საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დროებითი დებულებისა და სტრუქტურის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დროებითი დებულებისა და სტრუქტურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 256
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი 03/03/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 3, 31/03/1992
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
256
03/03/1992
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 3, 31/03/1992
000000000.00.00.000000
საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დროებითი დებულებისა და სტრუქტურის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №256

1992 წლის 3 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დროებითი დებულებისა და სტრუქტურის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს თანდართული დროებითი დებულება და სტრუქტურა.

2. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ზღვრული რიცხოვნობა 260 ერთეულით.

3. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროში შემოღებულ იქნეს მინისტრის მოადგილის 6 თანამდებობა, მათ შორის ერთი პირველი მოადგილისა.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

– საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1971 წლის 16 სექტემბრის № 488 დადგენილება „საქართველოს სსრ ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;

– საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1979 წლის 7 სექტემბრის № 618 დადგენილება „საქართველოს სსრ ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1971 წლის 16 სექტემბრის №488 დადგენილების მე-4 პუნქტის დაზუსტების თაობაზე“;

– საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 31 იანვრის №102 დადგენილების მე-2 და მე-5 პუნქტები.

 

საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი       თ. სიგუა

 

 

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

სახელმწიფო კანცელარიის

მმართველის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                        გ. ბერიძე

 

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დროებითი დებულება

I. ზოგადი დებულებანი

1.1. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო“) არის რესპუბლიკის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო, რომლის კომპეტენციაში შედის საქართველოს რესპუბლიკის ფინანსური და საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება, სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების და სახელმწიფო სახსრების ხარჯვის კონტროლის საკითხები. სამინისტრო ახორციელებს ღონისძიებებს სახელმწიფო ფულადი რესურსების რაციონალურად და ეკონომიურად გამოყენებისათვის და თავის კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად რესპუბლიკის სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისათვის.

1.2. სამინისტრო კოორდინაციას უწევს რესპუბლიკაში აუცილებელი ფინანსური ბაზის შექმნის სამუშაოებს. საბაზრო ურთიერთობების პრინციპებზე დაყრდნობით შეიმუშავებს რესპუბლიკის ყოველი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტის ხარჯების საკუთარი შემოსავლებით დაბალანსების წინადადებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ბიუჯეტების დამოუკიდებლობას და გამორიცხავენ ზემდგომი ორგანოებიდან შემოსავლების მიღების მოიმედეობას.

სამინისტრო ადგენს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, შეიმუშავებს წინადადებებს ამ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის სტაბილურობის განმტკიცებისათვის, სახელმწიფოს ფულადი რესურსების რაციონალური და ეკონომიური გამოყენებისათვის.

სამინისტრო და მისი ადგილობრივი ორგანოები ახორციელებენ რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების სამუშაოთა კოორდინაციას. რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსავალში მობილიზებული ფულადი სახსრების ფარგლებში ახორციელებს საერთო სახელმწიფოებრივი საჭიროებისა და იმ ღონისძიებათა ფულადი სახსრებით უზრუნველყოფას, რაც მიიმართება საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული მეურნეობისა და სოციალური სფეროს დინამიურ და კომპლექსურ განვითარებაზე, აგრეთვე სხვა ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ფინანსირდება.

სამინისტრო საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მონაწილეობს რესპუბლიკისა და ცალკეული დარგების ფინანსური გაჯანსაღების, მათი რენტაბელობისა და მოგების გადიდების ღონისძიებების განხორციელებაში საბაზრო ურთიერთობებისა და კერძო მეწარმეობის ფართო განვითარების საფუძველზე.

1.3. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საფინანსო სამსახურები და სხვა დაქვემდებარებული ორგანიზაცია-დაწესებულებანი შეადგენენ სამინისტროს ერთიან სისტემას.

1.4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროებში და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შემადგენლობაში არსებული საფინანსო სამსახურები იმყოფება აგრეთვე სამინისტროს დაქვემდებარებაში.

1.5. სამინისტრო ავტონომიურ რესპუბლიკებში საფინანსო ორგანოების საქმიანობაზე ხელმძღვანელობას ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროების მეშვეობით.

