საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 467
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/07/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 7, 31/07/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
467
16/07/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 7, 31/07/1996
000000000.00(0).00.000000
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №467

1996 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანდართული დებულება და სტრუქტურა.

 ე. შევარდნაძე

 საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო

 

დებულება

1. ზოგადი დებულება

1.1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანო, რომლის მეშვეობით საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებს აღმასრულებელ სახელმწიფო ხელისუფლებას ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა), რეპატრიანტთა, სტიქიისაგან დაზარალებულთა და სხვა მიგრანტთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვის, მიგრაციის კონტროლისა და განსახლების სფეროში.

1.2. სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და კანონებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და განკარგულებებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

1.3. სამინისტროს მმართველობის სფეროში არიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროები, რეგიონალური და ადგილობრივი სამსახურები.

1.4. სამინისტროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშები (მათ შორის – სავალუტო) ბანკში.

1.5. სამინისტრო არის საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლის შენახვის ხარჯების სიდიდე განსაზღვრულია კანონით.

1.6. სამინისტროს დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

 2. ამოცანები

სამინისტროს ამოცანებია:

2.1. საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბება და ამ სფეროში ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია.

2.2. ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, დევნილთა, რეპატრიანტთა, საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურება, ეპიდემია და ა. შ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადების რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზაცია, ადაპტაცია-ინტეგრაციის პირობების შექმნა და სოციალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვა;

2.3. მიგრანტთა კატეგორიების დადგენა და მათთვის სათანადო სტატუსის მინიჭება;

2.4. დევნილთა და დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ორგანიზაცია-ხელშეწყობა და სათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა;

2.5. მიგრაციული ნაკადების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი;

2.6. დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა;

2.7. საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან მუდმივი კონტაქტების დამყარება;

2.8. საერთაშორისო (სამთავრობო და არასამთავრობო) ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

3. ფუნქციები

სამინისტროს ფუნქციები:

3.1. თავისი ძირითადი ამოცანების ფარგლებში საქმიანობის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება, საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებებისა და პროექტების წარდგენა, მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების უზრუნველყოფა;

3.2. მიგრანტთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ცენტრალურ ორგანოებთან ერთად სამართლებრივი ბაზის მომზადება;

3.3. აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებთან ერთად მიგრანტთა მიღება-განსახლების, გადაუდებელი პირველი დახმარების, დასაქმებისა და ადაპტაცია-ინტეგრირების ორგანიზაცია;

3.4. მიგრანტთათვის განკუთვნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულების კონტროლი;

3.5. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებთან ერთად მიგრაციული ნაკადების აღრიცხვა, მართვა და მიგრაციული კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება;

3.6. ლტოლვილთა, დევნილთა, დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ორგანიზაცია და ამ მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია;

3.7. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ცენტრალურ ორგანოებთან ერთად ლტოლვილთა და დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვის მიზნით საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობა;

3.8. საქართველოს სახელით საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობა და სათანადო ინფორმაციის გავრცელება.

4. უფლებამოსილებანი

სამინისტრო უფლებამოსილია:

4.1. სახელმწიფო და სხვა ორგანოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან, თანამდებობის პირებისაგან მოითხოვოს სამინისტროსათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მასალა;

4.2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს და მიიღოს ნორმატიული ხასიათის აქტები და მოითხოვოს მათი შესრულება;

4.3. დასახული ამოცანების გადაწყვეტისათვის გაანაწილოს მიზნობრივად გამოყოფილი ფინანსური სახსრები და მატერიალური საშუალებები, იყოს მენაშენე და განახორციელოს მშენებარე ობიექტების ინსპექტირება;

4.4. დასახული ამოცანების განხორციელებისას კოორდინაცია გაუწიოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას;

4.5. თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს ხელშეკრულებები როგორც რესპუბლიკის, ისე საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

4.6. განიხილოს მოქალაქეთა და მიგრანტთა წერილები, საჩივრები, წინადადებები და განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები;

4.7. დასახული ამოცანებისა და ფუნქციების განხორცილების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, შექმნას სხვადასხვა სამსახურები, ფონდები და სხვა ორგანიზაციები;

4.8. მოიწვიოს სხვადასხვა სპეციალისტები, მათ შორის, უცხოელის ექსპერტები, მოაწყოს სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, საქველმოქმედო აქციები, თავად მიიღოს მონაწილეობა ანალოგიურ ღონისძიებებში, დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;

4.9. განახორციელოს საგამომცემლო საქმიანობა, დაბეჭდოს საცნობარო და სხვა სახის პროდუქცია.

