დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 14753 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 24/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016752 |
|
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: ,,მუხლი 91. გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერისას 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული, საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლას ექვემდებარება ყველა ფიზიკური პირი (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი), რომელსაც ერიცხება აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი. 3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები (გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა), რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას. 4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დროებით ბარათზე არსებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი, საგადასახადო დავალიანება ჩამოწერას ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის ძირითად ბარათზე გადატანის შემდგომ, ამავე მუხლის მე-10 პუნქტის გათვალისწინებით. 5. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავალიანება უფიქსირდება ერთდროულად ძირითად და დროებით ბარათებზე, დავალიანების ჩამოწერა განხორციელდება დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე თანხების სრულად გადატანის შემდგომ. მაგალითი 1: ფიზიკურ პირს, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შედარების აქტის მიხედვით, ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2000 ლარის ოდენობით. მათ შორის, საშემოსავლო გადასახადში ძირითადი თანხა – 1000 ლარი, ჯარიმა – 500 ლარი და საურავი – 500 ლარი. ასევე, დროებით ბარათზე უფიქსირდება 2020 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არაღიარებული თანხები. 2024 წლის 5 სექტემბერს ფიზიკურმა პირმა მიმართა საგადასახადო ორგანოს 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით. ა) საკითხის განხილვისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მომართვის თარიღისთვის, 2020 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები აღიარებულია. მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 2020 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები არ იყო აღიარებული, აღნიშნული დავალიანება ჩამოსაწერი თანხის დათვლაში მიიღებს მონაწილეობას, ვინაიდან საკითხის შესწავლის დროს საგადასახადო მოთხოვნით დამატებით დარიცხული თანხები აღიარებულია. ბ) გადასახადის გადამხდელის მომართვის თარიღისთვის, 2020 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები არ არის აღიარებული. მოცემულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს ეცნობება და განემარტება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ვერ განხორციელდება დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლა და იგი უფლებამოსილია მოგვმართოს დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით, თანხების აღიარების შემდგომ. გ) გადასახადის გადამხდელის მომართვის თარიღისთვის, 2020 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები აღიარებულია თუმცა პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება 2023 წლის 1 მარტის საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული არაღიარებული თანხები. მოცემულ შემთხვევაში 2023 წლის 1 მარტის საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები ზრდის 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილ დავალიანებას და გავლენას ახდენს ჩამოსაწერი დავალიანების ოდენობაზე. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს ეცნობება და განემარტება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ვერ განხორციელდება დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლა და იგი უფლებამოსილია მოგვმართოს დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით, თანხების აღიარების შემდგომ. 6. იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის 1 იანვრამდე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნ(ებ)ის საფუძველზე პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირება განხორციელდა 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნ(ებ)ის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო დავალიანება კვლავ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად. 7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ” ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნით ჩამოწერამდე პირის მიერ გადახდილი/შემცირებული თანხები უნდა მიემართოს ვალდებულ პირზე აღნიშნული პერიოდისთვის რიცხული საერთო დავალიანების დასაფარავად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დადგენილი თანმიმდევრობით: ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა); ბ) ჯარიმა; გ) საურავი. 8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავალიანების ჩამოწერისას, მოსაკრებლის და ადმინისტრაციული ჯარიმის ბარათის ნარჩენი ან/და ზედმეტობა არ გაითვალისწინება. 9. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანება შესაძლებელია ჩამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 681 მუხლის შესაბამისად, შემდეგ შემთხვევებში: ა) გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე; ბ) დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) გადასახადის გადამხდელის მომართვის გარეშე (პროგრამულად ან/და ინდივიდუალური შესწავლის გზით). 10. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება პროგრამულად, თუ ფიზიკური პირს (მათ შორის, მეწარმე ფიზიკურ პირს), 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ ჩამოწერის მომენტამდე, არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაციები. ამ მიზნით, მხედველობაში არ მიიღება პირის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციები, რომელთა საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. ასევე ოპერაციები, რომლებიც ამცირებს 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ საგადასახადო დავალიანებას და ოპერაციები, რომლებითაც ხორციელდება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანა. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ჩამოწერას ექვემდებარება ჩამოწერის მომენტისთვის არსებული დავალიანება. 12. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შემდეგ, გადასახადის გადამხდელის მიერ ჩამოწერის თარიღამდე საანგარიშო პერიოდის დეკლარაციების დაზუსტება ან/და სხვა სახის ოპერაციები, არ წარმოადგენს უკვე ჩამოწერილი თანხის გადაანგარიშება/კორექტირების საფუძველს. მაგალითი 2: ფიზიკურ პირს, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შედარების აქტის მიხედვით, ერიცხება საგადასახადო დავალიანება 2000 ლარის ოდენობით. მათ შორის: საშემოსავლო გადასახადში ძირითადი თანხა – 1000 ლარი, ჯარიმა – 500 ლარი და საურავი – 500 ლარი. პირს 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ბიუჯეტთან ანგარიშსწორება არ უწარმოებია. აღნიშნული დავალიანება სრულად წარმოადგენს 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ და ჩამოწერის მომენტისთვის გადაუხდელ საგადასახადო დავალიანებას და მასზე დარიცხულ საურავს. შესაბამისად, პროგრამულად ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანება: საშემოსავლო გადასახადში ძირითადი თანხა – 1000 ლარი, ჯარიმა – 500 ლარი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საურავის ოდენობა. დავალიანების ჩამოწერის შემდგომ პირადი აღრიცხვის ბარათზე დაფიქსირდა ოპერაციები: ა) გადახდილია – 1700 ლარი; ბ) წარმოდგენილია 2023 წლის სექტემბრის თვის დღგ დეკლარაცია, ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი (ჩათვლა) თანხით – 500 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ოპერაციები ამცირებს პირის 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ საგადასახადო დავალიანებას, იგი ვერ გახდება ჩამოწერილი დავალიანების კორექტირების მიზეზი, ვინაიდან დავალიანების ჩამოწერის შემდგომ განხორციელებული ოპერაციები არ მიიღება მხედველობაში. 13. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში (გარდა პროგრამულად განხორციელებული ჩამოწერისა), საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით (დასკვნა, ბრძანება), რისთვისაც უნდა გაიმიჯნოს ჩამოწერის მომენტში არსებულ მთლიან დავალიანებაში 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის აღიარებული, გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანებისგან. 14. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ხორციელდება დადებითი გადაწყვეტილების შესახებ მომზადებული დასკვნა/ბრძანების თარიღისთვის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული მონაცემების შესაბამისად. ამასთან, დასკვნა/ბრძანების გამოცემის თარიღიდან ჩამოსაწერი თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვამდე, გატარებული ახალი ოპერაციები არ იწვევს გადაწყვეტილებით (დასკვნა/ბრძანება) გათვალისწინებული ჩამოსაწერი დავალიანების კორექტირებას, გარდა ისეთი სახის ოპერაციებისა, რომლებიც ასახული უნდა ყოფილიყო დავალიანების ჩამოწერამდე. მაგალითი 3: ფიზიკურ პირს, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შედარების აქტის მიხედვით ერიცხება საგადასახადო დავალიანება 2000 ლარის ოდენობით. მათ შორის: საშემოსავლო გადასახადში ძირითადი თანხა – 1000 ლარი, ჯარიმა – 500 ლარი და საურავი – 500 ლარი. პირმა 2024 წლის 1 სექტემბერს საგადასახადო ორგანოს მიმართა განცხადებით 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით. ამასთან, 2024 წლის 3 სექტემბერს გადასახადის გადამხდელმა ერთიან სახაზინო კოდზე გადაიხადა 100 ლარი. საგადასახადო ორგანოს მიერ 2024 წლის 5 სექტემბერს შედგა დასკვნა, სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პირზე დარიცხული 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დასკვნის შედგენის თარიღისათვის არსებული საგადასახადო დავალიანების და მასზე დარიცხული საურავის ჩამოწერის თაობაზე. აღნიშნული დავალიანება სრულად წარმოადგენს 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ და დასკვნის შედგენის თარიღის მდგომარეობით გადაუხდელ საგადასახადო დავალიანებას და მასზე დარიცხულ საურავს. შესაბამისად, ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანება, 2024 წლის 5 სექტემბრის სავადო თარიღით, საშემოსავლო გადასახადში ძირითადი თანხა – 900 ლარი (2024 წლის 3 სექტემბრის გადახდის გათვალისწინებით), ჯარიმა – 500 ლარი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საურავის ოდენობა. 2024 წლის 5 სექტემბრის თარიღის შემდეგ გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებულია შემდეგი ოპერაციები: ა) 2024 წლის 6 სექტემბერს გადახდილია – 1700 ლარი; ბ) 2024 წლის 7 სექტემბერს წარმოდგენილია 2023 წლის სექტემბრის თვის დღგ დეკლარაცია ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი (ჩათვლა) თანხით – 500 ლარი. საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა განხორციელდა 2024 წლის 8 სექტემბერს. შესაბამისად, 2024 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით პირს საერთოდ აღარ გააჩნია საგადასახადო დავალიანება. თუმცა, ვინაიდან დავალიანების ჩამოწერის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიღებულია 2024 წლის 5 სექტემბერს, ამ თარიღის შემდეგ განხორციელებული ოპერაციები არ მიიღება მხედველობაში და არ მოხდება დასკვნის დაზუსტება ჩამოსაწერი დავალიანების კორექტირების მიზნით. გ) გადამხდელმა, დავალიანების ჩამოწერის შემდეგ, 2024 წლის 1 დეკემბერს საგადასახადო ორგანოში წარადგინა 2022 წლის 15 აგვისტოს თარიღის საგადახდო დავალება (გადახდილია ერთიან სახაზინო კოდზე), რომელიც საგადახდო დავალებაში არასწორი რეკვიზიტების გამო არ იყო ასახული გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. იმის გათვალისწინებით, რომ ეს გადახდა ასახული უნდა ყოფილიყო გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დავალიანების ჩამოწერამდე, თანხის გატარების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს უკვე ჩამოწერილი თანხის კორექტირება ამ საგადახდო დავალების გათვალისწინებით. 15. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ ასახულია ოპერაციები, რომლებიც ცვლის საგადასახადო დავალიანების თანხას, ჩამოსაწერი დავალიანების დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესით განსაზღვრული შემდეგი პრინციპი: თუ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული ოპერაცია (გადახდა, დეკლარაციით ბარათზე ასახული ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი თანხა (შემცირება), დასკვნა/ბრძანება/გადაანგარიშება ოპერაციის მიხედვით ასახული შემცირება, რომელიც იწვევს საგადასახადო დავალიანების შემცირებას, პირველ რიგში იწვევს უფრო ადრე წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების (2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი) დაფარვას, ხოლო შემდეგ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანების დაფარვას, ისე რომ ორივე შემთხვევაში დაცული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დავალიანების დაფარვის დადგენილი თანმიმდევრობა: ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა); ბ) ჯარიმა; გ) საურავი. აღნიშნული არ ეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირების გამო საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიერ საქონლის მესაკუთრის სახელით გადახდას. მაგალითი 4: ფიზიკურ პირს, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შედარების აქტის მიხედვით ერიცხება საგადასახადო დავალიანება 2000 ლარის ოდენობით. მათ შორის: საშემოსავლო გადასახადში ძირითადი თანხა – 1000 ლარი, ჯარიმა – 500 ლარი და საურავი – 500 ლარი. 2024 წლის 5 სექტემბერს ფიზიკურმა პირმა მიმართა საგადასახადო ორგანოს 