საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს შესახებ
დოკუმენტის ნომერი 150
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი 24/02/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 26/02/1993
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
150
24/02/1993
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 26/02/1993
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №150

1993 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს შესახებ

„საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 22 დეკემბრის კანონის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ა დ გ ე ნ ს:

1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს თანდართული დებულება.

2. საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს აპარატის მუშაკთა ზღვრული რიცხოვნობა განისაზღვროს 175 კაცით (შენობის დაცვისა და მომსახურე პერსონალის გარდა).

3. საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს აპარატის დაფინანსება მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ განსაზღვროს და გაითვალისწინოს 1993 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სამინისტროს შესანახი ხარჯები.

4. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს თანდართული სტრუქტურა და მის სისტემაში შემავალი

ორგანიზაციების ნუსხა.

5. ნება დაერთოს საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების მინისტრს იყოლიოს 6 (ექვსი) მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე, დაამტკიცოს აპარატის სტრუქტურა და საშტატო განრიგი სამინისტროსათვის დადგენილ მუშაკთა ზღვრული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების წლიური ფონდის ფარგლებში.

6. საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს კოლეგია განისაზღვროს 11 კაცით. დაწესდეს, რომ კოლეგიის შემადგენლობაში შედიან მინისტრი (კოლეგიის თავმჯდომარე) და მისი მოადგილეები, აგრეთვე სამინისტროს აპარატისა და სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

7. საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

- საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 28 ნოემბრის №756 დადგენილება „საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინისტროს სახალხო მოხმარების საქონლის ხარისხისა და ვაჭრობის სახელმწიფო ინსპექციის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

- საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 აგვისტოს № 615 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და დებულების შესახებ“;

- საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 26 თებერვლის №223 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და დებულების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 აგვისტოს №615 დადგენილების ნაწილობრივ შეცვლის თაობაზე“;

- საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 6 აპრილის № 396 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ“.

8. საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტრომ (მ. ზანკალიანი):

- აპარატის დაკომპლექტება და გამოთავისუფლებულ მუშაკთა სოციალური დაცვის საკითხების მოწესრიგება უზრუნველყოს რესპუბლიკის შრომის კანონმდებლობის  შესაბამისად;

- მიმდინარე წლის 1 ივლისამდე განახორციელოს აპარატის სტრუქტურის სრულყოფის, სისტემაში შემავალი სამეურნეო ერთეულების საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვის, მართვის დეცენტრალიზაციისა და საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრების ღონისძიებანი და შედეგები მოახსენოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.

9. საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტრო განთავსდეს საქართველოს რეპუბლიკის ყოფილი მატერიალური რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (ალ. ყაზბეგის გამზირი, 42).

საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრი                                                                          თ. სიგუა 

 

საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს
სტრუქტურა

ხელმძღვანელობა

ეკონომიკური კავშირების სამმართველო

სასურსათო და არასასურსათო საქონლის რესურსების ფორმირებისა და ვაჭრობის სამმართველო

ფინანსებისა და ეკონომიკის სამმართველო სამრეწველო საწარმოებთან

ურთიერთობის სამმართველო

ტექნიკური სამმართველო

კადრების სამმართველო

ვაჭრობის ორგანიზაციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველო

საგარეო ვაჭრობის სამმართველო

იურიდიული განყოფილება

საქმეთა მმართველობა

 

საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების

ნ უ ს ხ ა

ადგილობრივ მმართველობით ორგანოებთან ორმაგ

დაქვემდებარებაში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრო

თბილისის მერიის ვაჭრობისა და საზკვების სამმართველო

ქუთაისის ვაჭრობისა და საზკვების სამმართველო

რუსთავის ვაჭრობისა და საზკვების სამმართველო

ცხინვალვაჭრობა

ჭიათურქალაქვაჭრობა

ზუგდიდის ვაჭრობისა და საზკვების სამმართველო

ფოთის ვაჭრობისა და საზკვების სამმართველო

გორვაჭრობა
ზესტაფონქალაქვაჭრობა
ოზურგეთქალაქვაჭრობა
თელავქალაქვაჭრობა
სამტრედიაქალაქვაჭრობა
ხაშურქალაქვაჭრობა
სენაკქალაქვაჭრობა
ბორჯომკურორტვაჭრობა
წყალტუბოკურორტვაჭრობა
აბასთუმანკურორტვაჭრობა
ახალციხექალაქვაჭრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მატერიალური მომარაგების სამინისტრო

 

სამინისტროს უშუალო დაქვემდებარებაში

რესპუბლიკური საბითუმო-საცალო გაერთიანება „სპორტკულტსაქონელი“

რესპუბლიკური საბითუმო საცალო გაერთიანება „ავეჯი“

რესპუბლიკური საბითუმო საცალო გაერთიანება „საქსაშენმასალების ვაჭრობა“

სახელმწიფო სავაჭრო საწარმო, სავაჭრო სახლი „სამეურნეო საქონელი“

რესპუბლიკური საბითუმო საცალო გაერთიანება „საქიუველირვაჭრობა“
ვალუტვაჭრობის რესპუბლიკური გაერთიანება „ციცინათელა“

სახელმწიფო კომერციული კონცერნი „მამული“

რესპუბლიკის ბაზრების სამმართველო

რესპუბლიკური საბითუმო გაერთიანება „საქსოვილტანსაცმელვაჭრობა“

რესპუბლიკური საბითუმო ბაზა „საქგალანტერეა“

რესპუბლიკური საბითუმო ბაზა „საქფეხსაცმელვაჭრობა“

რესპუბლიკური საბითუმო გაერთიანება „საქსურსათსაბითუმვაჭრობა“

საქშუამავალვაჭრობა

ავტოსატრანსპორტო საწარმო №1

ავტოსატრანსპორტო საწარმო №2

საქვაჭრობტექნიკა

საქვაჭრობრეკლამა

საქვაჭრობსამშენებლო ტრესტი

მარკეტინგის ინსტიტუტი

გამოთვლითი ცენტრი ვაჭრობის დარგში

საქვაჭრობპროექტი

სპეციალიზებული სამშენებლო-სარემონტო სამმართველო

რესპუბლიკური გაერთიანება „საქლითონი“

რესპუბლიკური გაერთიანება „საქმშენელექტრო“

რესპუბლიკური გაერთიანება „საქტყექაღალდი“

სამმართველო „საქქიმპოლიმერი“

სამმართველო „საქმანქანა“

რესპუბლიკური გაერთიანება „საქუნივერსალი“

სამმართველო „საქკომპლექტი“

სამმართველო „საქადგილმრეწვმომარაგება“

საწარმო „აფხაზბითუმვაჭრობა“

რესპუბლიკური კომერციული ცენტრი

რესპუბლიკური გაერთიანება „საქტარა“

რესპუბლიკური გაერთიანება „საქმეორადრესურსები“

ტექნიკის გაქირავების საწარმო

სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო

რესპუბლიკური გამოთვლითი ცენტრი მატერიალური რესურსების დარგში

სარემონტო-მექანიკური ქარხანა

რესპუბლიკური გაერთიანება „საქმეოლითი“

მშენებარე ობიექტების გაერთიანებული დირექცია

თელავის საბითუმო უნივერსალური საწარმო

ქ. თბილისის კრწანისის რაიონის დამამზადებელი საწარმო

ქ. თბილისის გლდანის რაიონის დამამზადებელი საწარმო

 

საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს
დებულება

1. ზოგადი დებულებანი

1.1. საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო“) არის სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანო.

1.2. სამინისტრო ხელმძღვანელობს მინდობილ დარგს და პასუხს აგებს ამ დარგის მდგომარეობისა და განვითარებისათვის, სახელმწიფო დავალებების შესრულებისა და სისტემის წინაშე დასახული სხვა ამოცანების გადაწყვეტაში, ახორციელებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას დარგში და ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.

1.3. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებით და ამ დებულებით.

1.4.სამინისტრო მოსახლეობის სავაჭრო და საწარმო-დაწესებულებების მატერიალური რესურსებით მომსახურებას ახორციელებს თავისი ორგანიზაციების მეშვეობით ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთკავშირში.

1.5. სამინისტრო არის იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და სხვა ანგარიშები ბანკში, ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით

1.6. სამინისტროს აპარატის შენახვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. სამინისტროს სტრუქტურას, მუშაკთა რიცხოვნობას და მათ შესანახ ასიგნებათა ოდენობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

2. სამინისტროს ამოცანები

2.1. საქართველოს რესპუბლიკაში სამომხმარებლო საქონლით და მატერიალური რესურსებით ვაჭრობის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება, ბაზრის ფორმირებასა და განვითარებაში მონაწილეობა.

2.2. გარდამავალ პერიოდში საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან და საქართველოს რესპუბლიკის საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტთან ერთად სახელმწიფოთაშორის სავაჭრო-ეკონომიკურ ხელშეკრულებათა მომზადება.

2.3.დადებული ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებებისა და დაწესებული კვოტების საფუძველზე რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად დაინტერესებულ ორგანიზაციებამდე მათი დაყვანა და რეალიზაცია.

2.4. რეზერვების ფორმირება იმ რესურსების მიხედვით, რომელიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს საპროგნოზო ბალანსში და მისი მიზნობრივი გამოყენება.

2.5. წარმოებულ პროდუქციაზე, სამუშაოებსა და მომსახურებაზე ქვეყნის საშინაო და საგარეო ეკონომიკური მოთხოვნის შესწავლა, მათი რეალიზაციისათვის ზრუნვა და ხელშეწყობა.

2.6. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან პროდუქციის (საქონლის, სამუშაოების, მომსახურების) საკონტრაქტო წესით შესყიდვა მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად.

2.7. რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ მშენებარე, სარეკონსტრუქციო და ტექნიკურად ხელახლა აღსაჭურვი ობიექტებისთვის საშუამავლო მომსახურების გაწევა მათი მოწყობილობებითა და სხვა ნაწარმით დაკომპლექტებაში.

2.8. საშუამავლო, კომერციული საქმიანობისა და მარკეტინგის განხორციელება, მომხმარებელთა ინფორმატიკული მომსახურება საბითუმო ბაზრობებისა და აუქციონების მოწყობით.

2.9. საქართველოს რესპუბლიკის საქონელგამტარი ქსელის განვითარება და სრულყოფა.

2.10. მეორეული რესურსების ბრუნვაში ჩართვისა და რაციონალური გამოყენების ორგანიზაცია.

2.11. ტარის საკითხებში ერთიანი პოლიტიკის განხორციელება.

2.12. რესპუბლიკის ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის განვითარების პირობების შექმნა.

2.13. პროგრესული საწარმოო სტრუქტურების განვითარების, წარმოების დეცენტრალიზაციის, კონკურენციის გაშლისა და დემონოპოლიზაციის პოლიტიკის განხორციელებისთვის რეკომენდაციებისა და ამ სფეროში სამთავრობო გადაწყვეტილებათა განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების დასახვა.

2.14. დარგში ეკონომიკური, საინვესტიციო და სოციალური პოლიტიკის განხორციელება.

2.15. სისტემაში საშუამავლო და კომერციული საქმიანობის ორგანიზაცია, ფართო მოხმარების საქონლისა და წარმოების საშუალებების რესურსების გამოძებნის უზრუნველყოფა და მომხმარებლებისათვის მათი ოპერატიული მიწოდება

2.16. დაქვემდებარებულ საწარმოებში და ორგანიზაციებში აღრიცხვა-ანგარიშგების სათანადო დონის უზრუნველყოფა, მათგან კვარტალური და წლიური საბუღალტრო ანგარიშების მიღება, გაანალიზება და გამოყენება დარგის მართვის ამოცანების შესაბამისად.

3. სამინისტროს ძირითადი ფუნქციები

3.1. წინადადებათა მომზადება დარგში განსახელმწიფოებრივების და პრივატიზაციის, საბაზრო სტრუქტურების დამკვიდრების თაობაზე, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ვაჭრობისა და მატერიალური რესურსებით მომსახურებაში პროგნოზების, კონცეფციებისა და პროგრამების შემუშავება.

3.2. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს და სხვა შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით მასალების მომზადება სამთავრობათაშორის სავაჭრო-ეკონომიკურ შეთანხმებათა გასაფორმებლად.

3.3. დადებული ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებების და დაწესებული კვოტების საფუძველზე რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად დაინტერესებულ ორგანიზაციებამდე მათი დაყვანა და რეალიზაცია.

3.4. საქართველოს რესპუბლიკასა და სახელმწიფოთაშორის სამთავრობო ეკონომიკური ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროდუქციის ურთიერთმიწოდების შესრულების ორგანიზაცია პრიორიტეტული მიმართულებების მატერიალური რესურსების გათვალისწინებით.

3.5. სახალხო მოხმარების და საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების პროდუქციის ურთიერთმისაწოდებლად რესპუბლიკის საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის ეკონომიკური კავშირების დამყარებისათვის ხელის შეწყობა, აგრეთვე დადგენილი წესით პირდაპირი კავშირების განვითარება რესპუბლიკის გარეთ განლაგებულ საწარმოებთან.

3.6.საწარმოებისა და ორგანიზაციებისთვის სახელმწიფოთაშორისო და შიდარესპუბლიკური კოოპერირებული საწარმოო კავშირების კოორდინაციის გაწევა.

3.7. სისტემის სამეურნეო რგოლების მეშვეობით საშუამავლო, მომსახურების გაწევა რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული მშენებარე, სარეკონსტრუქციო და ტექნიკურად ხელახლა აღსაჭურვი ობიექტებისათვის მოწყობილობებითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით დაკომპლექტებაში.

3.8. წინადადებების მომზადება წარმოებული პროდუქციის (საქონლის, სამუშაოების, მომსახურების) რეალიზაციისათვის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ საკონტრაქტო საფუძველზე.

3.9.საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებების შესაბამისად, რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარე, სასაქონლო რეზერვების შექმნისა და გაცვლითი სასაქონლო ოპერაციებისათვის ხელის შეწყობა.

3.10.საშუამავლო საქმიანობის განხორციელება კომერციულ საწყისებზე მწარმოებელთა და მომხმარებელთა შორის როგორც რესპუბლიკის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

3.11. დელეგირებულ უფლებათა ფარგლებში სახელმწიფო ქონების გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებისათვის ხელის შეწყობა, ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დავალებით სახელმწიფო საწარმოების უშუალო მართვის დროებითი განხორციელება.

3.12.ანტიმონოპოლიური პოლიტიკისა და პრივატიზაციის სამუშაოთა განხორციელებისათვის საჭირო წინადადებების შემუშავება და დადგენილი წესით წარდგენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში.

3.13. ორგანიზაციის გაწევა დარგობრივი ინფორმაციული ბანკის, ინფორმაციული სისტემების შექმნასა და მის განვითარებაში.

3.14 დარგის ტექნოლოგიური განვითარების მეცნიერულ უზრუნველყოფაში ხელის შეწყობა და დარგში სამეცნიერო კვლევების კოორდინირების წარმართვა.

3.15. დარგის იურიდიულ-სამართლებრივი მომსახურების ორგანიზაციის განხორციელება.

3.16. დადგენილი წესით სისტემაში  უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება და ზრუნვა მის რეალიზაციაზე.

3.17. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში შემავალი თავისი პროფილის სამსახურების (ქვედანაყოფების) საქმიანობის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა.
3.18. დაქვემდებარებული საწარმოებიდან აღრიცხვა-ანგარიშგების კვარტალური და წლიური სტატისტიკური საბუღალტრო ანგარიშგების მიღება, გაანალიზება და მათი გამოყენების უზრუნველყოფა დარგის მართვის ამოცანების შესაბამისად.

3.19. მეთოდური დახმარების გაწევა დარგის საწარმო დაწესებულებების საქონელმიმოქცევის ორგანიზაციაში განვითარებაში პროგნოზირებასა და სავაჭრო საქმიანობის გაანალიზებაში.

3.20. რესპუბლიკის ბაზრის კონიუნქტურის კომპლექსური გამოკვლევა ცალკეული რეგიონებისა და სასაქონლო ჯგუფების მიხედვით.  სასურსათო და არასასურსათო საქონელზე  მოსახლეობის მოთხოვნის, აგრეთვე წარმოების საშუალებებით უკეთ დაკმაყოფილების მიზნით, სამინისტროს საწარმოებისა და ორგანიზაციებისთვის მარკეტინგის კოორდინაცია.

3.21. დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის გათვალისწინებით დამატებითი ფართო მოხმარების სასაქონლო მასის და წარმოების საშულებების გამოძებნისათვის მუშაობის წარმართვა, წინადადებების მომზადება საექსპერტო რესურსების მოზიდვისა და ვალუტაზე ვაჭრობის განხორციელებისათვის.

3.22. ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება სისტემის მართვის სტრუქტურების, აგრეთვე ეკონომიკური ბერკეტებისა და სტიმულების, აღრიცხვა ანგარიშგების სისტემების სრულყოფისათვის, მართვის ავტომატიზებული და კომპიუტერული სისტემების დანერგვისთვის.

3.23. ხელის შეწყობა ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების პროგრესული და მაღალმწარმოებლური ტექნოლოგიური მოწყობილობების დანერგვისა და გამოყენებისათვის.

3.24. საზოგადოებრივი კვების განვითარების მიზნით მომსახურების საწარმოო ტექნიკური ეკონომიკური და ორგანიზაციული პროცესების სრულყოფის მიმართულებების განსაზღვრა, ხელის შეწყობა ქართული ეროვნული კულინარიის განვითარებისათვის, მათ შორის რესპუბლიკაში სავალუტო შემოსავლის გასადიდებლად.

3.25. საქონლის მიმოქცევის წესებისა და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დაცვისა და გამოყენების პრაქტიკის გაანალიზება, წინადადებების შემუშავება მათში სათანადო ცვლილებების შესატანად.

3.26. სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და განზოგადება სავაჭრო მომსახურების და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფის ორგანიზაციის პროგრესული ფორმებისა და მეთოდების გამოყენების საქმეში.

3.27. დარგის შემდგომი განვითარებისათვის საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და დადგენილი წესით წარმოდგენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში.

3.28. სისტემის სფეროში დასაქმებულთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა.

4. სამინისტროს უფლებამოსილებანი

- სამინისტროს უფლება აქვს თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

4.1. გააანალიზოს და კონტროლი გაუწიოს დარგში შემავალი სახელმწიფო საწარმოების მიერ საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესრულებას და მათ სამეურნეო-ფინანსურ საქმიანობას;

4.2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წინაშე დასვას სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;

4.3. დასვას საკითხი იმ მონოპოლისტ საწარმოთა ფუნქციონირების დროებით ან მთლიანად შეჩერების შესახებ, რომლებიც უხეშად არღვევენ საქონელმიმოქცევის წესებს, არ იცავენ თავისუფალი კონკურენციისა და სავაჭრო-საშუამავლო საქმიანობის პრინციპებს, უგულებელყოფენ რესპუბლიკის მოსახლეობის და ეროვნული მეურნეობის ინტერესებს;

4.4. გამოსცეს სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ერთობლივი დებულებები და ინსტრუქციები;

4.5. აწარმოოს მოლაპარაკება, დადოს ხელშეკრულებები როგორც რესპუბლიკის, ისე საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

4.6. რესპუბლიკის ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურად გამოყენებისა და სასაქონლო რესურსების ჩამოყალიბების მიზნით კოორდინაცია გაუწიოს სახალხო მოხმარების საქონლის და წარმოების საშუალებების შემოტანა-გატანის საკითხებს;

4.7. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში წარმოსადგენად მოამზადოს  წინადადებები სისტემაში დადგენილი წესით ახალი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის წარმოების შექმნისა და განვითარების, აგრეთვე არსებულის რეორგანიზაციის (გაუქმების) თაობაზე;

4.8. მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია საწარმოების, ორგანიზაციების სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისაგან, დასვას საკითხი აღრიცხვა ანგარიშგების ფორმების დაწესებისა და სრულყოფის თაობაზე;

4.9. დადგენილი წესით (საკონტრაქტო საფუძველზე) დანიშნოს სახელმწიფო საწარმოს დირექტორი და გაათავისუფლოს იგი თანამდებობიდან კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად,

5. სამინისტროს მართვა

5.1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  სახელმწიფოს მეთაური საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

5.2. მინისტრი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებს.

5.3. მინისტრი წარმართავს სამინისტროს საქმიანობას და პერსონალურად აგებს პასუხს სამინისტროსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე.

5.4. მინისტრი საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურ პირს.

5.5. მინისტრს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, რასაც შემდგომში ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმი. მინისტრის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს მინისტრი.

5.6. სამინისტროში მუშაობის კოორდინაციისა და დარგის ფუნქციონირების გლობალური საკითხების გადაწყვეტის მიზნით იქმნება კოლეგია მინისტრის თავმჯდომარეობით.

კოლეგიის შემადგენლობა მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. კოლეგიის შემადგენლობაში შედიან მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს ქვედანაყოფთა ხელმძღვანელები.

5.7. კოლეგიის გადაწყვეტილებები ფორმდება მინისტრის ბრძანებით ან კოლეგიის დადგენილებით, რომელთა შესრულება სავალდებულოა სისტემის ყველა საწარმო დაწესებულებისათვის.

5.8. მინისტრისა და კოლეგიის წევრთა უთანხმოების შემთხვევაში მინისტრი ღებულობს გადაწყვეტილებას, ამასთან, წამოჭრილ უთანხმოებათა შესახებ მოახსენებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს, თავის მხრივ, კოლეგიის წევრებს უფლება აქვთ საკუთარი აზრი აცნობონ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.

5.9. საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს დებულებას და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი, ხოლო სამინისტროს აპარატის საშტატო განრიგს  მინისტრი.

5.10. სამმართველოების, განყოფილებების და სხვა ქვედანაყოფების დებულებებს ამტკიცებს სამინისტროს კოლეგია.

6. სამინისტროს ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილებათა შეტანის წესი

6.1. სამინისტროს ლიკვიდაცია ხდება დადგენილი წესის შესაბამისად.

6.2. საბაზრო ურთიერთობათა განვითარებისას სამინისტროს ფუნქციების შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს სამინისტროს დებულებაში შეაქვს შესაბამისი ცვლილებანი.