5. ხელმძღვანელობა

5.1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც პარლამენტის თანხმობით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

5.2. მინისტრი პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისა და განვითარებისათვის.

5.3. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები.

მინისტრის პირველ მოადგილეს, მინისტრის წარდგინებით, ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრის მოადგილეებს ნიშნავს მინისტრი საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით. ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებს შორის ანაწილებს მინისტრი. მინისტრის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

5.4. მინისტრი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს თავის კომპეტენციის მიკუთვნებულ საკითხებზე.

5.5. მინისტრი ამტკიცებს სამინსიტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს აპარატის მუშაკებსა და სამინისტროსთან არსებული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ითანხმებს ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს.

5.6. მინისტრის სათათბირო ორგანოა სამინისტროს კოლეგია.

კოლეგიის თავმჯდომარე არის მინისტრი. კოლეგიის შემადგენლობაში შედიან მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები, რომლებიც რანგით უტოლდებიან მინისტრის მოადგილეებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და მოწვეული სპეციალისტები.

5.7. კოლეგიის წევრთა რაოდენობას, შემადგენლობასა და მუშაობის რეგლამენტს ამტკიცებს მინისტრი.

5.8. კოლეგია თავის სხდომებზე იხილავს სამინისტროს ამოცანების განხორციელებისათვის საჭირო კარდინალურ საკითხებს, სამინისტროს ქვედანაყოფებისა და სამინისტროსთან არსებული ორგანიზაციების მუშაობის შედეგებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

5.9. კოლეგიის გადაწყვეტილებები ფორმდება მინისტრის ბრძანებებით, რომელთა შესრულება სავალდებულოა.

5.10. მინისტრისა და კოლეგიის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში მინისტრი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას და უთანხმოების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს პრეზიდენტს.

5.11. ამა თუ იმ ამოცანის განხორცილებისათვის სამინისტროსთან შეიძლება შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები, რომელთა შემადგენლობას და დებულებებს ამტკიცებს მინისტრი.

6. რეორგანიზაცია-გაუქმება

სამინისტროს რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს

 

სტრუქტურა

მინისტრი

მინისტრის პირველი მოადგილე

მინისტრის მოადგილეები

საქმეთა მმართველობა

მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტი

რეპატრიაციის სამსახური

საფინანსო-სარევიზიო სამმართველო

დასავლეთ საქართველოს მთავარი რეგიონალური სამმართველო

სამეგრელოს რეგიონალური სამმართველო

შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო

ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა განყოფილება

იმიგრაციისა და ტრანზიტის განყოფილება

ემიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან

ურთიერთობის განყოფილება

საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება

დევნილთა სტატუსის დამდგენი და რეგისტრაციის განყოფილება

ინფორმაციის ანალიზისა და პროგნოზირების განყოფილება

კომპიუტერული ცენტრი

სტიქიითა და სხვა საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული მიგრაციული პროცესების პროგნოზირების განყოფილება

სტიქიითა და სხვა საგანგებო სიტუაციებით დაზარალებულთა განახლების განყოფილება

სტიქიითა და სხვა საგანგებო სიტუაციებით დაზარალებულთა ადაპტაცია-ინტეგრაციის განყოფილება

დევნილთა განსახლებისა და უფლებების დაცვის განყოფილება

დევნილთა ადაპტაციისა და უკან დაბრუნების ორგანიზაციის განყოფილება

ადგილობრივ სამსახურებთან ურთიერთობისა და მათი საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქ. თბილისის განყოფილება.