2. სამინისტროს ამოცანები

სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:

2.1.საბიუჯეტო და საგადასახადო კანონპროექტების შემუშავება, რომლებიც წაახალისებს კერძო მეწარმეობას, კოოპერატივებს, საზოგადოებებსა და საკუთრების სხვადასხვა ფორმის საწარმოთა სამეურნეო საქმიანობას მოსახლეობისათვის საჭირო სახალხო მოხმარების საქონლის გამოშვების გადიდების უზრუნველსაყოფად და სასაქონლო დეფიციტის შესავსებად საბაზრო ეკონომიკის პირობებში;

2.2. ფინანსური რესურსების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დასაჩქარებლად, წარმოების ეფექტიანობის ასამაღლებლად, ეროვნული შემოსავლის, მოგებისა და სხვა საფინანსო რესურსების, მატერიალური და სამობილიზაციო რეზერვების გასადიდებლად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, საზოგადოებრივი წარმოების ყველა სფეროს სამეურნეო ანგარიშიანობის გასაღრმავებლად, მისი განვითარების სოციალური მიმართულების გასაძლიერებლად, საფინანსო-საკრედიტო ბერკეტების სამეურნეო მექანიზმის სხვა ელემენტებთან კავშირის გასამტკიცებლად;

2.3. იზრუნოს საქართველოს ეროვნული სიმდიდრის დაგროვებისა და მის შემდგომ ზრდაზე რესპუბლიკის ეკონომიკური სუვერენიტეტის განმტკიცებისა და განვითარებისათვის;

2.4. დააწესოს კონტროლი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ძვირფასი ლითონების და ქვების დამუშავებასა და გამოყენებაზე;

2.5. კონცენტრაცია გაუკეთოს სახელმწიფო საფინანსო რესურსებს საზოგადოებრივი წარმოებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის კომპლექსის პრიორიტეტული მიმართულებების გასათავითარებელი და დასაფინანსებლად, სოციალური განვითარების დასაჩქარებლად, აგრეთვე აუცილებელი სახელმწიფო ფინანსური რეზერვების შესაქმნელად;

2.6. სრულყოს ფინანსების მართვის სისტემა, გამომდინარე საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნილებებიდან, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით;

2.7. შეიმუშაოს წინადადებანი სახელმწიფოსთან საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ფინანსური ურთიერთდამოკიდებულების ფორმების სრულყოფისა და ფინანსური რესურსების ზრდის უზრუნველსაყოფად;

2.8. უზრუნველყოს ბიუჯეტით გათვალისწინებულ იმ ღონისძიებათა შეუფერხებელი დაფინანსება, რომლებიც მიზნად ისახავენ საქართველოს რესპუბლიკის დარგთა კომპლექსისა და სოციალური სფეროს დარგების განვითარებას, ხალხის ცხოვრების მატერიალური და კულტურული დონის შემდგომ ამაღლებას;

2.9. საგარეო ეკონომიკური საქმიანობისადმი ხელშეწყობა საქართველოს რესპუბლიკის მსოფლიო სამეურნეო სისტემაში ჩართვისა და ეფექტური მონაწილეობის მიზნით.

3. სამინისტროს ძირითადი ფუნქციები

3.1. სამინისტრო ახორციელებს მეთოდურ ხელმძღვანელობას და კოორდინაციას უწევს ფინანსების სფეროში მართვის სხვადასხვა დონის ორგანოთა, საწარმოთა და ორგანიზაციათა საქმიანობას.

3.2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ განსაზღვრულ ვადაში ადგენს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო (რესპუბლიკური) ბიუჯეტის პროექტებს და წარუდგენს მას განსახილველად. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების დაგეგმვაში (პროგნოზირებაში) მონაწილეობას ღებულობს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია.

3.3. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციასთან ერთად უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას, ადგენს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დამტკიცებული რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავალ-გასავლის განწერას, ასრულებს რესპუბლიკურ ბიუჯეტს და ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების დანიშნულებისამებრ ხარჯვის უზრუნველსაყოფად, დადგენილი წესით ახორციელებს რესპუბლიკური ბიუჯეტის ურთიერთანგარიშსწორებას ავტონომიური რესპუბლიკების, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების ბიუჯეტებთან, აგრეთვე შეაქვს ცვლილებანი საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და უწყებათა შემოსავალ-გასავლის ბალანსების (საფინანსო გეგმების) და ხარჯთაღრიცხვების ცალკეულ მუხლებში. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია სამინისტროს ყოველთვიურად უდგენს ანგარიშებს სახელმწიფო (რესპუბლიკური) ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების შესახებ.

3.4. სამინისტრო ახორციელებს კონტროლს საქართველოს რესპუბლიკის საბანკო დაწესებულებების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე.

3.5. ადგენს კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ და წარუდგენს მას საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.

3.6. შეიმუშავებს სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების წესს, ამუშავებს და ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალ-გასავლის კლასიფიკაციას.

3.7. შეიმუშავებს ბიუჯეტზე მყოფი დაწესებულებების ხარჯთაღრიცხვების შედგენის, განხილვის, დამტკიცებისა და შესრულების აღრიცხვის წესს.

3.8. შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს დარგთა კომპლექსისა და სოციალურ-კულტურული თუ სხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად გამოყოფილი სახსრების ხარჯვის ეფექტიანობის ამაღლების, ამ მიზნებისათვის ხარჯების ნორმირების სრულყოფისა და შიდასამეურნეო რესურსების გამოვლენისათვის.

3.9. აკონტროლებს და აანალიზებს დარგთა კომპლექსისა და რეგიონთა ფინანსურმდგომარეობას და ახდენს სათანადო რეაგირებას.

3.10. თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას ღებულობს ინვესტიციების სახელმწიფო რეგულირების საქმეში.

3.11. განიხილავს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტებისა და უწყებების ანგარიშებს, აანალიზებს მათ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში წარუდგენს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებსა და უწყებებს მოთხოვნებს მათ საფინანსო საქმიანობაში გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში მოახსენებს ამის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.

3.12. საფინანსო-საკრედიტო მექანიზმის სრულყოფის ღონისძიებათა განხორციელებასთან დაკავშირებით შეიმუშავებს წინადადებებს ფასწარმოქმნის სრულყოფის თაობაზე.

3.13. შეისწავლის ფულის მიმოქცევის მდგომარეობას და შეიმუშავებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების, სახელმწიფო შინაგანი სესხების გავრცელების, ფულისა და ნივთების ლატარიის ბილეთების, აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და გავრცელების შესახებ, ორგანიზაციას უწევს ფულისა და ნივთების ლატარიის ტირაჟების ჩატარებას, მონაწილეობს მოსახლეობის ფულადი შემოსავალ-გასავლის წლიური და პერსპექტიული ბალანსების შემუშავებაში და თვალყურს ადევნებს მათ შესრულებას.

3.14. მონაწილეობს ქართული ფულის ერთეულის შემუშავებასა და შემოღებაში.

3.15. ატარებს ეკონომიკურ და ანალიზურ მუშაობას სამმართველო აპარატის სრულყოფისათვის, ახორციელებს კონტროლს მმართველობის აპარატის შენახვის სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვისადმი. შეიმუშავებს წინადადებებს სამმართველო აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესებისა და მისი შენახვის გაიაფების თაობაზე.

3.16. სახელმწიფო ფინანსების განმტკიცების, საწარმოების, გაერთიანებებისა და ორგანიზაციების საწარმოო-სამეურნეო საქმიანობის ოპტიმალური ფინანსური პირობების უზრუნველყოფის, სოციალური სამართლიანობის პრინციპის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე შეიმუშავებს ღონისძიებებს რესპუბლიკაში საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფისათვის.

3.17. შეიმუშავებს მეთოდურ მითითებებსა და სხვა ნორმატიულ აქტებს საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ, უწევს მეთოდურ ხელმძღვანელობას და ახორციელებს კონტროლს სამინისტროების, უწყებების, გაერთიანებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების (საკუთრების ფორმების მიუხედავად) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების საქმიანობაზე. ადგენს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ანგარიშგების, საბიუჯეტო დაწესებულებათა ხარჯთაღრიცხვების შედგენის წესს და ამტკიცებს აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებს.

