შეთანხმება საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ

შეთანხმება საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 190/9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016783
190/9
18/04/2024
ვებგვერდი, 09/07/2024
480610000.03.030.016783
შეთანხმება საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
შეთანხმება
საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ

მუხლი 1

შესავალი

1. 2017 წლის 4 აპრილს საქართველომ და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტომ („ევროპოლი“), შემდგომში წოდებულებმა როგორც „მხარეები“, ხელი მოაწერეს „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას, შემდგომში წოდებული როგორც „შეთანხმება“.

2. საქართველოსა და ევროპის კავშირის მიერ დამტკიცდა საიმპლემენტაციო შეთანხმება, როგორც ეს მოთხოვნილია „საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ“ შეთანხმების მე-12 მუხლით. მისი ძალაში შესვლა დადასტურდა 2019 წლის 22 ოქტომბრისა და 2020 წლის 27 მაისის წერილების გაცვლით.

3. შეთანხმების მე-20 მუხლის შესაბამისად და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ღონისძიებების განმსაზღვრელი, უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი კონსულტაციების შედეგების გათვალისწინებით, მხარეები ადგენენ საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის წესებს.

 

მუხლი 2

მოქმედების სფერო

1. წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს შეთანხმების მე-20 მუხლში მითითებულ, კონფიდენციალურობისა და ინფორმაციული გარანტიის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

2. წინამდებარე შეთანხმება გამოიყენება მხარეთა შორის გაცვლილი, საიდუმლოობის გრიფით აღნიშნული ყველა ინფორმაციის მიმართ, რომლის უნებართვო გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს, ევროპოლის, ევროპის კავშირის ან ევროპის კავშირის ერთი ან მეტი წევრი სახელმწიფოს ინტერესების სხვადასხვა ხარისხით ხელყოფა. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმით და ის უნდა მოიცავდეს ასლებს, ფრაგმენტებს, პროექტებსა და თარგმანებს.

 

მუხლი 3

გრიფები       

1. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ მეორე მხარისგან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას მიენიჭოს დაცვის ის ხარისხი, რომელიც გარანტირებულია მისი ეკვივალენტური ხარისხის შესაბამისი საიდუმლოობის გრიფით, როგორც ეს მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში:           

საქართველოსთვის                  ევროპოლისთვის

შეზღუდული სარგებლობისათვის

RESTRICTED

RESTREINT UE / EU RESTRICTED

საიდუმლო

CONFIDENTIAL

CONFIDENTIEL UE / EU CONFIDENTIAL

სრულიად საიდუმლო

SECRET

SECRET UE / EU SECRET

განსაკუთრებული მნიშვნელობის

TOP SECRET

TRÈS SECRET UE / EU TOP SECRET

 

2. საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა უნდა შემოიფარგლოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული საიდუმლოობის ხარისხებით.

3. მხარეებმა უნდა გამოიყენონ საიდუმლოობის გრიფები საიდუმლო ინფორმაციის სენსიტიურობისა და შესაბამისად, იმ უსაფრთხოების წესების, პოლიტიკისა და პროცედურების აღსანიშნად, რომლებიც ეხება მის გაცვლასა და დაცვას.

4. მიმწოდებელი მხარე პასუხისმგებელია მეორე მხარისთვის გაგზავნილი ინფორმაციის სათანადო საიდუმლოობის ხარისხისა და გრიფის შერჩევაზე.

5. თუ რომელიმე მხარე მიიჩნევს, რომ საიდუმლოობის ხარისხი საჭიროებს ცვლილებას, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს მეორე მხარეს და შეეცადოს, შეათანხმოს საიდუმლოობის სათანადო ხარისხი. მიმღებმა მხარემ არ უნდა შეცვალოს ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხი ან გრიფი მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

6. მიმწოდებელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის ცვლილება, მათ შორის, შესაძლო განსაიდუმლოება. მიმღებმა მხარემ საიდუმლოობის ხარისხი უნდა შეცვალოს ამგვარი მოთხოვნების შესაბამისად.

7. მიმწოდებელ მხარეს შეუძლია მიუთითოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის მოქმედების პერიოდი და აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საიდუმლოობის ხარისხის ნებისმიერი შესაძლო ცვლილება.

8. თუ ინფორმაცია, რომლის საიდუმლოობის ხარისხიც შეიცვალა, მიეწოდა მესამე მხარეებს, ყველა მიმღებს უნდა ეცნობოს საიდუმლოობის ხარისხის ცვლილების შესახებ.

9. მიმწოდებელ მხარეს შეუძლია, ასევე, გამოიყენოს დამატებითი აღნიშვნები საიდუმლო ინფორმაციის წარმომშობის, მასთან მოპყრობაზე ნებისმიერი შეზღუდვისა და მიმღები მხარის მიერ მისი დაცვისთვის ნებისმიერი დამატებითი უსაფრთხოების მოთხოვნების დასაკონკრეტებლად. მიმღები მხარე პასუხისმგებელია ამ შეზღუდვების უზრუნველყოფაზე.

 

მუხლი 4

პასუხისმგებელი რეგისტრები

1. მხარეებმა უნდა აწარმოონ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაზე, მიღებაზე, კონტროლსა და შენახვაზე პასუხისმგებელი რეგისტრები.

2. თითოეულმა მხარემ თავის რეგისტრში უნდა დაარეგისტრიროს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გაცვლილი ყველა საიდუმლო ინფორმაცია. აღნიშნული უნდა მოიცავდეს არსებულ საიდუმლოობის გრიფს, არსებულ ადგილსამყოფელს და მასთან მოპყრობის შეზღუდვებთან დაკავშირებით მიმწოდებელი მხარისგან მიღებულ ნებისმიერ დამატებით ინფორმაციასა და უსაფრთხოების დამატებით მოთხოვნებს მის დასაცავად.

3. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:

a. ევროპოლის ოპერატიული ცენტრი არის ევროპოლის ფარგლებში პასუხისმგებელი რეგისტრი ყველა იმ ინფორმაციასთან მიმართებით, რომლებიც დასაიდუმლოებულია როგორც შეზღუდული სარგებლობისათვის (RESTRICTED) / RESTREINT UE/EU RESTRICTED.

b. ევროპოლის კონფიდენციალურობის დესკი არის ევროპოლის ფარგლებში პასუხისმგებელი რეგისტრი ყველა იმ ინფორმაციასთან მიმართებით, რომლებიც დასაიდუმლოებულია როგორც საიდუმლო (CONFIDENTIAL) / CONFIDENTIEL UE/EU CONFIDENTIAL და უფრო მაღალი გრიფით.

c. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის საქართველოს ფარგლებში პასუხისმგებელი რეგისტრი.

 

მუხლი 5

მხარეთა შორის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა

1. ელექტრონული საშუალებებით გადაცემული საიდუმლო ინფორმაცია უნდა დაიშიფროს ორმხრივად შეთანხმებული კრიპტოგრაფიული პროდუქტებით.

2. ქაღალდზე ნაბეჭდი ეგზემპლარებისა და ელექტრონული შენახვის მედიასაშუალებების ფორმით გაცვლილი საიდუმლო ინფორმაცია უნდა გაიცვალოს მხოლოდ ერთ-ერთი შემდეგი გზით:

a. შეთანხმების მე-9 მუხლის საფუძველზე წარგზავნილი მეკავშირე ოფიცერი/ოფიცრები;

b. ხელბარგი, იმის გათვალისწინებით, რომ:

  1. ამანათი უნდა ატარებდეს ოფიციალურ ბეჭედს ან უნდა შეიფუთოს ისეთი ფორმით, რომელიც მიუთითებს, რომ ის არის ოფიციალური ტვირთი და არ გაივლის საბაჟო ან უსაფრთხოების შემოწმებას;
  1. საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები ან მედიასაშუალებები უნდა გადაიცეს ორმაგი, დალუქული კონვერტებით, რომელთაგან შიდა კონვერტზე აღნიშნულია მხოლოდ დოკუმენტების ან სხვა მედიასაშუალებების საიდუმლოობის ხარისხი და განსაზღვრული მიმღების მისამართი, ხოლო გარე კონვერტზე აღნიშნულია განსაზღვრული მიმღების მისამართი, გამგზავნის მისამართი და საჭიროებისამებრ, რეესტრის ნომერი;
  2. ტვირთის გარე შეფუთვაზე არ უნდა გაკეთდეს რაიმე მითითება, რომ მისი შიგთავსი დასაიდუმლოებულია;
  3. ფიზიკურმა პირებმა თან უნდა იქონიონ კურიერის მოწმობა, რომელიც მოახდენს ამანათის იდენტიფიცირებას და დაადასტურებს ამანათის გადატანის უფლებას;
  4. საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა გავიდეს გადამტანის მფლობელობიდან;
  5. საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა გაიხსნას გზაში ან არ უნდა მოხდეს მისი წაკითხვა საჯარო ადგილებში; და
  6. ფიზიკური პირები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მათი პასუხისმგებლობების შესახებ და, თუ ინფორმაცია, რომელიც მათ გადააქვთ, არის დასაიდუმლოებული საიდუმლო (CONFIDENTIAL) / CONFIDENTIEL UE/EU CONFIDENTIAL და უფრო მაღალი გრიფით, მათ უნდა ჰქონდეთ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო დაშვება.

3. საიდუმლო ინფორმაცია უნდა გაიცვალოს წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლით განსაზღვრულ რეგისტრებს შორის. ინფორმაციის გადაცემა უნდა იყოს დოკუმენტირებული და მიმღები მხარის რეგისტრმა მისი მიღება უნდა დაუდასტუროს მიმწოდებელი მხარის რეგისტრს.

4. განსაკუთრებული მნიშვნელობის (TOP SECRET) / TRÈS SECRET UE/EU TOP SECRET გრიფით დასაიდუმლოებული ინფორმაციის ფიზიკური გადატანა საქართველოსა და ევროპოლს შორის უნდა განხორციელდეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.

5. მხარეებმა უნდა შეატყობინონ ერთმანეთს მხარეთა შორის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაზე პასუხისმგებელ, მათ შესაბამის ორგანიზაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, როგორიცაა მათი რეგისტრების დასახელებასთან, მისამართებსა და საკონტაქტო დეტალებთან დაკავშირებული ცვლილებები.

 

მუხლი 6

შემდგომი გადაცემა

1. შეზღუდული სარგებლობისათვის (RESTRICTED) / RESTREINT UE/EU RESTRICTED გრიფით დასაიდუმლოებული ინფორმაციის შემდგომი გადაცემა უნდა შეიზღუდოს შეთანხმების მე-13 მუხლში დაკონკრეტებული პირობების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი შემდგომი გადაცემა საჭიროებს მიმწოდებელი მხარის თანხმობას შეთანხმების მე-13 მუხლის შესაბამისად, მიმღები მხარე პასუხისმგებელია შემდგომ გადაცემაზე და მან უნდა უზრუნველყოს და დაადასტუროს, რომ ამ ინფორმაციის დასაცავად სამართლებრივი ჩარჩო და შესაბამისი ზომები არსებობს.

2. საიდუმლო (CONFIDENTIAL) / CONFIDENTIEL UE/EU CONFIDENTIAL და უფრო მაღალი გრიფით დასაიდუმლოებული ინფორმაციის შემდგომი გადაცემა მხარეთა ინსტიტუტებს მიღმა ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის, მათ შორის, კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორებისთვის, ნებადართული უნდა იყოს მხოლოდ მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობით. მიმღები მხარის რეგისტრი პასუხისმგებელია შემდგომ გადაცემაზე და მან უნდა უზრუნველყოს და დაადასტუროს, რომ ამ ინფორმაციის დასაცავად სამართლებრივი ჩარჩო და შესაბამისი ზომები არსებობს.

 

მუხლი 7

საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა

 

1. მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა შემოიფარგლოს იმ უფლებამოსილი პირებით:

a. რომელთაც აქვთ ინფორმაციის გაცნობის საჭიროება, რაც ნიშნავს, რომ მათ სჭირდებათ საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად;

b. რომელთაც, საიდუმლო (CONFIDENTIAL) / CONFIDENTIEL UE/EU CONFIDENTIAL ან უფრო მაღალი ხარისხის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შემთხვევაში, აქვთ შესაბამისი ეროვნული უწყების მიერ გაცემული საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების მოქმედი მოწმობა ან რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად, არიან სხვაგვარად სათანადოდ უფლებამოსილნი თავიანთი ფუნქციებიდან გამომდინარე;

c. რომლებიც რეგულარულად არიან ინფორმირებულნი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების წესების, პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ და წერილობით დაადასტურეს თავიანთი პასუხისმგებლობა ამგვარი ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.

2. საქართველოსთვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პასუხისმგებელია უზრუნველყოს, რომ საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების მოწმობები გაიცეს უსაფრთხოების შემოწმების საფუძველზე, ფიზიკურ პირთა ერთგულების, სანდოობისა და საიმედოობის გათვალისწინებით, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, იმ პირობით, რომ გამოყენებულ იქნება ისეთი მინიმალური სტანდარტები, რომლებიც არანაკლებ მკაცრია, ვიდრე ევროპის კავშირის სტანდარტები.

3. მხარეებმა, მათი შესაბამისი კანონმდებლობების თანახმად, თავიანთ სათანადო ადმინისტრაციებში უნდა განსაზღვრონ ის თანამდებობები, რომლებიც შეიძლება საჭიროებდეს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას.

4. მხარეებს, სადაც ეს საჭიროა, შეუძლიათ ითანამშრომლონ და უფლებამოსილი პირები უზრუნველყონ განათლებითა და ტრენინგებით იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გაცვლილ საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობას.

 

მუხლი 8

გამრავლება და თარგმნა

1. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ საიდუმლო ინფორმაციის ასლების რაოდენობა შემოიფარგლოს სამსახურებრივი მიზნებისთვის საჭირო რაოდენობით. საიდუმლო ინფორმაციის დედნის ყველა საიდუმლოობის გრიფი და სხვა აღნიშვნა უნდა აისახოს ასლებზე მის შინაარსთან ერთად. უსაფრთხოების ზომები და შეზღუდვები, რომლებიც გამოიყენება ინფორმაციის დედნის მიმართ, ასევე, გამოყენებულ უნდა იქნეს მისი ასლებისთვისაც.

2. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ საიდუმლო (CONFIDENTIAL) /  CONFIDENTIEL UE/EU CONFIDENTIAL ან უფრო მაღალი ხარისხის ინფორმაციის ყველა ინდივიდუალური ასლი ატარებდეს უნიკალურ ნომერს, რაც შესაძლებელს ხდის ინფორმაციის თითოეული ინდივიდუალური ასლის იდენტიფიცირებას. აღნიშნული შეიძლება, ასევე, გათვალისწინებულ იქნეს შეზღუდული სარგებლობისათვის (RESTRICTED) / RESTREINT UE/EU RESTRICTED ინფორმაციასთან მიმართებით, მხარეთა შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად.

3. საიდუმლო ინფორმაცია, გარდა სრულიად საიდუმლო (SECRET) / SECRET UE/EU SECRET და განსაკუთრებული მნიშვნელობის (TOP SECRET) / TRÈS SECRET UE/EU TOP SECRET გრიფით დასაიდუმლოებული ინფორმაციისა, შეიძლება გამრავლდეს მიმღები მხარის მიერ, მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, თუ მიმწოდებელ მხარეს არ აქვს დაწესებული შეზღუდვები ასლის გადაღებასთან დაკავშირებით.

4. სრულიად საიდუმლო (SECRET) / SECRET UE/EU SECRET გრიფით დასაიდუმლოებული ინფორმაცია შეიძლება გამრავლდეს მხოლოდ წარმომშობის წინასწარი წერილობითი თანხმობით. წარმომშობი ამ შეზღუდვას უთითებს დამატებითი აღნიშვნის სახით, წინამდებარე შეთანხმების მე-3 (9) მუხლის შესაბამისად.

