გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ

გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 450140000.17.010.016110
5
27/06/2024
ვებგვერდი, 28/06/2024
450140000.17.010.016110
გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №5

2024 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 50-ე მუხლის პირველი პუნქტის, 76-ე მუხლის 37-ე პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

კომისიის წევრინათია კუკულაძე
კომისიის წევრიეკატერინე იმედაძე
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ აბაშიძე




გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო

1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი (შემდგომში „კოდექსი“) ადგენს გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების პრინციპებს, წესებს და სახელმძღვანელო რეკომენდაციებს.

2. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების  პრინციპები სავალდებულოა და განსაზღვრავს პროფესიულ სტანდარტებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი თავისუფალ, პლურალისტურ და დემოკრატიულ სახელმწიფოში.

3. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების წესები წარმოადგენს ამ კოდექსის მოთხოვნებს, რომლებიც უნდა დაიცვან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლებმა, ამ კოდექსით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ კოდექსის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს ენიჭებათ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ანტისოციალური ქცევა – საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური სტანდარტების დარღვევა;

ბ) ბრენდი –  სავაჭრო ნიშანი გამოსახული ან დაბეჭდილი ყუთზე, კოლოფსა და პაკეტზე, საქონლის, პროდუქტის განსაკუთრებული სახეობა ამ ნიშნით;

გ) გამართლებული ქმედება – საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კოდექსით დადგენილი წესების შეუსრულებლობის ისეთი შემთხვევა, როდესაც დაცული სიკეთე აღემატება კოდექსის დარღვევით გამოწვეულ ზიანს და გამოძახებით აუდიომომსახურების მიმწოდებელს შეუძლია კოდექსის დარღვევის რედაქციულად დასაბუთება;

დ) ეგზორციზმი – ლოცვის გამოყენება ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ, იმ პირებისგან სავარაუდო დემონური ძალების განდევნის მიზნით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის ფსიქიკური აშლილობა;

ე) პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის  ლეგიტიმური მოლოდინი – პირთა მოლოდინი, რომ მათ მოექცევიან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის აღიარებული და დადგენილი წესების და სტანდარტების შესაბამისად. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმური მოლოდინი არ განსხვავდება ინდივიდის სოციალური სტატუსის მიხედვით. კერძო პირებს შესაძლოა  ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მათი პირადი ცხოვრება დაცული იქნება საზოგადოებრივ ადგილებში. ადამიანი საზოგადოებაშიც ინარჩუნებს პირადი ცხოვრების უფლებას, თუმცა ნებისმიერმა ქცევამ შეიძლება გამოიწვიოს ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი;

ვ) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

ზ) კონტექსტი – ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა პროგრამის ან პროგრამების სერია, პროგრამის ან პროგრამის სერიის მონაკვეთი, რომლის საერთო შინაარსი საშუალებას იძლევა დაზუსტდეს ან/და დასრულდეს მასში შემავალი ცალკეული სიტყვების, გამოთქმების, მოვლენების და ა.შ. მნიშვნელობა;

თ) რედაქციული დასაბუთება – რედაქციის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა პროგრამის კატალოგში გამონაკლისის დაშვებაზე. გამონაკლისი დაიშვება პროგრამის შინაარსის სრულყოფილად წარმოსაჩენად ან/და კონტექსტის შესანარჩუნებლად;

ი) ნათესავი – დედა, მამა, შვილი, და, ძმა, მეურვე, ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი;

კ) ოკულტიზმი – რწმენა, რომ არსებობენ გარკვეული იდუმალი ან ზებუნებრივი ძალები, რომლებსაც შეუძლიათ დაუკავშირდნენ ადამიანებს მაგიის, ჯადოქრობის, ან მსგავსი საშუალებებით;

ლ) პარანორმალური მოვლენა – მოვლენა, რომელიც მეცნიერულად არ დასტურდება და  აქამდე მეცნიერებაში დაგროვილი ცოდნით არ აიხსნება;

მ) ბავშვებისთვის განკუთვნილი დრო – დროის პერიოდი, როდესაც ბავშვები ინტენსიურად  უყურებენ სატელევიზიო გადაცემებს მშობლის კონტროლის გარეშე;   

ნ) საზოგადოებრივი ინტერესი – მაღალი აქტუალობის მქონე მნიშვნელოვანი საკითხების ან/და მოვლენების მიმართ საჯარო ინტერესი (არა კონკრეტული პირის ცნობისმოყვარეობა), რომელიც უკავშირდება საზოგადოების ფართო წრეს ან კონკრეტულ სოციალურ ჯგუფსა და საერთო ინტერესის სფეროს, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის რეალიზებასთან.

2. ტერმინები, რომლებიც არ არის განმარტებული ამ მუხლით, განიმარტება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ტერმინთა განმარტების შესაბამისად.

მუხლი 3. სამართლებრივი ბაზა

1. ამ კოდექსის საკანონმდებლო ბაზა მოიცავს საქართველოს კონსტიტუციას, აუდიოვიზუალური მედიამომსახურების სფეროს მარეგულირებელ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს,  სხვა საკანონმდებლო აქტებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.

2. კოდექსი განიმარტება საქართველოს კონსტიტუციის, ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაქსიმალური დაცვა.

თავი II

ძირითადი პრინციპები

მუხლი 4. კოდექსის პრინციპები

კოდექსი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ა) სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, სარედაქციო დამოუკიდებლობა და საჯარო ანგარიშვალდებულება, რაც ხელს უწყობს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას;

ბ) აუდიოვიზუალური მედიამომსახურების სფეროში კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, თავისუფალი მეწარმეობა, თანასწორობა და დამოუკიდებლობა;

გ) სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება მათი პოლიტიკური, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური კუთვნილების, წარმომავლობის, ენის, ასაკის და სქესის მიუხედავად;

დ) პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების პატივისცემა, გამოხატვის თავისუფლების საზოგადოებრივი ინტერესის დაბალანსება კონფიდენციალურობის დაცვით;

ე) საჩივრების განხილვის პროცედურების განსაზღვრა. 

მუხლი 5. კოდექსის პრინციპების დაცვა

1. კოდექსის გამოყენებისას გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი უნდა იცავდეს შემდეგ პრინციპებს:

ა) პროგრამები პატივს უნდა სცემდნენ ადამიანის ღირსებას და სხვათა ფუნდამენტურ უფლებებს და ხელს უწყობდნენ აზრის თავისუფალ ფორმირებას მრავალფეროვნების, ტოლერანტობის და თანასწორობის პრინციპების დაცვით;

ბ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი პატივს უნდა სცემდეს მრავალფეროვნებას და ტოლერანტობას და საქართველოში მცხოვრებ ყველა კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ და სოციალურ ჯგუფს, განსაკუთრებით დაუცველ პირებს და ჯგუფებს;

გ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ადამიანების სიცოცხლის ან ჯანმრთელობის  ხელყოფის,  ქონების დაზიანების, ძალადობის სხვა ფორმების, ასევე პოლიციის საქმიანობის, სამედიცინო სერვისების ან საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სხვა სერვისების შეფერხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, იმისათვის, რომ არ გამოიწვიოს აღელვება და შეშფოთება საზოგადოებაში;

დ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი თავისუფალია შექმნას პროგრამა  პროფესიული და საზოგადოებისთვის მისაღები ღირებულებებისა და ეთიკური სტანდარტების დაცვით;

ე) დაუშვებელია პროგრამებში  საზოგადოების თუ ცალკეული პირების ცრურწმენების, შიშების ან  ნდობის ბოროტად გამოყენება/მანიპულირება, ასევე პოტენციურად მავნე ქცევის წაქეზება.