3.18. ხელს უწყობს წარმოებისა და ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშების შემუშავებისა და გამოქვეყნების პრაქტიკას, გამომდინარე საერთაშორისო სტანდარტებიდან.

3.19. საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნათა შესაბამისად რესპუბლიკის საფინანსო სისტემაში ატარებს საკადრო პოლიტიკას, ახდენს კადრების შერჩევას და განაწილებას. ახორციელებს ღონისძიებებს მათი მომზადებისა და გადამზადებისათვის.

3.20. განიხილავს საქართველოსა და უცხოეთის ორგანიზაციების, ფირმებისა და მმართველობის ორგანოების მონაწილეობით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საერთაშორისო გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის საკითხებს და თავის დასკვნებს გადასცემს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას, რომელიც ახორციელებს ერთობლივი საწარმოების რეგისტრაციას.

3.21. სამინისტროს ადგილობრივი საფინანსო ორგანოები ახორციელებენ პატენტებისა და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას ინდივიდუალური შრომით დასაქმებულ მოქალაქეებზე, რის შესახებაც აცნობებენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის შესაბამის ადგილობრივ ორგანოებს.

4. სამინისტროს უფლებამოსილებანი

სამინისტრო უფლებამოსილია:

4.1. მიიღოს სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტების შესადგენად ფაქტიური შესრულების ამსახველი მონაცემები, სტატისტიკური და საბუღალტრო ანგარიშგებანი, ბალანსები, ხოლო საკრედიტო ორგანიზაციებისაგან - ცნობები დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშების მდგომარეობის შესახებ;

საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს უფლება აქვს ცალკეული საკითხების განხილვისა და დამუშავებისათვის მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცნიერები და სპეციალისტები ან მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

4.2. შეზღუდოს, ხოლო საჭიროების კვალობაზე შეაჩეროს საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების დაფინანსება იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა მათ მიერ სახსრების უკანონოდ ხარჯვის ან ადრე გაცემული სახსრების ხარჯვაზე ანგარიშებისა თუ სხვა დაწესებული ანგარიშგების წარუდგენლობის ფაქტები. ამასთან, აცნობოს ამის შესახებ შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებს;

4.3. ჩაატაროს თემატური შემოწმებები საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის სისწორეზე;

4.4. მონაწილეობა მიიღოს პროდუქციაზე, საქონელზე და წარმოებისა და მოსახლეობისათვის გაწეულ მომსახურებაზე რეგულირებადი ფასებისა და ტარიფების განხილვასა და დამტკიცებაში;

4.5. განახორციელოს კონტროლი რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების მიერ დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების საბუღალტრო ანგარიშებისა და ბალანსების დროულად და სწორად განხილვისადმი, შეიტანოს წინადადებანი ანგარიშებსა და ბალანსებში საჭირო შესწორებების შესახებ და შეამოწმოს ამ წინადადებათა განსახორციელებლად გატარებული ღონისძიებები;

4.6. ჩაატაროს თათბირი და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე – დაინტერესებული სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების (საკუთრების ფორმების მიუხედავად), სამეცნიერო დაწესებულებებისა და მართვის ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

4.7. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ფინანსთა სამინისტროს ენიჭება სხვა უფლებებიც, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობიდან.

5. მუშაობის ორგანიზაცია

5.1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებს შორის ანაწილებს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი.

5.2. სამინისტროში იქმნება კოლეგია, რომელშიც შედიან მინისტრი (თავმჯდომარე) და მინისტრის მოადგილეები (თანამდებობის შესაბამისად), აგრეთვე სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი მუშაკები. სამინისტროს კოლეგიის წევრებს ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

5.3. მინისტრს აკისრია პერსონალური პასუხისმგებლობა სამინისტროს ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის. იგი განსაზღვრავს მინისტრის მოადგილეების, მთავარი სამმართველოების, სამმართველოების, განყოფილებებისა და სხვა ქვედანაყოფების უფროსების პასუხისმგებლობას სამინისტროს საქმიანობის შესაბამისი დარგების მიმართ.