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით. საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება შემდეგი სახის ოპერაციები: ა) 20.03.2021 წლის სავადო თარიღი – გადახდა 600 ლარი. მოცემულ შემთხვევაში, გადახდილი თანხით შემცირდება 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული საგადასახადო დავალიანებიდან საშემოსავლო გადასახადი (ძირითადი გადასახადი) 600 ლარით. შესაბამისად, ძირითად გადასახადში 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანება, 20.03.2021 წლის მდგომარეობით, გახდება 400 ლარი. ბ) 10.04.2021 წლის სავადო თარიღით – გადახდა 200 ლარი. 15.04.2021 სავადო თარიღით ფიქსირდება დარიცხვა დღგ-ში – 200 ლარი. აღნიშნული ოპერაციები წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლის საფუძველზე საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიერ საქონლის მესაკუთრის სახელით გადახდას და დეკლარირებას. მიუხედავად იმისა, რომ პირადი აღრიცხვის ბარათზე, 2021 წლის 10 აპრილის გადახდით (200 ლარით), მცირდება საშემოსავლო გადასახადი, აღნიშნული ოპერაცია თავისი შინაარსით წარმოადგენს 2021 წლის 15 აპრილს დარიცხული დღგ-ის მაკომპენსირებელ თანხას. შესაბამისად, აღნიშნული გადახდა არ ჩაითვლება 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული დავალიანების შემცირების ოპერაციად და გადაუხდელი დავალიანება ძირითად გადასახადში (რომელიც ითვლება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილად) კვლავ დარჩება 400 ლარი; გ) 15.10.2021 წლის სავადო თარიღით, 2021 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციით დარიცხულია დღგ – 200 ლარი. მოცემულ შემთხვევაში დარიცხული თანხით იზრდება 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანება და არ ცვლის 2021 წლის 1 იანვრამდე არსებულ დავალიანებას, რომელიც ძირითად გადასახადში კვლავ დარჩება 400 ლარი; დ) 15.02.2022 წლის სავადო თარიღით, 2022 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციით პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახულია შემცირება (ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი თანხა) – 1300 ლარი. მოცემულ შემთხვევაში, დავალიანების დაფარვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლის თანახმად, დავალიანების თანხა დაიფარება შემდეგი თანმიმდევრობით: 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ოპერაციამდე გადაუხდელი ძირითადი თანხა – 400 ლარი; 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი ძირითადი თანხა – 200 ლარი; 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული ჯარიმა – 500 ლარი; ხოლო ბოლოს – დარჩენილი 200 ლარით შემცირდება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საურავი; ე) 2022 წლის 15 თებერვლის შემდეგ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღარ ფიქსირდება რაიმე სახის ოპერაცია. მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ უნდა მოხდეს დასკვნის შედგენის თარიღისთვის დარჩენილი, 2021 წლამდე წარმოშობილი და შემცირების თარიღისთვის გადაუხდელი (დარჩენილი) საურავის შემცირება. 16. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა 2021 წლის 1 იანვრის შემდგომი საანგარიშო პერიოდის დაზუსტებული დეკლარაცია, რომლითაც მცირდება პირველადი დეკლარაციით დარიცხული თანხის ოდენობა, აღნიშნული ოპერაცია არ მოახდენს გავლენას 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ საგადასახადო დავალიანების ოდენობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზუსტებული დეკლარაციით შესამცირებელი (ჩასათვლელი) თანხის ოდენობა აღემატება ამავე დეკლარაციით დასარიცხი თანხის ოდენობას. 17. 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ საანგარიშო პერიოდებზე, ფიზიკური პირის მიერ წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, თუ დარიცხული გადასახადი ნაკლებია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის შესაბამისად ჩათვლილ მიმდინარე გადასახდელების ჯამზე, რის გამოც პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახულია შემცირების (ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი თანხა) ოპერაცია, აღნიშნული შემცირების თანხა არ მიიღებს მონაწილეობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩამოსაწერი დავალიანების დაანგარიშებაში და ამ მიზეზით გამოწვეული შემცირების ოპერაციით დაიფარება დარიცხული მიმდინარე გადასახდელებით წარმოშობილი დავალიანება. 