გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/11172-24
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 14/06/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2024
სარეგისტრაციო კოდი
2/11172-24
14/06/2024
ვებგვერდი, 24/06/2024
გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე N2/11172-24

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

2024 წლის 14 ივნისი    

ქ. თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე

განმცხადებელი / მოვალე – შპს „დუშეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური“ (ს.ნ. 229326869)

წარმომადგენელი – მედეა მხეიძე

მოთხოვნა – მოვალის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2024 წლის 13 მაისს განცხადებით მომართა შპს „დუშეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურის“ წარმომადგენელმა მედეა მხეიძემ და მოითხოვა საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება გაკოტრების რეჟიმის გახსნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 მაისის განჩინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2024 წლის 13 ივნისს განცხადებით მომართა მოვალის წარმომადგენელმა და წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები.

ძირითად და დამატებით განცხადებაში მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის ფინანსური შემოწმების აქტის შესაბამისად, მოვალეს ერიცხება საგადასახადო დავალიანება 100 ლარის ოდენობით. მოვალის ბალანსი ნულოვანია, საწარმოს არ გააჩნია ბრუნვა ან რაიმე მისაღები შემოსავალი, ასევე 2012 წლიდან საწარმო აღარ საქმიანობს. განცხადების შემოტანის მომენტისთვის საწარმოში დასაქმებული პირები არ არიან. საწარმოს დებიტორული მოთხოვნები, მოქმედი ხელშეკრულებები, სასამართლო დავები არ გააჩნია. მოვალის საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება მხოლოდ 42.14 და 9.35 ლარი. გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რადგან საწარმოს არ გააჩნია უძრავი ქონება ან სატრანსპორტო საშუალება და არც საკმარისი ფინანსური სახსრები.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ მოვალეს უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 7.1 მუხლით, მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 7.3 მუხლით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48.4 მუხლით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

მოცემულ შემთხვევაში, განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციით დგინდება, რომ განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა ვერ ფარავს კრედიტორულ მოთხოვნას. ამავდროულად, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავი ქონება ან სატრანსპორტო საშუალება. ამდენად, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მიიღწევა გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, კერძოდ, ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორის მოთხოვნა, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს კანონიდან გამომდინარე გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების წინაპირობები, რის გამოც განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7; მე-9; მე-19; 43-ე; 45-ე; 48-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას შპს „დუშეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურს“ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;

2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/), ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია;

4. განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი N64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოსამართლე                                                                                         თამარ ბურჯანაძე