5.4. მინისტრი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებს. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გასცემს ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროების, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების საფინანსო ორგანოების, სამინისტროს სისტემის სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს და ახდენს მათი შესრულების შემოწმების ორგანიზაციას.

საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი საქართველოს რესპუბლიკის სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ღებულობს კოლეგიის ერთობლივ გადაწყვეტილებებს, გამოსცემს ერთობლივ ბრძანებებსა და ინსტრუქციებს.

5.5. სამინისტროს კოლეგია თავის სხდომებზე იხილავს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის შესადგენად და შესასრულებლად მუშაობის ორგანიზაციის, სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისა და ორგანიზაციისადმი პრაქტიკული ხელმძღვანელობის, დავალებათა შესრულების შემოწმების, კადრების შერჩევისა და სხვა საკითხებს, უმნიშვნელოვანესი ბრძანებულებების, წესებისა და ინსტრუქციების პროექტებს, ისმენს ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა მინისტრების, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების საფინანსო სამსახურების, სამმართველოების, განყოფილებებისა და საქვეუწყებო ორგანიზაცია-დაწესებულებათა ანგარიშებს. კოლეგიის გადაწყვეტილებანი, როგორც წესი, ფორმდება მინისტრის ბრძანებით ან კოლეგიის დადგენილებით. მინისტრსა და კოლეგიის წევრთა შორის უთანხმოების შემთხვევაში მინისტრი ცხოვრებაში ატარებს თავის გადაწყვეტილებას, ამასთან მოახსენებს წამოჭრილ უთანხმოებათა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს. თავის მხრივ, კოლეგიის წევრებს უფლება აქვთ საკუთარი აზრი აცნობონ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.

5.6. სამინისტროს დებულებას, ცენტრალური აპარატის სტრუქტურას, მუშაკთა საერთო რიცხოვნობას და მათ შესანახ ხარჯებს ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ სამინისტროსათვის დამტკიცებულ სტრუქტურაში საჭიროების შემთხვევაში შეაქვს სათანადო ცვლილებები, სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი, ხოლო დებულებებს სამინისტროს მთავარი სამმართველოების, სამმართველოების, განყოფილებებისა და სხვა სამსახურების თაობაზე ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგია.

5.7. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშები ბანკებში, თავისი ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია საქართველოს ღერბი და სახელწოდება.

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის დროებითი სტრუქტურა

– ხელმძღვანელობა

– მთავარი საბიუჯეტო სამმართველო

– საფინანსო მექანიზმის სრულყოფის, ფასებისა და ფულის მიმოქცევის სამმართველო

– სახელმწიფო შემოსავლების ნორმატიული აქტების შემუშავების, შემოსავლების დაგეგმვისა და შესრულების ანალიზის სამმართველო

– მრეწველობისა და მშენებლობის დაფინანსების სამმართველო

– აგროსამრეწველო კომპლექსისა და ეკოლოგიის ღონისძიებათა დაფინანსების სამმართველო

– ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დაფინანსების სამმართველო

– სოციალური ინფრასტრუქტურისა და მეცნიერების ხარჯების ნორმირებისა და დაფინანსების მთავარი სამმართველო

– სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების დაფინანსების სამმართველო

– თავდაცვის, სამართალდამცველი ორგანოებისა და მატერიალური რესურსების დაფინანსების სამმართველო

– საგარეო - ეკონომიკურ და სავალუტო ურთიერთობათა სამმართველო

– ინფორმაციისა და ანალიზის სამმართველო

– ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო

– კადრებისა და კადრების მომზადების სამმართველო

– იურიდიული განყოფილება

– ცენტრალური ბუღალტერია

– საქმეთა მმართველობა .

ნუსხა

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა

– თბილისის საფინანსო-ეკონომიკური ტექნიკუმი

– სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია

– საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ფასეულობათა განძსაცავი

– კაპიტალური მშენებლობისა და სამეურნეო ორგანიზაციების სამმართველო.