18. მემკვიდრის მიერ გარდაცვლილი პირის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო შეისწავლის როგორც მემკვიდრის, ასევე გარდაცვლილი პირის პირადი აღრიცხვის ბარათებს (მიუხედავად იმისა, მემკვიდრე აგრძელებს თუ არა გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას). იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება გადატანილია მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე, აღნიშნული დავალიანების წარმოშობის პერიოდის დადგენისას გაითვალისწინება გარდაცვლილ პირზე მისი წარმოშობის პერიოდი. თუ გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება არ არის გადატანილი მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა შესაძლებელია გარდაცვლილი პირის პირადი აღრიცხვის ბარათზეც, ამავე მუხლის მე-9, მე-13 და მე-14 პუნქტების გათვალისწინებით. 19. გადასახადის გადამხდელის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში ან საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში ყოფნა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, არ წარმოადგენს დავალიანების ჩამოწერაზე უარის თქმის საფუძველს. ამ მიზნით: ა) გადასახადის სახეების მიხედვით, პირადი აღრიცხვის ბარათზე უნდა განხორციელდეს იმ გამიჯნული აღიარებული საგადასახადო დავალიანებების კვლავ აღდგენა, რომელიც არსებობდა პირის მიმართ სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განჩინების გამოტანის თარიღის ან საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით განსაზღვრული რესტრუქტურიზაციის პერიოდის დაწყების თარიღის მდგომარეობით და ჩამოწერას უნდა დაექვემდებაროს ამ მუხლის დებულებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული გამიჯნული (გადავადებული) ის დავალიანება ან/და დავალიანების ის ნაწილი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, ჩამოსაწერი დავალიანების თანხის გაანგარიშება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ რიცხობრივად ჩამოსაწერი თანხის ოდენობა ჯამში ტოლი იყოს იმ დავალიანებისა, რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერებოდა მისი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში ან საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში არყოფნის შემთხვევაში; ბ) პირადი აღრიცხვის ბარათზე დავალიანების აღდგენა არ განიხილება გადახდისუუნარობის რეჟიმიდან გამოსვლად ან რესტრუქტურიზაციის რეჟიმის ვადაზე ადრე შეწყვეტად. 20. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შემდგომ, ჩამოწერილი თანხის მიხედვით შედეგების შესახებ უნდა ეცნობოს: ა) გადასახადის გადამხდელის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში ყოფნის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, შემოსავლების სამსახურის, როგორც კრედიტორის, მოთხოვნის დაზუსტების მიზნით; ბ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში ყოფნის შემთხვევაში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელ კომისიას. 21. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირს გაფორმებული აქვს საგადასახადო შეთანხმება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლა ჩერდება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შედეგად დავალიანების თანხის შემცირებამდე ან საგადასახადო შეთანხმების გაუქმებამდე. 22. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელმა მიმართა საგადასახადო ორგანოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით და შესწავლის შედეგად გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნაზე, ვინაიდან პირს არ ერიცხებოდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის თარიღისთვის გადაუხდელი დავალიანება, რის შემდეგაც დეკლარაციების დაზუსტებით, ან/და სხვა მიზეზით, გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოეშვა საგადასახდო დავალიანება 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე და კვლავ მიმართა საგადასახადო ორგანოს იმავე მოთხოვნით, საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის განმეორებით შესწავლა არ განხორციელდება. ამასთან. გადასახადის გადამხდელს ეცნობება, რომ საგადასახადო ორგანომ ერთხელ უკვე იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და უარი ეთქვა დავალიანების ჩამოწერაზე. გარდა იმ შეთხვევისა, როდესაც გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა დავალიანების ჩამოწერაზე, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე დარიცხული და არაღიარებული თანხების გამო. 23. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ხორციელდება გადასახად(ებ)ის სახეების მიხედვით, გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვით, შემდეგი შინაარსის ოპერაციით – „ჩამოწერილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“. 2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
|
დოკუმენტის კომენტარები