5. განსაკუთრებული მნიშვნელობის (TOP SECRET) / TRÈS SECRET UE/EU TOP SECRET გრიფით დასაიდუმლოებული ინფორმაცია არ უნდა გამრავლდეს. ის შეიძლება ითარგმნოს მხოლოდ წარმომშობის წინასწარი წერილობითი თანხმობით. წარმომშობი ამ შეზღუდვას უთითებს დამატებითი აღნიშვნის სახით, წინამდებარე შეთანხმების მე-3 (9) მუხლის შესაბამისად.

6. საიდუმლო ინფორმაციის ყველა თარგმანი და ნაწილობრივი ასლი ან ფრაგმენტი, წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, განხილულ უნდა იქნეს ინფორმაციის დედნის ასლებად.

 

მუხლი 9

შენახვა და მოპყრობა

1. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გაცვლილ საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობა უნდა განხორციელდეს იმ არეალში, რომელსაც გააჩნია:

(a) ვიზუალურად განსაზღვრული და დაცული პერიმეტრი, სადაც ყველა შესვლა და გასვლა კონტროლდება საშვის ან პირადი ამოცნობის სისტემის მეშვეობით; ან

(b) ვიზუალურად განსაზღვრული პერიმეტრი, რომელიც იძლევა ფიზიკური პირების და, შეძლებისდაგვარად, სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების შესაძლებლობას, რათა საიდუმლო ინფორმაცია დაცული იყოს არაუფლებამოსილი პირების წვდომისგან.

2. შეზღუდული სარგებლობისათვის (RESTRICTED) / RESTREINT UE/EU RESTRICTED გრიფით დასაიდუმლოებული ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ჩაკეტილ საოფისე ავეჯში, ამ მუხლის 1-ელი (a) ან 1-ელი (b) პუნქტით განსაზღვრულ არეალში.

3. საიდუმლო (CONFIDENTIAL) / CONFIDENTIEL UE/EU CONFIDENTIAL და უფრო მაღალი გრიფით დასაიდუმლოებული ინფორმაცია უნდა ინახებოდეს უსაფრთხო კონტეინერებში, რომლებიც პასუხობს მიმღები მხარის მიერ დადგენილ მახასიათებლებს. ამგვარი უსაფრთხო კონტეინერები უნდა განლაგდეს მხოლოდ ამ მუხლის 1-ელი (a) პუნქტით განსაზღვრულ არეალში.

4. მხარეთა რეგისტრებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს დადგენა იმ ადგილმდებარეობისა, სადაც წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გაცვლილ საიდუმლო (CONFIDENTIAL) / CONFIDENTIEL UE/EU CONFIDENTIAL და უფრო მაღალი გრიფით დასაიდუმლოებულ ინფორმაციას ინახავენ ან ეპყრობიან, ისევე როგორც მის შენახვასა და მოპყრობაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ისა.

5. საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობა და შენახულ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ პირებით, რომლებიც უფლებამოსილნი არიან წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 10

განადგურება

1. მიმღებმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ საიდუმლო ინფორმაცია უსაფრთხოდ განადგურდეს მიმღები მხარის წესების შესაბამისად, როდესაც საიდუმლო ინფორმაცია აღარ არის საჭირო ან მიმწოდებელი მხარის მითითების საფუძველზე.

2. საიდუმლო ინფორმაციის მომზადების შედეგად წარმოქმნილი საიდუმლო ნარჩენები უნდა განადგურდეს ისეთივე მოპყრობითა და მეთოდებით, რომლებიც გამოიყენება საიდუმლო ინფორმაციის გასანადგურებლად.

3. საიდუმლო (CONFIDENTIAL) / CONFIDENTIEL UE/EU CONFIDENTIAL და უფრო მაღალი გრიფით დასაიდუმლოებული ინფორმაციის უსაფრთხო განადგურება უზრუნველყოფილი და დამოწმებული უნდა იქნეს პასუხისმგებელი რეგისტრების მიერ. რეგისტრებმა უნდა შეინახონ საიდუმლო (CONFIDENTIAL) / CONFIDENTIEL UE/EU CONFIDENTIAL და სრულიად საიდუმლო (SECRET) / SECRET UE/EU SECRET გრიფით დასაიდუმლოებული ინფორმაციის განადგურების ცნობები, სულ მცირე, ხუთი წლის განმავლობაში.

