საბროკერო კომპანიების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

საბროკერო კომპანიების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 170/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 140020000.18.011.016864
170/04
03/07/2024
ვებგვერდი, 04/07/2024
140020000.18.011.016864
საბროკერო კომპანიების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №170/04

2024 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

საბროკერო კომპანიების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 52-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 38-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „საბროკერო კომპანიების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საბროკერო კომპანიების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 მაისის №48/04 ბრძანება. 
მუხლი 3
საბროკერო კომპანიებმა, ამ ბრძანებით დამტკიცებული რისკის ზედამხედველობის პირველი ანგარიშგების საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენა უზრუნველყონ 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე, არაუგვიანეს 2024 წლის 31 აგვისტოსი. 
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა



საბროკერო კომპანიების  ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი

 

 


მუხლი 1. წესის მიზანი და მოქმედების სფერო

1. „საბროკერო კომპანიების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული „საბროკერო კომპანიების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებს განმარტებას, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) საბროკერო კომპანიების მიერ დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესს.

2. ანგარიშგების მიზანია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, შეფასდეს კონკრეტულ საბროკერო კომპანიაში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, ასევე, საბროკერო კომპანიის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ადეკვატურობა და აღნიშნულის გათვალისწინებით, გატარდეს შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები.

3. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი საბროკერო კომპანიები ეროვნულ ბანკს წარუდგენენ ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და ვადებში.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ;

გ) რეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) არარეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად (მათ შორის, უცხოური კომპანიის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი/წარმომადგენლობა);

ე) რეგისტრირებული –  შექმნილი – იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე – ფიზიკური პირის შემთხვევაში;

ვ) ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა);

ზ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, და, ძმა, მშობელი, შვილი/გერი და მისი მეუღლე;

თ) ოფშორული ზონა – ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნები/ტერიტორიები;

ი) სავაჭრო პლატფორმა – პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ფინანსური ინსტრუმენტებით გარიგებების დადება;

კ) პოლიტიკურად აქტიურ პირებთან ასოცირებული პირები – „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირები.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

 

მუხლი 3. ზოგადი დებულებები

1. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება საბროკერო კომპანიების მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება საბროკერო კომპანიების მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად.

2. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას, ამ წესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

3. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს კლიენტების სასარგებლოდ და კლიენტების დავალებით ნებისმიერ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციებს. ამასთან, ანგარიშგებაში არ უნდა აისახოს საბროკერო კომპანიაში ერთი კლიენტის ანგარიშებს/ქვეანგარიშებს შორის აქტივების მოძრაობა. უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. ფასიანი ქაღალდების ღირებულება ასევე აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში.

4. ანგარიშგების არცერთ ველში არ აისახება კლიენტების მიერ/მათ სასარგებლოდ იმ კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, სადაც საბროკერო კომპანია მოქმედებს როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების განმახორციელებელი პირი, გარდა ამ წესის მე-14 მუხლით განსაზღვრული ფორმისა.

5. ოპერაციის შესრულების თარიღად ითვლება საბროკერო კომპანიაში ოპერაციასთან დაკავშირებული ფულადი სახსრების კლიენტის ანგარიშიდან/ანგარიშზე გადაცემის/მიღების თარიღი. ფულადი ანგარიშსწორების გარეშე ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების შემთხვევაში, საბროკერო კომპანიაში კლიენტის ანგარიშიდან/ანგარიშზე ფასიანი ქაღალდების გადაცემის/მიღების თარიღი, ხოლო თუ ოპერაცია არ არის დაკავშირებული საბროკერო კომპანიაში არც ფულადი სახსრების და არც ფასიანი ქაღალდების მოძრაობასთან, ოპერაციის დოკუმენტის გაფორმების თარიღი.

6. ოპერაციის მოცულობის შესახებ ინფორმაციის ასახვისას მიეთითება: (ა) კლიენტის საბროკერო ანგარიშზე ოპერაციის შესრულების თარიღში განხორციელებული შესაბამისი აქტივების (თანხების ან ფასიანი ქაღალდების) ბრუნვა (საკრედიტო და სადებეტო ოპერაციების აბსოლუტური სიდიდეების დაჯამებით) ან (ბ) იმ ოპერაციების დოკუმენტებით გათვალისწინებული თანხა (ღირებულება), რომელიც არ არის დაკავშირებული ფულადი სახსრების ან/და ფასიანი ქაღალდების მოძრაობასთან საბროკერო კომპანიაში. ფულადი ანგარიშსწორების გარეშე ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების (მათ შორის, ფასიანი ქაღალდების გაცვლის, ჩარიცხვა-გადარიცხვის) შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება თანხობრივ გამოხატულებაში ოპერაციით დაფიქსირებული ფასით (თუ ეს დადასტურებულია ოპერაციის დოკუმენტებით) ან ამგვარის არარსებობის შემთხვევაში, ბირჟაზე დაშვებული ფასიანი ქაღალდებისთვის – ბირჟის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი დახურვის ფასით, ყველა სხვა შემთხვევაში კი ნომინალური ღირებულებით.

