ღივების მწარმოებელი ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ

ღივების მწარმოებელი ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 215
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024609
215
03/07/2024
ვებგვერდი, 03/07/2024
240110000.10.003.024609
ღივების მწარმოებელი ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №215 

2024 წლის 3 ივლისი

   ქ. თბილისი

 

ღივების მწარმოებელი ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ღივების  მწარმოებელი ბიზნესოპერატორის აღიარების წესი“.
მუხლი 2
ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ღივების  წარმოებასთან და ექვემდებარება აღიარებას, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების გარეშე ჩაითვალოს პირობითად აღიარებულად 2025 წლის პირველ იანვრამდე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



ღივების მწარმოებელი ბიზნესოპერატორის აღიარების წესი

მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო

1. ღივების მწარმოებელი ბიზნესოპერატორის აღიარების წესი (შემდგომში – წესი) მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.

2. ეს წესი ადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის აღიარების ზოგად პრინციპებსა და პროცედურებს და მათთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

3. სავალდებულოა იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ღივების  წარმოებასთან.

4. ბიზნესოპერატორის აღიარებას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ღივი – პროდუქტი, რომელიც მიიღება თესლის აღმოცენებითა და   წყალში ან სხვა არეში განვითარებით, რომელიც მოკრეფილია ნამდვილი ფოთლის განვითარებამდე და განკუთვნილია სურსათად მთლიანად,  თესლის ჩათვლით, მოხმარებისათვის.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერმინისა, ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ასევე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 3. აღიარების ზოგადი პრინციპები

1. აკრძალულია აღიარების ან პირობითი აღიარების გარეშე იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც ექვემდებარება აღიარებას.

2. ბიზნესოპერატორის აღიარება ან პირობითი აღიარება ხორციელდება სააგენტოს მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგების მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 4. აღიარების პროცედურები

1. ბიზნესოპერატორი აღიარებისათვის განცხადებით მიმართავს სააგენტოს.

2. განცხადებაში მითითებული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორის  საფირმო დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი/კოდი, ეკონომიკური საქმიანობის ადგილი (მისამართი), ეკონომიკური საქმიანობის სახე (სექცია, ჯგუფი, კლასი, ქვეკლასი).

3. განცხადების მიღებიდან  ერთი თვის ვადაში სააგენტომ  ადგილზე უნდა განახორციელოს  ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი  – ინსპექტირება.

4. ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სააგენტო ახორციელებს ბიზნესოპერატორის აღიარებას, პირობით აღიარებას ან უარს აცხადებს ბიზნესოპერატორის აღიარებაზე ინსპექტირების დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში.

5. სააგენტო  ბიზნესოპერატორს  აღიარებას ანიჭებს უვადოდ, თუ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის დანართით – „მოთხოვნები   ღივების  მწარმოებელი ბიზნესოპერატორის აღიარებისთვის“ განსაზღვრულ  მოთხოვნებს.

6. თუ ინსპექტირების შედეგებით დადგენილი იქნება, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა ნაწილობრივ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესის დანართით  დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ საწარმოს ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა/მოწყობილობები სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის დანართით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტო ბიზნესოპერატორს ერთი თვის ვადით ანიჭებს პირობით აღიარებას და აძლევს მითითებებს შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად.

7. პირობით აღიარების მინიჭებიდან ერთი თვის შემდეგ სააგენტო ახორციელებს განმეორებით ინსპექტირებას, რომლის საფუძველზე:

ა) ბიზნესოპერატორს არ ენიჭება აღიარება და უწყდება საქმიანობა იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა სრულად არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის დანართით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ)  ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება უვადოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესის დანართით  განსაზღვრულ მოთხოვნებს.

8. თუ ბიზნესოპერატორს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის   საფუძველზე უარი ეთქვა აღიარების მინიჭებაზე და ის ისევ მიმართავს განცხადებით სააგენტოს აღიარების შესახებ, განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის ინსპექტირება. ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა, ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის დანართით დადგენილ მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უარი ეთქმება აღიარებაზე.

9. სააგენტო აღიარებულ ბიზნესოპერატორს, მათ შორის, პირობით აღიარებულ ბიზნესოპერატორს ანიჭებს აღიარების ან პირობით აღიარების ნომერს, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის/ქალაქის ინდექსსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის  (სეს ესნ) საქონლის  შესაბამისი  ჯგუფის ნომერს.

10. სააგენტო აწარმოებს აღიარებული ბიზნესოპერატორების რეესტრს და უზრუნველყოფს მის განახლებას.

