სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ჰელმჰოლცის ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ჰელმჰოლცის ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 120/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 12/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018538
120/ნ
12/07/2024
ვებგვერდი, 16/07/2024
430210000.22.022.018538
სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ჰელმჰოლცის ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №120/ნ 

2024 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 

სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ჰელმჰოლცის ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ჰელმჰოლცის ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსის დებულება“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დანართი

სსიპ  – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ჰელმჰოლცის ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსის დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება აწესრიგებს სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (შემდგომ – ფონდი) და გერმანიის ჰელმჰოლცის ცენტრის (შემდგომ – ცენტრი), რომელიც აერთიანებს იულიხის კვლევით ცენტრს, ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფის ცენტრსა და ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრს, ერთობლივი საგრანტო კონკურსის (შემდგომ – საგრანტო კონკურსი)  განხორციელების, გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესს.

2. საგრანტო კონკურსი გულისხმობს ცენტრში სამეცნიერო სტაჟირებას მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

3. საგრანტო კონკურსის მიზანია:

ა) გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და გერმანიას შორის  და ცენტრში სამეცნიერო სტაჟირების გავლის გზით ხელი შეუწყოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომ – უნივერსიტეტები) მაგისტრანტებისა და დოქტორანტების კვალიფიკაციის ამაღლებას;

ბ) უნივერსიტეტების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის შესაძლებლობის მიცემა ცენტრის სამეცნიერო ბაზაზე განახორციელონ ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევითი პროექტები;

გ) ცენტრისათვის შესაძლებლობის მიცემა, მოიზიდოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო მაგისტრანტები და დოქტორანტები სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისათვის საჭირო კვლევების განსახორციელებლად;

დ) ცენტრისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო დაწესებულებების (უნივერსიტეტების, ინსტიტუტების) მეცნიერებთან უნივერსიტეტების მაგისტრანტებისა და დოქტორანტების გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეწყობა.

4. ცენტრში საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება საგრანტო პროექტები შემდეგ სამეცნიერო სფეროებში:

ა) მათემატიკური მეცნიერებები;

ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიები;

გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

დ) საინჟინრო მეცნიერებები;

ე) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) გენერალური დირექტორი  – ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში  შედის დასაფინანსებლად შერჩეული საგრანტო პროექტების დამტკიცება და საჭიროების შემთხვევაში საგრანტო პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

) გრანტის მიმღები  – საგრანტო კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული, კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების, ან საქართველოს სხვა უნივერსიტეტების მაგისტრანტი/დოქტორანტი;

გ) დოქტორანტი – საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე; 

დ) მაგისტრანტი – საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე; 

) კონსორციუმი  – საქართველოში ავტორიზებული იმ უნივერსიტეტების გაერთიანება, რომელთაც ცენტრთან აქვთ ხელმოწერილი ურთიერთანამშრომლობის შეთანხმება;

) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული მაგისტრანტის/დოქტორანტის მიერ საგრანტო პროექტისთვის გახსნილი მიზნობრივი საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;

) მონიტორინგი  – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგრანტო პროექტის შუალედური და საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა;

) საგრანტო პროექტი  – მაგისტრანტის/დოქტორანტის მიერ დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი;

) პროექტის ბიუჯეტი  – საგრანტო პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფონდიდან გაცემული საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით;

) საანგარიშო პერიოდი  – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს გრანტის ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს შუალედურ/საბოლოო ანგარიშს;

) საბოლოო ანგარიში – საგრანტო პროექტის ბოლო საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ  გრანტის მიმღების   მხრიდან ფონდში წარდგენილი საგრანტო პროექტის პროგრამული და ფინანსური ანგარიშები;

) საგრანტო ხელშეკრულება  – გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;

) საკონკურსო დოკუმენტაცია  – ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;

) ტრანში – საგრანტო პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;

) შუალედური ანგარიში  – საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ  გრანტის მიმღების  მხრიდან ფონდში წარდგენილი  პროგრამული და ფინანსური ანგარიშები.

მუხლი 3. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება

1. საგრანტო კონკურსს ადმინისტრირებას უწევენ ფონდი და ცენტრი ერთობლივად.

2. ცენტრში საგრანტო კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით ფონდი და ცენტრი ერთობლივად უზრუნველყოფენ:

ა) საგრანტო კონკურსის გამართვისა და საგრანტო პროექტების მიღების ვადების დადგენას;

ბ) ცენტრსა და ფონდს შორის ურთიერთშეთანხმებით, არაუმეტეს ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის გამარჯვებული საგრანტო პროექტების გამოვლენასა და ერთობლივ დაფინანსებას.

3. ცენტრში  საგრანტო კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით ფონდი უზრუნველყოფს:

ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადებასა და საგრანტო კონკურსის პირობებისა და მოთხოვნების დამტკიცებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების, ან საქართველოს სხვა უნივერსიტეტების (ცენტრთან შეთანხმებით) მაგისტრანტთა და დოქტორანტთა საგრანტო პროექტების მიღებას;

გ) საგრანტო პროექტების შესაბამისობის დადგენას საგრანტო კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან;

დ) საგრანტო პროექტების ცენტრში გადაგზავნას;

ე) ცენტრის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებას;

ვ) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებასა და საგრანტო პროექტების მონიტორინგს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 4. სუბიექტები

საგრანტო კონკურსში  საგრანტო პროექტის წარდგენის უფლება აქვთ:

ა) მაგისტრანტებს, რომლებიც განახორციელებენ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამისთვის საჭირო კვლევას ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სამეცნიერო სფეროებში;

ბ) დოქტორანტებს, რომლებიც განახორციელებენ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამისათვის საჭირო კვლევას ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სამეცნიერო სფეროებში.

მუხლი 5. სამეცნიერო სტაჟირების საგრანტო კონკურსის პირობები და საგრანტო დაფინანსება

1. სამეცნიერო სტაჟირების საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს ყოველწლიურად არაუმეტეს რვა მაგისტრანტისა და არა უმეტეს ექვსი დოქტორანტის სამეცნიერო სტაჟირების დაფინანსებას.

2. მაგისტრანტებისათვის დაფინანსებული სამეცნიერო სტაჟირების ხანგრძლივობა შესაბამისობაში უნდა იყოს უნივერსიტეტებში მათი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმის პერიოდთან.

3. დოქტორანტებისათვის დაფინანსებული სამეცნიერო სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 წლამდე ვადით. დაფინანსებულ დოქტორანტს უფლება აქვს სამეცნიერო სტაჟირების ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 6 თვისა, დამატებითი დაფინანსების მოთხოვნის გარეშე. ვადის გაგრძელება შეთანხმებული უნდა იყოს ფონდთან და ცენტრთან და უნდა ეფუძნებოდეს მიმღები კვლევითი ინსტიტუტისა და იმ უნივერსიტეტის ოფიციალურ მოთხოვნას, რომელშიც ირიცხება დოქტორანტი. ცენტრში სამეცნიერო სტაჟირების ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა იყოს წელიწადში 8 თვეზე ან/და სემესტრში 4 თვეზე ნაკლები.

4. საგრანტო კონკურსის მონაწილეებს ცენტრში უნდა ჰყავდეთ სამეცნიერო სტაჟირების სამეცნიერო ხელმძღვანელი.

5. საგრანტო კონკურსის ფარგლებში საგრანტო პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:

ა) ფონდის მიერ ანაზღაურებად საერთაშორისო მგზავრობის ხარჯებს დანიშნულების ადგილამდე; წელიწადში მაქსიმუმ ორი ორმხრივი მგზავრობა საქართველოსა და გერმანიას შორის;

ბ) ცენტრის მიერ ანაზღაურებად სამოგზაურო ხარჯებს, რომელიც დაფარავს ევროკავშირის ფარგლებში წელიწადში ერთ მოგზაურობას სამაგისტრო/სადოქტორო თემასთან შინაარსობრივად მჭიდროდ დაკავშირებულ სამეცნიერო ღონისძიებაზე დასასწრებად;

გ) ცენტრში ყოფნის პერიოდში ყოველთვიურ ფიქსირებულ სტიპენდიას, რომელიც ფარავს ყოველდღიურ საცხოვრებელ ხარჯებს და დაზღვევას.

6. ცენტრში ყოფნის პერიოდში ყოველთვიური ანაზღაურება (სტიპენდია) მაგისტრანტებისათვის შეადგენს 934 ევროს ეკვივალენტს ლარში, ხოლო დოქტორანტებისათვის – 1468 ევროს ეკვივალენტს ლარში.

7. ყოველთვიური სტიპენდიის 50%-ს ფარავს ცენტრი, ხოლო 50%-ს – ფონდი.

8. სამეცნიერო სტაჟირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში საგრანტო დაფინანსების გადარიცხვას ფონდი უზრუნველყოფს 6-თვიანი ტრანშების სახით გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ მიზნობრივ ანგარიშზე.

