გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/26203-16
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 10/06/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2024
სარეგისტრაციო კოდი
2/26203-16
10/06/2024
ვებგვერდი, 24/06/2024
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/26203-16   

 

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების  შესახებ

 

2024 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი  მარიამ საბაძე

 

მოვალე  შპს „ბაგები 2002“;

გაკოტრების მმართველი  ნანა ამისულაშვილი;

მოთხოვნა  გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2016 წლის 31 აგვისტოს შპს „ბაგები 2002-ის წარმომადგენელმა, მალხაზ ალბორაშვილმა, განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „ბაგები 2002-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ბაგები 2002”-ის (ს/ნ 204995531) განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში და ამავე განჩინებით მეურვედ დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი  აღსრულების ეროვნული ბიურო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 14 ნოემბერს მოწვეულ კრედიტორთა კრებაზე შპს ,,ბაგები 2002“-ის (ს/ნ 204995531) მომრიგებელ საბჭოს წევრებად დაინიშნენ: მარიამ ვაშაკიძე (პ/ნ 01008022668); გელა ივანიძე (პ/ნ 01019062452); გრიგოლ ვატიტაძე (პ/ნ 31001007003).

2016 წლის 23 დეკემბრის კრედიტორთა კრებაზე შპს „ბაგები 2002“-ის მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და კრედიტორთა გადაწყვეტილებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა ნანა ამისულაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინებით აღიარებული იქნა მეურვის, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა 40 000 ლარისა და 16 363 ლარის ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში შეყვანილი იქნა პირველი რიგის მოთხოვნად.

2023 წლის 13 დეკემბერს გამართულ კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველმა წარმოადგინა 2021 წლის 10 მარტის ხელშეკრულება გაკოტრების მმართველის მომსახურების შესახებ, წინამდებარე ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ შპს ,,ბაგები 2002“ (ს/კ 204995531) კრედიტორი  შპს ,,სმარტ მუვი“  და გაკოტრების მმართველი  ნანა ამისულაშვილი. წარმოდგენილი ხელშეკრულებისა და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მასალების თანახმად, შპს ,,ბაგები 2002“-ის გადახდისუუნარობის საქმე დაიწყო 2016 წლის 26 სექტემბერს (საქმე N2-26203-16). 2016 წლის 23 დეკემბრის კრედიტორთა კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება გაკოტრების საქმის წარმოების  დაწყების შესახებ და გაკოტრების მმართველად დაინიშნა ნანა ამისულაშვილი. 2017 წლის 25 იანვარს გაკოტრების მმართველსა და შპს ,,ბაგები 2002“-ის ხმათა უმრავლესობის მქონე კრედიტორს, ,,ლინეუს კაპიტალ ფართნერს ბი.ვი“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება გაკოტრების მმართველის მომსახურების შესახებ. 2020 წლის 25 მაისს კომპანია ,,ლინეუს კაპიტალ ფართნერს ბი.ვი.“-სა და შპს ,,სმარტ მუვის“-ს შორის გაფორმდა მოთხოვნის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გამყიდველმა (,,ლინეუს კაპიტალ ფართნერს ბი.ვი“-მ) გადასცა მყიდველს (შპს ,,სმარტ მუვს“) მოთხოვნა, რაც გააჩნდა შპს ,,ბაგები 2002“-ის მიმართ. სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით შპს ,,ბაგები 2002“-ის მიმართ ,,ლინეუს კაპიტალ ფართნერსის (Linnaeus Capital Partners B.V.) ნაცვლად მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირად მიჩნეულ იქნა შპს ,,სმარტ მუვი“ და შესაბამისი ცვლილება ასახული იქნა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში. შპს ,,სმარტ მუვის“ მოთხოვნა შპს ,,ბაგები 2002“-ის მიმართ აღიარებულ იქნეს 51 890 059 ლარის და 76 თეთრის (22 338 991.13 ამერიკული დოლარი) ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში შეტანილი იქნა მე-6 რიგის მოთხოვნად.