4. განსაკუთრებული მნიშვნელობის (TOP SECRET) / TRÈS SECRET UE/EU TOP SECRET გრიფით დასაიდუმლოებული ინფორმაცია არ უნდა განადგურდეს, არამედ ის უნდა დაუბრუნდეს წარმომშობს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. წარმომშობმა ეს შეზღუდვა უნდა მიუთითოს დამატებითი აღნიშვნის სახით, წინამდებარე შეთანხმების მე-3 (9) მუხლის შესაბამისად.

5. საგანგებო გეგმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვა საგანგებო სიტუაციების დროს, უნებართვო წვდომის, გამჟღავნების ან მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. მიმწოდებელ მხარეს უნდა ეცნობოს იმ რეგისტრირებული საიდუმლო ინფორმაციის საგანგებო განადგურების შემთხვევაში, რომელიც მიღებულია წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად.

 

მუხლი 11

აკრედიტაცია

1. საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემის, მათ შორის, დამოუკიდებელი კომპიუტერების, ქსეროქსების, სკანერების, ელექტრონული შენახვის მედიასაშუალებებისა და მობილური მოწყობილობების ნებისმიერი გამოყენება საიდუმლო ინფორმაციასთან მოსაპყრობად, მის შესანახად ან გადასაცემად, უნდა დაექვემდებაროს აკრედიტაციას უსაფრთხოების აკრედიტაციისთვის პასუხისმგებელი იმ მხარის უწყებების მიერ, რომელიც ეპყრობა საიდუმლო ინფორმაციას.

2. აკრედიტაცია უნდა ჩამოყალიბდეს როგორც პროცესი, რომელიც შესრულებულია გარანტიის მისაღებად, რომ უსაფრთხოების ყველა სათანადო ზომა განხორციელდა და რომ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, მიღწეულია საიდუმლო ინფორმაციის დაცვის საკმარისი დონე. აკრედიტაციის პროცესმა უნდა განსაზღვროს იმ ინფორმაციის საიდუმლოობის მაქსიმალური ხარისხი, რომელთან მოპყრობაც შესაძლებელია საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემაში, ისევე როგორც შესაბამისი პირობები.

3. აკრედიტაციის სტატუსი უნდა გადაიხედოს რეგულარული ინტერვალებით, იმის გასარკვევად, მოხდა თუ არა არსებითი ცვლილებები, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ აკრედიტაციის თავდაპირველი გადაწყვეტილება.

4. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გაცვლილი ინფორმაციისთვის საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემების გამოყენება უნდა შემოიფარგლოს შეზღუდული სარგებლობისათვის (RESTRICTED) / RESTREINT UE/EU RESTRICTED გრიფის მქონე ინფორმაციით. მას შემდეგ, რაც მხარეები წარმატებით შექმნიან საიდუმლო (CONFIDENTIAL)/CONFIDENTIEL UE/EU CONFIDENTIAL გრიფით დასაიდუმლოებული ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის უსაფრთხო კომუნიკაციის არხს, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გაცვლილი ინფორმაციისთვის საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემების გამოყენება უნდა შემოიფარგლოს საიდუმლო (CONFIDENTIAL) / CONFIDENTIEL UE/EU CONFIDENTIAL გრიფის მქონე ინფორმაციით.  

 

მუხლი 12

ემისიის უსაფრთხოება

საიდუმლო (CONFIDENTIAL) / CONFIDENTIEL UE/EU CONFIDENTIAL და უფრო მაღალი გრიფით დასაიდუმლოებულ ინფორმაციასთან მოპყრობა უნდა იქნეს დაცული ინფორმაციის გაჟონვისაგან იმგვარად, რომ ინფორმაციის უსაფრთხოების  დარღვევა ვერ მოხდეს უნებლიე რადიო ან ელექტრონული სიგნალებით, ბგერებითა და ვიბრაციებით.

 

მუხლი 13

ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი

თითოეულმა მხარემ რეგულარულად უნდა ჩაატაროს და დოკუმენტურად უნდა შეადგინოს იმ სისტემების უსაფრთხოების აუდიტი, რომლებიც ამუშავებენ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გაცვლილ საიდუმლო ინფორმაციას.

