სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 10/07/2024
დოკუმენტის ტიპი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 080240000.79.092.016020
20
10/07/2024
ვებგვერდი, 11/07/2024
080240000.79.092.016020
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის

ბრძანება №20

2024 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიმართ საზოგადოების ნდობისა და რწმენის განმტკიცების, სამსახურის როლისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მხედველობაში  მიღებით, საქმიანობის სამართლიანად, კანონიერად, კვალიფიციურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვის მიზნით „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე  მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის  თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 30 მარტის №6 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი“.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსიკარლო კაციტაძე



                     სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი

მუხლი 1. კოდექსის მიზანი
1. კოდექსის მიზანია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კეთილსინდისიერების ამაღლება და ქცევის ისეთი ნორმების დამკვიდრება, რომლებიც ხელს შეუწყობს:
ა) თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების კეთილსინდისიერად, სამართლიანად, ობიექტურად, მიუკერძოებლად და კვალიფიციურად შესრულებას;
ბ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და პატივისცემას;
გ) სამსახურისა და თანამშრომელთა საქმიანობის მიმართ საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის განმტკიცებას;
დ) თანამშრომელთა მიერ დისციპლინის დაცვას.
 
მუხლი 2. კოდექსის მოქმედების სფერო
1.ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სამსახურის თითოეულ თანამშრომელზე. პროფესიულ და პირად საქმიანობაში თანამშრომლის მიერ კანონმდებლობისა და სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების განუხრელად დაცვაზე.
2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი ადგენს თანამშრომელთა ქცევის სტანდარტებს. მისი დებულებები სრულად გამოიყენება თანამშრომლის ისეთი ქცევის მიმართ, რომელიც კოდექსში არ არის მოხსენიებული, თუმცა თავისთავად გამომდინარეობს ამ კოდექსის პრინციპებიდან.
 
მუხლი 3. თანამშრომელთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები
თანამშრომელთა საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
ა) კანონიერება;
ბ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის დაუშვებლობა;
გ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;
დ) ობიექტურობა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა;
ე) პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა;
ვ) საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
 
მუხლი 4. კანონიერება
თანამშრომელი უნდა მოქმედებდეს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. ნებისმიერი ქმედება უნდა გამომდინარეობდეს კანონის უზენაესობიდან და ემყარებოდეს კანონისმიერი დათქმის პრინციპებს.
 
მუხლი 5. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის დაუშვებლობა
1. თანამშრომელმა პატივი უნდა სცეს და დაიცვას საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტებით აღიარებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. სავალდებულოა პიროვნების ღირსების პატივისცემის საყოველთაო პრინციპის დაცვა.
2. თანამშრომელმა პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დაცვა.
3. თანამშრომელი ვალდებულია ხელი შეუწყოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის აღმოფხვრას, დაიცვას ყველა კანონი და რეგულაცია, რომლითაც უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები ყველა პირისთვის.
 
მუხლი 6. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი
თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, თავი შეიკავოს რომელიმე პოლიტიკური პარტიისა თუ გაერთიანების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვისაგან. დაუშვებელია პოლიტიკური მრწამსის ნიშნების აშკარა დემონსტრირება. ასევე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პარტიული (პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და ინტერესებისათვის.
 
მუხლი 7. ობიექტურობა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა
1. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თანამშრომელი უნდა იყოს ობიექტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ხელმძღვანელობდეს მხოლოდ საჯარო ინტერესებით. უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს თუნდაც შთაბეჭდილების შექმნა მის არაობიექტურობასთან, დამოუკიდებლობასთან და მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. თავისუფალი უნდა იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების და ცალკეულ პირთა გავლენისაგან.
2. თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია.
 
მუხლი 8. პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა
1. თანამშრომელი ვალდებულია:
ა) ამ კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვით, კეთილსინდისიერად, ეფექტიანად, დროულად, სრულყოფილად, პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხითა და მაღალი პასუხისმგებლობით შეასრულოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობები;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სწრაფი რეაგირება და სრულყოფილი გამოძიება – სრული მოცულობით ჩაატაროს საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და გამოძიება წარმართოს მაქსიმალურად სწრაფად და გონივრულ ვადაში;
გ) თუ თვლის, რომ ასრულებს აშკარა უკანონო დავალებას/მითითებას, განაცხადოს ამის თაობაზე.
2. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მხილებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. თანამშრომელი პასუხისმგებელია ნებისმიერ ქმედებაზე და დაუშვებელია საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის მოხსნა ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ გაცემულ დავალებაზე მითითებით.
 
მუხლი 9. საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა
დაუშვებელია თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი, სხვა კონფიდენციალური, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ან/და სხვა არასაჯარო ინფორმაციის გავრცელება ან/და არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება.
 
მუხლი 10. კოლეგებთან ურთიერთობა
1. კოლეგებთან ურთიერთობისას თანამშრომელმა:
ა) უნდა იხელმძღვანელოს პატივისცემისა და სოლიდარობის პრინციპით;
ბ) ხელი შეუწყოს კოლეგებს შორის პატივისცემისა და ურთიერთნდობის დამკვიდრებას;
გ) თავი უნდა აარიდოს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან გაღვივებას;
დ) თავი შეიკავოს კოლეგის საქმიანობაში თვითნებური ჩარევისაგან;
ე) ტაქტიანად უნდა გამოხატოს უკმაყოფილება კოლეგის შეცდომასა ანდა ხარვეზზე;
ვ) უნდა გაითვალისწინოს ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისთვის აუცილებელი პრინციპები და ნორმები.
2. თანამშრომელმა წინასწარგანზრახულად არ უნდა შეიყვანოს კოლეგა შეცდომაში.
 
მუხლი 11. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობა და საჯარო კომენტარები
1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობისას თანამშრომელმა თავი უნდა შეიკავოს საქმისადმი პირადი დამოკიდებულებისა და პროცესის ნებისმიერი მონაწილის მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობისა ან/და აშკარად ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვისაგან. ვალდებულია დაიცვას თავაზიანობის, პატივისცემის, ზნეობის ნორმები.
2. დაუშვებელია თანამშრომლის მიერ მისი ან სამსახურის სხვა თანამშრომლის წარმოებაში არსებულ საქმეზე კომენტარების გაკეთება, თუ ეს ზიანს აყენებს პროცესის რომელიმე მონაწილის ან/და გამოძიების ინტერესებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჯარო ინტერესი მოითხოვს საზოგადოების ინფორმირებას მოცემულ საკითხზე.
3. დაუშვებელია თანამშრომლის მიერ საჯაროდ ისეთი შეხედულების გამოთქმა, რომელიც ეწინააღმდეგება სამსახურის მიერ გატარებულ პოლიტიკას ან/და პოზიციას.
4. თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას პროცესის მონაწილეთა, დაზარალებულთა/მსხვერპლთა უფლებები, გამოიჩინოს სათანადო ყურადღება და ზრუნვა. ასევე, პატივი უნდა სცეს და გაითვალისწინოს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები და თავისებურებები.
 
მუხლი 12. საზოგადოებასთან ურთიერთობა
1. თანამშრომელი ვალდებულია საზოგადოებასთან ურთიერთობისას პატივისცემით მოეპყროს თანამოსაუბრეებს, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას ტაქტიანად გამოხატავდეს დასაბუთებულ კრიტიკას. პატივი სცეს სხვა პირის სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუ ამით არ ილახება მესამე პირთა უფლებები და თავისუფლებები. დაუშვებელია დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ან დისკრიმინაციული შეხედულებების გამოხატვა და სიძულვილის ენის გამოყენება.
2. თანამშრომლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და საჯარო გამოსვლების დროს გაკეთებული წერილობითი ან სიტყვიერი განცხადებები უნდა იყოს საქმიანი, კორექტული და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სამსახურის ინტერესებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტი, რომ ეს განცხადებები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც სამსახურის პოზიცია.
3. თანამშრომელს, რომელიც აკეთებს განცხადებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის, უფლება აქვს, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მიაწოდოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს იმ მოცულობის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც მოცემული დროისათვის მისთვის არის ცნობილი.
 
მუხლი 13. ქმედებები ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში
1. თანამშრომელი ვალდებულია ინტერნეტ და სოციალურ ქსელებში თავი აარიდოს არაკორექტულ, შეუფერებელ აქტივობებს. დაუშვებელია ინტერნეტსივრცეში და სოციალურ ქსელებში სამსახურებრივი საკითხების არამართლზომიერი განხილვა-გაშუქება, სამსახურის დისკრედიტაცია, უხამსი/არაეთიკური ტერმინოლოგიის და ვიდეო-ფოტომასალის განთავსება.
2. თანამშრომელმა მხედველობაში უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ ინტერნეტსივრცეში და სოციალურ ქსელებში მის მიერ განხორციელებული ქმედება შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სამსახურის პოზიცია და თავისი შინაარსით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კოდექსით განსაზღვრულ პრინციპებს და სამსახურის პოლიტიკას.
 
მუხლი 14. შეუფერებელი მდგომარეობა
1. თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არ უნდა იმყოფებოდეს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ან სხვა ისეთ მდგომარეობაში, რომელიც შეუფერებელია სამსახურის თანამშრომლის რეპუტაციისათვის. ამასთან, თანამშრომლის ვალია ღირსეულად იქცეოდეს სამსახურებრივი საქმიანობის მიღმაც და უფრთხილდებოდეს სამსახურის რეპუტაციასა და სახელს.
2. სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება, გარდა ოფიციალური ღონისძიებებისა.
3. თანამშრომელი არ უნდა ჩაერთოს დანაშაულებრივ, არაკეთილსინდისიერ, ამორალურ ან ნებისმიერ სხვა შეუფერებელ ქმედებაში, რომელიც ლახავს სამსახურის იმიჯს ან/და სახელს.
4. თანამშრომელს ეკრძალება ნებისმიერი სახის აზარტულ თამაშებში ჩართვა, თუმცა გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც ამგვარი ქმედების საჭიროება დგება თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე.
5. თანამშრომელს ეკრძალება სამსახურის ფორმის ტანსაცმლით შეუფერებელ გარემოში ყოფნა (ალკოჰოლური სასმელების მოხმარების, აზარტული თამაშების, სტრიპტიზის და პროსტიტუციის ადგილები), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას.
6. თანამშრომელს ეკრძალება ბილწსიტყვაობა ან/და შეუფერებელი ჟესტიკულაცია და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რაც ლახავს სამსახურის ინტერესებს ან/და სახელს.
 
მუხლი 15. სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის/სპეციალური ჟეტონის გამოყენება
1. თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის/სპეციალური ჟეტონის შენახვისა და ტარებისას.
2. თანამშრომელი ვალდებულია თავი შეიკავოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის/სპეციალური ჟეტონის საზოგადოებაში დემონსტრირებისაგან, თუკი არ არსებობს ამის საჭიროება.
3. თანამშრომელს ეკრძალება კანონით დადგენილი წესის დარღვევით სხვა პირს გადასცეს მასზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ან სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობა/სპეციალური ჟეტონი.
 
მუხლი 16. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება
1. თანამშრომელი ვალდებულია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრული მიზნებისათვის და კანონით დადგენილი წესით.
2. დაუშვებელია:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი სარგებლისთვის, მათ შორის, ფინანსური და სხვა კანონიერი ვალდებულებებისთვის თავის არიდება;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ნებისმიერ პირზე უკანონო ზემოქმედებისთვის;
გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პროდუქციისა თუ მომსახურების რეკლამისათვის;
დ) თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შეღავათებით სარგებლობა პროდუქციისა და მომსახურების შეძენისას;
ე) თანამშრომლის მიერ ისეთი პირობის დადება ან ვალდებულების აღება, რომლის განხორციელებაც არ შედის მის უფლებამოსილებაში და შესაძლოა ლახავდეს სამსახურის ინტერესს;
ვ) თანამშრომლის მიერ ნებისმიერი პირისთვის უპირატესობის მინიჭება პირადი გამორჩენის გამო;
ზ) თანამშრომელმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წააქეზოს ან დაავალდებულოს სხვა პირი, მოუტანოს ნებისმიერი სახის სარგებელი მას ან მასთან დაახლოებულ პირს.
 
მუხლი 17. იურიდიული დახმარება
თანამშრომელმა თავი უნდა შეიკავოს სამართლებრივი კონსულტაციების მიცემის ან/და იურიდიული დახმარების გაწევისაგან ნებისმიერი პირისათვის, თუ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან/და სამსახურის ინტერესებს.
 
მუხლი 18. სამსახურის ქონებით სარგებლობა
თანამშრომელი ვალდებულია გაუფრთხილდეს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებს, გამოიყენოს ისინი დანიშნულებისამებრ და დაიცვას უსაფრთხოების ზომები.
 
მუხლი 19. შეუფერებელი საქმიანობა
თანამშრომელი ვალდებულია თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედების განხორციელებისაგან, რამაც შეიძლება ობიექტურად ეჭვქვეშ დააყენოს მისი დამოუკიდებლობა ან გავლენა იქონიოს მის სამსახურებრივ საქმიანობაზე, ასევე სამსახურის ავტორიტეტსა და სახელზე.
 
მუხლი 20. ინტერესთა შეუთავსებლობა
1. თანამშრომელს არ უნდა ჰქონდეს კერძო ინტერესები, რომლებიც შეუთავსებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.
2. თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის მიმართ ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი, ვალდებულია კანონით დადგენილი წესით განაცხადოს თვითაცილების შესახებ და არ მიიღოს მონაწილეობა ასეთი საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში.
3. დაუშვებელია სამსახურში ან/და მის ფარგლებს გარეთ თანამშრომელი ახორციელებდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც შეუთავსებელია სამსახურის ინტერესებთან.
4. თანამშრომელმა უნდა დაიცვას „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
 
მუხლი 21. საჩუქარი
1. თანამშრომელმა თავი უნდა შეიკავოს საჩუქრის მიღებისაგან ყველა იმ პირის მხრიდან, რომელიც რაიმე ფორმით დაინტერესებულია მის წარმოებაში არსებული საქმით, ან თუ ამგვარი ქმედება წარმოადგენს თანამშრომელზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას, ან/და შესაძლოა მომავალში მოახდინოს ასეთი ზეგავლენა.
2. თანამშრომელმა არ უნდა მოითხოვოს ან/და არ უნდა მიიღოს ნებისმიერი სახის მატერიალური სიკეთე იმ პირისგან, რომელიც დაინტერესებულია მისი, როგორც თანამშრომლის მხრიდან რაიმე ქმედების განხორციელებით.
 
მუხლი 22. პასუხისმგებლობა კოდექსის დარღვევისთვის
1. ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევისთვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა და მის მიმართ გამოყენებული იქნება დისციპლინური სახდელი.
2. სამსახურის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები განსაზღვრულია „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.