7. თუ ოპერაციის საფუძველზე კლიენტის ანგარიშზე საბროკერო კომპანიაში ხდება ფულადი სახსრების მოძრაობა, მაშინ ანგარიშგებაში ინფორმაცია აისახება მხოლოდ ფულადი სახსრების კლიენტის ანგარიშზე ფაქტობრივი ბრუნვის შესახებ. თუ ოპერაციის საფუძველზე კლიენტის ანგარიშზე საბროკერო კომპანიაში ხდება მხოლოდ ფასიანი ქაღალდების მოძრაობა, მაშინ ანგარიშგებაში ინფორმაცია აისახება მხოლოდ ფასიანი ქაღალდების კლიენტის ანგარიშზე ფაქტობრივი ბრუნვის შესახებ. თუ ოპერაციის საფუძველზე კლიენტის ანგარიშზე საბროკერო კომპანიაში არ ხდება არც ფულადი სახსრების და არც ფასიანი ქაღალდების მოძრაობა, მაშინ ანგარიშგებაში ინფორმაცია ოპერაციის მოცულობის შესახებ აისახება ოპერაციის დოკუმენტის მიხედვით.

8. ოპერაციების მოცულობაში აისახება  ინფორმაცია ოპერაციების ღირებულების მიხედვით, გარდა ისეთი პროდუქტებისა, რომლებიც ივაჭრება საკრედიტო მხარის მეშვეობით (ე.წ. „margin products“), რომელთა ოპერაციების მოცულობაში აისახება საანგარიშგებო პერიოდში კლიენტის მიერ პოზიციის დახურვის შედეგად მიღებული მოგების ოდენობა.

9. ანგარიშგებაში არ აისახება ინფორმაცია საბიუჯეტო გადახდების, ფასიანი ქაღალდების „სპლიტის“, „რევერს-სპლიტის“, კონვერტაციის, დივიდენდებისა და კუპონების შესახებ, აგრეთვე საბროკერო კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ კლიენტისგან მიღებული საკომისიოს შესახებ, გარდა საკონსულტაციო მომსახურების გაწევის საფასურისა.

10. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-13 მუხლის 39-ე და მე-40 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

11. ანგარიშგების ფორმებში არ აისახება ინფორმაცია კლიენტების საბროკერო ანგარიშებზე აქტივების ბლოკირების/დაგირავების შესახებ.

12. საბროკერო კომპანიის კლიენტებს შორის ოპერაციების განხორციელებისას, ინფორმაცია აისახება ორივე მათგანის ჭრილში.

13. თუ კლიენტს საანგარიშო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის დონის შესაბამისად.

14. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით.

15. ანგარიშგებაში მინდობილი პირის მიერ განხორციელებული ოპერაციები აისახება მხოლოდ მარწმუნებლის (ანგარიშის მფლობელის) ოპერაციების ჭრილში.

16. თუ ანგარიშს განკარგავს ერთზე მეტი პირი (ერთობლივი ანგარიში), ანგარიშგებაში ინფორმაცია აისახება ორივე კლიენტის შესახებ, ხოლო ოპერაციების შესახებ ინფორმაცია იმ კლიენტის ოპერაციების მოცულობაში, რომელიც უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.

17. ანგარიშგების მიზნებისთვის, კლიენტის დეფინიცია არ მოიაზრებს ისეთ პირებს, რომლებთანაც საბროკერო კომპანიას დამყარებული აქვს საშუამავლო/საკორესპონდენტო ურთიერთობები.

 

მუხლი 4. ანგარიშგების ფორმები

ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს:

ა) ინფორმაცია საბროკერო კომპანიის შესახებ (ფორმა №1);

ბ) ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ  (ფორმა №2);

გ) ინფორმაცია ელექტრონულად იდენტიფიცირებულ/ვერიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №3);

დ) ინფორმაცია პროდუქტების/ოპერაციების შესახებ (ფორმა №4);

ე) ინფორმაცია ფინანსური ინსტრუმენტით სავაჭრო პლატფორმაზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №5);

ვ) ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №6);

ზ) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №7);

თ) ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №8);

ი)  ინფორმაცია მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №9);

კ) ინფორმაცია კლიენტთა კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების/გარიგებების შესახებ (ფორმა №10);

ლ) ინფორმაცია შუამავლების შესახებ (ფორმა №11);

მ) სტატისტიკური ინფორმაცია სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში  გაგზავნილი ანგარიშგებების  შესახებ (ფორმა №12);

ნ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №13);

ო) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ პროდუქტებისა და ოპერაციების/გარიგებების მიხედვით (ფორმა №14);

პ) ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №15);

ჟ) ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა №16).

 

მუხლი 5. ინფორმაცია საბროკერო კომპანიის შესახებ (ფორმა №1)

1. ანგარიშგების ფორმა №1 მოიცავს საბროკერო კომპანიის დასახელებას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ(ებ)ის (10% და მეტი), ბენეფიციარი მესაკუთრ(ეებ)ის, დირექტორ(ებ)ის, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, ასევე, საქართველოში არსებული ფილიალების  რაოდენობისა და ეროვნული ბანკის ბოლო შემოწმების თარიღის შესახებ ინფორმაციას.

2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, ბენეფიციარი მესაკუთრ(ეებ)ის, დირექტორების, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციის ასახვისას მიეთითება საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მოქალაქეობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და რეგისტრაციის ქვეყანა).

3. ველში „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ბოლო შემოწმების თარიღი“ აისახება ფულის გათეთრების კუთხით ადგილზე შემოწმების აქტის თარიღი.

4. ანგარიშგების ფორმა №1-ში ინფორმაცია აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული მონაცემების მიხედვით.

 

მუხლი 6.   ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2)  

1. ანგარიშგების ფორმა №2 შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, ანგარიშგების №2 ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.

