დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4336-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 310150000.05.001.102313 |
|
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირება – გზისპირა ზონაში სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმება ამ კანონის 111 მუხლის შესაბამისად.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი: „მუხლი 111. გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირება 1. „M2“, „M3“, „N1“, „N2“, „N3“, „O3“, „O4“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირებას, რაც გულისხმობს გზისპირა ზონაში ამ სატრანსპორტო საშუალების შემოწმებას; კერძოდ, მოწმდება შემდეგი საკითხები: ა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დაცვა; ბ) მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა და საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) ელექტრონული ბარათის გამოყენება; გ) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა; დ) ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა; ე) საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანასთან/გადაზიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა; ვ) საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დაცვა; ზ) სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები. 2. გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი. გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნების დარღვევები სიმძიმის მიხედვით პირველი ხარისხის, მე-2 ხარისხისა და მე-3 ხარისხის დარღვევებად იყოფა. ამ დარღვევების ამგვარი, ხარისხობრივი დაყოფა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. მუხლი 2. 2025 წლის 4 იანვრამდე შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 4 იანვრიდან. |
თბილისი, 27 ივნისი 2024 წ. N4336-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები