„2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე

„2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4332-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010100000.09.001.016789
4332-XIVმს-Xმპ
27/06/2024
ვებგვერდი, 05/07/2024
010100000.09.001.016789
„2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

„2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე

„2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს მიმოიხილავს.

ანგარიშის საფუძვლიანმა ანალიზმა გამოააშკარავა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები, ისე გარკვეული გამოწვევები.

ანგარიშში აღნიშნულია საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილი დადებითი ტენდენციები:

დადებითად ფასდება ახალი პენიტენციური კოდექსის მიღება;

მისასალმებელია ცვლილება, რომლის საფუძველზედაც დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთან უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დაიშვებიან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები;

საანგარიშო პერიოდში ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის კუთხით დადებითი ნაბიჯები გადაიდგა. მათ შორის აღსანიშნავია საკანონმდებლო ცვლილებებით არსებული ბარიერის აღმოფხვრა, რის შედეგადაც თავშესაფრის თუ კრიზისული ცენტრის მომსახურება ძალადობის მსხვერპლს სპეციალური სტატუსის მინიჭების გარეშე, რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით მიეწოდება, აგრეთვე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების“ დამტკიცება;

დადებითად ფასდება 2023 წელს წინა წლებთან შედარებით კაცების მიერ ბავშვის მოვლის გამო დეკრეტული შვებულების აღების მაჩვენებლის არსებითი ზრდა;

მისასალმებელია 2023 წლის 1 იანვრიდან საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის დეკრეტული შვებულების ანაზღაურება;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა მიზნობრივი პროგრამები ცენტრალურ დონეზე ხორციელდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. ასევე იმატებს პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობა;

დადებითად ფასდება 2023−2030 წლების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიისა და 2023−2025 წლების სამოქმედო გეგმის შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებები;

მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების შედეგად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის     მე-2 ნაწილის გაუქმება, რომელიც კრძალავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გამოკითხვას ან მოწმედ დაკითხვას შესაძლებლობის შეზღუდვის გამო;

დადებითად ფასდება ხელისუფლების მიერ დასახული ამოცანა − პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება მაღალი ხარისხის, ინდივიდზე ორიენტირებული, ინტეგრირებული მომსახურების უზრუნველყოფით;

მისასალმებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაბიჯი, რომლის შედეგადაც განახლდა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების პირობები. ამასთანავე, აღსანიშნავია ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის ყოველწლიური ზრდის ტენდენცია;

ასევე მისასალმებელია „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება, რომლითაც ადამიანის სისხლის ან მისი კომპონენტის ტრანსფუზიის განხორციელებისას წერილობითი ინფორმირებული თანხმობის აუცილებლობა დადგინდა;

შრომის უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით მისასალმებელია სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირებისთვის საათობრივი ანაზღაურების მინიმალური ზღვრის დაწესება;

2023 წელს სახელმწიფო ენის სწავლების გასაუმჯობესებლად არაერთი დადებითი ნაბიჯი გადაიდგა, რაც, მათ შორის, ბილინგვური განათლების სპეციალისტების გადამზადებითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საგაკვეთილო პროცესში მათი უშუალო მონაწილეობით გამოიხატება. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა, სადაც ბილინგვური განათლების პროგრამა მოქმედებს;

მისასალმებელია ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტების საფუძველზე, აგრეთვე ოსური ენისა და აფხაზური ენის ტესტების საფუძველზე აბიტურიენტთა მიღების ვადის 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით გაგრძელება;

დადებითად ფასდება საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული 330 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისა და 555 უკვე არსებული ბაღის რეაბილიტაციის პროგრამის, აგრეთვე 800 სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები;

მისასალმებელია 2023 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ სასკოლო კვების პროგრამის დამტკიცება, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება მოკვლეული და შეფასებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რესურსები და საჭიროებები სკოლაში უფასო კვების კონცეფციის განსაზღვრის მიზნით;

დადებითად ფასდება სახელმწიფოს მიერ 2025 წლის ბოლომდე დევნილთა მასშტაბური განსახლების დაგეგმვა;

ასევე დადებითად ფასდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ სახელმძღვანელოს და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ სახელმძღვანელოს განახლება;

მისასალმებელია საანგარიშო წელს აკუსტიკური ხმაურის ნორმების  დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება;

მნიშვნელოვნადაა მიჩნეული „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება, რომლის ეფექტიანი აღსრულება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამრეწველო საქმიანობის შედეგად ემისიების (ნარჩენების წარმოქმნის) პრევენციას/შემცირებას/კონტროლს;

დადებითად ფასდება ხანდაზმულთა უფლებების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024–2026 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა. ასევე დადებითი ტენდენციაა ხანდაზმული პირების უფლებათა ეფექტიანად დასაცავად დაბერების საკითხზე 2024-2025 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების დაგეგმვა;

მისასალმებელია ახალი თავდაცვის კოდექსით 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გავლის შესაძლებლობის განსაზღვრა;

დადებითად ფასდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყოველთვიური ანაზღაურების გაზრდის შესახებ;

მისასალმებელია ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის სოციალური გასაცემლების გათვალისწინება.

ზემოთ აღნიშნულ დადებით ტენდენციებთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია არსებულ პრობლემებზე.

საქართველოს პარლამენტი იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის რეკომენდაციებს და ადგენს:

1. საქართველოს მთავრობამ:

ა) უზრუნველყოს ღია მმართველობა საქართველოს 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ეფექტიანი ზედამხედველობა;

ბ) შშმ პირებისთვის შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურაზე ფიზიკური წვდომის უზრუნველსაყოფად დროულად შეიმუშაოს მისაწვდომობის ეროვნული გეგმა, ხოლო ინფორმაციასა და საკომუნიკაციო საშუალებებზე წვდომისთვის − შესაბამისი სტანდარტები;

გ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 იანვრის №14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიმუშაოს სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპ), რომლებითაც დეტალურად განისაზღვრება სათანადო უწყების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები;

დ) განაახლოს საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა;

ე) არსებული გამოწვევების დასაძლევად ქმედუნარიანობის რეფორმის აღსრულებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები შეიტანოს გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ აღსასრულებლად შექმნილი კომიტეტის მუშაობის დღის წესრიგში;

ვ) შშმ პირთა უფლებების შესახებ წლიური სამოქმედო გეგმების მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში უზრუნველყოს გეგმების დამტკიცებისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ზედამხედველობის პროცესში შშმ პირებისა და სათანადო ორგანიზაციების ჩართვა, განსაკუთრებით − მუნიციპალიტეტის ორგანოებში;

ზ) გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში უზრუნველყოს შესაბამისი უწყებების მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის, აგრეთვე ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულებისა და ბავშვზე მორგებული გარემოს ერთიანი კონცეფციის შემუშავებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის სტანდარტის შესახებ კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობის საკითხების განხილვა;

თ) ბავშვის უფლებების შესახებ ფართო საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად დაგეგმოს კოორდინირებული საინფორმაციო კამპანიები ბავშვების მონაწილეობით.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ:

ა) ახალი პენიტენციური კოდექსით დადგენილი სტანდარტის სრულყოფილად აღსასრულებლად, დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრის მოთავსებისას პერიოდულად განახორციელოს შესაბამისი მონიტორინგი;

ბ) პერიოდულად განახორციელოს დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსებისას სამედიცინო პერსონალის ჩართულობის მონიტორინგი;

გ) დეესკალაციის ოთახში შექმნას კიდევ უფრო უსაფრთხო გარემო, მათ შორის, კედლები და იატაკი რბილი მასალით მოაპირკეთოს;

დ) შეისწავლოს ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელების შედეგად გადაღებული ვიდეომასალის შენახვის მინიმალური ვადის გაზრდის შესაძლებლობა და მიზანშეწონილობა;

ე) გააძლიეროს პენიტენციური დაწესებულებების დებულებების იმ ნორმების აღსრულების მონიტორინგი, რომლებიც პატიმრის სრული შემოწმებისას მისი სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების საკითხს არეგულირებს;

ვ) გააგრძელოს სისტემური მონიტორინგის ფარგლებში ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმებისას ე. წ. ბუქნების გაკეთების მოთხოვნის პრაქტიკის შესწავლა და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;

ზ) საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან გამართოს კონსულტაციები პენიტენციური სისტემის შედარებით მცირე პენიტენციურ დაწესებულებებად დაყოფისა და დაბალანსებული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით;

თ) გააგრძელოს ღონისძიებების განხორციელება №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ე. წ. ბარაკის ტიპის საცხოვრებლების სრულად გასაუქმებლად;

ი) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული თითოეული ბრალდებულის 4 კვ. მ საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილება პენიტენციური კოდექსით განსაზღვრულ ვადაში;

კ) სამსახურებრივი შემოწმების გზით განახორციელოს პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ გასეირნების უფლებით სარგებლობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები;

ლ) გააგრძელოს დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში სასეირნო ეზოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოწყობა;

მ) პენიტენციურ დაწესებულებებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფის მიზნით გააძლიეროს ღონისძიებები არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე შესაბამისი სპეციალისტების მოსაზიდად;

ნ) პენიტენციურ დაწესებულებებში ექთნების ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფის მიზნით გააძლიეროს ღონისძიებები არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე შესაბამისი სპეციალისტების მოსაზიდად;

ო) მიიღოს ზომები №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დამხმარე პერსონალის რაოდენობის საჭიროების შესაბამისად გასაზრდელად;

პ) გააგრძელოს პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის გადამზადება პროფესიული ტრენინგებისა და სწავლების საშუალებით; 

ჟ) გააგრძელოს მუშაობა, პენიტენციური დაწესებულებების სპეციფიკის გათვალისწინებით, პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების ფლიგელებში მომუშავე სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომელთა რაოდენობის გასაზრდელად;   

რ) უზრუნველყოს ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციების სიხშირის ისე განსაზღვრა, რომ პაციენტთა მოლოდინის დრო გონივრულ ვადას არ აღემატებოდეს;

ს) უზრუნველყოს გეგმური სამედიცინო რეფერალის განხორციელება „პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების გაწევის სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დამატებითი სტანდარტების, პრევენციული მომსახურების პაკეტისა და სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელი საბაზისო მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის №381 ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში;

ტ) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფებისთვის სკრინინგული გამოკვლევების ჩატარება;

უ) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა ჯანმრთელობის დასაცავად,  საჭიროების შესაბამისად მათთვის სათანადო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება;

ფ) პერიოდულად განახორციელოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგის ინსტრუმენტის ფუნქციონირების მონიტორინგი;

ქ) გააგრძელოს პენიტენციური დაწესებულებების შესაბამისი პერსონალის გადამზადება ფსიქიატრიული კრიზისული შემთხვევის მართვის საკითხში;

ღ) პრიორიტეტულად უზრუნველყოს „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანების პენიტენციური კოდექსის 139-ე მუხლით (ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი) დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა;

ყ) გააგრძელოს სამედიცინო შემოწმებაზე პასუხისმგებელი ექიმებისთვის პატიმრის დაზიანებების სრულყოფილად აღრიცხვის, დოკუმენტირებისა და ფოტოგადაღების შესახებ ტრენინგების ჩატარება, ამასთანავე, უზრუნველყოს, რომ შესაბამისმა სამსახურმა ზედამხედველობა გაუწიოს ექიმების მიერ ამ ტრენინგებით მიღებული უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენებას;

შ) მაქსიმალურად უზრუნველყოს №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა მსჯავრდებულებისგან იზოლირება, სულ მცირე, ერთმანეთისგან განცალკევებულ საკნებში;

ჩ) იმ პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც არასრულწლოვანები არიან მოთავსებული, გააგრძელოს ღონისძიებების განხორციელება ბავშვზე მორგებული გარემოს და მასთან უწყვეტი მულტიდისციპლინური მუშაობის უზრუნველყოფისთვის სპეციალური სივრცეების შესაქმნელად;

ც) გააგრძელოს მუშაობა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების გასაფართოებლად;

ძ) ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპობრივად დანერგოს ციფრული სწავლება;

წ) №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული არასრულწლოვანების მიერ პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობის გასაძლიერებლად უზრუნველყოს პროფესიული მომზადება-გადამზადების სხვადასხვა ფორმის შექმნა და მათთვის შეთავაზება;

ჭ) უცხოენოვანი მსჯავრდებულების სარეაბილიტაციო ღონისძიებებში ჩასართავად უზრუნველყოს შესაბამისი შემთხვევის მართვის პროცესში შეფასების ეტაპზე მათთვის თარჯიმნის მიერ დახმარების გაწევა და მსჯავრდებულთა სურვილის შემთხვევაში ხელი შეუწყოს მათთვის ქართული ენის სწავლებას;

ხ) საჭიროების შემთხვევაში ყველა უცხოენოვანი პატიმარი უზრუნველყოს თარჯიმნის მომსახურებით, მათ შორის, პატიმრებს მათთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სერვისებისა და მარეგულირებელი ნორმების შესახებ;

ჯ) გააგრძელოს ღონისძიებების განხორციელება პატიმარი საქართველოს მოქალაქის მიერ, რომლის ოჯახიც ქვეყნის ფარგლების გარეთ ცხოვრობს, აგრეთვე უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო ზარის განხორციელების ფასის შესამცირებლად;

ჰ) შეამოწმოს პენიტენციურ დაწესებულებებში საერთაშორისო ზარის ყოველდღე განხორციელების შესაძლებლობის არსებობა და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა;

1) გადახედოს მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის  წესს მისი არსებულ გამოწვევებთან ადაპტირების მიზნით, ვიდეოპაემნის უფრო აქტიურად და ხშირად განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად;

2) №2, №3, №6, №12 და №18 პენიტენციური დაწესებულებები პრიორიტეტულად აღჭურვოს ვიდეოპაემნის ორგანიზებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით;

3) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნის მინის ბარიერის გარეშე, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით განხორციელება;

4) მაქსიმალურად უზრუნველყოს პატიმრის იმ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსება, რომელიც მისი ოჯახის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარეობს;

5) უზრუნველყოს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა:

5.ა) პერიოდული შემოწმების გზით გამოავლინოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა მიმოწერის უფლების დარღვევის ფაქტები;

5.ბ) აწარმოოს სტატისტიკა პატიმართა მიმოწერის უფლების კუთხით გამოვლენილი დარღვევების შესახებ;

5.გ) პატიმართა მიმოწერის უფლების დამრღვევ პირებს დააკისროს პასუხისმგებლობა;

6) ნორმატიულ დონეზე განსაზღვროს მექანიზმი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება შემდეგი პროცედურების განხორციელება:

6.ა) სოციალური მუშაკის მიერ ღია წერილის მიღების/ჩაბარების დროს 2 ეგზემპლარად შედგება და ბეჭდით დადასტურდება დოკუმენტი, რომელშიც პატიმრის თანდასწრებით შეიტანება შემდეგი ინფორმაცია: წერილის ავტორის სახელი და გვარი; წერილის მიმღები სოციალური მუშაკის სახელი და გვარი; წერილის ჩაბარების თარიღი; წერილის ადრესატი; ფურცლების რაოდენობა;

6.ბ) დოკუმენტის ორივე ეგზემპლარს ხელს მოაწერენ პატიმარი და სოციალური მუშაკი;

6.გ) შევსებული დოკუმენტის ერთი ეგზემპლარი პატიმარს გადაეცემა, ხოლო მეორე ეგზემპლარი სოციალურ მუშაკთან დარჩება;

7) დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს პატიმართა სატელეფონო საუბრების კონფიდენციალურ გარემოში მიმდინარეობას;

8) იმსჯელოს პენიტენციურ დაწესებულებაში ახლად მოთავსებული ბრალდებულისთვის სატელეფონო ბარათის გადაცემამდე მის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულისთვის ცხელ ხაზზე დაკავშირების შესაძლებლობის მიცემაზე;

9) დაიწყოს მუშაობა პატიმრის მიმართ დისციპლინური სახდელისა და უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენების პერიოდში მის მიერ ტელეფონით ადვოკატთან დაკავშირების უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად;

10) დამატებით შეისწავლოს სამედიცინო პერსონალსა და პატიმარს შორის შეხვედრების მაქსიმალურად კონფიდენციალურ გარემოში, ექიმის ან/და პაციენტის უსაფრთხოების დაცვით გამართვის საკითხი არსებული სტანდარტის დახვეწისა და ამაღლების უზრუნველსაყოფად;

11) გააგრძელოს მუშაობა, რათა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციისთვის:

11.ა) პენიტენციურ სისტემაში დანერგოს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემა (EHR);

11.ბ) პენიტენციური სისტემის შესაბამისი დებულებებით სამედიცინო პერსონალს დაავალოს პაციენტების თაობაზე ინფორმაციის ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში (EHR) ასახვა;

12) პენიტენციური დაწესებულებების თავისებურებებიდან გამომდინარე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვროს ფსიქიატრიული მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა, მისი თითოეული წევრის ფუნქციები, ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზებისა და მიწოდების პროცედურები, აგრეთვე გუნდის ვალდებულება;

13) გააგრძელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობა პენიტენციური ჯანდაცვის მის სისტემაში შემდგომი ინტეგრაციის მიზნით;

14) უფრო ინტენსიურად შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებებში რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით დასაქმებული პერსონალის სამუშაო პირობები და მიიღოს ზომები გამოვლენილი საჭიროებების მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასაკმაყოფილებლად;

15) მსჯავრდებულების სხვადასხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებაში ჩართვის მოტივაციის შესაქმნელად დახვეწოს და გააძლიეროს მექანიზმი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირებაზე ან სასჯელის სახის შეცვლაზე;

16) გააგრძელოს ინტენსიური მუშაობა მომზადება-გადამზადების კურსების, დასაქმების პროექტებისა და მათში ჩართულ პირთა რაოდენობის გასაზრდელად;

17) მონიტორინგის გზით შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის საკითხი;

18) შეისწავლოს მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების შესახებ სტატისტიკური მონაცემები და დახვეწოს მათი შეგროვების პროცედურა.

3. საქართველოს პროკურატურამ:

ა) გააგრძელოს გამომძიებლებისა და პროკურორების სისტემატური გადამზადება გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების იდენტიფიცირების საკითხში;

ბ) ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ჩამოაყალიბოს ფემიციდის/ფემიციდის მცდელობის თვითმხილველი არასრულწლოვანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების ერთგვაროვანი პრაქტიკა, მათ შორის, იმ შემთხვევისთვის, როდესაც ბავშვს დანაშაულის ფაქტი უშუალოდ არ დაუნახავს, თუმცა ძალადობასთან დაკავშირებული ხმები ესმოდა;

გ) გააძლიეროს ძალისხმევა გენდერის ნიშნით ჩადენილი ზოგიერთი ოჯახური დანაშაულის (ქალის მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) საქმეში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის პრიორიტეტულად ჩასართავად;

დ) ყველა სამართალდამცველი უწყებისთვის შეიმუშაოს კონკრეტული და დეტალური სახელმძღვანელო მითითებები ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამოსაძიებლად;

ე) გააგრძელოს თანამშრომელთა გადამზადება შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისთვის მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად;

ვ) გააძლიეროს ძალისხმევა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართულობის გასაზრდელად;

ზ) გააგრძელოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც უწყების შენობების ფიზიკური გარემოს, ისე სერვისების მისაწვდომობის ეტაპობრივი/პროგრესირებადი უზრუნველყოფა და ამ პროცესში გაითვალისწინოს როგორც ფიზიკური, ისე სენსორული და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებები;

თ) შშმ პირთა საჭიროებებისა და სურვილის გათვალისწინებით, გაზარდოს მათ მიმართ ძალადობის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართულობა.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:

ა) გამომძიებლები სისტემატურად გადაამზადოს გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების იდენტიფიცირების საკითხში;

ბ) გააძლიეროს ძალისხმევა ქალის მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის პრიორიტეტულად ჩასართავად;

გ) გააგრძელოს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირისთვის მისი უფლებების განმარტების პრაქტიკის შესწავლა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში შეიმუშაოს წინადადებები მათ აღმოსაფხვრელად;

დ) უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა გააგრძელოს დაკავებული პირის მიერ თავისი ოჯახისთვის ან ადვოკატისთვის მისი დაკავების შესახებ შეტყობინების მოთხოვნის სათანადოდ დოკუმენტირების პრაქტიკაზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დაკვირვება;

ე) გააგრძელოს პოლიციის დაწესებულებაში დაკავებულ პირსა და ადვოკატს შორის შეხვედრების კონფიდენციალურად გამართვის პრაქტიკის შესწავლა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა;

ვ) გაზარდოს იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს;

ზ) გააგრძელოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული ექიმების მიერ დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღებისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის პრაქტიკის შესწავლა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა;

თ) გააგრძელოს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ პირსა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს გამომძიებელს შორის შეხვედრების, მათ შორის, დისტანციური შეხვედრების, კონფიდენციალურ გარემოში გამართვა;

ი) პატრულ-ინსპექტორთა მომზადებისა და გადამზადების პროგრამებში ჩართოს მათი მოქალაქეებთან ურთიერთობის პროცესის ვიდეოგადაღების კომპონენტი;

კ) გააგრძელოს დაკავებული არასრულწლოვანის გამოკითხვის პროცესის უწყვეტი აუდიოვიდეოგადაღების განხორციელების საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა;

ლ) შეიტანოს ცვლილება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებით დამტკიცებულ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესში“, კერძოდ, ამ წესის №9 დანართით გათვალისწინებულ ფორმას (ადმინისტრაციული დაკავების ოქმი №000 000 000) დაამატოს გრაფები შემდეგი ინფორმაციის შესატანად: ოქმის შედგენის დრო; რა ვითარებაში მოხდა პირის დაკავება; გასწია თუ არა პირმა წინააღმდეგობა; გამოყენებული იქნა თუ არა პირის მიმართ იძულების ზომა და, თუ იქნა გამოყენებული, − რა ფორმით;

მ) შეისწავლოს დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადასაყვან პირთა აღრიცხვის ჟურნალების წარმოების პრაქტიკა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში განახორციელოს სათანადო ცვლილებები;

ნ) გააგრძელოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2023 წლის ანგარიშში აღწერილი, დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრა და მიღებული ზომების შესახებ აცნობოს საქართველოს სახალხო დამცველს;

ო) უზრუნველყოს, რომ მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არასრულწლოვანის მოთავსების შემთხვევაში ცენტრში მუდმივად იმყოფებოდნენ სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი და მათ ჰქონდეთ არასრულწლოვანთან პირადი კონტაქტის შესაძლებლობა;

პ) უზრუნველყოს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში სრულწლოვანი პირის მოთავსებისას მისთვის ფსიქოლოგის კონსულტაციით სარგებლობის უფლების განმარტება და ამ კონსულტაციის პერიოდულად შეთავაზება;

ჟ) უზრუნველყოს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ არასრულწლოვანთათვის სუფთა ჰაერზე გასეირნების დროის გაზრდა და მათზე მორგებული ღონისძიებების შეთავაზება;

რ) მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში კომპიუტერების რაოდენობის გაზრდით უზრუნველყოს ცენტრში მოთავსებული პირის მიერ დღის განმავლობაში ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერით სარგებლობა უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით;

ს) უზრუნველყოს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული პირების მიერ დადგენილ სამუშაო დღეებსა და საათებში წინასწარ განსაზღვრულ პირთა არანაკლებ 1 საათით მიღება;

ტ) შეისწავლოს შეკრებებისა და მანიფესტაციების, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გაშუქების, უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტებთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკა;

უ) საერთაშორისო სტანდარტების (მათ შორის, ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ გაეროს 1998 წლის დეკლარაციისა და ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის შესახებ ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სახელმძღვანელო პრინციპების) თანახმად გააგრძელოს ღონისძიებების განხორციელება უფლებადამცველების წინააღმდეგ მათ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულების თაობაზე სტატისტიკის წარმოების დასაწყებად;

ფ) უზრუნველყოს თანამშრომელთა ინტენსიური, განგრძობადი გადამზადება საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების საკითხში;

ქ) გააძლიეროს ძალისხმევა სექსუალური ძალადობის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩასართავად; განახორციელოს ღონისძიებები მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა რაოდენობის ეტაპობრივად გასაზრდელად;

ღ) გააგრძელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობა სამედიცინო პერსონალისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში აღკვეთის სინდრომის სამართავად ერთიანი სახელმძღვანელოს შესამუშავებლად, რომლითაც გათვალისწინებული იქნება აგრეთვე იზოლატორში გასაწევი დახმარების მოცულობა;

ყ) საქმის წარმოების ყველა ეტაპზე უზრუნველყოს შშმ პირებთან, მათ შორის, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის არმქონე პირებთან, კომუნიკაციაზე, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენება, ამ პირთა გამოძიების პროცესში ჩართვის შესახებ რეკომენდაციის შემუშავება და თანამშრომელთა გადამზადება;

შ) უზრუნველყოს თანამშრომელთა, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის თანამშრომელთა, კვალიფიკაციის ამაღლება სისხლის სამართლის საქმეებში შშმ პირთა და მათი საჭიროებების დროულად გამოსავლენად;

ჩ) გააგრძელოს, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უწყების შენობების ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის უზრუნველყოფა და ამ პროცესში გაითვალისწინოს როგორც ფიზიკური, ისე სენსორული და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა დამოუკიდებლად გადაადგილების საჭიროებები;

ც) სამართალდამცავებისადმი ბავშვების ნდობის ამაღლებისა და საჭიროების შემთხვევაში მათდამი მიმართვის ხელშეწყობის მიზნით განახორციელოს ბავშვთა ფართო ჯგუფზე ორიენტირებული საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს მათზე მორგებული ფორმით მიეწოდებათ ინფორმაცია სამართალდამცველი უწყების როლის, ბავშვის უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ;

ძ) საქართველოს მთავრობის მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის სტანდარტის განახლების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

წ) სხვა შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით გააგრძელოს მუშაობა ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და მისი თანამდევი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად.

5. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყველა სამართალდამცველი უწყებისთვის შეიმუშაოს კონკრეტული და დეტალური სახელმძღვანელო მითითებები ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამოსაძიებლად.

6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:

ა) გააგრძელოს სამხედრო მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენებისა და ჯგუფური დასჯის პრაქტიკის მონიტორინგი და ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა;

ბ) გააგრძელოს:

ბ.ა) საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობისთვის ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების და გასაჩივრების მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ბ.ბ) სამხედრო მოსამსახურეთა ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების სათანადო პერიოდულობით გამართვა, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მარტივად გასაგები ენით (რთული სამართლებრივი ტერმინებისა და ფორმულირებების გარეშე) დაწერილი ბროშურის სახით მიწოდება და ამ ინფორმაციის მათთვის ხელმისაწვდომ ადგილებში გამოკვრა;

გ) გააგრძელოს საქართველოს თავდაცვის ძალების საცხოვრებელ კორპუსებში შემოწმების შედეგად საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება ინფრასტრუქტურული პრობლემების საბოლოოდ გადასაჭრელად და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად;

დ) გააგრძელოს საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის მიერ სახანძრო უსაფრთხოების დასაცავად და ხანძრის ჩასაქრობად აუცილებელი წესების შესწავლის უზრუნველყოფა;

ე) შეინარჩუნოს სამხედრო ნაწილების სამედიცინო პუნქტებისა და ლაზარეთების პერსონალის რაოდენობის გაზრდის კუთხით მიღწეული პროგრესი, ამასთანავე, გააგრძელოს სამედიცინო პუნქტებსა და ლაზარეთებში არსებული ვაკანტური ადგილების შევსება მათ სრულ დაკომპლექტებამდე;

ვ) გააგრძელოს სამხედრო ნაწილების სამედიცინო პერსონალის გადამზადება პროფესიული ტრენინგებისა და სწავლების საშუალებით;

ზ) გააგრძელოს სამხედრო ნაწილების სამედიცინო პუნქტებისა და ლაზარეთების საპროცედურო ოთახებში ხელსაბანების მოწყობა;

თ) გააგრძელოს შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები საქართველოს თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გასავრცელებლად;

ი) იმ სამხედრო ნაწილებში, სადაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები გადიან, საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში გააგრძელოს თარჯიმნების აყვანა.

7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:

ა) სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერების ასამაღლებლად დაგეგმოს საინფორმაციო კამპანიები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის უფასო პროგრამების შესახებ;

ბ) დაავალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენებისა და მისი თანამდევი, გვერდითი ეფექტების მართვის პრაქტიკის შესწავლა;

გ) შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გადაყვანის შემდეგ გარდაცვლილი ყველა პაციენტის შემთხვევა, დაადგინოს მათი გარდაცვალების მიზეზი, შესაბამის დაწესებულებაში მოთავსების დროულობა და შესწავლის შედეგების საფუძველზე განახორციელოს ღონისძიებები პაციენტთა გარდაცვალების მაქსიმალურად თავიდან ასაცილებლად;

დ) უზრუნველყოს, რომ სამინისტროს შესაბამისმა ერთეულმა გააუმჯობესოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გარდაცვლილ პირთა (მათ შორის, მათი გარდაცვალების მიზეზისა და ადგილის) შესახებ სტატისტიკის წარმოება;

ე) მონიტორინგის გზით გამოავლინოს და აღკვეთოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტების მიმართ პერსონალის ძალადობის ფაქტები მათი არსებობის შემთხვევაში;

ვ) შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალის პაციენტებთან ურთიერთობის დეტალური ინსტრუქცია, რომელიც მოიცავს პაციენტის უფლებების დაცვისა და მისთვის ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სტანდარტებს;

ზ) შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებს შორის კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების სტრატეგია, რომლითაც განისაზღვრება აგრეთვე ძალადობის მსხვერპლი პაციენტებისთვის შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ვალდებულება;

თ) განაახლოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია;

ი) აღმოფხვრას შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა“ და შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ პაციენტთა სხვა პაციენტებისგან ხანგრძლივად განცალკევების პრაქტიკა;

კ) განახორციელოს „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების შესაბამისად დადგენილი დასამშვიდებელი ოთახების მოწყობის სტანდარტის შესრულების მონიტორინგი;

ლ) შეიმუშაოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-იდან შემოსულ ფსიქიატრიული შემთხვევების თაობაზე შეტყობინებებზე რეაგირებისთვის გაგზავნილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ეკიპაჟების მიერ პაციენტის ფსიქიატრიული დახმარების მიღებაზე დარწმუნების გზით დაყოლიების, მისი ფსიქიატრიულ სტაციონარში არანებაყოფლობით მოთავსების საჭიროების განსაზღვრისა და პაციენტისთვის მისი უფლებების განმარტების დეტალური ინსტრუქცია;

მ) შეისწავლოს ფორმალურად ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიმღები პაციენტების რეალური ნების საწინააღმდეგოდ მათი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და მიიღოს სტაციონარიდან იმ პაციენტების დაუყოვნებლივ გაწერისთვის საჭირო ყველა ზომა, რომელთა მიმართ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის პროცედურის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში;

ნ) გადახედოს „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესს“  პაციენტის მკურნალობის დაწყების, გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის ყველა ეტაპზე ამ წესის მე-13 დანართით გათვალისწინებული №IV-300-12/ა ფორმის (პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე) შევსების აუცილებლობის შესასწავლად;

ო) შეისწავლოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებაზე ინფორმირებული თანხმობის ამჟამად მოქმედი, ერთიანი ფორმის ცვლილების საჭიროება;

პ) შეისწავლოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებაზე ინფორმირებული თანხმობის ამჟამად მოქმედი, ერთიანი ფორმის ცვლილების საჭიროება პაციენტისთვის ფსიქიატრიული დახმარების ბიოფსიქოსოციალური მიდგომით გაწევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების კუთხით;

ჟ) შეისწავლოს არსებული მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც ეხება ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულებას, პაციენტისგან სტაციონარში მოთავსებაზე თანხმობის მიღების შემდეგ მას მიაწოდოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია ფსიქიატრიული დახმარების ბიოფსიქოსოციალური კომპონენტების შესახებ და მიიღოს პაციენტის  გაცნობიერებული თანხმობა თითოეულ კომპონენტზე, და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს მინისტრის შესაბამისი ბრძანება;

რ) შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებისთვის ინექციების/მედიკამენტების იძულებით, ნების საწინააღმდეგოდ გაკეთების/მიცემის შემთხვევები და გააუმჯობესოს მათი პრევენციისა და მონიტორინგის მექანიზმები;

ს) შეისწავლოს პაციენტის მიერ ფსიქიატრიული სტაციონარის ხანმოკლე ვადით, სტაციონარიდან გაწერის გარეშე დატოვების არსებული პრაქტიკა პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით და გააუმჯობესოს მისი მონიტორინგის მექანიზმები;

ტ) დაიწყოს სტაციონარში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებების პროაქტიული გადამოწმების მექანიზმების შემუშავება მათი ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გაწერისა და სათემო სერვისებზე გადამისამართების მიზნით;

უ) შეიმუშაოს მინისტრის ბრძანება, რომლითაც განისაზღვრება ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, პაციენტის სტაციონარში მოთავსებისთანავე და შემდგომ, რეგულარულად უზრუნველყოს მისთვის სტაციონარის შინაგანაწესისა და პაციენტის უფლებების შესახებ ინფორმაციის ზეპირად და წერილობით, გასაგები ენით მიწოდება;

ფ) შეიმუშაოს და მინისტრის ბრძანებით დაამტკიცოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, განცხადების/საჩივრის გაგზავნის ხელმისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური ჰოსპიტალშიდა და ჰოსპიტალგარე პროცედურები;

ქ) მონიტორინგის გზით შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შემდეგ მათი სტატუსის გადასინჯვის საკითხი;

ღ) შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, კრიზისული შემთხვევების პრევენციისა და მართვის შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი დაწესებულებების მიერ სიტუაციის ესკალაციის რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად;

ყ) უზრუნველყოს სანებართვო პირობების მონიტორინგი ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალისთვის, სულ მცირე, შემდეგ საკითხებზე სწავლებისა და ტრენინგების ჩატარების კუთხით: დეესკალაციის ტექნიკა, ფსიქიკურ აშლილობათა მართვა, პაციენტის უფლებები და ეთიკის სტანდარტები, განსაკუთრებით − ფსიქიატრიული დახმარების ბიოფსიქოსოციალური მოდელის მნიშვნელობის გააზრებისა და მისი პრაქტიკაში განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით;

შ) შექმნას ფსიქიატრიული დახმარების გაწევის უზრუნველყოფის ჰოსპიტალგარე სახელმწიფო ზედამხედველობის და ფსიქიატრიული მომსახურების ხარისხისა და ფსიქიატრიული სერვისების მომხმარებელთა უფლებების დაცვის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც უფლებამოსილი იქნება, ამ სერვისების მომხმარებლებისგან, მათი წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისგან მიიღოს სერვისების ხარისხისა და მომხმარებელთა უფლებების კუთხით გამოვლენილი დარღვევების შესახებ კონფიდენციალური და ღია საჩივრები და განახორციელოს სერვისების მიმწოდებლების რეგულარული, სისტემური და პროაქტიული მონიტორინგი;

ჩ) შეიმუშაოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დოკუმენტაციის წარმოების სპეციფიკური წესები, რომლებითაც გათვალისწინებული იქნება აგრეთვე პაციენტის სხეულზე არსებული დაზიანებების დოკუმენტირებისა და საგამოძიებო ორგანოსთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის წესები;

ც) მონიტორინგის გზით შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტების მიმართ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების კანონიერება და დასაბუთებულობა;

ძ) უზრუნველყოს ქვეყანაში ანტიფსიქოზური მედიკამენტების მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა და განახორციელოს ღონისძიებები ამ მედიკამენტების დეფიციტის თავიდან ასაცილებლად;

წ) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალის სწავლება მის მიერ მედიკამენტ „კლოზაპინის“ გვერდითი ეფექტების ამოსაცნობად, რომლებმაც შეიძლება პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს;

ჭ) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშემშლელი ფაქტორების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის გეგმის შემუშავება;

ხ) შეისწავლოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების საჭირო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის ხარისხი; ასევე შეისწავლოს პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების, მათ შორის, სტომატოლოგიური მომსახურების, მიწოდების სტანდარტის შემუშავების საჭიროება, შესწავლის შედეგების საფუძველზე დაგეგმოს მისი შემუშავება და ზედამხედველობა გაუწიოს ფსიქიატრიული დაწესებულებების მიერ ამ სტანდარტის შესრულებას;

ჯ) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებისთვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სკრინინგული გამოკვლევების ჩატარება;

ჰ) გააგრძელოს სისტემური მონიტორინგის გზით ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პირობების „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებებით“ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;

1) განახორციელოს მონიტორინგი ყველა თავშესაფარსა და საცხოვრისში პერსონალის მიერ ბენეფიციარებისთვის ინექციების/მედიკამენტების იძულებით, ნების საწინააღმდეგოდ გაკეთების/მიცემის ფაქტების გამოსავლენად;

2) ნორმატიულ დონეზე განსაზღვროს და დანერგოს გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ მე-15 და მე-16 მუხლებით გარანტირებულ უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენის, დოკუმენტირებისა და დოკუმენტაციის საგამოძიებო ორგანოსთვის გაგზავნის პროცედურები;

3) შეიმუშაოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტებს შორის, აგრეთვე სპეციალიზებული დაწესებულებების ბენეფიციარებს შორის კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების სტრატეგია;

4) ნორმატიულ დონეზე განსაზღვროს ძალადობის მსხვერპლი ბენეფიციარებისთვის შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ვალდებულება;

5) შეიმუშაოს ინდივიდუალური თავშესაფრების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმა, რომლითაც განისაზღვრება ბენეფიციარების ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში გადაყვანის პროცესი და ვადები;

6) შეიმუშაოს ინდივიდუალური დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმა;

7) დამატებით გამოიკვლიოს „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანების შესაბამისად ბენეფიციარების ნების საწინააღმდეგოდ მათი საცხოვრისებში მოთავსების შემთხვევები;

8) ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრებისა და საცხოვრისების ბენეფიციართა უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად დარგის ექსპერტებთან ერთად:

8.ა) გააგრძელოს მუშაობა გასაჩივრების ხელმისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური ჰოსპიტალშიდა და ჰოსპიტალგარე პროცედურების შესამუშავებლად;

8.ბ) შესაბამის დაწესებულებას განუსაზღვროს ვალდებულება, ბენეფიციარებს მიაწოდოს ინფორმაცია მათი უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ;

8.გ) ზედამხედველობა გაუწიოს სერვისების მიმწოდებლების მიერ ბენეფიციარებისთვის მათი უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში გადადგას ქმედითი ნაბიჯები მომსახურების ეფექტიანობის გასაზრდელად;

9) უზრუნველყოს „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს №01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ №9 დანართით გათვალისწინებული №IV-200-8/ა ფორმის (პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე) შევსების სავალდებულოობა ბენეფიციარის ამბულატორიული ფსიქიატრიული მკურნალობის დაწყების, გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის ყველა ეტაპზე და შესაბამისი დაწესებულების მიერ ბენეფიციარისთვის მკურნალობის შესახებ ინფორმაციის გასაგები ენით მიწოდება;

10) შეისწავლოს სომატური ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების დაფინანსების არსებული მოდელი და საჭიროების შემთხვევაში გადადგას ქმედითი ნაბიჯები თავშესაფრებისა და საცხოვრისების ბენეფიციარებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების სრულად და დროულად ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;

11) გაააქტიუროს მუშაობა ყველა თავშესაფრისა და საცხოვრისის ბენეფიციარებისთვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სკრინინგული გამოკვლევების ჩატარების უზრუნველსაყოფად;

12) გაითვალისწინოს თავშესაფრებსა და საცხოვრისებში მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესაბამისი გამოკვლევებისა და კონსულტაციების გზით მართვა;

13) შეისწავლოს საცხოვრისების გადაუდებელი თერაპიული მედიკამენტებით მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები და საჭიროების შემთხვევაში გადადგას ქმედითი ნაბიჯები მათ გადასაჭრელად;

14) დარგის ექსპერტების ჩართულობით შეისწავლოს თავშესაფრების ბენეფიციარებისთვის აგრანულოციტოზის, ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევის, ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკის კლინიკურ-ლაბორატორიული დინამიკური შეფასების, აგრეთვე მედიკამენტების გვერდითი მოვლენების სამართავად ლეიკოციტების კონტროლის უზრუნველყოფის საჭიროება;

15) პენიტენციური ჯანდაცვის მის სისტემაში შემდგომი ინტეგრაციის მიზნით გააგრძელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობა;

16) შეისწავლოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პაციენტების მიერ ტელეფონებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის კუთხით არსებული მდგომარეობა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები გამოვლენილი პრობლემის გადასაჭრელად;

17) შეიმუშაოს ყველა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტისა და მასთან მისული პირის შეხვედრისთვის კონფიდენციალური სივრცის „სამედიცინო  საქმიანობის  ლიცენზიისა  და  სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით გათვალისწინებული, განახლებული სანებართვო პირობების შესაბამისად, ეტაპობრივად მოწყობის გეგმა;  

18) შეისწავლოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრებისა და ალტერნატიული საცხოვრისების ბენეფიციარების, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების მიერ ტელეფონებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის კუთხით არსებული მდგომარეობა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები გამოვლენილი პრობლემის გადასაჭრელად;

19) შეისწავლოს არსებული მარეგულირებელი ნორმები და საჭიროების შემთხვევაში გადადგას ნაბიჯები იმ მეთოდების/პრეპარატების გამოყენების დაშვების უზრუნველსაყოფად, რომლებითაც შესაძლებელია ჰემოტრანსფუზიის პროცედურის ჩანაცვლება;

20) გააგრძელოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებსა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ქალებთან რეგულარული შეხვედრები მათი საჭიროებების გამოსავლენად;

21) შეისწავლოს სამშობიარო სახლისა და გინეკოლოგის სერვისის გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საჭიროებები და მათი გამოვლენის შემთხვევაში შეიმუშაოს გეგმა ამ საჭიროებების ეტაპობრივად დასაკმაყოფილებლად;

22) რეგიონებში რეგულარულად გამართოს შეხვედრები პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრისა და სკრინინგპროგრამების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად;

23) გადახედოს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ცალკეულ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების გაწევასთან ასოცირებული ინფექციების გავრცელების პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგის/კვლევის მეთოდოლოგიას და მიღებული შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიგნებებისა და შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობის/გასაჯაროების საჭიროება;

24) უზრუნველყოს რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ჩატარებული და დაგეგმილი სამუშაოების, მათ შორის, სარეაბილიტაციო ობიექტების, რეაბილიტაციის პრიორიტეტიზაციის, რიგითობისა და თარიღების, შესახებ ინფორმაციის დამუშავება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა;

25) განაახლოს სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია და შეიმუშაოს მის დასანერგად აუცილებელი სახელმძღვანელო დოკუმენტები, აგრეთვე მოამზადოს შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტი;

26) უზრუნველყოს ეპილეფსიის მქონე პირთა/ბავშვთა მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ხელმისაწვდომობა სპეციალისტებისა და აღნიშნული პირების/ბავშვების მშობლების ჩართულობით;

27) შეიმუშაოს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის პროცესში ფასიანი და უფასო გამოკვლევების მკაფიო და შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი ჩამონათვალი და განახორციელოს ამ სტატუსის დადგენის პროცესის მონიტორინგი;

28) ჩაატაროს კვლევა შშმ პირებისთვის სამედიცინო დაწესებულებებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის საჭიროების შესასწავლად;

29) ჩაატაროს კვლევა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების, კერძოდ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა და რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის შშმ პირთა საჭიროებებზე მოსარგებად;

30) უზრუნველყოს სამედიცინო საქმიანობაში ჩართული პირების მნიშვნელოვანი ნაწილის გადამზადება შშმ პირებისთვის ღირსებაზე დამყარებული, კონფიდენციალური სერვისის მისაწოდებლად მათთან კომუნიკაციის განხორციელების საკითხში;

31) გადადგას ქმედითი ნაბიჯები ფსიქიატრიული სტაციონარის საწოლების რაოდენობის გასაზრდელად;

32) უზრუნველყოს სათემო ფსიქიატრიული ამბულატორიული სერვისების შესაბამისი კომპონენტების მომსახურების სტანდარტების შემუშავება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტებისა და წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობით და მათი დამტკიცება;

33) შეცვალოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა რეაბილიტაციის სერვისები როგორც ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრების, ისე მომსახურების მიმღები ბენეფიციარების რაოდენობის გეგმაზომიერად, საჭიროების შესაბამისად ზრდის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად;

34) გააგრძელოს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის 2022­−2024 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დროული განხორციელება, მათ შორის, უზრუნველყოს 2023 წელს განუხორციელებელი ღონისძიებებისთვის თვალყურის დევნება და მათი დროულად განხორციელება;

35) გადადგას ქმედითი ნაბიჯები ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტიგმის დასაძლევად და საზოგადოების, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის, ცნობიერების ასამაღლებლად;

36) მუნიციპალიტეტის ორგანოებში ზრდასრულ პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის ამოქმედებამდე გააგრძელოს შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების პილოტირება და შშმ ბავშვთა ბინაზე მოვლის მომსახურების მიწოდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში;

37) შეისწავლოს 18 წლის და უფროსი ასაკის, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირებისთვის როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალიტეტის დონეზე შესაბამისი სერვისების დანერგვის საჭიროება და შესაძლო მოდელები;

38) სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის მომლოდინეთა რიგების შემცირებისა და მისი სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გადადგას ქმედითი ნაბიჯები შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების გასაფართოებლად;

39) გააგრძელოს 2023−2030 წლების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიისა და 2023−2025 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

40) შეისწავლოს სენაკის ალტერნატიული საცხოვრისის დეინსტიტუციონალიზაციის შესაძლებლობა გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ პრინციპებთან მიმართებით;

41) ბავშვთა რეზიდენტული და მხარდამჭერი მომსახურების ეფექტიანობის გასაზრდელად დაგეგმოს დამატებითი, ხელმისაწვდომი და მიზნობრივი სერვისების საჭიროების სიღრმისეული კვლევა, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, ადიქციის დაძლევისა და სარეაბილიტაციო პროგრამების კუთხით;

42) არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით, შეისწავლოს დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლის დასაქირავებლად დაწესებული ლიმიტის გაზრდის საჭიროება ქირის მატების გამო;

43) არსებული საბაზრო ფასების საფუძველზე შეაფასოს ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლის შესასყიდად დაწესებული ლიმიტის მიზანშეწონილობა;

44) პრიორიტეტულად განახორციელოს დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი კერძო საწარმოების სრული ინსპექტირება;

45) გააგრძელოს მუშაობა თავშესაფრის ბენეფიციარების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მისი ტერიტორიის სხვა დაწესებულების ტერიტორიისგან გასამიჯნად;

46) გააძლიეროს სახელმწიფო თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში მყოფ დაზარალებულთა სოციალური რეაბილიტაციის კომპონენტი და მათთვის სისტემატურად დაგეგმოს საგანმანათლებლო/სარეაბილიტაციო ღონისძიებები;

47) გააძლიეროს როგორც შშმ პირთა დაწესებულებებში, ისე მათ ოჯახებში ძალადობის ფაქტების მონიტორინგი და შეიმუშაოს ეფექტიანი მეთოდოლოგია ასეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად;

48) ბავშვთა რეზიდენტული და მხარდამჭერი მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებთან კოორდინაციით გააგრძელოს ბავშვებზე მზრუნველი პირების/აღმზრდელების აუცილებელი, პერიოდული გადამზადების ტრენინგმოდულების შემუშავება, რომლებითაც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებული იქნება ბავშვთა პოზიტიური აღზრდის მეთოდები და მათი რთული ქცევის მართვის საკითხები;

49) შეიმუშაოს სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მცხოვრები, მხარდამჭერი სერვისების მიმღები ბავშვების საჭიროებებზე მორგებული ბეჭდური, აუდიო- და ვიზუალური მასალები თითოეული ბავშვისთვის მისი უფლებებისა და მათთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის გასაგები ენით მიწოდების უზრუნველსაყოფად;

50) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ეტაპობრივად, სიღრმისეულად გადაამზადოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემატიკაზე და დაგეგმოს მათი უწყვეტი გადამზადების სისტემის დანერგვა;

51) გააგრძელოს დამსაქმებელთა ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე შშმ პირთა ინდივიდუალური მხარდაჭერის სერვისების დანერგვის უზრუნველსაყოფად და მუშაობა მათ მოტივირებაზე ორიენტირებული, დროებითი წამახალისებელი მექანიზმების შესაქმნელად;

52) გააგრძელოს პორტალზე − worknet.gov.ge-ზე მუშაობა და ამ პროცესში გაითვალისწინოს მასზე ეთნიკური უმცირესობების ენებზე რეგისტრაციის შესაძლებლობა;

53) დაამუშაოს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში (worknet.gov.ge) რეგისტრირებული/დასაქმებული/დასაქმების შეთავაზების მქონე პირების შესახებ სტატისტიკური მონაცემები მათი მოქალაქეობისა და საქართველოში მათი სტატუსის (ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი/ლტოლვილი/თავშესაფრის მაძიებელი/საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი) მიხედვით;

54) უზრუნველყოს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში მიმდინარე მშენებლობების შესახებ საზოგადოების ინფორმირება კვარტალში ერთხელ შესაბამის ვებგვერდზე ინფორმაციის განახლებით ან სხვა ფორმით;

55) მყისიერი საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში ე. წ. ნგრევად ობიექტებში მცხოვრები დევნილები 2025 წლამდე უზრუნველყოს უსაფრთხო საცხოვრებლით;

56) მუნიციპალიტეტების ჩართულობით განსაზღვროს ქირით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები;

57) გააგრძელოს 2004−2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემა;

58) ინტეგრაციის პროგრამების შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს ვებგვერდისა  და სოციალური ქსელის საშუალებით;

59) დახვეწოს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი“, კერძოდ, შეიმუშაოს კომპენსაციის გაცემის სპეციალური წესი ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულის შეურაცხადობის ან გარდაცვალების გამო წყდება;

60) დროულად უზრუნველყოს განახლებული სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დასანერგად აუცილებელი სახელმძღვანელო დოკუმენტების დამტკიცება და შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანა;

61) საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად შეიმუშაოს სოციალური საცხოვრისის მოწყობის მინიმალური სტანდარტები;

62) ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი აამოქმედოს დასავლეთ საქართველოში და შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა ცენტრის ეტაპობრივად გასაძლიერებლად;

63) განახორციელოს სტრასბურგის 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებულის) 23-ე მუხლის რატიფიცირებისთვის აუცილებელი ღონისძიებები;

64) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი სამუშაოს მაძიებლების კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად  გააძლიეროს  მათ სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები;

65) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში უზრუნველყოს დასაქმების ხელშემწყობი სერვისების პოპულარიზაცია;

66) განახორციელოს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტის გამოცემის მონიტორინგი, რომლითაც განისაზღვრება ვიდეოჩანაწერების დაარქივების ვადები. კერძოდ, ვიდეოჩანაწერების დაარქივების ვადად უნდა განისაზღვროს სულ მცირე 10 დღე. ამასთანავე, ცენტრმა უნდა შეისწავლოს აღნიშნული ვადის 30 დღით განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების საფუძველზე უნდა დაგეგმოს მისი გადაწყვეტა.

8. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ:

ა) არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და მათი სპეციფიკური საჭიროებების გამოვლენის მიზნით შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით დაგეგმოს სათანადო ღონისძიებები ამ მასწავლებლებისთვის სტატუსის დროულად და ეფექტიანად შეცვლის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად;

ბ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში უზრუნველყოს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის პოპულარიზაცია და გააფართოოს ამ პროგრამის განხორციელების, მათ შორის, მობილური ჯგუფების საქმიანობის, გეოგრაფიული არეალი;

გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშესაწყობად სკოლის მასწავლებლებს მიაწოდოს ინფორმაცია სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ;

დ) მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღმზრდელების/აღმზრდელ-პედაგოგების/სპეციალისტების გადამზადებას ადრეულ ინკლუზიურ განათლებასა და შშმ/სსსმ ბავშვების სკოლამდელი განათლებიდან სკოლაში ეფექტიანად გადასვლასთან (ტრანზიციასთან) დაკავშირებულ საკითხებში;

ე) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით დახვეწოს სკოლის მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების გამოვლენის მექანიზმები და ყოველწლიურად განაახლოს შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები;

ვ) ჩაატაროს კვლევა შშმ/სსსმ ბავშვების მიერ ზოგადი განათლების ფარგლებში სწავლის შეწყვეტის განმაპირობებელი ფაქტორების გამოსავლენად, თვალყური ადევნოს ასეთ შემთხვევებს, მიიღოს პრევენციული ზომები შესაბამისი მაჩვენებლის შესამცირებლად და გააანალიზოს სათანადო მონაცემები;

ზ) დაიწყოს ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის სკოლების შიდა და გარე მონიტორინგის გამართული მექანიზმის (შესაბამისი მეთოდებისა და ინსტრუმენტების) შექმნა;

თ) საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიმუშაოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი მომსახურების მოდელი და ხელი შეუწყოს მის დანერგვას, აგრეთვე უმაღლესი ინკლუზიური განათლების საკოორდინაციო მექანიზმის შექმნას;  

ი) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს შშმ/სსსმ პირების შესახებ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, აგრეთვე ამ პირთა მიმართ ეთიკური ტერმინოლოგიის გამოყენებას, ამასთანავე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად დაიწყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის მომზადების ტრენინგმოდულების შემუშავება, რომლებითაც გათვალისწინებული იქნება შემდეგი საკითხები: შშმ/სსსმ სტუდენტებთან, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მქონე სტუდენტებთან, მუშაობის სპეციფიკა, სწავლა-სწავლების მეთოდები, თანამედროვე დამხმარე ტექნოლოგიები და მათი სწავლა-სწავლების პროცესში ინტეგრირება, სასწავლო რესურსების მოდიფიკაცია და  სხვა;

კ) საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, არსებული რესურსების გადაუდებელი შეფასების საფუძველზე, ხარისხობრივი სტანდარტების შემოღებით, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით გადადგას ქმედითი ნაბიჯები სასკოლო კვების პროგრამის პილოტირებისა და საყოველთაო დანერგვის მიზნით;

ლ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში გააფართოოს სკოლამდელი ბილინგვური პროგრამების განხორციელების არეალი;

მ) იმ სკოლებში, სადაც სწავლება ეროვნული უმცირესობების ენებზე მიმდინარეობს, დანერგოს ბილინგვური სწავლების მოდელი, შეიმუშაოს სათანადო სასწავლო რესურსები და მოამზადოს/გადაამზადოს ორენოვანი მასწავლებლები;

ნ) საქართველოს სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენის, მათი გამოცემისა და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით წარმართვის უზრუნველსაყოფად შესაძლებლობის ფარგლებში გააგრძელოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა;

ო) ხელი შეუწყოს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენებზე (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური/ავარული, უდიური, ასურული და ქურთული/ყურმანჯი) სასკოლო სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობას;

პ) მულტილინგვური პროგრამების პოპულარიზაციისთვის განახორციელოს სტუდენტთა და მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები საქართველოს ფარგლებში;

ჟ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში უზრუნველყოს სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამების ხელმისაწვდომობა;

რ) სასკოლო სახელმძღვანელოს შეთანხმების პროცესში უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა საკითხებზე სავალდებულო, განგრძობადი ტრენინგპროგრამების შემუშავება და შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფის ყველა წევრისთვის ტრენინგების ჩატარება;

ს) შეიტანოს ცვლილება „მასწავლებლის განათლების“ უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 3 იანვრის №08 ბრძანებითა და „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 10 ივლისის №622/ი ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2020 წლის 25 დეკემბრის MES 4 20 0001231866 ბრძანებით დამტკიცებულ დარგობრივ მახასიათებლებში, კერძოდ, განსაზღვროს შემდეგი: აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ პირმა იცის ადამიანის უფლებათა ზოგადი არსი და სტანდარტები, აგრეთვე მას შეუძლია საგაკვეთილო პროცესის ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების საფუძველზე დაგეგმვა და განხორციელება;

ტ) შეიტანოს ცვლილება „მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების შესახებ“ სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2011 წლის 01 ივნისის №225 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2022 წლის 16 ნოემბრის MES 4 22 0001465694 ბრძანებით დამტკიცებულ დარგობრივ მახასიათებელში, კერძოდ:

ტ.ა) ტერმინი „უნარშეზღუდული“ ჩაანაცვლოს ტერმინით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე“;

ტ.ბ) დარგობრივი ცოდნის კომპონენტებს დაუმატოს ბავშვის უფლებათა სტანდარტები და ადამიანის უფლებათა სამართალი;

უ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშესაწყობად გადაამზადოს სკოლის მასწავლებლები სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების ფსიქოლოგიური ასპექტების საკითხში;

ფ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში გააფართოოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის არეალი და გაზარდოს ცენტრის მიერ უზრუნველყოფილი პროგრამების ფარგლებში გადამზადებული მასწავლებლების რაოდენობა;

ქ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის განხორციელებისთვის დანერგოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი უფროსი თაობის საჭიროებებზე მორგებული სწავლების კომპონენტები;

ღ) გადახედოს დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მარეგულირებელ ჩარჩოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში/კოლეჯში დასაქმებული პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით სარგებლობის უფლების დაცვის გასაძლიერებლად.

9. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ:

ა) გააგრძელოს დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით კანონების პროექტებზე მუშაობა კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის კუთხით;

ბ) გააგრძელოს ინფორმაციის გამოქვეყნება თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, აგრეთვე უზრუნველყოს შესაბამისი ოფიციალური ვებგვერდების შექმნა/განახლება;

გ) გააგრძელოს „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიითა“ და მისი სამოქმედო გეგმებით კულტურის მიმართულებით მისთვის განსაზღვრული მიზნების/ამოცანების/ღონისძიებების განხორციელების შესახებ ანგარიშგება;

დ) გააგრძელოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში/ტერიტორიულ ერთეულებში შესაბამისი კულტურული ღონისძიებების განხორციელება და ამ მიზნით სათანადო პროექტების დაფინანსება;

ე) გააგრძელოს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია და შესაძლებლობის ფარგლებში დაიწყოს მათი კონსერვაცია ან/და რესტავრაცია.

10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) განაგრძოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციამ და მისმა საოკუპაციო რეჟიმებმა საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნით და ე. წ. გადასასვლელების შეუფერხებელი მუშაობით დაიცვან მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება;

ბ) განაგრძოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციამ დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებელთა სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაზარდოს რეგიონებში მცხოვრებ ქალებთან, მათ შორის, დამწყებ მეწარმეებთან, მეწარმეობის საკითხზე გასამართი საინფორმაციო შეხვედრებისა და მათთვის ჩასატარებელი ტრენინგების რაოდენობა.

12. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:

ა) გააგრძელოს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებისა და პროგნოზის შესახებ მომზადებული და მომავალში შემუშავებული ბიულეტენების შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება;

ბ) გააგრძელოს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებისა და პროგნოზის შესახებ დოკუმენტებში მითითებული საფრთხეების შესწავლისა და რისკების სრულყოფილად გამოვლენისა და თავიდან აცილებისთვის საჭირო ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისთვის მიწოდება;

გ) გააგრძელოს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების, მუნიციპალიტეტების, სხვა უწყებებისა და ცალკეული მოქალაქეების მიმართვების საფუძველზე ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნების მომზადება, რომლებშიც შეფასებული იქნება მოქალაქეთა ოჯახების (კომლების) საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების გეოდინამიკური მდგომარეობა, და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები გადაუდებელი ღონისძიებების განსახორციელებლად.

13. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განიხილოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით აღიარებული საშინაო ვალის ანაზღაურების საკითხი.

14. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა:

ა) პარტნიორ უწყებებთან თანამშრომლობით გააგრძელოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან რეგულარული შეხვედრები გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხზე;

ბ) გააგრძელოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებთან რეგულარული შეხვედრები მათი საჭიროებების გამოსავლენად;

გ) შეაფასოს 1+4 სტაჟირების პროგრამის ზეგავლენა და შედეგები, საჭიროებების გამოვლენის შემთხვევაში გაააქტიუროს ღონისძიებები 1+4 საგანმანათლებლო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების (ახალგაზრდების) როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებისთვის მომზადების  ხელშესაწყობად.

15. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა:

ა) შეისწავლონ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა საჭიროებები, შეაგროვონ სათანადო სტატისტიკური მონაცემები და ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, საჭიროების შესაბამისად, საკვების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად იზრუნონ მუნიციპალიტეტში სახსრების მობილიზებისთვის;

ბ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შშმ პირთა უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში უზრუნველყონ შშმ პირთა/შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების არსებითი ჩართულობა;

გ) საბავშვო ბაღების მშენებლობის/რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაცია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − ბავშვების უფასო ტრანსპორტირება პრიორიტეტულად გაითვალისწინონ მაღალმთიანი რეგიონებისა და მუნიციპალიტეტებისთვის, აგრეთვე მილევადი და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლებისთვის;

დ) მუნიციპალიტეტის დონეზე შეიმუშაონ და დანერგონ ბავშვებზე ორიენტირებული, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების ადრეული გამოვლენისა და მათი საჭიროებების გამოკვეთის მიზნით, აგრეთვე მათთვის ადგილობრივი პროგრამების შეთავაზების კუთხით განხორციელებული საქმიანობის შეფასების ერთგვაროვანი დოკუმენტი;

ე) იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც შინ მოვლისა და აქტიური დაბერების ხელშემწყობი სერვისები/პროგრამები არ ხორციელდება, შეისწავლონ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ პირთა საჭიროებები და შესწავლის შედეგების საფუძველზე დანერგონ ამ საჭიროებებზე მორგებული სერვისები, მათ შორის, შინ მოვლისა და აქტიური დაბერების ხელშემწყობი სერვისები;

ვ) უზრუნველყონ, რომ დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ჭიათურისა და ხონის მუნიციპალიტეტების მერიებმა შეიმუშაონ და საკრებულოებმა მიიღონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები;

ზ) უზრუნველყონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების საგანმანათლებლო პერსონალისთვის ადამიანის უფლებების შესახებ ტრენინგების ჩატარება;

თ) ხელი შეუწყონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა სწავლებისთვის მეთოდოლოგიური და შინაარსობრივი რესურსების შემუშავებასა და გავრცელებას;

ი) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გარემოს ეროვნულ სააგენტოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიაწოდონ ინფორმაცია ეკომიგრაციის პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;

კ) უზრუნველყონ, რომ საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრი წყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერიებმა ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში უზრუნველყონ სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამების ხელმისაწვდომობა;

ლ) უზრუნველყონ, რომ საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრი წყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერიებმა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სწავლების ხარისხის ამაღლებისა და მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით უზრუნველყონ პედაგოგთა, მათ შორის, არაქართულენოვან პედაგოგთა, გადამზადება, სასწავლო რესურსების შემუშავება და მათთვის მიწოდება;

მ) უზრუნველყონ, რომ საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრი წყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერიებმა შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყონ ამ მუნიციპალიტეტების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში არსებულ გვერდებზე განთავსებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ეროვნული უმცირესობების მშობლიურ ენებზე;

ნ) უზრუნველყონ, რომ საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრი წყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერიებმა უზრუნველყონ ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ მიღებული, საზოგადოებრივი ინტერესის გამომწვევი  ნორმატიული აქტების (მათ შორის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების) ხელმისაწვდომობა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მშობლიურ ენებზე;

ო) უზრუნველყონ, რომ გორის, ქუთაისისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მერიებმა სოციალური საცხოვრისების ბენეფიციარები უზრუნველყონ ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო, ალტერნატიული საცხოვრებლით.

16. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ გააგრძელოს მუნიციპალიტეტებისა და სხვა უწყებების მიმართვების საფუძველზე ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნების მომზადება, რომლებშიც შეფასებული იქნება მოქალაქეთა ოჯახების (კომლების) საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების გეოდინამიკური მდგომარეობა, და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები გადაუდებელი ღონისძიებების განსახორციელებლად.

17. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ:

ა) გააუმჯობესოს დისტანციური სასამართლო პროცესების გამართვისთვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურა კლიენტსა და ადვოკატს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად;

ბ) გააძლიეროს ძალისხმევა სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობასთან დაკავშირებული გამოწვევის დასაძლევად;

გ) გააგრძელოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც უწყების შენობების ფიზიკური გარემოს, ისე სერვისების მისაწვდომობის ეტაპობრივი/პროგრესირებადი უზრუნველყოფა და ამ პროცესში გაითვალისწინოს როგორც ფიზიკური, ისე სენსორული და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებები.

18. საქართველოს საერთო სასამართლოებმა გააძლიერონ ძალისხმევა ამ სასამართლოებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტატისტიკური მონაცემების/ინფორმაციის დასამუშავებლად.

19. იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეები გადაამზადოს გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების იდენტიფიცირების საკითხში.

20. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო სამსახურის ბიურომ:

ა) საჯარო სამსახურში დასაქმებულ შშმ პირთა შესახებ დეტალური მონაცემების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით შეგროვებისა და ანალიზისთვის შეიმუშაოს შესაბამისი ინსტრუმენტი;

ბ) განახორციელოს თავისი სერვისების/რესურსების ადაპტირება შშმ პირებისთვის მათი მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და ხელი შეუწყოს საჯარო სექტორში ინკლუზიური სამუშაო გარემოს შესაქმნელად დამსაქმებელთათვის მხარდაჭერითი მომსახურებების (მათ შორის, საკონსულტაციო მომსახურების) განვითარებას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: შშმ პირებთან კომუნიკაციის მეთოდები, გონივრული მისადაგების ზომების გამოყენების პრაქტიკული ასპექტები, თანამედროვე დამხმარე ტექნოლოგიების დანერგვა და სხვა.

21. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა:

ა) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში გააძლიეროს ეროვნული უმცირესობების ენებზე მთავარი საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებების პოპულარიზაცია აუდიტორიის გასაზრდელად;

ბ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული მედიაპროდუქტების, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადებული მედიაპროდუქტების, ხელმისაწვდომობას ტრანსლაციის ყველა არსებული საშუალებით, აგრეთვე უზრუნველყოს ამ საქმიანობის პოპულარიზაცია.

22. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უზრუნველყოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შშმ პირთა უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში შშმ პირთა/შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების არსებითი ჩართულობა.

23. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უზრუნველყოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შშმ პირთა უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში შშმ პირთა/შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების არსებითი ჩართულობა.

24. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გააძლიეროს ძალისხმევა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გონივრულ ვადაში ჩასატარებლად.

25. იმ პასუხისმგებელმა უწყებებმა, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ვერ უზრუნველყვეს „2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 1 ნოემბრის №3600-VIIIმს-Xმპ დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების სრულყოფილად შესრულება, განახორციელონ ყველა შესაძლო ღონისძიება აღნიშნული დავალებების შესასრულებლად.

26. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პერიოდულად გაუწიოს მონიტორინგი „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული ფაქტების თავიდან აცილებისა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს აღნიშნული დავალებების შესრულების შესახებ ანგარიშები წარედგინოს 2025 წლის 1 მარტამდე.

27. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

თბილისი,

27 ივნისი 2024 წ.

N4332-XIVმს-Xმპ