11. ინფორმაცია აღიარებული ბიზნესოპერატორის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მათ შორის, სააგენტოს მიერ მინიჭებული აღიარების ნომრის შესახებ არის საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.

მუხლი 5. აღიარების გაუქმება და აღდგენა

1. სააგენტო აუქმებს აღიარებას:

ა) ბიზნესოპერატორის მიმართვის საფუძველზე;

ბ) თუ პირობითი აღიარების ვადის გასვლის შემდეგ, განმეორებითი ინსპექტირების დროს გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორს შეჩერებული ან შეწყვეტილი აქვს საქმიანობა ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდების გარეშე.

2. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორს გაუქმებული აქვს აღიარება და ის განცხადებით მიმართავს სააგენტოს აღიარების აღდგენის თაობაზე, განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის ინსპექტირება. ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა, ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და ამ წესის დანართით განსაზღვრულ მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უარი ეთქმება აღიარებაზე.

მუხლი 6. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები

1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია დაიცვას „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებით განსაზღვრული  ჰიგიენური მოთხოვნები პირველადი წარმოებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების მიმართ, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ასევე:

ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ სააგენტო:

ბ.ა) გაუუქმებს აღიარებას;

ბ.ბ) პირობითი აღიარების შემდეგ არ მიანიჭებს აღიარებას.

3. ბიზნესოპერატორმა სააგენტოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საწარმოო პროცესში  ცვლილებების ან/და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 7.  გასაჩივრების წესი

სააგენტოს მიერ ბიზნესოპერატორის აღიარებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დანართი

მოთხოვნები ღივების  მწარმოებელი ბიზნესოპერატორის აღიარებისთვის

1. საწარმოს მოწყობამ/დიზაინმა  და დაგეგმარებამ  უნდა უზრუნველყოს სურსათის  ჰიგიენის კარგი პრაქტიკის (GHP) დაცვა, მათ შორის, საწარმოო პროცესის ცალკეული ოპერაციების განხორციელებისას და ამ ოპერაციებს  შორის დაბინძურებისგან დაცვა. კერძოდ, ზედაპირები, მათ შორის, აღჭურვილობა-მოწყობილობების ზედაპირები იმ ადგილებში, სადაც ხდება სურსათის დამუშავება, ასევე სურსათთან შეხებაში მყოფი ზედაპირები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, ადვილად უნდა იწმინდებოდეს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს მათი დეზინფიცირება.

2. სამუშაო ინვენტარისა და აღჭურვილობის გაწმენდისთვის, დეზინფექციისა და შენახვისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს ადვილად გასაწმენდი შესაბამისი სათავსები, სადაც უნდა ხდებოდეს  ცხელი და ცივი წყლის ადეკვატური მიწოდება.

3. აუცილებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნეს სურსათის რეცხვისათვის სათანადო პირობები. თითოეულ ნიჟარას ან სხვა მსგავს მოწყობილობას, რომელიც განკუთვნილია სურსათის რეცხვისთვის, უნდა ჰქონდეს სასმელი წყლის სათანადო მიწოდება/მარაგი, უნდა იყოს სუფთა მდგომარეობაში და, საჭიროების შემთხვევაში უნდა ექვემდებარებოდეს დეზინფექციას.

4. ყველა მოწყობილობა, რომელთანაც თესლები და ღივები შეხებაშია, უნდა იყოს ისეთი მასალისაგან დამზადებული და უნდა იქნეს ისეთ მდგომარეობაში შენარჩუნებული, ისეთ პირობებში შენახული და შეკეთებული, რომ მინიმუმამდე შემცირდეს დაბინძურების რისკი, შესაძლებელი უნდა იყოს მათი სუფთა მდგომარეობაში შენახვა, გაწმენდა და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას.

5. ადგილზე შემუშავებული უნდა იქნეს შესაბამისი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ:

ა) ღივების  მწარმოებელი საწარმო იყოს სუფთა მდგომარეობაში და, საჭიროების შემთხვევაში,  შესაძლებელი იყოს მისი დეზინფექცია;

ბ) ყველა მოწყობილობა, რომელთანაც შეხებაშია თესლები და ღივები სათანადოდ იწმინდება და, საჭიროების შემთხვევაში, ექვემდებარება დეზინფექციას. მოწყობილობების გასუფთავება და დეზინფექცია უნდა განხორციელდეს სათანადო სიხშირით, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაბინძურების ნებისმიერი რისკი.