მუხლი 6. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა

1. ფონდში  საგრანტო კონკურსისათვის საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.

2. საგრანტო კონკურსის ფარგლებში საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:

ა) ცენტრის მხრიდან მაგისტრანტის/დოქტორანტის ინსტიტუციური მხარდაჭერის/თანხმობის წერილს;

ბ) გამგზავნი უნივერსიტეტის მხრიდან მაგისტრანტის/დოქტორანტის სწავლის დამადასტურებელ ცნობასა და ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილს;

გ) საგრანტო პროექტს და მაგისტრანტის/დოქტორანტის მიერ ცენტრში განსახორციელებელი სამეცნიერო კვლევის გეგმას;

დ) მაგისტრანტის/დოქტორანტის პროფესიულ ბიოგრაფიას (CV).

3. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას საგრანტო პროექტი, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, არასრულყოფილია ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.

4. ფონდი არ ანაზღაურებს საგრანტო პროქტის მომზადებისა და წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს.

მუხლი 7. კონკურსის ეტაპები

საგრანტო კონკურსის ეტაპებია:

ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადება;

ბ)  საგრანტო პროექტისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში წარმოდგენა;

გ) საგრანტო პროექტის და საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

დ) საგრანტო პროექტის ცენტრში გადაგზავნა;

ე) ცენტრის მიერ დასაფინანსებელი საგრანტო პროექტების შერჩევა;

ვ) გამარჯვებული საგრანტო პროექტების წარდგენა ფონდისთვის დასამტკიცებლად;

ზ)  გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.

 მუხლი 8. საგრანტო პროექტების შეფასება

1. საგრანტო კონკურსის ფარგლებში ცენტრში გადაიგზავნება ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები.

2. ცენტრი აფასებს სამეცნიერო სტაჟირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილ საგრანტო პროექტებს.

3. ცენტრი არჩევს  საგრანტო კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელ საგრანტო პროექტებს და წარუდგენს მათ ფონდს დასამტკიცებლად.

4. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი საგრანტო პროექტების ნუსხა მტკიცდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 9. საგრანტო ხელშეკრულება

1. ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას გრანტის მიმღებთან.

2. საგრანტო ხელშეკრულებით განისაზღვრება ფონდის და გრანტის მიმღების პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულებები.

მუხლი 10. საგრანტო პროექტის შესრულების მონიტორინგი

1. საგრანტო კონკურსის დაფინანსებისას ფონდი ახორციელებს საგრანტო პროექტის შესრულების მონიტორინგს მის მიერ დადგენილი პერიოდულობით.

2. საგრანტო პროექტის მონიტორინგი მოიცავს ფინანსურ და პროგრამულ ნაწილს. 

3. ფინანსური მონიტორინგის დროს ფონდი:

ა) ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების მონიტორინგს ფონდის მიერ დამტკიცებული ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე, რაზეც ადგენს შესაბამის განხილვის აქტს;

ბ) ეყრდნობა გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ გრანტის ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს ასლების ან/და ელექტრონული (დასკანერებული) სახით;

გ) გრანტის მიმღების მიერ წარდგენილ ანგარიშზე ადგენს განხილვის აქტს, რომელშიც აისახება საანგარიშო პერიოდში ავანსის სახით გადარიცხული თანხის ხარჯვის შესაბამისობა საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.

4. ფინანსური მონიტორინგისას:

ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;

ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ საგრანტო ანგარიშზე დაბრუნებას;

გ) ნაშთად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი თანხა, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო საანგარიშო პერიოდებში;

დ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით  იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა მეტია ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებული რესურსის. გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს.

5. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს გრანტის მიმღების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებას. პროგრამული მონიტორინგის განხორციელებისას ფონდი ეყრდნობა გრანტის მიმღების მიერ წარდგენილ დოკუმენტებს. პროგრამული მონიტორინგის განსახორციელებლად გრანტის მიმღები ფონდს წარმოუდგენს მიმღები კვლევითი ინსტიტუტიდან სამეცნიერო სტაჟირების ხელმძღვანელის ოფიციალურ წერილს სტაჟირების პერიოდში ჩატარებული კვლევის, მიღებული შედეგებისა და კვლევის და გრანტის მიმღების სამეცნიერო პოტენციალის შესახებ.

6. გრანტის გამცემი არ არის უფლებამოსილი თავად შეაფასოს დასრულებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისმგებელი საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებულ შედეგზე.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი