დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტექნიკური რეგლამენტის − გამონაკლისი წესები თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“ დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 216 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 03/07/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.024610 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის − გამონაკლისი წესები თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“ დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − გამონაკლისი წესები თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
ტექნიკური რეგლამენტი − გამონაკლისი წესები თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით
|
მუხლი 1. ზოგადი მოთხოვნები
1. „ტექნიკური რეგლამენტი – გამონაკლისი წესები თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესის“ მე-15 მუხლიდან − „მოთხოვნები სურსათის ტრანსპორტირებისადმი“ გამონაკლის წესებს თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო გემით ტრანსპორტირებისათვის. 2. თხევადი ზეთები და ცხიმები, რომლებიც განკუთვნილია ან შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ადამიანის მიერ (ზეთები ან ცხიმები) მოხმარებისათვის, შესაძლებელია, ტრანსპორტირებულ იქნეს საზღვაო გემებით, რომლებიც არ არიან განკუთვნილი სურსათის ტრანსპორტირებისათვის, იმ პირობით, თუ დაცული იქნება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები. 3. ტექნიკურ რეგლამენტი ვრცელდება იმ თხევად ზეთებსა და ცხიმებზე, რომელთა ტრანსპორტირება ხდება ცისტერნებით საზღვაო გემებზე და განკუთვნილია საქართველოში ბაზარზე განსათავსებლად. მუხლი 2. გამონაკლისის პირობები 1. ტვირთი, რომელიც ზეთებისა და ცხიმების ტრანსპორტირებამდე გადატანილ იქნა საზღვაო გემის იმავე მოწყობილობებით (შემდგომში − „წინა ტვირთი“), უნდა შედგებოდეს მხოლოდ იმ ნივთიერებებისგან ან ნივთიერებების ნარევისგან, რომელიც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართის − „დასაშვები „წინა ტვირთების“ ჩამონათვალი“ შესაბამისად. 2. დასაშვებია თხევადი ზეთების ან ცხიმების ტრანსპორტირება, რომლებიც ექვემდებარება დამუშავებას იმ ცისტერნებით, რომლებიც არ არის განკუთვნილი მხოლოდ სურსათის ტრანსპორტირებისათვის, ერთ-ერთი პირობის დაცვით: ა) თუ ზეთების ან ცხიმების ტრანსპორტირება ხდება უჟანგავი ფოლადის ცისტერნით ან ცისტერნით, რომელიც დაფარულია ეპოქსიდური ფისით ან მისი ტექნიკური ეკვივალენტით, უშუალოდ მისი „წინა ტვირთი“ უნდა იყოს ერთ-ერთი: ა.ა) სასურსათო პროდუქტი; ა.ბ) ტვირთი, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართით განსაზღვრული დასაშვები „წინა ტვირთის“ სიიდან; ბ) თუ ზეთების ან ცხიმების ტრანსპორტირება ხდება ცისტერნით, რომელიც დამზადებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მასალისგან განსხვავებული მასალით, წინა სამი ტვირთი, რომელიც ამ ცისტერნით იქნა ტრანსპორტირებული, უნდა იყოს ერთ-ერთი: ბ.ა) სასურსათო პროდუქტი; ბ.ბ) ტვირთი, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართით განსაზღვრული დასაშვები „წინა ტვირთის“ სიიდან. 3. თხევადი ზეთებისა და ცხიმების, რომლებიც არ ექვემდებარება დამუშავებას, ტრანსპორტირება დასაშვებია იმ ცისტერნებით, რომლებიც არ არის განკუთვნილი მხოლოდ სურსათის ტრანსპორტირებისათვის და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) ცისტერნა უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ პირობას: ა.ა) უნდა იყოს უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული; ა.ბ) დაფარული უნდა იყოს ეპოქსიდური ფისით ან მისი ტექნიკური ეკვივალენტით; ბ) წინა სამი ტვირთი, რომელიც ამ ცისტერნით იქნა გადაზიდული, უნდა იყოს სასურსათო პროდუქტი. მუხლი 3. ჩანაწერების შენახვა 1. საზღვაო გემის კაპიტანი, რომელიც ახორციელებს თხევადი ზეთებისა და ცხიმების ცისტერნებით ტრანსპორტირებას, ვალდებულია, შეინახოს დოკუმენტური მტკიცებულება შესაბამისი ცისტერნებით ტრანსპორტირებულ წინა სამ ტვირთთან და ამ ტვირთების ტრანსპორტირებას შორის ჩატარებულ დასუფთავების ეფექტიანობასთან დაკავშირებით. 2. თუ ტვირთი იქნა გადატვირთული სხვა საზღვაო გემზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, ტვირთის მიმღები საზღვაო გემის კაპიტანი ვალდებულია, შეინახოს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება, რომ თხევადი ზეთების ან ცხიმების წინა ტრანსპორტირება შეესაბამებოდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირობებს და ამ ტვირთების ტრანსპორტირებებს შორის დასუფთავების პროცესების ეფექტიანობას. 3. საზღვაო გემის კაპიტანი ვალდებულია, გემის საზღვაო ნავსადგურში შესვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოს. დანართი დასაშვები „წინა ტვირთების“ ჩამონათვალი
|
დოკუმენტის კომენტარები