2. ანგარიშგების ფორმა №2-ის შევსების მიზნით, საბროკერო კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.

3. ანგარიშგების ფორმაში „სულ პირების რაოდენობა“ მოიცავს საბროკერო კომპანიასთან, საანგარიშო პერიოდისთვის, საქმიან ურთიერთობაში მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაციები. ანგარიშგების №2 ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და ასევე იმ პირების შესახებ ინფორმაციას, რომლებსაც საბროკერო კომპანიაში გახსნილი აქვთ ნულოვანი ანგარიში და არ შეუტანიათ თანხა.

4. ანგარიშგების ფორმა №2-ში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია საბროკერო კომპანიამ განახორციელა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად.

5. სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია იმ იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

 

მუხლი 7. ინფორმაცია ელექტრონულად იდენტიფიცირებულ/ვერიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №3)

1. ანგარიშგების ფორმა №3-ში აისახება ინფორმაცია იმ ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია საბროკერო კომპანიის მიერ განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად. ანგარიშგების ფორმა №3-ში არ აისახება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ფიზიკურად გამოცხადნენ საბროკერო კომპანიის თანამშრომელთან.

2. ანგარიშგების ფორმა №3 შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით აღნიშნულ ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობის და ოპერაციების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.

3. ანგარიშგების ფორმა №3-ის შევსების მიზნით, საბროკერო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.

4. ანგარიშგების №3 ფორმაში „სულ პირების რაოდენობა“ მოიცავს საბროკერო კომპანიასთან საანგარიშო პერიოდისთვის საქმიან ურთიერთობაში მყოფი იმ იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია საბროკერო კომპანიამ განახორციელა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად, მიუხედავად იმისა, განახორციელა, თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. აღნიშნული ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

5. სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია იმ ანგარიშის მქონე იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

 

მუხლი 8. ინფორმაცია პროდუქტების/ოპერაციების შესახებ (ფორმა №4)

1. ანგარიშგების ფორმა №4-ში აისახება ინფორმაცია კლიენტების მიერ განხორციელებული გარკვეული კატეგორიის ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ.

2. მთლიანი ბრუნვის მონაცემებში აისახება კლიენტების დავალებით და მათ სასარგებლოდ განხორციელებული ოპერაციების (მათ შორის, ფორმაში მითითებული ოპერაციების) შესახებ ინფორმაცია.

3. საკონსულტაციო მომსახურების შესახებ მონაცემების ასახვისას, ოპერაციების რაოდენობის ველში აღინიშნება იმ ოპერაციების რაოდენობა, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, ხოლო ოპერაციების მოცულობის ველში, მომსახურების სანაცვლოდ, საბროკერო კომპანიის მიერ მიღებული ანაზღაურების ჯამური მოცულობა.

4. საინვესტიციო პორტფელების მართვის შესახებ ინფორმაციის ასახვისას, ოპერაციების რაოდენობის ველში მიეთითება  იმ ოპერაციათა რაოდენობა, რომელთა საფუძველზეც საბროკერო კომპანიას სამართავად გადაეცა საინვესტიციო პორტფელები, ხოლო ოპერაციების მოცულობის ველში – ამ საინვესტიციო პორტფელების ჯამური (საბაზრო ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ნომინალური) ღირებულება (რომელიც დაფიქსირდა სამართავად გადაცემის მომენტში).

5. ნაღდი ფორმით განხორციელებული ოპერაციები მოიცავს კლიენტების მიერ საბროკერო კომპანიის სალაროში/სალაროდან, ასევე, საბროკერო კომპანიის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე/ანგარიშიდან ნაღდი ფორმით განთავსებულ/გატანილ თანხებს.

6. ფინანსური ინსტრუმენტით სავაჭრო პლატფორმაზე განხორციელებული ოპერაციები მოიცავს ნებისმიერ ელექტრონულ პლატფორმაზე CFD ინსტრუმენტით და ბინარული ოფციონებით (Binary Options) განხორციელებულ ოპერაციებს.

7. ქვეფაქტორში „არასაბირჟო გარიგებები“ აისახება ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების გაცვლის, ჩუქების, ასევე, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ, რომელიც არ განხორციელებულა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საფონდო ბირჟაზე, ასევე აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, სკანდინავიის ქვეყნებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში (გარდა მალტის, ლუქსემბურგის და კვიპროსისა) და გაერთიანებულ სამეფოში (გარდა „ზღვისიქითა ტერიტორიებისა“ („British Overseas Territories“)  ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ბირჟაზე ან ე.წ „ალტერნატიულ სავაჭრო მოედანზე“.

8. თუ რომელიმე ქვეფაქტორით გათვალისწინებული პროდუქტი/ოპერაცია ამავდროულად წარმოადგენს „არასაბირჟო გარიგებას“, ინფორმაცია აისახება დიფერენცირებულად, მხოლოდ შესაბამის ქვეფაქტორში.

 

მუხლი 9. ინფორმაცია ფინანსური ინსტრუმენტით სავაჭრო პლატფორმაზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №5)

1. ანგარიშგების ფორმა №5-ში აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში საბროკერო კომპანიასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი იმ სავაჭრო პლატფორმების შესახებ, რომლებზეც კლიენტების ან კლიენტის დავალებით/სახელით საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ოპერაცია.

