ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 45987/21
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 22/02/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2024
სარეგისტრაციო კოდი
45987/21
22/02/2024
ვებგვერდი, 11/07/2024
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

მეხუთე სექციის

გადაწყვეტილება

საქმე „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივარი N 45987/21)

2024 წლის 22 თებერვალი

სტრასბურგი

ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.

საქმეზე „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ (მეხუთე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:

          კარლო რანზონი, თავმჯდომარე,
          მატიას გიომარი,
          მიკოლა გნატოვსკი, მოსამართლეები,
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

გაითვალისწინა რა:

საჩივარი (N 45987/21) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2021 წლის 7 სექტემბერს სასამართლოში შეიტანა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქემ ქ-ნმა მანანა ელიბაშვილმა (შემდგომში „მომჩივანი“), დაბადებული 1956 წელს, მცხოვრები ტურში (საფრანგეთი), რომელსაც წარმოადგენდა ქ-ნი ნ. ლონდარიძე, ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს თბილისში;

გადაწყვეტილება ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი, საჩივრის შესახებ კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლების შესაბამისად და გამოცხადდეს საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად;

მხარეთა მოსაზრებები;

გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობის პრეტენზიის უარყოფასთან დაკავშირებით, კომიტეტის მიერ საჩივრის განხილვის შესახებ;

2024 წლის 1 თებერვლის დახურული თათბირის შემდეგ,

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

საქმის არსი

1. საქმე ეხება მომჩივნის შვილის დახრჩობით სიკვდილს პოლიციის დევნის შედეგად. მომჩივანი ჩიოდა კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლების შესაბამისად.

2. 2016 წლის 1 აგვისტოს, 02:30 საათსა და 03:00 საათს შორის პერიოდში, მომჩივნის ვაჟი, ზ. ე. სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობდა მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თბილისში, როდესაც მას მანქანის გადაყენების ბრძანება მისცა ორმა პოლიციელმა, რომლებიც პატრულირებდნენ. ზ. ე. არ დაემორჩილა, ააჩქარა რა თავისი ავტომობილი, ხოლო პოლიციელები მას დაედევნენ თავიანთი საპატრულო მანქანით. მალევე ამის შემდეგ ზ. ე.-მ დაკარგა კონტროლი თავის ავტომობილზე და შეეჯახა გაჩერებულ მინივენს. ორი პოლიციელის ჩვენების თანახმად, ზ. ე.-მ შემდეგ დატოვა თავისი ავტომობილი და გაიქცა სიბნელეში, ბუჩქოვანი მინდვრის მიმართულებით. ორი პოლიციელი სირბილით დაედევნა, მაგრამ მათ მალევე დაკარგეს ის მხედველობის არიდან. ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ სატრანსპორტო საშუალებას. იმავდროულად, კიდევ ხუთი საპატრულო პოლიციის მანქანა გაჩერდა შემთხვევის ადგილზე. გამოძიების საქმის მასალების თანახმად, ყველა იქ მყოფმა პოლიციელმა ეძება ზ. ე. შემთხვევის ადგილზე, მაგრამ ვერ იპოვეს ის სიბნელეში. შემდეგ პოლიციელებმა დატოვეს შემთხვევის ადგილი, ხოლო ზ. ე.-ის ავტომობილი გადაყვანილი იქნა პოლიციის ავტოსადგომზე.

3. იმავე დღეს ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელიც დაედევნა მომჩივანს, შეადგინა საგზაო შემთხვევის ოქმი, რომელშიც აღნიშნა, რომ დაახლოებით 03:00 საათზე მან და მისმა კოლეგებმა შენიშნეს მაღალი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. მანქანის გადაყენების ბრძანების მიუხედავად, მძღოლი აგრძელებდა მაღალი სიჩქარით მოძრაობას, ვიდრე გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახებოდა. ოქმის თანახმად, მძღოლი შემდეგ გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. პოლიციელმა ოქმში მიუთითა, რომ მათ მოითხოვეს სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა პოლიციის ავტოსადგომზე და ამის შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი. ოქმში მოხსენიებული არ იყო არც მომჩივნის ვაჟის ვინაობა (მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა პირადი ნივთები მოგვიანებით ნაპოვნი იქნა მის ავტომობილში), არც ის ფაქტი, რომ ორი პოლიციელი დაედევნა მას სირბილით და მხედველობის არიდან დაკარგეს ის, ან, რომ სხვა პოლიციელებიც, რომლებიც მოგვიანებით მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, ასევე ეძებდნენ მას, მაგრამ უშედეგოდ.

4. 2016 წლის 3 აგვისტოს მომჩივნის ვაჟის სხეული მდინარეში იპოვეს. პოლიციამ იმავე დღეს დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით და ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევაში ჩართული ორი პოლიციელი გამოკითხული იქნა 2016 წლის 7 აგვისტოს. ორივემ განაცხადა, რომ შეჯახების შემდეგ მათ თავიანთი მანქანა გააჩერეს და ზ. ე.-ს სირბილით დაედევნენ. თუმცა, მათ ის სიბნელეში მალევე დაკარგეს მხედველობის არიდან და დაუბრუნდნენ თავიანთ ავტომობილს. სხვა პოლიციელებმა, რომლებიც მანქანის შეჯახების ადგილზე მოვიდნენ, ასევე გაჩხრიკეს ტერიტორია. კონკრეტულ კითხვებზე პასუხად პოლიციელებმა განაცხადეს, რომ მათ ახლოში მდინარე არ დაუნახავთ და არავის წყალში ჩავარდნის ხმა არ გაუგონიათ.

5. 2016 წლის 8 აგვისტოს პოლიციის საქმისმწარმოებელი გამომძიებელი შეეცადა, მოეპოვებინა ვიდეოთვალთვალის სისტემის (CCTV) ჩანაწერები საგზაო ვიდეოკამერებიდან, რომლებიც განლაგებულია შესაბამის ტერიტორიაზე. 2016 წლის 17 აგვისტოს თბილისის საპატრულო პოლიციაში ამ საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა გამომძიებელს მიაწოდა ჩანაწერების ნაწილი და აღნიშნა, რომ დანარჩენი კამერები შემთხვევის დღეს არ მუშაობდა. 2016 წლის 31 აგვისტოს გამომძიებელმა მოითხოვა დამატებითი ვიდეოჩანაწერები. 2016 წლის 3 სექტემბერს მას უთხრეს, რომ ვიდეოჩანაწერები ხელმისაწვდომი აღარ იყო, ვინაიდან შენახვის ვადა 2016 წლის 31 აგვისტოს ამოიწურა.

6. 2016 წლის 21 სექტემბერს მომჩივანმა განუცხადა ზედამხედველ პროკურორს, რომ გამოძიებამ სათანადოდ არ გამოიკვლია მისი შვილის გარდაცვალების ყველა შესაბამისი გარემოება და რომ, მათ შორის, ამოღებული და გამოკვლეული არ ყოფილა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოთვალთვალის სისტემის ვიდეოკამერების ჩანაწერები.

7. 2016 წლის 23 სექტემბერს გამოქვეყნდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ზ. ე.-ის გარდაცვალება გამოწვეული იყო ასფიქსიით, წყალში დახრჩობის შედეგად. მას სახეზე და ქვედა კიდურებზე ასევე აღენიშნებოდა მრავალი დალურჯება და ჰემორაგია. მის სისხლში ალკოჰოლის რაოდენობა აღმოჩნდა 0.68%.

8. 2016 წლის 25 ნოემბერს მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი გამოძიებასთან დაკავშირებით. მომდევნო დღეს გამომძიებელი შეეცადა, მოეპოვებინა ვიდეოჩანაწერები ამ ტერიტორიაზე არსებული კერძო საკუთრებებიდან, მაგრამ მას უთხრეს, რომ ასეთი ვიდეოჩანაწერები ხელმისაწვდომი არ იყო. 2016 წლის დეკემბერში გამომძიებელი შეეცადა, მოეპოვებინა დამატებითი ვიდეოჩანაწერები საგზაო ვიდეოკამერებიდან, აგრეთვე, ვიდეოთვალთვალის კერძო კამერებიდან. თუმცა, მას უთხრეს, რომ ვიდეოჩანაწერები ხელმისაწვდომი აღარ იყო.

9. 2016 წლის დეკემბერში გამოკითხულ იქნენ დანარჩენი პოლიციელები. ყველა მათგანმა განაცხადა, რომ იმ დროისთვის, როცა ისინი შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ზ. ე. უკვე გაუჩინარებული იყო; მათ გაჩხრიკეს ტერიტორია ფარნის მეშვეობით, მაგრამ არ დაუნახავთ ან გაუგონიათ რაიმე.

10. 2017 წლის 6 ნოემბერს, მომჩივნის მრავალი პრეტენზიის შემდეგ საქმე გამოძიების გასაგრძელებლად გადაეცა თბილისის პროკურატურას. ყველა შესაბამისი მოწმე ხელახლა იქნა გამოკითხული, ხოლო 2020 წლის აგვისტოში გამოძიება გაფართოვდა, რათა მოეცვა სამსახურებრივი მოვალეობების უგულებელყოფის დანაშაული. მათი დამატებითი გამოკითხვისას ორმა პოლიციელმა, რომლებიც სირბილით დაედევნენ ზ. ე.-ს, განაცხადა, რომ მათ არ გამოუძახებიათ სამაშველო სამსახური, რადგან მათ არ ეგონათ, რომ ზ. ე.-ის სიცოცხლე საფრთხეში იყო. მათი ჩვენებების თანახმად, მათ ძებნისას მიაღწიეს კლდის კიდეს, მაგრამ მდინარე არ დაუნახავთ და არც ვინმეს წყალში ჩავარდნის ხმა გაუგონიათ. გარდა ამისა, სიბნელეში მათ არ შეეძლოთ რაიმეს დანახვა და ამის გამო, ისინი არ შეეცადნენ კლდეზე ჩასვლას ტერიტორიის შესამოწმებლად.

11. საქმის მასალების თანახმად, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და აქამდე არავისთვის წარუდგენიათ ბრალი.

სასამართლოს შეფასება

  1. კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა

12. კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით მომჩივანი ჩიოდა თავისი შვილის სიკვდილისა და ამ მიმართებით ეფექტური გამოძიების არარსებობის გამო. როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით საქმის ფაქტობრივი გარემოებების შემფასებელი (იხ. საქმე Radomilja and Others v. Croatia [GC], nos. 37685/10 და 22768/12, §§ 114, 124 და 126, 2018 წლის 20 მარტი), სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი განხილული უნდა იქნეს მხოლოდ მე-2 მუხლის შესაბამისად.

13. მთავრობამ განაცხადა, რომ საჩივარი მიუღებელი იყო ექვსთვიანი ვადის წესთან შეუსაბამობის გამო ან როგორც ნაადრევი. სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართლისა და წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო უარყოფს ორივე პრეტენზიას მიუღებლობის შესახებ (იხ. საქმე Machalikashvili and Others v. Georgia, no. 32245/19, §§ 68-69, 2023 წლის 19 იანვარი; ასევე იხ. საქმე Shavadze v. Georgia, no. 72080/12, §§ 26-27, 2020 წლის 19 ნოემბერი; საქმე Mikeladze and Others v. Georgia, no. 54217/16, § 51, 2021 წლის 16 ნოემბერი; და საქმე Gaidukevich v. Georgia, no. 38650/18, § 51, 2023 წლის 15 ივნისი). ის ასევე მიიჩნევს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში და არც მიუღებელია რაიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

14. პროცედურული ასპექტიდან დაწყებული, სისხლის სამართლის გამოძიების ეფექტურობის შესახებ ზოგადი პრინციპები, კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, შეჯამებული იქნა საქმეში Mustafa Tunç and Fecire Tunç v. Turkey ([GC], no. 24014/05, §§ 172-81, 2015 წლის 14 აპრილი) და საქმეში Nicolae Virgiliu Tănase v. Romania ([GC], no. 41720/13, §§ 165-68, 2019 წლის 25 ივნისი).

15. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სისხლის სამართლის გამოძიება მომჩივნის შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და, რომ განხორციელდა მთელი რიგი შესაბამისი და დროული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, მოწმეების გამოკითხვა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი სისხლის სამართლის გამოძიებასთან დაკავშირებით და შეეძლო საქმის მასალებზე წვდომა და შესაბამისი წარდგინებების გაკეთება.

16. იმავდროულად, სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ის ფაქტი, რომ კავშირი მომჩივნის შვილის სიკვდილსა და პოლიციის მიერ მის დევნას შორის აშკარა იყო ჯერ კიდევ 2016 წლის 3 აგვისტოს და, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ითვალისწინებდა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოეძიებინა პროკურატურას, გამოძიება პოლიციას დაევალა (იხ. პარაგრაფი 4ზემოთ). მხოლოდ 15 თვის შემდეგ გადაეცა გამოძიება პროკურატურას. Hence, the most crucial stage of the investigation was conducted by an authority lacking sufficient independence from the police officers whose responsibility might have been engaged in the incident (იხ. საქმე Shavadze, ციტირებული ზემოთ, § 35; ასევე იხ. საქმე Edzgveradze v. Georgia, no. 59333/16, § 40, 2022 წლის 20 იანვარი; და საქმე Machalikashvili and Others, ციტირებული ზემოთ, § 87, შემდგომი მითითებებით). გარდა ამისა, გამოძიების მრავალი ძირითადი ხარვეზი პირდაპირ უკავშირდება ამ ფაზას.

17. პირველი, აღნიშნავს რა, რომ ვიდეოთვალთვალის კამერების ჩანაწერები შეიძლება ყოფილიყო მტკიცებულება, რომელიც მნიშვნელოვანია შესაბამისი მოვლენების გარემოებების დასადგენად (იხ. საქმე M.H. and Others v. Croatia, nos. 15670/18 და 43115/18, § 271, 2021 წლის 18 ნოემბერი, შემდგომი მითითებებით), სასამართლო მიიჩნევს, რომ ვიდეოთვალთვალის კამერების მტკიცებულებების შეგროვება და დამუშავება წინამდებარე საქმეში არადამაკმაყოფილებელი იყო. როგორც ჩანს, საგზაო ან კერძო ვიდეოთვალთვალის კამერებიდან ვიდეოჩანაწერების ამოღებისა და მოპოვების მოთხოვნათა უმეტესობა დაგვიანებული იყო, ხოლო ამასობაში დაიკარგა ან წაიშალა პოტენციურად მნიშვნელოვანი მტკიცებულებები (იხ. პარაგრაფები 5-6და 8ზემოთ).

18. მეორე, შეუსაბამობა ორი პოლიციელის ჩვენებებსა და საგზაო შემთხვევის ოქმს შორის, რომელიც 2016 წლის 1 აგვისტოს შემთხვევისთანავე იქნა შედგენილი, განხილული არ ყოფილა. არ მომხდარა განმარტება იმისა, თუ რატომ არ იყო თავდაპირველ საგზაო შემთხვევის ოქმში მოცემული შემთხვევის სრული აღწერა. ამგვარად, ფაქტი, რომ მომჩივნის ვაჟს პოლიცია სირბილით დაედევნა, სანამ სიბნელეში გაუჩინარდებოდა, აგრეთვე, სხვა პოლიციელების სავარაუდო ჩართულობა ძებნაში, სრულიად გამოტოვებული იყო ოქმში (იხ. პარაგრაფი 3ზემოთ). როგორც სასამართლომ უკვე აღნიშნა, ზოგჯერ ადამიანის სიცოცხლე იღუპება მთელი სისტემის წარუმატებლობის შედეგად და არა ინდივიდუალური შეცდომის გამო, რომელიც იწვევს სისხლისსამართლებრივ ან დისციპლინურ პასუხისმგებლობას. პოლიციის კომპლექსური წარუმატებლობა შეიძლება იყოს ინსტიტუციური, ინდივიდუალური ან ორივე (იხ. საქმე Armani Da Silva v. the United Kingdom [GC], no. 5878/08, § 284, 2016 წლის 30 მარტი). ეროვნული ორგანოები წინამდებარე საქმეში რაიმე დასკვნამდე ვერ მივიდნენ, ამ მხრივ შესაძლო ხარვეზების შესახებ.

19. აგრეთვე, დანარჩენი პოლიციელები პირველად 4-თვიანი დაგვიანებით გამოჰკითხეს (იხ. პარაგრაფი 9ზემოთ). მთავრობის მიერ მოწოდებული განმარტების გათვალისწინებით, სასამართლო ასეთ დაგვიანებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს (იხ. საქმე Ramsahai and Others v. the Netherlands ([GC], no. 52391/99, § 331, ECHR 2007-II; ასევე იხ. საქმე Machalikashvili and Others, ციტირებული ზემოთ, § 92, შემდგომი მითითებებით).

20. დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გამოძიება უკვე შვიდ წელზე მეტია მიმდინარეობს. მთავრობას არანაირი განმარტება არ წარმოუდგენია ასეთ ხანგრძლივ გამოძიებასთან დაკავშირებით. ხაზს უსვამს რა გაჭიანურებული სისხლის სამართლის გამოძიებების პრობლემის ხასიათს, კერძოდ, საქმეებში, რომლებიც ეხება საეჭვო სიკვდილს ან/და ცუდ მოპყრობას სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით (იხ. საქმე Shavadze, § 36, შემდგომი მითითებებით; საქმე Mikeladze and Others, § 68, შემდგომი მითითებებით; და საქმე Gaidukevich, § 63, ყველა ციტირებული ზემოთ), სასამართლო ამ გაჭიანურებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

21. ზემოაღნიშნული მოსაზრებები საკმარისია იმისთვის, რომ სასამართლომ დაასკვნას, რომ მომჩივნის შვილის გარდაცვალების საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება იყო არაეფექტური, კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევით.

22. რაც შეეხება საკითხს მომჩივნის შვილის სიკვდილზე მოპასუხე სახელმწიფოს სავარაუდო პასუხისმგებლობის შესახებ, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალების გათვალისწინებით, მას არ შეუძლია რაიმე კონკრეტული დასკვნის გაკეთება კონვენციის მე-2 მუხლის მატერიალური ასპექტის ფარგლებში. შესაბამისად, სასამართლო ამ პრეტენზიას არ განიხილავს (იხ. საქმე Sakvarelidze v. Georgia, no. 40394/10, §§ 49-50, 2020 წლის 6 თებერვალი; და საქმე M.H. and Others v. Croatia, ციტირებული ზემოთ, §§ 165-66).

  1. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

23. მომჩივანმა მოითხოვა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ევრო მორალურ ზიანთან დაკავშირებით, მენტალური ტანჯვის გამო, რომელიც გამოწვეული იყო მისი შვილის სიკვდილითა და ამ შემთხვევის არაეფექტური გამოძიებით. მატერიალურ ზიანთან ან ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით მას მოთხოვნა არ გაუკეთებია.

24. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანს შეეძლო მოეთხოვა კომპენსაცია ეროვნულ სასამართლოებში სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

25. გამოაქვს რა გადაწყვეტილება სამართლიან საფუძველზე, სასამართლო აკუთვნებს მომჩივანს 12 000 (თორმეტი ათასი) ევროს მორალურ ზიანთან დაკავშირებით, აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს.

ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად

  1. აცხადებს საჩივარს მისაღებად;
  2. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტი;
  3. ადგენს,
  1. რომ მოპასუხე სახელმწიფომ სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს მომჩივანს 12 000 ევრო (თორმეტი ათასი ევრო), რომელიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსით, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს მორალურ ზიანთან დაკავშირებით;
  2. რომ ზემოთ აღნიშნული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან გადახდის განხორციელებამდე ზემოხსენებულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;
  1. უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2024 წლის 22 თებერვალს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

                მარტინა კელერი                                                                                 კარლო რანზონი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე                                                                თავმჯდომარე