საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 144/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 200090000.18.011.016860
144/04
05/06/2024
ვებგვერდი, 06/06/2024
200090000.18.011.016860
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №144/04

2024 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

 

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 და მე-16 პუნქტების, 482 მუხლის პირველი პუნქტის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 481 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე,

მუხლი 1
დამტკიცდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესი თანდართულ დანართთან ერთად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 დეკემბრის №287/04 ბრძანება.
მუხლი 3
ამ ბრძანების ამოქმედებამდე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაწყებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესი დასრულდეს  ამ ბრძანებით დადგენილი წესით. 
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა



საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესი (შემდგომში – წესი) გამოიყენება იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის (შემდგომში – პროვაიდერი) მიმართ, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (შემდგომში – ეროვნული ბანკი) გაუუქმა რეგისტრაცია, გარდა იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა, რომელიც მხოლოდ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით ან/და „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურებას/მომსახურებებს ახორციელებს, და იმავე კანონის 48​2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ეროვნული ბანკის მიერ პროვაიდერისთვის რეგისტრაციის გაუქმებისთანავე იწყება პროვაიდერის ლიკვიდაცია.

3. ლიკვიდაცია არის პროცესი, რომლის მიზანია პროვაიდერის აქტივების რეალიზაცია და პროვაიდერის კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. მის მიმდინარეობას აკონტროლებს ეროვნული ბანკი.

4. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.

5. პროვაიდერის ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დაუშვებელია ლიკვიდატორი იყოს ამ პროვაიდერთან დაკავშირებული პირი.

6. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (აქტები) გამოცემიდან 10-დღიან ვადაში ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ (www.matsne.gov.ge).

7. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (აქტები) ეროვნული ბანკის მიერ წარედგინება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის და ადგილობრივი და საერთაშორისო საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ პროვაიდერი წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს.


მუხლი 2. ლიკვიდაციის პროცესის თავისებურებები
1. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების დღიდან პროვაიდერის ლიკვიდატორმა უნდა აწარმოოს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობა.

2. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება პროვაიდერის მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულება.

3. თუ პროვაიდერი საგადახდო სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი იყო, პროვაიდერის ლიკვიდატორი ვალდებულია, დანიშვნისთანავე უზრუნველყოს ლიკვიდატორის ფუნქციების შესრულების დაწყებამდე საგადახდო სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების შესრულება, საგადახდო სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების დადგენა ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ერთ-ერთ კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში გაიხსნება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის სალიკვიდაციო ანგარიში (როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში) და კომერციულ ბანკებში/მიკრობანკებში მისი ყველა არსებული ანგარიში დაიბლოკება, რის შემდგომაც თანხები აკუმულირდება სალიკვიდაციო ანგარიშზე. გარდა ამისა, აღნიშნული ანგარიშის მეშვეობით განხორციელდება ანგარიშსწორება.

5. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით, ლიკვიდატორის შეტყობინების მიღებიდან დაუყოვნებლივ, შუამავალი პროვაიდერი ვალდებულია, გადახდის ოპერაციის შესრულების მიზნით, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერისგან მიღებული თანხის ნაშთი გადარიცხოს შესაბამის სალიკვიდაციო ანგარიშზე. ასეთი ოპერაციის საკომისიო (არსებობის შემთხვევაში) გადაიხდება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ნაშთიდან.

6. პროვაიდერში ერთი ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირის სხვადასხვა ელექტრონული ფულის  ანგარიშებზე არსებული ელექტრონული ფული (შემდგომში – ელექტრონული ფულის ანგარიში) შესაძლოა გაერთიანდეს და შესაბამისი პირის ერთ ელექტრონული ფულის ანგარიშზე იქნეს გადატანილი. პირის ელექტრონული ფულის ანგარიშზე  რიცხული ჯამური თანხა არის ამ პირის ერთი მოთხოვნა პროვაიდერის მიმართ.

7. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ დასაშვებია პროვაიდერის მიმართ არსებულ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა.

8. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე, ფულადი საშუალებებისა და მატერიალური აქტივების დაცვის მიზნით, ლიკვიდატორი უფლებამოსილია დალუქოს და აღრიცხოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის დოკუმენტაცია, შენობა-ნაგებობები და სხვა ძირითადი საშუალებები.

9. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების დღიდან იურიდიულ პირს (პროვაიდერს) ეკრძალება ამ რეგისტრაციით განსაზღვრული ყოველგვარი საქმიანობა და ის ვალდებულია უმოკლეს ვადაში შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ვალდებულება.

10. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები იურიდიულ პირზე (პროვაიდერზე) ვრცელდება ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე.

11. თუ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო უცხოური პროვაიდერის ფილიალის მიმართ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იურიდიული პირია, ეროვნული ბანკი აღნიშნულის თაობაზე შეტყობინებას უგზავნის სათავო პროვაიდერს და ამ უკანასკნელის ზედამხედველ ორგანოს.

12. თუ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო ისეთი პროვაიდერის მიმართ, რომელსაც ფილიალები ან/და შვილობილი საწარმოები აქვს საზღვარგარეთ, ეროვნული ბანკი შეტყობინებას უგზავნის იმ ქვეყნის შესაბამის ზედამხედველ ორგანოებს, სადაც მდებარეობს ფილიალი ან/და შვილობილი საწარმო.

13. ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება პროვაიდერის სალიკვიდაციო ანგარიშიდან.

14. ლიკვიდატორის შრომის ანაზღაურება დაიფარება ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

15. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდგომ შეძენილი ქონება შედის პროვაიდერის აქტივებში და ექვემდებარება რეალიზაციას ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.


მუხლი 3. ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის აუცილებელი ხარჯი
1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პროვაიდერს არ გააჩნია თანხა ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გასცეს თანხა პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯის დასაფარად, რომელიც  დაკმაყოფილდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიკვიდატორმა წერილობით უნდა მიმართოს ეროვნულ ბანკს.  ლიკვიდატორმა დეტალურად უნდა აღწეროს პროვაიდერის ფინანსური მდგომარეობა, დაასაბუთოს, რომ პროვაიდერს არ გააჩნია თანხა ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარად და შეუძლებელია ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა, ასევე, მიუთითოს ამ წესის დანართი №1-ით დამტკიცებული იმ ხარჯების სრული ჩამონათვალი, რომელთა დასაფარადაც მიიმართება ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხა.

3. ლიკვიდატორი პირველ ეტაპზე უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული პირველი ეტაპის ხარჯები. თუ ლიკვიდაციის პროცესში წარმოიშვა მეორე ეტაპის ხარჯები, რომელთა გაწევაც აუცილებელია პროვაიდერის ლიკვიდაციის შეუფერხებელი წარმართვისთვის, ლიკვიდატორი ეროვნულ ბანკს მიმართავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

4. ეროვნული ბანკი აფასებს ლიკვიდატორის მიერ წარდგენილ განცხადებას და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯის დასაფარად თანხის გაცემაზე, თუ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს ან თანხის გაცემაზე უარის შესახებ.

5. ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის შესაბამისად გაცემული თანხა გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ ხარჯების დასაფარად, რომლებიც მითითებულია ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ლიკვიდატორი ვალდებულია, ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე, ყოველთვიურად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს დეტალური ინფორმაცია ამ მუხლის შესაბამისად გაცემული თანხის გამოყენების თაობაზე. 


მუხლი 4. ლიკვიდატორის უფლებები
1. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე პროვაიდერის ხელმძღვანელ პირებსა და ორგანოებს უწყდებათ უფლებამოსილება. ლიკვიდატორს ეკისრება პროვაიდერის ხელმძღვანელი პირებისა და ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრების) ყველა უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პროვაიდერს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი.

2. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების, პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდგომ პროვაიდერის ხელმძღვანელი პირებისა და ორგანოების მიერ დადებული გარიგებები ბათილია.

3. ლიკვიდატორი უფლებამოსილია წარმართოს პროვაიდერის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმეები, დაამთავროს სასამართლო და საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები, საჭიროების შემთხვევაში კი, პროვაიდერის სახელით დადოს ახალი გარიგებები.

4. პროვაიდერის ლიკვიდატორს, დანიშვნის დღიდან, ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე ან შეწყვეტამდე უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი ცალმხრივად და ორმხრივად (ასევე, მრავალმხრივ) მავალდებულებელი გარიგება, მათ შორის:

ა) პროვაიდერსა და დასაქმებულს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება;

ბ) ხელშეკრულებები იმ მომსახურების შესახებ, რომელსაც ახორციელებდა ან/და რომლის განხორციელებაშიც მონაწილეობდა პროვაიდერი;

გ) პროვაიდერის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს (რომელიც 30 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ პროვაიდერი აპირებს გამოიყენოს იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება) არა აქვს მოთხოვნა საიჯარო ქირაზე, გარდა იმ გადასახდელი თანხისა, რომელიც დაირიცხა შეთანხმების გაუქმების თარიღისათვის და არ მოითხოვს მისი შეწყვეტის შედეგად წარმოქმნილი ზიანის ანაზღაურებას.

5. პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს პროვაიდერის ადმინისტრატორის მიერ ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად პროვაიდერთან დაკავშირებულმა პირმა ამ პროვაიდერის ხარჯზე მიიღო ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლა რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია პროვაიდერისათვის ან მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება.

6. ლიკვიდატორს პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით უფლება აქვს:

ა) ეროვნული ბანკის თანხმობით სალიკვიდაციო საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების შესახებ გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები სხვადასხვა პირთან, ასევე, შესაბამის სამსახურებთან პროვაიდერის საბუთების დადგენილი წესით აღრიცხვის, აკინძვისა და მათი საარქივო შენახვის უზრუნველსაყოფად;

ბ) გაატაროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის ღონისძიება, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

7. მხოლოდ ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ლიკვიდატორს უფლება აქვს:

ა) დროებით არ დახუროს კომერციულ ბანკებში ან/და მიკრობანკებში არსებული ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ანგარიშები;

ბ) მიიღოს სესხი კომერციული ბანკებისგან ან/და მიკრობანკებისგან;

გ) გადასცეს კომერციულ ბანკს, მიკრობანკს ან/და სხვა პროვაიდერს საფინანსო აქტივები, მათ შორის, სესხის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლება;

დ) ორგანიზება გაუწიოს კომერციული ბანკებისთვის, მიკრობანკებისთვის ან/და სხვა პროვაიდერებისთვის ვალდებულებათა გადაცემას, ელექტრონული ფულის ანგარიშის შემთხვევაში ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილი წესით;

ე) პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დროულად დასასრულებლად, პროვაიდერთან არსებული ის საგადახდო ანგარიშები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პროვაიდერში აღნიშნული სამართლებრივი შეზღუდვების ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებების არსებული რიგითობის დაცვით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, უცვლელად გადაიტანოს სხვა პროვაიდერში, კომერციულ ბანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში.

8. პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია პროვაიდერის აქტივები საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით აირჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე აღნიშნულ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს და ორგანიზება გაუწიოს მათ გადაცემას.

9. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას, ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი კრედიტორი ან/და მოვალე არ განაცხადებს თანხმობას ან უარს აქტივის და ვალდებულების სხვა პირისათვის გადაცემაზე, თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება.

10. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადატანისას, ლიკვიდატორი მიმღებ კომერციულ ბანკს, მიკრობანკს ან/და პროვაიდერს გადასცემს ამ აქტივებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას. მიმღები კომერციული ბანკი, მიკრობანკი და პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიმღები კომერციული ბანკი, მიკრობანკი და პროვაიდერი უნდა აკმაყოფილებდეს ლიკვიდატორის მიერ დადგენილ პირობებს.

11. ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით ლიკვიდატორი უფლებამოსილია შექმნას სალიკვიდაციო კომისია.


მუხლი 5. ლიკვიდატორის ვალდებულებები
1. ლიკვიდატორი მის მიერ განხორციელებული საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე.

2. ლიკვიდატორმა პროვაიდერის სალიკვიდაციო საქმეები უნდა აწარმოოს კეთილსინდისიერად. მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ლიკვიდატორი პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. პროვაიდერის ყოფილი ადმინისტრატორები ვალდებულნი არიან, გადააბარონ პროვაიდერის საქმეები ლიკვიდატორს ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში. ხოლო, ლიკვიდატორმა, თავის მხრივ, მისი დანიშვნის დღიდან უნდა აღწეროს და გადაიბაროს პროვაიდერის საქმეები პროვაიდერის დროებითი ან ყოფილი ადმინისტრატორებისაგან ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში.

4. იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერის ყოფილი ადმინისტრატორები თავს აარიდებენ პროვაიდერის საქმეების გადაბარებას, ლიკვიდატორმა უნდა აღწეროს და შეადგინოს პროვაიდერის საქმეთა ინვენტარიზაციის აქტი, რომელსაც ადასტურებს მის მიერ შექმნილი სალიკვიდაციო კომისია (არსებობის შემთხვევაში) და ამავდროულად მიიღოს შესაბამისი ზომები აღნიშნულ ადმინისტრატორთა პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად.