2. ანგარიშგების ფორმა №5-ში მიეთითება სავაჭრო პლატფორმის მიმწოდებლის რეგისტრაციის ქვეყანა, სავაჭრო პლატფორმის მიმწოდებელთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების თარიღი და სავაჭრო პლატფორმაზე განხორციელებული ოპერაციების მოცულობა დიფერენცირებულად, ფინანსური ინსტრუმენტების მიხედვით.

3. ანგარიშგების ფორმა №5-ში დიფერენცირებულად მიეთითება ინფორმაცია სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების, პირების რაოდენობის, მათ მიერ ფინანსური ინსტუმენტით განხორციელებული ოპერაციების მოცულობისა და ამ ოპერაციების რაოდენობის მიხედვით.

4. ანგარიშგების ფორმა №5-ში თითოეული ფინანსური ინსტრუმენტის ქვემოთ, ველში „პირების რაოდენობა“ მიეთითება ინფორმაცია იმ პირთა რაოდენობის შესახებ, რომელთა მიერ საანგარიშო პერიოდში კონკრეტული ფინანსური ინსტუმენტით სავაჭრო პლატფორმაზე განხორციელდა ოპერაციები.

5. ანგარიშგების ფორმა №5-ში სავაჭრო პლატფორმაზე თითოეული ფინანსური ინსტრუმენტით განხორციელებული ოპერაციების მოცულობაში აისახება  ინფორმაცია თითოეულ ინსტრუმენტთან მიმართებით, ოპერაციების ღირებულების მიხედვით, გარდა ისეთი პროდუქტებისა, რომლებიც ივაჭრება საკრედიტო მხარის მეშვეობით (ე.წ. „margin products“), რომელთა ოპერაციების მოცულობაში აისახება საანგარიშგებო პერიოდში კლიენტის მიერ პოზიციის დახურვის შედეგად მიღებული მოგების ოდენობა. ანგარიშგების ფორმა №5-ში სავაჭრო პლატფორმაზე თითოეული ფინანსური ინსტრუმენტით განხორციელებული ოპერაციების მოცულობაში აისახება ინფორმაცია  საანგარიშგებო პერიოდში კლიენტის მიერ პოზიციის დახურვის შედეგად მიღებული მოგების შესახებ.

6. FX გარიგებები (ე.წ „ფორექს ვაჭრობა“) გულისხმობს სავაჭრო პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს, რომელიც მოიცავს დერივატივებს (მათ შორის, ბინარული ოფციონები, კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე და სხვა), რომლის საბაზისო აქტივი არის ვალუტა.

7. ანგარიშგების ფორმა №5-ში ველში „სხვა სახის დერივატივები“ მიეთითება ინფორმაცია იმ ფინანსური ინსტუმენტების შესახებ, რომლებიც არ ხვდება ანგარიშგების №5 ფორმაში მითითებულ ჩამონათვალში. ხოლო პირთა რაოდენობაში მიეთითება რაოდენობა იმ პირთა შესახებ, რომელთა მიერ საანგარიშო პერიოდში სავაჭრო პლატფორმაზე განხორციელდა ოპერაციები სხვა სახის დერივატივებით.

8. ანგარიშგების ფორმა №5-ში ველში „სხვა სახის ფინანსური ინსტრუმენტები“ მიეთითება ინფორმაცია იმ ფინანსური ინსტუმენტების შესახებ, რომლებიც არ ხვდება ანგარიშგების №5 ფორმაში მითითებულ ჩამონათვალში. ხოლო პირთა რაოდენობაში მიეთითება რაოდენობა იმ პირთა შესახებ, რომელთა მიერ საანგარიშო პერიოდში სავაჭრო პლატფორმაზე განხორციელდა ოპერაციები სხვა სახის ფინანსური ინსტრუმენტებით.

9. სავაჭრო პლატფორმაზე განხორციელებული ვალუტის კონვერტაციების შესახებ ინფორმაცია აისახება მხოლოდ FX გარიგებების ველში (მაგალითად, თუ კლიენტის მიერ განხორციელდა CFD-ით ვალუტის კონვერტაცია, აღნიშნული აისახება მხოლოდ FX გარიგებების ველში).

 

მუხლი 10. ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული ოპერაციების შესახებ  (ფორმა №6)

1. ანგარიშების ფორმა №6-ში, ქვეყნების მიხედვით, აისახება კლიენტების მიერ და მათ სასარგებლოდ  განხორციელებული ოპერაციების აქტივების (როგორც ფულის, ასევე ფასიანი ქაღალდების) ჩარიცხვა-გადარიცხვის იმ ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია აქტივების მესაკუთრის ცვლილებასთან.

2. ქვეყნების მიხედვით ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აისახება  მიმღების/გამომგზავნის მომსახურე საბანკო ინსტიტუტის ადგილმდებარეობის მიხედვით (თანხის შემთხვევაში), ხოლო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში – მიმღების/გამომგზავნის მომსახურე ინსტიტუტის ადგილმდებარეობის მიხედვით.

3. სავაჭრო პლატფორმაზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აისახება სავაჭრო პლატფორმის რეგისტრაციის ქვეყნის მიხედვით.

4. ველში – „ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნების/ტერიტორიების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშების №6 ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

5. ანგარიშების ფორმა №6-ში არ აისახება ინფორმაცია ცენტრალურ დეპოზიტართან სავაჭროდ დეპონირებული თანხებისა და ფასიანი ქაღალდების მოძრაობის შესახებ.

 

მუხლი 11. ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №7)

1. ანგარიშგების ფორმა №7 მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას.

2. ანგარიშგების №7 ფორმაში, სვეტში „იურიდიული პირები“ და „ფიზიკური პირები“, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების რაოდენობისა და განხორციელებული ოპერაციების მოცულობისა და რაოდენობის შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

3. ანგარიშგების ფორმა №7-ში ველში „სულ ფიზიკური პირები“ და „სულ იურიდიული პირები“ აისახება რეზიდენტობის მიხედვით იმ კლიენტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქმიან ურთიერთობაში იმყოფებიან საბროკერო კომპანიასთან, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ ოპერაციები საანგარიშო პერიოდში. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა საბროკერო კომპანიასთან.

4. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშგების №7 ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

 

მუხლი 12. ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №8)

1. ანგარიშგების ფორმა №8-ში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია განხორციელდა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად.

2. ანგარიშგების №8 ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელსაც დაეყრდნო საბროკერო კომპანია პირის იდენტიფიკაციისას, ასევე ამ ფორმით იდენტიფიცირებული კლიენტების რაოდენობა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემები.

3. კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ოპერაციები. ანგარიშგების №8 ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეწყვიტეს ურთიერთობა საბროკერო კომპანიასთან.

 

მუხლი 13. ინფორმაცია მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №9)

1. ანგარიშგების ფორმა №9 მოიცავს მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე, სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების რაოდენობის, ოპერაციების მოცულობისა და  ოპერაციების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას.

2. ველში „სულ პირების რაოდენობა“ აისახება კლიენტების შესახებ ინფორმაცია სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. ანგარიშგების №9 ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც საბროკერო კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

3. ველში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია იმ იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

4. AML/CFT კუთხით რეგულირებული პროფესიული მომსახურების  პროვაიდერები მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ანგარიშვალდებულ პირებს, გარდა „ბ.ბ“ და  „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა.

5. სხვა პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო, მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობის განმახორციელებელ პირებს. ანგარიშგების №9 ფორმაში არ აისახება საპროექტო/საინჟინრო/არქიტექტურული საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია.

6. პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის მიმწოდებლების შესახებ ინფორმაცია მოიცავს პირებს, რომელთა საქმიანობას წარმოადგენს/რომელთა საქმიანობაში ფიქსირდება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება.

7. ლატარიის ორგანიზატორები, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორები  მოიცავს კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება ლატარიის ბილეთების გაყიდვას, აზარტული თამაშობების ავტომატების ექსპლუატაციას, ვირტუალური აზარტული თამაშობების ვებგვერდების ექსპლუატაციას, ბუკმეკერობას და ფსონების დადების საქმიანობას, კაზინოების ფუნქციონირებას („მცურავი კაზინოების“ ჩათვლით).

8. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობა (წარმოება/რეალიზაცია) ასევე მოიცავს ძვირფასეულობის მაღაზიებს.

9. ანტიკვარულ ნივთებთან და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობა (რეალიზაცია) ასევე მოიცავს ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებს და აუქციონის მომწყობ პირებს.

10. ანგარიშგების ფორმა №9-ში არ აისახება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის მომწყობი პირების შესახებ ინფორმაცია.

11. ანგარიშგების ფორმა №9-ში არ აისახება რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომელთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის/ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, ასევე, ნედლი ნავთობის, ბუნებრივი აირის, ლითონის მადნების, ძვირფასი ქვების მოპოვება და ნავთობპროდუქტების წარმოება, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციებად ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა.

12. ქიმიკატების და ქიმიური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია მოიცავს ფეთქებადი ნივთიერებების, არაორგანული და ორგანული ძირითადი ქიმიკატების, სამრეწველო აირების ან/და აზოტის ნაერთების მწარმოებელ კომპანიებს. დეტალური კლასიფიკაცია მოცემულია სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ ბოლო რედაქციაში.

13. საქველმოქმედო ორგანიზაციებში ასეთი სტატუსის მქონე პირებთან ერთად აისახება ის პირებიც, რომელთაც საქმიანობის სფეროდ უფიქსირდებათ საქველმოქმედო საქმიანობა.

14. გრანტის გამცემი და გრანტის მიმღები ორგანიზაციები არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. გრანტის გამცემი ორგანიზაციები მოიცავს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, გარდა საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტისა. გრანტის მიმღებ ორგანიზაციებში იგულისხმება ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ და „თ“- „ი1“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრული პირები.

15. საქველმოქმედო და გრანტის გამცემი/მიმღები ორგანიზაციები, ასევე სხვა ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, არ მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს (თუ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 100%-ს შეადგენს, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციაში ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციებისა), უცხო ქვეყნის საელჩოებსა და საკონსულოებს, ავტორიტეტულ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებს (EBRD, WB, IMF და სხვა) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს.

16. ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, მოიცავს ფონდებს, ფედერაციებს, ასოციაციებს და არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

17. ანგარიშგების ფორმა №9-ში გათვალისწინებული სპორტული კლუბები მოიცავს საფეხბურთო, საკალათბურთო და სხვა მსგავსი ტიპის კლუბებს, გარდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსებისა.

18. ანგარიშგების ფორმა №9-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ არარეზიდენტი საინვესტიციო ფონდებისა და საინვესტიციო კომპანიების შესახებ.

19. ანგარიშგების ფორმა №9-ში აისახება ინფორმაცია ჰოლდინგური კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვა საწარმოების საქმიანობის მართვა ან კონტროლია.

