„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 219
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.024613
219
04/07/2024
ვებგვერდი, 08/07/2024
330090000.10.003.024613
„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №219

2024 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/06/2019, 330090000.10.003.021277) შეტანილ იქნეს ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებულ „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესში“:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) განაშენიანების მართვის რეგლამენტი – ძირითადი დებულებების საფუძველზე შემუშავებული ქალაქთმშენებლობითი გეგმების ტექსტური ნაწილი, რომელიც ცალკეული ტერიტორიებისთვის ადგენს და/ან აზუსტებს ძირითად დებულებებში მოცემულ შემდეგ პირობებს: უძრავი ქონების გამოყენების ნებადართული სახეობების ძირითად და საგამონაკლისო ჩამონათვალს, განაშენიანების სახეობას, განაშენიანების ძირითად პარამეტრებსა და სხვა საკითხებს, ტერიტორიის სპეციფიკიდან გამომდინარე. განაშენიანების მართვის რეგლამენტით გათვალისწინებული უნდა იქნეს კოდექსის მე-80 მუხლით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრები, აგრეთვე კოდექსის ამავე მუხლით და ამ წესის №9 დანართით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების მოთხოვნები ან მათი ნაწილი. ამასთანავე, ამავე მოთხოვნების ნაწილობრივ ასახვის შემთხვევაში, სავალდებულოა ამ წესის №9 დანართის პირველი პუნქტით („ურბანული დიზაინი“) განსაზღვრული მახასიათებლების გათვალისწინება.“.

2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. გენერალურ გეგმაში ან მის ნაწილში დაზუსტებული უნდა იქნეს ამ წესის №9 დანართის მოთხოვნები ან მათი ნაწილი, შენობა-ნაგებობების ესთეტიკურ მახასიათებლებთან  დაკავშირებით. ესთეტიკური მახასიათებლების დეტალიზაცია და მოცულობა, აგრეთვე მათი გავრცელების არეალები დგინდება გენერალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტით.“.

3. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. განაშენიანების გეგმაში ან მის ნაწილში დაზუსტებული უნდა იქნეს ამ წესის №9 დანართის მოთხოვნები ან მათი ნაწილი, შენობა-ნაგებობების ესთეტიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით. ესთეტიკური მახასიათებლების დეტალიზაცია და მოცულობა, აგრეთვე მათი გავრცელების არეალები დგინდება განაშენიანების გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტით.“.

4. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. განაშენიანების დეტალურ გეგმაში ან მის ნაწილში დაზუსტებული უნდა იქნეს ამ წესის №9 დანართის მოთხოვნები ან მათი ნაწილი, შენობა-ნაგებობების ესთეტიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით. ესთეტიკური მახასიათებლების დეტალიზაცია და მოცულობა, აგრეთვე მათი გავრცელების არეალები დგინდება განაშენიანების დეტალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტით.“.

5. დაემატოს თანდართული შინაარსის №9 დანართი.

მუხლი 2
დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებებზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



„დანართი 9

 

შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები

ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებისას გეგმარებითი ერთეულის ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე განაშენიანების მართვის რეგლამენტით გათვალისწინებული უნდა იქნეს შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები, რომლებიც შესაძლოა, მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

1. ურბანული დიზაინი:

ქუჩის პეიზაჟი: ქუჩების ვიზუალური მხარის  ისეთი ელემენტების გათვალისწინება, როგორებიცაა: ტროტუარები, ღობეები (არსებობის შემთხვევაში), მცირე არქიტექტურული ფორმები, განათება და გამწვანება.

შენობის დიზაინი: არქიტექტურული სტილი, ფერი, ფასადი, სახურავები და მშენებლობის დროს გამოსაყენებელი მასალები.

საჯარო სივრცეები: პარკების, მოედნებისა და სკვერების დიზაინი და განლაგება მათი ესთეტიკური მიმზიდველობისა და მნიშვნელობის გასაუმჯობესებლად.

მიწათსარგებლობის ინტეგრაცია: როგორ ხდება სხვადასხვა სახის (ფუნქციური დანიშნულების) მიწათსარგებლობის ინტეგრირება ურბანულ ქსოვილში.

ხედვის არეალი: მნიშვნელოვანი ხედების შენარჩუნება და მაღალი შენობების ვიზუალური ზემოქმედების მართვა.

2. ბუნებრივი ლანდშაფტი:

ლანდშაფტი:  ბუნებრივი პეიზაჟები, ხედები და ვიზუალური აღქმა.

ბიომრავალფეროვნება: ადგილობრივი მცენარეების, ველური ბუნების ჰაბიტატებისა და ეკოლოგიური დერეფნების ჩართვა ლანდშაფტის დიზაინში.

წყლის მახასიათებლები: მდინარეების, ტბებისა და აუზების ინტეგრაცია ურბანულ ქსოვილში, დიზაინის მახასიათებლებთან ერთად, როგორებიცაა შადრევნები და ჩანჩქერები.

რეკრეაციული სივრცეები: პარკები, ბილიკები და გამწვანების გზების დიზაინი, მათი ესთეტიკური მიმზიდველობა და რეკრეაციული ღირებულება.

გამწვანება: ეკოლოგიურად სუფთა გამწვანების პრაქტიკის გამოყენება გარე სივრცეების ესთეტიკური ხარისხის გასაუმჯობესებლად.

3. კულტურული მემკვიდრეობა:

მემკვიდრეობის დაცვა: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სხვა ისტორიული შენობების, ღირსშესანიშნაობებისა და უბნების ესთეტიკური, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის შენარჩუნება.

კულტურული იდენტობა: ადგილობრივი არქიტექტურული სტილის, მასალებისა და დიზაინის მოტივების გაერთიანება კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად.

ახალი ღირსშესანიშნაობის შექმნა: საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა/განვითარება, ისტორიული შენობა-ნაგებობების, სხვა ღირსშესანიშნავი ობიექტების წარმოჩენა/პოპულარიზაცია.

ხელოვნება: საზოგადოებრივ/საჯარო სივრცეებში ხელოვნების ნიმუშების/ელემენტების (მათ შორის, სკულპტურების) ინტეგრაცია ურბანულ ლანდშაფტში, მისი ესთეტიკური მიმზიდველობისა და კულტურული სიცოცხლისუნარიანობის გასაძლიერებლად.

4. ვიზუალური ზემოქმედება:

ვიზუალური მგრძნობელობა: უბნების იდენტიფიცირება, სადაც ვიზუალური ხარისხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კულტურული, გარემოსდაცვითი ან სხვა მნიშვნელობის გამო.

ხედების ანალიზი: შეფასება იმისა, თუ როგორ იმოქმედებს შენობა-ნაგებობების შეთავაზებული განვითარება ან დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები როგორც  შენობა-ნაგებობებიდან, ასევე შენობა-ნაგებობის მიმართულებით ხედებზე.

ვიზუალური შემარბილებელი ღონისძიებები: შენობა-ნაგებობების ექსტერიერში ვიზუალური ზემოქმედების შესარბილებლად, ბიომრავალფეროვნებისა და ჯანსაღი ურბანული გარემოს წასახალისებლად, ე. წ. მწვანე ფასადის ტიპის გადაწყვეტების გამოყენება.“.