5. ლიკვიდატორი ვალდებულია პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 10 კალენდარულ დღეში:

ა) დაუგზავნოს შეტყობინებები კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს, შუამავალ პროვაიდერებს და  საბარათე ინსტრუმენტების შესაბამისი საგადახდო სისტემების და/ან ფულადი გზავნილების სისტემების ოპერატორებს, რათა ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე არ განხორციელდეს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის საბანკო ანგარიშზე რიცხული სახსრების, ასევე შუამავალი პროვაიდერის საბანკო ანგარიშზე ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის მიერ გადახდის ოპერაციის შესრულების მიზნით წინასწარ განთავსებული თანხის ნაშთის გამოყენება;

ბ) წერილობითი ფორმით გაუგზავნოს შეტყობინება  სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა ლიკვიდატორის გარეშე არ გასხვისდეს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის კუთვნილი ქონება (უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვა);

გ) დაუგზავნოს შეტყობინებები ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ყველა ყოფილ ადმინისტრატორს პროვაიდერისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭდისა და შტამპის 10 კალენდარული დღის განმავლობაში ჩაბარების მოთხოვნით. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

6. ლიკვიდატორმა, მის მიერ შექმნილ სალიკვიდაციო კომისიასთან ერთად (არსებობის შემთხვევაში), უნდა გაანადგუროს პროვაიდერისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭედი და შტამპი, ხოლო შესაბამისი განადგურების აქტი წარუდგინოს ეროვნულ ბანკს. ლიკვიდატორი უფლებამოსილია უზრუნველყოს ლიკვიდატორის ბეჭდისა და შტამპის დამზადება.

7. მოთხოვნის შემთხვევაში, ლიკვიდატორმა კომერციულ ბანკს, მიკრობანკს და შუამავალ პროვაიდერს უნდა წარუდგინოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული თავისი ხელმოწერის, ასევე, არსებობის შემთხვევაში, ბეჭდის ნიმუშები.

8. ლიკვიდატორმა ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის საწყისი ბალანსის შედგენიდან ერთ თვეში უნდა გაუგზავნოს შეტყობინებები:

ა) პროვაიდერის მსესხებლებსა და დებიტორებს და მოსთხოვოს პროვაიდერის მიმართ არსებული ვალდებულებების ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში დაფარვა;

ბ) მოთხოვნათა ხასიათისა და თანხის შესახებ პროვაიდერის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად კრედიტორებს და კლიენტებს. შეტყობინებაში აღინიშნება, რომ ლიკვიდატორისათვის პრეტენზიის წარდგენა – მოთხოვნის ნამდვილობის დამადასტურებელ საბუთებთან ერთად შესაძლებელია წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში. ისეთ კრედიტორებს, რომელთა იურიდიული მისამართიც უცნობია, შეტყობინება ეცნობებათ სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადების გამოქვეყნებით. ანალოგიური შინაარსის განცხადება, საჭიროების შემთხვევაში, განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს ერთი თვის ინტერვალით.

9. პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით, ლიკვიდატორი ვალდებულია:

ა) აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა-ანგარიშგება სწორი საბუღალტრო ჩანაწერების განხორციელებით;

ბ) ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 30 დღის ვადაში შეადგინოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის საწყისი ბალანსი არსებული ყოველდღიური საბუღალტრო ანგარიშგების ფორმების ან სხვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე და წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;

გ) დანიშვნიდან ორი თვის ვადაში მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რწმუნებული პირის ყველა ფუნქციის შეწყვეტისათვის, რომლებსაც ასრულებდა დაწესებულება, დაუბრუნოს დაწესებულების, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და საკუთრება მათ მესაკუთრეს;

დ) დანიშვნიდან სამი თვის განმავლობაში განახორციელოს პროვაიდერის ყველა აქტივისა და ვალდებულების ინვენტარიზაცია და აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში – მათი აუდიტორული შეფასება;

ე) დანიშვნიდან სამი თვის ვადაში ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით შეადგინოს პროვაიდერის აქტივ-პასივების დაზუსტებული ნუსხა (ბალანსი);

ვ) უზრუნველყოს პროვაიდერის მიმართ კრედიტორთა მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნის კანონიერების შემოწმება;

ზ) პროვაიდერის აქტივების მაქსიმალურად ამოღების მიზნით, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, მიაღწიოს იმ მსესხებლებისა და სხვა დებიტორების დავალიანებების რესტრუქტურიზაციას (მათ შორის, პირგასამტეხლოების და ჯარიმების პატიებას), რომელთაც არ აქვთ საკმარისი ფულადი სახსრები და მატერიალური საშუალებები დავალიანების სრულად და ლიკვიდატორის მიერ მოთხოვნილ ვადაში დასაფარად;

თ) მსესხებელთა და სხვა დებიტორთა მხრიდან დავალიანების წერილობითი დასტურით ან რესტრუქტურიზაციით გათვალისწინებულ ვადებში დაუფარაობის შემთხვევაში, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით;

ი) პროვაიდერის ქონების მითვისების ან გაფლანგვის ფაქტების ან/და სხვა დანაშაულის ნიშნების გამოვლენისთანავე, შეატყობინოს ეროვნულ ბანკს, რის შემდეგაც საქმეები გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ზომების მიღების მოთხოვნით;

კ) გაასაჩივროს ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილება ან აქტი, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ქონების დაყადაღების ან რეალიზაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა არახელსაყრელი იყოს პროვაიდერის კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის;

ლ) წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ფინანსური ანგარიშგება, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

მ) დადგენილი პერიოდულობით ან მოთხოვნისთანავე, ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი;

ნ) პროვაიდერის გადახდისუუნარობის ან გაკოტრების ფაქტის გამოვლენისთანავე, მოამზადოს მისი გადახდისუუნარობის ან გაკოტრების დამადასტურებელი დასკვნა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;

ო) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს მოუკითხავი თანხების ანგარიშის ეროვნულ ბანკში გახსნა ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით;

პ) განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული ყველა ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს პროვაიდერის კრედიტორთა კუთვნილი ფულადი სახსრების დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მაქსიმალურად და დროულად დაკმაყოფილებას;

ჟ) მოეპყროს ბანკის კლიენტებს სამართლიანად და დაიცვას ეთიკის ნორმები.

10. ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის კრედიტორების მიერ კუთვნილ ფულად სახსრებზე მოთხოვნის წარუდგენლობისას, ასეთი ფულადი სახსრები გადაირიცხება მოუკითხავი თანხების ანგარიშზე მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.

11. მოუკითხავი თანხების ანგარიშიდან ფულადი სახსრების კლიენტისათვის გადარიცხვის ხარჯებს გაიღებს თავად კლიენტი.

12. ლიკვიდაციის პროცესში პროვაიდერის ლიკვიდატორის გათავისუფლების შემთხვევაში, იგი ვალდებულია ახალ ლიკვიდატორს ხელმოწერითა და არსებობის შემთხვევაში, ბეჭდით დადასტურებული აქტის საფუძველზე, გადააბაროს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის საქმეები.


მუხლი 6. ელექტრონული ფულის ანგარიშის სხვა პროვაიდერთან გადატანა 
1. ლიკვიდატორი ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ელექტრონული ფულის  ანგარიშების გადატანის თხოვნით ერთდროულად მიმართავს საქართველოში მოქმედ ყველა პროვაიდერს. ლიკვიდატორის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში მიეთითება, რა ვადაში უნდა განაცხადოს პროვაიდერმა ელექტრონული ფულის ანგარიშის მიღებაზე თანხმობა. შეტყობინებაში აგრეთვე მიეთითება ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმები და აღინიშნება, რომ პროვაიდერი ვალდებულია მიუთითოს, რა მოცულობის ელექტრონული ფულის ანგარიშების მიღებაზე არის თანახმა.

2. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ელექტრონული ფულის ანგარიში გადაიტანოს მხოლოდ იმ პროვაიდერებთან, რომლებიც განაცხადებენ თანხმობას, აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმს, და ამავდროულად, მათ საქმიანობას, ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო ან დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ელექტრონული ფულის გამოშვება და ელექტრონული ფულით ოპერაციების განხორციელება წარმოადგენს.

3. ელექტრონული ფულის ანგარიშის გადატანაზე რამდენიმე პროვაიდერის მიერ თანხმობის მიღების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ პროვაიდერს, რომელიც თანახმაა ელექტრონული ფულის ანგარიშების მთლიანი მოცულობის მიღებაზე.

4. თუ ელექტრონული ფულის ანგარიშების მთლიანი მოცულობის მიღებაზე არცერთი პროვაიდერი არ განაცხადებს თანხმობას, ლიკვიდატორი უფლებამოსილია ელექტრონული ფულის ანგარიშები გადაიტანოს სხვადასხვა პროვაიდერთან იმ მოცულობით, რომელზეც მათ განაცხადეს თანხმობა. ამასთან, მიმღები პროვაიდერების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ პროვაიდერს, რომელიც თანხმობას განაცხადებს ელექტრონული ფულის ანგარიშების მეტი წილის მიღებაზე. ამასთან, დარჩენილი ელექტრონული ფულის ანგარიშების გადაცემა ხდება მოთხოვნილი ელექტრონული ფულის ანგარიშების წილის მოცულობით რიგით მეორე პროვაიდერისათვის.

5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროვაიდერების მიერ ელექტრონული ფულის ანგარიშების მიღებაზე ერთნაირი პირობების წარდგენის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ პროვაიდერს, რომელიც პირველი წარადგენს თანხმობას.

6. ამ მუხლის შესაბამისად გადასატან ელექტრონული ფულის ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრების ნომინალური ღირებულების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მიმღები პროვაიდერის აქტივების 10%-ს.

7. იმ შემთხვევაში, თუ არცერთი პროვაიდერი არ განაცხადებს თანხმობას ელექტრონული ფულის ანგარიშის მიღების თაობაზე, ან პროვაიდერი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს, ან მიმღები პროვაიდერი თანახმაა ელექტრონული ფულის ანგარიშების მხოლოდ ნაწილის გადატანაზე, შესაბამის ელექტრონული ფულის ანგარიშებზე  განთავსებული სახსრების ნომინალური ღირებულება დაუბრუნდება მომხმარებლებს. თუ შეუძლებელია მომხმარებლისთვის დაბრუნება, მათ შორის, მესაკუთრის გამოვლენის შეუძლებლობის გამო, ელექტრონული ფულის ანგარიშებზე განთავსებული სახსრების ნომინალური ღირებულება გადაირიცხება ეროვნული ბანკის მოუკითხავი თანხების ანგარიშზე.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული ფულის ანგარიშების გადატანისას, ლიკვიდატორი მიმღებ პროვაიდერს გადასცემს ამ ელექტრონული ფულის ანგარიშებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას. მიმღები პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა.


მუხლი 7. მოთხოვნების დაკმაყოფილება
1. მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს კლიენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელთა ოდენობა აღემატება 1500 ლარს, ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

3. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ლიკვიდატორი ვალდებულია გადაამოწმოს პირი შეყვანილი ხომ არ არის გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ სანქციადაკისრებულ  პირთა სიაში.

4. ლიკვიდატორი ვალდებულია მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყოს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობას.


მუხლი 8. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის აქტივების საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ჩატარების პროცედურა
1. ლიკვიდატორი უფლებამოსილია, პროვაიდერის აქტივები საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე (შემდგომში – აუქციონი) გაყიდოს აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში პროვაიდერის კუთვნილი ფიქსირებული აქტივების აუქციონი წარიმართება აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის პროცედურისა და შემდეგი პირობების დაცვით:

ა) აუქციონის ჩატარების დროს ადგენს ლიკვიდატორი, რომელიც ასევე განსაზღვრავს გასაყიდი აქტივის ფასს, ბეს ოდენობასა და აუქციონის ბიჯებს. ლიკვიდატორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვებგვერდზე განათავსებს სარეალიზაციო აქტივის მოკლე აღწერას. აუქციონი მიმდინარეობს 10 კალენდარული დღის განმავლობაში;

ბ) ლიკვიდატორი განცხადების პროექტს აუქციონის ჩატარების შესახებ, შესათანხმებლად,  აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე წარუდგენს ეროვნულ ბანკს;

გ) აუქციონზე შეძენილი აქტივის საფასურის გადახდის შემდეგ უფლებამოსილ პირთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება;

დ) აუქციონზე გამარჯვებულს აქტივის მიმართ შეუძლია გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლებები მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ. მყიდველს ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;

ე) აუქციონზე გაყიდული აქტივის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ აქტივთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე;

ვ) თუ პირველი აუქციონის დროს არ განხორციელდა საწყის ფასში აქტივის რეალიზაცია, მაშინ ლიკვიდატორი ნიშნავს განმეორებით  აუქციონს პირველი აუქციონის დანიშვნისათვის გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. განმეორებით აუქციონზე აქტივის სარეალიზაციო საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს პირველ აუქციონზე ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში;

ზ) იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით აუქციონზე ვერ მოხერხდა აქტივის რეალიზაცია საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში, შემდეგ აუქციონზე სარეალიზაციო აქტივის საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს პირველი  აუქციონის საწყისი ფასის არანაკლებ 50%-ის ფარგლებში.

2. აუქციონზე გასაყიდი აქტივი შეფასებული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების გარდა, პროვაიდერის კრედიტორთა ინტერესების გათვალისწინებით, ლიკვიდატორს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეუძლია მოთხოვნის უფლებების რეალიზაციის მიზნით აუქციონი დამატებით ჩაატაროს.

4. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ის მოთხოვნის უფლებები, რომელთა რეალიზაციაც არ განხორციელდა არცერთი აუქციონის დროს და დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებულია ნულოვანი ღირებულების მქონედ, ბუღალტრული სტანდარტებით შესაბამისი გატარებების მეშვეობით ჩამოწეროს საბალანსო უწყისიდან.


მუხლი 9. ლიკვიდაციის პროცესის დასრულება ან შეწყვეტა 
1. ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ვალდებულებების გასტუმრების ხანგრძლივობით, რომელიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია პროვაიდერის აქტივების რეალიზაციასა და სასამართლო საქმეების დასრულების ვადებზე. ლიკვიდაციის პროცესი ვერ დასრულდება, თუ არსებობს მიმდინარე სასამართლო საქმეები, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.

2. ლიკვიდაციის პროცესი დასრულებულად ითვლება, თუ:

ა) სრულადაა დაფარული პროვაიდერის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნა;

ბ) უნდა განხორციელდეს საქმიანობის საგნის ცვლილება ამ მუხლის მე-11-მე-13 პუნქტების შესაბამისად.

3. ლიკვიდაციის პროცესი წყდება, თუ პროვაიდერს ერიცხება დაუფარავი მოთხოვნები, მაგრამ აღარ აქვს აქტივები ასეთი მოთხოვნების დასაფარავად. აღნიშნულ შემთხვევაში ლიკვიდატორი მოქმედებს ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად.

4. პროვაიდერს აქტივები აღარ აქვს, თუ:

ა) რეალიზებულია (ამოღებულია) ყველა აქტივი;

ბ) არარეალიზებული აქტივების საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;

გ) სესხებისა და სხვა აქტივების ამოღება შეუძლებელია იმის გამო, რომ მათი მფლობელები გაკოტრებული არიან ან არ გააჩნიათ რეალიზებადი ქონება.

5. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ლიკვიდატორი ადგენს პროვაიდერის სალიკვიდაციო აქტს, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ პროვაიდერის ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ რეალიზებული ყველა აქტივის შესახებ მათი რეალიზაციის საბოლოო ფასის ჩვენებით;

ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ პროვაიდერის ყველა არარეალიზებული აქტივის შეფასებას, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ ამ აქტივის საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;

გ) პროვაიდერის მიმართ დავალიანების მქონე იურიდიული თუ ფიზიკური პირის გაკოტრების დამადასტურებელ სასამართლო გადაწყვეტილებებს;

დ) ინფორმაციას პროვაიდერის კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის შესახებ;

ე) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ყველა სხვა ღონისძიების შესახებ.

6. პროვაიდერის ლიკვიდატორი მისი ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ბეჭდით დადასტურებულ პროვაიდერის სალიკვიდაციო აქტს, პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს ეროვნულ ბანკს.

7. ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.

8. პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს პროვაიდერის ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამოღების მიზნით, გარდა ამ მუხლის მე-11-მე-13 პუნქტებით დადგენილი პროცედურით საქმიანობის საგნის ცვლილებისას, რა შემთხვევაშიც პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციის მიზნით.

9. იმ შემთხვევებში, თუ ლიკვიდაციის დასრულებისას, პროვაიდერს სრულად აქვს დაფარული ვალდებულებები და დარჩა აქტივები, ლიკვიდატორი ამ აქტივებს გადასცემს პროვაიდერის პარტნიორებს/აქციონერებს მათთან შეთანხმებით და სათანადოდ გაფორმებული გადაცემის აქტით.

10. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიკვიდატორი ადგენს სალიკვიდაციო აქტს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით და პროვაიდერის გადახდისუუნარობის ან გაკოტრების დამადასტურებელ დასკვნასთან ერთად წარუდგენს ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკის თანხმობის შემთხვევაში ლიკვიდატორი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მიმართავს სასამართლოს. სასამართლოს მიერ განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ გამოიცემა პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.

11. გამონაკლის შემთხვევებში, მხოლოდ ეროვნული ბანკის თანხმობით, შეიძლება ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა პროვაიდერმა შეიცვალოს საქმიანობის საგანი და გააგრძელოს საქმიანობა ისეთ იურიდიულ პირად, რომელიც არ წარმოადგენს ფინანსურ ინსტიტუტს.

12. ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა პროვაიდერმა, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან მიმართვამდე, პროვაიდერის პარტნიორთა/აქციონერთა გადაწყვეტილება საქმიანობის საგნის ცვლილებასთან დაკავშირებით უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის საქმიანობის საგნის ცვლილებაზე თანხმობის შესახებ. მას თან უნდა დაერთოს სალიკვიდაციო აქტი.

13. საქმიანობის საგნის შეცვლა საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს პროვაიდერის ვალდებულებების გასტუმრებას, ან თუ ვალდებულებები გასტუმრებულია, იგი უნდა ემსახურებოდეს პარტნიორთა/აქციონერთა ინტერესების დაცვას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პროვაიდერის პარტნიორთა/აქციონერთა გადაწყვეტილება და ყველა დარჩენილ კრედიტორთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. თუ ვალდებულებები გასტუმრებულია, საქმიანობის საგნის შეცვლისთვის საჭიროა მხოლოდ პროვაიდერის პარტნიორთა/აქციონერთა გადაწყვეტილება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის მიერ საქმიანობის საგნის შეცვლის შემთხვევაში, იგი აღარ ექვემდებარება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

14. სალიკვიდაციო სამუშაოების დამთავრებისთანავე ლიკვიდატორი ვალდებულია ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად გაანადგუროს  ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ბეჭედი და შტამპი (არსებობის შემთხვევაში), რაზეც ფორმდება განადგურების აქტი. აღნიშნული აქტი ლიკვიდატორის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მიერ უნდა იყოს ხელმოწერილი.

15. განადგურების აქტის ერთი ეგზემპლარი, განადგურებული (ნაწილებად დაჭრილი) ბეჭდებისა და შტამპების ეტიკეტებთან, თაბახის ფურცელზე დატანილი ბეჭდისა და შტამპების ნიმუშებთან ერთად, ინახება ეროვნულ ბანკში, ხოლო მეორე ეგზემპლარი  გადაეცემა ლიკვიდატორს.


მუხლი 10. ეროვნული ბანკის უფლებები
1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:

ა) ნებისმიერ დროს შეამოწმოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერი;

ბ) შეამოწმოს ლიკვიდატორის საქმიანობა;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გაათავისუფლოს ლიკვიდატორი და მის ნაცვლად დანიშნოს სხვა პირი;

დ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობის შესახებ;

ე) მოითხოვოს ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიების შეჩერება ან გაუქმება, თუ იგი ეწინააღმდეგება კრედიტორთა ფულადი სახსრების მოთხოვნებთან დაკავშირებულ ინტერესებს.

2. ეროვნული ბანკი ლიკვიდატორის მიერ თავისი საქმიანობის ფარგლებში ჩადენილი დარღვევების შემთხვევაში მიმართავს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს, მათ შორის, ჩადენილი დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, საქმეს გადასცემს სამართალდამცავ ორგანოებს.


მუხლი 11. ლიკვიდატორის პასუხისმგებლობა
1. ლიკვიდატორი პასუხისმგებელია:

ა) პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით ლიკვიდაციის პროცესის წარმართვისათვის, ასევე სალიკვიდაციო სამუშაოებისა და ღონისძიებების განზრახ გაჭიანურებისათვის;

ბ) თავისი საქმიანობის პერიოდში ნებისმიერი პირის, მათ შორის, პროვაიდერის ყოფილი ადმინისტრატორების ან/და ყოფილი ლიკვიდატორების მიერ პროვაიდერის აქტივების მითვისების ან/და გაფლანგვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, საქმეების შესაბამის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაუცემლობისათვის;

გ) კომერციული ბანკებისგან და მიკრობანკებისგან მიღებული სესხის არამიზნობრივად გამოყენებისთვის;

დ) ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის აღრიცხვა-ანგარიშგებებში საბუღალტრო ჩანაწერებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტისათვის;

ე) პროვაიდერის აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ არასწორი ინფორმაციის მომზადებისა და წარდგენისათვის;

ვ) პროვაიდერის მსესხებლებისა და სხვა დებიტორების მიერ დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში, თანხის ამოღების მიზნით, სასამართლოში სარჩელის შეუტანლობისთვის;

ზ) ფინანსური დარღვევებისათვის;

თ) პროვაიდერის მომხმარებლებთან არაეთიკური ან/და არაკეთილსინდისიერი მოპყრობისათვის.

2. ლიკვიდატორს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებში დაიცვას ლიკვიდატორის ინტერესები, რაც შეიძლება გამოიხატოს ლიკვიდატორის იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფით, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებითა და სხვა ღონისძიებებით, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს ლიკვიდატორის ინტერესების დასაცავად. ეს პუნქტი ლიკვიდატორზე ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.


მუხლი 12. ლიკვიდატორის შერჩევისა და დანიშვნის კრიტერიუმები
1. ლიკვიდატორის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. პროვაიდერის სალიკვიდაციო საქმეების ეფექტურად წარმართვისათვის პროვაიდერის ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო საქმიანობის წარმოებისათვის აუცილებელი სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება.

3. პირს ეკრძალება იყოს პროვაიდერის ლიკვიდატორი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, ან/და სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

4. ლიკვიდატორად დასანიშნ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტერია.

5. ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.

6. ერთი და იგივე პირი შეიძლება დაინიშნოს ლიკვიდატორად რამდენიმე პროვაიდერში.

7. დანიშვნის დღიდან ეროვნულ ბანკსა და ლიკვიდატორს შორის ფორმდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის თანამშრომელია. შრომით ხელშეკრულებაში განისაზღვრება ლიკვიდატორის ხელფასის ოდენობა.