 

მუხლი 14

უსაფრთხოების კონსულტაციები და შეფასების ვიზიტები

1. თითოეული მხარე უნდა დაეხმაროს მეორე მხარეს იმის დადგენაში, არის თუ არა სათანადოდ დაცული წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გაცვლილი საიდუმლო ინფორმაცია. მოთხოვნის შემთხვევაში, ორივე მხარემ მონაწილეობა უნდა მიიღოს კონსულტაციებში და ერთმანეთს უნდა მიაწოდოს თავისი შესაბამისი უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტები, სტანდარტები, პროცედურები, აუდიტის ანგარიშები, რისკის შეფასებები და დოკუმენტაცია.

2. მნიშვნელოვანი ცვლილებისას, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე, მხარეებმა უნდა განიხილონ უსაფრთხოების კონსულტაციების ან შეფასების ვიზიტების საჭიროება. ამ მიზნით, თითოეულმა მხარემ უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს ყველა ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ.

3. თითოეული მხარე ნებას რთავს მეორე მხარეს, წერილობითი ნებართვის მიღების შემთხვევაში, ეწვიოს მის ტერიტორიას ან შენობებს, რათა შეაფასოს მისი ობიექტებისა და მეორე მხარისგან მიღებული საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ზომები. ამგვარი ვიზიტების წესები უნდა შეთანხმდეს ორმხრივად.

 

მუხლი 15

უსაფრთხოების ინციდენტები

1. მიმღებმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მიმწოდებელი მხარის რეგისტრს, თუ აღმოაჩენს, რომ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მიღებული საიდუმლო ინფორმაცია დაიკარგა, მისი უსაფრთხოება დაირღვა ან ნებართვის გარეშე გამჟღავნდა და უნდა დაიწყოს გამოძიება, რათა განსაზღვროს, როგორ დაიკარგა აღნიშნული ინფორმაცია, დაირღვა მისი უსაფრთხოება ან გამჟღავნდა და ამასთან, უნდა განახორციელოს ყველა შესაძლო ქმედება, რათა აღმოფხვრას ან/და შეარბილოს უსაფრთხოების დარღვევა. გამოძიების დასრულებისთანავე, საჭიროებისამებრ, და იმ მხარის შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, სადაც ინციდენტი მოხდა, უნდა განხორციელდეს გამოსასწორებელი, მაკორექტირებელი ან სამართლებრივი ქმედება. გარდა ამისა, მიმღებმა მხარემ მიმწოდებელ მხარეს უნდა გადაუგზავნოს გამოძიების შედეგები და ინფორმაცია ინციდენტის შესარბილებლად და მისი განმეორების თავიდან ასაცილებლად მიღებული ზომების შესახებ.

2. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა პერსონალი, რომელიც ეპყრობა წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გაცვლილ ინფორმაციას, იცნობდეს ინციდენტებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების შეტყობინების შესახებ პროცედურებს.

 

მუხლი 16

დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც უნდა გაფორმდეს ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევიდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისთვის მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ოთხმოცდაათი (90) დღის გასვლის შემდეგ.

3. წინამდებარე შეთანხმება ავტომატურად წყვეტს მოქმედებას იმ დღეს, როდესაც წყდება შეთანხმების მოქმედება.

4. მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას იმ საიდუმლო ინფორმაციის განგრძობადი გამოყენებისა და დაცვის შესახებ, რომელიც უკვე გაცვლილია მათ შორის. თუ შეთანხმება ვერ მიიღწევა, მიმწოდებელი მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია განადგურდეს წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად ან დაუბრუნდეს მიმწოდებელ მხარეს.

5. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით.

6. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხებით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

 

შესრულებულია ორ დედნად ქართულ და ინგლისურ ენებზე, თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

 

საქართველოს სახელით

ევროპოლის სახელით

გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

 

შესრულებულია ქ. თბილისში,

2023 წლის 19 დეკემბერს

კატრინ დე ბოლი

აღმასრულებელი დირექტორი

 

შესრულებულია ქ. ჰააგაში,

2024 წლის 15 თებერვალს