„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 17/06/2024
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016751
0
17/06/2024
ვებგვერდი, 18/06/2024
000000000.00.00.016751
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
პროექტის ავტორი
  
  

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“  საქართველოს კანონში  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ.264) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-18 მუხლის 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ  ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე აქვეყნებს ვებგვერდზე – www.eauction.ge. ინფორმაციის გავრცელებისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნეს  სხვა საშუალებებიც. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ   ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას ადგენს ლიცენზიის გამცემი  ორგანო.“

მუხლი 2

ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი  ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან  30-ე  დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                        სალომე ზურაბიშვილი

 

 

 

       განმარტებითი  ბარათი

 

საქართველოს კანონის პროექტზე

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

 

    ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

    ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

    ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს აუქციონის გამართვისათვის საჭირო დროის დიფერენცირებას სასარგებლო წიაღისეულის სახეობების მიხედვით. კერძოდ, საწვავი რესურსებისა და ენერგორესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა), სამთო-ქიმიური ნედლეულის, არამადნეული ნედლეულის, საშენი მასალების მოსაპოვებლად, თუ მოსაპოვებელი ჯამური  მოცულობა/წონა 500 000  (ხუთასი ათას) კუბურ მეტრს/ტონას არ აღემატება, აგრეთვე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოსაპოვებლად ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 15 დღისა აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. სასარგებლო წიაღისეულის სხვა სახეობებისთვის განსაზღვრულია ერთთვიანი ვადა აუქციონის გამოცხადებისთვის. საკითხის მარეგულირებელი ნორმების თანახმად, აუქციონის შემცირებული ვადა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს  წიაღისეულის სახეობების უმრავლესობის მიმართ. კერძოდ, ჩანაწერი ფარავს პრაქტიკულად ყველა რესურსს, გარდა მადნეული რესურსებისა და მინერალური წყლისა. 

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, არსებული დიფერენცირება აღარ იარსებებს და სასარგებლო წიაღისეულის ყველა სახეობასთან მიმართებაში  ვადა განისაზღვრება ლიცენზიის გამცემის მიერ. აუქციონის ვადას განსაზღვრავს თავად ლიცენზიის გამცემი, რაც ხელს შეუწყობს  დაინტერესებულ მეწარმეთა ინტერესების მხარდაჭერას. აღნიშნული ცვლილებით მოქნილი გახდება ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ იქნეს ისეთი  ვადა, რომელიც  საკმარისი იქნება დაინტერესებული პირების ინფორმირებისთვის, ვინაიდან  გამოქვეყნება ხდება ელექტრონული საშუალებით და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მარტივად მოიძიოს ინფორმაცია აუქციონის გამართვის თაობაზე.  

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცვლილებით შემოთავაზებული საკითხი, რომლის გადაჭრასაც წინამდებარე პროექტი ითვალისწინებს, ასახულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში, რომელიც თან ახლავს კანონპროექტს.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

კანონპროექტში ცვლილების შეტანა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ის საკითხები, რომელთაც კანონპროექტი შეეხება, რეგულირებულია ამავე კანონით, შესაბამისად, ზემოაღნიშნული პრობლემების გამოსწორებისა და საკითხების სრულყოფილი რეგულირებისათვის აუცილებელია კანონში ცვლილების შეტანა. აღნიშნულის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია ასახულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კანონპროექტის მიღებით შეიქმნება სამართლებრივი მექანიზმი იმისათვის, რომ  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულმა პირებმა მიიღონ ლიცენზია უფრო მოკლე ვადაში, ვიდრე ეს მოქმედი რეგულაციებით არის შესაძლებელი. კანონპროექტი უზრუნველყოფს არამიზნობრივი დროის ოპტიმიზაციას.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონის მე-18 მუხლის 91 პუნქტი ყალიბდება განახლებული რედაქციით, რომლის თანახმადაც, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ  ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე აქვეყნებს ვებგვერდზე www.eauction.ge. ინფორმაციის გავრცელებისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნეს  სხვა საშუალებებიც. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ   ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას ადგენს ლიცენზიის გამცემი  ორგანო.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

ასეთი არ არსებობს

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში  აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

კანონი, გარდა კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონის პირველი მუხლი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, ვინაიდან, აღნიშნულ ვადამდე სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ახალი რეგულაციით შემოთავაზებული წესების აღსრულება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების შედეგად, მოსალოდნელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების რაოდენობის ზრდა, შესაძლოა მას არაპირდაპირი გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. სახელმწიფო ბიუჯეტის თვალსაზრისით, მოსალოდნელია აუქციონიდან გენერირებული შემოსავლების რაოდენობის ზრდა. ეს მიღწეული იქნება გაცემული ლიცენზიების რაოდენობის ზრდით, რაც იქნება უფრო მოქნილი სისტემის შექმნის შედეგი. რაც შეეხება გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, მეტი ლიცენზიების გაცემის ერთ-ერთ არაპირდაპირ შედეგს წამოადგენს, გაცემული ლიცენზიების ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლით გენერირებული შემოსავლების ზრდა. ეს დადებით ზეგავლენას მოახდენს ადგილობრივ ბიუჯეტზე, რადგან აღნიშნული თანხები მიემართება მუნიციპალურ ბიუჯეტებში.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიურ რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას.

1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.

2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:

კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის  სამართალთან:

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება  კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

ასეთი მიმოხილვა  არ მომზადებულა.

ე) კანონპროექტის ავტორი:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს მთავრობა.