დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2/2/1344 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
მიღების თარიღი | 14/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.016927 |
|
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე; ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი; თეიმურაზ ტუღუში – წევრი. სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე. საქმის დასახელება: ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15000 ლარის ოდენობით“ და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – გიორგი ლაბაძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – ქრისტინე კუპრავა; მოწმე – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მარეგულირებელთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაკა სალხინაშვილი.
I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1344) მომართა ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის №2/4/1344 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. №1344 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 28 მაისს. 2. №1344 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევას წარმოადგენს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, ხოლო ამავე კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სამართალდარღვევად მიჩნეულია სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა. თავის მხრივ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე-2 ნაწილისა და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამავე მუხლების პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით. 4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. 5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ფიზიკური და იურიდიული პირები კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისთვის წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს და იდენტური სამართალდარღვევის ჩადენისას მათ მიმართ დაწესებული დიფერენცირებული სანქცია არის დაუსაბუთებელი. შესაბამისად, არ არსებობს ის საჯარო ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა დიფერენცირებულ მოპყრობას. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განმტკიცებულ თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას. 6. მოპასუხე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების ლეგიტიმური მიზანია კონკრეტული სამართალდარღვევის პრევენცია და აღმოფხვრა. მოპასუხე, აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანაა საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა, მოქალაქეთა აღზრდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ზუსტი და განუხრელი დაცვის, სხვა მოქალაქეთა უფლებების, პატივისა და ღირსების, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის, დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების სულისკვეთებით“. 7. მოპასუხე მხარე სადავო ნორმების ისტორიულ განმარტებას მოიხმობს და მიუთითებს, რომ წარსულში კანონმდებელი უფრო მკაცრი იყო და როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის მიერ ხსენებული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისთვის გამოიყენებოდა ფულადი ჯარიმა. კერძოდ, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის დატაცების შემთხვევაში, ფიზიკური პირი ჯარიმდებოდა 600 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 5000 ლარით. იმავე ქმედებების განმეორებით ჩადენისას, ფიზიკური პირი 1200 ლარით ჯარიმდებოდა, ხოლო იურიდიული პირი – 15000 ლარით. რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლს, მოპასუხე მიუთითებს, რომ მასში იურიდიული პირის ცნება პირველად 2006 წელს გაჩნდა და აღნიშნული მუხლით აკრძალული ქმედების ჩადენისას ფიზიკური პირი 100 ლარით ჯარიმდებოდა, ხოლო იურიდიული პირი – 500 ლარით. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი ჯარიმდებოდა 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 1500 ლარით. 8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მიუთითებს, რომ საქმის განხილვის მომენტისთვის, კანონმდებელი სამართალდამრღვევების მიმართ უფრო ლიბერალურია და პირველ ჯერზე, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის უკანონო მოხმარებისთვის შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებულია მხოლოდ გაფრთხილება. ასევე, მოპასუხე აღნიშნავს, რომ სტატისტიკური მონაცემები, რომელიც წლების განმავლობაში სადავო ნორმებში განხორციელებულ ცვლილებებს დაედო საფუძვლად, აჩვენებდა, რომ ფიზიკურ პირთა შემთხვევაში, ქმედების განმეორებისას, ჯარიმის ოდენობის შემცირებას არ მოჰყოლია პოზიტიური შედეგი ქმედების პრევენციის თვალსაზრისით. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათ მიმართ დაწესებულმა ჯარიმის მაღალმა ოდენობამ გამოიღო თითქმის 100-პროცენტიანი შედეგი. 9. მოპასუხე განმარტავს რომ იურიდიული პირის ბუნების გათვალისწინებით, რისკები იმისა, რომ მოხდება ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის დატაცება კომერციული მოგების მიზნით, იურიდიულ პირების მიერ არის უფრო მაღალი, რაც განაპირობებს დაწესებულ სანქციათა შორის სხვაობასაც. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარემ ხაზი გაუსვა იურიდიული პირის რამდენიმე კონკრეტულ მახასიათებელზე, რომელიც მისი აზრით, სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირებული მოპყრობის გამართლებაზე მიუთითებს. პირველ რიგში, მოპასუხემ მიუთითა, რომ განსხვავებულია ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ სადავო ნორმებით დაცული რესურსებით სარგებლობის მიზანი. ფიზიკური პირები დასახელებულ რესურსებს საყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, ხოლო იურიდიული პირები – არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებით. მეორე მახასიათებელს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის აღნიშნული რესურსებით სარგებლობისთვის დადგენილი განსხვავებული ტარიფები. ასევე, მოპასუხის განმარტებით, განსხვავებულია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სადავო ნორმებით დაცული რესურსების უკანონო მოხმარებიდან მომდინარე ზიანის რისკებიც. დაბოლოს, მოპასუხე მხარის აზრით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს, ფიზიკურ პირთან შედარებით, იურიდიული პირის გარკვეული მატერიალური და ორგანიზაციული უპირატესობა და სოციალური ფაქტორები წარმოადგენს. 10. გარდა ამისა, მოპასუხემ წარმოადგინა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობის კვლევა. მოპასუხის განმარტებით, ლიეტუვას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ჯარიმა არ შეიძლება იყოს 20 ევროზე ნაკლები და 6 ათას ევროზე მეტი. კოდექსის 324-ე მუხლის თანახმად, არასანქცირებული წვდომა ენერგიაზე ან ენერგომომარაგების სისტემებზე, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 30-დან 140 ევრომდე, ხოლო იურიდიული პირის ჯარიმა იქნება 100-დან 450 ევრომდე. ლატვიის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 981 მუხლის თანახმად, თვითნებურად ელექტროენერგიის, გათბობის ან გაზის მოხმარება ფიზიკური პირის შემთხვევაში, გამოიწვევს 70-დან 280 ევრომდე დაჯარიმებას, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 280-დან 570 ევრომდე. 11. მოპასუხის მითითებით, ესტონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 216-ე მუხლის თანახმად, ელექტროენერგიის, გაზის ან თბოენერგიის უკანონოდ გამოყენება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას ე.წ. ფულადი გადასახდელით ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე. მსგავსი ქმედება, ჩადენილი იურიდიული პირის მიერ, გამოიწვევს მხოლოდ ჯარიმას, ფულადი გადასახდელის სახით. მოპასუხე აღნიშნავს, რომ ესტონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლში, მოცემულია ფულადი გადასახდელის სახეობები. ამავე მუხლის თანახმად, იურიდიული პირის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია, ფულადი ჯარიმა დააკისროს 4 ათასიდან 16 მილიონ ევრომდე ოდენობით. სასამართლოს, ამ კოდექსის განსაკუთრებულ ნაწილში მოცემულ შემთხვევაში, შეუძლია, იურიდიულ პირს დააკისროს ფულადი გადასახდელი, რომლის ოდენობაც გამოითვლება იურიდიული პირის სამეურნეო წლის ბრუნვის პროცენტული შეფარდებით. დანიშნული ფულადი სასჯელის ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემულ ზედა ზღვარს ანუ 16 მილიონ ევროს. 12. განსახილველ საქმეზე მოწმის სახით წარმოდგენილი იყო შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მარეგულირებელთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სამართლის აკადემიური დოქტორი მაკა სალხინაშვილი. მოწმემ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესაბამის დადგენილებებზე, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმებით დაცული რესურსების მომხმარებლები საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებად არიან დაყოფილი და, შესაბამისად, სხვადასხვა სამომხმარებლო ტარიფით სარგებლობენ. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებში ექცევიან ფიზიკური პირები, რომლებიც სადავო ნორმებით დაცულ რესურსებს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოიხმარენ, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებში მოიაზრებიან, საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა, სხვა ყველა საცალო მომხმარებლები. ამასთანავე, მოწმის განმარტებით, ინდივიდუალური მეწარმეები, მართალია, ფიზიკური პირები არიან, თუმცა ისინი მიეკუთვნებიან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა კატეგორიას. 13. მოწმემ მიუთითა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და ასევე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 2015-2019 წლამდე სტატისტიკაზე. მოწმის განმარტებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას 2015 წელს არც ერთი ისეთი საქმე არ განუხილავს, სადაც მომხმარებელი დაეჯარიმებინოს 15 000 ლარით. 2016 წელს განიხილა ერთი საქმე. 2017 წელს განიხილა ორი საქმე, რომელიც იურიდიულ პირთან იყო დაკავშირებული. 2018 წელს განიხილა ოთხი საქმე, რომელიც ეხებოდა იურიდიულ პირს. ხოლო, 2019 წლის აპრილის მონაცემებით, განხილულია 2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, სადაც სუბიექტი დაჯარიმდა 15 000 ლარით. 2015 წელს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, საერთო ჯამში, 200-მდე სამართალდარღვევა განიხილა. აქედან მხოლოდ ერთი სუბიექტი დაჯარიმდა 15 000 ლარის ოდენობით. 2016 წელს 400-მდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა განხილული და აქედან მხოლოდ ერთი სუბიექტი დაჯარიმდა 15 000 ლარით. 2017 წელს 800-ს გადააჭარბა და აქედან 4 სუბიექტი დაჯარიმდა 15 000 ლარით. რაც შეეხება 2018 წელს, თითქმის 1000 საქმემდე იქნება განხილული, სადაც 12 პირი დაჯარიმდა 15 000 ლარით. 2019 წელს (აპრილის ჩათვლით) 400-მდე საქმე იქნა განხილული და აქედან რვა სუბიექტი დაჯარიმდა 15 000 ლარის ოდენობით. მოწმის განმარტებით, სამართალდარღვევების მატება, მათ შორის, განპირობებულია საოჯახო სასტუმროების რაოდენობის ზრდით, თუმცა, აგრეთვე, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობებით, რასაც ძირითადად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები ასრულებენ.
II სამოტივაციო ნაწილი 1. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების სფერო 1. სამართლის წინაშე თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის ნორმა-პრინციპი გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტში, რომლის თანახმად ,„ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი ახდენს არა მხოლოდ თანასწორობის ძირითადი უფლების რეგლამენტირებას, არამედ წარმოადგენს თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს, „რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). 3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება №2/1-392 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). 4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „თანასწორობის ძირითადი უფლება სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არ იცავს ცხოვრების რომელიმე განსაზღვრულ სფეროს. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში ... დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს – არსებითად თანასწორებს მოეპყროს თანასწორად და პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). 5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულ თანასწორობის უფლებაში ჩარევა დადგინდება, მათ შორის, მაშინ, თუ ნორმა არსებითად თანასწორ პირებს შეუქმნის განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებითა თუ ვალდებულებებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-5; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). 2. სადავო ნორმების შინაარსის, სასარჩელო მოთხოვნის და თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება 6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ №1344 კონსტიტუციურ სარჩელზე დავის ფარგლებში უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში – „სამართალდარღვევათა კოდექსი“) 961 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15000 ლარის ოდენობით“ და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით. 7. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ განსახილველ საქმეში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანს არ წარმოადგენს სადავო ნორმებით დადგენილ სახდელთა სიმკაცრის და ჩადენილი სამართალდარღვევის მიმართ თითოეული ამ სახდელის კონსტიტუციურობის დადგენა, რადგან მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, სასამართლო არ დგას ამის საჭიროების წინაშე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სასჯელთა კონსტიტუციურობის შეფასება ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით და ისიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც სასჯელი/სანქცია კანონმდებლის მიზნის მიღწევისა და კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს (იხ., მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). 8. მიუხედავად ამისა, ხაზგასასმელია, რომ ესა თუ ის სასჯელი/სანქცია შესაძლოა, სულაც არ იყოს აშკარად არაპროპორციული, თუმცა მის მიერ დადგენილი დიფერენცირებული მოპყრობა, თავისთავად, არღვევდეს თანასწორობის ძირითად უფლებას, თუკი იგი აუხსნელი და დაუსაბუთებელი იქნება (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს №1/4/535 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). 9. გარდა ამისა, კონსტიტუციური სარჩელის და მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმებში არსებული სიტყვა „დაწესებულება“ არ წარმოადგენს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილს. ამდენად, განსახილველ საქმეში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან უნდა შეაფასოს სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე-2 ნაწილისა და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსების კონსტიტუციურობა, რომელიც იწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 15000 ლარის ოდენობით. 10. სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლი დასჯადად აცხადებს ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცებას და განსაზღვრავს შესაბამის სანქციებს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან განაწილების ქსლიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსლიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით – გამოიწვევს გაფრთხილებას“. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15000 ლარის ოდენობით“. 11. სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი კრძალავს სასმელი წყლის უკანონო მოხმარებასა და წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობას და განსაზღვრავს შესაბამის სანქციებს.ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას“. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით“. 12. ამდენად, სადავო ნორმების საფუძველზე, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის დატაცებისა და, აგრეთვე, სასმელი წყლის უკანონო მოხმარების და წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობის შემთხვევაში, თუ გაფრთხილების მიუხედავად, ამ ქმედებების განმეორებით ჩადენა ხდება, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დადგენილი ადმინისტრაციული სახდელი განსხვავებულია. კერძოდ, კანონმდებელი იურიდიული პირებისთვის აწესებს 150-ჯერ უფრო მაღალ სანქციას, ვიდრე ეს დადგენილია ფიზიკური პირებისთვის. შესაბამისად, აშკარაა, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, იურიდიული პირების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამოყენება ხდება. 13. როგორც ზემოთ აღინიშნა, დიფერენცირების ფაქტის არსებობა ყოველთვის არ არის საკმარისი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცული უფლების სფეროში ჩარევის დასასაბუთებლად, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). 14. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-11 მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობისას, აუცილებელია, გამოიკვეთოს შესადარებელი ჯგუფები და განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენენ ისინი არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით (იხ., მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). 15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, საქმის მასალების გაცნობისა და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა მოსმენის შემდეგ, სადავო ნორმების მიზნებისთვის, მკაფიოდ გამოიკვეთა ის შესადარებელი ჯგუფები, რომელთა არსებითად თანასწორობის საკითხი არის გადასაწყვეტი. კერძოდ, ერთ შემთხვევაში, ეს არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, ხოლო მეორე შემთხვევაში – ინდივიდუალური მეწარმეები და იურიდიული პირები. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, საქმე ისაა, რომ ინდივიდუალურ მეწარმედ ითვლება ის მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, თუმცა ხაზგასასმელია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული უკანონო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ის ჩვეულებრივ ისჯება როგორც ფიზიკური პირი. 16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის დიფერენცირების კონსტიტუციურობის საკითხი არაერთხელ აქვს შეფასებული და სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ გარკვეულ შემთხვევებში ხსენებული პირები არსებითად თანასწორ სუბიექტებად შესაძლებელია იქნენ განხილულნი (იხ., მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ). 17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებიდან გამომდინარე, „ფიზიკური და იურიდიული პირები არიან თუ არა არსებითად თანასწორები, უნდა გადაწყდეს დიფერენცირების დამდგენი სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან და აგრეთვე, შესადარებელ ჯგუფებსა და დიფერენცირების ფაქტს შორის ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ზოგადად პირები არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობის ბუნება მათ განსხვავებულად განხილვას მოითხოვს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). 18. მოპასუხე მხარე, სადავო ნორმების მიზნებისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის არსებულ მნიშვნელოვან სხვაობებზე მიუთითებს. ერთ-ერთ ასეთ სხვაობად დასახელდა ის ფაქტი, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის, სადავო ნორმებით დაცული რესურსებით სარგებლობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – „სემეკ“) მიერ დადგენილია განსხვავებული სამომხმარებლო ტარიფები. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან იურიდიული პირები სადავო ნორმებით დაცულ რესურსებს არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებით იყენებენ, მათთვის გათვალისწინებულია უფრო მაღალი სამომხმარებლო ტარიფები, რაც განაპირობებს სადავო ნორმებით დადგენილ განსხვავებულ მოპყრობასაც. 19. ამ მხრივ, მოპასუხე მხარე და საქმეზე წარმოდგენილი მოწმეც მიუთითებენ საქმის განხილვის დროისთვის (28.05.2019) არსებულ შესაბამის კანონმდებლობაზე, მათ შორის, სემეკ-ის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაზე „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ”, სემეკ-ის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაზე „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ და სემეკ-ის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაზე „„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“, სადაც წყლის, ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლები საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებად არიან დაყოფილნი. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებში ექცევიან ფიზიკური პირები, რომლებიც სადავო ნორმებით დაცულ რესურსებს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოიხმარენ, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებში მოიაზრებიან, საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა სხვა ყველა საცალო მომხმარებელი. ამდენად, ინდივიდუალური მეწარმეები, მართალია, ფიზიკური პირები არიან, თუმცა ისინი მიეკუთვნებიან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა კატეგორიას. ამასვე ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი მოწმეც. 20. საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის საქმის განხილვის დროისთვის (28.05.2019), წყალმომარაგების, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის განსხვავებული ზღვრული ტარიფები კი, დადგენილია შესაბამისად, სემეკ-ის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებით „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“, სემეკ-ის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებით „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ და სემეკ-ის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებით „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“. მაგალითისთვის, მოპასუხის მითითებით, საქმის განხილვის მომენტისთვის, სასმელი წყლის მოხმარების შემთხვევაში, ფიზიკური პირისთვის სამომხმარებლო ზღვრული ტარიფი არის, მიახლოებით, 0.33 ლარი, ხოლო იურიდიული პირისათვის – 4.4 ლარი. 21. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხის განმარტებით, განსხვავებულია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სადავო ნორმებით დაცული რესურსების უკანონო მოხმარებიდან მომდინარე ზიანის რისკებიც. კერძოდ, მოპასუხის მითითებით, ფიზიკური პირის მიერ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის გამოყენებული წყლის დატაცებისგან მიღებული ზიანი არასოდეს იქნება იმაზე მეტი, ვიდრე იურიდიული პირისაგან არასაყოფაცხოვრებო მიზნებისათვის გამოყენებული წყლის რესურსი. დაბოლოს, მოპასუხე მხარის აზრით, ფიზიკურ და იურიდიულ პირს შორის კიდევ ერთ მნიშვნელოვან განმასხვავებელ ფაქტორს, ამ უკანასკნელის მატერიალური და ორგანიზაციული უპირატესობა და ასევე, სოციალური ფაქტორები წარმოადგენს. 22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის სადავო ნორმებით დაცული რესურსებით სარგებლობისთვის განსხვავებული ტარიფების არსებობა, თავისთავად, მიუთითებს სადავო ნორმით მოწესრიგებულ საკითხთან მიმართებით ამ ორ ჯგუფის განსხვავებულ სამართლებრივ მდომარეობაზე. ამ თვალსაზრისით, უპირველს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სასმელი წყლის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის უკანონო მოხმარებით მიმწოდებელს ზიანი ადგება არა უშუალოდ გახარჯული რესურსის ფორმით, არამედ იმ ფინანსური სარგებლით, რომელსაც იგი ვერ იღებს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ. წყლის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება და მოხმარება ხდება ხელშეკრულებისა და მარეგულირებული აქტების საფუძველზე, შესაბამისად, მის დატაცებას გააჩნია არა მხოლოდ უშუალოდ რესურსზე უკანონო წვდომის, არამედ ამ რესურსით სარგებლობის ღირებულების გადაუხდელობის ეფექტი. შესაბამისად, წყლის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდების განსხვავებული ღირებულების გამო, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი უკანონოდ მოხმარებული ყოველი ერთეული პროდუქტით, ბევრად მეტ ფინანსურ ზიანს აყენებს მიმწოდებელს საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან შედარებით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემადგენლობა ორივე სუბიექტთან მიმართებით ფორმულირებულია ერთგვაროვნად, რეალურად საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები სჩადიან არსებითად განსხვავებული სიმძიმის სამართალდარღვევას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სადავო ნორმებით დაცული რესურსების მოხმარებისთვის განსხვავებული ტარიფები არის დადგენილი, ამ რესურსებით უკანონო სარგებლობისთვის განსხვავებული სანქციების არსებობა, ვერ ჩაითვლება როგორც არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობა. 23. მეორე მხრივ, აშკარაა რომ ინდივიდუალური მეწარმეები და იურიდიული პირები წარმოადგენენ შედარებად კატეგორიებს. ორივე ჯგუფი ექცევა ანალოგიურ მდგომარეობაში, რადგან ორივე სუბიექტი სადავო ნორმებით დაცულ რესურსებს არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებით იყენებს და მათ მიერ ამ რესურსების გამოყენებისთვის დადგენილია ერთნაირი სამომხმარებლო ტარიფი. გარდა ამისა, მოპასუხის მიერ მითითებული ის მომეტებული ზიანის რისკები, რომელიც დაკავშირებულია დასახელებული რესურსების არასაყოფაცხოვრებო ანდა კომერციული მიზნით უკანონო გამოყენებასთან, რელევანტურია ინდივიდუალურ მეწარმეებთან მიმართებითაც. რაც შეეხება, მოპასუხის არგუმენტს იურიდიული პირის მატერიალურ და ორგანიზაციულ უპირატესობაზე, არ არსებობს გარემოება, რომელიც მიუთითებდა, რომ ინდივიდუალური მეწარმეებისთვის და იურიდიული პირებისათვის დადგენილი ერთი და იგივე ოდენობის ჯარიმა განსხვავებულ ტვირთად შეიძლება დააწვეს მათ. ინდივიდუალური მეწარმეც შეიძლება იყოს ფინანსურად უზრუნველყოფილი მაშინ, როდესაც იურიდიულ პირს შეიძლება ჰქონდეს ფინანსური პრობლემები. სადავო ნორმები პირების დიფერენცირებას ახდენს არა მათი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, არამედ მათი სტატუსის მიხედვით (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). 24. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს რაიმე კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ ინდივიდუალური მეწარმეების და იურიდიული პირების არსებითად არათანასწორ სუბიექტებად მიჩნევა. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმებით დაცული რესურსების უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში, იურიდიული პირი 150-ჯერ უფრო მაღალი სანქციით ისჯება, ვიდრე ინდივიდუალური მეწარმე (ფიზიკური პირი). შესაბამისად, ცხადია, სადავო ნორმებით დიფერენცირება დადგენილია არსებითად თანასწორ პირებს შორის, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვას წარმოადგენს. 3. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული თანასწორობის უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობა 25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, თავისთავად, დისკრიმინაციას არ ნიშნავს. ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა, დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც იყოს. ეს ხშირად აუცდენელია. შესაბამისად, დიფერენცირება საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროსთვის უცხო არ არის, თუმცა თითოეული მათგანი არ უნდა იყოს დაუსაბუთებელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). 26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისას და დადგენისას ის მიმართავს შემდეგ ძირითად მიდგომას: „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). 3.1. შეფასების ტესტი 27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დიფერენცირებულად მოპყრობის გონივრულობის მასშტაბი განსხვავებული შეიძლება იყოს თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). „დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას – სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8). 28. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ თანასწორობის უფლება ირღვევა კერძო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი სტატუსისადმი კუთვნილების ნიშნით. აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ორგანიზაციისადმი კუთვნილების ნიშანი არ მიეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დადგენილ დიფერენცირების კლასიკურ ნიშნებს (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/522,553 საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-12). ამასთანავე, განსახილველ საქმეზე არ იკვეთება სხვა კლასიკური ნიშნით დიფერენცირება. შესაბამისად, დიფერენცირების ნიშნის გამო, მკაცრი ტესტის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. ამდენად, უნდა შეფასდეს სადავო ნორმებით არსებითად თანასწორ პირებს შორის შექმნილი დიფერენცირების ინტენსივობა. 29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,II-5). 30. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს, სასჯელთა პოლიტიკის განსაზღვრისას, ფართო მიხედულების ზღვარი გააჩნია, ვინაიდან ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრა, სახდელის დაწესება და მისი სიმძიმის განსაზღვრა კანონმდებლის ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). მიუხედავად ამისა, აშკარაა არსებითად თანასწორ პირთა შორის სადავო ნორმებით დადგენილი უთანასწორობის მაღალი ინტენსივობა. როგორც უკვე აღინიშნა, გასაჩივრებული ნორმებით იურიდიული პირისთვის განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელი 150-ჯერ აღემატება ინდივიდუალური მეწარმეებისთვის (ფიზიკური პირებისთვის) გათვალისწინებულ სახდელს. ამასთან, ჯარიმის სახით, 15 000 ლარის გადახდა არაერთი იურიდიული პირისთვის მნიშვნელოვანი ტვირთი შეიძლება იყოს, რაც თავის მხრივ, საფრთხეს შეუქმნის ორგანიზაციის ფუნქციონირებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არსებითად თანასწორ პირებს მნიშვნელოვნად აცილებს ერთმანეთისგან და ინტენსივობა აღწევს იმ ხარისხს, რომ უთანასწორობა შეფასდეს „მკაცრი ტესტის“ გამოყენებით. 31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დიფერენცირების კონსტიტუციურობას მკაცრი ტესტის ფარგლებში აფასებს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). 32. აღნიშნულის გათვალისწინებით, „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისათვის აუცილებელია, პირველ რიგში, დადგინდეს, ემსახურება თუ არა იგი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა ატარებს თვითნებურ ხასიათს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია ნორმის შემდგომი შემოწმების გარეშე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-27). 3.2. ლეგიტიმური მიზანი 33. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების ლეგიტიმური მიზანია კონკრეტული სამართალდარღვევის პრევენცია და აღმოფხვრა. მოპასუხე, აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანაა საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა, მოქალაქეთა აღზრდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ზუსტი და განუხრელი დაცვის, სხვა მოქალაქეთა უფლებების, პატივისა და ღირსების, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის, დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების სულისკვეთებით“. 34. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის უკანონო მოხმარების პრევენცია, სამართალდარღვევის აღმოფხვრა და საკუთრების დაცვა, ბუნებრივია, წარმოადგენს ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს, შესაბამისად, სახელმწიფო არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიცაა, ამის თავიდან ასაცილებლად/აღმოსაფხვრელად გადადგას ქმედითი ნაბიჯები, მათ შორის, სანქციების დაწესების გზით. შესაბამისად, თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კონსტიტუციურსამართლებრივად გამართლებულია ამა თუ იმ სამართალდარღვევისთვის და ამ შემთხვევაში, რესურსების უკანონო გამოყენებისა და საკუთრების უფლების დაცვის მიზნით, კანონის წინაშე თანასწორობის უფლების შეზღუდვა. 3.3. გამოსადეგობა 35. როგორც აღინიშნა, თანაზომიერების პრინციპი მოითხოვს, რომ უფლების შემზღუდველი ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება წარმოადგენდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. შესაბამისი რესურსების უკანონო მოხმარების დაცვის მიზნით, სანქციების დადგენა ამ რესურსებით უკანონო სარგებლობის და საკუთრების დაცვისკენ მიმართული ღონისძიებაა. ამდენად, სადავო ნორმებით დადგენილი სახდელები მიმართულია დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისკენ. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, დიფერენცირებულ მდგომარეობაში მყოფ პირთა ორივე წრე (ინდივიდუალური მეწარმე (ფიზიკური პირი) და იურიდიული პირი) შესაძლოა, თანაბრად ახდენდეს რესურსებით უკანონო სარგებლობას. როგორც აღინიშნა, ორივე სუბიექტი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, დაცულ რესურსებს მოიხმარს არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებით, მათთვის ამ რესურსებით სარგებლობისთვის გათვალისწინებულია ერთნაირი სამომხმარებლო ტარიფი და ასევე შესაძლებელია, რომ გარკვეული ინდივიდუალური მეწარმეები არათუ თანაბარ, არამედ იმაზე მეტ რესურსებს მოიხმარენ, ვიდრე გარკვეული ტიპის იურიდიული პირები. ამდენად, ორივე მათგანის ქმედებასთან მიმართებით არსებობს ამ რესურსების უკანონოდ სარგებლობის და საკუთრების დაცვის განხორციელების თანაბარი საჭიროება. შესაბამისად, დასახელებული რესურსების და საკუთრების უფლების ხელმყოფთაგან დაცვის აუცილებლობა, თავისთავად, არ მიუთითებს დიფერენცირების დასაბუთებულობასა თუ მიზნობრიობაზე (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-29). 36. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასება მოთხოვნილია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით. ამდენად, იმისათვის, რომ დადგენილი შეზღუდვა მივიჩნიოთ ლეგიტიმური მიზნის გამოსადეგ საშუალებად, არა მხოლოდ უნდა გამოიკვეთოს გარკვეულ პირებთან მიმართებით სადავო ნორმებით დაცული რესურსების უკანონო მოხმარების შემაკავებელი ეფექტის არსებობა, არამედ ასევე მნიშვნელოვანია წარმოჩინდეს, რომ თავად პირთა დიფერენცირების ფაქტი ხელს უწყობს საკუთრებისა და ბუნებრივი რესურსების უკანონო მოხმარებისგან დაცვას ან/და ნაკარნახევია ობიექტური აუცილებლობით. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით, სადავო ნორმა არაკონსტიტუციური იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ, ზოგადად, პირის უფლების შეზღუდვა აუცილებელია, თუმცა მისი გავრცელება თვითმიზნურად ხდება მხოლოდ არსებითად თანასწორ პირთა კონკრეტულ ნაწილზე (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს №1/4/535 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). 37. მოპასუხე მხარე სადავო ნორმების ისტორიულ განმარტებას მოიხმობს და მიუთითებს, რომ წარსულში კანონმდებელი უფრო მკაცრი იყო და როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის მიერ ხსენებული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისთვის გამოიყენებოდა ფულადი ჯარიმა. კერძოდ, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის დატაცების შემთხვევაში, ფიზიკური პირი ჯარიმდებოდა 600 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 5000 ლარით. იმავე ქმედებების განმეორებით ჩადენისას, ფიზიკური პირი 1200 ლარით ჯარიმდებოდა, ხოლო იურიდიული პირი – 15000 ლარით. რაც შეეხება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლს, მოპასუხე მიუთითებს, რომ მასში იურიდიული პირის ცნება პირველად 2006 წელს გაჩნდა და აღნიშნული მუხლით აკრძალული ქმედების ჩადენისას, ფიზიკური პირი 100 ლარით ჯარიმდებოდა, ხოლო იურიდიული პირი – 500 ლარით. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი ჯარიმდებოდა 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 1500 ლარით. 38. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მიუთითებს, რომ საქმის განხილვის მომენტისთვის, კანონმდებელი სამართალდამრღვევების მიმართ უფრო ლიბერალურია და, პირველ ჯერზე, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის უკანონო მოხმარებისთვის შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებულია მხოლოდ გაფრთხილება. ასევე, მოპასუხე აღნიშნავს, რომ სტატისტიკური მონაცემები, რომელიც წლების განმავლობაში სადავო ნორმებში განხორციელებულ ცვლილებებს დაედო საფუძვლად, აჩვენებდა, რომ ფიზიკურ პირთა შემთხვევაში, ქმედების განმეორებისას, ჯარიმის ოდენობის შემცირებას არ მოჰყოლია პოზიტიური შედეგი ქმედების პრევენციის თვალსაზრისით. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათ მიმართ დაწესებულმა ჯარიმის მაღალმა ოდენობამ გამოიღო თითქმის 100 – პროცენტიანი შედეგი. 39. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმად, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის უკანონო მოხმარებისთვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად, გამოიყენება გაფრთხილება, ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს დასახული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის უფრო მსუბუქ საშუალებას, თუმცა ამით ვერ აიხსნება სადავო ნორმებით დადგენილი უთანასწორო მოპყრობა. ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის კონკრეტული უკანონო ქმედების პირველად ჩადენის შემთხვევაში, სანქციის სახით აღარ იყენებს ფულად ჯარიმას და, ამის ნაცვლად, სამართალდამრღვევების მიმართ გამოიყენება უფრო მსუბუქი ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება, ვერ გამოდგება იმის სამტკიცებლად, რომ მათ მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენისას, per se გამართლებულია განსხვავებული სახდელების დაწესება. აღნიშნული მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფოს რეაქცია კონკრეტული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას, ორივე სუბიექტის მიმართ უფრო მსუბუქი გახდა. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს კონკრეტული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ დაწესებული განსხვავებული სანქციები წარმოადგენს, რაზეც, პრინციპში, გავლენას ვერ იქონიებს კანონმდებლის ლიბერალური მიდგომა, კონკრეტული სამართალდარღვევის პირველად ჩადენასთან დაკავშირებით. 40. ამასთანავე, მოპასუხის მითითება იმის შესახებ, რომ სადავო ნორმებით დადგენილი მაღალი სანქციები ეფექტიანია იურიდიულ პირებთან მიმართებით, ვერ გამოდგება უთანასწორო მოპყრობის გასამართლებლად, მით უმეტეს, თავად მოპასუხეც აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირებთან მიმართებით ჯარიმის ოდენობის შემცირება, არაეფექტიანი აღმოჩნდა. 41. სადავო ნორმებით დადგენილი უთანასწორო მოპყრობის მიზნობრიობის წარმოსაჩენად, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ იურიდიულ პირებს დასახელებული რესურსებით სარგებლობის განსხვავებული – კომერციული მიზანი აქვთ, ისინი ელექტროენერგიას, ბუნებრივ აირსა და წყალს იყენებენ არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. ამდენად, განსხვავებულია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სადავო ნორმებით დაცული რესურსების უკანონო მოხმარებიდან მომდინარე ზიანის რისკებიც. ამას გარდა, მოპასუხე, სადავო ნორმების მიზნებისთვის, მიუთითებს იურიდიული პირის გარკვეულ ორგანიზაციულ და ფინანსურ უპირატესობაზეც. 42. საკუთრების დაცვისთვის მნიშვნელოვანია როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო მიზნებით, სადავო ნორმებით დაცული რესურსების უკანონოდ მოხმარების პრევენცია და აღმოფხვრა. შესაბამისად, დიფერენცირება, რომელიც ნაკარნახევია არასაყოფაცხოვრებო მიზნით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის უკანონო მოხმარების პრევენციით/აღმოფხვრით, შესაძლებელია, მიზნის მიღწევის ვარგის საშუალებად იქნეს მიჩნეული, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო, საყოფაცხოვრებო მიზნით, შესაბამისი რესურსების უკანონოდ მოხმარების ფაქტების აღმოსაფხვრელად. შესაბამისად, გარკვეული ლოგიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს, არასაყოფაცხოვრებო მიზნით შესაბამისი რესურსების გამოყენებისთვის უფრო მაღალი სანქციის დადგენას. 43. თუმცა სადავო ნორმების საფუძველზე, უთანასწორო მოპყრობა უკავშირდება კერძო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი სტატუსისადმი კუთვნილების ნიშანს და არა შესაბამისი რესურსების არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებით უკანონო მოხმარებას. როგორც აღინიშნა, იურიდიული პირები დიფერენცირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან როგორც ფიზიკური პირებთან, ისე ინდივიდუალურ მეწარმეებთან მიმართებით. ეს უკანასკნელნი, მართალია, ფიზიკური პირები არიან, თუმცა მათაც, იურიდიული პირების მსგავსად, კომერციული ინტერესი გააჩნიათ, ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას და დაცულ რესურსებს არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებით იყენებენ. 