საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 11/03/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 47, 28/03/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 28/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
135
11/03/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 47, 28/03/1997
000000000.00.00.000000
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/03/1997 - 17/11/1997)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №135

1997 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანდართული დებულება და სტრუქტურა.

ე. შევარდნაძე 

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება

1. ზოგადი დებულებანი

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში "სამინისტრო") არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და დანაშაულობათა წინააღმდეგ ბრძოლას.

აღნიშნული ფუნქციების შესასრულებლად სამინისტრო ქმნის შესაბამის დეპარტამენტებს, მთავარ სამმართველოებს, სამმართველოებსა და სამსახურებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან იცავენ მოქალაქეების, დაწესებულების, ორგანიზაციების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

1.2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, კანონქვემდებარე აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებების, სამინისტროს ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების მოთხოვნათა დაცვით.

1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობას ექვემდებარებიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროები, მხარეების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოები (სამმართველოები), ქალაქებისა და რაიონების შინაგან საქმეთა ორგანოები, შინაგანი ჯარი, სპეცდანიშნულების რაზმები, სატრანსპორტო პოლიციის ორგანოები, უწყებრივი სამედიცინო დაწესებულებები, სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები.

1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მისი ორგანოები, დაწესებულებები და ქვედანაყოფები ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას.

1.5. შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს სახელმწიფოს, როგორც საჯარო-სამართლებრივი იურიდიული პირის უფლებებსა და მოვალეობებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დანაშაულობათა წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

სამინისტროს აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიში ბანკში. სამინისტროს დაფინანსება ხდება საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე.

1.6. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერების, პიროვნების ღირსების პატივისცემის, სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებზე, მას არა აქვს უფლება გაამჟღავნოს მოქალაქის პირადი ცხოვრების, მისი პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაცია, აგრეთვე სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება.

ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის ინფორმაციისა და წინასწარი გამოძიების მასალების გახმაურება შეიძლება მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.

2. სამინისტროს ამოცანები

სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:

ა) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების აღკვეთა, დანაშაულის აღრიცხვა, გამოვლენა, გახსნა და გამოძიება;

ბ) მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

გ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;

დ) საკუთრების დაცვა;

ე) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ვ) სარეგისტრაციო საქმიანობა კანონით გათვალისწინებული წესით;

ზ) სასჯელისა და სახდელის აღსრულება;

თ) გარემოს დაცვის სფეროში დანაშაულობათა აღკვეთა-აცილება;

ი) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

კ) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელება.

3. სამინისტროს საქმიანობის მიმართულებები

სამინისტრო მისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) აყალიბებს დანაშაულობასთან და სხვა სამართალდარღვევებთან ბრძოლის ძირითად პოლიტიკას, ორგანიზაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახურების საერთო საქმიანობას, განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურებისა და ქვედანაყოფების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, შეიმუშავებს მისთვის დაკისრებული ამოცანების გადაჭრისათვის საჭირო ფორმებს და საშუალებებს;

ბ) ორგანიზაციას უწევს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების განხორციელებას, კონტროლს უწევს მათ შესრულებას, განაზოგადებს მათი გამოყენების პრაქტიკას, შეიმუშავებს წინადადებებს კანონმდებლობის შეცვლის ან მისი სრულყოფის შესახებ და საკანონმდებლო ინიციატივისათვის წარუდგენს სახელმწიფო კანცელარიას;

გ) შეიმუშავებს და ახორციელებს სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის ღონისძიებებს, ხელს უწყობს მოსახლეობის მართლშეგნების ამაღლებას; ამ მიზნით თანამშრომლობს პრესასთან და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან, აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას სამინისტროს საქმიანობის შესახებ;

დ) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასა და წინასწარ გამოძიებას;

ე) კანონით დადგენილი წესით აწარმოებს მიმალულ ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, სამართალში მიცემულთა, მსჯავრდებულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნას;

ვ) ქმნის და ხელმძღვანელობს შინაგანი ჯარების ნაწილებსა და სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებს, მათი მმართველობის ორგანოებს;

ზ) უზრუნველყოფს შესაბამისი სამსახურების მეშვეობით დაპატიმრებისა და სხვა იძულებითი ღონისძიებების შესახებ სასამართლოს განაჩენებისა და განჩინებების აღსრულებას;

თ) კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მიტინგების, დემონსტრაციების, მოქალაქეთა მშვიდობიანი მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოებას;

ი) აღკვეთს უკანონო მიტინგებს, დემონსტრაციებს, პიკეტებსა და სხვაგვარ აქციებს, თუ ისინი საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ უშიშროებას, პიროვნების სიცოცხლეს,

ჯანმრთელობას, საკუთრებას და კანონით დაცულ სხვა უფლებებს;

კ) ორგანიზაციას და კონტროლს უწევს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებების, ნარკოტიკული საშუალებებისა და სანებართვო სისტემით რეგლამენტირებული სხვა საგნებისა და მასალების შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის დადგენილი წესების დაცვას;

ლ) დახმარებას უწევს ბუნების დაცვის სამსახურებს კანონიერი საქმიანობის განხორციელებაში;

მ) სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს ახორციელებს ღონისძიებებს მოქალაქეთა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ქონების გადასარჩენად;

გადაუდებელ დახმარებას უწევს სამართალდარღვევების შედეგად დაზარალებული და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირებს;

ნ) ახორციელებს საქართველოს მოქალაქეების და უცხოელთა რეგისტრაციას და მათთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემას;

ო) აწარმოებს ავტო-მოტო სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას, მათზე სახელმწიფო სანომრე ნიშნების, მოქალაქეების მართვის მოწმობების გაცემას, ავტო-მოტო ტრანსპორტის ტექნიკურ დათვალიერებას და მათი ერთი მფლობელიდან მეორისთვის გადაფორმებას:

პ) ხელმძღვანელობს სისტემაში კადრების შერჩევას, განაწილებასა და აღზრდას; განსაზღვრავს სპეციალისტთა მოთხოვნილებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ სასწავლებლებთან ერთად ორგანიზაციას უწევს კადრების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას;

ჟ) ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სამინისტროს პირად შემადგენლობაში დისციპლინისა და კანონიერების განმტკიცებისათვის, ზრუნავს პოლიციის რიგების გაწმენდისათვის კორუმპირებული, არაკომპეტენტური თანამშრომლებისაგან;

რ) საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტზე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის, ქონებისა და ტვირთების დაცვას;

ს) ხელმძღვანელობს სამინისტროს სისტემის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის საქმიანობას;

ტ) ორგანიზაციას უწევს თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შინაგან საქმეთა ორგანოებისა და დაწესებულებების მუშაობასთან დაკავშირებული საჩივრებისა და განცხადებების განხილვას;

უ) ხელს უწყობს სამეცნიერო გამოკვლევებს თავისი საქმიანობის სფეროში;

ფ) სწავლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შინაგან საქმეთა და პოლიციის სისტემის გამოცდილებას;

ქ) უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა ორგანოებში სააღრიცხვო-სარეგისტრაციო დისციპლინის განმტკიცებას, დანაშაულის შესახებ შეტყობინებებსა და განცხადებებზე სათანადო რეაგირებას;

ღ) ორგანიზაციას უწევს შინაგან საქმეთა ორგანოებისა და ორგანიზაციების ინფორმაციული უზრუნველყოფისათვის კომპიუტერული სისტემების ჩამოყალიბებას, დანერგვასა და ფუნქციონირებას;

ყ) სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან დებს შეთანხმებებს სამართლებრივი დახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ;

შ) განკარგავს საფინანსო სახსრებს შინაგან საქმეთა ორგანოებისა და დანაყოფების უზრუნველსაყოფად, ზრუნავს მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის, უზრუნველყოფს ასიგნებათა ხარჯვის კონტროლს;

ჩ) აწყობს დაქვემდებარებული ორგანოებისა და დაწესებულებების საინსპექციო შემოწმებებს, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტურ რევიზიებს.

4. სამინისტროს უფლებები

სამინისტრო უფლებამოსილია:

ა) სახელმწიფო და სხვა ორგანოებისაგან, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან, თანამდებობის პირებისაგან გამოითხოვოს სამინისტროსათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მასალა;

ბ) სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი ამოცანების განსახორციელებლად დადგენილი წესით მოიწვიოს სახელმწიფო ორგანოთა და დაწესებულებათა თანამშრომლები, სპეციალისტები და ექსპერტები;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკებები, დადოს ხელშეკრულებები როგორც ქვეყნის, ისე საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.

5. სამინისტროს ხელმძღვანელობა

5.1. სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით.

მინისტრი როგორც უშუალოდ, ისე თავისი მოადგილეების მეშვეობით კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახურების საქმიანობას დანაშაულთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

მინისტრი პასუხს აგებს პრეზიდენტის წინაშე დანაშაულობასთან და სხვა სამართალდარღვევებთან ბრძოლის სწორი პოლიტიკის, სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი სხვა ამოცანების განხორციელებისათვის.

5.2. მინისტრის პირველ მოადგილეს მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით.

აჭარისა და აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრებს ნიშნავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.

მინისტრის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

მინისტრის მოადგილეები ხელმძღვანელობენ და ორგანიზაციას უწევენ თავიანთი საკურატორო სამსახურების საქმიანობას მათ წინაშე მდგომი ამოცანების შესასრულებლად.

მოადგილეები პასუხს აგებენ მინისტრის წინაშე მინდობილ უბანზე მუშაობის სწორი ორგანიზაციისათვის.

5.3. მინისტრი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

5.4. მინისტრი:

ა) უზრუნველყოფს სამინისტროს წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს შინაგან საქმეთა ორგანოებისათვის, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და ქვედანაყოფებისათვის შესასრულებლად სავალდებულო ბრძანებებს, დირექტიულ მითითებებს, ინსტრუქციებს, წესებს, აკონტროლებს მათ შესრულებას;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკებს, სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ორგანოების, დაწესებულებებისა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს;

დ) ამტკიცებს სამინისტროს დეპარტამენტების, მთავარი სამმართველოების, სამმართველოებისა და განყოფილებების სტრუქტურებსა და დებულებებს;

ე) იწვევს შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიას და თავმჯდომარეობს კოლეგიის სხდომებს, ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის მუშაობას;

ვ) ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის, დაქვემდებარებული ორგანოების, დაწესებულებებისა და ქვედანაყოფების საშტატო ნუსხას;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს ანიჭებს სპეციალურ წოდებებს, დადგენილი წესი განსაკუთრებით წარჩინებულ თანამშრომლებს წარადგენს ჯილდოს მისანიჭებლად;

თ) აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას, ორგანიზაციას უწევს სამინისტროს აპარატის მუშაობას მოქალაქეთა მიღების, მათი წინადადებების განცხადებებისა და საჩივრების განხილვის საკითხებში;

ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.

5.5. მინისტრის სათათბირო ორგანოა სამინისტროს კოლეგია, რომლის შემადგენლობაში არიან მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, აგრეთვე სამსახურების უფროსები, სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის რექტორი. კოლეგიის შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი.

კოლეგია განიხილავს სამინისტროსა და მასში შემავალი სამსახურების საქმიანობის, აგრეთვე დანაშაულთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს საკითხებს კოლეგიის გადაწყვეტილება ფორმდება მინისტრის ბრძანებით, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა სამსახურის, ორგანოსა და ქვედანაყოფისათვის.

5.6. გადაუდებელი მიმდინარე საქმიანობის საშემსრულებლო დისციპლინისა და სხვა საკითხების განსახილველად მინისტრი რეგულარულად იწვევს ოპერატიულ თათბირს სამინისტროს ხელმძღვანელი მუშაკებისა და მოწვეული თანამდებობის პირთა მონაწილეობით.

6. სამინისტროს კომპეტენცია პოლიციის საქმიანობაში

სამინისტრო განსაზღვრავს დანაშაულობათა წინააღმდეგ ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სტრატეგიასა და პოლიციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, რისთვისაც:

ა) კოორდინაციას, კონტროლსა და მეთოდურ დახმარებას უწევს პოლიციის ორგანოებისა და ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) სამეცნიერო-საკონსულტაციო და პრაქტიკულ დახმარებას უწევს პოლიციას;

გ) უზრუნველყოფს პოლიციის საქმიანობას შესაბამისი სამართლებრივი ბაზით;

დ) ავტონომიური რესპუბლიკების, რაიონებისა და ქალაქების პოლიციის თანამშრომლებს გზავნის სამსახურის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სტიქიური უბედურების, კატასტროფის, მასობრივი არეულობისა და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს სხვადასხვა რეგიონთაშორის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით;

ე) საგანგებო, სამხედრო და სხვა ექსტრემალური გარემოებების დროს უზრუნველყოფს პოლიციის პირადი შემადგენლობის გადაყვანას სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე;

ვ) აყალიბებს და განაგებს საცნობარო-საინფორმაციო ბანკს;

ზ) ამყარებს კავშირურთიერთობას და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას სხვა სახელმწიფოთა პოლიციის ორგანოებთან;

თ) ახორციელებს ერთიან საკადრო პოლიტიკას;

ი) ხელმძღვანელობს პოლიციის კადრების მომზადებას;

კ) აკონტროლებს პოლიციის თანამშრომელთა მიერ კანონიერებისა და დისციპლინის დაცვას;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს პოლიციის პირადი შემადგენლობისათვის სპეციალურ წოდებათა მინიჭების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;

მ) შეიმუშავებს პოლიციაში სამსახურის ერთიან მოთხოვნებს, პირობებსა და წესს, საშტატო ერთეულების ტიპობრივ ნორმატივებს;

ნ) ადგენს პოლიციაში საქმის წარმოების ორგანიზაციის წესსა და პირობებს;

ო) წარმოადგენს პოლიციის ინტერესებს საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს ორგანოებში.

7. სამინისტროს რეორგანიზაციის, მისი საქმიანობის შეწყვეტისა და დებულებასა და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის წესი

7.1. სამინისტროს რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7.2. სამინისტროს დებულებასა და სტრუქტურაში ცვლილებათა შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი

- ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო;

- სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველო;

- ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წანააღმდეგ მებრძოლი ეროვნული ბიურო;

- ოპერატიული დაზვერვის სამმართველო;

- ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური.

ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტი

- საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველო;

- საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო;

- დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველო;

- საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიურო;

- კოლეგიის პოლიციის მთავარი სამმართველო.

საგამომძიებლო დეპარტამენტი

საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი

- ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველო;

- საგანგებო სიტუაციების სამმართველო;

- სამოქალაქო თავდაცვის სამმართველო;

- სამხედრო-ოპერატიული და სამობილიზაციო სამსახური.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველო

- კინოლოგიის სამსახური.

მოკვლევის განყოფილება.

პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური. ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო.

სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველო.

სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველო. შინაგანი ჯარი.

გ. გულუას სახელობის სპეციალური დანიშნულების რაზმი.

სამინისტროს კონტროლის, კოორდინაციისა და უზრუნველყოფის სამსახურები

- შტაბი;

- კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველო;

- ზურგის სამსახურის მთავარი სამმართველო;

- აკადემია;

- სამდივნო;

- მეორე სპეცგანყოფილება;

- კავშირგაბმულობის სამსახური;

- სამედიცინო სამმართველო;

- საფელდიეგერო სამსახური.

სამინისტროს წარმომადგენლობა დსთ-ის ქვეყნებში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კოორდინაციის ბიუროში.

ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი “დინამო“.