დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2015 წლის 10 ივნისის №101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4245 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 02/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130040000.43.048.016024 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების მე-13 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1.
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2015 წლის 10 ივნისის №101 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 11.06.2015 წ., 130040000.43.048.016012) დამტკიცებულ დისციპლინურ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წესდების მიზანია სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის მოსამსახურეთა წახალისება, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მოსამსახურეთა ქმედებებში დარღვევების პრევენცია და სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცება. 3. სამსახურის თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ და დაიცვან სამსახურებრივი დისციპლინა მათდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში.“. |
2.
მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურებრივი დისციპლინა გულისხმობს მოსამსახურეთა მიერ სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით, მათ შორის, ამ წესდებითა და მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობებით დადგენილი წესრიგის განუხრელად დაცვას. 2. სამსახურებრივი დისციპლინა სამსახურში ეფუძნება მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებას, პასუხისმგებლობის მაღალ შეგნებას, მათ მუდმივ მზადყოფნას სამსახურებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად. 3. სამსახურებრივი დისციპლინა მოსამსახურეს უყენებს შემდეგ ვალდებულებებს: ა) მკაცრად დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, ზუსტად შეასრულოს წესდებითა და უფროსის ბრძანებებით გათვალისწინებული მოთხოვნები; ბ) შეასრულოს მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის უკავშირდება პროფესიულ რისკებს; გ) დაიცვას სახელმწიფო და პროფესიული საიდუმლოება; დ) გაუფრთხილდეს მისთვის მინდობილ იარაღს, სპეციალურ ტექნიკასა და სახელმწიფო ქონებას.“. |
3.
მე-3 მუხლის:
|
ა)
პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ორგანიზებას უწევენ მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების, აგრეთვე სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით დადგენილ ფარგლებში მათი სოციალური უზრუნველყოფის, წახალისებისა და დისციპლინური საკითხების გადაწყვეტას.“; |
ბ)
მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.სამსახური, უსაფრთხოების დირექტორატის მეშვეობით, ახორციელებს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ინსპექტირებას/შემოწმებას. 4.მოსამსახურის წახალისების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები წარადგენენ შესაბამის შუამდგომლობას სამსახურის უფროსთან ან საამისოდ უფლებამოსილ პირთან, ხოლო მოსამსახურის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, ისინი წერილობითი ფორმით ატყობინებენ აღნიშნულის შესახებ სამსახურის უფროსს სამსახურებრივი შემოწმების (დისციპლინური წარმოების) დაწყების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.“ |
გ)
მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
4.
მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.მოსამსახურის წახალისება არის სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების მნიშვნელოვანი პირობა.“. |
5.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7 სამსახურებრივი მოვალეობების ღირსეულად შესრულებისათვის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ შესაბამისი ქვედანაყოფების უფროსები წერილობითი ფორმით, მოტივირებული პატაკის წარდგენით შუამდგომლობენ სამსახურის უფროსთან ან საამისოდ უფლებამოსილ პირთან.“. |
6.
მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი ვალდებულია მოსამსახურის წახალისების საკითხის ინიცირებამდე მიმართოს სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატს შესაძლო დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის დადგენის მიზნით.“. |
7.
მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11 1. დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანია გამოვლენილი დარღვევების განმეორების თავიდან აცილება და სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცება. 2. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს: ა) სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; დ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამსახურის ავტორიტეტს; ე) ფიცის გატეხვა; ვ) სამუშაო პერიოდში მოსამსახურის მიერ სამსახურში შეუფერებელი ჩაცმულობით გამოცხადება; ზ) პირის მიმართ შევიწროების ან/და სექსუალური შევიწროების ჩადენა, თუ აღნიშნული ქმედება არ შეიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნებს. 3. სამსახურებრივი შემოწმება (დისციპლინური წარმოება) იწყება სამსახურის უფროსის წერილობითი დავალებით. ასეთი დავალების გაცემის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წერილობითი შეტყობინება, რომელიც თავის მხრივ უნდა ეფუძნებოდეს: ა) წერილობითი ან ზეპირი ფორმით მიღებულ ინფორმაციას; ბ) სამსახურის უფროსის დავალებით ჩატარებული სამსახურებრივი ინსპექტირებისას აღმოჩენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტს; გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას. 4. მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის შესახებ ზეპირი ფორმით მიღებული ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის შემთხვევაში, სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატი ადგენს შესაბამის ცნობას მოსამსახურის მიერ შესაძლო გადაცდომის ჩადენის შესახებ და სამსახურებრივი შემოწმების (დისციპლინური წარმოების) საკითხის გადაწყვეტის მიზნით, დადგენილი წესით, მიმართავს სამსახურის უფროსს. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის ფაქტებზე, დადგენილი წესით, პირველად რეაგირებას ახდენს სამსახურის უფროსის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ან სპეციალური სამუშაო ჯგუფი.“. |
8.
მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15 მოსამსახურე, სხვა მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსს, რომელიც თავის მხრივ აღნიშნულის შესახებ აცნობებს სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატს. მუხლი 16 1. მოსამსახურის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, უშუალო უფროსები მიუთითებენ მის ქმედებაში არსებულ დარღვევებზე და იღებენ ზომებს არამართლზომიერი ქმედების დაუყოვნებლივ აღსაკვეთად. აღნიშნულის შესახებ სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსები შეიძლება გაესაუბრონ მოსამსახურეს ან/და ასევე შესაბამისი დახმარებისათვის (მათ შორის კონსულტაციისთვის) მიმართონ სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატს. მოსამსახურის ქმედებაში დარღვევის ნიშნების არსებობის შემთხვევაში სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობებენ სამსახურის უფროსს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. 2. სამსახურის უფროსი აფასებს გამოვლენილი დარღვევის ხასიათსა და სიმძიმეს, მომხდართან დაკავშირებულ გარემოებებს და იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურის მიმართ სამსახურებრივი შემოწმების (დისციპლინური წარმოების) დაწყების შესახებ. 3. სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივი შემოწმების (დისციპლინური წარმოების) დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატი. მუხლი 17 1. მოსამსახურე, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება (დისციპლინური წარმოება), ვალდებულია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გასაუბრებისა და წერილობითი ახსნა-განმარტების ჩაბარების მიზნით, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ინფორმირების შემდეგ, გამოცხადდეს სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატში, ამავე დირექტორატის წარმომადგენლის მიერ განსაზღვრულ დროსა და ადგილას. 2. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი ინსპექტირების/შემოწმების შედეგად მოპოვებული/შედგენილი მასალების ანალიზის საფუძველზე, დადასტურდა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი, უსაფრთხოების დირექტორატი ადგენს დასკვნას მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (შემდგომში – „დასკვნა“), ხოლო ასეთი ფაქტის დაუდასტურებლობისას – დასკვნას დისციპლინური წარმოების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნულ დასკვნას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. 3. დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს და აკმაყოფილებდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 4. სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატი, დისციპლინური წარმოების მასალებს, მათ შორის დასკვნას, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წერილობითი სახით (პატაკით) წარუდგენს სამსახურის უფროსს. მუხლი 18 თუ მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, სამსახურებრივი შემოწმების მასალები ეგზავნება საქართველოს გენერალურ პროკურატურას.“. |
9.
მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20 დისციპლინური დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატის სამსახურებრივი შემოწმებისა და ინსპექტირების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირები აფიქსირებენ დარღვევის ფორმასა და არსს, მისი გამოვლენის დროს, მიუთითებენ გადაცდომის ჩამდენის ვინაობას და ადასტურებენ ხელმოწერით. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ხდება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების ინფორმირება.“. |
10.
ამოღებულ იქნეს 21-ე და 22-ე მუხლები.
|
11.
23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23 სამსახურის უფროსი მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის სახეს განსაზღვრავს სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატის მიერ წარდგენილი პატაკის, დისციპლინური წარმოების მასალებისა (მათ შორის დასკვნის) და მასში მითითებული გარემოებების მტკიცებულებების გათვალისწინებით.“. |
12.
25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოსამსახურე დისციპლინური სახდელის არმქონედ ითვლება, თუ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელის გამოყენების შემთხვევაში გასულია – 3 (სამი) თვე; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელის გამოყენების შემთხვევაში გასულია – 6 (ექვსი) თვე; გ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელის გამოყენების შემთხვევაში გასულია ის ვადა, რომლითაც მოსამსახურეს შეეფარდა აღნიშნული სახდელი.“. |
13.
ამოღებულ იქნეს 27-ე მუხლი.
|
14.
28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28 დისციპლინური სახდელი აღსრულებულად ითვლება დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან.“. |
15.
ამოღებულ იქნეს VII თავი.
|
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები