აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/214
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 12/06/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2024
სარეგისტრაციო კოდი
1-1/214
12/06/2024
ვებგვერდი, 17/06/2024
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/214

2024 წლის 12 ივნისი

ქ. თბილსის

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2024 წლის 25 მარტის N01/523 განცხადება – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია: 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი – ბაკურციხე – ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბაკურციხე – წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი), რომელიც დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებული 2017 წლის 12 ივნისის სასესხო შეთანხმების და (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 20 სექტემბრის №1295-Iს დადგენილებით) 2020 წლის 28 იანვარს გაფორმებული №2 ცვლილების წერილ-შეთანხმების (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 21 მაისის №5903-სს დადგენილებით) ფარგლებში. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზა თბილისს აკავშირებს ლაგოდეხთან, აზერბაიჯანის საზღვართან და კახეთის ქალაქებთან. ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზის მონაკვეთი, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო დერეფნის სამხრეთ დაბოლოებას უერთდება, გადის გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე და კვეთს რამდენიმე ხევს. ამ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის და უსაფრთხოების მდგომარეობა გართულებულია, განსაკუთრებით ბაკურციხე-ვაქირის უბანზე, რომელიც გადის სოფლებზე ბაკურციხე, კარდენახი, ანაგა და ვაქირი. საავტომობილო გზის გეომეტრიული პარამატრები ვერ აკმაყოფილებს ნორმატიულ მოთხოვნებს, ხოლო მათი გაუმჯობესება არსებული ინფრასტრუქუტურის (სახლების, დამხმარე ნაგებობების და ა.შ.) უმეტესი ნაწილის მოშლას მოითხოვს. ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზის მონაკვეთი შედის ჟინვალი-ბაკურციხე-წნორის სატრანსპორტო დერეფნის შემადგენლობაში. საავტომობილო გზა დაახლოებით 24 დასახლებულ პუნქტზე გადის. ახალი ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზის მონაკვეთი გამოეყოფა ამჟამად მშენებარე ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზას, დაახლოებით 1.8 კმ-ზე. აღნიშნულის შემდგომ, საპროექტო გზა მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით, კვეთს საირიგაციო არხს, რის შემდეგაც უხვევს მარჯვნივ და გადის არხის პარალელურად, სამხრეთ – აღმოსავლეთის მიმართულებით, ვიდრე არ შეუერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - ლაგოდეხის საავტომობილო გზას. ახალი გზის სიგრძე დაახლოებით 16 კილომეტრია და მდებარეობს გურჯაანის (ბაკურციხე) და სიღნაღის (წნორი) მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე. საპროექტო მონაკვეთი კვეთს მაგისტრალურ საირიგაციო არხს და სასოფლო - სამეურნეო გზებს. გარდა ამისა, საპროექტო მონაკვეთზე მოსახვედრად გათვალისწინებულია ორი სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარის) მოწყობა. სოფლებში (რომლებსაც შემოუვლის ახალი საპროექტო მონაკვეთი) მისასვლელების უზრუნველსაყოფად (კმ11+386 ნიშნულთან) მოეწყობა გზაგამტარი. ამასთან, მეორადი მნიშვნელობის საავტომობილო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია (გზის ზედაპირი მოასფალტდება). საპროექტო გზის ჩრდილოეთით მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებთან მისასვლელად გამოყენებული იქნება საპროექტო გზის გასწვრივ გამავალი მოხრეშილი გზა, რომელიც საჭიროებისამებრ დაუკავშირდება შიდა გზების ქსელს, გზისქვეშა გადასასვლელების საშუალებით. ბაკურციხე – წნორის სამოდერნიზაციო სამანქანო გზა იკვეთება 23 მცირე და დიდი ხევით, ერთი ირიგაციული დანიშნულების მაგისტრალური არხით და მისი 9 დიდი გამანაწილებლით. სამოდერნიზაციო გზის გადამკვეთი ხევები სათავეს იღებენ ცივგომბორის ქედის სამხრეთ - აღმოსავლეთ დაბოლოების ჩრდილო - აღმოსავლეთ ფერდობებზე და ცალკეულ უხვნალექიან პერიოდში ერთვიან მდ. ალაზანს მარჯვენა მხრიდან. წყლის შედარებით მუდმივი დინება ფიქსირდება ცივგომბორის ქედის ფერდობებზე, ხოლო ქვემოთ არსებულ დასახლებულ პუნქტებთან და ალაზნის ველზე ხევების კალაპოტები მშრალია. ამ მონაკვეთებზე ხევების კალაპოტებში წყლის ნაკადი აღინიშნება მხოლოდ თოვლის დნობის ან ინტენსიური წვიმების პერიოდში. ცალკეული ინტენსიური წვიმების დროს ხევებზე, მათი კალაპოტების მაღალი ქანობების პირობებში, ყალიბდება წყლის იშვიათი განმეორებადობის მაქსიმალური ხარჯები, რომლებიც დიდ მატერიალურ ზარალს აყენებენ დასახლებულ პუნქტებს და სასოფლო - სამეურნეო სავარგულებს. აღნიშნული ხევებიდან ერთ - ერთი სოფ. კარდანახში ჩამომავალი მღვრიე – ხევი, ღვარცოფული ხასიათისაა. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონისთვის და ქვეყნისთვის, ვინაიდან აღნიშნული გზის მოწყობა უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებით აშენებულ საავტომობილო გზაზე მოსახლეობის და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებას და პროექტის ფარგლებში, საჭიროებისამებრ, ასევე განხორციელდება მეორეხარისხოვანი და სხვა საჭირო შიდა გზების რეაბილიტაცია, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობისთვის და აღნიშნული გზებით მოსარგებლე ნებისმიერი პირისთვის. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ შორენა სიყმაშვილის (პ/ნ N01007000261) საკუთრებაში არსებული, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მდებარე 2513 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N56.03.54.331) ნაწილის - 853 კვ. მ. მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი – ბაკურციხე – ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბაკურციხე - წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მდებარე 2513 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N56.03.54.331) მესაკუთრეა შორენა სიყმაშვილი (პ/ნ N01007000261).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა შორენა სიყმაშვილის (პ/ნ N01007000261) საკუთრებაში არსებული, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მდებარე 2513 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N56.03.54.331) ნაწილი – 853 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით." 

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2024 წლის 29 მაისის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ: 

1. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი – ბაკურციხე – ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბაკურციხე – წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შორენა სიყმაშვილის (პ/ნ N01007000261) საკუთრებაში არსებულ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მდებარე 2513 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N56.03.54.331) ნაწილზე - 853 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

მინისტრი ლევან დავითაშვილი