ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016532
16
03/07/2024
ვებგვერდი, 04/07/2024
010250050.35.128.016532
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2024 წლის 3 ივლისი

დაბა ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 85-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწიებლის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულება (დანართების შესაბამისად).
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი კვირის ვადაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა დაამტკიცოს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის განხორციელების ვადები, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების რაოდენობა და დაფინანსების მოცულობა, განსაზღვროს სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა და პროგრამის კოორდინატორი.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე



დანართი
ხარაგაულის მუინციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის (შემდგომში „პროგრამა“) საბოლოო მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვის სფეროში და გაიზარდოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობა განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით.

2. პროგრამის ერთ-ერთი ამოცანაა გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მე-16 მიზნის და ძირითადი პრინციპების (მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ყველა ჯგუფის ჩართულობა, ინკლუზიურობა და ანგარიშვალდებულება) ადგილზე განხორციელების ხელშეწყობა.

3. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება ხარაგაულის მუნიციპალური ბიუჯეტიდან.

4. ამ დებულებით განსაზღვრულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილოებითი ბიუჯეტირების პროგრამის ადმინისტრირების ძირითადი წესები.

5. საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დებულებით, შესაძლებელია განისაზღვროს მერის ბრძანებით და პროგრამის განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების შესაბამისად.

მუხლი 2. პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები

პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) საჯაროობა;

გ) კოლეგიურობა;

დ) მოქალაქეთა მონაწილეობა;

ე) ანგარიშვალდებულება;

ვ) გამჭვირვალობა.

მუხლი 3. პროგრამის აღწერა

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში – მერი) ყოველწლიურად ბრძანებით განსაზღვრავს დასაფინანსებელი პროექტ(ებ)ის რაოდენობას.

2. მერის ბრძანებით განისაზღვრება დასაფინანსებელი პროექტ(ებ)ის სავარაუდო ღირებულება.

3. სამუშაო ჯგუფის მიერ მერისათვის წარდგენილი წინადადებების საფუძველზე, პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს მერის ბრძანებით გათვალისწინებულ პროექტ(ებ)ზე მეტი. დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ კენჭისყრის ეტაპის დაწყებამდე.

4. პროგრამას გააჩნია განხორციელების შემდეგი ეტაპები:

ა) მოსამზადებელი ეტაპი;

ბ) საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი;

გ) საპროექტო წინდადებების პირველადი გადარჩევა;

დ) კენჭისყრის ეტაპი;

ე) გამარჯვებული პროექტ(ებ)ის გამოვლენა და პროექტ(ებ)ის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით;

ვ) პროექტ(ებ)ის განხორციელება;

ზ) პროექტ(ებ)ის მონიტორინგი და შეფასება.

5. პროგრამის განხორციელების ეტაპების კონკრეტული ვადები განისაზღვრება მერის ბრძანებით.

მუხლი 4. პროგრამის ადმინისტრირების პრინციპები

1. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია მოსახლეობის ყველა ჯგუფის ჩართულობა. ამ მიზნით, მოსახლეობასთან საინფორმაციო კამპანია უნდა დაიგეგმოს იმგვარად, რომ გამოყენებული იქნას ინფორმაციის მიწოდების ის არხები, რომლითაც მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები ინფორმაციის მისაღებად სარგებლობენ.

2. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია პროგრამაში მონაწილეობისთვის ონლაინხელმისაწვდომობა. ამ მიზნით, გამოყენებული უნდა იყოს პროგრამაში მონაწილეობის ონლაინპლატფორმები.

3. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია მონაწილეობის ალტერნატიული ფორმების არსებობა, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა ან გააჩნია ონლაინპლატფორმების მოხმარების შეზღუდული უნარ-ჩვევები. ამ მიზნით, გამოყენებული უნდა იქნეს პროგრამაში მონაწილეობის ალტერნატიული ფორმები – განაცხადის წერილობით დატოვების ან სხვა სახით.

4. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დაცვა. ამ მიზნით, პერსონალური მონაცემები უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ იმ მოცულობით, რაც მინიმალურად აუცილებელია პროგრამაში მონაწილეთა იდენტიფიცირებისათვის, როგორც წინადადების წარდგენის, ასევე კენჭისყრის ეტაპზე. პროგრამის ადმინისტრირებისას მასში მონაწილე ყველა წევრის მიერ დაცული უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

5. პროგრამაში მონაწილეთა პირადი მონაცემების გაუხმაურებლობის მიზნით, მონაცემები ინახება კონფიდენციალურად, ხოლო მათი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ხდება იდენტიფიცირებადი მონაცემების წაშლა. ამასთან დაკავშირებით, ხდება პროგრამაში მონაწილის წინასწარი ინფორმირება/თანხმობის მიღება პერსონალური მონაცემების გამოყენების თაობაზე.

6. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვა. ამ მიზნით, პროგრამის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები უნდა დაეფუძნოს წინასწარ განსაზღვრულ წესებსა და კრიტერიუმებს, ხოლო პროგრამის მიმდინარეობისა და შესრულების შესახებ ანგარიში უნდა იყოს საჯარო (გასაჯაროებას არ ექვემდებარება პერსონალური მონაცემები).

მუხლი 5. პროგრამის გენდერული ასპექტები

1. პროგრამის ფარგლებში წახალისებულია ისეთი საპროექტო წინადადებების წარმოდგენა, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და გაძლიერებას, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრას და შედეგებთან ბრძოლას. ამ მიზნით, თუ ასეთი საპროექტო წინადადება ვერ გაიმარჯვებს კენჭისყრის შედეგად, პროექტის სამუშაო ჯგუფს შეუძლია მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინოს დამატებითი წინადადება, გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და გაძლიერებაზე ორიენტირებული იმ საპროექტო წინადადების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებაზე, რომელმაც მიიღო მოსახლეობის მეტი მხარდაჭერა.

2. პროგრამის ფარგლებში წახალისებულია გენდერულად სენსიტიური საპროექტო წინადადებების წარმოდგენა, რომელშიც გათვალისწინებულია გენდერული საჭიროებები/მოთხოვნილებები. ამ მიზნით, ვინაიდან გენდერულად სენსიტიური ასპექტების გათვალისწინება შესაძლოა მოითხოვდეს დამატებით ფინანსურ რესურსებს, გენდერულად სენსიტიური საპროექტო წინადადების მაქსიმალური ბიუჯეტი შეიძლება 20%-ით აღემატებოდეს ამ პროგრამით დადგენილ ზღვარს.

3. გენდერული ასპექტების გათვალისწინების მიზნით, ჩატარდება გამარჯვებული პროექტის გენდერული ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში მოხდება პროექტის გადამუშავება იმგვარად, რომ მასში გათვალისწინებული იქნეს გენდერულად სენსიტიური საკითხები. ამასთან, პროგრამის ამგვარი გადამუშავებისას, დასაშვებია პროექტის ბიუჯეტის 20%-ით ზრდა დამატებით გამოვლენილი ხარჯების დასაფარად.

მუხლი 6. პროგრამის ადმინისტრირება

1. პროგრამის განსახორციელებლად იქმნება სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) მერის პირველი მოადგილე;

ბ) მერის მოადგილე;

გ) მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენელი;

დ) მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელი;

ე) მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენელი;

ვ) მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი;

ზ) მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლები;

თ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელი.

2. მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფში მოიწვიოს საკრებულოს წევრები, სამოქალაქო საზოგადოება და სხვა დაინტერესებული პირები.

3. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს მერის პირველი მოადგილე (შემდგომში – ჯგუფის ხელმძღვანელი).

4. სამუშაო ჯგუფის პერსონალურ შემადგენლობას და პროგრამის კოორდინატორს ბრძანებით ამტკიცებს მერი.

მუხლი 7. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებები სამუშაო ჯგუფი

1. კოორდინაციას და საკონსულტაციო მხარდაჭერას უწევს მოქალაქეებს/საინიციატივო საპროექტო წინადადებების მომზადების პროცესში.

2. ამ დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს მოქალაქეების/საინიციატივო ჯგუფების/მიერ წარმოდგენილ საპროექტო განაცხადებს.

3. ამზადებს კენჭისყრაზე გადასასვლელი პროექტების ჩამონათვალს შესაბამისი დასაბუთებით.

4. ამზადებს იმ საპროექტო წინადადებების ჩამონათვალს შესაბამისი დასაბუთებით, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს ამ დადგენილების მე-9 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

5. აორგანიზებს პროექტების ელექტრონულად შერჩევის სისტემის გამართულად ფუნქციონირებას.

6. აორგანიზებს ელექტრონულ კენჭისყრას.

7. პასუხისმგებელია პროგრამის ყველა ეტაპზე მოსახლეობის ინფორმირების კამპანიაზე.

8. საჭიროების შემთხვევაში მერს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებას პროექტის ეტაპების ვადის ცვლილების თაობაზე.

მუხლი 8. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფორმები

1. სამუშაო ჯგუფის სხდომა მოიწვევა ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ და გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით.

2. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ჯგუფის ხელმძღვანელის ხმა.

3. სამუშაო ჯგუფის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომლის შედგენას ჯგუფის ხელმძღვანელი ავალებს სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს.

მუხლი 9. საპროექტო წინადადებებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმები

1. საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ბ) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში;

გ) საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მერის ბრძანებით საპროექტო წინადადებებისთვის განსაზღვრულ მაქსიმალურ თანხას;

დ) წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე ან გათვალისწინებული დამტკიცებულ ბიუჯეტში;

ე) პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითად, სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი);

ვ) საპროექტო განაცხადის ფორმა სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული;

1. სამუშაო ჯგუფი ამტკიცებს წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მაქსიმალურ სავარაუდო ღირებულებას.

2. საპროექტო წინადადების წარდგენისას, წარმდგენს უნდა ჰქონდეს გამოგზავნილი შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) სახელი, გვარი / საინიციატივო ჯგუფის წევრების სახელი, გვარი;

ბ) პირადი ნომერი / საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადი ნომრები;

გ) საკონტაქტო ტელეფონი და/ან ელფოსტა;

დ) პროექტის სახელწოდება;

ე) პროექტის აღწერა;

ვ) დასახლებული პუნქტი, სადაც უნდა განხორციელდეს პროექტი;

ზ) პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი.

მუხლი 10. საპროექტო განაცხადების შემოტანაზე უფლებამოსილი პირები

1. საპროექტო განცხადის შემოტანა შეუძლია:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს 14 წლის ასაკიდან.

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ზრდასრულ მოქალაქეთა ჯგუფს.

მუხლი 11. პროგრამის მოსამზადებელი ეტაპი

1. პროგრამის კოორდინატორმა უნდა დატესტოს და უზრუნველყოს, რომ საპროექტო წინადადების მიღების ეტაპის დაწყებამდე გამართულად მუშაობდეს პროექტების წარდგენისა და კენჭისყრის ონლაინსისტემები და იგი მოსახლეობისთვის იოლად ხელმისაწვდომი იყოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.

2. ჯგუფის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების ინფორმირებას პროგრამის ვადებისა და პირობების შესახებ.

მუხლი 12. საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი

1. საპროექტო წინადადებების წარდგენა ხდება ინტერნეტის მეშვეობით, მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოტანილი ლინკით.

2. საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, წერილობითი ფორმით, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით, ან მერიაში განცხადების დატოვების გზით.

3. ფიზიკურად, ინტერნეტის გარეშე, წარდგენილი წინადადებების პროექტების ელექტრონულ სისტემაში შეტანას უზრუნველყოფს პროექტის კოორდინატორი. ასეთ შემთხვევაში პროექტის კოორდინატორი უზრუნველყოფს ფიზიკურად წარდგენილი განცხადებების პირველი პირების დადგენილი წესით დაარქივებას.

4. მოქალაქეს/საინიციატივო ჯგუფს შეუძლია წარადგინოს საპროექტო წინადადებების შეუზღუდავი რაოდენობა.

5. წარსადგენი საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს.

მუხლი 13. საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა

1. წინადადებების მიღების ვადის გასვლის შემდეგ, სამუშაო ჯგუფი ახდენს მიღებული წინადადებების პირველად გადარჩევას ამ დებულების დანართი №1 შესაბამისად.

2. პირველადი გადარჩევის პროცესი უნდა დასრულდეს კენჭისყრის ეტაპის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე.

3. წინადადებების პირველადი გადარჩევისას, სამუშაო ჯგუფი აფასებს, აკმაყოფილებს თუ არა საპროექტო წინადადებ(ები)ა წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს.

4. წინადადებები, რომლებიც აკმაყოფილებს წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს, გადადის კენჭისყრის ეტაპზე.

5. წინადადებების წარმომდგენებს, რომელთა პროექტები ვერ დააკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს, სამუშაო ჯგუფის სახელით ეგზავნებათ პასუხი, თუ რატომ ვერ გაიარა მისმა პროექტმა გადარჩევის ეტაპი. პასუხი შესაძლებელია გაიგზავნოს როგორც წერილობით, ასევე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილურ ტელეფონზე შეტყობინების სახით.  

6. პროგრამის კოორდინატორი უზრუნველყოფს, რომ კენჭისყრის ეტაპზე გადასული პროექტები კენჭისყრისთვის ატვირთული იყოს კენჭისყრის სოფტზე.

მუხლი 14. კენჭისყრის ეტაპი

1. კენჭისყრა ტარდება ელექტრონულად, მუნიციპალური ვებგვერდის ბმულის მეშვეობით.

2. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. კენჭისყრისას მოქალაქემ უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

3. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დაშვებულ იქნეს კენჭისყრაში მონაწილეობა ელექტრონულთან ერთად მატერიალური ფორმითაც – ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლისთვის ან მერიაში შესაბამისი განაცხადის დატოვების გზითაც.

4. კენჭისყრისას თითოეული მონაწილე უფლებამოსილია აირჩიოს და ხმა მისცეს 1 პროექტს.

5. მერის ბრძანებით განსაზღვრული კენჭისყრის ვადის გასვლის შემდეგ ხმის მიცემა აკრძალულია.

6.  გამარჯვებულად ცხადდება ის პროექტ(ებ)ი, რომელმაც დააგროვა ხმების ყველაზე მეტი ოდენობა.

მუხლი 15. გამარჯვებული პროექტის დამუშავება

1. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული პროქტ(ებ)ი შემდგომში გადასამუშავებლად გადაეცემა შესაბამის სამსახურს.

2. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური ამუშავებს საპროექტო წინადადებას, აზუსტებს ბიუჯეტს და საჭიროების შემთხვევაში ამზადებს პროექტის ტექნიკურ დოკუმენტაციას.

3. დაზუსტებული საპროექტო წინადადება გათვალისწინებული უნდა იყოს მუნიციპალურ ბიუჯეტში.

4. საპროექტო წინადადების განხორციელება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. მონაწილოებითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის განხორციელებაზე მონიტორინგი ხორციელდება ამ დებულების დანართი №2-ის შესაბამისად.

მუხლი 16. დასკვნითი დებულებები

მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა ხორციელდება ყოველწლიურად.


 

დანართი №1

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში მოსახლეობისგან შემოსული საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევის მეთოდოლოგია


 


მეთოდოლოგიის მიზანია შეიქმნას ინსტრუმენტი, რომელიც სამუშაო ჯგუფს მისცემს საშუალებას, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში ეფექტურად და გამჭვირვალედ მოახდინოს მოსახლეობისგან შემოსული საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა წინასწარ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად.

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 03 ივლისის №16 დადგენილების შესაბამისად დამტკიცდა საპროექტო წინადადებებისათვის განსაზღვრული შემდეგი კრიტერიუმები:

- საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

- საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებში;

- საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს წინასწარ დამტკიცებულ ლიმიტს (ბიუჯეტს);

- წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან განსაზღვრული დასაგეგმი წლის ბიუჯეტის პროექტში;

- ტექნიკურად უნდა იყოს შესაძლებელი საპროექტო წინადადების განხორციელება;

- საპროექტო განაცხადის ფორმა სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული.

2. პროგრამის კოორდინატორი ახდენს საპროექტო წინადადებების წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებთან მიმართებაში შეფასების აღრიცხვას (ე.წ. check-list) თანდართული ფორმით.

მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პროექტის განხორციელების კრიტერიუმი

1. პროგრამის კოორდინატორმა უნდა გადაამოწმოს, რომელი დასახლებული პუნქტი არის მითითებული საპროექტო წინადადებაში და მიეკუთვნება თუ არა ეს დასახლებული პუნქტი მუნიციპალიტეტის ტერიტორიას.

2. ახალი ხაზობრივი ნაგებობის (მაგალითად, წყალსადენის მილის, შემკრები აუზის, სათავე ნაგებობის) მშენებლობის პროექტის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის სამსახურმა უნდა გადაამოწმოს, რომ პროექტის ყველა ელემენტი მდებარეობდეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (არ გადადიოდეს მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე).

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე დადებითი პასუხის შემთხვევაში წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად.

მუხლი 3. საკუთარი უფლებამოსილებების კრიტერიუმი

 პროგრამის კოორდინატორმა მერიის იურიდიულ განყოფილებასთან ერთად უნდა შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა საპროექტო წინადადებით გათვალისწინებული საქმიანობა საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებებიდან ერთ-ერთს მაინც. დადებითი პასუხის შემთხვევაში წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად.

მუხლი 4. ბიუჯეტის კრიტერიუმი

1. სამუშაო ჯგუფის წევრებმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურების უფლებამოსილმა პირებმა უნდა მოახდინონ წინასწარი შეფასება, თუ რამდენად შეესაბამება საპროექტო წინადადება წინასწარ დადგენილი ბიუჯეტის ლიმიტის ფარგლებს.

2. საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სხვადასხვა მეთოდები. კერძოდ, შესაძლოა გაანალიზდეს სხვა მსგავსი პროექტების განხორციელებისას დახარჯული ფინანსური რესურსები და სახელმძღვანელოდ აღებული იქნეს მსგავსი განხორციელებული პროექტის/ობიექტების ფაქტობრივი საშუალო ღირებულება.

3. მსგავსი ობიექტის ღირებულებასთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსგავსობის ხარისხი და შეფასდეს, რამდენად მნიშვნელოვან ფასთა სხვაობას იძლევა ეს განსხვავება.

4. შესაფასებლად ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ერთეული ფასის განფასება ან იდენტურ საქონელზე ბაზარზე არსებული ფასები.

5. იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო წინადადების სავარაუდო ღირებულება შეესაბამება ბიუჯეტის ლიმიტის ფარგლებს, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად.

მუხლი 5. ახალი წინადადების კრიტერიუმი

1. საპროექტო წინადადება უნდა იყოს ახალი, რაც გულისხმობს, რომ ეს პროექტი არ უნდა იყოს განხორციელების ეტაპზე, ან ამ პროექტის განხორციელება ისედაც არ უნდა იყოს გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში.

2. ამ მიზნით, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო   სამსახურის უფლებამოსილმა პირმა შესაბამის დარგობრივ სამსახურთან ერთობლივად უნდა გადაამოწმოს, საპროექტო წინადადებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება ხომ არ არის გათვალისწინებული მიმდინარე ან დასაგეგმ საბიუჯეტო წელს.

3. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად.

მუხლი 6. პროექტის განხორციელების შესაძლებლობის კრიტერიუმი

1. მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურმა უნდა გადაამოწმოს, ხომ არ არსებობს საპროექტო წინადადების განხორციელების ისეთი ხელის შემშლელი ფაქტორები, რომელიც პროექტის ჩაშლას გამოიწვევს, ან პროექტის განხორციელებას მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დააყენებს.

2. ასეთი ფაქტორები შეიძლება იყოს: წყალმომარაგების მოწყობის შემთხვევაში – წყლის დებეტის ნაკლებობა; თვითდენითი წყალმომარაგების სისტემაში – სიმაღლეებს შორის უარყოფითი ან უმნიშვნელო დადებითი სხვაობა, სპორტული მოედნის აშენების შემთხვევაში – ასაშენებელ ზონაში მუნიციპალიტეტს არ ჰქონდეს საკუთარი მიწა ან ჰქონდეს ისეთი ნაკვეთი, რომლის სპორტულ მოედნად გამოყენებისას შეიზღუდება სხვა საჯარო სივრცესთან მოქალაქეთა წვდომა (მაგალითად, ჩაკეტავს სკოლისკენ მიმავალ გზას) და ა.შ.

3. სამუშაო ჯგუფის წევრებმა მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ან სხვა შესაბამისი სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა გაანალიზონ, რამდენად არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორები, რომლებსაც გავლენა შეუძლია მოახდინოს პროექტის წარმატებით განხორციელებაზე.

4. უარყოფითი პასუხების შემთხვევაში წინამდებარე კრიტერიუმი დაკმაყოფილებულად ჩაითვლება.

მუხლი 7. გენდერული ასპექტები

1. შემოსული და გადარჩეული საპროექტო წინადადებებიდან დგება ცალკე ცხრილი, რომელშიც შედის ის საპროექტო წინადადებები, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და გაძლიერებას, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრას და შედეგებთან ბრძოლას.

მუხლი 8. დასკვნითი ნაწილი

1. ის საპროექტო წინადადება, რომელიც აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, ავტომატურად გადადის კენჭისყრის ეტაპზე.

2. პროგრამის კოორდინატორი ავსებს შესაბამისობის ფორმას თითოეული საპროექტო წინადადებისთვის, რაზეც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის წევრები.

3. საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა უნდა დასრულდეს კენჭისყრის ეტაპის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე.


 

დანართი №2

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული  პროექტ(ებ)ის განხორციელებაზე მონიტორინგის მეთოდოლოგია

მეთოდოლოგიის მიზანია, შეიქმნას ინსტრუმენტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულებაზე განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა.

მუხლი 1. გამარჯვებული პროექტ(ებ)ის გამოვლენა

1.ხარაგაულის  მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი გამოვლინდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 2. პროექტ(ებ)ის ბიუჯეტში გათვალისწინება

1.გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ასახული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

მუხლი 3. პროექტ(ებ)ის დაფინანსება მიზნობრივი ტრანსფერიდან

1. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური (ან სხვა სახის მიზნობრივი) ტრანსფერი და ამ ტრანსფერის გამოყოფა ხორციელდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცების შემდგომ, მაშინ გამარჯვებული პროექტ(ებ)ი შესაძლებელია ბიუჯეტში აისახოს მოგვიანებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ტრანსფერის გამოყოფის შემდგომ.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მერიამ გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ასახოს პრიორიტეტების დოკუმენტში. ასევე, ეს პროექტ(ებ)ი მოხვდეს იმ ჩამონათვალში, რომელიც დაფინანსების მოთხოვნით წარედგინება საქართველოს მთავრობას.

მუხლი 4. პროექტ(ებ)ის განხორციელება

1. მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტი ქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე – www.matsne.gov.ge. გამარჯვებული პროექტ(ებ)ი, მისი შინაარსის და მოცულობის გათვალისწინებით დამტკიცებულ ბიუჯეტში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც ცალკე პროგრამად ან ქვეპროგრამად, ასევე პროგრამის ან ქვეპროგრამის შემადგენელ ერთ-ერთ ღონისძიებად.

2. ბიუჯეტში ასახვის შემდგომ გამარჯვებული პროექტ(ებ)ი უნდა აისახოს მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმაში, რომელიც ასევე ქვეყნდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.spa.gov.ge.

3. თუ სხვა წყაროდან არ მოიპოვება ინფორმაცია გამარჯვებული პროექტ(ებ)ის განხორციელების ვადების შესახებ, შესყიდვების გეგმის და საბიუჯეტო განწერის მეშვეობით შესაძლებელია განისაზღვროს პროექტ(ებ)ის შესრულების პერიოდი.

4.  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე www.spa.gov.ge ასევე შესაძლებელია ინახოს, თუ როდის გამოცხადდება ტენდერი გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულებაზე, ვინ გაიმარჯვა ტენდერში და  შეასრულებს პროექტ(ებ)ს, რა ღირებულებით,   რა ვადებში  და სხვა.

 მუხლი 5. პროექტ(ებ)ის შესრულების ანგარიშგება

1. გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულებაზე, გარდა ფიზიკური მონიტორინგისა, ასევე შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშებიდან, რომელსაც  აღმასრულებელი ხელისუფლება საკრებულოს წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში მოცემული უნდა იყოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების, მათ შორის, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულების შესახებ ინფორმაცია.

3.  ინფორმაცია პროექტ(ებ)ის ბიუჯეტში ასახვის, მისი განხორციელებისა და ანგარიშგების შესახებ საჯაროა და ყველა ზემოაღნიშნულ საშუალებასთან ერთად იგი შესაძლებელია გამოთხოვილი იყოს მერიის შესაბამისი სამსახურიდან დროის ნებისმიერ პერიოდში.