„უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ“ გლობალური კონვენცია

„უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ“ გლობალური კონვენცია
დოკუმენტის ნომერი 14-30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2024
ძალაში შესვლის თარიღი 11/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016779
14-30
22/03/2024
ვებგვერდი, 03/07/2024
480610000.03.030.016779
„უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ“ გლობალური კონვენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

გლობალური კონვენცია

„უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ" 

 

პარიზი

25 ნოემბერი, 2019

 

 


პრეამბულა

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალური კონფერენცია, რომელიც პარიზში, 2019 წლის 12 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, შეიკრიბა მის მე-40 სესიაზე,

შთაგონებულია რა საერთო სურვილით, რომ მონაწილე სახელმწიფოებს შორის გაძლიერდეს საგანმანათლებლო, გეოგრაფიული, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სოციალურ-ეკონომიკური კავშირები გაღრმავდეს რეგიონებს შორის დიალოგი და გაზიარებული იქნეს მონაწილე სახელმწიფოებს შორის აღიარების ინსტრუმენტები და პრაქტიკა,

იხსენიებს რა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) წესდებას, რომელიც ადგენს, იმას რომ - „ორგანიზაციის მიზანია მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა ერებს შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის მხარდაჭერის გზით“,

ითვალისწინებს რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1945 წლის წესდების დებულებებს, 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, 1951 წლის ლტოლვილთა სტატუსის შესახებ კონვენციას და მის 1967 წლის ოქმს, 1954 წლის კონვენციას მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ, იუნესკოს 1960 წლის განათლებაში დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კონვენციას და კერძოდ მის 4a მუხლს, 1966 წლის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს და იუნესკოს 1989 წლის კონვენციას ტექნიკური და პროფესიული განათლების შესახებ,

ითვალისწინებს რა იუნესკოს 1993 წლის რეკომენდაციას უმაღლესი განათლების სფეროში სწავლისა და კვალიფიკაციების აღიარების შესახებ, იუნესკოს 1997 წლის რეკომენდაციას უმაღლესი განათლების სფეროში მასწავლებელთა სტატუსის შესახებ, გაეროს 2007 წლის დეკლარაციას მკვიდრი ხალხების უფლებების შესახებ და იუნესკოს 2017 წლის რეკომენდაციას მეცნიერებისა და სამეცნიერო მკვლევრების შესახებ,

ეყრდნობა რა იუნესკოს რეგიონულ კონვენციებს უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ,

კიდევ ერთხელ ადასტურებს რა მონაწილე სახელმწიფოების პასუხისმგებლობას, რომ ხელი შეუწყონ ინკლუზიურ და თანაბარ ხარისხიან განათლებას ყველა დონეზე და ყველასთვის უწყვეტი განათლების შესაძლებლობებს,

აცნობიერებს რა უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტუდენტების, მუშაკების, პროფესიონალების, მკვლევარებისა და პროფესორ- მასწავლებლების მობილობის გაზრდის, ასევე, სამეცნიერო კვლევაში და სწავლებისა და სწავლის სხვადასხვა გზების, მეთოდების, განვითარებისა და ინოვაციების ცვლილებების მნიშვნელობას,

განიხილავს რა, როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებების მიერ უზრუნველყოფილ უმაღლეს განათლებას, როგორც საზოგადოებრივ სიკეთეს და საჯარო პასუხისმგებლობას და გაცნობიერებული აქვს რა აკადემიური თავისუფლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიის პრინციპების შენარჩუნებისა და დაცვის აუცილებლობა,

დარწმუნებულია რა, რომ უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული ლკვალიფიკაციების საერთაშორისო აღიარება ხელს შეუწყობს ურთიერთდამოკიდებულ სწავლებასა და ცოდნის განვითარებას მოსწავლეებისა და სწავლის, პროფესორ-მასწავლებლების, სამეცნიერო კვლევისა და მკვლევარების, მუშაკებისა და პროფესიონალების მობილობით და უმაღლესი განათლების სფეროში გააღრმავებს საერთაშორისო თანამშრომლობას,

პატივს სცემს რა მონაწილე სახელმწიფოებს შორის კულტურულ მრავალფეროვნებას, მათ შორის, განსხვავებულ საგანმანათლებლო ტრადიციებსა და უმაღლესი განათლების ღირებულებებს,

სურს რა უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების გლობალური კონვენციის საჭიროებაზე რეაგირება, რომელიც შეავსებს იუნესკოს რეგიონულ კონვენციებს უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ და გააძლიერებს მათ ერთიანობას,

დარწმუნებულია რა აღიარების გლობალური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად საერთო, პრაქტიკული და გამჭვირვალე გადაწყვეტილებების აუცილებლობაში,

დარწმუნებულია რა, რომ ეს კონვენცია, გლობალურ დონეზე ხელს შეუწყობს საერთაშორისო მობილობას, კომუნიკაციასა და თანამშრომლობას აღიარების სამართლიან და გამჭვირვალე პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე, ხარისხის უზრუნველყოფასა და აკადემიურ ერთიანობას უმაღლესი განათლების სფეროში,

იღებს ამ კონვენციას 2019 წლის ნოემბრის ოცდამეხუთე დღეს.


ნაწილი I. ტერმინების განმარტება

მუხლი I

ამ კონვენციის მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

წვდომა (უმაღლეს განათლებაზე): კვალიფიკაციის მქონე ნებისმიერი პირისთვის მინიჭებული უფლება, რომ წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა და განხილული იქნეს უმაღლესი განათლების საფეხურზე დაშვების მიზნით.

მიღება (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და პროგრამებზე): ქმედება ან სისტემა, რომელიც კვალიფიციურ განმცხადებლებს საშუალებას აძლევს, რომ მიიღონ უმაღლესი განათლება კონკრეტულ დაწესებულებაში და/ან კონკრეტულ პროგრამაზე.

განმცხადებელი:

(a) პირი, რომელიც აღიარების კომპეტენტურ ორგანოს წარუდგენს კვალიფიკაციას, ნაწილობრივ განათლებას ან წინარე განათლებას შეფასების და/ან აღიარების მიზნით; ან

(b) ერთეული, რომელიც მოქმედებს ფიზიკური პირის თანხმობით, მისი სახელით.

შეფასება: განმცხადებლის კვალიფიკაციის, ნაწილობრივი განათლების ან წინარე ცოდნის შეფასება აღიარების კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელიც ჩართულია კვალიფიკაციების შეფასებაში.

კომპეტენტური ორგანო: ფიზიკური პირი ან ერთეული, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, შესაძლებლობა ან სამართლებრივი უფლებამოსილება, რომ განსაზღვრული ფუნქცია შეასრულოს.

აღიარების კომპეტენტური ორგანო: ერთეული, რომელიც მონაწილე მხარის კანონების, რეგულაციების, პოლიტიკის ან პრაქტიკის შესაბამისად აფასებს კვალიფიკაციებს და/ან იღებს გადაწყვეტილებებს კვალიფიკაციების აღიარების შესახებ.

შემადგენელი ერთეულები: ამ კონვენციის მონაწილე მხარის ოფიციალური ერთეულები ადგილობრივი იურისდიქციების დონეზე, როგორებიცაა: პროვინციები, შტატები, საგრაფოები ან ოლქები, ამ კონვენციის XX (b) მუხლის (ფედერალური და არაუნიტარული კონსტიტუციური სისტემები) შესაბამისად.

ტრანსსასაზღვრო განათლება: განათლების მიწოდების ყველა ფორმა, რომელიც მოიცავს ადამიანების, ცოდნის, პროგრამების, პროვაიდერებისა და სასწავლო გეგმების გადაადგილებას მონაწილე მხარეების საზღვრებს შორის, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ხარისხით უზრუნველყოფილი ერთობლივ საერთაშორისო პროგრამებს, ტრანსსასაზღვრო უმაღლეს განათლებას, ტრანსნაციონალურ განათლებას, ოფშორულ განათლებას და საზღვრების გარეშე განათლებას.

იძულებით გადაადგილებული პირი: პირი, რომელიც იძულებულია გადავიდეს საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან ან გარემოდან და პროფესიული საქმიანობიდან სხვა ადგილზე ან გარემოში.

ფორმალური განათლების სისტემა: მონაწილე მხარის საგანმანათლებლო სისტემა, მათ შორის, ოფიციალურად აღიარებული ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლებიც პასუხისმგებლები არიან განათლებაზე, ასევე, საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები ყველა დონეზე, რომლებიც აღიარებულები არიან მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ და ამგვარად უფლებამოსილები არიან განახორციელონ სწავლება და განათლებასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება.

ფორმალური განათლება: სტრუქტურირებულ სასწავლო გარემოში განხორციელებული საქმიანობის ფარგლებში სწავლა, რის შედეგადაც საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ენიჭება ოფიციალური კვალიფიკაცია, რომელიც აღიარებულია მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ და ამგვარად, უფლებამოსილია რომ განახორციელოს ასეთი საგანმანათლებლო საქმიანობა.

უმაღლესი განათლება: ყველა ტიპის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ან სასწავლო კურსები საშუალო განათლების შემდგომ საფეხურზე, რომლებიც აღიარებულია მონაწილე მხარის ან მისი შემადგენელი ერთეულის კომპეტენტური ორგანოების მიერ და მიეკუთვნება მისი უმაღლესი განათლების სისტემას.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებ: დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებას, აღიარებულია მონაწილე მხარის ან მისი შემადგენელი ერთეულის კომპეტენტური ორგანოს მიერ და მისი უმაღლესი განათლების სისტემის ნაწილია.

უმაღლესი სანმანათლებლო პროგრამა: მონაწილე მხარის ან მისი შემადგენელი ერთეულის კომპეტენტური ორგანოს მიერ აღიარებული საშუალო განათლების შემდგომი საფეხურის პროგრამა, რომელიც მიეკუთვნება მის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემას და  და    რომლის    წარმატებით    დასრულება   სტუდენტს უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციით.

არაოფიციალური განათლება: სწავლა, რომელიც მიმდინარეობს ფორმალური განათლების სისტემის მიღმა და რომელიც გამომდინარეობს სამუშაოსთან, ოჯახთან, ადგილობრივ საზოგადოებასთან ან დასვენებასთან დაკავშირებული ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობიდან.

საერთაშორისო ერთობლივი ხარისხი: ტრანსსასაზღვრო განათლების ხარისხის ტიპი; ინტეგრირებული, კოორდინირებული და ერთობლივად შეთავაზებული პროგრამის დასრულების     შემდეგ     მინიჭებული     ერთი     ხარისხი, რომელიც   ერთობლივად აღიარებული და/ან ავტორიზებულია ორი, ან მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომლებიც ერთზე მეტ ქვეყანას მიეკუთვნებიან.

სწავლის შედეგები: მოსწავლის მიერ შეძენილი ცოდნა და უნარები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ.

უწყვეტი განათლება: პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველა სასწავლო საქმიანობას, ფორმალურს, არაფორმალურს და არაოფიციალურს, გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში და აქვს ადამიანის შესაძლებლობების, ცოდნის, უნარების, დამოკიდებულებებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებისა და განვითარების მიზანი.

მობილობა: ფიზიკური პირების ფიზიკური ან ვირტუალური გადაადგილება საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთ სწავლის, კვლევის, სწავლების ან მუშაობის მიზნით.

არაფორმალური განათლება: განათლების ან ტრენინგის ფარგლებში სწავლა, სადაც აქცენტი კეთდება სამუშაოზე, რომელიც არ მიეკუთვნება ფორმალური განათლების სისტემას.

განათლების არატრადიციული მეთოდები: საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო აქტივობების განხორციელების ფორმალური, არაფორმალური და არაოფიციალური მექანიზმები, რომლებიც ძირითადად არ ეყრდნობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პირისპირ ურთიერთობას.

ნაწილობრივი აღიარება: სრული და დასრულებული კვალიფიკაციის ნაწილობრივ აღიარება, რომელიც ვერ იქნება სრულად აღიარებული აღიარების კომპეტენტური ორგანოს მიერ არსებითი განსხვავებების გამოვლენის გამო.

ნაწილობრივი განათლება: უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ნებისმიერი ნაწილი, რომელიც თავისთავად არ არის სრული პროგრამა, რომელიც შეფასდა და წარმოადგენს ცოდნის, უნარების, დამოკიდებულებებისა და კომპეტენციების მნიშვნელოვან შენაძენს.

წინარე ცოდნა: გამოცდილება, ცოდნა, უნარები, დამოკიდებულებები და კომპეტენციები, რომლებიც პირმა ფორმალური, არაფორმალური ან არაოფიციალური სწავლის შედეგად შეიძინა და რაც სწავლის შედეგების, მიზნების ან სტანდარტების მოცემული კრიტერიუმების მიხედვით ფასდება.

კვალიფიკაცია:

(a) უმაღლესი განათლების კვალიფიკაცია: ნებისმიერი ხარისხი, დიპლომი, სერტიფიკატი ან ჯილდო, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ და ადასტურებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულებას ან წინარე ცოდნას, სადაც ეს შესაძლებელია;

(b) უმაღლეს განათლებაზე დაშვებისთვის ხელმისაწვდომობისთვის საჭირო კვალიფიკაცია: უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებისმიერი ხარისხი, დიპლომი, სერტიფიკატი ან ჯილდო, რომელიც ადასტურებს საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით   დასრულებას   ან   წინარე   ცოდნას      საჭიროების   მიხედვით და კვალიფიკაციის მფლობელს აძლევს უფლებას, რომ განიხილებოდეს უმაღლესი განათლების სისტემაში დაშვების მიზნით.

კვალიფიციური განმცხადებელი: პირი, რომელმაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები და მიჩნეულია უფლების მქონედ, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მიღების მიზნით წარადგინოს განაცხადი.

კვალიფიკაციების ჩარჩო: კრიტერიუმების მიხედვით, ხარისხით უზრუნველყოფილი კვალიფიკაციების კლასიფიკაციის, გამოქვეყნებისა და ორგანიზების სისტემა.

ხარისხის უზრუნველყოფა: მიმდინარე პროცესი, რომლის დროსაც უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის, დაწესებულების ან პროგრამის ხარისხი ფასდება კომპეტენტური ორგანოს/ორგანოების მიერ, რათა დაინტერესებული მხარეები დარწმუნდნენ, რომ მისაღები საგანმანათლებლო სტანდარტები მუდმივად ნარჩუნდება და უმჯობესდება.

აღიარება: აღიარების კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოური განათლების კვალიფიკაციის, ნაწილობრივი განათლების ან წინარე ცოდნის ნამდვილობისა და აკადემიური დონის ოფიციალური აღიარება, რათა განმცხადებელი უზრუნველყოს შემდეგი უფლებით და შესაძლებლობით:

(a) უფლებით, რომ წარადგინოს განაცხადი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღებად; და/ან

(b) დასაქმების ძიების შესაძლებლობით.

რეგიონი: ნებისმიერი არეალი, რომელიც იუნესკოს განმარტებით განსაზღვრულია როგორც რეგიონი, ორგანიზაციის მიერ მისი რეგიონული საქმიანობის განხორციელების მიზნით; კერძოდ: აფრიკა, არაბული ქვეყნები, აზია და წყნარი ოკეანეთი, ევროპა, ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზი.

რეგიონული აღიარების კონვენციები: იუნესკოს კონვენციები უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ იუნესკოს თითოეულ რეგიონში, მათ შორის, კონვენცია ხმელთაშუა ზღვის მოსაზღვრე არაბულ და ევროპულ ქვეყნებში უმაღლესი განათლების სასწავლო კურსების, დიპლომებისა და ხარისხების აღიარების შესახებ.

მოთხოვნები:

(a)   ზოგადი მოთხოვნები: პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს უმაღლეს განათლებაზე ან მის კონკრეტულ საფეხურზე წვდომისთვის, ან კონკრეტულ საფეხურზე უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მისაღებად;

(b) განსაკუთრებული მოთხოვნები: პირობები, ზოგადი მოთხოვნების დამატებით, რომლებიც უნდა შესრულდეს კონკრეტულ უმაღლეს     საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებად ან კონკრეტულ სასწავლო სფეროში უმაღლესი განათლების კონკრეტული კვალიფიკაციის მისაღებად.

არსებითი განსხვავებები: მნიშვნელოვანი განსხვავებები უცხოურ კვალიფიკაციასა და მონაწილე მხარის კვალიფიკაციას შორის, რაც სავარაუდოდ ხელს შეუშლის განმცხადებელს, რომ სასურველ საქმიანობაში, მათ შორის და არა მხოლოდ, შემდგომ სწავლაში, კვლევით საქმიანობაში ან დასაქმებაში მიაღწიოს წარმატებას.

ნაწილი II. კონვენციის მიზნები

მუხლი II

ეყრდნობა რა აღიარების შესახებ რეგიონულ კონვენციებს და აძლიერებს რა მათ კოორდინირებას, გადასინჯვასა და მიღწევებს, წინამდებარე კონვენციის მიზნებია:

1. უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა და გაძლიერება;

2. უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნით რეგიონთაშორისი ინიციატივების, პოლიტიკისა და ინოვაციების მხარდაჭერა;

3. გლობალური მობილობის და წარმატებული უმაღლესი განათლების უზრუნველყოფის ხელშეწყობა კვალიფიკაციის მფლობელების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, დამსაქმებლების და ამ კონვენციის მონაწილე მხარეების ნებისმიერი სხვა დაინტერესებული მხარის მიერ ორმხრივი სარგებელის მიღების მიზნით, მონაწილე მხარეების უმაღლესი განათლების სისტემების მრავალფეროვნების გააზრებითა და პატივისცემით;

4. ინკლუზიური გლობალური ჩარჩოს უზრუნველყოფა უმაღლეს განათლებასთან დაკავშრებული კვალიფიკაციების სამართლიანი, გამჭვირვალე, თანამიმდევრული, ლოგიკური, დროული და საიმედო აღიარებისთვის;

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სისტემების ავტონომიისა და მრავალფეროვნების პატივისცემა, მხარდაჭერა და დაცვა;

6. კვალიფიკაციის ხარისხისა და საიმედოობის მიმართ ნდობის ხელშეწყობა, მათ შორის და არა მხოლოდ, პატიოსნებისა და ეთიკური პრაქტიკის ხელშეწყობის გზით;

7. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სისტემებში ხარისხის უზრუნველყოფის კულტურის ხელშეწყობა და ხარისხის უზრუნველყოფის, კვალიფიკაციების ჩარჩოებისა და კვალიფიკაციების აღიარების შესაძლებლობების განვითარება, რომლებიც საჭიროა სანდოობის, თანმიმდევრულობისა და კომპლემენტარობისთვის, საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობის მიზნით;

8. ხელმისაწვდომი, უახლესი, სანდო, გამჭვირვალე და შესაბამისი ინფორმაციის მომზადების, შეგროვების, გაზიარების და დაინტერესებულ მხარეებს, მონაწილე მხარეებსა და რეგიონებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გავრცელების ხელშეწყობა;

9. კვალიფიკაციების აღიარების გზით, ხარისხიან უმაღლეს განათლებაზე ინკლუზიური და თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ყველასთვის, მათ შორის ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, უწყვეტი განათლების შესაძლებლობების მხარდაჭერა;

10. ადამიანური და საგანმანათლებლო რესურსების ოპტიმალური გამოყენების მხარდაჭერა გლობალურად, რათა ხელი შეუწყონ განათლებას მდგრადი განვითარებისთვის და ყველა საზოგადოების სტრუქტურული, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, კულტურული, დემოკრატიული და სოციალური განვითარების ხელშეწყობა.

 

ნაწილი III.    უმაღლეს   განათლებასთან   დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების ძირითადი პრინციპები

მუხლი III

უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარებისთვის ეს კონვენცია ადგენს შემდეგ პრინციპებს:

1. ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ, რომ მათი კვალიფიკაციები შეაფასონ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მოთხოვნის ან დასაქმების შესაძლებლობის ძიების მიზნით.

2. კვალიფიკაციების აღიარება უნდა იყოს გამჭვირვალე, სამართლიანი, დროული და არადისკრიმინაციული თითოეული მონაწილე მხარის წესებისა და რეგულაციების შესაბამისად და უნდა იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი.

ა3. ღიარების შესახებ გადაწყვეტილებები ეფუძნება ნდობას, ნათლად განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და სამართლიან, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციულ პროცედურებს და ხაზს უსვამს უმაღლეს განათლებაზე, როგორც საზოგადოებრივ სიკეთეზე, თანაბარი ხელმისაწვდომობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას, რამაც შეიძლება უზრუნველყოს დასაქმების შესაძლებლობები.

4. აღიარების შესახებ გადაწყვეტილებები ეფუძნება უმაღლესი განათლების სისტემების, დაწესებულებების, პროგრამებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ სათანადო, სანდო, ხელმისაწვდომ და განახლებულ ინფორმაციას, რომელიც უზრუნველყოფილია მონაწილე მხარეების კომპეტენტური ორგანოების, ოფიციალური ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ან მსგავსი ერთეულების  მეშვეობით.

5. აღიარების შესახებ გადაწყვეტილებები მთელ მსოფლიოში უმაღლესი განათლების სისტემების მრავალფეროვნების მიმართ, სათანადო პატივისცემით მიიღება.

6. აღიარების კომპეტენტურმა ორგანოებმა, რომლებიც აღიარების შეფასებას ახორციელებენ, კეთილსინდისიერად უნდა იმოქმედონ, მოახდინონ მიღებული გადაწყვეტილებების მიზეზების ნათლად დემონსტრირება და ასევე უნდა ჰქონდეთ აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმები.

7. განმცხადებლებმა, რომლებიც საკუთარი კვალიფიკაციის აღიარებას ითხოვენ, კეთილსინდისიერად უნდა წარადგინონ ადეკვატური და ზუსტი ინფორმაცია და დოკუმენტაცია მათ მიერ მიღწეული კვალიფიკაციის შესახებ. ასევე, მათ აქვთ გასაჩივრების უფლება.

8. მონაწილე მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიიღებენ ზომებს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციებთან დაკავშირებით თაღლითური პრაქტიკის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და მონაწილე მხარეებს შორის კავშირების დამყარების წახალისებით.

ნაწილი IV.  კონვენციის მონაწილე მხარეების ვალდებულებები

ეს კონვენცია მონაწილე მხარეებისთვის ადგენს შემდეგ ვალდებულებებს:

მუხლი IV. კვალიფიკაციების აღიარება, რაც უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას

1. თითოეული მონაწილე მხარე, მისი უმაღლესი განათლების სისტემაზე წვდომის მიზნებისათვის, აღიარებს სხვა მონაწილე სახელმწიფოებში მიღებულ კვალიფიკაციას და დოკუმენტირებულ ან დადასტურებული წინარე ცოდნას, რომელიც აკმაყოფილებს ამ მონაწილე მხარეში უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზოგად მოთხოვნებს, თუ არ გამოვლინდება არსებითი განსხვავებები ხელმისაწვდომობის იმ ზოგად მოთხოვნებს შორის, რომლებიც არსებობს იმ მონაწილე მხარეებში, სადაც მიღებულია კვალიფიკაცია და სადაც მოთხოვნილია კვალიფიკაციის აღიარება. ალტერნატიულად, მონაწილე მხარისათვის საკმარისი იქნება, რომ სხვა მონაწილე მხარეში გაცემული კვალიფიკაციის მფლობელს მისცეს საშუალება, რომ მიიღოს ამ კვალიფიკაციის შეფასება;

2. აღიარებული არატრადიციული სწავლის მეთოდებით შეძენილი კვალიფიკაციები, რომლებზეც ხარისხის უზრუნველყოფის შედარებითი მექანიზმები ვრცელდება, შეფასდება მონაწილე მხარის ან მისი შემადგენელი ერთეულის წესებისა და რეგულაციების მიხედვით, იმავე კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც სწავლის ტრადიციული მეთოდებით შეძენილი მსგავსი კვალიფიკაციების მიმართ გამოიყენება;

3. თუ კვალიფიკაცია იმ მონაწილე მხარეში იძლევა მხოლოდ კონკრეტული ტიპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ან პროგრამებზე დაშვების შესაძლებლობას, სადაც მიღებულია კვალიფიკაცია, თითოეული მონაწილე მხარე ამ კვალიფიკაციის მფლობელს მიანიჭებს მისი უმაღლესი განათლების სისტემაში შემავალი მსგავსი ტიპის დაწესებულებებზე ან პროგრამებზე ხელმისაწვდომობის უფლებას, არსებობის შემხვევაში, თუ არსებითი განსხვავებები არ გამოვლინდება.

მუხლი V. უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების აღიარება

1. თითოეული მონაწილე მხარე აღიარებს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციას, რომელიც მინიჭებულია სხვა მონაწილე მხარეში, თუ არ გამოვლინდება არსებითი განსხვავებები იმ კვალიფიკაციებს შორის, რომლების აღიარებაც მოთხოვნილია და რომლებიც იმ მონაწილე სახელმწიფოში არსებობს, სადაც მოთხოვნილია აღიარება. ალტერნატიულად, საკმარისია, რომ მონაწილე მხარემ, სხვა მონაწილე მხარეში გაცემული უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მფლობელს მისცეს უფლება, რომ მისი მოთხოვნის საფუძველზე მიიღოს ამ კვალიფიკაციის შეფასება.

2. უმაღლესი განათლების კვალიფიკაცია, რომელიც აღიარებული არატრადიციული სწავლის მეთოდების შედეგადაა მიღებული, რომლებიც ექვემდებარება ხარისხის უზრუნველყოფის შედარებით მექანიზმებს და წარმოადგენს მონაწილე მხარის უმაღლესი განათლების სისტემის ნაწილს, შეფასდება იმ მონაწილე მხარის, ან მისი შემადგენელი ნაწილის წესებისა და რეგულაციების მიხედვით, სადაც მოითხოვენ აღიარებას, იმავე კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც გამოიყენება ტრადიციული სწავლის მეთოდებით შეძენილი მსგავსი კვალიფიკაციების მიმართ.

3. უმაღლესი განათლების კვალიფიკაცია, რომელიც მიღებულია ტრანსსასაზღვრო განათლების მეშვეობით ერთობლივი საერთაშორისო ხარისხით ან ნებისმიერი სხვა ერთობლივი პროგრამით, რომელიც განხორციელებულია ერთზე მეტ ქვეყანაში, რომელთაგან ერთი მაინც არის ამ კონვენციის მონაწილე მხარე, შეფასდება იმ მონაწილე მხარის, ან მისი შემადგენელი ნაწილის წესებისა და რეგულაციების შესაბამისად, სადაც მოთხოვნილია აღიარება, იმავე კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც ერთ ქვეყანაში განხორციელებული პროგრამების მეშვეობით შეძენილი კვალიფიკაციის მიმართ გამოიყენება.

4. მონაწილე მხარის მიერ სხვა მონაწილე მხარეში გაცემული უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის აღიარებას, ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ერთ-ერთი შემდეგი შედეგი ექნება:

(a) ის მფლობელს მისცემს უფლებას, რომ წარადგინოს განაცხადი შემდგომი უმაღლესი განათლების მისაღებად იმავე პირობებით, რომლებიც იმ მონაწილე მხარის უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მფლობელებზე ვრცელდება, სადაც მოთხოვნილია აღიარება; და/ან

(b) ის მისცემს მფლობელს უფლებას, რომ გამოიყენოს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციასთან დაკავშირებული წოდება იმ მონაწილე მხარის, ან მისი შემადგენელი ერთეულის კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, სადაც ის ითხოვს აღიარებას.

გარდა ამისა, შეფასებამ და აღიარებამ შეიძლება კვალიფიციურ განმცხადებლებს საშუალება მისცეს, რომ მოიძიონ დასაქმების შესაძლებლობები იმ მონაწილე მხარის, ან მისი შემადგენელი ერთეულის კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, სადაც მოითხოვენ აღიარებას.

5. თუ აღიარების კომპეტენტური ორგანო გამოავლენს არსებით განსხვავებებს იმ კვალიფიკაციებს შორის, რომლების აღიარებაც მოთხოვნილია და რომლებიც იმ მონაწილე მხარეში არსებობს, სადაც მოთხოვნილია აღიარება, აღიარების კომპეტენტური ორგანო შეეცდება დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა ნაწილობრივი აღიარება.

6. თითოეულ მონაწილე მხარეს შეუძლია უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის აღიარება, რომელიც მიღებულია ტრანსსასაზღვრო განათლებით, ან მისი იურისდიქციის ფარგლებში მოქმედ უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასეთი ინსტიტუტების წარმოშობის მონაწილე მხარის, ან მისი შემადგენელი ერთეულის კანონმდებლობის, ან რეგულაციების კონკრეტული მოთხოვნების გათვალისწინებით, ან ასეთ მონაწილე მხარესთან დადებული კონკრეტული შეთანხმებების საფუძველზე.

მუხლი VI. ნაწილობრივი განათლებისა და წინარე ცოდნის აღიარება

1. თითოეულ მონაწილე მხარეს  შეუძლია,  უმაღლესი  საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ან უმაღლესი განათლების გაგრძელების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში და მონაწილე მხარეების წვდომის შესახებ კანონმდებლობის გათვალისწინებით, აღიაროს დოკუმენტირებული, ან დადასტურებული ნაწილობრივი განათლება, დოკუმენტირებული ან  დადასტურებული წინარე ცოდნა, რომელიც შეძენილია სხვა მონაწილე მხარეში, თუ არ არსებობს არსებითი განსხვავებები ნაწილობრივ განთლებას ან წინარე ცოდნას და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილს შორის იმ მონაწილე სახელმწიფოში, სადაც მოთხოვნილია აღიარება. ალტერნატიულად, საკმარისია რომ მონაწილე მხარემ საშუალება მისცეს პირს, რომელმაც მიიღო დოკუმენტირებული ან დადასტურებული ნაწილობრივი განათლება, ან დოკუმენტირებული ან დადასტურებული წინარე ცოდნა სხვა მონაწილე მხარეში, რომ მიიღოს ამ ნაწილობრივი განათლების ან წინარე ცოდნის შეფასება დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე.

2. იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დოკუმენტირებული ან დადასტურებული ნაწილობრივი დასრულება, რომლებიც აღიარებული არატრადიციული სწავლის მეთოდებით ხორციელდება, ექვემდებარება ხარისხის უზრუნველყოფის შედარებით მექანიზმებს და წარმოადგენს მონაწილე მხარის უმაღლესი განათლების სისტემის ნაწილს, შეფასდება მონაწილე მხარის ან მისი შემადგენელი     ერთეულის     წესების    და    რეგულაციების    შესაბამისად,    იმავე კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც ტრადიციული სწავლის მეთოდებით მიღებული ნაწილობრივი განათლების მიმართ გამოიყენება.

3. იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დოკუმენტირებული ან სერტიფიცირებული ნაწილობრივი დასრულება, რომლებიც ტრანსსასაზღვრო განათლების მეშვეობით, ერთობლივი საერთაშორისო ხარისხის პროგრამით ან სხვა ერთობლივი პროგრამით ერთზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება, რომელთაგან ერთი მაინც არის ამ კონვენციის მონაწილე, შეფასდება მონაწილე მხარის ან მისი შემადგენელი ერთეულის წესებისა და რეგულაციების მიხედვით, იმავე კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც ცალკეულ ქვეყანაში შეძენილი ნაწილობრივი განათლების მიმართ გამოიყენება.

მუხლი VII. ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების ნაწილობრივი განათლების და კვალიფიკაციების აღიარება

თითოეული მონაწილე მხარე, საკუთარი განათლების სისტემის ფარგლებში და კონსტიტუციური, საკანონმდებლო და მარეგულირებელი დებულებების შესაბამისად მიიღებს აუცილებელ და მიზანშეწონილ ზომებს, რათა შეიმუშაოს გონივრული პროცედურები ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მიერ უმაღლეს განათლებაზე წვდომის მოთხოვნების შესრულების სამართლიანად და ეფექტურად შესაფასებლად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების შესაძლებლობების მოსაძიებლად, მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც ნაწილობრივი                                   განათლება, წინარე ცოდნა ან სხვა ქვეყანაში მიღებული კვალიფიკაცია დოკუმენტური მტკიცებულებით ვერ დასტურდება.

მუხლი VIII. ინფორმაცია შეფასებისა და აღიარებისთვის

1. თითოეული მონაწილე მხარე შექმნის გამჭვირვალე სისტემებს მის ტერიტორიაზე მიღებული კვალიფიკაციებისა და სწავლის შედეგების სრულად აღწერისთვის.

2. თითოეული მონაწილე მხარე, რამდენადაც ეს შესაძლებელია მისი კონსტიტუციური, საკანონმდებლო და მარეგულირებელი სიტუაციისა და სტრუქტურის საფუძველზე, შექმნის მისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამტკიცების, აღიარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ობიექტურ და საიმედო სისტემას, საკუთარი უმაღლესი განათლების სისტემის მიმართ ნდობის ხელშეწყობის მიზნით.

3. თითოეული მონაწილე მხარე შექმნის და შეინარჩუნებს ეროვნულ საინფორმაციო ცენტრს ან მსგავს ერთეულს, რათა უზრუნველყოს მისი უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ სათანადო, ზუსტ და განახლებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.

4. თითოეული მონაწილე მხარე წაახალისებს ტექნოლოგიების გამოყენებას ინფორმაციაზე ადვილი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

5. თითოეული მონაწილე მხარე:

(a) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მისი უმაღლესი განათლების სისტემების, კვალიფიკაციების, ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციის ჩარჩოების შესახებ სანდო და ზუსტ ინფორმაციაზე წვდომას;

 (b) ხელს შეუწყობს სხვა მონაწილე მხარეების უმაღლესი განათლების სისტემების, კვალიფიკაციებისა და უმაღლეს განათლებაზე წვდომისათვის საჭირო კვალიფიკაციების შესახებ ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას და ასეთ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას;

(c) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს რჩევებსა და ინფორმაციას აღიარების საკითხებზე, მათ შორის, კვალიფიკაციების შეფასების კრიტერიუმებსა და პროცედურებზე და აღიარების კარგი პრაქტიკის შესახებ მასალების მომზადებაზე მონაწილე მხარის კანონების, რეგულაციებისა და პოლიტიკის შესაბამისად; და

(d) უზრუნველყოფს გონივრულ ვადაში ნებისმიერი იმ დაწესებულების შესახებ ადეკვატური ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც მისი უმაღლესი განათლების სისტემას მიეკუთვნება და ასევე ნებისმიერი პროგრამის შესახებ, რომელსაც ასეთი დაწესებულება ახორციელებს, რათა სხვა მონაწილე მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს მიეცეთ საშუალება დაადგინონ, ამართლებს თუ არა ამ ინსტიტუტების მიერ გაცემული კვალიფიკაციების ხარისხი იმ მონაწილე მხარის მიერ აღიარებას, სადაც ესაა მოთხოვნილი.

მუხლი IX. განაცხადის შეფასება

1. ადეკვატური ინფორმაციის წარდგენის პასუხისმგებლობა პირველ რიგში განმცხადებელს ეკისრება, რომელმაც კეთილსინდისიერად უნდა წარადგინოს ასეთი ინფორმაცია.

2. თითოეული მონაწილე მხარე უზრუნველყოფს, რომ მისი განათლების სისტემას მიკუთვნებულმა დაწესებულებებმა შესაძლებლობის ფარგლებში, მოთხოვნის საფუძველზე, გონივრულ ვადაში და უსასყიდლოდ მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია კვალიფიკაციის მფლობელს, ან იმ მონაწილე მხარის დაწესებულებას ან აღიარების კომპეტენტურ ორგანოს, სადაც მოთხოვნილია აღიარება.

3. თითოეულმა მონაწილე მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ აღიარების მიზნით შეფასების განმახორციელებელმა ორგანომ მიუთითოს მიზეზები, რომელთა გამოც განაცხადი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს ან აჩვენოს, თუ სად არსებობს არსებითი განსხვავებები.

მუხლი X. ინფორმაცია აღიარების კომპეტენტური ორგანოს   შესახებ

1. თითოეული მონაწილე მხარე, ამ კონვენციის დეპოზიტარს გაუგზავნის ოფიციალურ შეტყობინებას კომპეტენტური ორგანოების შესახებ, რომლებიც გადაწყვეტილებებს აღიარების საკითხებზე მისი იურისდიქციის ფარგლებში იღებენ.

2. თუ არსებობს მონაწილე მხარის აღიარების ცენტრალური კომპეტენტური ორგანოები, ისინი ვალდებული იქნებიან, რომ დაუყოვნებლივ შეასრულონ ამ კონვენციის დებულებები და მიიღონ აუცილებელი ზომები აღნიშნული მონაწილე მხარის იურისდიქციის ფარგლებში ამ კონვენციის დებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.

3. თუ აღიარების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია შემადგენელ ერთეულებს ეკუთვნით, მონაწილე მხარე ხელმოწერის დროს ან რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას დეპოზიტარს წარუდგენს მოკლე განაცხადს თავისი კონსტიტუციური წყობის, ან სტრუქტურის შესახებ და ამის შემდეგ ნებისმიერი ცვლილების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, შემადგენელი ერთეულების აღიარების კომპეტენტური ორგანოები, მონაწილე მხარის კონსტიტუციური წყობისა და სტრუქტურის ფარგლებში აუცილებელ ზომებს მიიღებენ, მონაწილე მხარის იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ კონვენციის დებულებების   შესრულება.

4. როდესაც აღიარების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია ცალკეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ან სხვა ერთეულებს ეკუთვნით, თითოეული მონაწილე მხარე, ან მისი შემადგენელი ერთეული, მისი კონსტიტუციური წყობის ან სტრუქტურის მიხედვით გადასცემს ამ კონვენციის ტექსტს ამ დაწესებულებებს ან ერთეულებს და მიიღებს ყველა საჭირო ზომას მისი დებულებების კეთილგანწყობით განხილვისა და გამოყენების წასახალისებლად.

5. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებები, სათანადო ცვლილებების გათვალისწინებით, მონაწილე მხარეების ამ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ვრცელდება.

მუხლი XI. უმაღლესი განათლების პროგრამებზე მიღების დამატებითი მოთხოვნები

1. თუ კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე დაშვება მიღების ზოგადი მოთხოვნების გარდა დამოკიდებულია განსაკუთრებული მოთხოვნების შესრულებაზე, შესაბამისი მონაწილე მხარის კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ სხვა მონაწილე სახელმწიფოებში მიღებული კვალიფიკაციის მფლობელებს დაუწესონ იგივე განსაკუთრებული მოთხოვნები, ან შეაფასონ აკმაყოფილებენ თუ არა სხვა მონაწილე მხარეში მიღებული კვალიფიკაციის მქონე განმცხადებლები ეკვივალენტურ მოთხოვნებს.

2. როდესაც ერთ მონაწილე მხარეში უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის საჭირო კვალიფიკაცია დასტურდება მხოლოდ დამატებით საკვალიფიკაციო გამოცდებთან ერთად, რომლებიც ასეთი წვდომის წინაპირობაა, სხვა მონაწილე მხარეებს შეუძლიათ, რომ უმაღლეს განათლებაზე წვდომა ამ მოთხოვნებს დაუქვემდებარონ, ან საკუთარი განათლების სისტემების ფარგლებში უზრუნველყონ ასეთი დამატებითი მოთხოვნების შესრულების ალტერნატივა.

3. IV მუხლის დებულებების შეზღუდვის გარეშე, კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ან ამ დაწესებულების კონკრეტულ პროგრამაში მიღება სამართლიანი და გამჭვირვალე რეგულაციების საფუძველზე შეიძლება შეზღუდული, ან შერჩევითი იყოს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტთან დაკავშირებით, მიღების პროცედურები ისე უნდა შემუშავდეს, რომ უცხოური კვალიფიკაციების შეფასება III მუხლში აღწერილი გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და არადისკრიმინაციის პრინციპების შესაბამისად განხორციელდეს.

5. VI მუხლის დებულებების შეზღუდვის გარეშე, კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღება შეიძლება ეფუძნებოდეს კვალიფიკაციის მფლობელის მიერ შესაბამის დაწესებულებაში სწავლების ენის, ან ენების ანდა სხვა კონკრეტული ენის საკმარისი ცოდნის გამოვლენის პირობას.

6. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე დაშვების მიზნით, თითოეულ მონაწილე მხარეს შეუძლია მის იურისდიქციაში მოქმედი უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული კვალიფიკაციების აღიარება ამ მონაწილე მხარის, ან მისი შემადგენელი ერთეულების კანონმდებლობისა და რეგულაციების სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისად ან ასეთი ინსტიტუტების წარმოშობის მონაწილე სახელმწიფოსთან დადებული კონკრეტული შეთანხმებების საფუძველზე.

 

ნაწილი V. განმახორციელებელი სტრუქტურები და თანამშრომლობა

მუხლი XII.  განმახორციელებელი სტრუქტურები

მონაწილე მხარეები თანხმდებიან, რომ ამ კონვენციას შემდეგი სტრუქტურების მეშვეობით ან მათთან თანამშრომლობით განახორციელებენ:

1. ეროვნული განმახორციელებელი სტრუქტურები;

2. ეროვნული განმახორციელებელი სტრუქტურების ქსელები;

3. აკრედიტაციის, ხარისხის უზრუნველყოფის, კვალიფიკაციის ჩარჩოებისა და კვალიფიკაციების აღიარების ეროვნული, რეგიონული და გლობალური ორგანიზაციები;

4. მონაწილე მხარეების სამთავრობათაშორისო კონფერენცია;

5. აღიარების შესახებ რეგიონული კონვენციების კომიტეტები.

მუხლი XIII. ეროვნული განმახორციელებელი სტრუქტურები

1. უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების აღიარების ხელშეწყობის მიზნით, მონაწილე მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ ამ კონვენციას სათანადო ორგანიზაციების, მათ შორის, ეროვნული საინფორმაციო ცენტრების, ან მსგავსი ერთეულების მეშვეობით განახორციელებენ.

2. თითოეული მონაწილე მხარე აცნობებს მონაწილე მხარეების სამთავრობათაშორისო კონფერენციის სამდივნოს მისი ეროვნული განმახორციელებელი სტრუქტურების შესახებ და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი ცვლილების თაობაზე.

3. ეროვნულმა განმახორციელებელმა სტრუქტურებმა უნდა შექმნან ქსელები და მათ საქმიანობაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა.

მუხლი XIV. ეროვნული განმახორციელებელი სტრუქტურების ქსელები

1. მონაწილე მხარეების სამთავრობათაშორისო კონფერენციის ეგიდით, ქსელების შემადგენლობაში შევლენ მონაწილე მხარეების ეროვნული განმახორციელებელი სტრუქტურები, რომლებიც მხარს დაუჭერენ და დაეხმარებიან ამ კონვენციის პრაქტიკულ განხორციელებას.

2. ქსელები, მონაწილე მხარეების მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფენ: ინფორმაციის გაცვლას, შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ მხარდაჭერას.

3. ქსელები ეცდებიან გააძლიერონ რეგიონებს შორის თანამშრომლობა ამ კონვენციის ფარგლებში და ასევე გააძლიერონ კავშირი მონაწილე მხარეების სამთავრობათაშორისო კონფერენციასთან.

4. მონაწილე მხარეებს შეუძლიათ რეგიონულ ქსელებში მონაწილეობა, რომლებიც შექმნილია აღიარების შესახებ რეგიონული კონვენციების ფარგლებში ან ახალი ქსელების შექმნა. არსებულ რეგიონულ ქსელებში მონაწილეობა დაექვემდებარება აღიარების შესახებ შესაბამისი რეგიონული კონვენციის კომიტეტებთან შეთანხმებას.

მუხლი XV. მონაწილე მხარეების სამთავრობათაშორისო   კონფერენცია

1. შეიქმნება მონაწილე მხარეების სამთავრობათაშორისო კონფერენცია, შემდგომში - „კონფერენცია “.

2. კონფერენციის შემადგენლობაში შევლენ ამ კონვენციის ყველა მონაწილე მხარის წარმომადგენლები.

3. სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან ამ კონვენციის მონაწილე მხარეები და აღიარების შესახებ რეგიონული კონვენციების კომიტეტების ხელმძღვანელები, დამკვირვებლის სტატუსით მიწვეულები იქნებიან კონფერენციის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად.

4. კონფერენციის შეხვედრებზე დამკვირვებლის სტატუსით ასევე შეიძლება მიწვეულები     იყვნენ     შესაბამისი     საერთაშორისო     და      რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების აღიარების სფეროში მოქმედი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

5. კონფერენცია ჩვეულებრივ სესიებზე სულ მცირე ორ წელიწადში ერთხელ შეიკრიბება. ის შეიძლება რიგგარეშე სესიებზე შეიკრიბოს, თუ ამგვარად მოითხოვს ან გადაწყვეტს მონაწილე მხარეების არანაკლებ ერთი მესამედი. კონფერენციას უნდა ჰქონდეს შუალედური სამუშაო პროგრამა შეხვედრებს შორის განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით. კონფერენცია იუნესკოს გენერალურ კონფერენციას თითოეულ ჩვეულებრივ სესიაზე წარუდგენს ანგარიშს.

6. კონფერენცია პირველად შეიკრიბება ამ კონვენციის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში, რა დროსაც ის მიიღებს საკუთარ პროცედურულ წესებს.

7. კონფერენცია ხელს შეუწყობს ამ კონვენციის გამოყენებას და ზედამხედველობას გაუწევს მის განხორციელებას რეკომენდაციების, დეკლარაციების, კარგი პრაქტიკის მოდელების, ან ნებისმიერი საჭირო დამხმარე ტექსტის მიღებით გლობალურ, ან რეგიონთაშორის დონეზე.

8. კონფერენციამ შეიძლება ამ კონვენციის მონაწილე მხარეებისთვის სამოქმედო სახელმძღვანელო მითითებები აღიარების შესახებ რეგიონული კონვენციების კომიტეტებთან კონსულტაციებით მიიღოს.

9. ამ კონვენციის შესრულების მიზნით, კონფერენცია ხელს შეუწყობს იუნესკოს მმართველი      ორგანოების           მიერ   მონიტორინგის განხორციელებასთან და მათ მიმართ ანგარიშგებასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

10. კონფერენცია იუნესკოს ეგიდით ითანამშრომლებს აღიარების შესახებ რეგიონული კონვენციების კომიტეტებთან.

11. კონფერენცია უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციის გაცვლას კონფერენციასა და აღიარების შესახებ რეგიონული კონვენციების კომიტეტებს შორის.

12. კონფერენცია მიღების მიზნით განიხილავს ამ კონვენციის შესწორებების პროექტებს XXIII მუხლის შესაბამისად. მიღებულმა შესწორებებმა ზიანი არ უნდა მიაყენოს ამ კონვენციით განსაზღვრულ გამჭვირვალე, სამართლიან, დროულ და არადისკრიმინაციულ აღიარების პრინციპებს.

13. კონფერენციის სამდივნო უზრუნველყოფილი იქნება იუნესკოს გენერალური დირექტორის მიერ. სამდივნო მოამზადებს კონფერენციის დოკუმენტაციას, შეიმუშავებს მისი შეხვედრების დღის წესრიგს და უზრუნველყოფს მისი გადაწყვეტილებების შესრულებას.

ნაწილი VI. დასკვნითი დებულებები

მუხლი XVI. წევრი სახელმწიფოების მიერ რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება

1. ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას იუნესკოს წევრი სახელმწიფოებისა და წმინდა საყდრის მიერ, მათი შესაბამისი კონსტიტუციური და საკანონმდებლო პროცედურების შესაბამისად.

2. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტები შესანახად იუნესკოს გენერალურ დირექტორს გადაეცემა.

მუხლი XVII. შეერთება

1. ეს კონვენცია შეერთებისთვის ღიაა ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც იუნესკოს წევრი არაა, მაგრამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია და იუნესკოს გენერალური კონფერენციის მიერ მასთან შეერთებისთვისაა მიწვეული.

2. ეს კონვენცია ასევე ღიაა შეერთებისთვის იმ ტერიტორიებისთვის, რომლებიც გაეროს მიერ აღიარებული სრული შიდა თვითმმართველობით სარგებლობენ, მაგრამ გენერალური ასამბლეის 1514 (XV) რეზოლუციის შესაბამისად ვერ მიაღწიეს სრულ დამოუკიდებლობას და რომლებიც ფლობენ ამ კონვენციით რეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებულ კომპეტენციებს, მათ შორის, ასეთ საკითხებზე ხელშეკრულებების დადების კომპეტენციას.

3. შეერთების დოკუმენტი შესანახად იუნესკოს გენერალურ დირექტორს გადაეცემა.

მუხლი XVIII. ძალაში შესვლა

1. ეს კონვენცია ძალაში შევა რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების მეოცე დოკუმენტის დეპონირების თარიღიდან სამი თვის შემდეგ, თუმცა მხოლოდ იმ მონაწილე მხარეებისთვის, რომლებმაც მოახდინეს მათი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესაბამისი დოკუმენტის დეპონირება ამ თარიღისთვის ან ამ   თარიღამდე.

2. ნებისმიერი სხვა მონაწილე მხარისთვის, ეს კონვენცია ძალაში შევა მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირების თარიღიდან სამი თვის შემდეგ.

მუხლი XIX. ურთიერთობა ამ კონვენციის მონაწილე მხარეებს და აღიარების შესახებ რეგიონული   კონვენციებისა და სხვა ხელშეკრულებების მხარეებს შორის

1. აღიარების შესახებ ნებისმიერი რეგიონული კონვენციის რატიფიცირება, მიღება, დამტკიცება ან ასეთ კონვენციასთან შეერთება არ იქნება ამ კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების წინაპირობა.

2. ამ კონვენციის მონაწილე მხარეები:

(a) ხელს შეუწყობენ ამ კონვენციასა და სხვა ხელშეკრულებებს, განსაკუთრებით აღიარების შესახებ რეგიონულ კონვენციებს შორის ურთიერთმხარდაჭერას, რომლის მონაწილე მხარეებიც არიან ისინი; და

(b) გაითვალისწინებენ ამ კონვენციის სათანადო დებულებებს აღიარების შესახებ     იმ    რეგიონული კონვენციების     ინტერპრეტაციისა    და გამოყენებისას, რომელთა მხარეებიც არიან ისინი ან სხვა საერთაშორისო ვალდებულებების აღებისას.

3. ამ კონვენციაში არაფერი არ უნდა იყოს განმარტებული, როგორც მონაწილე მხარეების იმ უფლებებისა და მოვალეობების ცვლილება, რომლებიც მათ მინიჭებული და აღებული აქვთ აღიარების შესახებ რეგიონული კონვენციებითა და ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებით, რომლის მხარეებიც ისინი არიან.

4. ამ კონვენციის, აღიარების შესახებ რეგიონული კონვენციების, ნებისმიერი სხვა შესაბამისი ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების და ნებისმიერი სხვა არსებული ან მომავალი ხელშეკრულების ურთიერთთავსებადობის უზრუნველსაყოფად, რომლის მონაწილე მხარეც შეიძლება იყოს ან გახდეს მხარე, ამ კონვენციის არცერთი დებულება არ ჩაითვლება იმ ნებისმიერი დებულების შეზღუდვად, რომელიც აღიარებისთვის უფრო ხელსაყრელია. კერძოდ, იგულისხმება დებულებები, რომლებიც ეროვნულ საინფორმაციო ცენტრებს, ქსელებსა და არსებით განსხვავებებს ეხებათ.

მუხლი XX. ფედერალური ან არაუნიტარული კონსტიტუციური   სისტემები

რადგან საერთაშორისო შეთანხმებები თანაბრად სავალდებულოა მონაწილე მხარეებისთვის მათი კონსტიტუციური სისტემების მიუხედავად, შემდეგი დებულებები იმ მონაწილე მხარეებზე ვრცელდება, რომლებსაც ფედერალური ან არაუნიტარული კონსტიტუციური სისტემა აქვთ:

(a) ამ კონვენციის დებულებებთან დაკავშირებით, რომელთა შესრულებაც ფედერალური ან ცენტრალური საკანონმდებლო ხელისუფლების სამართლებრივ იურისდიქციაში შედის, ფედერალური ან ცენტრალური მთავრობის ვალდებულებები იქნება იგივე, როგორც განსაზღვრულია იმ მონაწილე მხარეებისთვის, რომლებიც არ არიან ფედერალური სახელმწიფოები;

(b) ამ კონვენციის დებულებებთან დაკავშირებით, რომელთა შესრულებაც მონაწილე მხარეების შემადგენელი ერთეულების იურისდიქციას ექვემდებარება, როგორიცაა პროვინციები, შტატები, საგრაფოები ან ოლქები, რომლებიც ფედერაციის კონსტიტუციური სისტემის ფარგლებში ვალდებულები არ არიან, რომ მიიღონ საკანონმდებლო ზომები, ფედერალური მთავრობა საჭიროების შემთხვევაში     აცნობებს      მონაწილე     მხარის შემადგენელი ერთეულების კომპეტენტურ ორგანოებს ამ დებულებების შესახებ, მათი მიღების რეკომენდაციასთან ერთად.

მუხლი XXI. დენონსაცია

1. ამ კონვენციის ნებისმიერ მონაწილე მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია ამ  კონვენციის დენონსაცია.

2. დენონსაციის შესახებ იუნესკოს გენერალურ დირექტორს დეპონირებული წერილობითი დოკუმენტით ეცნობება.

3. დენონსაცია ძალაში შედის დენონსაციის დოკუმენტის მიღებიდან 12 თვის შემდეგ. ის არცერთ შემთხვევაში არ იმოქმედებს მონაწილე მხარის (რომელიც ახდენს დენონსაციას) ამ კონვენციით განსაზღვრულ ვალდებულებებზე, რომლებიც მას დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღამდე ეკისრება.

4 ამ კონვენციის დენონსაციას არ ექნება რაიმე გავლენა:

(a) ამ კონვენციის დებულებების შესაბამისად აღიარების შესახებ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებზე;

(b) ამ კონვენციის მიხედვით აღიარების მიზნით ჯერ კიდევ მიმდინარე შეფასებებზე.

მუხლი XXII. დეპოზიტარის ფუნქციები

იუნესკოს გენერალური დირექტორი, როგორც ამ კონვენციის დეპოზიტარი, ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს, XVII მუხლით განსაზღვრულ ორგანიზაციის არაწევრ სახელმწიფოებს და ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აცნობებს:

(a) XVI და XVII მუხლებით გათვალისწინებული რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების ყველა დოკუმენტის დეპონირების შესახებ;

(b)  XXI მუხლით გათვალისწინებული დენონსაციების შესახებ;

(c) XXIII მუხლის შესაბამისად მიღებული კონვენციის შესწორებების შესახებ და ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღს, როგორც განსაზღვრულია XXIII მუხლით.

მუხლი XXIII. შესწორებები

1. ამ კონვენციის მონაწილე მხარეს შეუძლია, იუნესკოს გენერალური დირექტორისთვის წერილობითი შეტყობინებით წარუდგინოს წინადადება ამ კონვენციაში ცვლილებების შეტანის შესახებ. გენერალური დირექტორი ასეთ შეტყობინებას ყველა მონაწილე მხარეს გაუგზავნის. თუ შეტყობინების გადაცემის დღიდან, ექვსი თვის განმავლობაში კონვენციის მონაწილე მხარეების სულ ცოტა ნახევარი მოიწონებს მოთხოვნას, გენერალური დირექტორი ამ წინადადებას მონაწილე მხარეების სამთავრობათაშორისო კონფერენციის მომდევნო სესიაზე განსახილველად და მისაღებად წარადგენს.

2. შესწორებები მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეების ორი მესამედის უმრავლესობით.

3. მიღების შემდეგ, ამ კონვენციის შესწორებები გადაეცემა მონაწილე მხარეებს რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთებისთვის.

4. მონაწილე მხარეებისთვის, რომლებმაც მოახდინეს ცვლილებების რატიფიცირება, მიღება, დამტკიცება ან შეუერთდნენ მათ, ამ კონვენციის შესწორებები ძალაში შევა მონაწილე მხარეების ორი მესამედის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების დეპონირებიდან სამი თვის შემდეგ. ამის შემდეგ, თითოეული მონაწილე მხარისთვის, რომელიც ახდენს ცვლილების რატიფიცირებას, მიღებას, დამტკიცებას ან უერთდება მას, შესწორება ძალაში შევა ამ მხარის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირების თარიღიდან სამი თვის შემდეგ.

5. სახელმწიფო, რომელიც ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შესწორებების ძალაში შესვლის შემდეგ ამ კონვენციის მონაწილე მხარე გახდება, თუ ის არ გამოთქვამს განსხვავებულ მოსაზრებას, ჩაითვლება:

  1.  ამგვარად შესწორებული ამ კონვენციის მონაწილე მხარედ; და
  2. შეუსწორებელი კონვენციის მონაწილე მხარედ იმ ნებისმიერ მონაწილე მხარესთან მიმართებაში, რომელიც არ არის ვალდებული ამ შესწორებების შესრულებაზე.

მუხლი XXIV. რეგისტრაცია გაეროში

გაეროს წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად, ეს კონვენცია იუნესკოს გენერალური დირექტორის მოთხოვნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში დარეგისტრირდება.

მუხლი XXV. ავთენტური ტექსტები

ეს კონვენცია შედგენილია არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე, ექვსივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.