44. ამდენად, სადავო ნორმები სხვადასხვა სამართლებრივ შედეგს უკავშირებენ ერთსა და იმავე საფრთხის შემცველ ქმედებას. კერძოდ, იურიდიული პირი, რომელიც დაცულ რესურსებს უკანონოდ მოიხმარს, დაისჯება 150-ჯერ უფრო მაღალი სანქციით, მაშინ, როდესაც ინდივიდუალური მეწარმე ისჯება 100 ლარის ოდენობით. სადავო ნორმების დაცული რესურსების და საკუთრების ხელყოფის დაცვის ეფექტი გააჩნია არა ზოგადად, არამედ მხოლოდ იურიდიული პირების მიმართ. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი სანქციის მხოლოდ იურიდიულ პირებზე გავრცელება, არათუ ლეგიტიმური მიზნის მიღწევას არ ემსახურება, არამედ, პირიქით, ამცირებს გამოყენებული სანქციის ეფექტურობას. ამასვე მოწმობს, მოპასუხის მიერ სტატისტიკაზე მითითება, რომ ფიზიკური პირების მიმართ ჯარიმის ოდენობის შემცირებას ნეგატიური შედეგი მოჰყვა. 45. მოპასუხე მხარე აგრეთვე მიუთითებს იურიდიული პირის გარკვეულ ორგანიზაციულ და ფინანსურ უპირატესობაზე. თუმცა აღნიშნული ვერ გამოდგება დიფერენცირების გასამართლებლად. ინდივიდუალური მეწარმე შეიძლება იყოს ფინანსურად უზრუნველყოფილი მაშინ, როდესაც იურიდიულ პირს შეიძლება ჰქონდეს ფინანსური პრობლემები. სადავო ნორმები პირების დიფერენცირებას ახდენს არა მათი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, არამედ მათი სტატუსის მიხედვით (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). 46. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, რომელიც ეხებოდა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის განსხვავებული სახელმწიფო ბაჟის კონსტიტუციურობას, განმარტა, რომ „ზოგადად, გონივრულია არგუმენტი, რომლის თანახმადაც, რაც უფრო მეტი ფინანსური რესურსი აქვს ამა თუ იმ პირს, მის მიმართ სახელმწიფო ბაჟს შეიძლება ნაკლებად ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი დაუსაბუთებელი სარჩელის წარდგენაზე. თუმცა აშკარაა, რომ პირის ფინანსური შესაძლებლობა არ არის დაკავშირებული მის სტატუსთან (ფიზიკურ ან იურიდიულ), ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფიზიკური პირი შეიძლება გაცილებით მეტ ფინანსურს რესურსს ფლობდეს იურიდიულ პირთან შედარებით ან/და პირიქით. ამავე დროს, ფიზიკურმა პირმა იმავე წარმატებით შეიძლება წარადგინოს თვითმიზნური, დაუსაბუთებელი სარჩელები, როგორც იურიდიულმა პირმა და არც ამ თვალსაზრისით არსებობს ამ ორი პირის დიფერენცირების ხელშესახები საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18). განსახილველ შემთხვევაშიც იგივე დასკვნამდე მივდივართ. ამასთან, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სტატისტიკა, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპირისპიროს დაანახვებდა. 47. იმისათვის, რათა სადავო ნორმებმა პროპორციულობის პრინციპი დააკმაყოფილოს, აუცილებელია სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირება მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას წარმოადგენდეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ზოგადად, სადავო ნორმები ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა მოპასუხემ ვერ დაასაბუთა სადავო ნორმებით დაწესებული დიფერენცირებული მიდგომის საჭიროება. არ არსებობს ლოგიკური ახსნა სადავო ნორმებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის. იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის განსხვავებული სასჯელების დაწესების საჭიროებასთან დაკავშირებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). 48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე-2 ნაწილისა და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის შესაბამისი ნორმატიული შინაარსი, რომელიც იწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 15000 ლარის ოდენობით, არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს. 4. გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება 49. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე-2 ნაწილისა და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის სადავო ნორმატიული შინაარსების, დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან ძალადაკარგულად ცნობა შექმნის მნიშვნელოვანი სახელმწიფო და კერძო ინტერესების დაზიანების საფრთხეს. იმისათვის, რომ შესაბამისმა ორგანოებმა ეფექტურად უზრუნველყონ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის უკანონო მოხმარების პრევენცია და აღმოფხვრა, საკუთრების დაცვა უნდა არსებობდეს შესაბამისი პასუხისმგებლობა. 50. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებელს და შესაბამის ორგანოებს უნდა მიეცეთ გარკვეული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტზე დაყრდნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე-2 ნაწილისა და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის სადავო ნორმატიული შინაარსების ძალადაკარგულად ცნობა გადავადდეს 2025 წლის პირველ აპრილამდე.
III საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს: 1. დაკმაყოფილდეს №1344 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირის დაჯარიმებას 15000 ლარის ოდენობით; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირის დაჯარიმებას 15000 ლარის ოდენობით. 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე-2 ნაწილის და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსები, რომლებიც ითვალისწინებენ იურიდიული პირის დაჯარიმებას 15000 ლარის ოდენობით, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2025 წლის პირველი აპრილიდან. 3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. 4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს. 6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები: მანანა კობახიძე ირინე იმერლიშვილი ხვიჩა კიკილაშვილი თეიმურაზ ტუღუში
|
დოკუმენტის კომენტარები