შპს ,,ბაგები 2002“-ის მიმართ არსებული კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიერ შედგენილი იქნა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი, რომლის თანახმადაც შპს ,,ბაგები 2002“-ის კრედიტორებს წარმოადგენენ: სსიპ შემოსავლების სამსახური  841 ლარის (მეორე რიგი) მოთხოვნით; შპს ,,სმარტ მუვი“ (ს/კ 405125591)  32 074 ლარისა და 93 თეთრის (მეორე რიგი) მოთხოვნით; სსიპ შემოსავლების სამსახური  33 986 ლარისა და 80 თეთრის (მეოთხე რიგი) მოთხოვნით; სსიპ შემოსავლების სამსახური  16 830 ლარის (მეოთხე რიგი) მოთხოვნით; სსიპ შემოსავლების სამსახური  3 535 013.66 ლარის (მეოთხე რიგი) მოთხოვნით; შპს ,,ბაგები სითი ჯგუფი“ (ს/კ 205126781)  371 721 ლარისა და 66 თეთრის (მეექვსე რიგი) მოთხოვნით; შპს ,,სმარტ მუვის“ ს/კ 405125591  671 735 ლარისა და 80 თეთრის (მეექვსე რიგი) მოთხოვნით; ჯუმბერ ხატიაშვილის (პ/ნ 01008003373)  12 408 ლარისა და 82 თეთრის (მეექვსე რიგი) მოთხოვნით; შპს ,,სმარტ მუვი“ ს/კ 405125591 (Linnaeus Capital Partners B.V-ის ს/კ 34372101 უფლებამონაცვლე  51 890 059 ლარისა და 76 თეთრის (მეექვსე რიგი) მოთხოვნით;  შპს ,,ბათუმი პლაზა“ (ს/ნ 245415901) 217 698 ლარისა და 50 თეთრის (მეშვიდე რიგი) მოთხოვნით; შპს ,,კოლო“ (ს/კ 205287358)  6 198 103 ლარისა და 25 თეთრის (მეშვიდე რიგი) მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2023 წლის 13 დეკემბერს მიღებულ იქნა განჩინება მეურვის ფუნქციის განხორციელებისას გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრისა და რიგითობის დადგენის შესახებ, რომლის თანახმადაც, აღიარებულ იქნა მეურვის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, მოთხოვნა 40 000 ლარისა და 16 363 ლარის (ჯამში 56 363 ლარი) ოდენობით და კრედიტორთა რეესტრში შეყვანილ იქნა პირველი რიგის მოთხოვნად. აგრეთვე, 2023 წლის 13 დეკემბერს მიღებული იქნა განჩინება გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრისა და რიგითობის შესახებ, რომლითაც მოვალე შპს ,,ბაგები 2002“-ის (ს/კ 204995531) გაკოტრების მმართველის  ნანა ამისულაშვილის (პ/ნ 13001006578) ანაზღაურება განისაზღვრა 20 000 აშშ დოლარისა (53 468 ლარის) და 5250 აშშ დოლარის (14035.35 ლარის) ჯამში 67 503.35 ლარის (ჯამში 25 250 აშშ დოლარის) ოდენობით და აღიარებული იქნა კრედიტორთა მოთხოვნათა რეესტრში მე-2 რიგის მოთხოვნად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ შპს ,,ბაგები 2002“-ის გადახდისუუნარობის საქმეზე 2024 წლის 28 მაისს მოწვეულ კრედიტორთა კრებაზე მიღებულ იქნა განჩინება კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც შპს „ბაგები 2002“-ის (ს/კ 204995531) კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში განხორციელდა ცვლილება და შპს „ბაგები 2002“-ის კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრიდან ამოღებული იქნა მე-7 რიგის კრედიტორი შპს „კოლო“ (მოთხოვნის ოდენობა  6 198 103 ლარი და 25 თეთრი);

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისს მოწვეულ კრედიტორთა კრებაზე შპს ,,ბაგები 2002“-ის გაკოტრების მმართველმა წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და  მოითხოვა შპს ,,ბაგები 2002“-ის გადახდისუუნარობის საქმის დასრულება. ამასთან, გაკოტრების მმართველმა ნანა ამისულაშვილმა განმარტა, რომ 2017 წლის აპრილში შეიტანა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ითხოვდა 2015 წლის 22 სექტემბერს შპს „ბაგები 2002“-ისა და სს „სი ეს სი“-ს შორის დადებული შეთანხმების ბათილობას, რომლითაც სს „სი ეს სი“-ს 2015 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1 299 174,49 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ას სამოცდათოთხმეტი მთელი და ორმოცდაცხრა მეასედი) აშშ დოლარის ნაცვლად შპს „ბაგები 2002“-ს უნდა გადაეხადა ჯუმბერ ხატიაშვილისათვის, როგორც შპს „ბაგები 2002“-ის კრედიტორისათვის. აღნიშნული ხელშეკრულებით შპს „ბაგები 2002“-მა სს „სი ეს სის“ დაუთმო ორი მოთხოვნა: ა) შპს „ენსარდ გრუპის“ მიმართ არსებული მოთხოვნა 5 500 000 (ხუთი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით და ბ) „გრეიფლენდ თრეიდინგ ლიმითედის“ მიმართ არსებული მოთხოვნა 2 275 150 (ორი მილიონ ორას სამოცდათხუთმეტი ათას ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ერთობლივად ორივე მოთხოვნის ფასი განისაზღვრა 1 299 174,49 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ას სამოცდათოთხმეტი მთელი და ორმოცდაცხრა მეასედი) აშშ დოლარის ოდენობით. საფასურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში, თუმცა არ გადახდილა. საბოლოოდ კი, შპს „ბაგები 2002“-ის მიერ „გრეიფლენდ თრეიდინგ ლიმიტედისა“ და შპს „ესნარდ გრუპ ლიმიტედის“ მიმართ არსებულ მოთხოვნებან დაკავშირებით სასარჩელო წარმოების ფარგლებში 2021 წლის 20 მაისს გაფორმდა სასამართლო მორიგება, რომლითაც შპს „ესნარდ გრუპი ლიმიტედის“ მიმართ არსებული მოთხოვნა დაუბრუნდა შპს „ბაგები 2002“-ს. აღნიშნული მორიგების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი იქნა გადახდისუუნარობის საქმეში 2021 წლის 16 მარტის წერილით. ამის შემდგომ კი დაიწყო შპს „ესნარდ გრუპ ლიმიტედის“ მიმართ სააღსრულებო წარმოების მომზადება.  საბოლოოდ აღსრულება ვერ მოხერხდა, ვინაიდან კომპანიის რეგისტრაცია გაუქმებული იყო და მისი აღდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა. აგრეთვე, პარალელურად ხდებოდა სამეურვეო ქონების ფორმირება. მეურვის მიერ მოძიებულ იქნა სამეურვეო ქონება, რომელშიც შედიოდა 13 უძრავი ქონება, წილები 7 კომპანიაში და კრედიტორული მოთხოვნა.

შპს „ბაგები 2002“-ის სამეურვეო ქონება აუქციონზე გაიყიდა 163 630 ლარად, საიდანაც ამ ეტაპზე უკვე გადახდილია დამატებითი ღირებულების გადასახადი 24 960.51 ლარი და სსიპ   აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე კრედიტორებზე გასანაწილებლად დარჩენილია 138 669.49 ლარი. ამ თანხიდან უპირველესად დაკმაყოფილდება პირველ რიგში არსებული მეურვის მოთხოვნა ჯამურად 56,363.00 ლარი, რის შემდეგაც დარჩება 82,306.49 ლარი. ვინაიდან მეორე რიგის მოთხოვნები ჯამურად შეადგენს 100,419.28 ლარს და დარჩენილი თანხა 12 022,7 ლარი სს ,,პარკ პლეისის“ მიმართ და 3 მოძრავი ქონება. მოგვიანებით სამეურვეო ქონებიდან კრედიტორთა გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს განჩინებით:

  • ნაწილი გადაეცა ამხანაგობა სს „პარკ პლეისს“ (რეგისტრირებული ი. ჭავჭავაძის გამზ. 78-ში, აღრიცხვის ფურცელი N357-24), რადგან ქონება რეალურად უნდა გადასცემოდა ამხანაგობა სს „პარკ პლეისს“ (რეგისტრირებული ი. ჭავჭავაძის გამზ. 78-ში, აღრიცხვის ფურცელი N357-24), რადგან შეადგენდა კორპუსის ეზოს ან/და სადარბაზოს ნაწილებს (საერთო ქონებას) და წლებია უკვე მაცხოვრებლებისა და ამხანაგობის ფაქტობრივ მფლობელობაში იყო.
  • ნაწილი ამოირიცხა სამეურვეო ქონებიდან, რადგან საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტების საფუძველზე უკვე გადაიფორმეს საკუთრებაში მესამე პირებმა.
  • ქონების ნაწილი კი ამოირიცხა სამეურვეო ქონებიდან, რადგან ვერ ხდებოდა იდენტიფიცირება, აღარ არსებობს ან/და კრედიტორებს არ ჰქონდათ მოძიების ინტერესი.

შედეგად სამეურვეო ქონებაში დარჩა შემდეგი ქონება:

  • ბათუმი, ჭავჭავაძის გამზირი N78, კვ.მ. 235, ს/კ 05.21.51.001.02.001, დადგენილი საბაზრო ღირებულება – 1 607 800 ლარი.
  • თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი N75, საცურაო აუზის უკან, კვ.მ. 25, ს/კ 01.14.07.007.022 დადგენილი საბაზრო ღირებულება – 28 500 ლარი.

შპს „ესნარდ გრუპ ლიმიტედის“ მიმართ აღსრულების პროცესების შეწყვეტით დასრულდა სამეურვეო ქონების ფორმირება და შესაძლებელი გახდა მისი აუქციონზე რეალიზაცია. გაკოტრების მმართველის განმარტებით, 2023 წლის 16 თებერვალს მან მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით (რეგისტაციის ნომერი: #25058) შპს „ბაგები 2002-ს“ (ს/კ 204995531) გაკოტრების საქმეზე სააუქციონო მომსახურების გაწევის თაობაზე. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შპს „ბაგები 2002-ს“ (ს/კ 204995531) სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის მიზნით, საჯარო აუქციონზე განათავსა შპს „ბაგები 2002-ს“ (ს/კ 204995531) სამეურვეო ქონება. ჩატარდა სამი აუქციონი და მესამე აუქციონზე (ლოტი № 60590) ქონების შემძენი გახდა შპს ,,იბეროტელი“ (ს/კ 404438113), რომელმაც ქონება შეიძინა 163 630 ლარად. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა კანონით დადგენილ ვადაში სრულად გადაიხადა ქონების გაყიდვის ფასი. აქედან გადახდილია დამატებითი ღირებულების გადასახადი 24 960.51 და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე დარჩენილია 138 669.49 ლარი, აღნიშნული თანხიდან უნდა გამოაკლდეს ასევე გაკოტრების მმართველის ხარჯი 2021 წლის 10 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე და დარჩენილი თანხა განაწილდეს კრედიტორებზე კანონით დადგენილი წესის მიხედვით.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ბაგები 2002“-ის გაკოტრების მმართველი ნანა ამისულაშვილი ითხოვს აღნიშნული გადახდისუუნარობის საქმის (N2/26203-16) დასრულებას და შესაბამისად დარჩენილი თანხის კრედიტორებზე შემდეგი წესით განაწილებას:

  • მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო – 56,363 ლარი
  • გაკოტრების მმართველის ნანა ამისულაშვილი (პ/ნ 13001006578) – 55,327.66 ლარი
  • შპს ,,სამრტ მუვის” (ს/კ 405125591) –  26,289.52 ლარი
  • სსიპ – შემოსავლების სამსახური –  689.31 ლარი

კრედიტორის შპს ,,სმარტ მუვის“ დირექტორი, მალხაზ ალბორაშვილი შპს ,,ბაგები 2002“-ის გადახდისუუნარობის საქმეზე გაკოტრების მმართველის მიერ წარდგენილ საბოლოო ანგარიშს დაეთანხმა, ხოლო კრედიტორის სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა, ანა ჭაჭიაშვილმა, თავი შეიკავა პოზიციის დაფიქსირებისგან.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს, წარმოდგენილ კრედიტორებს და მიაჩნია, რომ  გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს.  გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის  წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში  აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით: ა) პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური; ბ) მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები; გ) მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი; დ) მეოთხე რიგი – ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; ე) მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ვ) მეექვსე რიგი – ყველა დანარჩენი აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა; ზ) მეშვიდე რიგი – დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის თანახმად: აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის/გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას ბიუროს საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება:

ა.ა) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა;

ხოლო ამავე ბრძანების ,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად:

ე) გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა და არაუმეტეს გაკოტრების მმართველის მიერ კრედიტორებისათვის გადასაცემი თანხის 7%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 5000 ლარზე;

შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმათა დანაწესის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც მოიცავს მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ მომსახურების საფასურს, შეადგენს 5000 ლარს, ხოლო გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასური შეადგენს 5000 ლარს;

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მომსახურების საფასური, წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას 10000 ლარის ფარგლებში;

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად დარჩენილი თანხა უნდა გადანაწილდეს შემდეგი რიგის კრედიტორზე.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა უნდა გადანაწილდეს შემდეგი სახით:

1) სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო  56 363 ლარი ჯამში;

2) სსიპ – შემოსავლების სამსახური  689 ლარი და 31 თეთრი;

3) შპს ,,სმარტ მუვი“ (ს/კ 405125591)  26 289 ლარი და 52 თეთრი;

4) გაკოტრების მმართველი, ნანა ამისულაშვილი (პ/ნ 13001006578)  55 327 ლარი და 66 თეთრი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მე-9, მე-40, 42-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დასრულდეს შპს ,,ბაგები 2002“-ის (ს/კ 204995531) გაკოტრების საქმის წარმოება.

2. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარემთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირთა რეესტრში გაუქმდეს შპს ,,ბაგები 2002“-ის (ს/ნ 204995531) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე შპს ,,ბაგები 2002“-ის რეგისტრაცია (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).

3.  შპს ,,ბაგები 2002“-ს (ს/ნ 204995531) დაეკისროს მომსახურების საფასურის ჯამში 56 363 ლარის გადახდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურის სასარგებლოდ მის მიერ მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით.

4. შპს ,,ბაგები 2002“-ს (ს/ნ 204995531) დაეკისროს მომსახურების საფასური 55 327 ლარის და 66 თეთრის გადახდა გაკოტრების მმართველის ნანა ამისულაშვილის (პ/ნ 13001006578) სასარგებლოდ მის მიერ გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით.

5.  შპს ,,ბაგები 2002“-ს (ს/ნ 204995531) დაეკისროს 698 ლარის და 31 თეთრის გადახდა სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ.

6. შპს ,,ბაგები 2002“-ს (ს/ნ 204995531)  დაეკისროს 26 289 ლარის და 52 თეთრის გადახდა შპს ,,სმარტ მუვის“ (ს/კ 405125591) სასარგებლოდ.

7. განჩინება გამოქვეყნდეს ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”, განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზეWWW.ECOURT.GE) 

8. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 მოსამართლე                                                             გოჩა დიდავა