2. კოდექსის ნორმების და პრინციპების დაცვისას, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს კონტექსტი და შემდეგი ფაქტორები:

ა) ზიანისა და არასათანადო ზემოქმედების ხარისხი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს პროგრამაში შემავალი  პროგრამის შესაბამისი ნაწილის კონკრეტული შინაარსით;

ბ) პოტენციური აუდიტორიის სავარაუდო მოცულობა და შემადგენლობა;

გ) აუდიტორიის მოლოდინი პროგრამის სახეობის შესახებ, ასევე ფორმა, რომლის გამოყენებით ხდება აუდიტორიისთვის პროგრამის შინაარსის მიწოდება და პროგრამის სავარაუდო გავლენა პოტენციურ აუდიტორიაზე;

დ) სარედაქციო დამოუკიდებლობის და პასუხისმგებლობის შენარჩუნების მნიშვნელობა შეთავაზებული პროგრამების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

3. ქცევის კოდექსის ნორმების დარღვევის  შეფასებისას მხედველობაში მიიღება აუდიოვიზუალური პროდუქციის კონტექსტი.

მუხლი 6. კოდექსის მიზანი

1. კოდექსის მიზანია უზრუნველყოს, რომ ყველა გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი პასუხისმგებელი იყოს პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაცვაზე და ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, რათა მათ მიერ უზრუნველყოფილ იქნეს ეთიკის და  ღირებულებების დაცვა, სოციალური ერთიანობის გაძლიერება და ტოლერანტობის ხელშეწყობა დემოკრატიულ  საზოგადოებაში.

2. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, კოდექსის პრინციპების შესაბამისად.

თავი III

პროგრამების ზოგადი მოთხოვნები

მუხლი 7. ზიანის და შეურაცხყოფისაგან დაცვა

1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი მიმართავს ზოგადად მიღებულ სტანდარტებს საზოგადოების წევრების ზიანისა და შეურაცხყოფისგან დასაცავად.

2. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პოტენციურად შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელება გამართლებული იყოს სარედაქციო კონტექსტით და ემსახურებოდეს საზოგადოებრივ ინტერესს. ბალანსი უნდა იქნეს დაცული საზოგადოებრივ ინტერესსა და არასრულწლოვანთა და მოწყვლად პირთა დაცვის პასუხისმგებლობას შორის.

3. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა არ უნდა განათავსოს სუიციდის ან თვითდაზიანების მეთოდების შემცველი ინფორმაცია, გარდა ასეთი მეთოდების სიტყვიერი აღწერისა, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს რედაქციულად გამართლებულია, ან გამომდინარეობს კონტექსტიდან.

4. ეგზორციზმის, ოკულტიზმის, პარანორმალური პრაქტიკის ან ჰიპნოზის დემონსტრირება უნდა განიხილებოდეს ობიექტურად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროგრამა არის გასართობი ხასიათის. ასეთი პროგრამები არ უნდა შეიცავდეს რჩევებს პირებისთვის, მათი ჯანმრთელობის, ფინანსების, დასაქმების ან ურთიერთობების შესახებ, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ. ამასთან, აკრძალულია აუდიო ან ვიზუალური აპარატურის გამოყენება ინფორმაციის გადასაცემად, ან სხვაგვარად ზემოქმედება აუდიტორიაზე, მათთვის ამის შესახებ ინფორმირების გარეშე.

5. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია  მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს მგრძნობიარე აუდიტორიაზე ჰიპნოზირებით გამოწვეული ნებისმიერი რისკი ან/და სხვა არასასურველი რეაქცია. 

მუხლი 8. სიზუსტე, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა

1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს სიზუსტეს, სამართლიანობას, მიუკერძოებლობას და ბალანსს  საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში. სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და ბალანსი მიიღწევა ყველა საპირისპირო შეხედულების გაშუქებით, როგორც ერთსა და იმავე პროგრამაში, ასევე სხვადასხვა პროგრამების სერიაში, რომელიც ეძღვნება ერთი გარკვეული საკითხის გაშუქებას.

2. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიიღოს გონივრული ზომები, რათა უზრუნველყოს ფაქტების სიზუსტე და ინფორმაციის წყაროების სანდოობა, აღმოჩენილი ხარვეზების დროულად გამოსწორებისთვის. ხარვეზების გამოსწორება ხორციელდება იმავე მეთოდით, იმავე ფორმით და სათანადო დაგეგმვით.

3. აკრძალულია ნებისმიერი ისეთი პროგრამის გავრცელება, რომელიც არსებული ინფორმაციით ან რუტინული შემოწმების შედეგად მცდარი ან შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდება, ან რომელთან დაკავშირებითაც არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ შესაძლოა იყოს მცდარი ან შეცდომაში შემყვანი. თუ პროგრამა შემდგომში აღმოჩნდება მცდარი, ან შეცდომაში შემყვანი, შესწორებული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს მაქსიმალურად მოკლე ვადაში.

4. პროგრამის მიზანი არ უნდა იყოს ერთი პოლიტიკური სუბიექტის, რომელიმე ჯგუფის ან პირის ინტერესების დაცვა და რაიმე აზრის ან შეხედულების დომინირება, როდესაც საქმე ეხება საკამათო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივი ინტერესის სხვა საკითხებს.

5. საინფორმაციო, პოლიტიკურ და მიმდინარე მოვლენების პროგრამებში, მოსაზრებები და კომენტარები უნდა გაიმიჯნოს ფაქტობრივი ინფორმაციის გადმოცემისგან და უნდა მოხდეს მათი წყაროს, ან ავტორის იდენტიფიცირება.

6. სტატისტიკური ინფორმაციის გაშუქებისას, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა უნდა განსაზღვროს ინფორმაციის წყარო. განსაკუთრებული სიფრთხილეა აუცილებელი ჯანდაცვის, დანაშაულის და ეროვნული უსაფრთხოების სტატისტიკური მონაცემების გაშუქებისას, რათა არ მოხდეს საზოგადოების ზედმეტად შეშფოთება.

7. გამოკითხვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევის და ა.შ. შედეგების გამოქვეყნებისას, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი ასევე აქვეყნებს კვლევის დამკვეთი ფიზიკური თუ იურიდიული პირის ვინაობას, კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციის ვინაობას, კვლევის ნიმუშს და კვლევის ჩატარების პერიოდს.

8. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა არ უნდა მოახდინოს მოვლენების მოდელირება და ყოველთვის მიუთითოს გამეორებებზე საინფორმაციო და ახალი ამბების გადაცემებში, რათა შეცდომაში არ შეიყვანოს მაყურებელი. დოკუმენტური ან რეალური ფაქტების რეკონსტრუქცია მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს.

მუხლი 9. პასუხის უფლება

1. დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერი ინტერესები, კერძოდ, რეპუტაცია და სახელი, შეილახა გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანით (გადაცემით), აქვს პასუხის უფლება ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. პროგრამაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე პასუხი გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელს წარედგინება წერილობითი ფორმით, ფოსტით, ფაქსით, ან ელექტრონული ფოსტით, ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში. პასუხი შემოიფარგლება პროგრამაში გადაცემული არასწორი, არაზუსტი, ან არასრული ინფორმაციის ან განცხადებების შესწორებით და შეძლებისდაგვარად უნდა მიეთითოს გადაცემის სახეობა და დასახელება, ასევე ამ კოდექსის მოთხოვნები, რომლებიც სავარაუდოდ დაირღვა.

3. პასუხი, ან პასუხის ნაწილი, რომელიც შეეხება არასწორი, არაზუსტი, ან არასრული ინფორმაციის შესწორებას, უნდა გამოქვეყნდეს პირველივე მომდევნო გადაცემაში, ხოლო  თუ ეს შეუძლებელია, პასუხი უნდა გამოქვეყნდეს პროგრამის უახლოეს და თემატურად დაკავშირებულ ნაწილში.

4. გამოქვეყნებულ პასუხს არ უნდა ახლდეს საპასუხო მოსაზრება, ან დამატებითი კომენტარი, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება საინფორმაციო და პოლიტიკურ პროგრამებს. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ და გადაცემულ ინფორმაციას, რომელსაც ეხება პასუხი, იმ პირობით, რომ დამატებითმა ინფორმაციამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას პასუხის არსებით მიზანს.

5. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის უარი პასუხის გამოქვეყნებაზე, დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში:

ა) პასუხი არ არის წარდგენილი თავდაპირველი განცხადებიდან 10 დღის ვადაში;

ბ) თავდაპირველი განცხადება ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ან არ იძლევა მომჩივნის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირების საშუალებას;

გ) ფაქტის შესწორებას ან უარყოფას საწყის განცხადებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, ან ფაქტის შესწორების ან უარყოფის ზომა, ფორმა და შინაარსი სცდება საწყის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით შესწორებისთვის ან უარყოფისთვის აუცილებელ ფარგლებს, ან ხდება საწყის განცხადებაში გამოთქმული აზრის და არა მასში მოყვანილი ფაქტის შესწორება ან უარყოფა;

დ) პასუხი შეიცავს ცილისწამებას, იწვევს გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ან შეიცავს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის დანაშაულის, ან უხამსობის ელემენტებს;

ე) პასუხი უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს;

ვ) მომჩივანი ვერ ასაბუთებს თავის კანონიერ ინტერესს.

6. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის უარი თავდაპირველ განცხადებასთან დაკავშირებული პასუხის თანაბარი საშუალებებით და ფორმატით გამოქვეყნებაზე, შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში, ან სასამართლოში.

7. პასუხის გამოქვეყნებაზე უარის შემთხვევაში, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით წარუდგინოს მომჩივანს ასეთი უარის დასაბუთება.

მუხლი 10. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი დაუსაბუთებლად არ უნდა ზღუდავდეს პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვნებს და პირებს, რომლებიც არ იკავებენ საჯარო თანამდებობას. პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელება, ნებადართულია მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის პირობებში.

2. დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პირის კერძო საკუთრების ან პირის ოჯახის ადგილსამყოფლის შესახებ, ამ პირის ან მისი ოჯახის წევრის ნებართვის გარეშე, გარდა საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევებისა.

3. ძალადობის სცენების, ძალადობის შედეგების, ან სტიქიური უბედურებების გადმოცემისას, დაცული უნდა იქნეს ბალანსი საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და თანაგრძნობის გამოვლენას შორის, რომელიც ქმნის მაღალი მგრძნობელობის რისკს და შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი, ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გაუმართლებელი დარღვევის რისკი.

4. პროგრამებში, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას უბედური შემთხვევების ან ოჯახების ტრაგედიების შესახებ, დაცული უნდა იქნეს მსხვერპლთა და ამ მოვლენებით დაზარალებულ სხვა პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

5. არასრულწლოვანთა და სოციალურად დაუცველ პირთა ვინაობა და პერსონალური მონაცემები, ასევე მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური ურთიერთობების დეტალები არ უნდა გამჟღავნდეს იმ შემთხვევებში, როდესაც ამ ინფორმაციის გავრცელება საფრთხეს შეუქმნის მათ კეთილდღეობას და ღირსებას.

6. არასრულწლოვნები არ კარგავენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, მშობლების ქცევის, ან სკოლაში შექმნილი გარემოებების გამო.

7. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა უნდა დაიცვას არასრულწლოვანთა ანონიმურობა, რომლებიც არიან ეჭვმიტანილნი, ბრალდებულნი, მსჯავრდებულნი, მოწმეები და დანაშაულის მსხვერპლნი (განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის შემთხვევაში).

8. გარდა საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევებისა, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია არ  გაავრცელოს მედიასა და პირებს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რესპოდენტის წინასწარი თანხმობის გარეშე, რომელსაც უნდა ეცნობოს ზარის განხორციელების მიზეზი და მიეწოდოს ინფორმაცია საუბრის ჩაწერის თაობაზე.

9. გარდა „ფარული კამერის“ და სხვა მსგავსი შემთხვევებისა, შემთხვევითი ანონიმური პირების კადრების ჩვენება, საიდანაც ცხადია, რომ ისინი შემთხვევით არიან ჩაწერილნი, ამ პირების თანხმობას არ საჭიროებს.

10. საჯარო ან კერძო დაწესებულებაში გადაღების ნებართვა მიიღება შესაბამისი უწყებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უნებართვოდ გადაღება ან ჩაწერა წარმოადგენს საზოგადოებრივ ინტერესს.

11. აუცილებელია გადაღებაზე ან ჩაწერაზე თანხმობა ისეთ ადგილებში, როგორიცაა სკოლები, საავადმყოფოები, ციხეები, პოლიციის განყოფილებები, ან სასწრაფო დახმარების მანქანები. ნებართვა მიიღება შესაბამისი უწყებისგან და გადაღებული პირისგან, გარდა საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევებისა.

მუხლი 11. კონკურსების და პრიზების გადაცემის პრინციპი

1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს კონკურსების სამართლიანად ჩატარებას და პრიზების კონკურსთან და მონაწილეებთან შესაბამისობას.

2. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს პრიზების ზუსტ აღწერას და საკონკურსო წესების საზოგადოებისთვის მკაფიოდ და სათანადოდ მიწოდებას.

3. კონკურსების ფარგლებში ბრენდებზე მითითება უნდა იყოს მოკლე და არა სარეკლამო ხასიათის.

თავი IV

არჩევნებთან დაკავშირებული წესები

მუხლი 12. არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი, იმ შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტს გააშუქოს წინასაარჩევნო კამპანია, იგი წინასაარჩევნო კამპანიას (საარჩევნო აგიტაციას) აშუქებს შესაბამისი საარჩევნო კანონმდებლობითა და ამ ქცევის კოდექსით დადგენილი წესით. სამართლიანობის, ბალანსის, დისკრიმინაციის გამორიცხვის და მიუკერძოებლობის წესები  გამოიყენება არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას.

2. წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი იყენებს სამართლიანობის პრინციპებს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისა და არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიების მიმართ, რათა მათ შეძლონ თავიანთი პოლიტიკური პლატფორმების და მოსაზრებების საზოგადოებისთვის გაცნობა.

3. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა არ უნდა მისცეს პოლიტიკოსებს რაიმე დაპირება წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების შინაარსთან დაკავშირებით.

4. არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების დახურვამდე, არჩევნების გაშუქება შემოიფარგლება მხოლოდ ფაქტობრივი მონაცემებით, რათა გავრცელებულმა ინფორმაციამ გავლენა არ მოახდინოს ხმის მიცემის პროცესზე. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი მაყურებელს აწვდის ინფორმაციას და კომენტარებს ნებისმიერ ფაქტზე, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობაზე და სამართლიანობაზე.

5. ამ კოდექსის პრინციპები ასევე გამოიყენება პლებისციტების ან რეფერენდუმის დროს.

მუხლი 13. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა

1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ, ან მისი დაკვეთით ჩატარებული, ან მის მიერ გაშუქებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 2. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გაშუქებისას, მაყურებელს უნდა განემარტოს, რომ გამოკითხვის შედეგები ასახავს გამოკითხვის დღეს არსებულ მდგომარეობას და არ წარმოადგენს არჩევნების დღეს განვითარებული მოვლენების სანდო პროგნოზს.

მუხლი 14. უფასო და ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

1. იმ შემთხვევაში, თუ გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი განათავსებს პოლიტიკურ რეკლამას, საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესებს, პირობებს, სხვა აუცილებელ ინფორმაციას და იცავს შესაბამისი კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას.

2. პოლიტიკური რეკლამის ფასი და სხვა პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის უნდა იყოს თანაბარი.

3. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტის მხრიდან მიმართვის შემთხვევაში თავად დაამზადოს პოლიტიკური რეკლამა და დააწესოს მისი დამზადების საფასური. ამ შემთხვევაში, საფასური ყველა საარჩევნო სუბიექტთან მიმართებით არადისკრიმინაციული უნდა იყოს. ეს პუნქტი არ ვრცელდება მაუწყებლებზე, რომლებიც ასევე ახორციელებენ გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებას.

თავი V

დანაშაული, ანტისოციალური ქცევა და სასამართლო პროცესი

მუხლი 15. დანაშაულის და ანტისოციალური ქცევის შესახებ ინფორმირება

1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა არ უნდა გადასცეს პროგრამა, რომელიც წაახალისებს დანაშაულს, ან გამოიწვევს ანტისოციალურ ქცევას, დაასაბუთებს ან წაახალისებს უკანონო, ძალადობრივ, სახიფათო, ან ანტისოციალურ ქცევას.

2. დანაშაულის, ანტისოციალური ქცევის ან/და სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმირებისას, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი იცავს ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა, დაზარალებულთა და მათი ოჯახის წევრთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

3. დანაშაულის, ანტისოციალური ქცევის ან/და სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმირებისას, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა არ უნდა გაამჟღავნოს ბრალდებულის ვინაობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი ვინაობა ცნობილია საზოგადოებისთვის, ან საკითხის მიმართ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი.

4. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის სანაცვლოდ, ბრალდებულს, მსჯავრდებულს, მოწმეს, დაზარალებულს ან სხვა პირს არ უნდა გადაუხადოს თანხა, არ დაპირდეს თანხის გადახდას ან ნატურით ანაზღაურებას.

5. გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მხრიდან დაუშვებელია მოწმისთვის, მათი ნათესავების და ოჯახის წევრებისთვის თანხის გადახდა ან პირდაპირ ან ირიბად გადახდის დაპირება, გარდა პროგრამის განხორციელებისთვის გაწეული ხარჯებისა. დანაშაულის და ანტისოციალური ქცევის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის თანხის გადახდა შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი გავრცელება განპირობებულია საზოგადოებრივი ინტერესით.

6. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა არ უნდა გაამჟღავნოს ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებული ინფორმაცია, ან ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სასამართლო პროცესს და გავლენა მოახდინოს მის შედეგზე.

7. დაუშვებელია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ იმ კრიმინალური მეთოდების აღწერა და დემონსტრირება, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნას დანაშაულის ჩადენის გასაადვილებლად, თუ ეს არ არის რედაქციულად დასაბუთებული.

თავი VI

შეიარაღებული კონფლიქტი, უბედური შემთხვევები, საგანგებო სიტუაციები

მუხლი 16. შეიარაღებულ კონფლიქტთან, უბედურ შემთხვევასთან და საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული პრინციპები

1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს შეიარაღებული კონფლიქტების, უბედური შემთხვევებისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას, გაითვალისწინოს აუდიტორიის ემოციები და დააბალანსოს საზოგადოებრივი ინტერესები, გამოხატვის თავისუფლებასა და პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის.

2. შეიარაღებული კონფლიქტების და ადგილობრივი ან საერთაშორისო საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა უნდა დაადგინოს ინფორმაციის წყარო, მკვეთრად დააფიქსიროს მესამე მხარის პოზიცია და მიუთითოს, ექვემდებარება თუ არა მოპოვებული ინფორმაცია სამართლებრივ შეზღუდვებს.

3. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა უნდა მიმართოს გონივრულ ზომებს იმისთვის, რომ არ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მძევლების, გატაცებული პირების, ან ალყაში მოქცეული პირების სიცოცხლეს, ან ხელი შეუშალოს მათი გათავისუფლებისთვის მიღებულ ზომებს. 

თავი VII

თვითრეგულირება, ანგარიშვალდებულება და საჩივრების განხილვის პროცედურა

მუხლი 17. თვითრეგულირება

გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია შექმნას თვითრეგულირების ეფექტური მექანიზმი, რომელიც აკმაყოფილებს მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და უზრუნველყოფს საჩივრების განხილვის გამჭვირვალე, დროულ და ეფექტურ პროცედურას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის და ამ კოდექსის შესაბამისად.

მუხლი 18. ანგარიშვალდებულება

გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი ყოველწლიურად ატარებს თვითრეგულირების სისტემის აუდიტს და დეტალურ ანგარიშს წარუდგენს კომისიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ასევე წინა წელს საქართველოს კანონმდებლობის, ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ანგარიშის წარდგენის  ვალდებულებების შესაბამისად.

ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ კოდექსის დარღვევებთან დაკავშირებით მიღებული საჩივრებისა დ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე;

ბ) საჩივრების (სააპელაციო საჩივრების) განხილვის წესების შესახებ;

გ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის თანამშრომლების მიერ კოდექსის დარღვევის, განმეორებითი დარღვევების და დარღვევების აღმოსაფხვრელად გატარებული პრევენციული ღონისძიებების თაობაზე;

დ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ მისი თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ჩატარებული ღონისძიებების თაობაზე.

მუხლი 19. საჩივრების განხილვა

1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს მიუკერძოებელი და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას და საჩივრების განხილვის პროცესის გამჭვირვალობას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. საჩივრები განიხილება დროულად, გონივრულ ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებას 21 დღეზე მეტი სჭირდება, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს საჩივრის განხილვის ვადის გახანგრძლივება და ამის შესახებ აცნობოს ყველა დაინტერესებულ პირს.

3. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 7 დღის ვადაში, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის  თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში.

4. სააპელაციო ორგანოს უფლება აქვს არ დააკმაყოფილოს საჩივარი და ძალაში დატოვოს გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის პირველადი გადაწყვეტილება, თუ საჩივარი უსაფუძვლოა და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის გადაწყვეტილება დასაბუთებულია.

5. სააპელაციო ორგანოს არცერთი წევრი არ უნდა იყოს საჯარო მოხელე, ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და არ უნდა ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა საჩივარზე პირველადი გადაწყვეტილების მიღებაში.

6. სააპელაციო ორგანოს წევრები უნდა იყვნენ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კვალიფიციური პირები.

7. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს სააპელაციო ორგანოს ნებისმიერი წევრის მონაწილეობა ინტერესთა კონფლიქტის გამო. სააპელაციო ორგანოს რომელიმე წევრის გადაყენებაზე გადაწყვეტილება მიიღება სააპელაციო ორგანოს ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

8. სააპელაციო ორგანო გადაწყვეტილებას იღებს 30 დღის ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებას 30 დღეზე მეტი სჭირდება, სააპელაციო ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს საჩივრის განხილვის ვადის გახანგრძლივება და ამის შესახებ აცნობოს ყველა დაინტერესებულ პირს.

9. სააპელაციო ორგანო უზრუნველყოფს, რომ საჩივრის განხილვას დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი.

10. საჩივრებზე მიღებული გადაწყვეტილებები უნდა გაფორმდეს წერილობით, დასაბუთდეს და გაეგზავნოს ყველა დაინტერესებულ პირს. 

მუხლი 20. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლების მიერ შემუშავებული ქცევის კოდექსი

1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლები უფლებამოსილნი არიან შეიმუშაონ ქცევის კოდექსი, რომელიც მიღებულია  საქართველოში მოქმედი მთავარი დაინტერესებული პირების მიერ, ნათლად და ცალსახად აყალიბებს დასახულ მიზნებს და უზრუნველყოფს მათ ეფექტურ აღსრულებას.

2. ამ მუხლში მითითებული ქცევის კოდექსი მათ შორის, უნდა მოიცავდეს პირობებს, რომელთა მიზანია ისეთი სასმელების და სურსათის აუდიოვიზუალური კომერციული კომუნიკაციებისგან ბავშვების დაცვა, რომლებიც შეიცავენ ცხიმებს, მჟავებს, მარილებს ან ნატრიუმს და შაქარს, რომლის ჭარბი რაოდენობით მიღება არ არის რეკომენდებული. მნიშვნელოვანია, ქცევის კოდექსით უზრუნველყოფილი იყოს, რომ აუდიოვიზუალური კომერციული კომუნიკაციები არ მიუთითებდეს ამ სახის სურსათის და სასმელების დადებით ხარისხზე.

თავი VIII

კოდექსის მოთხოვნების დაცვა

მუხლი 21. დარღვევაზე რეაგირება

ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევაზე რეაგირება ხორციელდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე შექმნილი თვითრეგულირების ეფექტური მექანიზმის ფარგლებში.

თავი IX

დასკვნითი დებულებები

მუხლი 22. სხვა დებულებებთან შესაბამისობა

ამ კოდექსის დებულებების დაცვა არ გამორიცხავს გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებას, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.