20. ანგარიშგების ფორმა №9-ში აისახება ინფორმაცია აქტივების მმართველი არარეზიდენტი კომპანიების შესახებ.

21. ანგარიშგების ფორმა №9-ში აისახება ინფორმაცია იმ სატრასტო სერვისის მიმწოდებელი კომპანიების შესახებ, რომელიც ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესებისათვის მოქმედებს როგორც ფიდუციარი, აგენტი ან მინდობილი მესაკუთრე (trustee) იმ მიზნით, რომ განახორციელოს აქტივების ადმინისტრირება, მართვა და შემდგომი გადაცემა ბენეფიციარისთვის.

22. კომპანიები სატრასტო სამართლებრივი ურთიერთობით მოიცავს პირებს, რომელთა მფლობელობის ან მმართველობის სტრუქტურაშიც გვხდება ისეთი სამართლებრივი სტრუქტურა (legal arrangement – (მაგ., trust, fideicomiso, treuhand, fiducie)), სადაც ფიქსირდება საკუთრების მიმნდობი (settlor), მინდობილი მესაკუთრე (trustee), ბენეფიციარი (beneficiary), ან/და სხვა პირები (protector და სხვა).

23. უძრავი ქონების აგენტი გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს და არ მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, ვინც მხოლოდ საკუთარ ქონებას გასცემს იჯარით.

24. ველში „კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები“ აისახება ინფორმაცია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების შესახებ, ასევე იმ პირების შესახებ, რომელთა ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ვირტუალურ აქტივებთან.

25. ქეშ-ინტენსიური ბიზნესის პროფილის იურიდიულ პირებში აისახება ინფორმაცია იმ პირებზე, რომელთა ნაღდი ფორმით განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა საბროკერო ანგარიშზე, საანგარიშო პერიოდში აღემატება 500 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

26. მაღალშემოსავლიანი პირები (ე.წ. High-net-worth Individuals) მოიცავს ფიზიკურ პირებს, რომელთა ანგარიშებზე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა ნაშთი მინიმუმ 500 000 ლარის ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტის ოდენობით.

27. თუ პოლიტიკურად აქტიური პირი, ამავდროულად არის მაღალშემოსავლიანი პირი, ინფორმაცია აისახება ველში „პოლიტიკურად აქტიური პირები“.

28. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, აისახება როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის/გარიგების, ასევე კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.

29. იმ შემთხვევაში, თუ სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებაში, ოპერაციის/გარიგების მონაწილე მხარე არის ერთდროულად რამდენიმე კლიენტი, რაოდენობრივ მაჩვენებელში ფიქსირდება ყველა მათგანი, ხოლო ოპერაციების მოცულობაში, როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის/გარიგების, ასევე მათ მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.

30. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, არ აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომლებიც ფიგურირებენ საეჭვო ოპერაციებში/გარიგებებში როგორც დაზარალებულნი (მაგალითად, თაღლითობის მსხვერპლი).

31. ოპერაციის/გარიგების დადების მცდელობის შესახებ ანგარიშგების საეჭვო სტატუსით სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნის შემთხვევაში, ოპერაციების მოცულობაში აისახება, როგორც ამ კონკრეტული ოპერაციის/გარიგების თანხა, ასევე, ოპერაციის/გარიგების მონაწილე კლიენტ(ებ)ის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.

32. ანგარიშგების ფორმა №9-ში გათვალისწინებული არააქტიური ანგარიშის მქონე პირები მოიცავს ისეთი კლიენტების შესახებ ინფორმაციას, რომელთა მიერ საბროკერო კომპანიაში არსებულ არცერთ ანგარიშზე 1 წლის ან მეტის განმავლობაში ბრუნვა არ დაფიქსირებულა და ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ანგარიშზე/ანგარიშებზე განხორციელებული საკრედიტო ბრუნვა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აღემატება 100 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში. 1 წელი იანგარიშება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პირველი ოპერაციიდან.

33. ანგარიშგების №9 ფორმაში აისახება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაცია.

34. კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირები არიან, არ მოიცავს ასეთ ზონებში რეგისტრირებულ პირებს.

35. ანგარიშგების №9 ფორმაში გათვალისწინებული კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი, მოიცავს ისეთ პირებსაც, რომელთა სტრუქტურაში ნომინალური მფლობელობის ფაქტი არ არის დადასტურებული დოკუმენტურად, თუმცა საბროკერო კომპანიას ამის შესახებ სხვაგვარად აქვს მოპოვებული ინფორმაცია.

36. ანგარიშგების ფორმა №9 მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტებზე, რომელთაც საბროკერო კომპანიამ საანგარიშო პერიოდში შეუწყვიტა ან/და შეუჩერა მომსახურება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით იდენტიფიცირებული რისკის მატარებელი გარემოებების გამო. ინფორმაცია კლიენტებზე, რომლებსაც საბროკერო კომპანიამ საანგარიშო პერიოდში შეუწყვიტა ან/და შეუჩერა მომსახურება ტრანზიტული ოპერაციების განხორციელების გამო აისახება ცალკე, შესაბამის ქვეფაქტორში. ორივე შემთხვევაში,  ოპერაციების მოცულობაში აისახება აღნიშნული პირების მიერ მომსახურების შეჩერებამდე/შეწყვეტამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობა.

37. კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს მოიცავს ე.წ. „Bearer Shares“ გამომშვებ პირებს.

38. ანგარიშგების №9 ფორმაში რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრ(ეებ)ის დადგენა საჭიროებს ვერტიკალურ ჭრილში ორი და მეტი იურიდიული პირის შესწავლას. საწარმოს ფილიალი ან/და წარმომადგენლობა არ განიხილება იურიდიულ პირად.

39. თუ კლიენტი ერთდროულად არის ანგარიშგების №9 ფორმით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტორში, რომელიც საბროკერო კომპანიის შიდა პოლიტიკის თანახმად, უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით. გამონაკლისს წარმოადგენენ ფაქტორები „პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, „არააქტიური ანგარიშების მქონე პირები“, „თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული პირები“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირია“, „რეზიდენტი კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე არარეზიდენტი პირია“, „კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი“, „კლიენტები, რომელთაც შეუჩერდათ/შეუწყდათ მომსახურება“, „კლიენტები, რომელთაც შეუჩერდათ/შეუწყდათ მომსახურება ტრანზიტული ოპერაციების განხორციელების გამო“, „კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს“, „რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კლიენტები“, სადაც ქვეფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემები უნდა გამეორდეს, თუ კლიენტის მახასიათებლები შეესაბამება 2 ან მეტ ფაქტორს ერთდროულად. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი ამავდრულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ამ ორივე ფაქტორში.

40. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდროულად შეესაბამება ამ მუხლის 39-ე პუნქტში ჩამოთვლილ რამდენიმე ფაქტორს, ინფორმაცია აღირიცხება ყველა მათგანში.

41. საბროკერო კომპანიის მიერ ანგარიშგების №9 ფორმაში ასევე უნდა აისახოს მის მიერ  საქმიანობის თუ სხვა კრიტერიუმების (გეოგრაფიული რისკი, ორგანიზაციული ფორმა და სხვა) მიხედვით, მომეტებული რისკის მატარებლად მიჩნეული კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ კრიტერიუმი განსხვავდება ანგარიშგების №9 ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგან.

 

მუხლი 14. ინფორმაცია კლიენტთა მიერ კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების/გარიგებების შესახებ (ფორმა №10)

1. ანგარიშგების ფორმა №10-ში, რეზიდენტობისა და ტრანზაქციის ტიპის მიხედვით აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქვთ კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციები და სადაც საბროკერო კომპანია მოქმედებს როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების განმახორციელებელი პირი.

2. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ღირებულება აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების დროს (მომენტში) საბროკერო კომპანიის მიერ შეთავაზებული ეკვივალენტი ღირებულებით.

3. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის უცხოურ ვალუტაში გადაცვლის შემთხვევაში, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ღირებულება აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების დროს (მომენტში) საბროკერო კომპანიის მიერ შეთავაზებული ეკვივალენტი ღირებულების ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.

4. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის სხვა კონვერტირებად ვირტუალურ აქტივში ან სხვა ფინანსურ ინსტრუმენტში გადაცვლის შემთხვევაში, აისახება კლიენტის ვირტუალურ საფულეზე (wallet) არსებული იმ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ღირებულება, რომლის გადაცვლაც ხორციელდება.

5. ანგარიშგების ფორმა №10-ში ასევე აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის კლიენტების ვირტუალურ საფულეებზე (wallet) კონვერტირებად ვირტუალურ აქტივში არსებული ნაშთების ღირებულების შესახებ.

6. ანგარიშგების №10 ფორმაში, შესაბამის სვეტებში ცალკე აისახება რეზიდენტობის მიხედვით კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ანგარიშის მქონე კლიენტების შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ ოპერაციები საანგარიშო პერიოდში, მათ შორის, აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა საბროკერო კომპანიასთან.

 

მუხლი 15. ინფორმაცია შუამავლების შესახებ (ფორმა №11)

1. ანგარიშგების ფორმა №11-ში აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში საბროკერო კომპანიასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლების შესახებ, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია მათი მეშვეობით ან/და მათი დავალებით. ანგარიშგების №11 ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ შუამავლების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. ანგარიშგების №11 ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია სავაჭრო პლატფორმების მიმწოდებლების შესახებ.

2. ანგარიშგების ფორმა №11-ში მიეთითება შუამავლის (მათ შორის, სავაჭრო პლატფორმის მიმწოდებლის) დასახელება, რეგისტრაციის ქვეყანა (რეგისტრაციის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), საქმიანი ურთიერთობის დამყარების თარიღი და შუამავალთან დაკავშირებული ოპერაციების მოცულობა.

 

მუხლი 16. სტატისტიკური ინფორმაცია სსიპ  საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში  გაგზავნილი ანგარიშგებების  შესახებ (ფორმა №12)

1. ანგარიშგების ფორმა №12 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.

2. საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ ინფორმაცია აისახება დიფერენცირებულად, იმის მითითებით, თუ რა ნიშნით მოხდა ანგარიშგების საეჭვო სტატუსით გაგზავნა.

3. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ „ზღვარს ზემოთ“ ოპერაციების შესახებ ანგარიშგება ერთდროულად რამდენიმე ნიშნით არის გაგზავნილი, ანგარიშგების №12 ფორმაში ინფორმაცია აისახება ერთ-ერთი ნიშნის მიხედვით.

 

მუხლი 17.  ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №13) 

1. ანგარიშგების ფორმა №13 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.

2. საბროკერო კომპანიამ, ანგარიშგების №13 ფორმის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება ოპერაციის/გარიგების მონაწილე კლიენტების რეზიდენტობის და ოპერაციის/გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.

3. თუ გარიგების მხარეები არიან საბროკერო კომპანიის კლიენტები, ანგარიშგების №13 ფორმაში აისახება ინფორმაცია ყველა მათგანის შესახებ (რეზიდენტობის შესაბამისად).

4. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი.

 

მუხლი 18.  ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ პროდუქტების და ოპერაციების/გარიგებების მიხედვით (ფორმა №14)

1. ანგარიშგების ფორმა №14 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად საეჭვო სტატუსით, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.

2. საბროკერო კომპანიამ, ანგარიშგების №14 ფორმის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება პროდუქტების/გარიგებების ტიპების (ფასიანი ქაღალდების ყიდვა, საკონსულტაციო მომსახურება და სხვა) და ოპერაციის/გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.

3. თუ საეჭვო სტატუსით სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილ ოპერაციაში/გარიგებაში, ოპერაციის/გარიგების მონაწილე მხარეების მიერ გამოყენებულია ერთდროულად რამდენიმე პროდუქტი, ანგარიშგების №14 ფორმაში ინფორმაცია აისახება თითოეული მათგანის შესახებ.

4. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი.

 

მუხლი 19. ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №15)

1. ანგარიშგების ფორმა №15-ში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც საანგარიშო პერიოდში, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საფუძველზე დაედო ყადაღა/განხორციელდა სახსრების გაყინვა (Asset Freezing).

2. ანგარიშგების №15 ფორმაში ცალკე, შესაბამის სვეტში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად დაედო ყადაღა.

3. ანგარიშგების ფორმა №15-ში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა გარიგებების აღსრულებაც შეჩერდა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე, საანგარიშო პერიოდში.

4. ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშგების №15 ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

 

მუხლი 20. ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა №16)

1. ანგარიშგების ფორმა №16-ში აისახება მხოლოდ იმ პროდუქტების, ასევე მომსახურების მიწოდების საშუალებების (არხის) შესახებ ინფორმაცია, რომელიც საანგარიშო პერიოდში მიჩნეულია მომეტებული რისკის მატარებლად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით (საწყისი რისკის გათვალისწინებით), მიუხედავად იმისა, თუ როდის დანერგა აღნიშნული პროდუქტი (მიწოდების არხი) საბროკერო კომპანიამ.

2. ანგარიშგების ფორმა №16-ში მითითებული ინფორმაცია გარკვევით უნდა ასახავდეს პროდუქტის აღწერილობას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით არსებულ რისკებსა და საბროკერო კომპანიის მიერ რისკების შემცირების მიზნით განსაზღვრულ ზომებს.

3. ანგარიშგების №16 ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია პროდუქტის ბრუნვის/მიწოდების არხის საშუალებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ.

 

მუხლი 21. საბროკერო კომპანიის მიერ დამატებით წარსადგენი ინფორმაცია

1. ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, კონტროლის სისტემის დისტანციური შეფასების მიზნით, საბროკერო კომპანია ეროვნულ ბანკს წარუდგენს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საბროკერო კომპანიაში არსებულ ყველა პოლიტიკა-პროცედურას და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა ხდება ამ წესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. პოლიტიკა-პროცედურები და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობა არ საჭიროებს საანგარიშო პერიოდების მიხედვით განმეორებით წარდგენას, თუ მასში არ არის განხორციელებული რაიმე სახის ცვლილება, ხოლო ცვლილების შემთხვევაში იგზავნება მხოლოდ განახლებული ინფორმაცია.

4. საბროკერო კომპანიებიდან სხვა დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.

5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს კითხვარის სახით, რომლის ფორმას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

 

მუხლი 22. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადები

1. საბროკერო კომპანია ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისთვის:

ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) – არაუგვიანეს 31 ივლისისა;

ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა.

2. ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკა-პროცედურებს და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას საბროკერო კომპანია წარადგენს ანგარიშგებასთან ერთად.

3. კონკრეტული საბროკერო კომპანიის ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, საბროკერო კომპანიის მენეჯმენტში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე სხვა გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია განხორციელდეს ანგარიშგების ან/და დამატებითი ინფორმაციის ვადაზე ადრე გამოთხოვა. ამასთან, ანგარიშგების/ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს საბროკერო კომპანიის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.

4. ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, საბროკერო კომპანია ვალდებულია იქონიოს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირებას.

 

მუხლი 23. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი

1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, საბროკერო კომპანია ანგარიშგებას, ამ წესის 22-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ტვირთავს „AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომ – პორტალი).

2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე.

3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა.

4. საბროკერო კომპანია ამ წესის 22-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ეროვნულ ბანკს, პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით წარუდგენს ასევე ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

5. ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საბროკერო კომპანიაში არსებული პოლიტიკა–პროცედურების, ასევე, პოლიტიკა-პროცედურებში შეტანილი ცვლილებების ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ხდება ქართულ ენაზე, ოფიციალურად ხელმოწერილი და სკანირებული დოკუმენტის სახით. თუ ორიგინალი დოკუმენტი შედგენილია უცხოურ ენაზე, ხელმოწერილ და სკანირებულ დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტიც.

6. საბროკერო კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზით პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, ანგარიშგების ან/და ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის, ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge.