოქმედი კანონების ცვლილება შეუქცევადი პროცესია, მუდმივად ხდება ამა თუ იმ ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელება, საკანონმდებლო სივრცის დახვეწა და თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა. ის ფაქტი, რომ ესა თუ ის კანონი შეიცვალა, თავისთავად ვერ გახდება ყოფილი მოსამართლის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნის დამაბრკოლებელი გარემოება ან დამატებითი ბარიერების დაწესების წინაპირობა. თუმცა განსახილველ შემთხვევაში, საქმე შეეხება არა კანონმდებლობის/ნორმატიული აქტების უბრალო ცვლილებას ან დამატებას, არამედ საკანონმდებლო სივრცის კარდინალურად შეცვლას და სამართლის სისტემის ახლებურად ჩამოყალიბებას. ეს ფაქტორი კი შესაძლოა, იყოს ის ობიექტური გარემოება, რაზე დაყრდნობითაც კანონმდებელმა მიიჩნიოს, რომ ცვლილებებამდე არსებული სამართლის ნორმების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების შეფასება დღეის მდგომარეობით ვერ იქნება იმის ინდიკატორი, თუ რამდენად აკმაყოფილებს პირი მოსამართლის თანამდებობაზე განწესების მოთხოვნებს.

76. როგორც უკვე აღინიშნა, გარდა იმისა, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სრული სასწავლო კურსის გავლა მნიშვნელოვანია უშუალოდ მოსამართლეობის კანდიდატის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარების გაძლიერებისათვის, სწავლის შედეგები ასევე გაითვალისწინება კანდიდატის მოსამართლედ განწესების საკითხის გადასაწყვეტად. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 6633 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი გამოცდის შედეგები და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება გამოიყენება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე საუკეთესო კანდიდატის შერჩევის პროცესში. აღნიშნულის ალტერნატივად კი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატებთან მიმართებით, ითვალისწინებს მათი სამოსამართლო საქმიანობის შეფასებას. ხსენებული ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კონკურსში მონაწილე სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასებისას სავალდებულოა მის მიერ განხილული 5 საქმის შეფასება, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია შესული. საქმის/გადაწყვეტილების შეფასებისას გაითვალისწინება, მათ შორის, მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის) ცოდნის დონე, მოსამართლეობის კანდიდატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში შესაბამისი სამართლის ნორმების გამოყენების სისწორე, გადაწყვეტილების დასაბუთებულობა/დამაჯერებლობა.

77. სადავო ნორმების საფუძველზე, იმისათვის, რომ კონკურსის წესით დანიშნული მოსამართლე გათავისუფლდეს იუსტიციის უმაღლესი სწავლის მოთხოვნისაგან, აუცილებელია, მას ასევე ჰქონდეს არანაკლებ 18-თვიანი სამოსამართლო გამოცდილება. რამდენადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის ამოქმედების შემდეგ კონკურსის წესით დანიშნულ მოსამართლეთა უმრავლესობა სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებას შეუდგა 1999 წლის 15 მაისიდან, ორგანული კანონით გათვალისწინებული პრივილეგიით სარგებლობისათვის, მათ მოეთხოვებათ ამ თანამდებობაზე სულ მცირე 18 თვის განმავლობაში მუშაობა. აქედან გამომდინარე, კონკურსის წესით დანიშნულ იმ მოსამართლეებს, რომლებზეც შეიძლება გავრცელდეს სადავო ნორმები, სამოსამართლო საქმიანობა განხორციელებული აქვთ საკანონმდებლო სივრცეში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების შემდეგ. ამდენად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება, a priori , არარელევანტური ვერ იქნება მათი მოსამართლის თანამდებობაზე ხელახლა განწესების საკითხის გადაწყვეტისათვის.

78. განსხვავებით კონკურსის წესით დანიშნული მოსამართლეებისაგან, მოსარჩელე და მის ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი სხვა ყოფილი მოსამართლეები, სამოსამართლო საქმიანობას ახორციელებდნენ სამართლებრივ სივრცეში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებამდე და მათ გადაწყვეტილებებში იმის შეფასება, თუ რამდენად სწორად ხდება მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების და სამართლის ნორმების გამოყენება, ვერ იქნება რელევანტური კრიტერიუმი, დღევანდელობაში პირის მოსამართლედ განწესების საკითხის გადასაწყვეტად. ამასთანავე, საკანონმდებლო ნორმებისა და პრინციპების კარდინალური ცვლილებების გამო, შესაძლოა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს არ ჰქონდეთ და არც მოეთხოვებოდეთ იმდროინდელი კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა. ეს საკითხი კიდევ ერთ დამატებით სირთულეს ქმნის იმისათვის, რომ სათანადოდ შეფასდეს მოსამართლეობის კანდიდატის შესაბამისობა ამ თანამდებობაზე განწესების კუთხით.

79. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ფაქტობრივად, შესადარებელ პირებს შორის დიფერენცირება ხდება არა მათი თანამდებობაზე დანიშვნის წესის, არამედ იმის მიხედვით, თუ რა პერიოდში ახორციელებდნენ ისინი სამოსამართლო საქმიანობას. რამდენადაც მოსარჩელე და მის ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი პირები სამოსამართლო საქმიანობას ეწეოდნენ დროის იმ პერიოდში, რომლის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვალა სამართლებრივი სივრცე, საკანონმდებლო ნორმები და პრინციპები და, ასევე, მათ მიერ სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებიდან უფრო ხანგრძლივი ვადაა გასული, ლოგიკურია კანონმდებლის ვარაუდი, რომ, ერთი მხრივ, ამ პირებს უფრო მეტად შეიძლება ესაჭიროებოდეთ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლა, პროფესიული უნარების გაძლიერება და ახალი ცოდნის მიღება, ხოლო, მეორე მხრივ, მათი წარსული სამოსამართლო საქმიანობის შეფასება ვერ იქნება ეფექტიანი იმის გადასაწყვეტად, უნდა დაინიშნონ თუ არა ეს პირების ხელახლა მოსამართლის თანამდებობაზე.

80. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ დიფერენცირებულ მოპყრობას გააჩნია რაციონალური საფუძველი და უზრუნველყოფს მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონის 36-ე მუხლი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და არ არსებობს მათი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი.

  III
სარეზოლუციო ნაწილი

 საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. არ დაკმაყოფილდეს №1251 კონსტიტუციური სარჩელი („ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

  პლენუმის შემადგენლობა:

 მერაბ ტურავა

 ევა გოცირიძე

 გიორგი თევდორაშვილი

 ირინე იმერლიშვილი

 გიორგი კვერენჩხილაძე

 ხვიჩა კიკილაშვილი

 მანანა კობახიძე

 თეიმურაზ ტუღუში